RSS
აფხაზური სეპარატიზმი სუკის ლაბირინთებში იშვა. ნაწილი XII
14.03.2012 11:34
ლევან კიკნაძე

(გაგრძელება. იხ. ნაწილები I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI)

აფხაზეთის ომის უცნობი დეტალები. ნაწილი VII

...1993 წლის გაზაფხულზე სოხუმზე ფართომასშტაბიანი შემოტევის შესახებ, პირველადი ინფორმაცია აფხაზეთის უშიშროების მიერ იქნა მიღებული. სწორედ იმის შესახებ, თუ რა აგენტურულ-ოპერატიული ღონისძიებები იქნა გატარებული ჩვენს მიერ ხსენებული წინმსწრები სადაზვერვო ინფორმაციის მისაღებად, გვექნება საუბარი ქვემოთ, რომელსაც ვიწყებთ ამონარიდით, იმ დროს აფხაზეთის საინფორმაციო–სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარის, აწ გარდაცვლილი გენერალ იური კეშელავას მოგონებებიდან.

”ძალიან ცოტას თუ ახსოვს, რომ 1993 წლის 15-16 მარტს სოხუმზე განხორციელებული შემოტევა უფრო ადრე, 5 მარტს დილის 5 საათზე უნდა დაწყებულიყო. პირველი ინფორმაცია ამის შესახებ დაზვერვის ჩვენმა ოპერატიულმა ჯგუფმა მიიღო(ამ ჯგუფს საკმაოდ წარმატებით ხელმძღვანელობდა ჩემი მოადგილე ლევან კიკნაძე). ოპერატიული წყარო სანდო და შემოწმებული იყო იგი რუსეთში, აფხაზ სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერის გარემოცვაში ”ტრიალებდა”. ამავე დროს, სოხუმის გარეუბანში განლაგებული რუსეთის სამხედრო ნაწილის სოხუმზე შემოტევის გეგმის ასლიც მოვიპოვეთ. ეს გეგმა ეყრდნობოდა შემოტევის სხვა დიდ გეგმას, რომელიც უკვე შეთანხმებული იყო რუსეთის საჰაერო-სადესანტო ნაწილების სარდლობასა და თვით არძინბასთან. შემოტევის თარიღსა და ამ შემოტევაში გუდაუთის დაჯგუფების რუს მედესანტეთა უშუალო მონაწილეობაზე მიგვანიშნა კიდევ ერთმა წყარომ - ჩვენი სამსახურის მიერ გადმობირებულმა ჩრდილოკავკასიელმა, რომელიც მანამდე სეპარატისტთა მხარეს იბრძოდა. ყველა ეს ერთად შეკრებილი ინფორმაცია საკმაოდ დამაჯერებელი იყო. მათი შინაარსი დაუყოვნებლივ მოხსენდა ქვეყნის ხელმძღვანელობას. ედუარდ შევარდნაძე და თენგიზ სიგუა სოხუმში ჩამოფრინდნენ. 1 მარტს, ე.წ. ბერიას აგარაკზე, სადაც კორპუსის შტაბი იყო განლაგებული, მათ საგანგებო თათბირი მოიწვიეს. თათბირი შეიარაღებული ძალების მაშინდელ სარდალს, გენერალ-პოლკოვნიკ ანატოლი კამკამიძეს მიჰყავდა. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენს ინფორმაციებს სამხედრო ხელმძღვანელობა დიდი ნდობით არ ეპყრობოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ არც ომის დაწყებისას და არც შემდეგ, ჩვენი სამსახურის როლი და ადგილი თავდაცვის სისტემაში გარკვეული არ იყო. არ არსებობდა თუნდაც ერთი ბრძანება, ან რაიმე დოკუმენტი, რომელიც ჩვენს ურთიერთთანამშრომლობას დაარეგულირებდა. ყველა შეიარაღებულ დაჯგუფებას საკუთარი დაზვერვა და სპეცსამსახური ჰყავდა. ისინი ჩვენთან ურთიერთობებს თავს არიდებდნენ”.

გენერალი ა. კამკამიძე მაღალი რანგის სამხედრო პროფესიონალი, დისციპლინირებული, მომთხოვნი, თანაც უაღრესად მორიდებული კაცი იყო. ის გრძნობდა, რომ, მას, როგორც რუსეთის არმიის გენერალს, ქართველ ოფიცერთა ერთი ნაწილი, რომელიც თავს დასავლეთზე ორიენტირებულად მიიჩნევდა, არ ენდობოდა. ზემოთ ხსენებული თათბირიც ისე მთავრდებოდა, რომ კამკამიძეს კონკრეტული ბრძანებები არ გაუცია. არადა, იმდენად ვიყავი დარწმუნებული სოხუმზე უახლოესი მომავლის შემოტევაზე ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის სიზუსტეში, რომ თავი ვერ შევიკავე, სიტყვა ვითხოვე და ვთქვი: ეს თათბირი მშვიდობიან პერიოდში სამხედრო რეკოგნოსცირების შედეგების განხილვას უფრო წააგავს, ვიდრე მოსალოდნელი შემოტევისას კონკრეტული დავალებების მიცემას. ბატონო სარდალო, მე დაჟინებით მივაქცევ თქვენს ყურადღებას ჩვენს მიერ მოპოვებულ და თქვენთვის მოწოდებულ მასალებს და გთხოვთ, სოხუმის დასაცავად ადეკვატური ღონისძიებები გაატარეთ-მეთქი. ჩემი გამოსვლის ტონი აიტაცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მაშინდელმა ხელმძღვანელმა თამაზ ნადარეიშვილმა, რომელმაც სამხედრო ხელმძღვანელობისგან სოხუმის დაცვის სრული გარანტია მოითხოვა.

4 მარტს, ღამით არაფერი მომხდარა. თუმცა, ჩვენმა თანამშრომლებმა, რომლებიც გუმისთის ფრონტის ხაზის ყოველდღიურ დაკვირვებებს აწარმოებდნენ, სოხუმის ახალი რაიონის მაღლივი სახლის სახურავიდან, გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე, ძლიერი ოპტიკური ხელსაწყოს საშუალებით, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის ინტენსიური გადაადგილება დააფიქსირეს. იმავე ინფორმაციას ფრონტისპირა ბატალიონებიც ადასტურებდნენ.

4 მარტს, გვიან ღამით, მინისტრთა კაბინეტის შენობაში თამაზ ნადარეიშვილთან შევიკრიბეთ. მახსოვს, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ დამსწრეთ მოულოდნელად გვთხოვა, მარტო დამტოვეთო. როგორც შემდეგ შევიტყვე, მან ჩვენი სამსახურის დახურული კავშირით(”ვჩ”) მოსკოვთან დაკავშირება ითხოვა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ კაბინეტში გვიხმო და გვითხრა, რომ ელცინს ესაუბრა და გააფრთხილა, რომ იცის 5 მარტს სოხუმზე მოსალოდნელი შემოტევის შესახებ და მასში რუსეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობაზე. შემოტევის განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნება რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. თანაც დაუმატებია, რომ თითქოს შემდგარ საუბარს უცხო ქვეყნების ჟურნალისტებიც უსმენდნენ. შემდეგ დაშლა და ჩვენ-ჩვენ ადგილებზე მისვლა და მზადყოფნა დაგვავალა.

იმ დაძაბულ ღამეს არაფერი მომხდარა, დილით ადრე კი შემომიტანეს რადიოგადაჭერის შედეგად მიღებული საუბრის ჩანაწერი გუდაუთასა და ტყვარჩელს შორის:

ტყვარჩელი:
- რაშია საქმე, რა ხდება?
გუდაუთა:
- ესენი ისევ გვღალატობენ. ყველაფერი მზად იყო, მოულოდნელად უარი განაცხადეს, მიზეზს არ ასახელებენ. ამბობენ ბრძანება მოსკოვიდან მივიღეთო.
ტყვარჩელი (გინების შემდეგ):
- ჩვენ აქ ყველა ყურებზე ვდგავართ, ერთი თვეა არ გვძინავს,ვემზადებით. ჩვენ მეტი ასე არ შეგვიძლია. თუ თქვენ თვითონ მალე რუსების გარეშე არ დაიწყებთ, ვფიცავარ, ჩვენ შეუერთდებით ქართველებს და წამოვალთ თქვენს წინააღმდეგ, რადგანაც ყველაფერი ეს თქვენი აგორებულია.
გუდაუთა (ამშვიდებს):
- მალე მათ გარეშე დავიწყებთ, დაგველოდეთ.

ფაქტია, ე. შევარდნაძის ჩარევამ შედეგი გამოიღო. ეტყობა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვერ გაბედა ელცინის განკარგულების დარღვევა, რომელიც ალბათ შევარდნაძესთან საუბრის შემდეგ მიიღო - არ დახმარებოდნენ აფხაზებს.

აფხაზეთის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები. სოხუმი, 1992 წლის შემოდგომააფხაზეთის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები. სოხუმი, 1992 წლის შემოდგომა

18 მარტს შედგა სატელეფონო საუბარი ჩვენს წყაროსთან მოსკოვში. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული წყარო საიმედოდ იყო ჩანერგილი არძინბას უახლეს გარემოცვაში და ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციებს ძირითადად მოიპოვებდა უშუალოდ პირველწყაროებისაგან. ორმხრივი კავშირი წყაროსთან ხორციელდებოდა წინასწარ შემუშავებული სქემით, რომლის ერთ-ერთი ვარიანტი, აუცილებლობიდან გამომდინარე საქალაქთაშორისო კავშირების არხების მოსკოვი-სოხუმის, მოსკოვი-თბილისი-სოხუმის გამოყენება იყო. ამ შემთხვევაში სოხუმის საქალაქთაშორისო სადგურში ჩვენი ოპერატიული ჯგუფისგან მიიღებოდა ზომები, რათა საუბრის მსვლელობისას არ მომხდარიყო საკომუტატოროს ტელეფონისტი ქალების და სახაზო-სააპარატოს ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის შემთხვევითი ან განზრახ ჩართვა კავშირგამბულობის არხებზე, რაც მაქსიმალურად გამორიცხავდა საუბრის შინაარსის გაჟონვას. საუბრისას ძირითადად გამოიყენებოდა წინასწარ შემუშავებული ფრაზები, ხოლო განსაკუთრებული შინაარსის და მნიშვნელობის ინფორმაცია გადმოიცემოდა დაშიფრულად.

საუბრისას, წყარო გაკვირვებას ვერ მალავდა სოხუმზე 5 მარტს დაგეგმილი შემოტევის ჩაშლის გამო, რომ აფხაზები საფუძვლიანად განაწყენდნენ რუსებზე, ადანაშაულებდნენ რა ღალატში. მისი თქმით, თავის მხრივ არც რუსები აკლებდნენ ხელს და პირდაპირ უცხადებდნენ, რომ ”თუ მაგრები ხართ გაგებედათ და ჩვენი დახმარების გარეშე შეგეტიათ სოხუმისთვისო”.

არძინბა, 5 მარტს სოხუმზე შეტევის გეგმის ჩაშლის შემდეგ, სასწრაფოდ ჩაფრინდა მოსკოვში, შეხვდა, როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო ხელმძღვანელობის უმაღლესი ეშოლონის წარმომადგენლებს და კატეგორიულად მოითხოვა ზეგავლენის მოხდენა ელცინზე , რათა უახლოეს მომავალში რუსეთის შეიარაღებული ძალების დახმარებით დაემყარებინა კონტროლი სოხუმზე. მას შემდეგ, რაც არძინბამ მიიღო დაპირება, რომ უახლოეს მომავალში დაიწყებოდა ერთობლივი მზადება სოხუმზე შეტევის განსახორციელებლად, დაბრუნდა გუდაუთაში. ამ ინფორმაციის შემდეგ ჩვენი წყარო გადავიყვანეთ ინტენსიური კავშირის რეჟიმში, იმავე რეჟიმით ავამოქმედეთ სოჭში, გუდაუთაში და ჩრდილო კავკასიაში მოქმედი წყაროებიც. გავაძლიერეთ დაკვირვება სოხუმში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე. რეგულარულად შემოსული სადაზვერვო ინფორმაციების ანალიზი, თანდათან გვარწმუნებდა, რომ გარდაუვალი იყო დროებით შეჩერებული ფართომასშტაბიანი შემოტევის ახლო მომავალში განახლება სოხუმზე. კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ ვადები რჩებოდა. ამ დროისთვის გუდაუთაში თავი მოიყარა სეპარატისტების ყველა ლიდერმა. მზადყოფნაში იყო მოყვანილი გუდაუთაში გადმოსროლილი და დისლოცირებული ყველა სახეობის სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ რუსეთის გენერალიტეტი და მაღალი რანგის ოფიცრები: გენერალ-ლეიტენანტი ჩინდაროვი, გენერალ-ლეიტენანტი სოროკინი. პოლკოვნიკი სამარცევი, მედიცინის პოლკოვნიკი ბაზარნი, პოლკოვნიკი ულიანოვი, პოლკოვნიკი კრავჩუკი, და სხვა უამრავი სხვადასხვა ჩინის და სპეციალობის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებითაც გავსებული იყო დასასვენებელი სახლები და ყაზარმები გაგრასა და გუდაუთაში.

ამ პერიოდს საეჭვოდ დაემთხვა 9 მარტს ქ.გალში, ქობალიას ინიციატივით ჩატარებული ანტისამთავრობო მიტინგი. რატომღაც, სახიფათოდ იქნა მიჩნეული საკმაოდ მცირერიცხოვანი მიტინგის გამართვა და გადაწყდა მისი ძალისმიერი მეთოდებით დაშლა, რამაც საბაბი მისცა ლოთი ქობალიას, პროტესტის ნიშნად მოეწყო პიკეტები, ზუგდიდში შესასვლელ ცენტრალურ გზებზე, რათა არ გაეტარებინათ აფხაზეთში მიმავალი ტვირთები. ლოთი ქობალიას მიერვე შეჩერდა იმ დროისათვის აღდგენილი მოძრაობა რკინიგზაზე და უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო აფხაზეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლების ძარცვამ. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ 9 მარტს 17 საათზე სადგურ ინგირში ქობალიას კონტროლს დაქვემდებარებული მებრძოლების მიერ აფხაზეთში მიმავალი # 972 სატვირთო შემადგენლობის დაკავებისა ფაქტი. მთლიანად იქნა გაძარცვული 13 ვაგონისაგან შემდგარი შემადგენლობა, რომელიც დატვირთული იყო ტყვია-წამლით, ყუმბარებით, „გრადის“ დანადგარის ჭურვებით და პროდუქტებით. 10 მარტს 13 საათზე ზუგდიდში ჩატარდა ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი მიტინგი, რომელზეც ლოთი ქობალიამ ზუგდიდში, წალენჯიხაში და ჩხოროწყუში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და დამსწრეთ შეპირდა, უმოკლეს ხანში დასავლეთ საქართველოში ექსპრეზიდენტის მმართველობის აღდგენას.

მივიღეთ თუ არა სხვადასხვა წყაროებისგან ინფორმაცია სოხუმზე 15 მარტს შემოტევის დაწყების შესახებ, სასწრაფოდ მოხსენდა ე. შევარდნაძეს, რომელიც კონკრეტულად დაინტერესდა თუ რას გადმოცემდა ჩვენი წყარო მოსკოვიდან (წყაროს ფსევდონიმი მისთვის ცნობილი იყო). ამის შემდეგ იგი ისევ ურეკავს ელცინს და თხოვს შესაბამისი ზომების მიღებას მოსალოდნელი აგრესიის აღსაკვეთად. ამჯერად ე. შევარდნაძის მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია, რადგანაც 1993 15 მარტს, გამთენიისას, აფხაზების, კონფედერატების და კაზაკების გაერთიანებული ძალები, მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ავიაციამ და არტილერიამ განახორციელა ქართული შენაერთების პოზიციების მასირებული დაბომბვა, გადმოვიდნენ შეტევაზე და სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ შეძლეს გუმისთის ფრონტის ხაზის გარღვევა და სიღრმეში შემოჭრა. შექმნილმა რთულმა ვითარებამ ქართულ სამხედრო ხელმძღვანელობას გაუძნელა საბრძოლო დანაყოფების მართვა, მით უმეტეს, რომ ზოგიერთებთან კავშირიც დაიკარგა. ფრონტის ხაზზე დამატებითი ძალების და განსაკუთრებით ქართული სამხედრო პოლიციის დანაყოფების გადასროლის შემდეგ, რომელსაც სოსო ახალაია ხელმძღვანელობდა, რასაც არტილერიის კარგად კორექტირებული და შეთანხმებული მოქმედება მოყვა, მდგომარეობა მალევე გამოსწორდა. აფხაზების მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი შემოტევა, რომელიც ორი დღე გრძელდებოდა ქართული სამხედრო შენაერთების წარმატებით დაგვირგვინდა. ეს იყო სოხუმში დისლოცირებული სამხედრო კორპუსის და 23-ე ბრიგადის ხელმძღვანელობის (ქვარაია, ნიკოლაიშვილი, ადამია) განსაკუთრებით, საარტილერიო შენაერთების და ფრონტისპირა ბატალიონების შეთანხმებული მოქმედების შედეგი. ხსენებულ ბრძოლებში ასევე თავი გამოიჩინეს შსს-ს და უშიშროების მებრძოლებმა.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ შევახსენებთ მკითხველს, რომ იმ დროს, როდესაც კონფლიქტის მოგვარებაში ჩართული რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები ყველა დონეზე ამტკიცებდნენ, რომ ნეიტრალიტეტს იცავდნენ, სინამდვილეში 15-16 მარტის ბრძოლებმა კიდევ ერთხელ გამოაშკარავეს რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა სეპარატისტული რეჟიმისადმი. რაც, თავის აღიარებით ჩვენებაში დაადასტურა, განცდილი მწარე მარცხიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, კერძოდ, 31 მარტს სოხუმში ჩვენს მიერ შპიონაჟის ბრალდებით დაკავებულმა ГРУ-ს ოფიცერმა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე სიტნიკოვმა.

 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე