20.08.2018 11:58
რამდენად სარწმუნოა შამბას "ფერისცვალება" ?

რაღა თქმა უნდა ყურადსაღებია და ამასთან ერთგვარ დადებით ემოციებსაც აღძრავს სერგეი შამბას განცხადება. მაგრამ ვინც ქართულ- აფხაზური კონფლიქტის გენეზისი არ იციან და წარმოდგენაც არა აქვთ იმ ხრიკებზე, რასაც, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან იყენებდნენ სეპარატიზმის მამამთავრები კრემლის ხელშეწყობით, ამ განცხადებამ შესაძლებელია მცდარი ილუზიები შეუქმნან (შეუქმნეს კიდეც). უკვე კარგა ხანია ყველასთვის ცნობილი და გასაგებია დღეისათვის აფხაზეთში, აფხაზი მოსახლეობის ურთულესი მდგომარეობა, რომელიც ზოგადად, იქ მაცხოვრებელ ყველაზე დაჩაგრულ და უუფლებო ქართველებზე უფრო უპერსპექტივოა. რატომ? იმიტომ, რომ იქაური ქართველებისთვის, სანუგეშოდ დანარჩენი საქართველოა, ხოლო გადაშენების გზაზე შემდგარ აფხაზებს ჭირისუფალიც კი არ რჩებათ. იციან, ხვდებიან, მაგრამ იმენად ღრმად აქვს მათ წარმოდგენებში ქართველების სახით შექმნილ „მტრის ხატს“ ფესვები გადგმული, ჩვენსკენ შემობრუნება შეუძლებლად მიაჩნიათ.

ამ ფონზე, როგორი შეფასება შეიძლება მიეცეს სერგეი შამბას ამ განცხადებას და შეიძლება თუ არა იგი ჩაითვალოს მისი მხრიდან ერთგვარ შემობრუნებად „მტრის ხატის“ მსხვრევის დასაწყისის მცდელობისკენ?. თუ გადავხედავთ მის „მოღვაწეობას“, იმ პერიოდში ჩემი თანამდებობებიდან გამომდინარე, ბევრზე უკეთესად ვიცი და ამიტომაც ეჭვი მიჩნდება, რომ ამ განცხადების უკან შეიძლება რაღაც მზაკვრული იმალებოდეს.

გაგახსენებთ მისი „მოღვაწეობიდან“ ერთ ფაქტს, დასკვნები თქვენთვის მომინდვია. 1997 წლის ზაფხული იდგა. აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლ. არძინბას გარემოცვაში ჩანერგილი სანდო წყაროსგან, საქრთველოს დაზვერვის აფხაზეთის სამმართველომ, რომლის უფროსი იმ დროს მე გახლდით, მიიღო ინფორმაცია, მოსკოვში, რუსეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი პრიმაკოვის ორგანიზებით მიმდინარე შეხვედრების შესახებ ვლ. არძინბასთან. ამ შეხვედრების და მიღწეული მზაკვრული შეთანხმების შესახებ, რომლის ყველა ნიუანსი დაწვრილებით გვაცნობა წყარომ, საქართველოს დაზვერვის მაშინდელმა თავმჯდომარემ ავთანდილ იოსელიანმა წერილობით მოახსენა ბ-ნ ე. შევარდნაძეს.

უკვე მოგვიოანებით, იმავე წლის 14 აგვისტოს, ევგენი პრიმაკოვის თაოსნობით, თბილისში გაიმართა შეხვედრა ე. შევარდნაძესა და არძინბას შორის. შეხვედრის დეტალებზე აღარ შევჩერდები, რადგანაც ყველასთვის ცნობილია, რომ ე.შევარდნაძე პრიმაკოვ-არძინბას შემოთავაზებულ მოდელს „ერთიანი სახელმწიფოს“ შექმნის შესახებ, არ დათანხმდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს თემა მრავალი წლის მანძილზე მუსირებდა რუსულ–აფხაზური პროპაგანდის მიერ. მუდმივად იმეორებდნენ, რომ ქართველებმა თვითონ გაუშვეს ხელიდან აფხაზეთის დაბრუნების შანსი, როდესაც განაცხადეს უარი „საერთო სახელმწიფოს“ მოდელზე. საქართველოში ზოგიერთი პოლიტიკური ძალაც კი ეთანხმებოდა(ეთანხმება დღესაც) ამ მოსაზრებას და მისაღებად თვლიდა კონფედერაციული მოწყობის მოდელს, რომლის დროსაც აფხაზეთი უნდა გამხდარიყო კონფედერაციის სუბიექტი. თუმცა შამბამ 13 წლის შემდეგ, ვლ.არძინბას იუბილესთან დაკავშირებით სპეციალურად გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში მიცემულ ინტერვიუში მშვენივრად ახსნა, რატომაც არ წავიდა თბილისი ამ გზით.

„ჩვენ დავიწყეთ ამ საერთო სახელმწიფოს მოდელზე მუშაობა მოსკოვში, – ამბობს ფილმში შამბა 1997 წლის მოვლენებზე საუბრისას, – ეს იყო კონფედერაციული მოდელი. პრინციპში, ჩვენი მიდგომა მისდამი მდგომარეობდა შემდეგში: ან ქართველები უარს იტყოდნენ ამაზე და მაშინ ჩვენთვის აზრი არ ჰქონდა გვეჩვენებინა მათთვის, რომ ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის... ან კიდევ ჩვენ არ გამოვრიცხავდით, რომ ჩვენთვის ეს შეიძლება ყოფილიყო მომგებიანი (კონფედერაცია) რაღაც ეტაპზე, იმიტომ რომ კონფედერაციული მოდელი იქნებოდა აღიარებული მთელი მსოფლიო საზოგადოების მიერ, იმიტომ რომ ის საბოლოო ჯამში უნდა მიღებულიყო გაეროს ეგიდით და ასე შემდეგ, და ორივე მხარე თანხმდებოდა. და ჩვენ მშვენივრად გვესმოდა, რომ შემდეგი ეტაპი უნდა ყოფილიყო სრული გაყრა. რაც მშვენივრად ესმოდათ ქართველებსაც. სწორედ რატომაც ეს შეთანხმება არ მოხდა საბოლოოდ“.

ეს არის თარგმანი შამბას ვიდეო ინტერვიუსი, რომლის ნახვა მოსმენა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:

http://expertclub.ge/portal/cnid__4644/alias__Expertclub/lang__ka-GE/tabid__2546/default.aspx

ამ გეგმას რომ ემუშავა – დღეს ქართულ მხარეს არ ექნებოდა სამართლებრივი საფუძველი მოეთხოვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და აფხაზეთის საქართველოს სივრცეში დაბრუნება.

ღმერთმა ქნას იგი ამჯერად გულწრფელი იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ვეთანხმები განცხადების იმ ნაწილში, სადაც საუბრობს დიალოგის დაწყებაზე.