"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პატივს მიაგებს ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ხსოვნას, მშვიდობიანი მოსახლეობის მრავალრიცხოვან მსხვერპლს, რომელიც შეიწირა მეორე მსოფლიო ომმა და კიდევ ერთხელ ღრმა მადლიერებით აღნიშნავს ვეტერანთა თავდადებას და წვლილს ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით.
„ფაშიზმზე დიად გამარჯვებას კაცობრიობამ უდიდესი მსხვერპლის ფასად მიაღწია. არნახული მასშტაბის ომმა მილიონობით ადამიანი, მათ შორის, ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე შეიწირა. მეორე მსოფლიო ომში ქართველი მეომრები საკუთარი სამშობლოს ფარგლებს გარეთ, თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ისეთ ზოგადსაკაცობრიო იდეალებს, როგორიცაა თავისუფლება, სამართლიანობა და მშვიდობა, - ნათქვამია განცხადებაში. - ქართველ ხალხს შეუძლია სამართლიანად იამაყოს, თავისი მეომრებით, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ საყოველთაო საქმეში".
ასევე აღინიშნება, რომ მეორე მსოფლიო ომმა მთელს მსოფლიოს უჩვენა საერთაშორისო სამართლის ახალი სისტემის შექმნის აუცილებლობა, რომელიც ძირშივე გამორიცხავდა ასეთი მასშტაბების კატაკლიზმების გამეორებას და მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი გახდებოდა.
დღესვე თბილისში კომენტარი გაუკეთეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საქციელს, რომელმაც ფაშიზმზე გამარჯვების თარიღთან დაკავშირებით დსთ-ს ლიდერებს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმების ლიდერებს, ასევე საქართველოს ხელმძღვანელობის ნაცვლად საქართველოს მოქალაქეებს მილოცვები გაუგზავნა.
ქართველი ხალხისათვის გამოგზავნილ მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტი ტრადიციულად აპელირებს საბჭოთა წარსულით, "დიდ სამამულო ომზე" აქცენტის გამახვილებით. პუტინი რატომღაც დარწმუნებულია, რომ 9 მაისი ( და არა 8 -რიცხვი, როგორც მიღებულია მთელს მსოფლიოში) სამუდამოდ დარჩება სიამაყის დღედ რუსი და ქართველი ხალხებისათვის". და ამასთან ერთად ის ხაზს უსვამს, რომ კრემლი "ყოველთვის" დაიცავს "სიმართლეს ომის შესახებ" - ესე იგი, რუსეთის ფედერაციაში მიღებულ მითოლოგიურ მიდგომას მეორე მსოფლიო ომისადმი, რომელიც მოსკოვის მიერ გამოიყენება რუსეთის მოსახლეობაში ფსევდოპატრიოტული ისტერიის გაღვივებისათვის და პოსტსაბჭოთა სივრცეში "კულტურული" ინტეგრაციისათვის.
პუტინის მოლოცვა უკვე გააკრიტიკეს თბილისში. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა "შეიძლება თავი არ შეიწუხოს ასეთი ფორმით მოლოცვისათვის", რამდენადაც "საქართველოს მოსახლეობა ასეთ შეურაცხმყოფელ მილოცვებს არ ღებულობს". ხოლო პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ვლადიმერ პუტინის მიმართვას ცინიზმის მორიგი გამოვლინება უწოდა.
"ესაა ერთი ხელით საუბარი საქართველოსთან მეგობრობაზე, ძმობასა და ქართველი ხალხის სიყვარულზე, მეორე ხელით კი ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოგზავნა. ეს არის რუსეთში მოქმედი ხელისუფლების ჭეშმარიტი და ნამდვილი სახე",- განაცხადა მან. - ის ფატი, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან იქნა შემოტანილი, ადასტურებს იმ აგრესიულ ზრახვებს, რომელიც რუსეთის ფედერაციას ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ აქვს. ქართველი ხალხის სიყვარული ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენი ხალხის სიცოცხლის, ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში გამოიხატება".
|