RSS
უვიცობაც და ფალსიფიკაციაც (პასუხი შამბა-ნეპროშინის დუეტს)
04.11.2011 13:57
თ. ბერაძე, ბ. ხორავა, ს. კილაძე

ახლახან «ექსპერტთა კლუბის» სახელზე მოვიდა მოსკოველი პროფესორების ტ. შამბასა და ა. ნეპროშინის წერილი «Ответ грузинским «экспертам», რომელშიც ბ-ნ ს. კილაძის წერილზე - «საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება და აფხაზეთის საკითხი» - პასუხის სახით კიდევ ერთხელ გაჟღერებულია ის «იურიდიული წანამძღვრები», რომელიც ვითომდა საფუძვლად დაედო «აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას». ამ მცირე მოცულობის პასუხში იმდენი უვიცობა და ტყუილია დახვავებული, რომ არ ვიცით ვიცინოთ თუ ვიტიროთ...

მოსკოველი პროფესორები იმდენად შორს არიან ისტორიული ჭეშმარიტებისგან და, ზოგადად, სიმართლისგან, როგორც აფხაზეთისგან. მათი პასუხიდან «ირკვევა», რომ ისტორიის მხოლოდ ერთ პერიოდში, «ამიერკავკასიას, კერძოდ ქართლსა და კახეთს და სხვა ზოგიერთ სამთავროს ურთიერთობა ჰქონდა აფხაზეთთან, როდესაც დავით აღმაშენებელმა (1089-1125) კოლხიდისა და ივერიის სახელმწიფოთა საფუძველზე სამეფო აფხაზეთი» შექმნა. ამ ტექსტის ავტორებმა, როგორც ჩანს არ იციან, რომ «აფხაზთა» სამეფო და არა «სამეფო აფხაზეთი» დავით აღმაშენებლის ხანამდე ბევრად ადრე, VIII საუკუნის 90-იან წლებში შეიქმნა; თანაც იმ დროს, კოლხიდისა და ივერიის (იგივე იბერიის) სახელმწიფოების არსებობა, ისიც ბუნდოვნად, განათლებულ სამყაროში მხოლოდ რამდენიმე სწავლულმა თუ იცოდა. მოსკოველმა პროფესორებმა ისიც არ იციან, რომ «აფხაზთა» სამეფოს ქართული ისტორიოგრაფია «აფხაზ-ქართველთა სამეფოს» სულაც არ უწოდებს, არამედ, პირობითად «ეგრის-აფხაზეთის სამეფოს უწოდებს, რადგან ის დასავლეთ საქართველოს, ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანებით შეიქმნა წარმოშობით აფხაზთა დინასტიით სათავეში და ამიტომაც ჰქვია «აფხაზთა» სამეფო. ის რომ ქართული სახელმწიფო იყო ქართული სახელმწიფო ენით, ქართული ღვთისმსახურებით, მხოლოდ სეპარატისტ აფხაზ ისტორიკოსებს თუ შეაქვთ ეჭვი. ალბათ საკამათო არაა, რომ დავით აღმაშენებელმა «აფხაზთა» სამეფო კი არ შექმნა, არამედ საქართველოს ისტორიული მიწების ერთ სამეფოდ გაერთიანება დაასრულა. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ დავით აღმაშენებლის ვრცელ ტიტულატურაში «მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფლობით მპყრობელი», - «მეფე აფხაზთა» მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილი იყო.

მოსკოველი პროფესორები აღნიშნავენ, რომ «ქართული და აფხაზური მხარეები ცდილობენ ეს პერიოდი ამოშალონ მეხსიერებიდან შემდეგი მიზეზებით: ქართული მხარეს არ შეუძლია შეურიგდეს, რომ დიდი ხნის მანძილზე, XIV საუკუნემდე მთელ ამიერკავკასიაში სახელმწიფოებრივ სტრუქტურად «აფხაზთა» სახელმწიფო რჩებოდა. აფხაზებს ხელს არ აძლევთ ასეთი კონცეფცია, რამდენადაც ამ «აფხაზთა» სამეფოს მმართველები აფხაზები არიყვნენ». შეგვიძლია დავამშვიდოთ მოსკოველი პროფესორები, რომ ისინი შეცდომაში არიან «შეყვანილი» და ქართველი ისტორიკოსები ამ ფაქტის «ამოშლას» ისტორიიდან სულაც არ ცდილობენ. მონღოლთა მფლობელობის დროს, XIII საუკუნის შუა ხანებში, საქართველო ორ ნაწილად: ლიხთამერის (აღმოსავლეთ საქართველო) და ლიხთიმერის (დასავლეთ საქართველო) სამეფოებად გაიყო, ამასთან დასავლეთ საქართველოზე მონღოლთა ბატონობა არ ვრცელდებოდა. საქართველოს მეფემ გიორგი V ბრწყინვალემ (1318-1346) XIV ს. 30-იან წლებში ქვეყანა მონღოლთა ბატონობისაგან გაათავისუფლა და მისი მთლიანობა აღადგინა. «აფხაზთა» სამეფო კი, შევახსენებთ ბატონ პროფესორებს, რომ VIII საუკუნიდან არსებობდა და XI საუკუნის დასაწყისში ერთიან საქართველოს სამეფოში გაერთიანდა. ამ სამეფოს შემქმნელი კი ბაგრატ III ბაგრატიონი (978-1014) იყო, მამით ქართველი, დედით აფხაზი, 978-1010 წლებში «აფხაზთა» მეფე, რომელიც სხვათა შორის აფხაზეთში, ბედიის ტაძარშია დაკრძალული. ხოლო რატომ «გაურბიან» ამ პერიოდის, თუ სხვა ხანის ისტორიას აფხაზები, «რატომ არ არის აფხაზეთში ამ ხანის მმართველებისადმი - დავითი, თამარი, ლაშა... მიძღვნილი რაიმე ძეგლები, ესეც კარგად არის ცნობილი. გვიან შუა საუკუნეებში აფხაზეთში მოხდა რადიკალური ეთნიკური ცვლილება: დასავლეთ კავკასიიდან ჩამოსახლებულ მთიელთა ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმის შედეგად თანამედროვე აფხაზური (აფსუა) ეთნოსი ჩამოყალიბდა; ჩამოსახლებულმა მასამ წალეკა ადგილობრივი მოსახლეობა და აფხაზები ახალი ეთნიკური სახით ჩამოყალიბდნენ. გვიანი შუა საუკუნეების აფხაზები არ არიან იმ აფხაზთა შთამომავალნი, რომლებიც ფეოდალური საქართველოს სახელმწიფოს კულტურულ-პოლიტიკურ მშენებლობაში მონაწილეობდნენ. ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა, აკადემიკოსმა ნიკო ბერძენიშვილმა ისტორიოგრაფიაში სპეციალურად შემოიტანა ტერმინი «აწინდელი აფხაზეთი», რითაც შეეცადა გაემიჯნა «ძველი» და «ახალი» აფხაზეთი (ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ., 1990, გვ. 610-614). ამიტომაც წერდა ის დღევანდელი აფხაზების შესახებ, «საკუთარ ისტორიას გაურბიან»-ო, სწორედ ამის აღიარება არ უნდათ მოსკოველ პროფესორებს.

ტ. შამბასა და ა. ნეპროშინს მხოლოდ მათთვის ცნობილი საისტორიო წყაროებიდან შეუტყვიათ, რომ დავით აღმაშენებლის შემდეგ «სამეფო» (ალბათ «აფხაზთა» სამეფო) ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციის ტრაპიზონის იმპერიის კომნენოსთა დინასტიის ხელქვეით რჩებოდა. ალბათ, მოსკოველი პროფესორები განგვიმარტავენ, თუ როგორ აღმოჩნდა დავით აღმაშენებლის «შექმნილი» «სამეფო აფხაზეთი» 1204-1461 წწ. არსებული კომნენოსთა ტრაპიზონის იმპერიის ქვეშევრდომობაში, იმ სახელმწიფოს ქვეშევრდომობაში, რომელიც თავის მხრივ მრავალი წლის მანძილზე საქართველოს უზენაესობას აღიარებდა; ამასთანავე, ტრაპიზონის იმპერია ბიზანტიის ნაწილი კი არა, დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო.

როგორც მოსკოველი პროფესორების ს. კილაძისადმი პასუხიდან ირკვევა, «XV საუკუნის შუა ხანებში კავკასიის შავიზღვისპირეთი ოსმალებს დაუპყრიათ და ბერძნები, რომლებიც შავიზღვისპირეთის დასახლებულ პუნქტებში უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ, იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ. ამის შემდეგ რაღაც პერიოდი ეკლესიებში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, მაგრამ სულ მცირე ხანში ეპისკოპოსებმა ასევე მიატოვეს ეკლესიები და წავიდნენ ხოფში, გელათში, გორში, ქუთაისში და სხვ., სადაც არ იყვნენ თურქები, რამდენადაც აფხაზეთში ღვთისმსახურების წარმოება არავისთვის იყო საჭირო: ქრისტიანებმა - ბერძნულ-რომაულმა მოსახლეობამ დატოვა ეს მხარე, ხოლო აფხაზებმა თანდათან ისლამი მიიღეს. ამით მისი ქართველიზაცია იმ ხანაში დამთავრდა კიდეც».

ამ შემთხვევაშიც, მოსკოველი პროფესორები, ისტორიის ცოდნაში საკმაოდ მოიკოჭლებენ. მათ უნდათ, ისტორიაში ჩაუხედავი მკითხველი დაარწმუნონ, რომ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველები კი არ ცხოვრობდნენ, არამედ «ბერძნები», «ბერძენ-რომაელები». ბატონმა პროფესორებმა არ იციან, რომ «ბერძნები», «ბერძენ-რომაელები», ანტიკურ ხანაში დარჩნენ. ამ საკითხზე პროფესორ ტ. შამბას შეეძლო კონსულტაციები თავისი ისტორიკოსი ძმისგან, სერგეი შამბასგან მიეღო, მაშინ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდებდა თავს. რაც შეეხება ოსმალებს, საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროს ქალაქი ცხუმი და მისი შემოგარენი მათ 1578 წელს დაიპყრეს და საბეგლარბეგო შექმნეს. ამ დროს უწოდეს თურქებმა ცხუმს - სოხუმი. 1580 წელს სოხუმის საბეგლარბეგო გაუქმდა და თურქებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დატოვეს, თუმცა სოხუმი აფხაზთა სამთავროს გადასცეს. ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა (1611-1657) სწორედ ძველი ქართული ქალაქის ცხუმის აღმოსავლეთით, მდ. კელასურის მარცხენა ნაპირის გაყოლებით და კოდორის ქედის გასწვრივ ააგო სიმაგრეთა სისტემა «კელასურის კედელი», როგორც ქართველი მემატიანე ვახუშტი ბაგრატიონი (1696-1758) წერს, «აფხაზთა გამოუსვლელობისათვის». XVII საუკუნის მეორე ნახევარში აფხაზებმა (იგულისხმება ახლადჩამოყალიბებული ეთნოსი, აფსუები, რომელთაც ქართველები მექანიკურად ისევ აფხაზებს ეძახდნენ) გაარღვიეს ეს სიმაგრეთა სისტემა და თავიანთი სამფლობელო მდ. ღალიძგამდე გააფართოვეს. სწორედ მაშინ დატოვა ქართულმა მოსახლეობამ ტერიტორია მდ. კელასურიდან მდ. ღალიძგამდე, რომ თავი გადაერჩინა რბევა-აწიოკებისა და განადგურებისაგან. ამის შესახებ წერენ უცხოელი ავტორები: არქანჯელო ლამბერტი, ჟოზე მარია ძამპი, ჟან შარდენი, იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი და სხვ. ვახუშტი ბატონიშვილი კი აღნიშნავს: «გარნა იყო ჭირი დიდი ოდიშს, ვითარცა აღვსწერეთ, და უმეტეს აფხაზთაგან, რამეთუ მოვიდოდიან ნავებითა და ხმელითა და სტყუევნიდიან, დაიპყრეს ვიდრე ეგრისის მდინარემდე (მდ. ღალიძგა, - ავტ.) და დაეშენებოდენ თვით აფხაზნი და არღარა იყო დრანდას და მოქუს ეპისკოპოსნი» (ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, «ქართლის ცხოვრება», ტ. IV, თბ., 1973, გვ. 845). ვახუშტი ბაგრატიონის ამ ცნობიდან კარგად ჩანს, როგორ მოდიოდნენ აფხაზები და «დაეშენებოდენ», ანუ სახლდებოდნენ დაპყრობილ მიწებზე; კარგად ჩანს, როდის დამკვიდრდნენ ამ მხარეში აფხაზები (აფსუები), როდის დატოვა სამღვდელოებამ ოდიშის (სამეგრელოს) ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი და რა მიზეზით მოიშალა დრანდისა და მოქვის საეპისკოპოსოები. და კიდევ, აფხაზეთში ისლამის გავრცელება მხოლოდ XVIII საუკუნიდან იწყება და მას ამ მხარეში ფართო მასშტაბებისათვის არასოდეს მიუღწევია. აფხაზები (აფსუები), ისევე როგორც დასავლეთ კავკასიის აბაზურ-ადიღური მოდგმის მთიელები წარმართები იყვნენ. აფხაზეთში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე VIII საუკუნიდან XIX საუკუნის მიწურულამდე მიმდინარეობდა. ამიტომაც არის აფხაზეთის ეკლესიები შემკული VIII საუკუნიდან მოყოლებული, ქართული წარწერებით, რომლის ამოშანთვასაც ახლა ცდილობენ; აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის (1823-1864) საფლავსაც მოქვის ეკლესიაში «რატომღაც» ქართული ასომთავრული წარწერა ამკობს, მიუხედავად იმისა, რომ რუს გენერლებს პ. უსლარსა და ი. ბართოლომეის აფხაზური დამწერლობა უკვე შექმნილი ჰქონდათ; მიხეილ შარვაშიძეც და მისი წინაპრებიც ქართულად წერდნენ და აფხაზეთის მთავრის გიორგი შარვაშიძის (1810-1821) თხოვნაც რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში მიღებაზე ქართულ ენაზეა დაწერილი. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს იციან მოსკოველმა პროფესორებმა, მაგრამ ამას აფხაზთა მითიურ «ქართველიზაციას» მიაწერენ.

მოსკოველი პროფესორების აზრით, კავკასიაში რუსეთის იმპერიის სამეფისნაცვლო თურმე 1810 წელს უკვე არსებობდა, სადაც აფხაზეთს იგივე მდგომარეობა ეკავა, როგორიც «ქართლს, ერეთს და სამეგრელოს» და ასეთი ვითარება 1917 წლამდე გრძელდებოდა. ალბათ, ჩვენი ავტორები აგვიხსნიან, თუ საიდან იციან მათ ერეთის, იგივე ჰერეთის თუ ქართლის სამთავროების არსებობა XIX ს. დასაწყისისათვის. ქართველი თუ უცხოელი ისტორიკოსების მიერ «დამალული ამ ფაქტის» გამოაშკარავება ძალზე წაადგებოდა ქართულ ისტორიოგრაფიას. ავტორთა დიდი აღმოჩენა 1810 წელს რუსეთის იმპერიის კავკასიის სამეფისნაცვლოს არსებობის შესახებ, ასევე მათი დიდი დამსახურებაა ისტორიოგრაფიის წინაშე.

ფაქტების არანაკლები უცოდინარობით თუ ფალსიფიკაციით გამოირჩევა მოსკოველი პროფესორების პასუხის ის ნაწილი, რომელშიც 1918-1920 წლებში საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობაა შეფასებული. წინასწარ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ე. წ. კავკასიელ მთიელთა კავშირში აფხაზეთი არ შედიოდა. ამას მოწმობს თუნდაც კავკასიის მთიელთა კავშირის მთავრობის დეკრეტი ¹1, სადაც აღნიშნულია, რომ სოხუმის ოლქზე მთიელთა დროებითი მთავრობის ხელისუფლების გავრცელება სოხუმის ოლქის სახალხო საბჭოს მომავალში უნდა გადაეწყვიტა.

კავკასიის მთიელთა კავშირის დროებითი მთავრობის დეკრეტი №1
4 დეკემბერი 1917 წელი

«მთიელთა მთავრობამ განიხილა საკითხი იმ ტერიტორიისა, რომელზედაც მთლიანად ვრცელდება მისი სახელმწიფოებრივი ხელისუფლება და დაადგინა: კავკასიის მთიელთა დროებითი მთავრობის სახელმწიფო ხელისუფლება სრულად ვრცელდება დაღესტნის ოლქის, ხასავ-იურტის, გროზნოს, ვედენოს, ნაზრანის, ვლადიკავკაზის და ნალჩიკის ოლქების, თერგის ოლქის ყარა-ნოღაული მონაკვეთის მთელ ტერიტორიაზე და აგრეთვე, სტავროპოლის გუბერნიის ნოღაელებისა და თურქმენების ტერიტორიაზე.

ზაქათალის და სოხუმის ოლქების მიმართ კავკასიის მთიელთა დროებით მთავრობას გააჩნია ხელისუფლება ეროვნულ-კულტურული და პოლიტიკური ხასიათის საკითხებში, ახლავე და სრულად კავკასიის მთიელთა დროებითი მთავრობის სახელმწიფო ხელისუფლების გავრცელება ამ ოლქებზე გადასაწყვეტად წარედგინოს ზაქათალის და სოხუმის სახალხო საბჭოებს».

სოხუმის ოლქის სახალხო საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება არავის უნახავს. ასეთი გადაწყვეტილების ტექსტი დაცული არ იყო აფხაზეთის სახელმწიფო არქივში, რომელიც სამწუხაროდ 1992-1993 წწ. ომის დროს დაიწვა. ამ არქივში დაცული მასალა კარგად ჰქონდათ შესწავლილი ქართველ და აფხაზ ისტორიკოსებს, და აფხაზი ისტორიკოსები მსგავსი დოკუმენტის აღმოჩენის შემთხვევაში, მას აუცილებლად გამოაქვეყნებდნენ. აფხაზეთი არც მთიელთა რესპუბლიკაში (1918-1919) შედიოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ მიიღო აფხაზეთის სახალხო საბჭომ 1919 წლის 20 მარტს «აქტი ავტონომიის შესახებ», რომლის ძალითაც აფხაზეთი, ადგილობრივ საქმეებში ავტონომიის უფლებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა?!

მოსკოველი ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ და დამფუძნებელმა კრებამ, აფხაზეთის შესახებ ყველა გადაწყვეტილება, აფხაზი ხალხის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე მიიღო. მათ არ იციან, რომ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, საბოლოოდ 1919 წ. 12 მარტს რესპუბლიკის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა. მას აფხაზი ხალხის სახელით ხელს აწერდნენ ვარლამ შერვაშიძე, არზაყან ემხვარი, ვასილ ღურჯუა. მოსკოველმა ავტორებმა არც იმ მუდმივი კონსულტაციების შესახებ იციან, რომელიც წინ უძღოდა აფხაზეთის შესახებ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის გადაწყვეტილებებს 1918-1920 წლებში, და არც იმ კონსულტაციებს ახსენებენ, რომლებიც წინ უძღოდა აფხაზი ხალხის თანხმობით აფხაზეთის ავტონომიის აღიარებას საქართველოს შემადგენლობაში 1921 წლის თებერვლის კონსტიტუციაში.

აფხაზეთის სახალხო საბჭოსა და აფხაზი ხალხის დამოკიდებულება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისადმი კარგად ჩანს დამოუკიდებლობის გამოცხადების წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის სახალხო საბჭოს მიერ თბილისში გაგზავნილი მილოცვიდან:
«აფხაზეთის სახალხო საბჭო ავტონომიური აფხაზეთის ხალხის სახელით, სალამს უძღვნის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას. მთელი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობას მიჰყავდა ხალხი დემოკრატიული წყობილების განმტკიცების გზაზე, იცავდა მას შინაური ანარქიიდან და კონტრრევოლუციის საფრთხისაგან, საბჭოს ღრმადა სწამს, რომ საქართველოს და აფხაზთა დემოკრატია მტკიცე კავშირით შესძლებენ რევოლუციის მონაპოვართა დაცვას და მიაღწევენ სხვა ხალხის დემოკრატიასთან ძმურ გაერთიანებას. გაუმარჯოს საქართველოს და აფხაზეთის დემოკრატიის ერთობას და ხალხთა შორის ძმობას.

აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე შერვაშიძე» (გაზ. «სახალხო საქმე», მაისის 29, 1919 წ. #537).

მოსკოველი პროფესორების თქმით, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ აფხაზეთში ჯარები შეიყვანა ჯუღელის, კონიევის, მაზნიევის მეთაურობით, რომელსაც მოსახლეობის ძირითადი მასა შეეწინააღმდეგა. «ასეთი გაერთიანება აფხაზეთისა საზღვრით ტუაფსემდე შედიოდა მხოლოდ საქართველოს და არა აფხაზეთის გეოპოლიტიკურ გეგმებში».

გენერალი გ. მაზნიაშვილი მოგონებებში აღნიშნავს, რომ 1918 წლის აპრილის შუა რიცხვებში, როდესაც ის აჭარასა და გურიაში შემოჭრილ თურქებს ებრძოდა, მასთან «მოვიდა დეპუტაცია სოხუმიდან. დეპუტაციაში შედიოდა ქალაქის მოურავი (ქალაქის თავი, - ავტ.) და აფხაზეთის ეროვნული საბჭოს სამი წევრი. დეპუტაციამ მომმართა თხოვნით, გამეწმინდა ბოლშევიკებისაგან როგორც სოხუმი ისე მთელი აფხაზეთი». გ. მაზნიაშვილმა დეპუტაციას აუხსნა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა მის კომპეტენციას აღემატებოდა და თბილისში გააგზავნა. ორი დღის შემდეგ, მან ამიერკავკასიის (და არა საქართველოს) მთავრობის თავმჯდომარისაგან მიიღო ბრძანება ჯარის ნაწილი აფხაზეთში გაეგზავნა. აფხაზეთში სახალხო გვარდია გაემგზავრა ვ. ჯუღელის მეთაურობით, რომელმაც ბოლშევიკები აფხაზეთის საზღვრებიდან განდევნა და თბილისში დაბრუნდა (გ. მაზნიაშვილი, მოგონებები, ბათუმი, 1990, გვ. 57). ქვემოთ, გენერალი გ. მაზნიაშვილი წერს, რომ უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 16 ივნისს, მასთან კვლავ ჩამოვიდა აფხაზეთის ეროვნული საბჭოს დელეგაცია და სთხოვა ეშველა რაიმე მათთვის, რადგან ბოლშევიკები აფხაზეთში ისევ შემოიჭრნენ. გ. მაზნიაშვილმა დელეგაცია ისევ თბილისში გააგზავნა. 18 ივნისს მან მიიღო უწყება, რომ ის დაინიშნა აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და უნდა გაემგზავროს აფხაზეთში. გენერალმა გ. მაზნიაშვილმა აფხაზეთში 300 აფხაზისაგან შემდგარი ტერიტორიული ჯარი ჩამოაყალიბა. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზთა რაზმთან ერთად ბოლშევიკები განდევნა აფხაზეთიდან. საზღვარზე, პილენკოვოსთან, გ. მაზნიაშვილმა თბილისიდან და სოხუმიდან აფხაზეთის ეროვნული საბჭოსაგან ბრძანება მიიღო, დაეკავებინა სოჭი და შავიზღვისპირეთიც გაეწმინდა ბოლშევიკებისაგან (გ. მაზნიაშვილი, გვ. 64), რაც მან შეასრულა კიდეც. ამასთან, საქართველოს მთავრობა ყოველთვის აცხადებდა, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაკავება დროებითი მოვლენა იყო რუსეთში ანარქიის აღკვეთამდე.

ამდენად, როგორც ირკვევა, აფხაზეთის სახალხო საბჭომ სთხოვა საქართველოს მთავრობას აფხაზეთის გაწმენდა ბოლშევიკებისაგან და შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაკავება. იქნებ მოსკოველ პროფესორებს სხვა საბუთები აქვთ? მაგრამ ასეთი რამ არ ჩანს.

საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის როგორც საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარება დაფიქსირებულია 1918 წლის 28 მაისს ფოთში ხელმოწერილ საქართველო–გერმანიის შეთანხმებაში, ანუ ჯერ კიდევ მოსკოვში 1920 წლის 7 მაისს ხელმოწერილ საქართველო–რუსეთის ხელშეკრულებამდე.

სხვათა შორის, სიმონ კილაძის პოსტულატს 1918–1920 წლებში საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის არსებობის თაობაზე ტარას შამბაც და ალექსანდრე ნეპროშინიც სავსებით ეთანხმებიან:
„ერთადერთი, რაშიც ჩვენ ვეთანხმებით, ესაა ს.კილაძის პოსტულატი: „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება სოხუმის ოკრუგის ტერიტორიას დე–ფაქტოც და დე–იურედაც მტკიცედ აკონტროლებდა“.

ხოლო რაც შეეხება თვით 7 მაისის ორმხრივ საერთაშორისო–სამართლებრივ დოკუმენტს, ტარას შამბა და ალექსანდრე ნეპროშინი ამ ხელშეკრულებასთან მიმართებითაც სავსებით იზიარებენ ბატონი სიმონ კილაძის არგუმენტებს:
„ჩვენ ვეთანხმებით ჩვენი კრიტიკოსის აქსიომას: სინამდვილეა, რომ ამ ხელშეკრულებამ განსაზღვრა აფხაზეთის ადგილი საერთაშორისო საზოგადოებაში (ანუ საქართველოს შემადგენლობაში). ეს ფაქტია“.

როგორც ვხედავთ, უმთავრეს საკითხში მოსკოველ პროფესორებს სადავო არაფერი აქვთ, რადგან ბატონი სიმონ კილაძის არგუმენტები აბსოლუტურად სწორია და მას ვერაფერი დაუპირისპირეს. ჩვენი აზრით, 7 მაისის ხელშეკრულების დებულებები საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საკითხში სავსებით შეესაბამებოდა იმ პერიოდის საერთაშორისო–სამართლებრივ პრინციპებს... და თუ მიაჩნიათ, რომ რუსეთმა რაიმე პრინციპები დაარღვია, ამ შემთხვევაში მათ ოფიციალური თბილისის საგარეო პოლიტიკა კი არა, მოსკოვის მაშინდელი დიპლომატიური ნაბიჯები უნდა გააკრიტიკონ.

ერთი სიტყვით, დოკუმენტებით დასტურდება, რომ აფხაზეთი 1918–20 წლებში და კერძოდ, საქართველო–რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დადების დროს სუვერენული სახელმწიფო არ იყო. კარგია, რომ ამ ჭეშმარიტებას ტარას შამბაც და ალექსანდრე ნეპროშინიც ეთანხმებიან.

მოსკოველი პროფესორები წერენ, რომ 1992-1993 წწ. ომის დროს აფხაზეთის სახელმწიფო არქივი დაწვეს «ქართველმა მოროდიორებმა და ბარბაროსებმა». რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ არქივი დაიწვა, სადაც მრავლად იყო დოკუმენტები ქართულ ენაზე. მაგრამ მოსკოველ პროფესორებს არ ახსოვთ აფხაზმა და რუსმა «ფრთიანმა ანგელოზებმა» როგორ გაანადგურეს სოხუმის და, საერთოდ, აფხაზეთის ბიბლიოთეკების ქართული წიგნადი ფონდები, რომელთაც «გამარჯვებულმა» სეპარატისტებმა აუტოდაფე მოუწყვეს. მაგრამ მთავარი ამ ქვეყანაზე ადამიანის სიცოცხლეა. მოსკოველ პროფესორებს დაავიწყდათ, როგორ გაჟლიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა ქართველები და ეთნიკური წმენდა განახორციელეს, რაც დაგმეს გაერომ, ეუთომ, ევროსაბჭომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

ტ. შამბა და ა. ნეპროშინი პროფესიით იურისტები არიან, ამიტომ გასაკვირია მათი მსჯელობა თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე. წ. დამოუკიდებლობის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. თავისი პასუხის უკანასკნელ მონაკვეთში აფხაზეთის «დამოუკიდებლობის» კანონიერ საფუძვლად არ ასახელებენ საერთაშორისო სამართლის არცერთ დებულებას, არცერთ საერთაშორისო სამართლის აქტს, რომელიც ქართველთა გენოციდსა და ეთნიკურ წმენდას, და აფხაზი ხალხის სახელით, ეთნოკომუნისტური ელიტის მიერ, რუსეთის რეაქციული ძალების მხარდაჭერით აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებას ოდნავ მაინც გაამართლებდა. მოსკოველ პროფესორებს ერთი ციტატა მოაქვთ სოხუმელი პროფესორის ოლეგ დამენიას მოხსენებიდან. ეს ის ო. დამენიაა, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, რომელსაც ქართული ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა 1988 წელს შესთავაზეს დახმარება აფხაზურენოვანი საშუალო სკოლის შექმნაში. აფხაზური სკოლა ფიქცია იყო და ასეთად რჩება დღესაც, რადგან აქ მე-4 კლასის ჩათვლით იღებენ განათლებას მშობლიურ, აფხაზურ ენაზე, ხოლო შემდეგ რუსულ ენაზე გადადიან. ო. დამენიამ ასეთ შეთავაზებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ აფხაზებს ეროვნული სკოლა არ სჭირდებათ...

იურისტებისაგან ასევე გასაკვირია იმის მოსმენა, რომ «ისტორიას გამარჯვებულები წერენ», მით უფრო, რომ რატომღაც გამარჯვებულად არ გვეჩვენება აფხაზი ხალხი, რომელიც თავისმა ელიტამ ასიმილაციისათვის გაწირა. ტ. შამბა იმ აფხაზი სეპარატისტების ერთ-ერთი მამამთავარია, რომელთაც არასდროს სიტყვა არ დაუძრავთ აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე. ისინი მხოლოდ აფხაზეთის საქართველოსაგან გამოყოფასა და რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარესთან შეერთებას მოითხოვდნენ. ამიტომაცაა, რომ არცერთ აფხაზ ისტორიკოსსა თუ იურისტს ერთი სიტყვაც არ დასცდენია ჩრდილო კავკასიის ხალხების თანამედროვე ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაზე: ეს ხალხები ხომ დამოუკიდებლობისა და რუს ხალხში ასიმილაციის წინააღმდეგ იბრძვიან.

ის სამეცნიერო დაწესებულება, სადაც ტ. შამბა და ა. ნეპროშინი მუშაობენ, ალბათ ამაყობს იმით, რომ ასეთი ღვაწლმოსილი, ბრძენი, ჭაღარა პროფესორები იქ მოღვაწეობენ, რას ვიზამთ, ნამდვილად საამაყოა - «Vivat academia! Vivant professores!».


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე