7 თებერვალს უშიშროების ფედერალური სამსახურის კოლეგიის სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა დ.მედვედევმა განაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩრდილოეთ კავკასიელი ბოევიკები აუცილებლად გააქტიურდებიან და მიღებულ უნდა იქნას უმკაცრესი, წინმსწრები ზომები მათი ტერორისტული და ექსტრემისტული გამოვლინებების აღსაკვეთადო.
ქვეყნის პირველი პირის დავალების შესასრულებლად და მის მიერ გამოთქმული პროგნოზების დასადასტურებლად სამხედრო და სხვა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა, ჩრდილოეთ კავკასიური რესპუბლიკების მეთაურების აქტიური მხარდაჭერით ჩეჩნეთში, დაღესტანში და ყაბარდო ბალყარეთში მიუხედავად უმკაცრესი მეტეოროლოგიური პირობებისა დაგეგმეს და ჩაატარეს ფართომაშტაბიანი სპეციალური ოპერაცია, რომელშიც მრავალრიცხოვან ფედერალურ და ადგილობრივ ძალოვან დანაყოფებთან ერთად არტილერია და ავიაციაც იყო გამოყენებული.
ღონისძიება, რომლისგანაც როგორც გენერალიტეტი, ისე ადგილობრივი პოლიტიკური ხელმძღვანელები კრემლისაგან ჩინ-მედლებსა და წახალისებას ელოდნენ, კრახით დამთავრდა. მხოლოდ ჩეჩნეთ-დაღესტნის საზღვარზე, სადაც ბოევიკები წინასწარ გამოცხადებული ინფორმაციით თითქოს ალყაში ჰყავდათ მოქცეული ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის რუსლან ალხანოვის ცნობით, დაიღუპა 17 და დაიჭრა 24 სამხედრო მოსამსახურე. მათივე მონაცემებით მოკლულია 7 ბოევიკი. ამ ღონისძიების პარალელურად ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ნარტყალის რაიონში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციას 3 ბოევიკი ემსხვერპლა. ეს ოპერაცია უფრო პირადი შურისძიებით იყო ნაჩქარევად ჩატარებული, რადგან მოკლული ბოევიკები ეჭვმიტანილი იყვნენ ურვანის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანტემირკან კანოკოვზე თავდასხმაში, რომელიც რესპუბლიკის მეთაურის არსენ კანოკოვის ბიძაშვილია და მისი კორუფციული საქმიანობის ერთერთ საყრდენად ითვლება.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამძიმარი გამოუცხადეს სპეციალურ ოპერაციებში დაღუპული ძალოვნების ოჯახებს და დაპირდნენ მატერიალური დახმარების აღმოჩენას. რესპუბლიკის მუსულმანთა სასულიერო სამმართველომ გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი ლოცვები აღავლინა.
18 თებერვალს ნალჩიკში ჩატარდა მიტინგი, რომლის ორგანიზატორებადაც ხელისუფლებამ ბოევიკების ხელით დაღუპული ძალოვნების ახლობლები გამოაცხადა. მიტინგზე სიტყვით გამოსულმა ყაბარდოელმა მოხუცმა სუფადინ შებზუხოვმა, რომელსაც ბოევიკებმა ერთადერთი შვილი მოუკლეს, უსახლკაროდ დარჩენილმა სამი მცირეწლოვანი შვილის დედამ, უდროოდ დაქვრივებულმა ზალინა კუშხოვამ და სხვებმა დაგმეს და უზნეობად ჩათვალეს საზოგადოებრივი მოძრაობა "მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დამცველი ყაბარდო-ბალყარეთის დედების" საქციელი, რომელშიც ძალოვნებისგან შვილმოკლულ დედებთან ერთად გაერთიანებული არიან 2005 წელს ნალჩიკზე თავდასხმაში ბრალდებული ახალგაზრდების დედებიც და რომლებიც მუდმივად აწუხებენ ადგილობრივ და ფედერალურ ხელისუფლებას მათი შვილების საქმეების ობიექტურად გამოძიების დროს გაითვალისწინონ რამ აიძულა ისინი გასულიყვნენ ტყეში.
სახეზეა ხელისუფლების მცდელობა ერთმანეთს დაუპირისპიროს მათგან გაუბედურებული ადამიანების ორი ჯგუფი და მათი ურთიერთ ბრალდებებით გადაფარონ თავისი დანაშაულებრივი პოლიტიკა, თუმცა ეს ხელისუფლების მხრიდან ამგვარი მზაკვრობის გამოვლენის პირველი შემთხვევა არ არის. ყაბარდო-ბალყარეთის მოსახლეობას კარგად ახსოვს რესპუბლიკის მეთაურის ა.კანოკოვის განცხადება სამოქალაქო პირებისაგან მოხალისეთა შეიარაღებული "დრუჟინების" შექმნის შესახებ, რომლებიც ძირითადად დაკომპლექტებული იქნებოდნენ სპეციალურ ოპერაციებში დაღუპული ძალოვნების ახლობლებისაგან და რომლებიც მეტი გაბოროტებით შეებრძოლებოდნენ შეიარაღებულ იატაკქვეშეთელებს დაღუპული ახლობლის სისხლის აღების მიზნით. ასეთ ფონზე გამოჩნდა ორგანიზაცია "შავი ქორები", რომლებმაც დაიწყეს ბოევიკების ოჯახების და ახლობლების დაწიოკება და შანტაჟირება. "შავი ქორების" გამოჩენით გაკეთდა ერთადერთი ლოგიკური დასკვნა: ეს ორგანიზაცია არსენ კანოკოვის და ალექსანდრე ხლოპონინის ჩაწოდებით დააკომპლექტეს სპეცსამსახურებმა, რუსეთის ცენტრალური ოლქებიდან ჩამოყვანილი სპეცრაზმელებით, რომლებიც მოქმედებენ ანონიმურად და კანონის სრული დარღვევით იშორებენ თავიდან ხელისუფლებისთვის მიუღებელ პირებს.
ამ კატეგორიის ორგანიზაციების მეშვეობით ცდილობს ა.კანოკოვი შეინარჩუნოს ხელისუფლება, რომელმაც ოფიციალურად გამოუცხადა უნდობლობა ადგილობრივ კადრებს, რესპუბლიკის პარლამენტს კი გააგზავნინა თხოვნა ფედერალურ ცენტრში ადგილობრივი ძალოვანი უწყებების რუსეთის ცენტრალურ ოლქებიდან გამოგზავნილი თანამშრომლებით დაკომპლექტების შესახებ.
ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რომ ე.წ. ბოევიკების უდიდესი ნაწილი ხელისუფლებისგან და ძალოვანი უწყებებისგან შევიწროებული და აუტანელ პირობებში აღმოჩენილი ახალგაზრდები არიან, რომლებსაც ტყეში თავშესაფარის ძებნის გარდა სხვა გზა აღარ დაუტოვეს.
შეიარაღებულ იატაკქვეშეთთან დაპირისპირების დროს დაღუპულ პოლიციელთა შორისაც ბევრი იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომლებსაც ა.კანოკოვმა და მისმა მსგავსმა ანტიეროვნულმა ხელმძღვანელებმა უნდობლობა გამოუცხადეს.
ჩრდილოეთ კავკასიელი მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე კარგად აცნობიერებს ხელმოცარული ხელისუფლების მზაკვრულ ნაბიჯებს, რომელიც მათ დაყოფა-დაქუცმაცებას და დაპირისპირებას ისახავს მიზნად. ისინი მიესალმებიან ე.წ. ბოევიკებისგან თუ ძალოვნებისგან მოკლული ახალგაზრდების დედების გაერთიანებას, რომლებმაც თავისი მიზნები და ამოცანები "მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლების დამცველი ყაბარდო-ბალყარეთის დედების" საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობაში გამოხატეს. მხოლოდ ასეთი ნაბიჯები გახდება ხელისუფლებისაგან წაქეზებული შუასაუკუნეობრივი სისხლის აღების მავნე გადმონაშთისაგან განთავისუფლების და მათგანვე გაღვივებული ეთნიკური, კონფესიური, კლანური და სხვა სახის დაპირისპირების აღკვეთის საფუძველი, რაც კავკასიელი ხალხების ნანატრ მშვიდობასა და სტაბილურობას მოიტანს.
|