რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "მკვდარ სულებს" 6 მლნ რუბლზე მეტი გადაუხადა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთიანი ანგარიშსწორების ცენტრის თანამშრომლების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით. გასული წლის მარტის თვეში მათ 128 კაცის საბანკო ბარათებზე გადარიცხეს 6,3 მლნ რუბლი, რომლებიც თითქოსდა გადიოდნენ სამსახურს სამხრეთ სამხედრო ოლქში, – იტყობინება რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა.
დადგენილია, რომ აღნიშნული თანხიდან ოთხი მილიონი რუბლი განაღდებული და დატაცებული იქნა უცნობი პირების მიერ. თაღლითობაში ეჭვმიტანილნი არიან ერთიანი ანგარიშსწორების ცენტრის საანგარიშო სამმართველოს უფროსის მოადგილე იგორ ბილევიჩი, მეორე სამმართველოს ბიუროს უფროსი ოლეგ მუნიაევი და მესამე სამმართველოს ბიუროს ეკონომისტი ილია სობოლევი. გამოძიების მონაცემებით, თანხების უკანონო გადარიცხვები მათ განახორციელეს ცენტრის შენობაში, მაგრამ სხვისი სამუშაო ადგილებიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ წლის დასაწყისიდან რუს სამხედროებს ხელფასები 3-ჯერ გაეზარდათ, მარგამ ათეულობით ათასი ადამიანი უჩიოდა მათ დაგვიანებას. თავდაცვის სამინისტროში ეს დაგვიანებები მაშინ ახსნეს ტექნიკური შეცდომებით. კერძოდ, საუბარი იყო კადრების ნაკლებობაზე ერთიან ანგარიშსწორების ცენტრში, ტექნიკურ უზუსტობაზე ანგარიშსწორების სისტემაში, ასევე სპეციალისტების უმეტესი ნაწილის დაბალ უნარჩვევებზე, რომლებიც ადრე მუშაობდნენ საგადასახადო ორგანოებში.
|