RSS
ვინ, ვის?
20.04.2012 17:21
ექსპერტთა კლუბი

არნახულ მასშტაბებს მიაღწია ძალოვანი უწყებების სისასტიკემ და განუკითხაობამ ჩრდილოეთ კავკასიაში, რასაც მეამბოხე იატაკქვეშეთი მყისიერად პასუხობს ისეთივე სისასტიკით. რადგან ხელისუფლებამ ოფიციალურად უნდობლობა გამოუცხადა ადგილობრივი წარმომავლობის კადრებს, რეგიონში ცენტრალური რუსეთიდან და ციმბირიდან შემოყვანილ იქნა ათი ათასობით სპეცრაზმელი და ყველა სახეობის მძიმე ტექნიკა.

ადგილობრივი ვითარებისა და ენის არცოდნის გამო, რასაც არც თუ უსაფუძვლო შიში ახლავს თან, სპეცრაზმები დაუნდობლად, შორი მანძილიდან სპობენ ყველა “საეჭვოდ” მოძრავ ავტომანქანას თავის მგზავრებიანად და იმ საცხოვრებელ სახლებს, სადაც მათი ინფორმაციით შეიძლება სავარაუდო ბოევიკი აფარებდეს თავს.
მიმდინარე წლის 3 აპრილს ქ. ნაზრანში ძალოვნების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მათ უპასუხისმგებლობას შეეწირა ნაზრანის აგურის ქარხნის მუშების 24 წლის სალაუტდინ მუსუჟევის, 30 წლის შამსუდინ გარდანოვის და 56 წლის ზინა ვადელოვას სიცოცხლე. ახლობლებმა ძალოვნების ცეცხლით აფეთქებული მანქანიდან ამოღებული მხოლოდ მათი გვამების ფრაგმენტები მიიღეს დასაკრძალვად.

ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაურმა «გულსატკენ შეცდომად» შეაფასა ეს ვანდალური აქტი და თხოვნით მიმართა რესპუბლიკაში მოვლინებულ ძალოვნებს სრულ იგნორირებას ნუ გაუკეთებენ ადგილობრივ კადრებს, ისარგებლონ მათი შესაძლებლობებით და ცალკეული ეჭვმიტანილის დაკავების დროს თუ ამას მწვავე აუცილებლობა არ მოითხოვს ნუ გამოიყენებენ ტანკებს, არტილერიას და ავიაციას, რადგან ეს მოსახლეობაში პანიკასა და ფსიქიურ დაძაბულობას იწვევს. მისივე დავალებით 3 აპრილს დაღუპული უდანაშაულო მუშების დაკრძალვას დაესწრნენ რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მუფტიატის წარმომადგენლები, რომლებსაც ას ასი ათასი რუბლი გადასცეს დაღუპულთა ოჯახებს.

ასე უხმაუროდ დამთავრდა ეს ტრაგიკული დანაშაული, რადგან გაპროტესტების შემთხვევაში მორიგი რისხვა ელოდათ როგორც დაღუპულთა ოჯახებს, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

18 მარტს დაღესტანში ხასავიურთის რაიონის სოფელ ნოვოსასიტლიში ძალოვნებმა, მძიმე ტექნიკის გამოყენებით ააფეთქეს საცხოვრებელი სახლი, სადაც მათი მონაცემებით 2 ბოევიკი აფარებდა თავს. გაჩენილი ხანძარი გადაედო მეზობლის სახლსაც. სოფლის თავკაცის ახიად აბდულაევის ინფორმაციით, სპეცრაზმელებმა უფლება არ მისცეს გამოძახებულ მეხანძრეებს ჩაექროთ ცეცხლი სანამ ყველაფერი არ დაიფერფლა. ძალოვნების ასეთი ქცევა ყველა იმ ნივთმტკიცების განადგურებას ისახავდა მიზნად, რომელიც შემდეგ მათ წინააღმდეგ შეიძლება იქნას გამოყენებული.

მეამბოხე იატაკრვეშეთი ასეთ თავხედურ ქცევებს დემონსტრაციული ტერორისტული აქტებით პასუხობს, 11 აპრილს მაჰაჩკალაში სამარშრუტო ტაქსში, მგზავრების თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იქნა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 102-ე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე.

12 აპრილს 5 შეიარაღებული პირი შეიჭრა მაჰაჩკალის ლენინის რაიონის პროკურორის თანაშემწის იბრაგიმოვის ოჯახში, რომელიც სასტიკი ცემის შემდეგ მოკლეს მისი ოჯახის წევრების თვალწინ.

სისტემატური ხასიათი მიიღო ხელისუფლებისათვის მიუღებელი სასულიერო პირების ერთმანეთზე გადაკიდების და თავიდან მოშორების პრაქტიკამ. მიზანში ამოღებულ პიროვნებაზე იქმნება ლეგენდირებული დეზინფორმაცია მისი სპეცსამსახურებთან საიდუმლო თანამშრომლობის ან რაიმე კონკრეტულ დანაშაულში მათი მონაწილეობის შესახებ, რაც უმრავლეს შემთხვევაში სასტიკი შურისძიებით მთავრდება.

ასეთ «აქტიურ ოპერატიულ ღონისძიებებს» ბოლო წლებში შეეწირა ორმოცამდე მაღალი რანგის სასულიერო პირი და ასობით პოლიციელი.

ქ. ბუინაკსეში 23 მარტს დილის ლოცვაზე მიმავალი ქალაქის მთავარი მეჩეთის იმამის გატინომაგომედ აბდულგაფუროვის და მისი პირადი მცველის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის რასულ მაგომედოვის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო დაღესტნის შეიარაღებულმა იატაკქვეშეთმა. მათ საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ იმამის მკვლელობის მიზეზი მისი სპეცსამსახურებთან საიდუმლო თანამშრომლობა გახდა, რისთვისაც იგი ადრე რამდენჯერმე იყო გაფრთხილებული.

11 აპრილს მოსკოვში, ბრესტის ქუჩაზე მრავალი თვითმხილველის თვალწინ ჯერ სასტიკად სცემეს და მერე ყელი გამოჭრეს მუსულმან საზოგადო მოღვაწეს მეტინ მეხტიევს. ხუთი თავდამსხმელიდან ერთი ახალგაზრდა ქალი იყო. მკვლელობის მიზეზად ამ შემთხვევაშიც მისი სპეცსამსახურებთან კავშირი სახელდება.

სპეცსამსახურებთან საიდუმლო თანამშრომლობა წაუყენეს ბრალდებათ ხუთ დაღესტნელ მონადირეს, რომლებიც პირადი აღიარების შემდეგ დახვრიტეს, მათი გვამები კი მავთულით ხეებზე მიაბეს. როგორც გაირკვა სპეცსამსახურები მონადირის საფარით მათ გზავნიდა ტყეებში ბოევიკებისა და მათი ბაზების აღმოჩენის მიზნით.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის აპრილში დაღესტნის მუფტმა ახმედ ჰაჯი აბდულაევმა შეახსენა სასულიერო პირებს, რომ მათი მთავარი ფუნქცია მორწმუნეების ღმერთთან დაახლოებაა და არა საეჭვო პირების გამოვლენა და მათზე თვალთვალი. მან ყველა მუსლიმის შეურაცყოფად ჩათვალა ასეთი საქციელი და ისლამისა და ხალხის არაკეთილმოსურნეებად გამოცხადდა ყველა ის პიროვნება ვინც ასეთი ქმედებისაკენ უბიძგებს სასულიერო პირებს ან ავრცელებს მათზე პროვოკაციულ ჭორებს. არ შეიძლება მთელი სერიოზულობით არ იქნას აღქმული მუფტის ეს შეშფოთება.

ორიოდ კვირის შემდეგ რუსეთის «ახალი» პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია შედგება. მისი 12 წლიანი მმართველობის დროს გატარებულმა პოლიტიკამ ჩრდილოეთ კავკასიაში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ხელისუფლებისა და მოსახლეობის დაშორიშორება გამოიწვია. ძალოვანი უწყებებისა და მეამბოხე იატაკქვეშეთის 20 წლიანმა სამკვდრო-სასიცოცხლო შეიარაღებულმა დაპირისპირებამ ჯერჯერობით ვერ გამოავლინა ვინ ვის გაისტუმრებს მოუსავლეთში. თუ არ შეწყდა ძალისმიერი მეთოდების და უზნეობის შემდგომი ესკალაცია და არ შეჩერდა ხელისუფლების მიერ წაქეზებული ძალოვანი უწყებების მიერ შეჯიბრებად გადაქცეული გამოწვევა ვინ ვის გადააჭარბებს სისასტიკესა და დაუნდობლობაში, არა მარტო კავკასიის რეგიონი, თვით რუსეთიც კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მახაჩკალაში ტერორისტმა-თვითმკვლელმა ქალმა შსს-ს შენობასთან თავი აიფეთქა
25.05.2013 14:55
საოკუპაციო ხაზის დამრღვევთათვის სანქციები გამკაცრდა
25.05.2013 13:30
საოკუპაციო რეჟიმის უშიშროების რაზმი ოქუმის სკოლაში შეიჭრა
24.05.2013 16:54
პრეზიდენტმა "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის" დოკუმენტს მოაწერა ხელი
24.05.2013 12:57
გალში რუსული ენის დღე ”კალინკას” ფონზე აღნიშნეს
23.05.2013 13:44
პატრიარქის ჩასვლა აფხაზეთში შესაძლებელია რაღაც შეთანხმების საფუძველზე – პაატა ზაქარეიშვილი
23.05.2013 13:38
ილია მეორე სოხუმში ჩასვლას გეგმავს
22.05.2013 20:11
ქართველი წვევამდელები აფხაზურ ჯარში იძულებით იმსახურებენ
21.05.2013 12:29
ყველა სიახლე