RSS
საქართველო-რუსეთის „ცივი ომის“ ასპექტები
19.07.2012 17:14
სიმონ კილაძე

ბრძოლის ფრონტი საერთაშორისო ორგანიზაციებში

2008 წლის აგვისტოს „ცხელი“ ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირება კვლავ ომამდელ პოლიტიკურ სიბრტყეში დაბრუნდა, თუმცა რადიკალური კორექტივებით: დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტით, საერთაშორისო არენაზე მწვავე უთანხმოებით, ერთმანეთისადმი ბრალდებების კასკადით, მკაცრი განცხადებებით, რეზოლუციებით... ერთი სიტყვით, „ცხელი“ ომი „ცივმა“ ომმა შეცვალა: ჯერ კიდევ 90-იან წლებში სპონტანურად შექმნილ „საომარ ფრონტებზე“ დაუნდობელი და უკომპრომისო ბრძოლა ახალი ძალით გაჩაღდა. ამ ბრძოლაში თბილისის მთავარი მიზნებია: პერმანენტულად ამხილოს რუსეთი ოთხი წლის წინ განხორციელებულ აგრესიაში, აგრესიის შემდგომ საქართველოს ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის დამყარებაში და საერთშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმის - ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევაში; გარდა ამისა, საქართველოს დიპლომატიური ძალისხმევა მიმართულია რუსული დიპლომატიის ანტიქართული, აფხაზ-ოსების მხარდამჭერი ნაბიჯების ბლოკირებისაკენ, რათა არ გაგრძელდეს სეპარატისტული რეჟიმების დამოუკიდებლად აღიარება, მათი დე-იურედ ცნობა.

მოსკოვ-თბილისის „ცივი“ ომის ფრონტის ხაზი საერთაშორისო სტრუქტურებზე გადის - გაერო–ზე, ევროსაბჭოზე, ევროკავშირზე, ეუთო–ზე და სხვა ორგანიზაციებზე, რომელთა პლენარულ სხდომებზე საქართველო-რუსეთის ურთიერთ-დამოკიდებულების პრობლემატური საკითხები განიხილება. როგორც ცნობილია, საქართველო ადრეც საკმაოდ აქტიურად იყენებდა ამგვარ საერთაშორისო ტრიბუნას თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესების რეალიზებისათვის, მათ შორის - სეპარატიზმის დაგმობის მიზნით, თანამედროვე ეტაპზე კი, რუსეთთან მიმართებით, ყველაზე მთავარ საკითხს წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (ე.წ„სამხრეთ ოსეთის“) აღიარება ოკუპირებულ ტერიტორიებად. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში რუსეთი ავტომატურად უნდა იქცეს ოკუპანტ-სახელმწიფოდ.

რაც შეეხება რუსული დიპლომატიის პროსეპარატისტულ და ანტიქართულ გარემოებებს: ფაქტიურად მოსკოვი მხოლოდ საქართველოს პოლიტიკისადმი საპასუხო რეაქციითაა დაკავებული - რუსეთი ცდილობს გაანეიტრალოს საქართველოსა და მისი მეგობრების ინტენსიური ფრონტალური „შეტევა“ როგორც გაეროში, ასევე ევროპის რეგიონულ სტრუქტურებში კრემლისათვის ჩვეული მეთოდებით: ვეტო რეზოლუციას ან მისი უარყოფა და იგნორირება. გარდა ამისა, მოსკოვის ძალისხმევა მიმართულია აგრეთვე შეავსოს „აფხაზი და ოსი სეპარატისტების მოყვარულთა კლუბი“ ისეთი ახალი წევრებით, რომლებიც მსოფლიოში საკმაოდ ოდიოზური სახელით სარგებლობენ - მომარქსისტო ნიკარაგუა-ვენესუელადან დაწყებული წყნარ ოკეანეში ჩასაძირად განწირული ტუვალუ-ვანუატუთი დამთავრებული. „რუსეთი ოკუპანტი არ არის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები კი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. რუსეთი მხოლოდ მათ უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს იცავს“ - აი, დაახლოებით ასეთია მოსკოვის თავისმართლება საერთაშორისო არენაზე, როცა მას საეჭვო დიპლომატიურ თამაშებში ამხელენ ხოლმე.

თუ გავიხსენებთ, საქართველომ უკვე მიაღწია გარკვეულ დადებით შედეგებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (ე.წ.„სამხრეთ ოსეთის“) ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარების საკითხში: როგორც ცალკეულმა სახელმწიფოების (აშშ, ევროკავშირის ქვეყნები), ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების (ნატო, ევროპარლამენტი) ოფიციალურ დოკუმენტებში და დასავლელ პოლიტიკოსთა საჯარო გამოსვლებში დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიის ზემოხსენებული ნაწილები რუსეთის მიერაა ოკუპირებული. რასაკვირველია, ამგვარი ფორმულირებით კრემლი უკმაყოფილებას ამჟღავნებს და ღიზიანდება, რაც ყველაზე უფრო ხშირად ჯერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარებით გამოიხატება ხოლმე, შემდეგ კი მოსკოვური ქოლგის ქვეშ თავშეფარებული სოხუმელი და ცხინვალელი მარიონეტების „მრისხანე“ განცხადებებით....

ამ დღეებში როგორც რუსეთის ხელისუფლებამ, ისე აფხაზმა და ოსმა სეპარატისტებმა ევროპული საზოგადოებიდან კიდევ ერთი სამწუხარო შეტყობინება მიიღეს: მონაკოში 5-9 ივლისს გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 21-ე სესიაზე საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი რეზოლუცია („მდგომარეობა საქართველოში“) მიიღეს, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემის დაფიქსირებასთან ერთად, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ ოკუპირებულ ტერიტორიებადაა მიჩნეული.

აი, დოკუმენტის ტექსტი (ავტორისეული არაოფიციალური თარგმანი):

1. ღებულობს რა მხედველობაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2007 წელს მიღებულ კიევის დეკლარაციას, რომელშიც ხაზგასმულია ეუთოს სივრცეში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების შესახებ რეზოლუციის მნიშვნელობა,

2. იმოწმებს რა საქართველოში არსებული ეუთოს ყოფილი მისიის ვალდებულებას ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიაზე და მის ჩრდილოეთ საზღვარზე მიმდინარე კონფლიქტებისა და დაძაბულობის პოლიტიკურ მოგვარებას;

3. ხაზს უსვამს რა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილ ჩარჩოებში,

4. შეშფოთებულია რა გადაადგილებული პირების არაჰუმანიტარული მდგომარეობით როგორც საქართველოში ისევე აფხაზეთის (საქართველო) და სამხრეთ ოსეთის (საქართველო) ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე უარით მათ უფლებაზე საცხოვრებელ ადგილებში დასაბრუნებლად,

5. მიესალმება რა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების შემდგომ დემოკრატიზაციას, მათ შორის 2010 წლის 30 მაისს გამართულ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნებს, რომელიც უმეტესად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს, აგრეთვე საკონსტიტუციო რეფორმას და არჩევნების რეფორმირების პროცესს, რომელიც ითვალისწინებს ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას და მიმართულია 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების და 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებისაკენ,

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა:

6. მოუწოდებს ყველა მონაწილე მხარეს დაიცვას საერთშორისო სამართლის პრინციპები, მთლიანად შეასრულონ ევროსაბჭოს შუამდგომლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, და აამაღლონ ჟენევის პროცესის როგორც გაჭიანურებული კონფლიქტის მოგვარებისაა და მისი შედეგების აღმოფხვრის ყველაზე ყოვლისმომცველი საერთაშორისო მექანიზმის ეფექტიანობა;

7. დაბეჯითებით მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის მთვარობას და პარლამენტს, აგრეთვე აფხაზეთისა (საქართველო) და სამხრეთ ოსეთის (საქართველო) დე-ფაქტო ხელისუფლებას უზრუნველყოს ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია დაუბრკოლებლივი დაშვებით აფხაზეთის (საქართველო) და სამხრეთ ოსეთის (საქართველო) ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც ეს ადრე იყო აღნიშნული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში, აგრეთვე სრულად ითანამშროლონ ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიასთან;

8. მოუწოდებს უზრუნველყოფილი იქნეს ყველა შიდაგადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება მათ საცხოვრებლ ადგილებში იმის გარანტიით, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მათ ექნებათ საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიღების უფლება - საქართველოსა და აფხაზეთის (საქართველო), აგრეთვე საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის (საქართველო) საზოგადოებათა თანდათანობითი დაახლოების მიზნით;

9. მოუწოდებს ეუთოს წევრ-სახელმწიფოებს აღადგინონ ეუთოს მისია საქართველოში როგორც ნდობის განმტკიცების ერთ-ერთი მექანიზმი;

10. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რათა საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში და საპრეზიდენტო - 2013 წელს ორგანიზებული იყოს ეუთოს რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესაბამისად, კერძოდ - თანასწორი პირობები შექმნას ელექტორალური პროცესის ყველა მონაწილისათვის, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფალი და დამოუკიდებელი მუშაობისათვის.

როგორც ვხედავთ, რეზოლუციის მე-4 და მე-7 პუნქტში მართლაც საკმაოდ ნათლადაა აღნიშნული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსი („ოკუპირებული ტერიტორია“), კიდევ ერთხელაა დადასტურებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და საერთაშორისო ძალისხმევა კონფლიქტის მოგვარების მიზნით.

თუმცა რეზოლუციის გაცნობისას იქვე იბადება ერთგვარი უზუსტობისა თუ უკმაყოფილების გრძნობაც: როცა აფხაზეთი და ე.წ.„სამხრეთ ოსეთი“ „ოკუპირებულ ტერიტორიებადაა“ მოხსენიებულნი, განა არ შეიძლებოდა პირდაპირ თქმულიყო რომელი სახელმწიფოა ოკუპანტი „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“? მართალია, დოკუმენტის მე-7 პუნქტში ნახსენებია რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ეუთო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის დაშვების უზრუნველყოფას სთხოვს, მაგრამ აქაც იგრძნობა, ასე ვთქვათ, „თავშეკავებული პრინციპულობა“: გამოდის, რომ რუსეთს ოკუპაციაში თითქოსდა ბრალი არ მიუძღვის და მისი მოვალეობა მხოლოდ კონფლიქტის მოგვარების პროცესისადმი ხელშეწყობაში (ანუ მისიის დაშვებაში) გამოიხატება. დოკუმენტში ასევე ნაკლები პრინციპულობითაა გადმოცემული რუსეთის როლი ჟენევის პროცესში, რომელმაც, როგორც მონაწილე მხარემ, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები უნდა დაიცვას და ამ პროცესის ეფექტიანობა აამაღლოს... ალბათ, უმჯობესი იქნებოდა, რეზოლუციის ამ ნაწილში, ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, პირდაპირ კონკრეტულად ჩაწერილიყო რუსეთის სტატუსი (ანუ ოკუპანტი) და დაფისირებულიყო მისი დესტრუქციული მოქმედება.

საინტერესო და დამაინტრიგებელია რუსეთის დელეგაციის მოქმედება ეუთოს რეზოლუციისათვის ხმის მიცემის პროცესში: დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებთაც რუსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს, ამ დროს კი რუსი დელეგატები ტერმინ „ოკუპაციაზე“ თვალს ხუჭავენ და მხოლოდ „თავს იკავებენ“. პარადოქსული სიტუაციაა: გამოდის, რომ მოსკოვმა უღალატა მრავალწლიან ტრადიციას და „წინააღმდეგ“ კი არ წავიდა, არამედ „თავი შეიკავა“!?

ამ საკმაოდ სენსაციურ ნაბიჯს დელეგაციის მეთაურმა, სათათბიროს წევრმა „ედინნაია როსია“-დან ნიკოლაი კოვალიოვმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმ“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში (10 ივლისი) ასეთი ორაზროვანი, საკმაოდ მოულოდნელი და იმავდროულად გაურკვეველი კომენტარი გაუკეთა: „ეუთოს დოკუმენტი გონივრულ მომენტებს შეიცავს, რომლის წინააღმდეგ წასვლა არაგონივრული იქნებოდა... ამიტომაც ამ შემთხვევაში (რეზოლუციისადმი ხმის მიცემის დროს) დელეგაციის (პოზიცია) დაბალანსებულია და არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული ურთიერთობის გამწვავებისაკენ. ჩვენი პოზიციაა არ მივიყვანოთ დაპირისპირება აბსურდამდე“. აშკარაა, ასეთ გადაწყვეტილებას რუსეთის დელეგაცია დამოუკიდებლად ან თვითნებურად ვერ მიიღებდა: უნდა ვივარაუდოთ, რომ მონაკოდან რუსები მოსკოვს დაუკავშირდნენ, კრემლს საქმის ვითარება გააცნეს და შემდეგ მოსკოვიდან მიღებული დირექტივების შესაბამისად მოიქცნენ, ანუ მათი „თავშეკავება“ მონაკოში კი არა, კრემლში გადაწყდა. საერთოდ, რას ნიშნავს „გონივრული მომენტები“?

ჯერ-ჯერობით მოსკოვში არავის არ დაუკონკრეტებია რაში გამოიხატება რუსეთისათვის სასარგებლო „გონივრული მომენტები“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის დებულებებში, ამიტომაც ბევრმა ექსპერტ-პოლიტოლოგმა და პოლიტიკოსმა გაკვირვება გამოხატა მონაკოში მომხდარი რუსული „თავშეკავების“ გამო, ზოგიერთმა კი სიბრაზე ვერ დამალა: „ყველა სხვა ქვეყანაში ბატონ კოვალიოვისნაირებს დელეგაციის მეთაურის პოსტიდან საცობივით მოაძრობდნენ. ყველგან, მაგრამ ჩვენთან არა, რადგან იგი „ედინაია როსიას“ წევრია, მის ხელმძღვანელოაში სედის და ხელსეუხებელია. ასე რომ, დაველოდოთ კიდევ რა „გონივრულ მომენტებს“ დაუჭერს მხარს „ედინაია როსიას“ ერთგული ჯარისკაცები ეუთოს ასამბლეის მომდევნო სხდომებზე“, - განაცხადა სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა ვიქტორ ალქსნისმა.

როგორც მოსალოდნელი იყო, დოკუმენტმა მძაფრი უკმაყოფილება გამოიწვია სეპარატისტებში: „რატომ არ წავიდა რუსეთი რეზოლუციის წინააღმდეგ და რატომ შეიკავა თავი? ნიკოლაი კოვალიოვის გამონათქვამი, რბილად რომ ვთქვათ, გაოცებას იწვევს... ჩვენ რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სტრუქტურების ახსნა-განმარტებას ველოდებით“, - განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა პარლამენტის საერთაშორისო კავშირების კომიტეტის თავმჯდომარემ იური ზუხბამ. უფრო კატეგორიული აღმოჩნდა ექსპერტი ბესლან კობახია: „როცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წინააღმდეგობის გარეშე ისეთ დოკუმენტს ღებულობენ, რომელშიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „ოკუპირებაა“ დაფიქსირებული, ნიშნავს თუ არა ეს რუსეთის ოფიციალური ხელისუფლებისაგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „ოკუპაციის“ აღიარებას? თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ ამ საკითხისადმი რუსეთის პოზიცის სრული ცვლილების მოწმენი ვხდებით. ამ ლოგიკას თუ დავუჯერებთ, „ოკუპაციას“ „დეოკუპაცია“ უნდა მოჰყვეს, ანუ რუსეთის ჯარების გაყვანა აფხაზეთიდან და სამხრуთ ოსეთიდან... ჩემი აზრით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კოვალიოვის განცხადების დეზავუირება უნდა მოახდინოს“.

თითქმის იგივე თვალსაზრისი გამოხატეს ოსებმა: „ჩვენთვის მიუღებელია ნიკოლაი კოვალიოვის „განმარტება“. ვერავითარი მომენტი ვერ იქნება გონივრული, თუ ისინი რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან, ლახავენ რუსეთის ავტორიტეტს და მას „ოკუპანტის“ სახელს არქმევენ“, - განაცხადა ცხინვალელმა პოლიტოლოგმა ინლ პლიევმა.

რუსულ პოლიტიკურ წრეებში და საექსპერტო საზოგადოებაში ეუთოს რეზოლუციისადმი ხმის მიცემის ირგვლივ შექმნილი ბუნდოვანი ვითარება თითქოსდა განმუხტა საგარეო სამეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტის 14 ივლისს გაკეთებულმა კომენტარმა, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია: „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ამასწინანდელი პლენარულ სესიაზე მონაკოში მიღებულ იქნა რეზოლუცია „მდგომარეობა საქართველოში“, რომელშიც, კერძოდ, გამოყენებულია ხელოვნურად შემოტანილი პროპაგანდისტული კლიშე „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ“. რუსეთის დელეგაცია მტკიცედ გამოვიდა ამ ტენდენციური დოკუმენტის წინააღმდეგ და განაცხადა მისი აბსოლუტურ მიუღებლობის შესახებ“.

როგორც ვხედავთ, სახეზეა პოზიციების აშკარა შეუსაბამობა: ნიკოლაი კოვალიოვი ამბობს, რომ დელეგაციამ ხმის მიცემისას „თავი შეიკავა“, საგარეო საქმეთა სამინისტრო კი - „რუსეთის დელეგაცია წინააღმდეგი გამოვიდა“. ყველასათვის ცნობილია „თავის შეკავების“ არსი: ამ დროს მხარე ნეიტრალურ პოზიციას ამჟღავნებს, ანუ არც „ჰო“-ს ამბობს და არც „არა“-ს, ერიდება სიტუაციის გამძაფრებას. რაც შეეხება „წინააღმდეგ წასვლას“, ეს უკვე რადიკალურ „არა“-ს ნიშნავს და ნათლად გამოხატავს მხარის უარყოფით პოზიციას კონკრეტული საკითხისა თუ დოკუმენტისადმი.

რომელს დავუჯეროთ, დელეგაციის ხელმძღვანელს ნიკოლაი კოვალიოვს თუ სერგეი ლავროვის უწყებას? ამ დროისათვის არ არსებობს სესიის სტენოგრამა, რომლის მიხედვითაც სიმართლე შეიძლება დადგინდეს, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ: როგორც ჩანს, კრემლმა იგრძნო დაშვებული შეცდომა, სერიოზულად შეშფოთდა „თავშეკავებასთან“ დაკავშირებით სეპარატისტების მიერ გამოხატული უარყოფითი პოზიციის გამო და გადაწყვიტა „შეელამაზებინა“ და უფრო გაემკვეთრებინა ნიკოლაი კოვალიოვის პოზიცია. აშკარაა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზემოთ ხსენებული კომენტარები სწორედ ამ მიზნით გაკეთდა. მივაქციოთ ყურადღება: 9 ივლისს რეზოლუცია მიიღეს, 10 ივლისს კოვალიოვის კომენტარი ქვეყნდება, 14 ივლისს კი (სამი დღის შემდეგ!) საგარეო საქმეთა უწყება სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს.

ფაქტია, რომ ნიკოლაი კოვალიოვის უცნაურ განცხადებას საკმაოდ სკანდალური შლეიფი მოჰყვა, თანაც ისეთი, რომელმაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. დღის წესრიგში დადგა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ღირსება და ავტორიტეტი... ალბათ, სწორედ ამიტომ ინტრიგების მორევში მოხვედრილი კოვალიოვი აიძულეს როგორმე თავისივე განცხადების დეზავუირება (უარყოფა) მოეხდინა, ისიც ადგა და ყველაფერი... ქართულ მასმედიას დააბრალა: „ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა რუსეთის დელეგაციის რიგმა წარმომადგენლებმა კენჭისყრის დროს თავი შეიკავეს, პირველად ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა. ეს თავხედრური სიცრუე და პროვოკაციაა! რუსეთი ამ რეზოლუციის მკაცრი წინააღმდეგი გამოვიდა“.

თუ რამდენად ობიექტურია კოვალიოვი, ამის დადგენა ძნელი არა არის: ზემოთ უკვე აღნიშნულია, რომ პირველად „თავშეკავება“ დააფიქსირა რუსეთის საგენტო „რეგნუმმა“, რომელიც სკანდალური სახელით არის ცნობილი, შემდეგ კი ამ ინფორმაციის ტირაჟირება (გაკვირვებულ ექსპერტთა კომენტარებითურთ) მოახდინა ასევე რუსეთის ინტერნეტ-გაზეთმა „ჯორჯიათაიმსი-საქართველო დღეს“, რომლის მთავარი რედაქტორია მოსკოველი რუსი ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი. ეტყობა ნიკოლაი კოვალიოვი შეცდომაში ინტერნეტ-გაზეთის სახელწოდებამ შეიყვანა... რას იზამ, ასეც ხდება ხოლმე.

რამდენად ეფექტურია ტერმინი „ოკუპირებული ტერიტორიები“? საერთოდ, არის თუ არა „ოკუპაციის“ დამფიქსირებელი რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატება? ზოგადად, შეიძლება წარმატებად მივიჩნიოთ, თუმცა ამ წარმატებას, სამწუხაროდ, პრაქტიკული შედეგები საეჭვოა რომ მოჰყვეს - ჩვენ კარგად გვახსოვს 20 წლის მანძილზე მიღებული მსგავსი მკაცრი რეზოლუციები, რომლებიც მხოლოდ ქაღალდზე დარჩნენ და საბოლოოდ გაეროსა თუ ეუთოს არქივებში გადაინაცვლეს. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები ხშირად საკმაოდ შორსაა იდეალისაგან - ისევე როგორც სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ცნობა-არცნობა, სახელმწიფოს რომელიმე ნაწილის ოკუპირების აღიარება-არაღიარებაც უმეტესად რეზოლუციების დონეზე კი არა, ცალკეული სახელმწიფოების ინტერესების შესაბამისად ხდება. დიპლომატიაში ცნობილია იმის მაგალითები, რომ საერთაშორისო სამართალსუბიექტები გაეროსა თუ სხვა გავლენიანი ორგანიზაციების რეზოლუციებს არად დაგიდევენ და ხშირად მოქმედებენ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. რაც შეეხება „დეოკუპაციას“, ანუ ჩვენს შემთხვევაში აფხაზეთ-„სამხრეთ ოსეთიდან“ საოკუპაციო ჯარების გაყვანას, ძალზე რთულია ამ საკითხის გადაწყვეტა მშრალი რეზოლუციებით - საჭიროა ან კეთილი ნება, ანდა მძლავრი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა ოკუპანტის სტატუსის მქონე სახელმწიფოზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და მისი შესრულება აუცილებელი და სავალდებულო არ არის, ანუ როგორც ვთქვით, რეზოლუციის დებულებათა რეალიზება სახელმწიფოთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე საქართველო-რუსეთს შორის მიმდინარე „ცივი ომის“ პროცესში მომხდარ ლოკალურ ბრძოლებში გამარჯვება მაინც მისასალმებელია. მომავალი თაობებისათვის ისტორიას ხომ მაინც შემორჩება, რომ ქართველები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაკარგვას არ ვურიგდებოდით და ჩვენს ხელთ არსებული ყველა მეთოდით ვცდილობდით „უძღები შვილების“ დაბრუნებას.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე