RSS
პროფესორ ჰიუიტის ხელნაწერების შესახებ...
12.09.2012 16:19
ექსპერტთა კლუბი

რამოდენიმე დღის წინ ბრიტანელი პროფესორი ჯორჯ ჰიუიტი – აფხაზური სეპარატიზმის ცნობილი ლობისტი - სოხუმში ყოფნისას ინგლისელ გამომცემლებს უჩიოდა. "აფხაზების სიძემ" აღიარა, რომ გაერთიანებულ სამეფოში ვერავინ ნახა, ვინც დასთანხმდებოდა მისი წიგნის საქართველოში კონფლიქტების შესახებ გამოცემას, ვინაიდან ცალმხრივ ინტერპრეტაციად მიიჩნევდნენ, ანუ ანგაჟირებულად. პროფესორი ჰიუიტი კარგადაა ცნობილი ქართველებისთვის – მისი კარიერა ხომ სწორედ თბილისში დაიწყო. სწორედ საქართველოს დედაქალაქში გაიცნო მან თავისი აფხაზი მეუღლე და თავისი და მისი გარემოცვა საკმაოდ გააკვირვა. ჯორჯ ჰიუიტის ახალ "თავგადასავალზე" ჩვენ ვესაუბრებით "ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტს, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს და აფხაზეთის უშიშროების ყოფილ მინისტრს ლევან კიკნაძეს..

 - ბატონო ლევან, რას ფიქრობთ ჯორჯ ჰიუიტის სოხუმში ვიზიტზე და მის შეხვედრაზე ალექსანდრე ანქვაბთან? ეს პროფესორი პირობას დებს, რომ მალე გამოაქვეყნებს თავის წიგნს, თუმცა ამავე დროს საუბრობს ბრიტანელი გამომცემლების უარზე დაიჭირონ ურთიერთობა მასთან...

 - სასიამოვნოა იმის გაგება, რომ დიდ ბრიტანეთში კვლავაც სერიოზულად უდგებიან საგამომცემლო საქმეს და არ დაბეჭდავენ წინასწარვე ანგაჟირებულ "სამეცნიერო ნაშრომს", რომლის არსი პოლიტიკაა, და არა მეცნიერება. ჯორჯ ჰიუიტი ხომ თვითონ მოუყვა აფხაზებს, რომ მისი უარით გასტუმრების მიზეზი პროცესების ცალმხრივი – მხოლოდ სოხუმისა და ცხინვალის პოზიციიდან გაშუქება იყო. ამ პროფესორის წინა "შედევრებიდან" გამომდინარე, ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, თუ რა შეეძლო დაეწერა მას. რუსეთი ხომ ისედაც ყველა ძალ-ღონით ეწევა აგერ უკვე 20 წელია ამ პროპაგანდის ტრანსლირებას. ასე რომ, მსოფლიო ბევრს არაფერს დაკარგავს, ჯორჯ ჰიუტის შემოქმედებამ თუ ვერ იხილა სინათლე.

დავიწყოთ იქედან, რომ ეს ლონდონელი კავკასიოლოგი, როგორც თავის თავს უწოდებს, ერთ დროს ქართველოლოგი იყო და ამაყობდა კიდეც ამით. ამ ვაჟბატონმა თავის ტიტულებს "ქართველოლოგი" თვითონვე მოაშორა და ურცხვად გაიძახის კავკასიოლოგი ვარო, თანაც თურმე კოლეგა ენათმეცნიერებსაც დაუფასებიათ და დიდი ბრიტანეთის აკადემიის წევრადაც აურჩევიათ. ჩვენთვის უცნობია თუ რა მეცნიერული ნაშრომებისთვის მიაგეს ასეთი პატივი ბატონ ჰიუიტს, მაგრამ ფაქტია, რომ მან მოახერხა და ბრიტანელი მეცნიერები თავისი ფსევდო გამოკვლევებით შეცდომაში შეიყვანა. თანაც ნუ იტყვით და თურმე სულ "საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტებზე" წერს და წერს. იმასაც კი კადრულობს, რომ "თუ ვინმეს ჩემი გამოცემის შინაარსი არ მოსწონს, სხვა მასალით გაირთოს თავი და ჩემსას ნუღარ წაიკითხავსო". ისე კაცმა, რომ თქვას ჰიუიტის ნაბოდვარის წაკითხვას, მართლაც რაიმე გასართობი წაიკითხო და ნერვები არ მოიშალო ის სჯობია, მაგრამ ჰიუიტის "ნამოღვაწარი" ხომ საქმეში ჩაუხედავ ადამიანებზე არის გათვლილი. ამიტომ არის, რომ მისმა "ფასდაუდებელმა ნაშრომებმა" დიდი ხანია დაკარგეს აქტუალობა და ეტყობა თვით სეპარატისტებსაც კი ყელში ამოუვიდათ ერთ დროს "საამაყო სიძეც" და მისი "შემოქმედებაც". სხვანაირი ახსნა არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს ანქვაბის დიპლომატიურ უარს, რომელიც მიიღო ხელნაწერის დაბეჭვდის თანხების გამოყოფის სათხოვნელად აფხაზეთში ჩასულმა ჰიუიტმა. იმის ნაცვლად, რომ დაბეჭდილი სასიგნალო ეგზემპლარი საჩუქრად მიერთმია აფხაზეთის პირველი პირისთვის, ამ თავხედს, იმ სისულელეების ნაკრების გამოცემაში, რაც მას წლების განმავლობაში უჯღაბნია და შეუგროვებია, საკმაოდ სოლიდური თანხა მოუთხოვია. ანქვაბსაც რაღა ექნა, ვეღარ დაურღვევია აფხაზური სტუმართმოყვარეობა და კაბინეტიდან პანღურით გამოსაგდები კავკასიოლოგი, სუვენირებით დაუსაჩუქრებია და ისე გამოუსტუმრებია.

- რადგან ჰიუიტი არ გვანებებს თავს თავისი ანტიქართული გამოხტომებით, იქნებ უფრო დაწვრილებით მოგეთხროთ მის შესახებ. როგორ მოხვდა იგი საქართველოში და რამ განაპირობა ბრიტანელი ქართველოლოგის ანტიქართველად ჩამოყალიბება?

- ტენდენციურობა, რომ არავინ დაგვაბრალოს ძველ "ჩეკისტებს", ყველგან "აგენტი" ელანდებათო, შევეცდები საქართველოში ჰიუიტის საქმიანობა გარკვეული ლოგიკური მსჯელობის ჩარჩოებში მოვაქციო. დავუშვათ ჰიუიტმა თავის დროზე საიდანღაც გაიგო საქართველოს შესახებ, დაინტერესდა და დამოუკიდებლად გადაწყვიტა, გამხდარიყო ქართველოლოგი. თუმცა თავისთავად საინტერესოა, საიდან იღებს სათავეს მისი ლტოლვა შეესწავლა, იმ დროისათვის მსოფლიო საზოგადოებისათვის თითქმის უცნობი, დიდ საბჭოთა იმპერიაში ჩაკარგული ერთი მცირე ერის ისტორია, კულტურა, დაუფლებოდა ენას, რომელიც ქართველების მეტს არავის არ სჭირდებოდა და მით უმეტეს, არც გამოადგებოდა. ისიც დავუშვათ, რომ ჰიუიტი საქართველოში ჩამოსვლიდან ერთი წლის თავზე მოიხიბლა თბილისის უნივერსიტეტის აფხაზი ეროვნების ასპირანტით ზაირა ხიბათი, რომლის ოჯახიც ქართველების სიძულვილით გამოირჩეოდა ოჩამჩირეში. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის უცხოელზე ქორწინება აუცილებელი სანქციის გარეშე, ზაირა ხიბას კარიერის დასასრულის ტოლფასი იყო, მოხდა პირიქით, ამ შერეულ წყვილს ყველგან და ყველაფერში მწვანე შუქი ჰქონდათ ანთებული, რაც მათი გარემოცვის გაკვირვებას იწვევდა და მათში ბევრ ეჭვებს აღძრავდა.

ასევე დავუშვათ, რომ 27 წლის "ყმაწვილი", ერთის მხრივ ხიბას სიყვარულით დაბრმავებული, მეორეს მხრივ კი ოჩამჩირეში ცოლოურის მასპინძლობით აღტაცებული ადვილად ხვდება სეპარატიზმის გავლენის ქვეშ, რომელსაც უძლიერებდნენ აფხაზეთის ისტორიის, ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის ანტიქართული იდეოლოგიის მამამთავრები. ქორწინებიდან 13 წლის თავზე, 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ჯ. ჰიუიტი აქვეყნებს "ღია წერილი ქართველებს", რომელიც თავისი ანტიქართული შინაარსით ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას უწყობდა ხელს. წერილის ბევრი ეპიზოდი აშკარად "ვიღაცეების" კარნახით იყო დაწერილი, რასაც ამ სტატიის შესახებ, სხვა ინგლისელი ქართველოლოგების დასკვნაც ადასტურებს: "ჰიუიტის სტატია ინგლისის ინტერესებში არ ჯდება, ჰიუიტის უკან ვიღაცა დგას! ეტყობა ვიღაცეებმა მას გადაუხადეს დიდი ფული"-იწერებოდა იმ დროს დასავლურ პრესაში. თუმცა მისი მოქმედებები იმის ეჭვსაც აჩენდა, რომ დასავლეთისთვის იმ დროს საბჭოთა რესპუბლიკებში და კერძოდ საქართველოში, სიტუაციის დესტაბილიზაციისათვის ყველანაირი ვარიანტი მისაღები იყო, თუ კი იგი საბჭოთა იმპერიის დაშლას შეუწყობდა ხელს.

ამასთან ერთად, თუ საქართველოსთან დაკავშირებით, ჰიუიტის ჩვენთვის ცნობილ ქმედებებს საბჭოთა სუკისთვის დამახასიათებელ ღონისძიებების ჭრილში განვიხილავთ, როგორც არ უნდა შევეცადოთ, ვერაფრით ვერ მოვახერხებთ ჰიუიტისთვის ამ "ვიღაცეების" მოშორებას და ვერ დავტოვებთ მას მხოლოდ აფხაზების თავგადაკლულ "დამცველ და გულშემატკივარ" კერძო პირად. მით უმეტეს, რომ ამ ვარაუდს გვიმყარებს ჩვენთვის კარგად ცნობილი მეთოდები, რომლებსაც ტრადიციულად იყენებდა საკავშირო სუკი საბჭოთა კავშირში ნებისმიერი მისიით შემოსული უცხოელის მიმართ. ჰიუიტი და მისი უცხოელი კოლეგები კი საბჭოთა სპეცსამსახურებისთვის ცალსახად წარმოადგენდნენ დასავლეთის იდეოლოგიურ დივერსანტებს. აქედან გამომდინარე, საკავშირო სუკს განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავდა აყვანილი აგენტურულ-ოპერატიული ღონისძიებები, რომლებსაც მათ მიმართ ატარებდნენ ადგილობრივი უშიშროების ორგანოები. უცხოელებზე შექმნილ ოპერატიული დამუშავების საქმეებში თავს იყრიდა თითოეული მათგანის მოღვაწეობის ამსახველი ინფორმაციები, კონტაქტები სამეცნიერო წრეების და საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებთან, პირადი ინტერესები, ძლიერი და სუსტი მხარეები, მაკომპრომატირებელი მასალები და ა.შ. დამუშავების საქმეებში კონცენტრირებული მასალების საფუძველზე მიიღებოდა გადაწყვეტილება საკავშირო სუკის პირველი მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ПГУ) მიერ, რომელიც ასევე განსაზღვრავდა შემდგომში მათთან ოპერატიული საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

- ესე იგი, თქვენ გინდათ თქვათ, რომ ჰიუიტი საკავშირო სუკის, კონკრეტულად კი ПГУ-ს მიერ იყო გადმობირებული და მის დავალებებს ასრულებდა?

- მე ის მინდა ვთქვა, რომ ჰიუიტის ქმედებები საქართველოსთან მიმართებაში, დიდი ალბათობით მიუთითებს მის კავშირს ჯერ საბჭოთა, ხოლო შემდეგ მის სამართალმემკვიდრე რუსეთის სპეცსამსახურებთან.

- თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს შესული ხსენებულ ხელნაწერში, რომლის წიგნად გამოცემასაც აპირებს ჰიუიტი?

- ბუნებრივია გაყალბებული ისტორიით ნაკვები ჰიუიტი კიდევ ერთხელ შეეცდება ჩვეული უტიფრობით წარმოაჩინოს აფხაზების "გაუსაძლისი ყოფა ქართული კოლონიალიზმის პირობებში", აღწეროს მათი თავგანწირული ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის". ბუნებრივია, მის ნამოღვაწარში "ღირსეულად" აისახება ვ. არძინბას როლი "აფხაზების სამამულო ომში" მიღწეულ გამარჯვებაში. წიგნში ალბათ შევა მისი ცალკეული პუბლიკაციები და გამონათქვამები, რომელთა არსიც არა მარტო აფხაზი ნათესავების წინაშე ვალის მოხდის სურვილით არის განპირობებული არამედ, დიდი ალბათობით შესაძლოა ვალდებულებით სავარაუდო "პატრონების" წინაშე, კიდევ რაიმე შემატოს თავის "ნამოღვაწარს". ისეთები, მაგალითისთვის 2010 წლის 25 თებერვლის "გარდიანში" რომ წერდა: "ვლადიმერ პუტინის რუსეთის ხელისუფლებაში მოსვლამ თავისი კორექტივები შეიტანა შექმნილ სიტუაციაში... პრეზიდენტმა მედვედევმა თავის მხრიდან სასწრაფოდ გამოასწორა შეცდომა, რომელიც თავის დროზე რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ იქნა დაშვებული, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბჭოთა საზღვრების ფარგლებში აღიარებით". წიგნში აუცილებლად შეიტანს გამონათქვამებს, რომლებშიც თავის ქვეყანას და ზოგადად დასავლეთს საბედისწერო შეცდომად უთვლის იმ მხარდაჭერას, რომელიც მათ გამოხატეს საქართველოს მიმართ მისი ტერიტორიული მთლიანობის აღიარების, მსოფლიო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში და გაეროში გაწევრიანებისთვის. სხვათა შორის ეს "დიდი მკვლევარი" დასავლეთის ქვეყნებს დღესაც მოუწოდებს დაარწმუნონ თბილისი, რომ თვალი გაუსწოროს რეალობას და აღიაროს დაკარგული ტერიტორიები (რა შესაშური თანხვედრაა ოფიციალური რუსეთის პოზიციასთან).

- ბატონო ლევან, ცნობილია ჰიუიტის აქტიურობა საქართველოს სხვა კუთხეებშიც, კერძოდ სამეგრელოში სეპარატიზმის გაღვივებისა. ვის ინტერესებში შეიძლება იყოს ეს?

- ჩემი ფიქრით არც ეს არის ძნელი ასახსნელი. იმის ინტერესებში ვინც უკვე რამოდენიმე საუკუნეა საქართველოში მხოლოდ ერთი პრინციპით მოქმედებს -"დაყავი და იბატონე". აფხაზეთში მისი ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს გალში გამომავალ სეპარატისტული რეჟიმის მეგრულ-რუსულ-აფხაზურ ენოვან გაზეთ "გალ"-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ჰიუიტმა "სენსაციურ ახალ მეცნიერულ აღმოჩენაზე" ისაუბრა: რომ "მეგრული ცალკე ენაა და იმსახურებს საკუთარ სტატუსს". ამ ინტერვიუს გაცნობის შემდეგ უნდა გვეფიქრა, რომ ჯ. ჰიუიტმა თავისი "ისტორიული მისია" შეასრულა – "საცოდავი, დაჩაგრული" აფხაზები საქართველოს "მონობისგან" გაათავისუფლა და ახლა ჯერი მეგრელებზე დადგა, რომლებსაც "დემოკრატიული რუსეთის" დახმარებით, იმედი ჰქონდა მალე გაათავისუფლებდა. იმ რუსეთის დახმარებით, რომელიც უკვე ათეული წელია დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული, არნახულ გენოციდს უწყობს ჩრდილო კავკასიის ხალხებს. რა თქმა უნდა ჰიუიტი ამას ვერ ხედავს, ვერ ხედავს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აფხაზების სასიქადულო ვირეშმაკა სიძეს არ აწყობს ამის დანახვა, რადგანაც ალბათ ვერ ელევა რუსული "ჩეკას" მიერ მისთვის სპეციალურად შექმნილ სიამტკბილობით აღსავსე უზრუნველ ცხოვრებას, რომელიც იმწამსვე დაენგრევა, თუკი "ქცევის ნორმებს" გადაუხვია. არა და ჰიუიტი, რომ თავის გადაწყვეტილებებში და მოქმედებებში დამოუკიდებელი იყოს, მას, მართლა რომ ტკიოდეს აფხაზი ხალხის სატკივარი და მისი ბედი აწუხებდეს, ხმალამოღებული უნდა იბრძოდეს რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.

 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე