აფხაზურმა უმაღლესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სოხუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეწარმის ანზორ ბუთბას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით მისი პატიმრობის ქვეშ დატოვების შესახებ. ის არის ყველაზე მსხვილი ფიგურა იმ დაკავებულებს შორის, რომლებსაც ბრალი ედებათ აფხაზური რეჟიმის თავკაცზე ალექსანდრე ანქვაბზე მომხდარ თავდასხმაში.
ბუთბა 12 აპრილს იქნა დაპატიმრებული. მისდამი აღმკვეთი ღონისძიების შერჩევის სოხუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მისმა დამცველებმა საკასაციო საჩივარი სეპარატისტების უმაღლეს სასამართლოში შეიტანეს.
ამავე საქმის ჩარჩოებში სოხუმის საგამოძიებო იზოლატორში ასევე იმყოფებიან ალხას ხუტაბა და რამზი ხაშიგი. კიდევ ერთმა დაკავებულმა თემურ ხუტაბამ 18 აპრილს ღამით საკანში თავი ჩამოიხრჩო - მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა აფხაზეთის შს ექს - მინისტრის ალმასბეი კჩაჩის თვითმკვლელობის შესახებ, რომელმაც თავის ბინაში სასროლი იარაღით თავი მოიკლა ალექსამდრე ანქვაბზე თავდასხმის საქმის ჩარჩოებში მისი დაპატიმრების მცდელობის დროს. ამის გარდა, გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით აწარმოებს მურთაზ საკანიას დაკითხვას, რომელმაც დაკავების დროს ყელის არეში დანით ჭრილობის მიყენებით სუიციდის მცდელობა ჩაიდინა.
ანქვაბზე ბოლო, რიგით მეექვსე თავდასხმა მოხდა მიმდინარე წლის 22 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის გუდუთის რაიონში. აფხაზი ”პრეზიდენტის” კორტეჟს ნაღმმტყორცნიდან და ტყვიამფრქვევიდან ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ავტომანქანების მოძრაობის გზაზე წინ ბომბის აფეთქება უძღოდა. პირადი დაცვის ერთი თანამშრომელი რემზიკ ცუგბა ადგილზე გარდაიცვალა. ხოლო მისი კოლეგა თენგიზ ფანდარია კი ნაღმის ნამსხვრევებისაგან სხეულზე მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში 2 მარტს გარდაიცვალა.
|