RSS
ევრაზიული კავშირი, როგორც საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა. ნაწილი II
06.12.2011 11:33
გოჩა გვარამია
ექსპერტთა კლუბი

(გაგრძელება. იხ. დასაწყისი)

მიუხედავად იმისა, რომ ასტანაში მიმდინარე ევროპისა და აზიის მედიის რიგით მეექვსე ფორუმზე მიხალკოვის სტუმრობა ოფიციალურად საკუთარი ახალი ფილმის - "ციტადელი"-ს პრეზენტაცია იყო, მისი როლი ამ ღონისძიებაზე ევრაზიის კავშირის შექმნის პერსპექტივისა და ისევ ერთიანი თანაცხოვრების აუცილებლობის აგიტაცია იყო, რასაც იგი საკმაოდ ოსტატურად აკეთებდა. თუ რა არის ევრაზიის კავშირი, როგორი მოწყობისა და მმართველობის ფორმები ექნება მას, ამაზე ქვევით ვისაუბროთ. ეხლა კი დავუბრუნდეთ ასტანას.

მაშ ასე - ფორუმის მონაწილეებისადმი გაკეთებულ მიმართვაში, ნიკიტა მიხალკოვმა აღნიშნა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევრაზიული ინტეგრაცია ბუნებრივი და ორგანული პროცესია. თუმცა აქვე დასძინა, რომ მას "არ აქვს მხედველობაში საბჭოთა კავშირის აღდგენა". არამედ იგი "საუბრობს ერთმანეთისკენ ლტოლვის ამ მოძრაობაში ცოცხალი ძალის მოძებნის შესაძლებლობაზე... ამოცანა მეხსიერების სულის, ამ ბიოლოგიური მეხსიერების გაერთიანებაში მდგომარეობს, რომელიც დიდი ალბათობით ჩვენში ჯერ კიდევ არსებობს. გარდა ამისა - არც თუ ისე ბევრ ქვეყნებსა თუ ხალხებს აქვთ უდიდესი პრივილეგია ტოლსტოი და პუშკინი ორიგინალში წაიკითხონ. მე არ ვსაუბრობ ლიტერატურის პრიორიტეტებზე, მე საუბარი მაქვს იმაზე, რომ სწორედ ეს არის სულიერი ერთობის პლასტი... ეს არის ის, რომელიც ძირეულად აერთიანებს რუსულ დასავლეთსა და აღმოსავლეთს..." - ამასთან აღნიშნავს, რომ იგი არ საუბრობს როგორც პოლიტიკოსი. "...ეს არის საკუთარი ქვეყნის მოქალაქის პოზიცია, რომელიც ასე-თუ ისე დაინტერესებულია იყოს გაგებული. რადგანაც ძნელია არ იყო გაგებული მაშინ, როდესაც არსებობს ისეთი ცოცხალი და სათუთი საკითხები, როგორიცაა ევრაზიის კავშირის მიზნით დღეს დაწყებული მოძრაობა, რომელიც იმედია შეუქცევადი იქნება". ამასთან მიხალკოვმა სინანული გამოთქვა, რომ ინტეგრაციული პროცესები საბჭოთა კავშირის დაშლიდან მხოლოდ 20 წლის შემდეგ დაიწყო. "საწყენია, რომ 20 წელი იქნა საჭირო, რათა აქამდე მივსულიყავით. ძალიან ბევრი დაიკარგა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გვიანი არაა ჩვენში ამ კონტინენტალური აზროვნების ბიოლოგიური, კულტურული და ცივილიზაციური მეხსიერება ავაღორძინოთ, რათა ამ მეხსიერებით განვსჭვალოთ, როგორც ეს მე მესახება, როგორც ჩემი, ასევე თქვენი ქვეყნების მომავალი". მოდით დროებით აქ გავჩერდეთ და გავერკვეთ რისი თქმა სურდა თავისი მიმართვით ცნობილ რეჟისორს.

პირველი რასაც იგი უცებ უსვამს ხაზს არის ის, რომ ევრაზიული კავშირის შექმნა არ წარმოადგენს საბჭოთა კავშირის სხვა ფორმაში აღდგენის მცდელობას და ამ საკითხთან დაკავშირებით იგი საუბრობს არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც საკუთარი ქვეყნის მოქალაქე. ისეთ განათლებულ პიროვნებას, როგორიც ნიკიტა მიხალკოვია, კარგად უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს წარმოადგენს და სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს მის პოლიტიკურ პლათფორმას. ამასთან, რა თქმა უნდა, ყოველი მოქალაქე არ არის პოლიტიკოსი, თუმცა სწორედ თითოეული მოქალაქის პოლიტიკური ხედვა განაპირობებს ამა თუ იმ პოლიტიკოსისა, თუ პოლიტიკური პარტიის სამოქმედო გეგმას. ასე რომ, ყველაფერი ეს ურთიერთკავშირშია.

ყოველივე აღნიშნულთან თუ გავითვალისწინებთ ბატონი მიხალკოვის პუტინის "ჯიბის პარტია" - ედინაია როსიაში საკმაოდ პრივილეგირებულ პოზიციებს, მიხალკოვის მცდელობა დაარწმუნოს მსმენელი იმაში, რომ იგი მხოლოდ საკუთარ პოზიციას და ხედვას ახმოვანებს, სხვა არაფერია თუ არა ფარსი. გარდა ამისა, მოყვანილ ციტატებს თუ კარგად დავუკვირდებით, ადვილი შესამჩნევია, რომ იგი მაღალფარდოვანი სიტყვების სიმრავლით გამოირჩევა, რაც, როგორც წესი, მსმენელს აბნევს და ძირითადი მიზნების, საკვანძო ფრაზების კარგად შესაფუთად გამოიყენება. თუ ამ სიტყვიერ "ბალასტს" გამოვხშირავთ, მივიღებთ შემდეგს:
- ცუდია რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა
- ცუდია რომ ახალი გაერთიანების იდეის ხორცშესხმას 20 წელი დასჭირდა
- რუსული ენა არის უმთავრესი საკომუნიკაციო ენა და თურმე ამ ენის ფლობა უდიდესი პრივილეგია ყოფილა
- ახალ გაერთიანებაში რუსეთის როლი უდაოდ დომინანტური უნდა იყოს.
- მისი სურვილი გაერთიანების პროცესის შეუქცევადობასთან მიმართებაში იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთმა სერიოზულად მოკიდა ხელი ევრაზიის კავშირის შექმნის სახით საბჭოთა კავშირის რეინკარნაციის საკითხს.

ისე საინტერესოა რას იტყოდა ბატონი მიხალკოვი, რომ დიდ ბრიტანეთს ევროპის მისი ეგიდით გაერთიანების საკითხი დაეყენებინა - მართლაც ხომ "არც თუ ისე ბევრი ქვეყნების ხალხს აქვთ უდიდესი პრივილეგია" შექსპირი ორიგინალში წაიკითხოს.

იგივე პათოსით იყო გამსჭვალული კითხვა-პასუხის რეჟიმი, რომელიც თითქმის საათნახევარი მიმდინარეობდა. ვინაიდან, მიხალკოვმა თავისი მიმართვით ფორუმზე შემდგომი ურთიერთობის პროცესს მიმართულება მისცა, დარბაზიდან გაჟღერებული თითქმის ყველა კითხვა ევრაზიის კავშირის ირგვლივ ტრიალებდა. რიგი ქვეყნების წარმომადგენლებს იდეა მოეწონათ, ზოგიერთები, განსაკუთრებით ბალტიისპირა ქვეყნები, საქართველო, აზერბაიჯანი და რაოდენ მოულოდნელი იყო სომხეთი სიფრთხილით მოეკიდნენ, ზოგმა კი საერთოდ გაჩუმება ამჯობინა.

ამ "ახალი ფორმით" შემოთავაზების ფონზე პირველივე კითხვა, რომელიც დაუსვეს მიხალკოვს გახლდათ ის, რომ ხომ არ იყო ეს მცდელობა საბჭოთა კავშირის სხვა ფორმით შექმნისა და ხომ არ ითვალისწინებს იგი ისევ ცენტრალიზებულ მმართველობას, რაზეც ორატორმა უპასუხა, რომ "...საბჭოთა კავშირსაც კი თუ იმპერიად განვიხილავთ, მაშინაც კი აზიასთან დამოკიდებულება არ იყო განპიროვნებული მხოლოდ მისი წიაღისეულისა და შრომითი რესურსების გამოყენების აუცილებლობით... შენდებოდა თეატრები, კლუბები... ანუ ცენტრი საკუთარი თავის მიმართ პოლიტიკური ზარალის მიუხედავად, რაც სხვათა შორის რუსული სულის დამახასიათებელი თვისებაა, ზრუნავდა მათზე... არასაჭიროების გამო არ შეუწყვეტიათ არსებობა დაღესტნის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და სხვა რესპუბლიკების სოფლებს... ხოლო რუსეთის სოფლები ნადგურდებოდნენ, ისინი საერთოდ ქრებოდნენ...". მიხალკოვის სიტყვებით "...ცენტრი ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილით აქცევდა ყურადღებას იმას, თუ რა ხდებოდა იმპერიის პერიფერიებზე. ხოლო დღეს ჩვენი ურთიერთობების აწყობა იმ ფაქტორზე - მოდით დაბრუნდით უკან და ჩვენ გიხელმძღვანელებთ - ეს სისულელეა და ამის გაკეთება არ შეიძლება...".

თავიდანვე ინტერესს იწვევს ის ფაქტი, თუ სად წავიდნენ "განადგურებული და გამქრალი" რუსეთის სოფლების მაცხოვრებლები?! ერთია რომ სოფელი ფიზიკურად გაანადგურო, თუმცა ეს ფორმულირებაც დიდ ეჭვებს ბადებს, მაგრამ ამ სოფლების მოსახლეობა სადღაც ხომ უნდა წასულიყო... თუ კარგად გადავხედავთ ისტორიას, ნათლად დავინახავთ, რომ "იმპერიის პერიფერიების" სოფლები სახლდებოდა სწორედ რუსეთის მოსახლეობით, ხოლო დაუმორჩილებელ ადგილობრივ მოსახლეობას ციმბირში ასახლებდნენ. აღნიშნული პოლიტიკა გარკვეულ წილად ჩრდილოკავკასიაში დღესაც მიმდინარეობს. ასე, რომ, საქმეში ჩახედული ადამიანისათვის სავსებით ნათელია თუ რა დგას ამ "ნოვატორული" შემოთავაზების უკან. გარდა ამისა, აპელირება იმითი, რომ "ცენტრი მათთვის აშენებდა თეატრებს, კლუბებს და ა.შ.", რბილად რომ ვთქვათ მიუღებელია, თუ არა შეურაცხმყოფელი. გამოდის რომ თუ არა საბჭოთა ანექსია, ყველა ეს ხალხი განუვითარებელი დარჩებოდა. საკითხისადმი ასეთი მიდგომა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბატონი მიხალკოვის იმპერიულ ამბიციებს. ამიტომ, შეურაცხყოფად ნუ მიიღებს და რუსეთის იმპერიული ჩექმის "გემო" ყველას კარგად გვახსოვს.

იქნებ გადავხედოთ სიტუაციას თუ რა ხდება დღეს ჩრდილო კავკასიაში, რომელიც რუსეთის იმპერიამ სისხლში ჩაახრჩო და ამ რეგიონის მაცხოვრებელთა შთამომავლების ასიათასობით წარმომადგენლები ისტორიული სამშობლოს მიღმა ცხოვრობენ.

შორს რომ არ წავიდეთ, მოვიყვანოთ კავკასიაში რუსეთის პეზიდენტის წარმომადგენლის, ალექსანდრე ხლოპონინის განცხადება, რომელიც მან 2011 წლის სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში რუსულ ტელეკომპანია "Russia Today"-ის საშუალებით გააჟღერა. ხლოპონინის განცხადებით ჩრდილოეთ კავკასიის გადარჩენა თითქოს მხოლოდ რუსულენოვან მოსახლეობაზეა დამოკიდებული და რეგიონიდან რუსულენოვანი მოსახლეობის გადინება ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებისათვის არაა ხელსაყრელი.

"მათ ისე როგორც პური, როგორც ჰაერი, სჭირდებათ რუსულენოვანი მოსახლეობა იმიტომ, რომ რუსული ენა - დამაკავშირებელია. ეს არის ენა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ერებსა და ეროვნებებს ერთმანეთთან აკავშირებს. ისინი ერთმანეთში ხომ რუსული ენით ურთიერთობენ... რუსული ენის, რუსული კულტურის არსებობა - ეს ყოველთვის პლიუსია... გარდა ამისა არსებობს მოსახლეობის მობილურობის ცნება და რუსულენოვანი მოსახლეობა ამ თვალსაზრისით უფრო მობილურია, ვიდრე კავკასიელი მოსახლეობა, რომელიც უფრო საკუთარ კერაზეა მიჯაჭვული, მიწასთან, ტრადიციებთან და ა.შ.".
უნდა აღინიშნოს, რომ იგივე ხლოპონინი ადრე კაზაკებს მოუწოდებდა ჩრდილოეთ კავკასიაში მასიურად დასახლებისა და გამრავლებისაკენ. უფრო მეტიც, ამისათვის მათ ყველანაირ შეღავათებსაც სთავაზობდა, ხოლო მოგვიანებით თვითონაც გაწევრიანდა კაზაკების რიგებში. ამის პარალელურად კი ცენტრს სთავაზობდა ადგილობრივი მოსახლეობის ციმბირში გადასახლებას, რასაც ჩრდილო კავკასიაში მოსახლეობის რაოდენობის ზრდით და რეგიონის ტერიტორიული და სამუშაო ადგილების სიმცირით ხსნიდა. მისი გეგმის მიხედვით, ჩრდილოკავკასიელები, რომლებიც "მიწაზე არიან მიჯაჭვული" კარგად მოერგებოდნენ ციმბირის გაყინულ და აუთვისებელ მიწებს, რომელსაც დაუსაქმებლობისა და უპერსპექტივობის გამო თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა ტოვებს. ამ კონტექსტში ხლოპონინისეული "რუსულენოვანი მოსახლეობის მობილურობა" მხოლოდ ერთი კუთხით თუა გასაგები - რუსულენოვანი მოსახლეობა, პრივილეგირებულ კლასად უნდა განიხილებოდეს და მათთვის ცხოვრების სასათბურე პირობები უნდა შეიქმნას, თუნდაც კონკრეტულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე, რომელთა ადგილი სადღაც შორს, ისტორიული სამშობლოდან ასეული და ათასი კილომეტრის დაშორებით. აქედან გამომდინარე ადვილი მისახვედრია თუ რა ელის რამდენიმე წლის შემდეგ სხვა რესპუბლიკებს, თუ ისინი განახლებული საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი გახდებიან.

დავუბრუნდეთ მიხალკოვს - არა ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო მის პასუხში რუსული ენის ფაქტორის განსაზღვრაც, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ხლოპონინის პოზიციას. კინოხელოვნების მეტრის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ "...სერიოზული გამაერთიანებელი ძალა, რომელიც მხოლოდ ლიტერატურასთან არ არის დაკავშირებული, არის ენა... რუსული ენა... იგი ლიდერია, მასზე საუბრობენ... მასზე საუბრობენ და მისი დაკარგვა არ შეიძლება... არ შეიძლება მისი დაკარგვა იმიტომ, რომ პატარა ბავშვებმა 8-10 წლის შემდეგ რომ არ იცოდნენ რუსული ენა... კარგით, ეცოდინებათ ინგლისური, მაგრამ ის იმდენად საჭირო არ იქნება... საშინელება იქნება, თუ ეს მხოლოდ მარტოდ მდგომს დასჭირდება, ესე იგი ისინი საკუთარ დამოუკიდებლობას დაკარგავენ... ესე იგი მივედით იქამდე, სანამდეც საერთოდ მეზობლების განვითარებას მივყავართ... სწორედ ეს გაერთიანება რუსული ენის მეშვეობით სწორია და უნიკალური..." (სტილი დაცულია -რედ.).

როგორც ვხედავთ, სხვადასხვა პიროვნებებმა, რომლებსაც ტერიტორიული დაშორებაც კი საკმაოდ ყოფს - ერთი მოსკოვშია, მეორე კი ჩრდილოეთ კავკასიაში - ერთი და იგივე პოზიცია გამოხატეს რუსული ენის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. თუმცა, თუ ხლოპონინი რუსეთის ტერიტორიებს არ გასცილებია, მიხალკოვმა, რომელთანაც ამ საკითხთან დაკავშირებითაც რამდენიმე კითხვა დაიბადა, უფრო დიდი მასშტაბები აიღო.

ინტერესს იწვევს ერთი ფაქტი - მაშინ, როდესაც, თვით რუსული "ელიტის" წარმომადგენლები როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე დღესაც, თავიანთ შვილებს ინგლისურს ასწავლიან რათა მათ სწავლა-განათლება უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღონ და ეზიარონ დასავლურ ცივილიზაციას, რატომ უნდა იყვნენ დანარჩენები, რა თქმა უნდა ევრაზიის კავშირში გაერთიანების შემთხვევაში, ორიენტირებული მხოლოდ რუსულ ენაზე და რატომ ამტკიცებს ბატონი მიხალკოვი, რომ ინგლისური ენის ცოდნა არც თუ ისე საჭირო და გამოყენებადი იქნება. ადამიანი საერთოდ სწავლობს იმას, რაც მისი ცხოვრების წესიდან და შემდგომი საქმიანობიდან გამომდინარე აუცილებლად მიაჩნია. ზოგი სწავლობს ინგლისურს, ზოგი ფრანგულს, გერმანულს, იტალიურს, ან ესპანურს. ანუ ადამიანის უფლებაა თავად აირჩიოს თუ რომელ ენაზე ილაპარაკოს. ეს რაც შეეხება უცხო ენებს, ხოლო მშობლიურზე საერთოდ საუბარი ზედმეტია. ხომ არ გვაქვს საქმე ისტორიის განმეორების მცდელობასთან, როდესაც 1978 წელს მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად საბჭოთა რესპუბლიკებში სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული უნდა ყოფილიყო და რომ არა მაშინდელი საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობის ერთიანობა, ქართული ენა და საქართველოს სახელმწიფოებრიობა დღეს საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა. უდაო და ძნელია ბატონ ნიკიტა მიხალკოვს არ დავეთანხმოთ, რომ ენა სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამასთან, რუსული ენის ასეთ დონეზე დაყენება და მისი დომინანტური როლის ხაზგასმა რა თქმა უნდა გარკვეული შორს მიმავალი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.

რაც შეეხება "რუსულ სულს" - საინტერესოა, რომელი ასეთი "მზრუნველობითი ფასეულობებით" სარგებლობდა რუსეთის იმპერია მისი პერიფერიის - საქართველოს განვითარების საქმეში, როდესაც დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები და მოახდინა არა მარტო საქართველოს ანექსია, არამედ გააუქმა მისი სახელმწიფოებრიობა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. "მზრუნველობის" რომელ ჩარჩოებში შეიძლება მოვიაზროთ 1956 წლის 9 მარტს თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების ტყვიამფრქვევებით დახვრეტა?! რა სახის "მზრუნველობას" უნდა მივაწეროთ ასევე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ 1989 წლის 9 აპრილს მხუთავი აირისა და სასანგრე ნიჩბების გამოყენება, რომლის დროსაც "იმპერიის პერიფერიებზე მზრუნველმა ცენტრმა" მოხუცი ქალები და ახალგაზრდა გოგონები ჩახოცა?! საერთოდ არაფერს ვამბობ გასული საუკუნის 90-იან წლებში სამოქალაქო ომისა და ორ რეგიონში ისტორიულად ნათესავ ერებს შორის კონფლიქტების პროვოცირებაზე. ხოლო 2008 წლის აგვისტოს საქართველოს მიმართ განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია საერთოდ არცერთ ჩარჩოში არ ჯდება.

ვინაიდან კონფლიქტები იქნა ნახსენები და მათი პროვოცირება "მზრუნველ ცენტრს" დაეკისრა, მიუღებელია, რომ ასეთი ბრალდება არგუმენტების გარეშე ჩაითვალოს. მიუხედავად ათეული ფაქტისა, ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც მისაჩნევია საბჭოთა კავშირის მთავარი იდეოლოგის, მიხეილ სუსლოვის 1961 წელს გაჟღერებული დოქტრინა საქართველოსთან მიმართებაში: "...ადრე თუ გვიან საქართველო დაიწყებს ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის, კომუნიზმის წინააღმდეგ. ბძოლა საქართველოს წინააღმდეგ უნდა დავიწყოთ აფხაზეთიდან. ყველა უნდა დავარწმუნოთ, რომ ქართველები აფხაზეთში ჩასახლებულები არიან. სამეგრელოსა და სვანეთს მივცეთ ავტონომიის სტატუსი. დასავლეთ საქართველო დავუპირისპიროთ აღმოსავლეთ საქართველოს და შემდგომ გამოვიდეთ მომრიგებლებად...". ვინც კარგად იცნობს საქართველოში არსებულ კონფლიქტებს, მისთვის სიძნელეს არ უნდა წარმოადგენდეს პარალელების გავლება და ნათელი უნდა იყოს თუ სად და ჯერ კიდევ როდის იგეგმებოდა ეს კონფლიქტები. ხოლო აფხაზებისა და ოსების "გადარჩენის სურვილს" ამოფარებული თუ რა მიზნებს ისახავდა "მზრუნველი ცენტრი" ამ კონფლიქტების პროვოცირებით, ესკალაციითა და შემდეგ საქართველოს ამ ისტორიული ტერიტორიების ოკუპაციით, ნათლად გამოვლინდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ამ ორ რეგიონში ჩატარებული მარიონეტული რეჟიმების მეთაურების არჩევნებში.

ასევე საინტერესოა, რომ თუ ქართული დელეგაციის მიერ დასმულ შეკითხვაზე - "საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე როგორ გესახებათ ევრაზიულ კავშირში ამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და საერთოდ შესაძლებელია თუ არა ასეთ ვითარებაში ამ ფორმით კავშირი?" - მიხალკოვის მიერ გაცემული პასუხიდან ამოვიღებთ მის ნოსტალგიურ განწყობას ქართულ იუმორზე, ღვინოზე, სტუმართმოყვარეობაზე, დროსტარებაზე, ასევე იმ სასიხარულო განცდას, რასაც ქართველებთან დამოყვრება ჰქვია და საკვანძო ორ ფრაზას მოვიყვანთ: "ერთმანეთს ჩვენ ვერსად წაუვალთ... თქვენც არსად გაქვთ წასასვლელი... სად უნდა წახვიდეთ? სპარსეთში?", რომელიც პირდაპირ პასუხს სცემს დასმულ კითხვას, აქაც "უფროსი ძმის" პოლიტიკის დაბრუნების სურვილი ნათლად ჩანს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - რუსეთმა აქტიურად დაიწყო საბჭოთა კავშირის რეანიმირების პროცესი და ამას ძმური "თანაცხოვრების" აღდგენის და "უმცროს ძმებზე ზრუნვის" აუცილებლობის სურვილით ფუთავს.

ბატონი მიხალკოვისათვის ცნობილი უნდა იყოს, რომ ძმურად და კეთილმეზობლურად თანაცხოვრებისათვის სრულებით არ არის საჭირო მეგობრებმა, ან მეზობლებმა "კომუნალურ ბინაში" ერთ ჭერქვეშ იცხოვრონ. ამისათვის ურთიერთ პატივისცემა და მეგობრობა სავსებით საკმარისია.

და ბოლოს - რაც არ უნდა ამტკიცოს ბატონმა მიხალკოვმა, რომ იგი თავის პირად მოსაზრებს აჟღერებდა და მას არავისგან არავითარი დავალება ამის თაობაზე არ მიუღია, ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებენ. როგორც იტყვიან - ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს და კარგი იქნება, თუ იგი ქართული დელეგაციის ერთ-ერთი წევრის, აფხაზეთიდან დევნილი ქართველი ჟურნალისტის, თენგიზ პაჭკორიას მიერ თხოვნით მიმართვას - "გთხოვთ, გადაეცით იქ სადაც საჭიროა, რომ საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკა შეცვალონ და თუ რუსეთს არ შეუძლია ან არ უნდა დაეხმაროს საქართველოს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებაში, ამ შემთხვევაში ხელს მაინც ნუ შეუშლის საქართველოს ამ პროცესში და ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში ჩაჯდება" - ყურად იღებს და ამ მოკრძალებულ თხოვნას შეასრულებს.

გაგრძელება იქნება...


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე