25 აპრილს მსოფლიოს ყველა ადიღურმა ორგანიზაციამ აღნიშნა ჩერქეზული დროშის დღე. ამ თარიღისადმი მიძღვნილი საზეიმო და სპორტული ღონისძიებები ჩატარდა ადიღეში, ყაბარდო-ბალყარეთსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთში. მხედართა ჯგუფმა ჩერქეზული დროშით და ავტოგარბენის მონაწილეებმა მოიარეს ქალაქები და აულები, "ადიღე ხასეს" ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა ჩაატარეს საუბრები ჩერქეზული დროშის ისტორიასთან დაკავშირებით და გამართეს კონცერტები.
მწვანე აბრეშუმის ჩერქეზულ დროშაზე გამოსახულია სამი გადაჯვარედინებული ისარი (რაც სამი სუბეთნიკური ჯგუფის სიმბოლოა) და 12 ვარსკვლავი. გადმოცემის თანახმად იგი დაამზადა მაღალი წოდების ჩერქეზმა ქალმა თურქეთში და დასავლეთ ჩერქეზეთში ჩამოიტანა კონსტანტინეპოლში ინგლისის საელჩოს მდივანმა დევიდ უკვარტმა.
ჩერქეზული დროშის დღის აღნიშვნას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. პოლიციამ მხედართა ჯგუფი დროშით ხელში არ შეუშვა ქ.ჩერქესკში იმ საბაბით, რომ არსებული განაწესი არ ითვალისწინებს ცხენების ქალაქში შეშვებას, თუმცა მათ ვერ შეძლეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
|