23.09.2013 15:09
დვანში მესაზღვრეებმა ადგილობრივებს მოსავლის აღება არ აცალეს

სოფელ დვანში, რუსმა მესაზღვრეებმა ადგილობრივებისთვის მიცემული პირობა დაარღვიეს და სადემარკაციო სამუშაოები მათ მიერ მოსავლის აღებამდე განაახლეს. როგორც დიცის მაცხოვრებელმა ილია ბერუაშვილმა News.ge-ს განუცხადა, დვანში სწორედ ის ბრიგადა მუშაობს, რომელიც, რამდენიმე დღის წინ, დიცში ავლებდა საზღვარს.

"როგორც გავიგე, ორი დღის ვადა მისცეს, მოსავლის ასაღებად. მაგრა, არ აცალეს და ისევ შევიდნენ. იგივე ბრიგადაა, რაც ჩვენთან იყო, იქაც რობერტ გაზაევი ხელმძღვანელობს", - განაცხადა ბერუაშვილმა. სოფელ დიცში რუსმა სამხედროებმა ახალი საოკუპაციო საზღვრების მონტაჟი 17 სექტემბერს განაახლეს.

სოფელ დვანში რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხს, დღეს ქართული დელეგაცია გაერო-ს დებატების ფარგლებში დააყენებს. საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ქართული მხარე ვიზიტის განმავლობაში, როგორც ორმხრივი შეხვედრების ფორმატს, ასევე გაერო-ს ტრიბუნას გამოიყენებს, იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ოკუპირებულ ტერიტორიებთან რუსეთის ქმედებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.