RSS
მოსკოვი და "თრიალეთის ოსეთი"
08.02.2012 09:00
გიორგი წიკლაური

მომავალი კონფლიქტის ახალი კერები

 "ქურდს ქუდი ეწვის" - ამ ანდაზის შინაარსის სრული დემონსტრირება მოახდინა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა, როდესაც განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისი ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიას მცხოვრებლებს, მეზობელი საქართველოს რეგიონში, კერძოდ ყაზბეგის რაიონში ახლობლების მონახულების საშუალებას არ აძლევს. სიმართლისათვის, ლუკაშევიჩი მადლობის ღირსიც კი არის, ვინაიდან ისეთი თემა წამოწია, რომელიც თანდათანობით აქტუალობას იძენს.

 "ჩრდილოეთ ოსეთში ამჟამად ყაზბეგის რაიონის მკვიდრთა საკმაო რაოდენობაა, რომლებსაც საქართველოს ამ რაიონში სახლები გააჩნიათ და მათი ნათესავები ცხოვრობენ. სასაზღვრო ზოლში მცხოვრებთა სწორედ ამ კატეგორიაზე, რომლებიც ძირითადად ეთნიკურ ოსებს წარმოადგენენ, ვრცელდება საქართველოს მთავრობის შეზღუდვები, - ამტკიცებს რუსი დიპლომატი. - სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "ყაზბეგს" გააჩნია შესაბამისი მონაცემთა ბაზები ამ პირებზე და მათ ნათესავებზე. საქართველოში შესვლა მათთვის აკრძალულია". ამასთან დაკავშირებით სმოლენსკის მოედანზე არ დავიწყნიათ იმის დეკლარირებაც, რომ თითქოს "საქართველოს საზღვარზე ოსების დაუფარავი დისკრიმინაციის ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ "საერთოკავკასიური მეგობრობის" ლამაზი ლოზუნგებით ოფიციალური თბილისი საკუთარ პროვოკაციულ და დღემდე შოვინისტურ პოლიტიკას ფუთავს".

სანამ მიზეზებზე გადავიდოდეთ, აუცილებლად მიგვაჩნია ერთ გარემოებას გავუსვათ ხაზი - ნებისმიერ სახელმწიფოს გააჩნია სუვერენული უფლება ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრას ნებისმიერ უცხოელს, რომლის ამ ქვეყანაში ყოფნაც გარკვეული მიზეზების გამო არასასურველად მიაჩნია. ამასთან, სახელმწიფო ვალდებული არ არის უარის მიზეზი ახსნას. მიუხედავად ამისა, ამ უნივერსალური წესის მუდმივად შეხსენება რატომღაც მხოლოდ რუსეთისათვის გვიწევს, რომლის მხრიდან პრაქტიკაში ამ კანონის გამოყენების მაგალითები იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ საქართველოს მიერ ამ უფლების გამოყენების გამოცდილება შეიძლება საერთოდ ნულოვან მაჩვენებლად ჩავთვალოთ. ამასთან, რუსი მესაზღვრეები საეჭვო, თითიდან გამოწოვილი მიზეზებით უარს ეუბნებიან რუსეთის ტერიტორიაზე შესვლაზე ჟურნალისტებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს და დისიდენტებს. ამის საპირწონედ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება იმ საკითხზე, თუ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის რა კატეგორიის მსურველებს შეიძლება შეექმნათ პრობლემები, ქვემოთ კიდევ ერთხელ დეტალურად აღვწერთ ყოველივეს, როგორც კრემლი ხშირად განმარტავს - "ახალი რეალიების გათვალისწინებით".

ცალკე ხაზგასასმელია ისეთი "შიშის მომგვრელი" ტერმინი, როგორიცაა "ქართული შოვინიზმი", რომლის დამკვიდრებას მოსახლეობაში ასე გულმოდგინებით ცდილობენ კრემლის მესვეურები. ლუკაშევიჩისაგან განსხვავებით, პატიოსანი ადამიანი ამ თემის წამოწევას საერთოდ თავს აარიდებდა. ვინაიდან, იმ ქვეყნის წამომადგენლის მხრიდან, რომლის სამშობლოში ცხოვრების წესად იქცა სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის "გარჩევები", ეროვნულ და რასობრივ ნიადაგზე მკვლელობები, კრემლის კედლებთან მსვლელობები ნაცისტური სვასტიკებითა და "ზიგ"-ების შეძახილები, სხვის შოვინიზმზე საუბარი სხვა თუ არაფერი, სამარცხვინო მაინც არის. მითუმეტეს, სირცხვილის გრძნობას უნდა იწვევდეს მეზობლების "შოვინიზმში მხილება", როდესაც თითიდან გამოწოვილ "ბრალდებებს" ამ უკანასკნელმა, საპირწონედ, თავისუფლად შეუძლია დაუპირისპიროს 2006 წელს რუსეთიდან ქართველთა მასობრივი დეპორტაციის კამპანია და სხვა მრავალი სამარცხვინო ფაქტი, რომელთა შეფასებითი კრიტერიუმების შერჩევისას უფრო მკაცრი ტერმინოლოგია გამოიყენოს, ვიდრე ეს უბრალოდ "შოვინიზმია".

თუმცა, "კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს" და ლუკაშევიჩის სიტყვები რაღაცით მაინც უნდა იყოს განპირობებული. მოდით გავერკვეთ....

30 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ რუსი კოლეგის განცხადებას კომენტარი გაუკეთა. მან ალექსანდრე ლუკაშევიჩის ბრალდებებს "ცინიკური" უწოდა და შეახსენა მას, თუ როგორი აქტიურობით აპროტესტებდა მოსკოვი 2010 წლის ოქტომბერში საქართველოს გადაწყვეტილებას ჩრდილოკავკასიელებისათვის სავიზო რეჟიმის მოხსნას, ხოლო ეხლა გამოდის, რომ პროტესტს გამოთქვამენ სრულიად საპირისპირო მიზეზების გამო, თუმცა ამ კუთხით არაფერი შეცვლილა და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება უცვლელი რჩება. ამასთან, საქართველოს შსს-ს ოფიციალური მონაცემებით ამ დროისათვის საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვრის ერთადერთი ლეგალური ფუნქციონირებადი საკონტროლო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი-ზემო ლარსი" 2011 წელს 191 ათასმა ადამიანმა გადმოკვეთა. მათგან ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი - 99 ათასი - რუსეთის მოქალაქეები არიან. რომელთაგან 8600-ზე მეტი ვიზიტორი, რომლებმაც ისარგებლეს თბილისის მიერ ჩრდილოეთ კავკასიელებისათვის დაწესებული უვიზო რეჟიმით, სწორედ ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიას მაცხოვრებლები იყვნენ. ამავე პრივილეგიით მოსარგებლეთა რაოდენობით ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკები ასე გადანაწილდნენ: მეორე ადგილზე დაღესტანი - დაახლოებით 2 ათასი მაცხოვრებელი, მესამეზე - ყაბარდო ბალყარეთი - 690, შემდეგ ადიღე - 574, ჩეჩნეთი - 334, ყარაჩაე-ჩერქეზეთი - 317 და ინგუშეთი - 28.

მაგრამ გადავდოთ განზე ოფიციალური სტატისტიკა და თვალი გადავავლოთ ინტერნეტს. ბლოგოსფეროში, რომელიც ბოლო დროს თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორი გახდა, არაერთი პოზიტიური ჩანახატი და ანგარიშია ჩრდილოკავკასიელების მიერ საქართველოში სტუმრობის შესახებ. ამასთან, ეთნიკური ოსები ამ შემთხვევაშიც დომინირებენ. ხოლო საქართველოში შემოსვლაზე უარისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში რატომღაც არსად არ გვხდება. თუმცა, ერთი გამონაკლისის გარდა - ამ გამონაკლისს კი ვლადიკავკაზში მოქმედი ორგანიზაცია "დარიალი" წარმოადგენს. სწორედ ამ ორგანიზაციის წევრები მართავენ პერიოდულად ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პრესკონფერენციებს და ჩივიან საქართველოს საზღვრების მათთვის ბლოკირებაზე. ბოლო ასეთი შეხვედრა 27 იანვარს ჩატარდა, რომელიც საეჭვოდ დაემთხვა ლუკაშევიჩის განცხადებას, ხოლო თავისი შინაარსით, რუსი დიპლომატის სიტყვებისაგან განსხვავებით, იგივე პრეტენზიების უფრო დეტალურ განმარტებას წარმოადგენდა, სადაც ასევე ხაზგასმით იყო გამოყოფილი "ყაზბეგის რაიონის მაცხოვრებლები" - ანუ ეთნიკური ოსების ის კატეგორია, რომლებისგანაც ლეგენდის მიხედვით შედგება ვლადიკავკაზში მოქმედი ორგანიზაცია "დარიალი".

შექმნილი ლეგენდის თანახმად, ორგანიზაცია დაახლოებით ორი ათასი საქართველოს ყოფილი მაცხოვრებელი ეთნიკური ოსების დასაცავად გამოდის, რომლებიც ცუდი კლიმატური და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო ჩრდილოეთ ოსეთში გადასახლდნენ, ხოლო 2006 წელს რუსეთის მიერ საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ საერთოდ მოწყვეტილები აღმოჩნდნენ მშობლიურ ადგილებს. ეხლა კი საქართველოს მთავრობა არ აძლევს საშუალებას მოინახულონ საკუთარი საცხოვრებელი ადგილები. მაგრამ ეს უკანასკნელი "რბილი ვერსია" ეტყობა "დარიალს" დასჭირდა რათა ჰუმანიტარული ხაზით დახმარების მისაღებად უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდეს. ადრინდელ ვერსიებში კი პრობლემის სოციალური საფუძვლების მაგივრად სხვადასხვა თითიდან გამოწოვილ ისტორიებთან ერთად "გრუზინოფაშისტები" ფიგურირებდნენ, რომლებმაც ოსები მასიურად განდევნეს ყაზბეგის რაიონიდან. ამასთან, ვინაიდან ოსეთთან ნამდვილად მჭიდროდ დაკავშირებულ ამ რაიონში ცხოვრობდა და დღესაც ცხოვრობს ოსების საკმაო რაოდენობა, "დარიალისათვის" სიძნელეს არ წარმოადგენს აუცილებლობის შემთხვევაში პრესას წარუდგინოს რომელიმე ადგილობრივი ეთნიკური ოსი, რომელიც კამერის წინაშე იტყვის იმას რაც "საქმეს სჭირდება".

ყველაფერი ამის შინაარსი კი იმაში მდგომარეობს, რომ საინფორმაციო სივრცეში დაინერგოს თეზისი აქამდე უცნობი "სადაო ტერიტორიების" შესახებ - ანუ, საუბარია იდეოლოგიური ბაზის შექმნაზე რათა კიდევ უფრო გაფართოვდეს რუსეთ-საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის გეოგრაფიული არეალი. "დარიალი" უკვე მოუწოდებს უფლებების დამცველ ორგანიზაციებს - მათ შორის ისეთ უფლებათა დამცველებს როგორიცაა პუტინი და კოკოითი - "ამ რაიონის ძირძველი მოსახლეობის - ოსების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებს სამართლებრივი შეფასებები მისცენ". იქვე დასძენენ, რომ "ყაზბეგის რაიონი... ადრე ისტორიული ოსეთის აღმოსავლეთ ნაწილს - დარიალის, ტირსიგომის (შენ. - თრუსო), გუდის ხეობებსა და კობის ველი წარმოადგენდა".

პირველად ორგანიზაცია "დარიალი" არენაზე რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და ქვეყნის სახმელეთო ნაწილის 20% ტერიტორიის ოკუპაციის მომდევნო წელს გამოჩნდა მას შემდეგ, რაც კოკოითმა 2009 წლის აპრილში განაცხადა რომ ცხინვალის რეჟიმი "გასული საუკუნის 20-იან წლებში საქართველოსათვის გადაცემული თრუსოს ხეობის ოსეთისათვის უკან დაბრუნებას" მოითხოვს. ვლადიკავკაზში ასე ოპერატიულად შექმნილი ორგანიზაციის რიტორიკაში 2010 წლის ბოლომდე ნაკლებად ჟღერდა "უფლებების დაცვის" და "ჰუმანიტარული" შინაარსის ნოტები, სამაგიეროდ "ტერიტორიული პრეტენზიები" ხმამაღლა ისმოდა. "დარიალი"-ს პრეზიდენტს გაირბეკ სალბიევს ცხინვალში ჩასვლისას, ან კიდევ ვლადიკავკაზში ჟურნალისტებთან ურთიერთობისას არასოდეს ავიწყდებოდა "ძირძველი ოსური მიწების" თემის წამოწევა. ადვილი დასანახია, რომ მას შემდეგ "სადაო" ხეობების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა ეს ჯერ ყველაფერი როდია. მთელი ამ აგიტაციის შინაარსი ნათლად წარმოჩინდება თუ გადავხედავთ ამ თემებთან მიბმულ რუქებს, რომლებიც ასევე დიდი ინტენსივობით ტირაჟირდებოდა ცხინვალისა და ჩრდილოეთ ოსეთის მედიის საშუალებით.

აღნიშნულ რუქებზე გამოსახული იყო "გაფართოებული ისტორიული სამხრეთ ოსეთი". მაგრამ იგი მხოლოდ დასახელებული ტერიტორიების ხარჯზე როდია "გაფართოებული". ყოფილი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამხრეთ ადმინისტრაციულ საზღვარზე მონიშნულია კიდევ უფრო დიდი და მსუყე "სადაო" ტერიტორია, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ქარელიდან იწყება, მტკვარის გაყოლებაზე მოიცავს გორს და თბილისამდე ჩადის. აქვე ჩრდილოეთიდან საქართველოს დედაქალაქს ებჯინება ტერიტორია, რომელზეც პრეტენზიის გამოხატვა "დარიალმა" თრუსოს ხეობიდან დაიწყო. საერთო ჯამში გამოდის, რომ "სამხრეთ ოსეთი" ერთ-ნახევარჯერ არის გაფართოებული. ამასთან "ძირძველი ოსური მიწების" ფარგლებში ჩართულია საქართველოს ისტორიული სატახტო ქალაქი მცხეთაც. აი ასე - ებრაელები, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ორი ათას წელზე მეტია ცხოვრობენ, მთელი ამ ხნის მანძილზე ერთხელაც ვერ მიხვდნენ, რომ არაგვისა და მტკვარის შესართავი ებრაულ ტერიტორიებად გამოეცხადებინათ. ამ დროს შედარებით ახალგაზრდა ერს, რომელთა წინაპრები სტეპის მომთაბარე ტომები იყვნენ, სთავაზობენ მოძებნონ საკუთარი ფესვები მთებში, სადაც ჯერ კიდევ ძველ ანტიკურ ხანაში იბერიელები გაცისა და გაიმის სალოცავებს აგებდნენ.

მოდით დავაჯამოთ. არსებობს რაღაც ახალშობილი ორგანიზაცია, რომელმაც თავისი საქმიანობა პოლიტიკური კუთხით, კერძოდ კი კოკოითის ყაჩაღურ რეჟიმთან ერთად საქართველოსადმი "ტერიტორიული პრეტენზიების" წამოყენებით დაიწყო, ხოლო დღეისათვის დეკლარირებულად უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული პროექტებით არის დაკავებული. თუმცა, პოლიტიკური კუთხით ამბიციები არა თუ მოაკლდა, არამედ შეფარული ფორმით კიდევ უფრო გაუმძაფრდა და როგორც "ისტორიული ოსეთის მიწებზე" მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ნახევარზე მეტ ტერიტორიაზე გამოთქვამს პრეტენზიებს. ამასთან, მართალია ჯერ არ აცხადებს, მაგრამ გამოგონილ რუქებზე შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიების დიდი ნაწილიც აქვს მიერთებული. ყოველივე ამაში კი "დარიალს" ზურგს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უმაგრებს. რა თქმა უნდა ყველაფერი ეს ისე "ლამაზად" კეთდება, რომ პირდაპირი სამხილების ნაცვლად მხოლოდ ვარაუდები და დასკვნებია - თუმცა ვინმე თუ ჩათვლის, რომ ამას კრემლთან და რუსეთის სპეცსამსახურების მიზანმიმართულ საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია, ასეთი ადამიანების გულუბრყვილობასა და ამ სახის პროექტებში გაუთვითცნობიერებას უნდა მივაწეროთ. ხოლო საქართველოს კი ამგვარი ზღაპრების უკვე კარგა ხანია არ სჯერა, რადგანაც რუსეთისაგან ამგვარი "ჰუმანიტარული პროექტების" მადლი საკმაოდ დიდი რაოდენობით აქვს მიღებული.

ეხლა კი შევეცადოთ პასუხი გავცეთ კითხვას - როგორ უნდა მოიქცეს ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა? აქ რამდენიმე ვარიანტის განხილვაა შესაძლებელი. თუმცა ისიც გასაგებია, რომ "დარიალი"-ს შესწავლა და ამ ორგანიზაციის წევრებზე დოსიეს შედგენა იმ ოპერატიული საქმიანობის მინიმუმს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს კონტრდაზვერვას მაშინვე უნდა ჩაეტარებინა. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია სასაზღვრო გამშვები პუნქტებისათვის ე.წ. "შავი სიების" შედგენა იმ პირებზე, რომელთა საქართველოში ყოფნა, რბილად რომ ვთქვათ მიზანშეწონილი არ არის, რაც "დარიალის" აქტივისტების მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. ამასთან, ისიც კარგად არის ცნობილი, თუ როგორ და რა მეთოდებით უყვარს რუსეთის არმიას სხვის ტერიტორიაზე "თანამემამულეების დაცვა" და "მშვიდობისმყოფელობა". ხოლო იმის შესახებ, რომ ახალგორის რაიონში ოკუპანტები ამჯერად თრუსოს ხეობაში კიდევ ვინმეს "გადარჩენის" შესაძლებლობების მოსინჯვას ცდილობენ, ინფორმაცია 2009 წლის ბოლოსა და 2010 წლის დასაწყისში ვრცელდებოდა. არკვიე შემდეგ რა და როგორ იყო - ცხინვალში ხომ დღემდე არავის აღმოუჩენია მასიურად ცოცხლად დამწვარი ოსი ქალიშვილების სამარხები. თუმცა ეს დღეს უკვე არავის აღელვებს.

ამასთან უნდა ვაღიაროთ, რომ ალექსანდრე ლუკაშევიჩისა და "დარიალის" ჩივილები უსაფუძვლო როდია. მონაცემთა ბაზაც უნდა არსებობდეს და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ფაქტებსაც უნდა ჰქონდეს ადგილი. ასე უნდა იყოს - თუ საქართველოს შესაბამის სტრუქტურებში მუშაობენ პირები, რომლებსაც მინიმუმის დონეზე მაინც გააჩნიათ კომპეტენცია და პასუხისმგებლობის გრძნობა. მაგრამ ეს ეხება არა აბსტრაქტულად ყველა ოსს, არამედ კონკრეტულ პირებს, რომლებიც მხილებული და ეჭვმიტანილნი არიან საქართველოში გარკვეული სახის რუსული პოლიტიკური პროექტის განხორციელების მცდელობაში. ზოგადად ოსები კი, როგორც ეს ზემოთ ვაჩვენეთ, ყველაზე აქტიურად სარგებლობენ უვიზო რეჟიმით და რაიმე პრობლემებთან შეხებაც არა აქვთ. ალბათ საჭირო არაა იმის ახსნა, თუ რატომ არ წვრილმანდება ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს შსს და საგარეო საქმეთა სამინისტრო თავიანთ საჯარო განცხადებებში.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ლუკაშევიჩის მიერ 27 იანვარს გაკეთებული განცხადება პირველი კონკრეტული დადასტურება იყო იმისა, რომ "დარიალი" არა ცხინვალისა და ვლადიკავკაზის დონეზე რაიმე ლოკალურ "თვითშემოქმედებას", არამედ, მინიმუმ, მოსკოვთან შეთანხმებულ პროექტს მაინც წარმოადგენს. აქამდე ორგანიზაციის საჯარო კონტაქტები მამსუროვთან და კოკოითთან პროტოკოლური შეხვედრების დონეზე მაღლა არასოდეს ყოფილა, ხოლო 2011 წელი საერთოდ აქტიურობის დონის ვარდნით ხასიათდებოდა, რაც საქმიანობის საწყის ეტაპზე დაშვებული შეცდომების დაფარვისა და გარკვეული პაუზის შემდეგ ახალ, "ჰუმანიტარულ" ამპლუაში თავის შეხსენების მცდელობას შეიძლება მივაწეროთ. თავის მხრივ ახალი "იმიჯი" რუსეთის მთავრობასთან უფრო კოორდინირებული თანამშრომლობის საშუალებას იძლევა და მნიშვნელობა არა აქვს ვის გამოატარებენ საზღვარზე და ვის არა - საქართველო "დარიალი"-ს აქტივისტებს კარებს ფართოდ მაინც არ გაუღებს. თუმცა საინფორმაციო ველზე მუშაობისათვის ხელის შემშლელ ფაქტორს არ წარმოადგენს და საჭიროების შემთხვევაში, საჭირო ადამიანებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მეთოდებით მაინც გადაისვრიან. მაგალითად, საქართველოს უკვე ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯავშანტექნიკის საშუალებით, რასაც "გაამაგრებენ" მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციებით იმის თაობაზე, რომ მშობლიურ ადგილებში ლეგალური გზით ჩასვლის მსურველ რუსეთის მოქალაქეებს "თბილისის რეჟიმი" სისტემატური უარით ისტუმრებს და რუსეთის მთავრობა ვალდებულია დაიცვას თავისი მოქალაქეების უფლებები თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს მისი განხორციელების უსაფრთხოება....

ამაზე წერტილის დასმაც კი შეიძლებოდა, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ რუსეთის მიერ შედგენილ გეგმას გაცილებით უფრო შორს მიმავალი მიზნები გააჩნია. თქვენ უკვე ბოლომდე გაიაზრეთ ძირძველი ოსური გორი, მცხეთა და დუშეთი? მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "თრიალეთის ოსეთში". მოშხამულ ვიკიპედიაში სწორედ ასე ეძახდნენ უცნობი ავტორები გორის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის, წალკისა და კასპს შორის არსებულ თრიალეთის ქედის ტერიტორიებს, სადაც ქართულ სოფლებს შორის ოსების კომპაქტური დასახლებებია. ამდენად, "თრიალეთის ოსეთი" "გაფართოებული სამხრეთ ოსეთის" სამხრეთის მიმართულებით გაგრძელებას წარმოადგენს და ძირითადად სომხური მოსახლეობით დასახლებული ჯავახეთის რეგიონი ჰყოფს მხოლოდ მას სომხეთთან, სადაც რუსეთის 102-ე, ე.წ. გიურმის სამხედრო ბაზაა განლაგებული. არანაირი ფიქრები არ გიჩნდებათ ამასთან დაკავშირებით?

ისევე როგორც "ტირსიგომზე" გავრცელებული მასალები, "თრიალეთის ოსეთის" ვირტუალურ სივრცეში გამოჩენაც 2010 წლის დასაწყისზე მოდის. რაც "დარიალის" საქმიანობის დროის პარამეტრებში კარგად ჯდება. გარკვეულ უხერხულობას იწვევს პრესაში ინტერვიუებისა და სტატიების არ არსებობა, რომლებშიც ცხინვალის სამხრეთით არსებულ ამ რაიონებზე პრეტენზიები თეორიულად მაინც იქნებოდა დასაბუთებული. მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, გამოსწორებადი საქმეა - მთელი პროექტი სამ წელს ითვლის და ამ ეტაპზე მხოლოდ ყაზბეგის რაიონზეა გამიზნული. ამიტომ გაკვირვება შეიძლება მხოლოდ იმ ფაქტმა გამოიწვიოს, რომ კახეთში ოსებით კომპაქტურად დასახლებული სოფლების არსებობის პირობებში, კიდევ ერთი ოსეთი არ არის აღმოჩენილი. თუმცა, "ლაგოდეხის ოსეთის" გამოჩენას აშკარად ხელს უშლის მისი მდებარეობა საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში და სხვა დანარჩენ "ოსეთებთან" კომუნიკაციების არქონა. ასეთი არახელსაყრელი გეოგრაფია კი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ეტყობა არ იზიდავს...

სხვათაშორის, გეოგრაფიაზე. თუ ყველა ამ "ძირძველი ოსური მიწების" რუქებს შევაერთებთ, მაშინ ჩვენ რუსი დერჟავნიკების სანუკვარ ოცნებას - ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მთლიანად გაყოფილ და რუსეთის "ფორპოსტად" ქცეულ კავკასიას მივიღებთ - ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიას პლიუს საქართველოს სამხედრო გზისა და მდინარე მტკვრის დინების შუა წელის ხარჯზე გაფართოებული "სამხრეთ ოსეთი", პლიუს "თრიალეთის ოსეთი"... პლიუს რუსეთის მედიასაშუალებების მიერ შემოთავაზებული "ისტორიული სომხური ჯავახკი" და უშუალოდ სომხების სომხეთი თავის რუსულ სამხედრო ბაზასთან ერთად ირანზე პირდაპირი გასასვლელით.

გავიმეორებ, შუაზე გაყოფილი ხდება არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი კავკასია, რომელიც, ამ იდეის რეალიზაციის შემთხვევაში, არა ისტორიულად და ბუნებრივად დამკვიდრებულ ჩრდილოეთ და სამხრეთ, არამედ ყველა მეზობელ რესპუბლიკებთან სამკვდროდ გადაკიდებული და ამიტომ რუსეთთან სისხლხორცეულად მიბმული ერთი მთლიანი "სუპერ-ოსეთით" ერთმანეთისაგან იზოლირებულ დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად იქნება გაყოფილი. არავითარი კავკასიური ინტეგრაცია, არავითარი სატრანზიტო მარშრუტები, არავითარი ალტერნატიული ნავთობსადენები და გაზსადენები... ამ სურათში ნაცნობ ნიშნებს უეჭველად ნახავენ ისინი, ვინც თვალყურს ადევნებენ მოსკოველი მოაზროვნეების პერიოდულ აღიარებებს ისეთ თემებზე, როგორიცაა "საქართველოს დესუვერინიზაცია", "კავკასიის ახალი დაპყრობა" და ჩექმების თბილ ზღვებში გარეცხვა. პროცესის აი ასეთი განვითარებაა მოსალოდნელი, რომელიც ბოლშევიკებმა 1922 წელს ანექსირებულ საქართველოში ქართლის, იმერეთის, რაჭისა და სვანეთის მიწებზე სამხრეთ - ოსეთის ოლქის შექმნით დაიწყეს.

გასაგებია, რომ ეს სტატია ძირითადად დაშვებებს ეფუძნება. მაგრამ ლეგიტიმური დაშვებები, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისა და დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებითაა ნაკარნახევი, საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალში, ასევე მათი გაღვივების მცდელობები სხვა რეგიონებში თავის დროზე სწორედ ამგვარი "წვრილმანებიდან" დაიწყო. ახლა ჩვენ რუსეთისაგან აღიარებამიღებული კონფლიქტური რეგიონების სახით "ახალი რეალიები" გაგვაჩნია და უნდა გავაცნობიეროთ, რომ ადრეულ სტადიაზე სწორი დიაგნოსტიკა - ავადმყოფობების წარმატებით მკურნალობის საწინდარია.

კონფლიქტის გეოგრაფიის გაფართოების საფუძვლების ფორმირება მხოლოდ ახლა იწყება, თუმცა მისი კონტურები უკვე მონიშნულია, რაც, თუნდაც გაცხადებული პრეტენზიების საკმაოდ თვალსაჩინო აბსურდულობის გამო მაინც, საქართველოში მცხოვრებ ოსებზე ნაკლებადაა გათვლილი. უნდა აღინიშნოს, რომ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში "სამხრეთ ოსეთში" მომხდარი კონფლიქტის უმსგავსო ასპექტების მიუხედავად, ოსების აბსოლუტური უმეტესობა "ჩვენიანებად" დარჩნენ. დღეს ეთნიკური ოსები საქართველოში არსებული სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შედარებით, საზოგადოებაში ყველაზე მეტად ინტეგრირებული და ქვეყნის მმართველობით ყველა დონეზე არიან წარმოდგენილი - მინისტრების პორტფელით დაწყებული, დამთავრებული ჯარისკაცებისა და ოფიცრების ჩათვლით, რომლებიც "მძინარე ცხინვალის" შემოგარენში რუსეთის აგრესიას იგერიებდნენ. ამიტომ, ქართული მხრიდან ყველაზე ცუდი რეაქცია რაიმე სახით ანტიოსური განწყობის გამოვლენა იქნებოდა, რაც ამ პროვოკაციების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. ხოლო ის, რომ პროვოკაცია თანდათანობით გაძლიერდება, არავითარ ეჭვს აღარ იწვევს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც "დარიალის" პროექტში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერთო.

სამწუხაროდ, ჩრდილოეთ ოსებს შორის - განსაკუთრებით ახალგაზრდებში - საქართველოს შუა გულში ახალ "ძირძველ ოსურ მიწებზე" იდეა ძალიანაც შეიძლება მისაღები აღმოჩნდეს. თავისი ისტორიის "განახლების" მიმართ რაღაც სისუსტეს ყველა კავკასიელი განიცდის. ოსები კი ამ თავლსაზრისით კონკურენციის გარეშე არიან იმ როლის გამო, რომელსაც მათ მოსკოვი კავკასიაში თავისი მიმდინარე პოლიტიკითა და გრძელვადიანი გეგმებით ანიჭებს. იქ, სადაც აქტიურად ოსურ ლონ-დონზე მსჯელობენ და მზად არიან ნისლიანი ალბიონის ნაპირებიდან ძველ ეგვიპტური ღმერთის ოს-ირ-ისის მიმართულებით იარონ, "თრიალეთის ოსეთი" - მხოლოდ მსუბუქი ლუკმაა ფსევდოისტორიული მარაზმის იდეოლოგიური ღრეობის სუფრაზე. ასე, რომ ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიაში ეს იდეები ასე თუ ისე საკმარის "საზოგადოებრივ მხარდაჭერას" მიიღებს, რათა მასმედიაში თემის ჰიპერბოლიზაციის მეშვეობით თანდათანობით დაინერგოს თეზისი ახალი "სადაო ტერიტორიების" შესახებ და ხელი შეუწყოს ვირტუალური კონფლიქტის ფორმირებას. სხვა სიტყვებით - ამ კონფლიქტის რეალურ ჭრილში გადაყვანისათვის შეიქმნას საიმედო ინფორმაციული ფონი, რათა ვითარების თავის ინტერესებში აქტიურად მართვის შესაძლებლობისას, რუსეთმა ახალი "მშვიდობის იძულებით დამყარების" ოპერაცია განახორციელოს.

 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე