05.06.2013 11:50
„მდორედ" მიმდინარე რეჟიმიდან „მცოცავ“ ანექსიამდე

რუსმა მესაზღვრეებმა ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევა სოფ. ჯარიაშენში აპრილის თვეში დაიწყეს და მაისში ჯერ დიცში, ხოლო შემდეგ პერევში გააგრძელეს. ამას საზღვრისპირა სოფლებში ე.წ. საზღვრის დარღვევის საბაბით მცხოვრებთა დაკავება მოყვა, რამაც ქართული საზოგადოების მძაფრი რეაქცია გამოიწვია. დღეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის დალაგებაზე და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამს, ბევრისთვის გაუგებარია, რაში სჭირდება რუსეთს ვითარების ხელოვნურად დაძაბვა და ახლად დაწყებული მოლაპარაკების პროცესის ჩიხში შეყვანა. ამას თუ დავუმატებთ რუსეთის მთავარი სანიტარის, ონიშენკოს განცხადებას ღორის გრიპთან და „ბორჯომთან“ დაკავშირებით, ეს ყველაფერი ერთმანეთთან მიბმულის შთაბეჭდილებას ტოვებს.

თუ გადავხედავთ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მიმდინარეობის ისტორიას, ”მთავარი მედიატორისგან“ მსგავს და, გნებავთ, უარეს ნაბიჯებს ბევრს შევხვდებით, რომლებიც ცხადყოფენ, რომ დროის ნებისმიერ მონაკვეთში რუსეთის ქმედებები ერთ მიზანს ემსახურებოდა– არ დაეშვა კონფლიქტების მოგვარება, დაეკონსერვებინა პრობლემა და გადაეყვანა ე.წ. "მდორედ მიმდინარე" რეჟიმში. ამით ის კონფლიქტებში მონაწილე მხარეებზე სრულ გავლენას და კონტროლს ინარჩუნებდა. გაეროს და ეუთოს მანდატებით აღჭურვილმა რუსეთმა მომრიგებლის გარდა, „სამშვიდობო ფუნქციაც“ შეითავსა და მთელი 15 წლის განმავლობაში კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართულ ყველა ინიციატივას მიზანმიმართულად ბლოკავდა. იყო მომენტები, როცა კონფლიქტში მონაწილე მხარეები რიგ საკითხებში კონსენსუსს აღწევდნენ, მაგრამ რუსეთი მაშინვე გრძნობდა „საშიშროებას“ და რეაქციაც შესაბამისი ჰქონდა. ის სპეცსამსახურების საშუალებით ადვილად აღწევდა ერთი ან მეორე მხარის პროვოცირებას, რის შედეგადაც მიღწეული შეთანხმებები ირღვეოდა, მოლაპარაკებები ჩიხში შედიოდა, თვითონ კი განაგრძობდა განდგომილი ტერიტორიების ანექსიას.

აქედან გამომდინარე, რუსეთის დღევანდელი ქმედებაც მის ტრადიციულ ინტერესს ემსახურება და მიმართულია იქითკენ, რომ ქართულ-ოსური ურთიერთობების დათბობა-დაახლოებას ხელი შეუშალოს, რადგან თამაშგარე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. თუ რატომ აირჩა ასეთი პროვოკაციისთვის მან შიდა ქართლი გასაგებია, რადგანაც ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევა ხსენებულ ტერიტორიებზე გაცილებით თვალშისაცემი და გამაღიზიანებელია, ვიდრე აფხაზეთთან, სადაც ადმ.საზღვარი ძირითადად მდ. ენგურზე გადის. თუ ყველაფერი თავის ადგილზე არ დავაბრუნებინეთ, არ არის გამორიცხული, მსგავსი ქმედება რუსეთმა ზუგდიდის რაინის სოფ. ხურჩაშიც გაიმეოროს, სადაც პირობითი საზღვარი სასოფლო-სამეურნეო და საკარმიდამო დანიშნულების მიწებზე გადის.

ყველაზე ცუდი კი ის იქნება, რომ ქართველების გატაცებამ საზღვრის დარღვევის საბაბით, პერმანენტული ხასიათი მიიღოს. როგორც მოგეხსენებათ, მოთმინებასაც აქვს საზღვარი და თუ მსგავსი ქმედებები გაგრძელდა, შესაძლებელია ქართულმა მოსახლეობამ შური ოსებზე იძიოს და საპასუხო გატაცებები დაიწყოს. ეს ყველაფერი კი ისევ წარსულში დაგვაბრუნებს და ქართულ-ოსური ურთიერთობის დათბობის ნაცვლად გამწვავებულ ვითარებას მივიღებთ, რაც ასე ძალიან აწყობთ ჩვენ არაკეთილმოსურნეებს.

რუსეთი მოქმედებს ინერციით, ერთი და იგივე აპრობირებული სცენარით. ნუ დაგვავიწყდება, რომ შეუძლებელია მას თავისი ტრადიციული, იმპერიული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ მყისიერად შეაცვლევინო. კრემლი დღესაც ყურადღების გარეშე არ ტოვებს საქართველოში შექმნილ ურთულეს ვითარებას, ორხელისუფლებიანობას, რაც პირველ რიგში, უარყოფითად ქვეყნის უსაფრთხოებაზე აისახება. გასაგებია ხელისუფლების პოზიციაც, რომელიც ცდილობს დიპლომატიური მეთოდებით დაარეგულიროს სიტუაცია და კრემლის ზედმეტი გაღიზიანება არ გამოიწვიოს.

ამ ვითარებაში გაკვირვებას იწვევს ფეხის ხმას აყოლილი ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების პოზიცია. მათი განცხადებებიდან, ინტერვიუებიდან თუ საჯარო გამოსვლებიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ბოლო 20 წლის განმავლობაში სხვა სამყაროში ცხოვრობდნენ და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე წარმოდგენა არ ჰქონდეთ. რუსული მხარის ქმედებები, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მხარდასაჭერად მიღებული უამრავი, მაგრამ უშედეგო რეზოლუციები თითქოს მათთვის უცნობი იყოს..(თუმცა რას ვერჩით, ბევრი, მათი ასაკიდან გამომდინარე იმ დროს მხოლოდ სკოლის მოსწავლე იყო). დღეს კი დგანან და დაზუთხულივით ერთი და იგივეს იმეორებენ, რომ ხელისუფლებამ არ გადაუხვიოს დასავლურ კურსს, ყველაფერი იღონოს ვითარების გამოსასწორებლად და სასწრაფოდ დაალაგოს ურთიერთობა რუსეთთან (თანაც ვერ ამბობენ, როგორ).

ორივე მხარისთვის ერთგვარი გამოსავალი იქნებოდა, თუ შექმნილ სიტუაციაში ზურაბ აბაშიძესთან დღევანდელ შეხვედრაზე გრიგორი კარასინი მომხდარს გაუგებრობას მიაწერდა, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. სამწუხაროდ, მან ადრე განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები რუსეთ-ოსეთის ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე ხელმძღვანელობის დავალებით მოქმედებენ. თუ დღესაც მსგავსი განმარტებები გააკეთა, ჟენევაშიც სხვა პასუხს არ უნდა ველოდოთ, რაც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესს სამწუხაროდ, ისევ გაართულებს.