RSS
ევრაზიული კავშირი, როგორც საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა. ნაწილი I
01.12.2011 15:52
გოჩა გვარამია
ექსპერტთა კლუბი

რუსეთი რომ საბჭოთა კავშირის რეანიმირების პუტინისეული ოცნების ფრთების შესხმით არის განმსჭვალული, ამას არა მარტო პოსტ საბჭოთა სივრცის ქვეყნები, არამედ მთელი მსოფლიო კარგად ხედავს. ამასთან, რუსეთში ეს საკითხი, განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, რომლის გამარჯვებული - რუსეთის პრემიერ-მინისტრი პუტინი - აქედანვე ცნობილია, სულ უფრო აქტუალური ხდება. პუტინის ოცნებაზე აღადგინოს ძველი საბჭოეთი და დაუბრუნოს მას დაკარგული "სიდიადე" ერთი შეხედვით პრიმიტიული, მაგრამ მრავლის მთქმელი ფაქტი მიუთითებს - 2000 წლის დეკემბერში რფ-ს პრეზიდენტის რანგში მყოფმა პუტინმა რუსეთის დუმას შესთავაზა განეხილათ ქვეყნის ახალი ჰიმნი, რომელშიც დატოვებული იქნებოდა საბჭოთა კავშირის ჰიმნის მუსიკა, ხოლო ტექსტი იქნებოდა ახალი. საინტერესოა, ამ ტექსტის ავტორი და საბჭოთა კავშირის ჰიმნის ტექსტის ავტორი ერთი და იგივე პიროვნება - ყველასათვის კარგად ცნობილი სერგეი მიხალკოვია (ამ გვარს ქვევით ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით). თუ ერთმანეთს შევადარებთ რუსეთის დღევანდელ და ძველ საბჭოურ ჰიმნებს, თავისი პათოსით ისინი მაინცდამაინც არ განსხვავდებიან. ხოლო "დიადი საბჭოეთის" ჰიმნის მუსიკა საერთოდ საბჭოთა კავშირში დაბრუნების ასოციაციას ტოვებს, რაც თავის მხრივ, მსმენელზე შესაბამისი ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენაზეა გათვლილი - რაც უფრო ხშირად ესმით ადამიანებს ეს მუსიკა, "ძველ სიდიადეზე" ნოსტალგია მით უფრო მეტად აღეძვრებათ განსაკუთრებით მათ, ვისაც კრემლის კურანტების ხმები დღემდე სიზმარში ჩაესმით.

ბოლო პერიოდის ინფორმაციებს თუ გადავხედავთ და გავაანალიზებთ, სახეზეა რუსეთის მხრიდან დასავლეთთან, განსაკუთრებით კი აშშ-ს მისამართით ურთიერთობების გამწვავების მცდელობები. თუმცა, ვითარებას, რომელიც თანდათანობით ყალიბდება, მცდელობებს ნამდვილად ვერ დავარქმევთ - მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე რუსეთის სულ უფრო უტიფარ განცხადებებს და თავხედურ ქმედებებს (საქართველოს მიმართ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია, რაც ქვეყნის 20% ტერიტორიის ოკუპაციით დასრულდა; ამ ოკუპაციასთან დაკავშირებით ნაკისრი ხელშეკრულების დღემდე შეუსრულებლობა; ნატოს წევრი ქვეყნების, კერძოდ კი ბალტიისპირა ქვეყნების და ბრიტანეთის მიმართ საჰაერო პროვოკაციები; მსოფლიოში აღიარებული დიქტატორული და სეპარატისტული რეჟიმების ფარული თუ ღია მხარდაჭერა) საბოლოოდ აშშ-სა და ბრიტანეთის მხრიდან ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებიდან (ДОВСЕ) გამოსვლის განცხადებები მოჰყვა.

გარდა ამისა, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ხელისუფლების სათავეებში საკუთარი მარიონეტი კანდიდატების მოყვანის მიზნით, ამ ქვეყნებში რუსეთი შიდა არეულობების პროვოცირებას ეწევა, რაც რიგ შემთხვევებში სისხლის ღვრითაც კი სრულდება. საქართველოზე რომ არაფერი ვთქვათ, ყირგიზეთი ამის ნათელი დადასტურებაა.

ყოველივე აღნიშნულს თუ ერთობლიობაში განვიხილავთ, ნათელი ხდება, რომ კრემლი საკუთარი საბჭოური "ძლევამოსილების" რეანიმირებას და მსოფლიოში "ზედერჟავის" სტატუსის დამკვიდრებას ცდილობს.

ამასთან, ზემოთმოყვანილი ქმედებების პარალელურად, რაც დაუფარავად და ღიად ხორციელდება, ინტერესს იწვევს თუ რა მეთოდებით ცდილობს კრემლი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში "ერთიანი და უძლეველი" კავშირის აღდგენის "აუცილებლობისათვის" შესაბამისი საინფორმაციო ფონის შექმნას და ამ ქვეყნების მოსახლეობაზე ზეგავლენის მოხდენას.

უდაოა, რომ ამ იდეის პირდაპირი გაჟღერება, ყოფილი საბჭოეთის მოქალაქეებში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისა რომლებსაც განვითარების გეზი დასავლური ღირებულებებისკენ აქვთ აღებული და შორს წავიდნენ შესაბამისი რეფორმების გატარებაში, რბილად რომ ვთქვათ სიფრთხილის გრძნობას გამოიწვევს. თუმცა არც დანარჩენი ქვეყნები იქნებიან მაინცდამაინც მოხიბლული, თუ რეანიმირებული კავშირი, თუნდაც იდეაში, რაიმე ნიშნით პირდაპირ საბჭოთა წეს-წყობილების დაბრუნებასთან იქნება ასოცირებული. ამისათვის კი კრემლს შეფარული მოქმედება სჭირდება.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საზოგადოებაზე ზემოქმედების ყველაზე ეფექტური საშუალება მეოთხე ხელისუფლებად აღიარებულ , ინფორმაციის მასობრივ საშუალებებს გააჩნიათ, რაც მთელ ცივილიზებულ სამყაროში კარგად არის აპრობირებული. თუმცა, კრემლმა ისიც კარგად იცის, რომ ამჯერად დასახული მიზნის მიღწევისათვის მარტო რუსული მედიის საშუალებები ნამდვილად არ იკმარებს. მით უმეტეს, როდესაც მათი რეპუტაცია რიგ პოსტ საბჭოთა ქვეყნებში, რბილად რომ ვთქვათ - ნდობას მაინცდამაინც არ იმსახურებს. ამიტომ საჭირო გახდა პირადი, განსაკუთრებით კი ჟურნალისტური კავშირების აღდგენა და ახლის დამყარება. ამ მიმართულებით საქმიანობის დაწყებისათვის საჭირო გახდა ერთის მხრივ სერიოზული ფინანსების მოზიდვა, ხოლო მეორეს მხრივ, არჩევანის ისეთ მედია საშუალებებზე შეჩერება, რომელთაც საერთაშორისო ბრენდი და ყოფილ საბჭოთა ბანაკის ქვეყნებში კომუნიკაციის თავისუფალი შესაძლებლობა აქვთ. ამასთან, თავის საქმიანობაში ადვილად კონტროლირებადი იქნება და ყველაფერთან ერთად, კრემლის სახით, ძლიერი ზურგიც კარგად უნდა ჩანდეს. მაგრამ, დასახული მიზნის მისაღწევად, როგორც წესი, ყველაზე რთულია მოქმედების ფორმის გამონახვა და ტაქტიკის შერჩევა. საბოლოო მიზნის მისაღწევად კი საჭიროდ იქნა მიჩნეული:

- პოსტსაბჭოთა სივრცის მედია-წარმომადგენლების გაერთიანება, რაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიებისა და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე არც თუ ისე ადვილია;
- ურთიერთობების დამყარების დაწყება შემდგომში მათი გამყარების მიზნით, რაც თავის მხრივ ამ ქევყნებში შესაბამისი, კრემლის მიმართ ოდნავ მაინც დადებითად განწყობილი მედიასაშუალებების შერჩევას ითვალისწინებს და ესეც არ არის ადვილი;
- პროექტის ფარგლებში თანდათანობით მასში მონაწილე პირების გაცხრილვა და მათში რუსეთისადმი კეთილგანწყობილების, ასევე მომდევნო შეხვედრებში მონაწილეობის მიღების სურვილის გაღვივება და საბოლოო მიზნების გაჟღერების მომენტის შერჩევა.

აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით საბოლოოდ არჩევანი "РИА Новости"-ზე შეჩერდა, რომელსაც თავისი წარმომადგენლობა არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც გააჩნია. გარდა ამისა, კრემლის "მყარი ზურგიც" და შესაბამისად საკმაოდ მსუყე ბიუჯეტი აქვს, რომელიც სხვადასხვა მონაცემებით დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება მოქმედების ფორმებს - 2005 წელს "РИА Новости"-ს ეგიდით საფუძველი ჩეყარა ისეთ მასშტაბურ პროექტს, როგორიცაა "ევროპული და აზიური მედიის ფორუმი" (ФЕАМ), რომელიც ყოველ წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში მორიგეობით ტარდება, სადაც დსთ-ს, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების და საქართველოს 300-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი და პოლიტოლოგი იყრის თავს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ფორუმზე ოფიციალურ ნაწილში წარმოდგენილ ქვეყნებში არსებული მედიასაშუალებების მუშაობის პერსპექტივები, პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრის შესაძლო ვარიანტები განიხილება. გარდა ამისა, თავისუფალ დროს მიმდინარეობს ქვეყნებში არსებული ვითარებების განხილვა და კონტაქტების დამყარება.

თუმცა წლევანდელი ფორუმი, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქში, ასტანაში (ასტანა ეტყობა სპეციალურად იყო შერჩეული - ევრაზიის კავშირის შექმნის იდეის ერთ-ერთ ავტორად ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნურსულტან ნაზარბაევი მოიაზრება) 21-22 ნოემბერს გაიმართა, საკმაოდ განსხვავდებოდა მისი წინამორბედებისაგან. ეს განსხვავება კი ამ ფორუმზე სპეციალური სტუმარი - მსოფლიოში აღიარებული რუსი რეჟისორი, მსახიობი, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი ნიკიტა მიხალკოვი გახლდათ, რომელიც ზემოთ აღნიშნული საბჭოთა კავშირის ყოფილი და დღევანდელი რუსეთის მოქმედი ჰიმნების სიტყვების ავტორის სერგეი მიხალკოვის შვილია, უმცროსმა მიხალკოვმა ევრაზიის კავშირის აღდგენის იდეა პირდაპირ, ყოველგვარი შეფარვის გარეშე გააჟღერა. ამასთან, ეს "მისი სურვილი" ერთიანი, ძმური თანაცხოვრების ნოსტალგიით ახსნა. მან იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ეს საბჭოთა კავშირის რეინკარნაციას არ წარმოადგენდა და ამ იდეის გაჟღერება დავალების სახით არავისგან მიუღია. თუმცა ის პათოსი, რომელიც მის გამოსვლაში და დასმულ კითხვებზე გაცემულ პასუხებში ჟღერდა, სულ სხვა რამეზე მიუთითებდა. თუ რა იდეებითაა განმსჭვალული ბატონი მიხალკოვი, საკმარისია გადავხედოთ მისი მამის რეგალიებს, რომელსაც იგი დიდ პატივს სცემს.

მაშ ასე - სერგეი მიხალკოვი - სოციალისტური შრომის გმირი, ლენინის (1970 წ.), სტალინის მეორე ხარისხის სამი (1941, 1942, 1950 წლები) და საბჭოთა კავშირის (1978 წ.) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, რუსეთის განათლების აკადემიის აკადემიკოსი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენის კავალერი. საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მე-8-11 მოწვევის (1970-1989 წლები) დეპუტატი. 1950 წლიდან სრულიად რუსეთის ბოლშევიკური კომუნისტური პარტიის (ВКП(б)) წევრი. ალბათ ადვილი მისახვედრია, თუ როგორი იდეოლოგიით იზრდებოდა ცნობილი რუსი რეჟისორი და დრამატურგი ოჯახში.

გაგრძელება იქნება...


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე