RSS
უკვდავი ანქვაბი
27.02.2012 18:42
ირაკლი ცქიტიშვილი
ექსპერტთა კლუბი

გასული კვირის ყველაზე აქტუალური საკითხი, საქართველოში, ერთმნიშვნელოვნად აფხაზური რეჟიმის ლიდერზე, ალექსანდრე ანქვაბზე 22 თებერვალს განხორციელებული თავდასხმა იყო. შეგახსენებთ, რომ გუდაუთის რაიონში ანქვაბის კორტეჟს ჯერ გზაზე ფუგასი აუფეთქეს, ხოლო შემდეგ ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარმტყორცნებით დაცხრილეს. შედეგად, დაიღუპა ერთი და მძიმედ დაიჭრა დაცვის ორი თანამშრომელი. თავად ანქვაბი უვნებლად გადარჩა.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებული მეექვსე თავდასხმა. პირველი 2005 წლის 28 თებერვალს, მისი აფხაზეთის "პრემიერ–მინისტრად" დანიშვნიდან ორ კვირაში მოხდა. მაშინ მის ავტომობილს სოხუმის მისასვლელებთან ესროლეს. ანქვაბს დაზიანებები არ მიუღია.

მეორე თავდასხმა ზუსტად ერთ თვეში, 1 აპრილს განხორციელდა. ინციდენტი ისევ სოხუმის მახლობლად მოხდა, სოფელ აჩადარაში. მაშინ მის ჯიპს 17 ტყვია მოხვდა, თანმხლები მანქანის მძღოლი ფეხში დაიჭრა, თვითონ ანქვაბი უვნებლად გადარჩა.

მესამე თავდასხმა განხორციელდა 2007 წლის 21 ივნისს – ახალ ათონთან, სადაც ანქვაბს უნდა გაევლო, აფეთქდა ფუგასი. აფეთქება გამოწვეული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაციით ელვის დარტყმის შედეგად. აფხაზი სამართალდამცავების მიერ, ეს აფეთქებაც ანქვაბზე თავდასხმათა სიას განეკუთვნა.

2007 წლის 9 ივლისს ანქვაბის ავტომანქანას, გუდაუთა–სოხუმის გზაზე დაუშინეს ყუმბარმტყორცნიდან. ყუმბარა მოხვდა საბარგულს, რის შედეგადაც ანქვაბი და მისი მძღოლი დაიჭრნენ. ანქვაბმა მსუბუქი კონტუზია და რამოდენიმე ნაფლეთი ჭრილობა ზურგში მიიღო.

2010 წლის 23 სექტემბერს ანქვაბის სახლს გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში, სადაც ის ღამეს ათევდა, ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს. ყუმბარა იმ ოთახში ჩავარდა, სადაც ანქვაბს ეძინა. შედეგად – ანქვაბი დაიჭრა ხელსა და ფეხში.

ამ თავდასხმათაგან ყველაზე სახიფათო მაინც 2012 წლის 22 თებერვალს მომხდარი თავდასხმა იყო. როგორც მას აღწერენ სამართალდამცავები, თავდამსხმელები ახლოს იყვნენ მიზანთან. დაცვის ავტომანქანას რომ არ ევაჟკაცა, რომელიც ანქვაბის მანქანას ამოეფარა და დარტყმა საკუთარ თავზე მიიღო, ანქვაბი ვერ გადარჩებოდა. როგორც ჩანს, თავდამსხმელებმა ოდნავ დააგვიანეს და დაცვას მისცეს საშუალება ანქვაბს გადაფარებოდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს თავდასხმა კარგად იყო მომზადებული. ფერდობზე, საიდანაც ცეცხლი იქნა გახსნილი, აღმოჩენილ იქნა წინასწარ გამზადებული სანგრები, ტყვია–წამალი და შეიარაღება. ხოლო გზაზე აფეთქებული ფუგასი მართვადი იყო. ეს უთუოდ მიუთითებს იმაზე, რომ თავდამსხმელები საკმაოდ თავისუფლად ემზადებოდნენ ამ აქტისათვის. იყვნენ თუ არა ისინი პროფესიონალები? ამ კითხვაზე რამოდენიმე პასუხი არსებობს და ყველაზე გავრცელებულია ის, რომ პროფესიონალები რომ ყოფილიყვნენ, ანქვაბი ვერ გადაურჩებოდა მათ. თუმცა ეს საკმაოდ საეჭვო პასუხია, ვინაიდან ისტორიამ იცის საკმაოდ ბევრი ტერორისტული აქტი, რომელიც პროფესიონალების მიერ იყო შესრულებული, თუმცა მიზანი ვერ იქნა მიღწეული. და იმ ვერსიის მომხრეები, რომლებიც ასეთი პასუხით ცდილობენ როგორმე ააცილონ რუსეთს პასუხისმგებლობა, უფრო მეტ ეჭვს ბადებენ. მით უმეტეს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ზეძლიერება დღეს უფრო მეტად პიარია, ვიდრე რეალობა. ამ კონტექსტში აღსანიშნავია აფხაზი სამართალდამცავების განცხადება იმის შესახებ, რომ თავდამსხმელთა ჩასაფრების ადგილის შესწავლის შემდეგ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მათ რიგებში იყვნენ პროფესიონალები, რომელთაც აქვთ ცხელ წერტილებში ომის წარმოების გამოცდილება. ასევე აღინიშნა, რომ მეტყვიამფრქვევემ, როგორც ჩანს, არა ერთი საათი გაატარა სანგარში მსხვერპლის მოლოდინში. მაგრამ მაშინ რატომ მისცეს მათ დაცვის ავტომანქანას საშუალება გადაფარებოდა ანქვაბს?

იყო თუ არა ეს ბოლო თავდასხმა წინა თავდასხმათა სერიების გაგრძელება? არც ამ კითხვაზე არსებობს ზუსტი პასუხი, ვინაიდან მავანთ შეეძლოთ გამოეყენებინათ წინა ფაქტები საკუთარი კვალის დასამალად. მაგრამ თუ მაინც არის წინა თავდასხმების გაგრძელება, მაშინ ვინ უნდა დასდევდეს ასე მწარედ ალექსანდრე ანქვაბს 2005 წლიდან მოყოლებული, თანაც მას შემდეგ, რაც ის აფხაზური სახელისუფლებო პირამიდის ზედა ნაწილში მოექცა? ამაზე პასუხი, ალბათ, ყველაზე უკეთ თვითონ ანქვაბმა იცის, თუმცა ის ფაქტი, რომ ყველა წინა თავდასხმა გამოუძიებელი დარჩა გვაფიქრებინებს, რომ ანქვაბი უბრალოდ "ვერ შესწვდა ამ ნაყოფს".

მომხდარის რამოდენიმე ვერსია შეგვიძლია განვიხილოთ. პირველი, და ერთერთი რეალური – რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული თავდასხმა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, მითითება იმის შესახებ, რომ "რუსეთის სპეცსამსახურები რომ ყოფილიყო, საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ", არ ჟღერს დამაჯერებლად. უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსმა პროპაგანდისტებმა, რომელნიც უკვე დიდი ხანია შემჩნეული არიან სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში და მათი დაკვეთების შესრულებაში, აქტიურად დაიწყეს რუსული კვალის წაშლა შიდაგარჩევებზე გადაბრალების მცდელობით. მაგრამ რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა კრემლს ანქვაბის მოშორება?

უნდა გავიხსენოთ წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც ანქვაბის "პრეზიდენტად" მოსვლას უძღოდა წინ. მაშინ კრემლი ყველა საშუალებით ცდილობდა მასთან უფრო მეტად დაახლოებული სერგეი შამბას "გაპრეზიდენტებას". საარჩევნო რბოლის დასაწყისში ცოტა ვინმეს თუ ეეჭვებოდა, რომ ეს სწორედ ასე მოხდებოდა, მაგრამ შემდგომში შამბას შტაბის მიერ დაუშვებელი ილეთების გამოყენებამ, ისე დასცა ამ კანდიდატის რეიტინგი, რომ კრემლს მოუწია თავისი ფსონის ანქვაბზე გადატანა. შედეგად, "პრეზიდენტად" ანქვაბი მოგვევლინა, რომელიც სულაც არ ეხატებოდა კრემლს გულზე, თუმცა აფხაზების ამ არჩევანთან შეგუება მოუწია, რათა არ განმეორებულიყო ის დაპირისპირება, რომელიც 2004 წელს ბაღაფშის არჩევას მოყვა.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა შემდგომში არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თითქოს სწორედ ანქვაბს უჭერდა მხარს, რეალურ შედეგებს აფხაზებთან ურთიერთობაში მან მაინც ვერ მიაღწია. ის საკითხები, რომლებიც პრობლემურად ითვლებოდნენ ბაღაფშის "პრეზიდენტობის" დროს, დღესაც პრობლემატურია – სოფელ აიბგას საკითხი, რუსეთის მოქალაქეებისათვის აფხაზეთში საკუთრების უფლებების აღდგენა, სანატორიუმებისა და დასასვენებელი სახლების საკითხი, რუსეთის მხრიდან მოთხოვნა ერთპიროვნულ სამხედრო დიქტატზე რეგიონში. ამას თან ერთვის აფხაზების მხრიდან სულ უფრო მეტად კრიტიკული დამოკიდებულება კრემლის პოლიტიკისადმი.

მეორე მიზეზი, რატომაც შეიძლება იდგეს ამ ტერაქტის უკან მოსკოვი, მომავალი სოჭის ოლიმპიადაა. არ იწვევს ეჭვს, რომ მოახლოებული ოლიმპიადის პირობებში კრემლი შეეცდება ყველანაირად კონტროლირებადი გახადოს ოკუპირებული ტერიტორია, რისთვისაც აუცილებლად დაიწყებს სრულფასოვანი საზღვრის შექმნას არა მარტო ფსოუზე, არამედ ენგურზეც. მთავარი მიზეზიც იმისა, რომ რუსი ოკუპანტი აფხაზებს არ უშვებს ენგურზე და არ აძლევს მათ გადასასვლელებისა და "საბაჟო პუნქტების" გახსნის საშუალებას სწორედ ამაშია. არ უნდა დაგვავიწყდეს გაგრის რაიონში გახსნილი რუსული სასაზღვრო ბაზის შესახებაც, თუმცა, ლოგიკურად, იქ მას არაფერი უნდა ესაქმებოდეს. ყველაფერ ამას კი მსო–ს მოთხოვნებით ახსნის. აღსანიშნავია, რომ სრული კონტროლისათვის სასაზღვრო კონტინგენტი საკმარისი არ არის. საჭიროა საკუთარი პოლიციის შეყვანა და უფრო მეტად გაკონტროლება, განსაკუთრებით აფხაზეთის სიღრმეში, იქ, სადაც მათ ქართველებისაგან უფრო დაცულად მიაჩნიათ თავი (თუმცა, როგორც ვხედავთ, ტერაქტებისგან დაცულები მაინც არ არიან). რუსული მილიციის აფხაზეთში შეყვანის თაობაზე დიდი ხანია საუბრობენ. ყველა მოქმედებას კი თავისი დასაბუთება და მიზეზი სჭირდება. და მოხშირებული ინციდენტები აფხაზეთის სიღრმეში შეიძლება სწორედ კარგად იქნეს გამოყენებული მოსკოვის მიერ. ამიტომაც, დესტაბილიზაციის სურვილი, რომელზეც დღეს აფხაზეთში ყველა საუბრობს მომხდარი ტერაქტის კონტექსტში, ყველაზე მეტად სწორედ კრემლს შეიძლება აწყობდეს.

მეორე ვერსია, რომელიც შეიძლება იქნეს განხილული ამ ინციდენტთან დაკავშირებით, შიდადაპირისპირებას უკავშირდება. ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ანქვაბი სერიოზულად დაუპირისპირდა კრიმინალს, კორუფციას, განუკითხაობას. შედეგად, მან საკმაოდ ბევრ გავლენიან ადამიანს და მათ ინტერესს "გადაურბინა", მათ შორის გალის რაიონში ქართველების დაყაჩაღებით დაკავებულებს, გაგრისა და გუდაუთის რაიონებში მიწის უკანონო გამსხვისებლებს, პასპორტების უკანონო გამცემებს, კრიმინალური ფონის მომატებას, "კანონიერი ქურდებს"... ისეთ საზოგადოებაში, როგორც აფხაზეთია, ჯგუფების ინტერესები ძალიან ბევრ საკითხში ადვილად იკვეთება, ამიტომაც ანქვაბის ყველა ეს მოქმედება არ შეიძლებოდა არ შეხებოდა გავლენის სფეროების მფლობელებს და პირველ რიგში მათ, ვინც ანქვაბის ასეთი პოლიტიკის გამო ეს სფეროები დაკარგა, ან კარგავს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ანქვაბმა გაათავისუფლა თანამდებობიდან რამოდენიმე გავლენიანი ჩინოვნიკი – გენპროკურორი ბესლან კვიწინია, გაგრის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი ასტამურ ქეცბა, გაგრის მთავარი არქიტექტორი და ამავე დროს აფხაზეთში ერთერთი უმდიდრესი ადამიანი თამარა ლაკრბა და ბევრი სხვა; ტერაქტამდე ორიოდე დღით ადრე გაგრაში შავი დღე აყარა იქაურ ხელმძღვანელობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს; მისი "პრეზიდენტობის" დროს იქნა მოკლული ბესლან ბუტბა – ერთერთი თავაღებული კრიმინალი, და მისი მოადგილე ბესიკ ("მულტიკ") კვეკვესკირი, რომელიც ბესლახუბის კრიმინალური კლანის წარმომადგენელი იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ დღეს, როდესაც ანქვაბი "პრეზიდენტი" გახდა, სოხუმის ცენტრიდან ახალგაზრდა სანდრიკ არშბა, "ანქვაბის კაცის" ბესლან აგრბას დისშვილი გაიტაცეს. ის მოგვიანებით გამოსასყიდის გადახდის შემდეგ იქნა განთავისუფლებული. მაგრამ, თუ ეს თავდასხმა ანქვაბის ბოლო დროს განხორციელებულ პოლიტიკას უკავშირდება, ვინღა მოუწყო წინა ხუთი ტერაქტი?

მესამე ვერსია – დიდი ხანია, რაც აფხაზურ მედია–სივრცეში, არც რუსულში, არაფერი თქმულა იმის შესახებ, თუ რას საქმიანობს არჩევნების შემდეგ სერგეი შამბა. რა თქმა უნდა, ყველამ იცის სად არის ის –მეუღლის ბიზნესისა და საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობის დროს დაგროვილი ხელფასის იმედად მშვიდად ისვენებს საკუთარ სახლში. მშვენიერი ალიბია. მაგრამ განა გასაკვირი არ არის, რომ ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე აქტიური სეპარატისტი გახლდათ, დღეს არ იჩენდეს არავითარ პოლიტიკურ აქტიურობას? თანაც 5 წელი მშვიდად დაელოდო მომავალ "საპრეზიდენტო" არჩევნებს, არც ისე ადვილია. ჰოდა, ჩვენი წყაროების ინფორმაციით, 22 თებერვალს მომხდარი ტერაქტი შამბას ხალხის მიერ იყო ორგანიზებული. წყარო ასახელებს სავარაუდო დამფინანსებელსაც – ვინმე ბესიკ ეშბას. შამბას ხალხში კი იგულისხმება როგორც მისი აფხაზი მომხრეები, ასევე მისი მეგობრები რუსეთში. ვინაიდან, ამ ინფორმაციის 100%–ით დადასტურება არ შეგვიძლია, ესეც ვერსიის სახით მოვიყვანეთ.

აქ უფრო რთულად არის საქმე მოტივაციასთან დაკავშირებით. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ანქვაბსა და შამბას შორის დაპირისპირებას საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და მოდის ჯერ კიდევ 90–იანი წლების დასაწყისიდან, მაშინ როდესაც ზოგიერთმა შეძლო არძინბას გუნდში შეძრომა, ზოგიერთს კი ამ დაპირისპირებების შედეგად სოხუმიდან საერთოდ წასვლა მოუწია. არის საკითხები, რომელთა გაჟღერება დღეისათვის არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, მაგრამ მომავალში ალბათ ეს დროც დადგება. მავანმა შეიძლება იკითხოს, მაშინ როგორღა მუშაობდნენ ბაღაფშის გუნდში ანქვაბიც და შამბაც გვერდიგვერდ? მათი საკმაოდ რთული დამოკიდებულების შესახებ ყველასათვის იყო ცნობილი, თუმცა, როგორც ჩანს, ორივე მათგანმა მოახერხა პირად დაპირისპირებაზე მაღლა დადგომა და "სახელმწიფოს" ინტერესებისათვის მოღვაწეობა. თანაც, ბაღაფში ცნობილი იყო როგორც ადამიანი, რომელიც ყველასათვის მისაღებია და საზოგადოების ბევრ ნაწილს, მათ შორის ურთიერთდაპირისპირებულს, კარგად აერთიანებდა საერთო ინტერესების გარშემო.

შამბა–ანქვაბის დაპირისპირებასთან დაკავშირებით ერთ ინფორმაციასაც მოვიყვანთ რაიმეს მტკიცების გარეშე. ყველას კარგად ეხსომება ამასწინათ მომხდარი დიდი ხანძარი სოხუმის ცენტრში, როდესაც რამოდენიმე შენობა, მათ შორის ცენტრალური ფოსტა დაიწვა. ამ დამწვარ შენობებს შორის იყო საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია, რომელიც შამბას მეუღლეს ბელა შაკაიას ეკუთვნოდა. მოარული ხმები საუბრობენ, თითქოს ცეცხლი საგანგებოდ იყო წაკიდებული, რათა სწორედ შამბასთვის მიეყენებიათ ზიანი. თუმცა ეს ყველაფერი ჭორია, მაგრამ ვინ იცის, იქნებ შამბა–ანქვაბის დაპირისპირების ერთერთი გამოვლინება ეგეც იყო....

მეოთხე ვერსია – რუსული კრიმინალიტეტი და მისი ინტერესები აფხაზეთში. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, საკმაოდ დიდი ინტერესები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გააჩნია რუსეთის კრიმინალიტეტის მამამთავარს (პუტინის შემდეგ), "კანონიერ ქურდს" ასლან უსოიანს, რომელსაც "დედ ხასანის" სახელით იცნობენ. აღსანიშნავია, რომ შარშან ზაფხულში დედ–ხასანი სწორედ აფხაზეთში ისვენებდა. მას შემდეგ რაც ქართულმა სააგენტომ აღნიშნული ინფორმაცია ფართო საზოგადოებას გააცნო, სოხუმში სერიოზულად დაფაცურდნენ. ამასთან დაკავშირებით ე.წ. უშიშროების საბჭოც კი შეიკრიბა. და მხოლოდ ერთი კვირის თავზე მარიონეტულმა რეჟიმმა დედ–ხასანის აფხაზეთში ყოფნას მონაჭორი უწოდა და ქართული მედია ჭორების გავრცელებაში დაადანაშაულა. თუმცა, არსებული ინფორმაციით, სოხუმიდან პასუხი მას შემდეგ გაისმა, როდესაც კარგად დასვენებულმა დედ–ხასანმა ისევ მოსკოვს მიაშურა. მიეხმარნენ მაშინ მას ამაში აფხაზური ხელისუფლების წარმომადგენლები, თუ მას "შვებულება" დაუმთავრდა, რთული სათქმელია.

მეხუთე ვერსია – დღეისათვის ნაკლებად განხილვადი, თუმცა თეორიულად შესაძლებელი – ანქვაბმა ტერორისტული აქტი გაითამაშა არჩევნების წინ, რათა ამით უფრო მეტი უფლებების დელეგირება მიიღოს მოსახლეობის მხრიდან და საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად გაიმაგროს ზურგი "პარლამენტში". როგორც მოგეხსენებათ, არჩევნები იქ დანიშნულია 10 მარტისთვის.

მეექვსე ვერსია – "ქართული კვალი". აღსანიშნავია, რომ სოხუმმა მეორე დღესვე ის უარყო და აღნიშნა კრისტიან ბჟანიას პირით, რომ "ამ ეტაპზე "ქართული კვალი" თავდასხმაში არ იკვეთება". ვფიქრობ, რომც იყოს, ამის თქმისა უნდა შერცხვეთ, ვინაიდან იგივე ანქვაბის მხრიდან არაერთხელ იქნა აღნიშნული, რომ რუსული ჯარი აფხაზეთს საიმედოდ იცავს, ხოლო აფხაზეთის სიღრმეში – გუდაუთის რაიონში – განხორციელებული ტერაქტი აბსოლუტურად გააცამტვერებს აფხაზეთის დღევანდელი მოსახლეობის წარმოდგენას უსაფრთხოების იმ დონის შესახებ, რომელსაც რუსის ჩექმა უზრუნველყოფს.

მეშვიდე ვერსია შეიძლება იყოს დაკავშირებული რელიგიურ საკითხებთან, კერძოდ, მუსულმანური თემის წინააღმდეგ განხორციელებულ რამოდენიმე ტერაქტთან. აფხაზეთის მცხოვრებთა გარკვეულ ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ მუსულმანებს უპირისპირდება სწორედ ანქვაბი, რომელიც ბლოკავს მათ ინიციატივებს გახსნან მეჩეთი სოხუმის ცენტრში. აღსანიშნავია, რომ სამეჩეთო კომპლექსის აშენებას მუსულმანები აფხაზეთში ცდილობენ მე–20 საუკუნის დასაწყისიდან, თუმცა ყოველთვის აწყდებოდნენ რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგობას, ვინადან იქ ეს საკითხი თურქეთის გავლენის გაძლიერების კუთხით განიხილება. ამ კონტექსტში საინტერესოა ის ფაქტი, რომ შარშანწინ იქ დაიხურა თურქული ბაშარან–კოლეჯი, რომელიც ერთერთ საუკეთესო სასწავლებლად ითვლებოდა. დაიხურა ის, ოფიციალური ვერსიით, აფხაზური რეჟიმის, მაშინ ბაღაფშის, მოთხოვნით. როგორც შემდგომში იქნა გაცხადებული არაერთი ადამიანის მიერ, მათ შორის რუსეთის სპეცსამსახურების ანალიტიკური ჯგუფების წევრების მიერ, მიზეზი გახდა სწორედ მისი პროთურქულობა და "ის, თუ რისთვის ამზადებდნენ ამ ხალხს". აფხაზეთში არსებობს აგრეთვე მოსაზრება, რომ რამოდენიმე ტერაქტი ანქვაბზე და რამოდენიმე მუსულმანი აქტივისტის განადგურება ოკუპირებულ რეგიონში ურთიერთკავშირშია.

როდესაც აფხაზეთში, 2007 წელს, მოკლეს გუდაუთის მეჩეთის იმამი ხამზატ (როკი) გიცბა, გავრცელდა მუსულმანური სამმართველოს ხელმძღვანელის თემურ ძიბას ჩვენება იმის შესახებ, რომ მათ მუდმივად დასდევდა უცხო ხალხი და სურათებსაც კი უღებდნენ. როდესაც ერთერთი ასეთი ფოტოგრაფი დააკავეს, იქვე გაჩნდა ორი მოზრდილი მამაკაცი, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი და ფოტოგრაფი არიან რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები. ამ შემთხვევის შესახებ, ძიბას თქმით, ერთერთ შეხვედრაზე მოუყვნენ მაშინდელ "პრეზიდენტს" სერგეი ბაღაფშს, რომლის პასუხიც იყო: "მეც მითვალთვალებენ". აღსანიშნავია, რომ გიცბას მკვლელობამდე ერთი თვით ადრე მოკლულ იქნენ მუსულმანთა თემის აქტიური წევრი ვინმე მუცბა და მისი მეუღლე. მუსულმანთა მკვლელობები გაგრძელდა მას შემდეგაც.

მერვე ვერსია – ბოლო დროს აფხაზები ძალიან გააქტიურდნენ მოჰაჯირთა შთამომავლების დაბრუნების კუთხით. ვინაიდან თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებაში არაფერი გამოვიდა, იხელთეს მომენტი სირიაში შექმნილი დაძაბული მდგომარეობით და ყველა ხერხით შეეცადნენ მათ დაბრუნებას. ამისათვის "სამთავრობო" დელეგაციაც კი გააგზავნეს სირიაში. შედეგად – აფხაზეთს ესტუმრა სირიელ მოჰაჯირთა ორი შთამომავალი, რომელთაც გამოთქვეს სურვილი შექმნან აფხაზეთში პირობა ოჯახების გადმოსაყვანად. აღსანიშნავია ისიც, რომ რამოდენიმე მრავალწევრიან ოჯახს გადმოსახლებაზე უარი ეთქვა. სირიელი აფხაზების დაბრუნება სრულებითაც არ აწყობს მოსკოვს, ისევე, როგორც სირიელი ჩერქეზების. შესაბამისად, ტერაქტი ანქვაბის წინააღმდეგ შესაძლებელია იყოს განკუთვნილი მათთვის საჩვენებლად, რომ აფხაზეთში დაბრუნება არ ღირს, ვინაიდან აქ "პრეზიდენტის" უსაფრთხოებაც არაა დაცული, და რომ არ გამოუვიდეთ ისე თითქოს "ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო", სირიელებს ურჩევნიათ სხვაგან ეძებონ გასაქცევი. აღნიშნული ვერსია საკმაოდ სუსტად გამოიყურება, ვინაიდან ამისათვის ანქვაბის მოკვლა სრულებითაც არ იყო საჭირო. თუ ტერაქტის სიძლიერიდან გამოვალთ, თავდამსხმელთა მიზანს კი სწორედ ანქვაბის განადგურება წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, როგორც ვერსია, ამ ყველაფრის გამორიცხვა არ იქნებოდა სწორი.

ზემოაღნიშნული მხოლოდ ვერსიებია, რომელთა გადამოწმება, შესწავლა და გამოძიება მოუწევთ აფხაზ სამართალდამცველებს. ყველა მათგანი უნდა იყოს განხილული იმ კონტექსტში, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული ტერაქტი წინა ტერაქტების გაგრძელებას, თუ სხვა ინტერესებს ემსახურებოდა, ვინაიდან თუ ეს არის გაგრძელება, მაშინ სამართალდამცავებს მოუწევთ 2005 წლის ტერაქტთან დაბრუნება და იმის გარკვევა, ვის "გადაურბინა" ანქვაბმა ჯერ კიდევ მაშინ.

ასეა თუ ისე, ანქვაბი, როგორც რუსული ზღაპრის გმირი კაშეი, უკვდავი აღმოჩნდა და გააგრძელებს თავის პოლიტიკას. ვფიქრობთ, ეს ტერაქტი მას არ დააშინებს, პირიქით, უფრო მეტ ლეგიტიმაციას შესძენს მის მოქმედებებს აფხაზურ კრიმინალთან და დაუსჯელობასთან ბრძოლაში. ალბათ, გარკვეული პოლიტიკური მიზნების მისაღწევადაც გამოიყენებს იმ უარყოფით დამოკიდებულებას, რომელიც ამ ტერაქტის შემდეგ აფხაზურ საზოგადოებაში შეიქნა არსებული უსაფრთხოების სისტემის მიმართ. საკითხავი კი ამ ყველაფრის შემდეგ მხოლოდ ერთი რამაა – მოასწრებს ანქვაბი რეალური გარდაქმნების განხორციელებას მანამ, სანამ მორიგ ტერაქტს გაუმზადებენ?
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე