აფხაზეთში დაკავებულია ედგარ ჭითანავა - კიდევ ერთი ეჭვმიტანილი აფხაზეთის "პრეზიდენტზე" ალექსანდრე ანქვაბზე მომხდარ თავდასხმაში. ადგილობრივი გენპროკურატურის ცნობის თანახმად, ჭითანავა დაკავებული იქნა უშიშროებისა და შს ორგანოების თანამშრომლების მიერ გუდაუთის რაიონის სოფელ დურიფშთან არსებულ ტყის მასივში. მას ამოუღეს "ტტ" - ს სისტემის პისტოლეტი, ასევე საძილე ტომარა და ტომარა პირადი ნივთებითა და ტყვიაწამლით.
გამოძიების მონაცემებით, ედგარ ჭითანავა არის აფხაზეთში 28 აპრილს დაპატიმრებული მისი ძმის ედლარ ჭითანავას თანამზრახველი, რომელიც ბრალდებულია ხუთი წლის წინ ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებულ თავდასხმაში. 2007 წლის 9 ივლისს ალექსანდრე ანქვაბის ჯიპს გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნის მიდამოებთან ცეცხლი გაუხსნეს ყუმბარმტყორცნიდან. აფხაზეთის პრემიერმა მიიღო რამდენიმე ჭრილობა ზურგში და მსუბუქი კანტუზია.
ავღნიშნავთ, რომ ედგარ ჭითანავა დაკავებული იქნა იმ სპეცოპერაციის შედეგად, რომლის შემდეგ რუსეთის ანტიტერორისტულმა ცენტრმა განაცხადა სოჭში ტერაქტების აღკვეთის შესახებ – რაც შემდგომ უარყვეს აფხაზეთის "უშიშროების საბჭოში". კიდევ ერთი დაკავებულია რუსტან გიცბა – ცნობილი ტერორისტის, "აფხაზეთის გმირის" შამილ ბასაევის ცოლის ძმა.
ანქვაბზე ა.წ. 22 თებერვალს განხორციელებული ბოლო თავდასხმის ფაქტზე – რა დროსაც დაიღუპა აფხაზეთის "პრეზიდენტის" ორი პირადი მცველი, აფხაზმა ძალოვნებმა გუდაუთის რაიონში დააკავეს 6 კაცი. 12 აპრილს დააკავეს ალხას და ტიმურ ხუტაბა, ანზორ ბუთბა და რამზი ხაშიგი. 18 აპრილს თავის საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს ნახეს ტიმურ საკანია. 17 აპრილს დაპატიმრებული იქნა მურთაზ საკანია, რომელმაც დაკავებისას სცადა თავის მოკვლა დანის ყელში დარტყმით, ხოლო 5 მაისს დააპატიმრეს თამაზ ბარციცი.
აფხაზეთის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ დაპატიმრებულმა ბუთბამ, ხაშიგმა და ალხას ხუტაბამ აღიარეს, რომ მათ, ძებნაში გამოცხადებულ სოფელ დურიფში მცხოვრებ რუშბეი ბარციცთან ერთად, ორჯერ – 2011 წლის ნოემბერში და 2012 წლის თებერვალში – განახორციელეს ალექსანდრე ანქვაბის მკვლელობის მცდელობა.
კიდევ ერთმა ეჭვმიტანილმა – აფხაზეთის შს ყოფილმა მინისტრმა ასლამბეი კჩაჩმა – 17 აპრილს, გაგრაში მისი დაკავების მცდელობისას, თავი მოიკლა ცეცხლსასროლი იარაღით.
|