RSS
აფხაზური სეპარატიზმი სუკის ლაბირინთებში იშვა. ნაწილი XI
05.03.2012 13:26
ლევან კიკნაძე

(გაგრძელება. იხ. ნაწილები I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X)

აფხაზეთის ომის უცნობი დეტალები. ნაწილი VI

 

აფხაზეთის ომის თემაზე დაწერილ პუბლიკაციებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 1993 წლის 15–16 მარტის ბრძოლას გუმისთის ფრონტზე. ბევრმა დღემდე არ იცის, რომ ეს შემოტევა უფრო ადრე, 5 მარტს დილის 5 საათზე უნდა დაწყებულიყო.

 

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც ქართულმა საჯარისო ფორმირებებმა დაამყარეს კონტროლი ნაწილობრივ ოჩამჩირის რაიონზე, გაგრის ზონაზე, გულრიფშის რაიონზე, სოხუმის რაიონზე და ქ.სოხუმზე, ხოლო სეპარატისტები აკონტროლებდნენ ზემო და ქვემო ეშერას, გუდაუთის რაიონს, ნაწილობრივ ოჩამჩირის რაიონს და ქ.ტყვარჩელს, ქართულმა მხარემ შეტევითი საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტა და დაემორჩილა გაეროს ეგიდით და რუსეთის ხელშეწყობით 1992 წლის 3 სექტემბერს ქართულ–აფხაზური მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. (მხედველობაში არ გვაქვს ცალკეული ლოკალური ხასიათის ბრძოლები, რომლებიც ყოველთვის თან სდევს ხანგრძლივ საომარ მდგომარეობაში მყოფ დაპირისპირებულ მხარეებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც აფხაზეთის ომი ყოფილა). როგორც ცნობილია, აფხაზური მხარისთვის შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ტაქტიკურად მისაღები და ხელსაყრელი იყო, რადგანაც ფარულად, რუსეთის დახმარებით ეძლეოდა დრო და საშუალება გადამწყვეტი ბრძოლებისთვის მომზადებულიყო. ასეც ხდებოდა. როდესაც კი სეპარატისტები რუსეთის დახმარებით ცოცხალი ძალით და შეიარაღებით გაძლიერდებოდნენ, არად დაგიდევდნენ გაეროს რეზოლუციებს, არღვევდნენ მიღწეულ შეთანხმებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და იწყებდნენ ფართომასშტაბიან შემოტევებს.

პირველი ასეთი შემოტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების, კაზაკების და ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების დახმარებით სეპარატისტებმა განახორციელეს, ცეცხლის შეწყვეტისა და საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ მოსკოვის 1992 წლის 3 სექტემბრის ხელშეკრულების მიღებიდან, ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 3-5 ოქტომბერს და დამთავრდა გაგრის აღებით. გაგრის ზონაზე კონტროლის დამყარებას სეპარატისტებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც ალყაში მოქცეულ გუდაუთის დაჯგუფებას გზა გაეხსნა რუსეთის საზღვრისაკენ, რამაც გაცილებით გაუდვილა კრემლს სეპარატისტების დახმარება ცოცხალი ძალით, შეიარაღებით, სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო მასალებით. ამას მოყვა ისევ რეზოლუციები და შეთანხმებები, რომლებიც ასევე დაირღვა სეპარატისტების მიერ და 1993 წლის მარტს რიგით მეორე ფართომასშტაბიანი შემოტევა განახორციელეს, ამჟამად უკვე სოხუმზე, რომლის აღებაში გადამწყვეტი როლი, გეგმით ისევ რუსეთის რეგულარულ სამხედრო ძალებს ეთმობოდა. შემოტევა სოხუმზე 15 მარტს დაიწყო და სეპარატისტებმა ორ დღეში სასტიკი მარცხი იწვნიეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი, მარტის საომარ კამპანიაში განცდილმა მწარე მარცხმა სერიოზულად დააფიქრა და იძულებული გახადა სოხუმის აღების მორიგ გეგმაში თვისობრივად ახალი კორექტივები შეეტანა. შემტევი საბრძოლო ოპერაციების წარმოება, რომლებშიც აფხაზი სეპარატისტების გარდა ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების და კაზაკების გაერთიანებული ძალების მონაწილეობა იყო გათვალისწინებული, გუდაუთაში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზის შტაბს დაევალა. ხსენებული ოპერაცია 1993 წლის ივლისის დასაწყისში ოჩამჩირის რაიონის ზღვისპირა სოფელ ტამიშში, აფხაზების და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების საზღვაო დესანტის გადასხმით დაიწყო, რომელიც უნდა შეერთებოდა ტყვარჩელის დაჯგუფებას და გაერთიანებული ძალებით გადაეკეტათ ოჩამჩირე-სოხუმის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი. ამით პრაქტიკულად ალყაში ექცეოდა სოხუმი, რომლის აღების მოსამზადებელი ბრძოლები ტამიშის ბრძოლების პარალელურად მიმდინარეობდა და კომანის, ახალშენისა და ცუგუროვკის სტრატეგიული სიმაღლეების დაკარგვით და მათზე სეპარატისტების კონტროლის დამყარებით დასრულდა. ბრძოლები ტამიშთან ერთ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა და მტრის მრავალრიცხოვანი დესანტის მთლიანი განადგურებით დამთავრდა. ამით სოხუმის აღების მორიგი გეგმაც ჩაიშალა, მაგრამ საფრთხე არ მოხსნილა, რადგანაც სოხუმის მიმდებარე სიმაღლეებს უკვე სეპარატისტები აკონტროლებდნენ.

მეოთხე და ბოლო ფართომასშტაბიანი შემოტევის გეგმის შესრულება, რომელიც ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მიერ იყო შემუშავებული, ფაქტიურად 1993 წლის ზაფხულში დაიწყო. განსხვავება ის იყო, რომ კრემლმა, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ სეპარატისტები, მიუხედავად კონფედერატებისა და კაზაკობის დახმარებისა ქართველებთან წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში წარმატებებს ვერ აღწევდნენ, ხოლო რუსეთის შეიარაღებული ძალები ღიად ვერ ერეოდნენ საომარ მოქმედებებში, მორიგ გეგმაში მის ხელთ არსებული ყველა რესურსი აამოქმედა. პირველი და, რაც მთავარია ხელი შეუწყო მოვლენების ისეთ განვითარებას, რომელმაც აიძულა საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება ხელი მოეწერა აშკარად წამგებიან დოკუმენტზე - 1993 წლის 27 ივლისის ცნობილ შეთანხმებაზე (იხ. ნაწილი X). რუსეთმა, მიუხედავად აღებული ვალდებულებისა, რომელიც ითვალისწინებდა უცხო ქვეყნების შეიარაღებული ფორმირებების განიარაღების და აფხაზეთიდან გაყვანის პროცერსის ხელშეწყობასა და კონტროლს, პირიქით აქტიურ ფაზაში გადაიყვანა სეპარატისტების მომარაგება ცოცხალი ძალითა და სამხედრო შეიარღებით. ამას გარდა მნიშვნელოვანი როლი განუსაზღვრა თავის სპეცსანსახურებს, რომლებმაც თითქმის ყველა მიმართულებით აქტიურად აამოქმედეს,თავის დროზე საქართველოში ჩანერგილი, სპეციალური ოპერატიული ღონისძიებებისთვის გამიზნული სხვადასხვა კატეგორიის აგენტურა. როგორც ცნობილია მეოთხე ფართომასშტაბიანი შემოტევა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით, ხოლო 30 სექტემბერს აფხაზეთის საბოლოო აღებით დამთავრდა.

დავუბრუნდეთ 1993 წლის მარტის ბრძოლებს. აფხაზ სეპარატისტებმა, მარტის საომარი კამპანიისთვის მზადება გაცილებით ადრე, 1992 წლის შემოდგომას დაიწყეს. სოხუმზე ფართომასშტაბიანი შემოტევის გეგმა ითვალისწინებდა არა მარტო რუსეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობას აფხაზ სეპარატისტებთან, მათ მხარდამჭერ კონფედერატებთან და კაზაკებთან ერთად, არამედ მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა განკუთვნილი რუსეთის საგარეო უწყებას, რომელმაც ამ დროისთვის უკვე მოახერხა ამოფარებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების მანდატებს და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აიარაღებდა სეპარატისტებს. 1993 წლის 19 იანვარს რუსეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რათა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უზრუნველეყო ქ. სოჭიდან ტყვარჩელში ჰუმანიტარული ტვირთების შეტანისა და ტყვარჩელის მოსახლეობის ქ. სოჭში ევაკუაციისათვის წითელი ჯვრის განმასხვავებელი ნიშნის მქონე ვერტმფრენების გამოყოფა. რადგან ამგვარი ნიშნებით არც ერთი სატრანსპორტო საშუალება ტვირთების შემოწმებას არ ექვემდებარებოდა, ჩვენი ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ტყვარჩელში ჰუმანიტარულ ტვირთებთან ერთად დიდძალი შეიარაღება შეიტანეს. ქართული მხარის მცდელობას, დაერწმუნებინა გაეროს სადამკვირვებლო მისია არსებული ინფორმაციის სისწორეში, რათა განხორციელებულიყო ტვირთების კონტროლი, შედეგი არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, მაშინ, როცა ჩვენს მიერ ტვირთების შემოწმების მიზნით გუმისთის ხიდზე ბლოკირებული იქნა ტყვარჩელში მიმავალი დიდძალი კოლონა, გაეროს სადამკვირვებლო კომისიის წარმომადგენლების უშუალო ჩარევით კატეგორიულად აგვეკრძალა მისი შემოწმება. მოგვიანებით დადასტურდა, რომ კოლონამ ტყვარჩელში ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად დიდი რაოდენობის საბრძოლო მასალა და შეიარაღება შეიტანა. ამ ინციდენტის შემდეგ რუსეთმა მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენა იმისთვის, რომ შემდგომში ამგვარი აქციებისთვის გაეროსა და წითელი ჯვრის მანდატი ოფიციალურად მიეღო. ქართულმა მხარემ სათანადო წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხა, უფრო მეტიც, გაერომ ქართული მხარის თხოვნა არ გაითვალისწინა, რათა ჰუმანიტარული ტვირთების გადაზიდვაში მიეღო მონაწილეობა და ეს უფლება ერთპიროვნულად რუსეთს ჩააბარა. შედეგად, რუსეთიდან აფხაზეთში, განსაკუთრებით ტყვარჩელში, ჰუმანიტარული ტვირთების შეტანამ ინტენსიური ხასიათი მიიღო, რაც აისახა კიდეც ტყვარჩელის, ე.წ. აღმოსავლეთის ფრონტის ბრძოლისუნარიანობის საგრძნობლად ამაღლებაზე და საბოლოო ჯამში ომის ბედის სეპარატისტების სასარგებლოდ გადაწყვეტაზე.

პარალელურად, კრემლი ძალისხმევას არ იშურებდა და ხელს უწყობდა გუდაუთის დაჯგუფებას, რათა მის ე.წ. წარმომადგენლებს ყველა მიმართულებით აქტიურად ეწარმოებინათ საქმიანობა მოსალოდნელი საომარი კამპანიის მომზადებისთვის.

ამ მიზნით მოსკოვში და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში იქმნებოდა კომერციული სტრუქტურები, რომელთა ძირითად ამოცანას შეადგენდა სეპარატისტების უკანონო შეიარაღებული ფორმირებების და დაქირავებული ბოევიკებისთვის სამხედრო აღჭურვილობის, საბრძოლო მასალების, საკვები პროდუქტების შეძენა და აფხაზეთში გადაგზავნა. აქტიური საქმიანობა გააჩაღეს ამ მიზნებისთვის სპეციალურად შექმნილმა ფირმებმა: "კავკაზი", "ოტირბა", "კონტინენტი", "აპსნი". კრედიტების მისაღებად ფინანსურ ოპერაციებს აწარმოებდნენ ცნობილი სოხუმელი კომერსანტის, ცატურიანის "ტიპო" ბანკი და ი.არღუნის "გაგრა-ბანკი". მაღალ ტექნიკურ დონეზე იყო ორგანიზებული საინფორმაციო-საკორესპონდენტო პუნქტი მოსკოვის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა სეპარატისტების იდეოლოგი ტარას შამბა.

ყურადღებას არ აკლებდა სეპარატისტებს ქ.სოჭის ადმინისტრაციაც. სასტუმრო "Жемчужина"-ში და ადლერის გარეუბანში სანატორიუმ "Зеленая роща"-ში განთავსებული იყო შტაბები, სადაც მიმდინარეობდა "ბოევიკების" შერჩევა-გადმობირებები, ტარდებოდა თათბირები კაზაკების და კონფედერატების ხელმძღვანელებთან. ქ.სოჭის შსს-ს შენობაში ფუნქციონირებდა აფხაზეთის ე.წ. შსს-ს წარმომადგენლობა.

ჩვენი წყაროების მიერ რეგულარულად ფიქსირდებოდა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ფსოუს მონაკვეთზე სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობით და ცოცხალი ძალით დატვირთული საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტის შემოსვლა გუდაუთა-ეშერის მიმართულებით. ასე მაგალითად, 1992 წლის 22 დეკემბერს ხსენებული საზღვარი გადმოკვეთა და გუდაუთაში შევიდა მძიმე საბრძოლო ტექნიკით დატვირთული 12 ვაგონი. 25 დეკემბერს ადლერიდან გუდაუთის მიმართულებით გავიდა 500 შეიარაღებული მებრძოლით დატვირთული ბარჟა. 1993 წლის 23 თებერვალს "ბომბორის" აეროდრომზე აფხაზ სეპარატისტებისთვის სატრანსპორტო თვითმფრინავმა ჩაიტანა 3 ჯავშან მანქანა. 25 თებერვალს ფსოუს საზღვარი გადაკვეთა ავტომატური იარაღით დატვირთულმა კამაზის ტიპის 7 ა/მანქანამ. 26 თებერვალს ადლერის რკინიგზის სადგურიდან გაგრის მიმართულებით გავიდა რკინიგზის შემადგენლობა, რომლის 4 ვაგონში იმყოფებოდნენ სათანადოდ ეკიპირებული რუსი სამხედროები. სოხუმზე დაგეგმილი შეტევის განსახორციელებლად 14 მარტს ტუაფსეს რკინიგზის სადგურიდან აფხაზეთის მიმართულებით გავიდა 17 ცისტერნა საწვავი ჯავშანტექნიკისთვის. 1992 წლის დეკემბერში რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდლის მოადგილის გენერალ სიგუტკინის განკარგულებით გუდაუთის "ბომბორის" აეროდრომზე ჩამოფრინდა სპეციალური დანიშნულების ბატალიონი შტატით განკუთვნილი ტექნიკითა და ცოცხალი ძალით - 450 მებრძოლი, 25 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ბმპ), 6 ერთეული მი-24 ტიპის ვერტმფრენი, 8 ერთეული მობილური საზენიტო დანადგარი. პოდმოსკოვიეს აეროდრომ "ჩკალოვკიდან" რეგულარულად ხორციელდებოდა ან-72 ტიპის სატვირთო თვითმფრინავის გაფრენები გუდაუთის მიმართულებით, რომელსაც გადაჰქონდა სამხედრო შეიარაღება, ხოლო უკან ძირითადად გადაყავდა დაჭრილები.

შექმნილ უაღრესად რთულ ვითარებას, რაც გამოწვეული იყო თავს მოხვეული ომით, კიდევ უფრო ამძიმებდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ნეგატიური პროცესები. ამ პროცესებში აშკარად იკვეთებოდა რუსეთის სპეცსამსახურების კვალი, რომელთა მზაკვრულ ჩანაფიქრთა ლაბირინთში გზის გაკვლევა და მით უმეტეს სწორი გადაწყვეტილების მიღება წარმოუდგენლად ძნელი იყო. უაღრესად მძაფრი საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ხშირ შემთხვევებში შეიარაღებულ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადადიოდა, უარყოფითად აისახებოდა ქართული საჯარისო ფორმირებების ბრძოლისუნარიანობაზე, რის გამოც ვერ ხერხდებოდა ქვეყნის წინაშე წამოჭრილი გამოწვევების გასანეიტრალება და ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და ადეკვატური რეაგირება.

ძნელი იყო იმ დროს ვინმე დაგეჯერებინა, რომ რუსეთის გენშტაბის მიერ შემუშავებულ სოხუმის აღების ყველა გეგმაში, თავისი ადგილი და როლი ლოთი ქობალიას დაჯგუფებასაც ჰქონდა განსაზღვრული. არადა ფაქტები აშკარად მეტყველებდნენ ამაზე, რომ არაფერი ვთქვათ სხვადასხვა წყაროებისგან ჩვენს მიერ მიღებულ, რიგ შემთხვევებში წინმსწრებ ოპერატიულ ინფორმაციებზე, რომლებიც მიუთითებდნენ ზვიად გამსახურდიას შეიარაღებული რადიკალური ფრთის აშკარა ალიანსს გუდაუთის სეპარატისტულ დაჯგუფებასთან.

როგორც ცნობილია, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირებები, რომელთა საერთო ხელმძღვანელობა ლოთი ქობალიას ჰქონდა დავალებული ამ პერიოდისთვის განლაგებული იყვნენ ჯიხაშკარში, ახალ სოფელში, ანაკლიაში, ზუგდიდში და მთლიანად აკონტროლებდნენ წალენჯიხაში, ჩხოროწყუში და ზუგდიდში შემავალ გზებს. სოფ.რუხში და ცაიშში მოქმედებდნენ სადღეღამისო საგუშაგოები. 1993 წლის თებერვლის თვეში ზუგდიდში ჩამოვიდა და ლოთი ქობალიას დაჯგუფებას შეუერთდა მესტიისა და წალენჯიხის მცხოვრებლებისგან შემდგარი 80 კაციანი შეიარაღებული ჯგუფი. ამავე პერიოდში ყოფილი სენაკის ბატალიონის მეთაურმა, აკაკი ელიავამ ზუგდიდში შემოიყვანა 25 კაციანი კარგად შეიარაღებული რაზმი.

როგორც წინა პუბლიკაციებში ვწერდით, მას შემდეგ, რაც ქართული საჯარისო ფორმირებები შევიდნენ აფხაზეთში, ლოთი ქობალიამ გადაკეტა ენგურის ხიდი და დააწესა მასზე კონტროლი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერი ტვირთი, თუნდაც სამხედრო დანიშნულებისა, ექვემდებარებოდა კონტროლს და ქობალიას ნებართვის გარეშე აფხაზეთში ვერ შევიდოდა. ამას გარდა, ზედმეტი იყო თუნდაც ფიქრი ხსენებული გზით მეომრების როტაციის განხორციელებისა, რაც შეიძლება ზოგიერთს სიცოცხლის ფასადაც დაჯდომოდა. ამის გამო სამხედრო ხელმძღვანელობა იძულებული იყო ამისთვის მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტი გამოეყენებინა, რაც ბუნებრივია რთული და სახიფათო იყო. ამასთან, მთელი ომის მიმდინარეობისას ქობალია საბაბს ეძებდა და უნდა ითქვას, რომ პოულობდა კიდეც, თანაც ისე, რომ ენგურის ხიდის გადაკეტვა საეჭვოდ ემთხვეოდა სეპარატისტების მხრიდან საბრძოლო მოქმედებების განახლებას.

გაგრძელება იქნება...


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე