უკვდავი კაშჩეი, თუ ЧК-ОГПУ-НКВД-КГБ-ФСБ
არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში უფრო საშინელი ორგანიზაცია,
ვიდრე ВЧК-ГПУ-ОГПУ-НКВД-НКГБ-МГБ-МВД-
КГБ-МСБ-АФБ-МБ-ФСК-ФСБ
სერგეი მელნიკოფფი
დასჯა. და არა უბრალოდ დასჯა, არამედ ნამდვილად დასჯა.
რომ იმ ქვეყნად შესამჩნევი გახდეს მოსახლეობის მატება
ჩვენი ОГПУ–ს საქმიანობის შედეგად
სერგეი კიროვი
წინა სტატიაში ავღნიშნეთ, რომ გვექნებოდა საუბრები რუსეთის ძირითადი სპეცსამსახურის ЧК-ФСБ-ს ტრანსფორმაციაზე. ითქვა, რომ შეიცვალა მხოლოდ აბრევიატურა, ხოლო არსი უცვლელი დარჩა. ამაში გასარკვევად, თუ თვალს გადავავლებთ ЧК-ს შექმნისა და აღზევების ისტორიას, ვნახავთ, რომ მას ჩვეულებრივ, კლასიკური სახის დაზვერვა-კონტრდაზვერვასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ეს იყო ტერორისტულ-კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც მე-20 საუკუნის ოციან წლებში ძარცვითა და რეპრესიებით, ანუ «ექსპლუატატორთა ექსპროპრიაციით’’ იყო დაკავებული. ნაძარცვის სოლიდური წილი შემსრულებლებს რჩებოდათ, დანარჩენი – ხელმძღვანელებს მისდიოდათ. შემთხვევითი არ იყო, რომ ჩეკას სათავეში კრიმინალური წარსულის მქონე ფელიქს ძერჟინსკი ედგა, რომელიც შემდგომში «მგზნებარე რევოლუციონერად’’ იქცა.
| ჰენრიხ გრიგორის ძე იაგოდა |
 |
| სსრკ-ს პირველი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი |
რუსეთის არქივებში დღემდე ინახება სისხლის სამართლის საქმეები, აღძრული იმ ჩეკისტთა მიმართ, რომლებსაც ბრალად ედებოდათ მკვლელობა, ძარცვა და სხვა სახის მძიმე დანაშაულების ჩადენა. ამასთან, განაჩენები საოცრად «ჰუმანურია’’, უფრო სიმბოლური ხასიათის. ბევრი ბრალდებული გასამართლებიდან ცოტა ხნის შემდეგ ისევ უბრუნდებოდა «მშობლიურ” ჩეკას და დგებოდა ‘’სამშობლოს ინტერესების სადარაჯოზე’’. ოციანი წლების ბოლოსთვის ი.სტალინმა მოახერხა ძირითადი მოწინააღმდეგეების ჩამოშორება და აქტიურად შეუდგა მსოფლიოს «გაწითლების’’ (უბრალოდ დაპყრობის) ბოლშევიკური ბოდვითი იდეის განხორციელებას, რასაც წინ უძღოდა მოსამზადებელი პერიოდი: კოლექტივიზაცია, ინდუსტრიალიზაცია და არმიის რეორგანიზაცია. სამივე ამოცანა მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიების გზით იქნა გადაწყვეტილი. ჩვენს მიზანს ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს ი.სტალინის დანაშაულთა მხილება. შემოვიფარგლებით მხოლოდ ამ დანაშაულებში ჩეკას ადგილის გარკვევით. ამ მზნით, თუ თვალს გადავავლებთ ისტორიას, ვნახავთ, რომ ჩეკისტები პირნათლად ასრულებდნენ ბელადის ნებისმიერ დავალებას. «წარმატებით’’, სოფლის მოსახლეობის რეპრესიების ხარჯზე განხორციელდა კოლექტივიზაცია. დაიწყო ინდუსტრიალიზაცია.
ამ საქმეებს კარგად გაართვა თავი ჩეკას ხელმძღვანელმა ჰ.იაგოდამ. მანვე სათავე დაუდო «გულაგის’’ შექმნას, რომელშიც პატიმართა მონური შრომის გამოყენებამ მსოფლიოში უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. ამით ჰ.იაგოდამ ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები და “ადგილი დაუთმო” სადისტური და ჰომოსექსუალური მიდრეკილებების მქონე ნ.ეჟოვს. ამ უკანასკნელმა განახორციელა ყველაზე ფართომასშტაბიანი რეპრესიები: მისი ხელმძღვანელობით დაპატიმრებული იქნა მილიონნახევარი ადამიანი, რომელთა ნახევარზე მეტი დაიხვრიტა. ამრიგად, ჰ.იაგოდას ხელით განხორციელდა კოლექტივიზაცია და საფუძველი ჩაეყარა მძიმე ინდუსტრიას. ნ.ეჟოვმა შეასრულა მეორე ეტაპი - «ენკავედეს’’ და არმიის «მორჯულება’’.
ცნობა: ჰ.იაგოდას ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ნივთმტკიცებებს შორის ფიგურირებენ პორნოგრაფიული ფილმები და ფოტოგრაფიები, რეზინის სასქესო ორგანო, ტროცკისტული ლიტერატურა და ტყვიის ორი გულა წარწერებით, რომ გამოყენებულ იქნენ ზინოვიევისა და კამენევის დასახვრეტად. ეს «სიმდიდრე’’ მიითვისა იაგოდას მემკვიდრე ნ.ეჟოვმა და შემდეგში ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელის ბინიდან. ეს საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, თუ რა დონეზე იყო დეგრადირებული ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა (პირად შემადგენლობაზე ლაპარაკიც ზედმეტია). დაკითხვისას ნ.ეჟოვმა განაცხადა: «მე 14 ათასი ჩეკისტი გამოვწმინდე, მაგრამ ჩემი უდიდესი ბრალი იმაში მდგომარეობს, რომ მე ცოტანი გამოვწმინდე. ყველგან მტრები იყვნენ...» როგორც იტყვიან, კომენტარები ზედმეტია: მილიონნახევარი ადამიანის რეპრესირების უშუალო ხელმძღვანელი ნანობს, რომ ცოტა «გაწმინდა’’. მისი განცხადება საინტერესოა სხვა კუთხითაც - რამდენი კაცი მსახურობდა ჩეკაში, თუ 14 000 კაცის დაპატიმრებას მისი ეფექტურობა არ შეუმცირებია - რეპრესიების აპოგეა ხომ ეჟოვის ხანაზე მოდის?
იაგოდა-ეჟოვის მოღვაწეობას, როგორც ავღნიშნეთ, უკავშირდება კოლექტივიზაცია და ინდუსტრიალიზაცია. კოლექტივიზაცია შედარებით «ადვილად’’ განხორციელდა - ჩეკას წყალობით მილიონობით გლეხი გაწყვიტეს, დანარჩენი ძალით შერეკეს კოლმეურნეობებში, ხოლო ურჩები «განაკულაკეს’’. შედეგად სოფელი საბოლოოდ დაიმორჩილეს, სამხედრო დანაყოფს დაამსგავსეს, მოამზადეს მომავალი ომისთვის, რომელსაც ასეთივე «ბედნიერ კოლმეურნეებად’’ უნდა ექცია ათეულობით მილიონი თავისუფალი ფერმერი ევროპასა და ამერიკაში.
რაც შეეხება ინდუსტრიალიზაციას, აქ საქმე რთულად იყო. პროფესიონალი კადრები ბოლშევიკებს გაექცნენ. ვინც გაქცევა ვერ მოასწრო, დახვრიტეს. საჭირო იყო იმჟამინდელი ახალი ტექნოლოგიები და კვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, მუშახელი. საბჭოთა კავშირს არც ერთი არ გააჩნდა. ასეთ პირობებში ინდუსტრიალიზაციაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, თუ რაიმე არაორდინალურ საშუალებას არ გამოიყენებდნენ. ასეთი საშუალებაც მოინახა. კერძოდ, 1929-30 წლების ეკონომიკურმა კრიზისმა ამერიკასა და ევროპაში სხვადასხვა დარგის სპეციალისტების დიდი ნაწილი უმუშევრად დატოვა. ამ ფაქტით სარგებლობა არ დააყოვნა სტალინმა. მისი დავალებით ჩეკამ შეიმუშავა სქემები, თუ როგორ მოეზიდათ საჭირო სპეციალისტები, რომლებიც ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობასთან ერთად კვალიფიციური კადრების მომზადებასაც ეწეოდნენ.
| ნიკოლაი ივანის ძე ეჟოვი |
 |
| სსრკ-ს მეორე შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი |
რაც შეეხება ტექნოლოგიებს, ბევრ რამეს ყიდულობდნენ, უფრო მეტს იპარავდნენ. ამ მიზნით ჩეკამ აამოქმედა საკუთარი უცხოური აგენტურა - ძირითადად განვითარებული ქვეყნების კომუნისტური და მუშათა პარტიების წევრები, რომლებიც ჩეკას დავალებით ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ საკუთარი სახელმწიფოების წინააღმდეგ. ამ საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართული მოსკოვში მოქმედი «კომინტერნის’’ წევრებიც. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ჩეკა სტალინის დავალებით ყალბ დოლარებსაც ამზადებდა, რომლის "ლეგალიზება" ხდებოდა ბერლინის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით. გერმანელი ბანკირი ჩეკას აგენტი იყო. ამრიგად, საბოლოოდ ჩამოყალიბდა საბჭოთა ბოლშევიკური სპეცსამსახური, რომლის «სადაზვერვო’’ ფუნქცია განისაზღვრებოდა სამრეწველო შპიონაჟითა და საბოტაჟით. რაც შეეხება «კონტრდაზვერვას’’, მისი ფუნქცია რეპრესიების გზით საკუთარი მოსახლეობის დაშინება იყო, რათა ამ უკანასკნელს უსიტყვოდ შეესრულებინა "ბელადთა" გადაწყვეტილებები.
ორმა «მავრმა’’ – იაგოდამ და ეჟოვმა საბოლოოდ ჩამოაყალიბეს გულაგი – მონური შრომის უპრეცედენტო სისტემა, კოლმეურნეობა იგივე გულაგი, მხოლოდ მსუბუქ ფორმებში, "ბელადის" ერთგული საბჭოთა არმია, ინდუსტრიული ცენტრები, რომლებიც უკვე ერთ წელიწადში იძლეოდნენ იმდენი სამხედრო ტექნიკის დამზადების საშუალებას, რამდენსაც ევროპის ყველა ქვეყანა, ერთად აღებული, ვერ აწარმოებდა. ჩამოაყალიბეს, შექმნეს და «წავიდნენ’’, ვინაიდან «ბელადის’’ დღის წესრიგში იდგა ახალი საკითხი, მისი ცხოვრების მთავარი მიზანი – მსოფლიოს «გაწითლება’’. ეს კი ითხოვდა სპეცსამსახურის ხელმძღვანელად ისეთი პიროვნების დანიშვნას, რომელიც უნდა ყოფილიყო არაორდინალური პიროვნება იაგოდასა და ეჟოვთან შედარებით როგორც ბელადისადმი ერთგულებაში, ასევე გაქნილობა-გაიძვერობასა და უპრინციპობა-ამორალურობაში. ასეთი პიროვნებების ნაკლებობა ჩეკაში არასდროს ყოფილა, მაგრამ საჭირო იყო «საუკეთესოთა’’ შორის «საუკეთესო’’. უცნობია, დიდხანს არჩევდა «ბელადი’’ კანდიდატურებს, თუ წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ფაქტია, რომ ეჟოვი ლავრენტი ბერიათი ჩაანაცვლა. ეს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დანიშვნა, როგორც შემდგომმა მოვლენებმა უჩვენა, წარმოადგენდა ახალი ეპოქის დასაწყისს ჩვენს ისტორიაში.
|