01.11.2013 11:26
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას

აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას, - ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ბი-ბი-სი"-ს რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა "ბი-ბი-სი"-სთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში საქართველოს პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. არჩეული პრეზიდენტი რუსეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხსაც შეეხო და უცხოურ მედიას ოპოზიციის შესახებ მოსაზრებები გაუზიარა. მარგველაშვილმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სტრატეგიაზე საუბრის კონტექსტში აღნიშნა, რომ ეს საკითხები ბუნებრივია გადაწყდება მხოლოდ იმ ფორმატში, რომელშიც რუსი, ქართველი დიპლომატები და კოლეგები ერთად გაიაზრებენ შექმნილი სიტუაციის პრობლემატურობას.

"ეს საკითხები თავისთავად წყდება დიალოგში იმ მოსახლეობასთან, რომელიც დარჩა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. ჩვენ გვაქვს რაციონალური მიდგომა ამ პრობლემის გადასაწყვეტად, რომელიც შედგება რამდენიმე პუნქტისგან. პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან ამ ტერიტორიების, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების არაღიარების მიმართულებით. ეს მეოცე საუკუნის კონცეფციის შესაბამისობაშია. იმ კონცეფციის, რომლის მიხედვითაც, პატარა ქვეყნები უნდა იყვნენ დაცულნი და მათი ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს აღიარებული მთელი მსოფლიოს მიერ. ერთი მხრივ, ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, მეორე მხრივ, ჩვენ ვეცდებით დავწიოთ ტემპერატურა, მოვახდინოთ ნეგატიური ფონის სტაბილიზება, რომელიც არსებობს ჩვენსა და მოსკოვს შორის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე მტკიცებით, ხელისუფლება იმუშავებს კომპლექსურად ყველა მიმართულებით და საქართველოში შეიქმნება საზოგადოება, სადაც ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი დაცული იქნება.

"ჩვენ შევქმნით ისეთ საზოგადოებას საქართველოში, სადაც დაცული იქნება ყველა მოქალაქე, მათ შორის, ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი და ეს არა მხოლოდ კონსტიტუციით იქნება გარანტირებული, არამედ გამოჩნდება პრაქტიკაში. ჩვენ შევქმნით საზოგადოებას, სადაც ჩვენი აფხაზი და ოსი ეროვნების მოქალაქეები ისურვებენ ცხოვრებას. ჩვენ ვიმუშავებთ კომპლექსურად ყველა მიმართულებით, სოხუმის, ცხინვალის, მოსკოვის მიმართულებით, და ჟენევის ფორმატის მიმართულებით. თუ შევძლებთ, რომ მოლაპარაკებათა მაგიდას მივუსხდეთ და გავიაზროთ, რომ არსებული სიტუაცია არ აწყობს არც ერთ მხარეს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივალთ იმ პრობლემების გადაწყვეტამდე, რომლებიც სამწუხაროდ შეიქმნა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.