ამერიკელი პოლიტოლოგების პროგნოზით, "აშშ-რუსეთის ურთიერთობებში საკმაოდ რთული პერიოდი იწყება". ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, ის, რაც მოსკოვში პუტინის ინაუგურაციაზე ხდებოდა, ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ პუტინის მმართველობის სტილი უცვლელი იქნება და კრემლი საკუთარ მოქალაქეებსა და ოპოზიციაზე რეპრესიებს გააძლიერებს.
"რუსეთში აშკარად რაღაც იცვლება და ამის მაგალითი პუტინის წინააღმდეგ არსებული პროტესტია. მისი ლეგიტიმურობა კი ეჭვქვეშ დგას. ასე, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში საკმაოდ რთული პერიოდი იწყება", - აცხადებს პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა.
ექსპერტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ამერიკა-რუსეთს შორის "გადატვირთვის" პოლიტიკამ არ იმუშავა.
"ის ფაქტი, რომ ინაუგურაციის დღეს ანტიპუტინისტები პოლიციამ სასტიკად დაარბია, მთელი მსოფლიოსთვის სიგნალია. დასავლეთში რუსეთში მიმდინარე მოვლენებს კარგად აკვირდებიან და ხვდებიან, რომ პუტინი ისევე უდიერად მოექცევა სხვა ქვეყნებსაც, როგორც საკუთარ ხალხს ექცევა" - განაცხადა ექსპერტმა ენდრიუ ნაგორსკიმ.
რაც შეეხება ვლადიმერ პუტინის და აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას შეხვედრას, ის 18 მაისს თეთრ სახლშია დაგეგმილი.
|