(ქვეყნდება თ. აჩუგბას ნაშრომის საფუძველზე)
ამა წლის სექტემბრის ბოლოს სოხუმში გამომავალმა გაზეთმა "Республика Абхазия" - მ სტატიაში "Ценный труд по истории и этнологии абхазского народа", გამოაქვეყნა ინფორმაცია ბათუმში დაბადებული და გაზრდილი თეიმურაზ აჩუგბას მონოგრაფიის "XIX-XX вв. Этническая история абхазов. Этнополитические и миграционные аспекты", გ.ძიძარიას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად წარდგენის თაობაზე.
გაზეთის შეფასებით, ეს ნაშრომი "წარმოადგენს პირველ სოლიდურ გამოცდილებას თანამედროვე ეთნოლოგიისა და ისტორიის აქტუალური პრობლემის სისტემური და მასშტაბური შესწავლისათვის". ყურადღებას იმსახურებენ სხვა შეფასებებიც. კერძოდ, ის, რომ "გამოკვლევები, დაკავშირებული აფხაზი ხალხის 19 – 20 ს.ს. ისტორიის ფართო ანალიზთან, როგორც სამამულო ისე უცხოელი ისტორიკოსების ყურადღებას იქცევენ, რომლებიც ისწრაფვიან გარდასულ დროთა არაერთგვაროვან ფაქტებსა და პროცესებში თანამედროვე მოვლენების ობიექტური მიზეზების დანახვას".
ხაზგასმულია, რომ "დიდი ხნის განმავლობაში ისტორიის კვლევა ხელოვნურად ფერხდებოდა დაინტერესებული ქართული პოლიტიკური და მეცნიერული ელიტის მიერ, რომელიც მძლავრ იდეოლოგიურ ზეწოლას აწარმოებდა რესპუბლიკის მეცნიერულ საზოგადოებაზე. ამის გამო ისტორიკოსთა რამდენიმე თაობამ ვერ შეძლო ერთიანი ობიექტური ნაშრომის შექმნა, რომელიც მოიცავდა აფხაზეთის ისტორიის სხვადასხვა მოვლენებს რუსეთის იმპერიისა და კომუნისტური რეჟიმის ეპოქების ჩათვლით, რომელთა შორის შეიძლება გამოიყოს ეთნოპოლიტიკური, სოციოკულტურული, მიგრაციული და სხვა ასპექტები...".
იქვე აღნიშნულია, რომ თ. აჩუგბა თავისი "ნაშრომის" მე-3 თავში მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს I – XX საუკუნეებში ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს. მისი დაკვირვებით, "... აფხაზეთში ჩასახლების პარალელურად მიმდინარეობდა აფხაზთა კულტურული და ენობრივი ასიმილაცია, რომლისთვისაც წინააღმდეგობის გაწევა ავტოქტონური მოსახლეობისათვის განსაკუთრებულად ძნელი იყო. ამან ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სამურზაყანოელ აფხაზებს, რომლებიც საბოლოო ჯამში ასიმილირებულნი იქნენ კოლონისტების მიერ"...
მე-4 თავში ყველა ამქვეყნიურ და სხვა მრავალ უბედურებებში რაც კი თავისი არსებობის მანძილზე, აფხაზურ ეთნოსს თავს დასტეხია, აჩუგბა ქართულ საზოგადოებას და მის სახელმწიფო სტრუქტურებს ადანაშაულებს. მაგრამ მის ნაშრომში გაკვრითაც კი არა აქვს მითითებული რუსეთის იმპერიისა და მისი თანამედროვე მემკვიდრეების "დამსახურებაზე", რომლებსაც მართლაც რომ ლომის წილი მიუძღვით, (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, აფხაზური ეთნოსის თვითმყოფადობის მიზანმიმართულად მოშლასა და განადგურებაში... ეს ყოველივე კი განსაკუთრებით გულსატკენია იმ პიროვნებისაგან, რომლის აკვანიც ქართულ მიწაზე (ქ. ბათუმში) დაირწა, იქვე ეზიარა ის ჭეშმარიტად ქართულ კულტურასა და მეცნიერებას...
სავალალოა, ასეთი დიდი მოცულობის ნაშრომში ფორმალურად მაინც, რომ არაფერია ნათქვამი, იმ წვლილზე რომელიც თავის დროზე იქნა შეტანილი და დღევანდელი დღის ჩათვლით შეაქვთ სასულიერო პირებსა და საქართველოს ინტელიგენციას აფხაზური ეთნოსის ფიზიკურ გადარჩენაში, მის მეცნიერულ-კულტურულ და განმანათლებლობით მოღვაწეობაში. ძალზე საინტერესოა, თუ რამ განაპირობა თეიმურაზ აჩუგბას - ქართული საზოგადოების წიაღში ფესვგადგმული და დავაჟკაცებული სპეციალისტის ასეთი ფერისცვალება? იმ ადამიანისა, რომელიც სწორედ რომ მის დედაქალაქ თბილისში ეზიარა მეცნიერების ანა-ბანას და აქ შედგა ის როგორც მეცნიერი, რომლის მრავალი ნაშრომი მიძღვნილია ქართულ-აფხაზური კეთილმეზობლური თანაცხოვრების გამოკვლევებისადმი გასული საუკუნის 90-იან წლებამდე... თუმცა, როგორც მისი ბათუმელი კოლეგები აღნიშნავენ: "თემურს თავისი საოცრებები ყოველთვის აწუხებდა... რაღაც უცნაურობები სტუდენტობის პერიოდშიც თან სდევდა".
ძალიან დასანანია, რომ ამ "უცნაურობებმა" სეპარატისტული იდეოლოგიის შრეებში ნაყოფიერი ნიადაგი ჰპოვეს, იქ გაღვივდნენ და მეტასტაზებივით იწყეს შემდგომი განვითარება რეაქციული სეპარატისტი ლიდერების ფეხის ხმას აყოლილ, ხშირად ყველასაგან მიტოვებულ, მიამიტ და მიმნდობ აფხაზურ მოსახლეობაში. სხვათა შორის ცნობილია, რომ დღევანდელ სეპარატისტებს ჯერ კიდევ XX -ე საუკუნის 20 - იან წლებში ჰყავდათ თავიანთი ავტორიტეტული წინამორბედები. მოგვიანებით, იმავე ეპოქის 60-70 - იან წლებში, (როგორც კი ამისათვის ხელსაყრელი პირობები შეექმნათ), მათმა იდეურმა მემკვიდრეებმა საკმაოდ აქტიურად წარმოაჩინეს თავიანთი დაფარული ზრახვები. ამ იდეებმა და ზრახვებმა კი ჩვენი ორი ერის - ქართველებისა და აფხაზების საერთო მტრის საამებლად "სწორედაც მის წისქვილზე დაასხეს წყალი...".
საინტერესო იქნებოდა იმის ფსიქოლოგიური ახსნა, თუ რა გარემოებებმა განაპირობეს თ. აჩუგბას მკვეთრი "ფერისცვალება" და ქართველობისადმი ასეთი უმადურობა, საბოლოოდ კი ქართული სახელმწიფოებრიობის დაუძინებელი მტრების ბანაკში გადაბარგება... რას წარმოადგენს ის დღეს რეალურად როგორც მეცნიერი? ვის დაკვეთებს და რის სანაცვლოდ ასრულებს? რატომ ამჯობინა ჭეშმარიტად მამულიშვილურ სამსახურს ჩვენი საერთო მტრის ბუნაგში ყოფნა და მათ სასარგებლოდ გარჯა?
"ექსპერტთა კლუბის" დამოკიდებულება დასახელებული "ნაშრომისადმი", ცალსახად უარყოფითია, ვინაიდან მისი ავტორი თ. აჩუგბა (შესაძლოა, რომ ავტორები), მხოლოდ ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩენს ქართულ - აფხაზურ მრავალსაუკუნოვან ჭირ-ვარამ გამოვლილ ურთიერთობებს და მის მიერ გაკეთებული "მეცნიერული" დასკვნები ყოველგვარ რეალობას არიან მოკლებულნი. ჩვენი შეფასებით, ეს "ნაშრომი" უფრო ჯდება შეკვეთილი მასალების ჩარჩოებში, რომლებიც მიმართულია ისედაც მყიფე მდგომარეობაში მყოფი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვისა და არსებული გაუცხოების გაღრმავებისაკენ. ეჭვგარეშეა, რომ სეპარატისტებისა და მათი მოსკოველი მფარველების მიერ ქართველების სახით "მტრის ხატის" პერიოდულად წარმოჩენა მიზნად ისახავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის შედეგების "დაკანონების" მცდელობას... მთლიანობაში "ექსპერტთა კლუბი" სრულიად იზიარებს ახალგაზრდა ისტორიკოსის მალხაზ თორიას მხრივ თ.აჩუგბას შეფასებას, რომელიც ქართველ მეცნიერებს შორის თავის კოლეგის "ნაშრომს" ერთ ერთი პირველი გამოეხმაურა.
გოგი მაისურაძე
ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად აფხაზეთის ტერიტორია მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა იძულებით დატოვა. ქართული მხარე ამ ფაქტს ეთნიკური წმენდის კვალიფიკაციას აძლევს და მის საერთაშორისო აღიარებას მოითხოვს. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კი ქართველებისაგან აფხაზეთის ტერიტორიის გაწმენდას ისტორიული სამართლიანობის აღდგენად აფასებს. თანამედროვე აფხაზურ ისტორიოგრაფიაში აქტიურად მიმდინარეობს ქართველების "ისტორიულ სამშობლოში - ენგურს გაღმა განდევნის" პოლიტიკის თეორიული დასაბუთება. ამის საფუძვლად კი შემუშავებულია ფორმულა, რომლის თანახმად უარყოფილია ქართულ და აფხაზურ ეთნოსებს შორის ურთიერთობის და თანაცხოვრების მდიდარი გამოცდილება; ქართველები მოიაზრებიან, როგორც ავტოქტონი აფხაზური სამყაროსგან სრულიად განსხვავებულ, უცხო და მის მიმართ მტრულად განწყობილ ძალად, რომლის ადგილი არ შეიძლება იყოს "მომავალ აფხაზეთში". ეს ყველაფერი მათ ჭირდებათ "აფხაზური ნაციონალური იდენტობის" გასამყარებლად. რეალურად საქმე გვაქვს კონფლიქტური იდენტობის შენარჩუნების პერმანენტულ მცდელობებთან, რაც, როგორც წესი, სხვა იდენტობასთან ოპოზიციაში და კონფრონტაციაში მიღწევაა. აფხაზებისთვის ეს "სხვა" ქართველები არიან, ან გახდნენ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ქართველების, როგორც აფხაზებისაგან განსხვავებულის და უცხოს ხატის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან დაიწყო აფხაზი მეცნიერების ნაშრომებში, თუმცა პოსტკონფლიქტურ კონტექსტში ამ პროცესმა უფრო მწვავე ხასიათი მიიღო.
აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა "სამხრეთ-აღმოსავლეთ აფხაზეთის", ანუ თანამედროვე გალის რაიონის მოსახლეობის "დაკარგული აფხაზური იდენტობის" აღდგენაა. დღევანდელი აფხაზური ელიტის ნაწილი გალის რაიონის, იგივე ისტორიული სამურზაყანოს მოსახლეობის "ჭეშმარიტი" ფესვების ძიებას პირდაპირ აკავშირებს "ახალგაზრდა აფხაზეთის რესპუბლიკის მომავალთან". აფხაზი ისტორიკოსი თ. აჩუგბა თავის ახლად გამოსულ წიგნში "სამხრეთ-აღმოსავლეთ აფხაზეთის მოსახლეობის ნაციონალური თვითშეგნების პრობლემების შესახებ (XIX-XX სს.)" აღნიშნავს: "მართალია, სამურზაყანოში აფხაზური ენის, კულტურის და ნაციონალური თვითშეგნების რეანიმაცია ძალიან რთული პრობლემაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი პრაქტიკული განხორციელება დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფოს წმინდა მოვალეობაა. ამ პრობლემების მოგვარება დამატებითი ბარიერი იქნება აფხაზეთის მიმართ საქართველოს რევანშისტული გეგმების, წინააღმდეგ" (Ачугба). ეს წიგნი კარგად გამოხატავს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში არსებულ ზოგად ტენდენციას, რომლის მიხედვით ადმინისტრაციულად აფხაზეთში შემავალ ნებისმიერ გეოგრაფიულ არეალში აბსოლუტურად გამორიცხულია რაიმე ქართულის არსებობა. ეს ეხება ეთნიკურად ისეთ ჰომოგენურ სივრცეს, როგორიცაა გალის რაიონი, სადაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ქართველები წარმოადგენენ. გარკვეული, შედარებით ზომიერი მოსაზრების თანახმად, გალის რაიონი ქართული და აფხაზური ეთნიკური ტერიტორიების მიჯნაა, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობდა ამ ეთნოსებს შორის ურთიერთქმედება (Соловьева 1985: 44) თუმცა, თანამედროვე აფხაზურ ისტორიოგრაფიაში გალის რაიონი წარმოჩენილია არა როგორც ქართულ და აფხაზურ ეთნოსებს შორის საკონტაქტო ზონა, არამედ, როგორც "სხვა", და მტრულად განწყობილი ქართული ეთნოსის აფხაზეთში შემოჭრის ძირითადი პლაცდარმი. ეთნიკურად ასეთ ერთგვაროვან სივრცეშიც ხდება ქართველებსა და აფხაზებს შორის განსხვავების მიჯნების გავლება. ქართველები აუცილებლად ენგურს იქითა მხრიდან მოსულებად განიხილებიან. სწორედ მდინარე ენგურია როგორც ადმინისტრაციული, ასევე ეთნიკური და ლამის საკრალური მიჯნა, რომელიც მკაფიოდ ყოფს და განასხვავებს ერთმანეთისაგან ქართველებსა და აფხაზებს. გალში ქართული მოსახლეობის არსებობა სწორედ ქართველების მიერ ამ მიჯნის გადალახვის და ასიმილატორული პოლიტიკის შედეგად არის მიჩნეული.
თანამედროვე ეთნოლოგიურ და სოციოლოგიურ კვლევებში საგანგებო ყურადღება ექცევა განსხვავების აღქმის გავლენას ეთნოსებს შორის ურთიერთობაზე. როგორც წესი, მეზობელი ეთნოსისგან განსხვავების ნეგატიური აღქმა საკმაოდ დიდ როლს თამაშობს კონფლიქტის ესკალაციაში. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ განსხვავების აღქმა და არა საკუთრივ განსხვავება განაპირობებს, გარკვეულწილად, ეთნოსებს შორის ურითიერთობის ხასიათს. მაგალითად, კოსოვოს, ახლო აღმოსავლეთის და სხვა კონფლიქტების შემთხვევები მიუთითებს, რომ ეთნიკური კონფლიქტები შეიძლება წარმოიშვას მაშინაც კი, როცა დაპირისპირებულ მხარეებს შორის კულტურული თვალსაზრისით განსხვავება მცირეა. მაგალითად, აფროამერიკელებსა და ამერიკის ადგილობრივ მოსახლეობას შორის არსებული დიდი კულტურული სხვაობა მათ შორის კონფლიქტს არ იწვევს (Multicultural Toolkit).
გარკვეულ ვითარებაში განსხვავების აღქმა შეიძლება ნაკლებად მძაფრი იყოს. მაგალითად, ჰარი ტრიანიდისის მოსაზრებით, მულტიეთნიკურ გარემოში, ადამიანები "სხვებს", რომლებიც მათგან ოდნავ განსხვავდებიან ენით, ჩაცმულობით ან რელიგიით თავიანთ მსგავსად აღიქვამენ" (თრიანდის 1994: 237-238). სხვა შემთხვევაში "კონკრეტულ დროსა და ადგილას ეთნიკურ ჯგუფებს შორის ზოგი განმასხვავებელი ნიშნის წინ წამოწევა ხდება (Wooward 2002: 10). გარკვეული ფაქტორების საფუძველზე ეს განმასხვავებელი ნიშნები ნეგატიურად აღიქმება. ეს შეიძლება მოხდეს, სწორედ, ტრადიციულად გვერდიგვერდ თუ ერთად მცხოვრებ ეთნოსებს შორისაც. ზოგ შემთხვევაში კი, როგორც მ. ბრაუნი აღნიშნავს, კონფლიქტის ერთ-ერთი წყარო შეიძლება არის სწორედ ის, რომ ორი ეთნიკური ჯგუფი ერთმანეთის გვერდიგვერდ თანაცხოვრობს (Brown 1997: 83).
ქართველები და აფხაზები კულტურული თვალსაზისით ახლოს დგანან ერთმანეთთან და ხანგრძლივი თანაცხოვრების გამოცდილება აქვთ, მაგრამ მათ შორის კონფლიქტის ესკალაციაში დიდი როლი სწორედ ერთმანეთისაგან განსხვავების ნეგატიურმა აღქმამ ითამაშა. ქართულ-აფხაზური ურთიერთობის კონტექსტში განსხვავების აღქმა მრავალი ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული (პოლიტიკური კონიუქტურა, გარეშე ძალის ფაქტორი ა.შ.) ჩვენ არ შევეხებით ყველა იმ კონკრეტულ ფაქტორს რომელიც განაპირობებდა ნეგატიურ აღქმას. ამ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებთ ისტორიკოსების როლზე, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებას ჩამოუყალიბონ და გაუმყარონ მეზობელი თუ გვერდიგვერდ მცხოვრები ეთნოსის, როლის აღქმა. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ფაქტორი შეიძლება ურთიერთკავშირში იყო. მაგალითად პოლიტიკური კონიუქტურის გავლენით შესაძლოა ისტორიკოსი აყალბებდეს წარსულს. თავის მხრივ ისტორიკოსები შეიძლება გავლენას ახდენდნენ პოლიტიკური ელიტის ცნობიერებაზე და ა. შ.
თ. აჩუგბას წიგნში, რომელიც კარგად გამოხატავს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების პოზიციას, აფხაზებისგან და აფხაზეთისგან ქართველების უცხოობის დასასაბუთებლად მოყვანილია რამდენიმე არგუმენტი. ესენია: 1. გალის მოსახლეობის წინაპრები აფხაზები იყვნენ; 2. მდინარე ენგური ბუნებრივი და ლამის გადაულახავი საზღვარია ეთნიკურ ქართველებსა და ეთნიკურ აფხაზებს შორის; 3. ქართველები ასიმილატორები არიან; 4. თანამედროვე გალის რაიონში ჯერ კიდევ შემორჩენილია აფხაზური თვითშეგნების ნარჩენები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი სტატიის მიზანია არა რომელიმე ისტორიულ პრობლემაზე დისკუსია, არამედ იმის ჩვენება, რომ აფხაზი ისტორიკოსი ცდილობს მხოლოდ ქართველების უცხოობის წარმოჩენას და არა კონკრეტული საკითხის კვლევას. ეს კარგად ჩანს მის მიერ ინფორმაციის შერჩევის და ინტერპრეტაციის ხასიათში.
ავტორის მთავარი დებულება სამურზაყანოს მოსახლეობის ეთნიკური მიკუთვნებულობის შესახებ ცალსახად, მტკიცებითი ფორმით არის გადმოცემული. მისი თქმით: "მეცნიერებაში ეს საკითხი საკამათო არაა, თუ არ გავითვალისწინებთ ცალკეული ქართველი ისტორიკოსების ნაშრომებს. მათი აზრით, აფხაზეთის ტერიტორიის პირველმოსახლენი ქართველები არიან. ეს პოზიცია განსაკუთრებით გამოიკვეთა XX საუკუნის 40-50 წწ. აფხაზების ტოტალური ასიმილაციის დროს. პოსტსაბჭოთა პერიოდში ქართული ხელისუფლების დაკვეთით ქართველმა ისტორიკოსებმა, ფილოლოგებმა, ჟურნალისტებმა და ა. შ. ისტორიის ფალსიფიკაციის ახალი ტალღა წამოიწყეს. ამ კონტექსტში, ხელოვნურად შექმნილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აფხაზეთის ეთნოკულტურული მიკუთვნებულობის პრობლემა" (Ачугба). მას მოსახლეობის რამდენიმე საყოველთაო აღწერის შედეგები, რომლის მიხედვით სამურზაყანოს მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენენ, ასიმილატორული პოლიტიკის შედეგად მიაჩნია და უარყოფს ამ ტერიტორიაზე ქართველების ავტოქტონობას.
აჩუგბას აზრით, გალის რაიონის მოსახლეობის უმრავლესობის წინაპრები აფხაზები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ავტორის წყარო, ძირითადად, მოგზაურების და რუსი ჩინოვნიკების ჩანაწერებია. ეს მონაცემები ზედაპირული, აღწერილობითი ხასიათისაა და მცირე დროით მონაკვეთს მოიცავს (ძირითადად XIX საუკუნე). შესაბამისად, კონკრეტულ ტერიტორიაზე რომელიმე ეთნოსის ავტოქტონობის საკითხის გასარკვევად ეს ცნობები, ალბათ, არ გამოდგება. გარდა ამისა, ისეთი ფუნდამენტური საკითხი, როგორიცაა ავტოქტონობის პრობლემა კომპლექსურ, ინტერდისციპლინურ კვლევას მოითხოვს, სადაც მრავალი ფაქტორი უნდა იყოს გათვალისწინებული. ნაშრომის თეორიული ბაზა კი ნაკლებად ამჟღავნებს ასეთი კვლევის ნიშნებს და, როგორც იტყვიან, შესრულებულია "ფაქტოლოგიული ისტორიის" ტრადიციების დაცვით. თვითონ ამ "ფაქტების" კონტექსტი კი ნაჩვენები არ არის. მაგალითად, ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებული შეხედულებებით, სამურზაყანოს ჩამოყალიბებამდე მეგრულად მეტყველი მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე ბევრად ადრე ცხოვრობდა. ამის დამამტკიცებელი მრავალი სახის მონაცემები (ტოპონიმიკა, ისტორილი ტექსტები, არქეოლოგიური მონაცემები, შედარებით-ლინგვისტური ანალიზის შედეგები) არსებობს. ავტორი ამ მონაცემებზე დუმილს ამჯობინებს. მის მიერ მოყვანილი წყაროები კი პრინციპულად არ ეწინააღმდეგება ქართველების ავტოქტონობას.
აჩუგბას მიერ მოხმობილ ცნობებში საუბარია, რომ მდინარე ენგური საზღვარი იყო სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის. ამაზე მიუთითებენ მოგზაური ფრანსუა გამბა (1820), ს. ბრონევოი, მ. პეისონელი, ბარონი აში (1830) და სხვები. იგივე წყაროების თანახმად, როგორც აჩუგბა აღნიშნავს, მდინარე ღალიძგა სამურზაყანოსა და აბჟუის აფხაზურ ოლქებს ყოფდა. მისი მტკიცებით, ამას ამბობენ ოფიცრები ტორნაუ (1834-35) და მ. სელეზნიოვი (1832). ამ უკანასკნელის აზრით, სამურზაყანოელები აპროტესტებდნენ სამეგრელოსთან შეერთებას. ჩვენ აფხაზები ვართ და არა მეგრელებიო; გენერალი გ. ი. ფილიპსონი (1859 წ.) იმასთან დაკავშირებით, რომ სამურზაყანო სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის სადაო ტერიტორიას წარმოადგენდა აღნიშნავს:"საეჭვო არ არის ის, რომ სამურზაყანო აფხაზეთს უნდა ეკუთვნოდეს, რადგან იქაური მოსახლეობა აფხაზურ ტომს მიეკუთვნება"; დ. მაჭავარიანი და ი. ბართოლომეი სტატიაში "სამურზაყანოს შესახებ" აღნიშნავდნენ, რომ "სამურზაყანო სამეგრელოსგან მდ. ენგურით არის გამოყოფილი, აფხაზეთთან კი ბუნებრივი საზღვარი არ არსებობს. ამიტომაც, აფხაზეთს უფრო მეთი გავლენა ჰქონდა სამურზაყანოზე ვიდრე სამეგრელოს. სამურზაყანოელების ადათები უფრო გავს აფხაზურს ვიდრე მეგრულს"; ნ. ალბოვის თქმით, "სამურზაყანოელებს, სხვა აფხაზების მსგავსად ვაჭრობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. მათი მეზობელი მეგრელები კი სულით საშინელი ვაჭრები არიან" (Ачугба).
რჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორი ამ წყაროებს კონტექსტიდან ამოვარდნილად განიხილავს და ტენდენციურად აშუქებს. მაგალითად, როცა ის საუბრობს მდინარე ენგურზე, როგორც სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროებს შორის, ლამის, ბუნებრივ და გადაულახავ საზღვარზე, ავიწყდება, რომ არსებობს სხვა შეხედულებაც. ამ მოსაზრების თანახმად, აფხაზეთის სამთავროს საზღვარმა ენგურამდე XVII საუკუნეში გადმოიწია. ნაშრომში ამ შეხედულებაზე საუბარი, რა თქმა უნდა, არ არის. ავტორი მხოლოდ მის მიერ გამოყენებული წყაროების შინაარსის გადმოცემით კმაყოფილდება.
გარდა ამისა, ზოგიერთი ცნობა ნამდვილად არ გამოდგება არგუმენტად. მაგალითად, მაშინ, როცა ავტორი ამტკიცებს, რომ სამურზაყანოელების ადათი აფხაზურია, რადგან ნ. ალბოვი ამბობს, რომ სამურზაყანოელებს სხვა აფხაზების მსგავსად ვაჭრობა არ უყვართ. გარდა იმისა, რომ ეს "ცნობა" არგუმენტად არ გამოდგება, ავტორი, როგორც ჩანს, ნაკლებად არის გათვითცნობიერებული იმაში, რომ ეთნოსი სოციალური თვალსაზრისით არ არის ერთგვაროვანი. შესაბამისად, სოციალური აქტივობის მიხედვით არ შეიძლება ეთნიკურ კუთვნილებაზე ვიმსჯელოთ.
აჩუგბა მიიჩნევს, რომ რომ სამურზაყანოს ტერიტორიაზე მეგრელებმა მოახდინეს ეთნიკური აფხაზების ასიმილირება. მისი აზრით, ასიმილაციის ძირითადი მიზეზია მეგრელების დემოგრაფიული ექსპანსია სამურზაყანოს და აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე. ის ჩამოთვლის იმ ფაქტორებს, რომელიც განაპირობებდა მეგრელების მიგრაციას. ესენია: კლასობრივი ბრძოლა, სამეურნეო სამუშაოებისთვის მიწების არ ქონა, შურისძიებისგან თავის არიდება, გლეხების გაყიდვა, ადამიანების ტყვედ აყვანა. "დემოგრაფიული ექსპანსია" დაწყებული, ძირითადად, მუჰაჯირობიდან შემდგომ ეტაპებზე სულ უფრო ინტენსიური ხდებოდა და 1916 წლისათვის სამურზაყანოში, ამ "აფხაზურ რეგიონში", უკვე მნიშვნელოვანი იყო მეგრული ელემენტი. გარდა ამისა, სამურზაყანოდან ხდებოდა, ძირითადად, მეგრელების განსახლება აფხაზეთის დანარჩენ ტერიტორიაზე. (Ачугба).
ავტორი ჩამოთვლის იმ მიზეზებს, რომლის გამოც ასე "დაუბრკოლებლად" ხდებოდა მეგრელი "კოლონისტების" ჩასახლება აფხაზეთის ტერიტორიაზე. მისი აზრით, "აფხაზეთში მეგრელების ჩასახლებას არ ეწინააღმდეგებოდნენ ე. წ. მთის ფეოდალიზმის გამო. "აფხაზი გლეხები დაქირავებულ შრომას სირცხვილად მიიჩნევდნენ და ამიტომაც, სამურზაყანოელ მემამულეებში დაქირავებულ მუშების მოთხოვნა ყოველთვის იყო" (Ачугба). გარდა იმისა, რომ ეს არგუმენტიც არ დგას მყარ მეცნიერულ საფუძველზე, ხაზი უნდა გავუსვათ ერთ მომენტს. ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს შეხედულება, რომ სამურზაყანოში იმ დროიდან, როდესაც მურზაყან შერვაშიძემ მამამისისგან დღევანდელი გალის რაიონის ტერიტორია მიიღო, მან იქ აფხაზი თავადები ჩაასახლა. ანუ აქ საუბარია საპირისპირო პროცესზე-აფხაზების მიგრაციაზე დღევანდელი გალის რაიონის ტერიტორიაზე. ტერმინი სამურზაყანოც ამ დროიდან ჩნდება. აქედან გამომდინარე, გაუგებარია რის საფუძველზე ხდება იმის მტკიცება, რომ სამურზაყანოელები, როგორც აფხაზური ეთნოგრაფიული ჯგუფი არსებობდა. მართალია, ამ პერიოდში მეგრელების მიგრაციის უარყოფა არ შეიძლება, მაგრამ მოსულ მეგრელებს მაინც და მაინც აფხაზური მოსახლეობა რომ დახვდა, ამის უტყუარი ფაქტი ნამდვილად არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, აჩუგბას ნაშრომის საფუძველზე ამას ვერ ვიტყვით. იგივე წარმატებით შეიძლება იმის მტკიცება, რომ მოსულ მეგრელს ადგილობრივი მეგრელი დახვდა.
ავტორი შემდეგში განაგრძობს, რომ "აფხაზური ეთნიკური ნომენკლატურის შესუსტებამ, აფხაზური ეთნოკულტურული სივრცის შემცირებამ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით სამურზაყანოს მიმდებარე აბჟუის რეგიონში, უარყოფითად იმოქმედა სამურზაყანოელი აფხაზების ეთნიკური ცნობიერების შენარჩუნებაზე. აფხაზეთის და აფხაზების მეგრელიზაცია კი ქართული ინტელიგენციის შორსმიმავალ გეგმებს პასუხობდა, რომელიც ოცნებობდა პატარა ქართული იმპერიის შექმნას აფხაზების, უბიხების, ადიღეელების და სხვა ძირძველი კავკასიელი ხალხების დაცარიელებული ტერიტორიების ხარჯზე" (Ачугба).
ავტორი ასევე ორიგინალურად ხსნის სამურზაყანოელი აფხაზების მიერ მშობლიური ენის დავიწყების მიზეზს. გარდა იმისა, რომ ეს ხშირი კონტაქტისა და მეგრული მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად მოხდა, ავტორი ასკვნის, რომ "აფხაზებს, საერთოდ, ენის შესწავლის უნარი აქვთ. აფხაზების ენის შესწავლის უნარმა, მეგრული ენის მოქნილობამ და აფხაზური ენის სირთულემ განაპირობა ის, რომ სამურზაყანოში 20-30 წლის განმავლობაში მშობლიური აფხაზური ენა მეგრულმა შთანთქა" (Ачугба). ასეთი "მყარი" არგუმენტების მოყვანის შემდეგ ავტორი საუბრობს იმაზეც, რომ "სამურზაყანოს ეთნოენობრივ განვითარებაზე გავლენა ქართულმა და რუსულმა ენებმაც იქონიეს. საქმე იმაშია, რომ ქართული საზოგადოების დაჟინებული მოქმედებით აქ, ისევე როგორც მთელ აფხაზეთში, რუსულთან ერთად, ეკლესიის ენა ქართული გახდა" (Ачугба). აქ, რბილად რომ ვთქვათ, უზუსტობას ან შეგნებულად რეალობაზე თვალის დახუჭვას აქვს ადგილი. როგორც ცნობილია, ქართული ენა, როგორც საეკლესიო ღვთისმსახურების და საკანცელარიო ენა, აფხაზეთში ჯერ კიდევ IX საუკუნეში გახდა.
გარდა ამისა, ავტორი მაშინდელ ქართულ ინტელიგენციას და სასულიერო წრეებს ბრალს დებს იმაში, რომ ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ სკოლებში აფხაზურ ენაზე სწავლების "ჰუმანურ" სურვილს. ავტორი ქართველებს იმაშიც ადანაშაულებს, რომ ისინი აფხაზებს მათ დაუკითხავად უცვლიდნენ გვარებს და ქართული გვარის დაბოლოებებს უმატებდნენ: "გვარის შეცვლის ინიციატორები ეკლესიის მსახურები, მთლიანად ქართული, უფრო ზუსტად, მეგრული ეროვნების წარმომადგენლები იყვნენ. ისინი, ჩვეულებრივ, ნათლობის დროს გვარს უცვლიდნენ ახალშობილ ბავშვებს. როგორც წესი, მშობლები, რომლებმაც ქართული ენა და წერა-კითხვა არ იცოდნენ, ქართველი მღვდლების ნამოქმედარის შესახებ გვიან იგებდნენ, უფრო ხშირად საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, როცა საეკლესიო დავთრები ლამის ერთადერთ წყაროდ გამოიყენებოდა მოქალაქეების რეგისტრაციისათვის" (Ачугба).
აჩუგბას აზრით, სამურზაყანოელი აფხაზების ნაციონალური თვითშეგნების დაკარგვაში გარკვეული როლი ითამაშა "1864 წ. აფხაზური სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ. საბოლოოდ, აფხაზეთის საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში შესვლის შემდეგ აფხაზურმა სახელმწიფოებრიობამ ფორმალური ხასიათი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში აფხაზებს არაერთი საუკუნის განმავლობაში ჰქონდათ მძლავრი სახელმწიფო ერთიანი საერთო აფხაზური მეფით - აპსხით - სათავეში" (Ачугба). მისი თქმით, სტალინის მმართველობის პერიოდზე მოდის სამურზაყანოში მცხოვრები აფხაზზების მასობრივი ასიმილაცია."ამავე დროს ყველაფერი ქართულისადმი სიმპათია და, რა თქმა უნდა, ქართველად თავის აღიარება წახალისებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ და საბჭოთა კავშირის დონეზეც კი. ვინც იცვლიდა საკუთარ ნაციონალურ თვითშეგნებას ქართულზე, ეხსნებოდა გზა სწავლაში, პარტიულ, კომკავშირულ, სახელმწიფო, სამეურნეო და სხვა თანამდებობებზე" (Ачугба). აჩუგბას არგუმენტებს თუ მივყვებით, ასიმილაცია პირიქითაც ხდებოდა. ავტორი, რა თქმა უნდა, დუმს იმ ფაქტზე, რომ ეთნიკური აფხაზების მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ უმრავლესობა არა, მეგრული გვარის მატარებელია და ისინი საკუთარ თავს აფხაზებად აღიქვამენ. XX საუკუნის 70-იან წლებში კი იგივე პროცესები მიმდინარეობდა, რაც სტალინის კულტის პერიოდში. წახალისებული იყო აფხაზად ჩაწერის ტენდენციები. "აფხაზობით" ბევრ ადამიანს კარიერისკენ გზა ეხსნებოდა.
ავტორი უფრო პარადოქსულ დასკვნებსაც აკეთებს გალის რაიონის თანამედროვე მოსახლეობის ეთნიკურ თვითშეგნებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, "ქართულ-აფხაზური კონფლიქტის და ომის შემდგომ პერიოდში სამურზაყანოში პატივს სცემდნენ საკუთარ ისტორიულ ფესვებს და აფხაზური თვითშეგნება შეინარჩუნა ათასობით ადამიანმა. ამაზე მიუთითებს ის უეჭველი ფაქტი რომ ომში აფხაზებისა და აფხაზური სახელმწიფოს წინააღმდეგ სამურზაყანოს მოსახლეობის უმრავლესობას მონაწილეობა არ მიუღია. გარდა ამისა, ომის შემდეგ ზოგიერთი აფხაზური გვარის მატარებელმა (ეზუგბაია, ზუხბაია, ინალიშვილი და სხვა) ადამიანმა აფხაზური გვარისა და ეროვნების აღდგენის სურვილი გამოთქვა. ამ პროცესს საქართველოს ხელისუფლება ეწინააღმდეგება და სპეცსამსახურები ყველანაირად ძაბავენ სიტუაციას კონფლიქტის ზონაში" (Ачугба).
ამგვარად, როგორც აღინიშნა, აჩუგბას ნაშრომში, ისევე როგორც, ზოგადად, აფხაზურ ისტორიოგრაფიაში, აისახა დე-ფაქტო ხელისუფლების მცდელობა დააკანონოს აფხაზეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდა. სწორედ, ისტორიკოსების ძალისხმევით ხდება ქართველების "ენგურს იქით, თავიანთ ისტორიულ სამშობლოში გაძევების" პოლიტიკის თეორიული დასაბუთება. პოსტ-კონფლიქტურ აფხაზეთში ქართველების, როგორც მოძალადის და ოკუპანტის რეპუტაცია მხოლოდ შეიარაღებული დაპირისპირების გამოცდილებიდან არ გამომდინარეობს. ქართველების ამგვარი ნეგატიური სახით წარმოჩენა, დიდწილად, სწორედ განსხვავების აღქმის ხელოვნური გამძაფრებით არის გამოწვეული. ამის შედეგად, ხდება ქართველებისა და აფხაზების საერთო მშვიდობიანი თანაცხოვრების მდიდარი გამოცდილების დავიწყება, ურთიერთობის ტრადიციული ფორმების მოშლა, კონფლიქტური იდენტობის გამყარება და ქართულ-აფხაზური კონფრონტაციის შენარჩუნება. ეს მკაფიოდ ჩანს სწორედ გალის რაიონში, უშუალოდ კონფლიქტის ზონაში, მიმდინარე პროცესების ფონზე. დღევანდელ გალის რაიონში ბევრი ქართველი დაბრუნდა, რომელთა ხელახლა მასობრივად განდევნის საშუალება გარკვეული მიზეზების გამო, აფხაზეთში არსებულ ხელისუფლებას არ აქვს. შეიძლება ამითაც აიხსნას დე-ფაქტო რეჟიმის მიერ ე. წ. "სამურზაყანოს დაკარგული თვითშეგნების" რეანიმაციის მცდელობა. მაგალითად, გარკვეული ღონისძიებები ტარდება განათლების სფეროში. გალის რაიონის საშუალო სკოლებში აკრძალულია ქართულ ენაზე სწავლება; გარდა ამისა, ქართული მენტალიტეტის ძლევას ისინი "მეგრული ფაქტორის" წინ წამოწევითაც ცდილობენ. პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს ქართული ენის დავიწყება და ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერებაში ქართველებისგან განსხვავების აღქმის გამძაფრება. საბოლოოდ კი მეგრულ მეტყველებასაც ჩაანაცვლებს აფხაზური ენა, რაც ხელს შეუწყობს ე. წ. სამურზაყანოელების თვითშეგნების აღდგენას. მაგალითად, გალში გამოდის მეგრულენოვანი გაზეთი. აგრეთვე, მეგრულ მეტყველებაზე ტელევიზიის გახსნის იდეაც ამ პოლიტიკის არსებობაზე მიუთითებს. შეიძლება ითქვას, რომ გალის რაიონის ადგილობრივ მოსახლეობაში ეს პოლიტიკა ნაკლები წარმატებით ხორციელდება, მაგრამ საკუთრივ აფხაზებში ქართველებისგან განსხვავების აღქმა ჯერ კიდევ დიდია. თუმცა, როგორც სტიუარტ ჰოლი აღნიშნავს, განსხვავების აღქმა არ არის ერთხელ და სამუდამოდ ფიქსირებული და უცვლელი რამ, ის შეიძლება შეიცვალოს (Hall 2002 : 54) ამისთვის საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ეთნიკურ ნიადაგზე არსებული უნდობლობის გაცნობიერების, გადალახვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით. ეს კი, სწორედ, თანაცხოვრების პოზიტიური გამოცდილების გათვალისწინებით შეიძლება მოხდეს.
დამოწმებული ლიტერატურა
Ачугба Т.А. О проблемах национального самосознания населения Юго-Восточной Абхазии.
Соловьева Л.Т. «Роль Миграционных процессов в этническом развитии самурзакано». Межэтнические контакты и развитие национальных культур. Сборник статей, Москва, 1985
Brown E.M. “Causes and Implications of Ethnic Conflict” in The Ethnicity Reader. Nacionalism, Multiculturalism and Migration. Edited by M. Guibernau and J. Rex. Polity Press, Cambridge, 1997.
Hall S. “Cultural Identity and Diaspora” in Identity and Defference, Ed. by K. Woodward, Sage, 2002
MulticulturalToolkit.
Triandis H.C. Culture and Social Behavior, McGraw-Hill, Inc, 1994
Woodward K. “Concepts Identity and Difference” in Identity and Difference, Ed. by K. Woodward, Sage, 2002.
|