RSS
სეპარატისტების "ქართული ოცნება"
26.10.2012 15:22
გიორგი წიკლაური

გარდამავალი პერიოდი საქართველოში დასასრულს უახლოვდება და ხელისუფლება უკვე ოფიციალურად ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ხელშია. ისაა პასუხისმგებელი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკაზეც. რას გააკეთებს "ქართული ოცნება" აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დასაბრუნებლად, გვიჩვენებს დრო, მაგრამ უკვე დღეს უნდა განვიხილოთ ამ ტერიტორიების რეინტეგრაციის სტრატეგიის პრინციპები პოლიტიკური კოალიციის მხრიდან გაკეთებული წინასწარი განცხადებების საფუძველზე.

ივანიშვილი, გამომდინარე მისი განცხადებებიდან, ფსონს დებს ე.წ. "სახალხო დიპლომატიის" განვითარებასა და საქართველოს მიმზიდველობაზე ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისათვის. სტრატეგიული თვალსაზრისით ამ მიდგომაში რაიმე პრინციპული სიახლე არ არის - იგივე პოლიტიკის დეკლარირებას წინა ხელისუფლებაც ახდენდა. თუმცა, ახალ მთავრობას შეუძლია შეცვალოს ტაქტიკა, მისცეს პროცესს სხვა ფორმები და დინამიკა, შეავსოს ის უფრო კონკრეტული შინაარსით.

უკვე გვაქვს პირველადი რეაქციები ივანიშვილის პოზიციასთან დაკავშირებით. აფხაზმა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა გაიელვა მახვილსიტყვაობით და კოალიცია "ქართული ოცნების" გეგმებს "ქართული ოცნება" უწოდა. მოსკოვმა კი საგარეო საქმეთა მინისტრის პირით განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს მის მიერ აღიარებული "დამოუკიდებელი რესპუბლიკების" სტატუსის განხილვას. თუმცა, ძნელია რუსეთის ხელმძღვანელობისა და მის მიერ კონტროლირებადი რეჟიმების ასეთ რეაქციას მოულოდნელი დავარქვათ.

უფრო საინტერესოა, თუ როგორ რეაგირებენ საქართველოში მომხდარ პოლიტიკურ ცვლილებებზე არა სეპარატისტი ოფიციალური პირები და რუსეთი, არამედ აფხაზური და ოსური საზოგადოების უფრო თავისუფალი წევრები, თავიანთ გამონათქვამებში და აზროვნებაში. ისინი, ძირითადად, "ქართული ოცნების" მთავარი სპიკერის, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშნული პაატა ზაქარეიშვილის გამონათქვამებზე ამახვილებენ ყურადღებას.

თეზისების დონეზე მან პრიორიტეტები შემდეგნაირად განსაზღვრა: დაარწმუნოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულად განწყობილი მოსახლეობა ქართული სახელმწიფოებრიობის მხრიდან მათთვის საფრთხის არარსებობაში; მათი "შეტრიალება" რუსეთისგან ევროპის დახმარებით - კონცეფციის "ყველაფერი აღიარების გარდა" რეალიზაციისა და მათი დარწმუნება იმაში, რომ უმჯობესია საქართველოსთან ყოფნა, ვიდრე რუსეთთან. ამავე დროს, როგორც ჩანს, აფხაზურ და ოსურ მხარეს ზაქარეიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინები გააჩნდათ და იმედგაცრუებულნი არიან იმით, რომ ის არ ალაპარაკდა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ, არამედ ყველა თავისი განცხადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპიდან გამომდინარე გააკეთა.

სოხუმელი ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი, Facebook:

   - ვერ მოვასწარი იმით გახარება, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ადეკვატური ხალხი მოვიდა და შესაძლებელია მათთან დიალოგი, რომ პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა შემდეგი:
  
"მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ჩამოყალიბდება ახალი მთავრობა, 5-6 თვეში საზოგადოება იხილავს პირველ ნაბიჯებს. ხოლო 2-3 თვეში ჩვენ მივიღებთ ისეთ კონკრეტულ შედეგებს, რომლებიც გვაგრძნობინებენ რომ დაიწყო შეუქცევადი და მშვიდობიანი პროცესი. ხოლო 7-8 წელიწადში ჩვენ შეგვეძლება ვილაპარაკოთ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფინიშზე. ეს იქნება შედეგი, რომელიც მისაღები იქნება ქართული სახელმწიფოსთვის და ქართულ-აფხაზური საზოგადოებისთვის. ამაში მე ვგულისხმობ ხალხის დაბრუნებას, ხოლო ხალხის დაბრუნებას თავისთავად მოჰყვება ტერიტორიების დაბრუნება".
  
ვერავინ ვერ დამარწმუნებს მე, რომ პაატას არ ესმის კონფლიქტის ღრმა შინაარსი. ვისთვის ამბობს ამას - თავისიანებისთვის, რომ მათი სმენა დაატკბოს? არა, პაატა, არ ღირს ამ პროცესის დაწყება პირფერობით, თუნდაც ის ასე აუცილებელი იყოს სასტარტო კარტ-ბლანშის მისაღებად. შედეგი, რომელსაც ეხლა თქვენ პირდებით ქართულ საზოგადოებას, არ შეიძლება დადგეს. და ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით.

აფხაზური "პარლამენტის" ექს-დეპუტატი ბათალ კობახია, LiveJournal:

   - პატივცემულო პაატა, თუ იმისათვის, რომ ხელისუფლებაში შეინარჩუნოთ ადგილი, თქვენ გჭირდებათ ასეთი ნაჩქარევი წინადადებების დაბრეხვება, ვფიქრობ, რომ საქართველოში ერთი ჭირი მეორემ შეცვალა. როგორც იტყვიან, ცოცხი თქვენ ხელში!
   აფხაზები დაამყარებენ ურთიერთობას ყველა ქვეყანასთან, რომელიც მონახავს თავის თავში ძალას და ვაჟკაცობას იყოს პატიოსანი, გველაპარაკოს ჩვენ როგორც თანაბარი და იხელმძღვანელოს რეალიებით. იმედი მაქვს, საქართველოც განთავისუფლდება ამერიკის დამახრჩობელი ჩახუტებისგან და თვითონ დაიწყებს მეზობლებთან საკუთარი ურთიერთობების დალაგებას. ვნახოთ, იქნებ აფხაზებმა გადახედონ თქვენთან ურთიერთობას, თუ თქვენი ქვეყანა ნამდვილად გახდება თავისუფალი, პრაგმატული და დაეყრდნობა საკუთარ რესურსებს, ხოლო მისი პოლიტიკოსები ციდან მიწაზე დაეშვებიან, და რეალურად შეხედავენ თავიანთ შესაძლო ურთიერთობებს ჩვენთან. საზღვარი, საბაჟო, სავიზო მიმოსვლა - ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც საქართველო ხელს მოაწერს ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს და გააკეთებს პირველ ნაბიჯს აფხაზეთის დამოუკიდებლობის და ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების გზაზე. ამ შემთხვევაში ჩვენ დავფიქრდებით. ყოველგვარი ცდუნების გარეშე. და დაიმახსოვრონ პოლიტიკოსებმა საქართველოში, რომ ჩვენ ვისთანაც გვინდა, იმათთან ვიმეგობრებთ, ხოლო ვიცხოვრებთ თვითონ ჩვენს ქვეყანაში. ნუ აცდუნებენ საკუთარ ხალხს არარეალური წარმოდგენებით ტერიტორიულ მთლიანობასა და აფხაზეთის მომავალზე, მანამდე კი ღმერთმა მოგცეთ ძალა და ჭკუა შეინარჩუნოთ ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი გადაბარება.

   მოვიყვან ციტატას ბიძინა ივანიშვილის ყველასთვის უკვე ცნობილი განცხადებიდან: "ჩვენ, ქართველები, ძალიან უცნაურები ვართ. ჩვენ მიჯაჭვულები ვართ ჩვენს მიწასთან. ასეთი ხასიათი გვაქვს. ჩვენთან, მაგალითად, ცხოვრობენ სომხები. მე კი გაოცებული ვარ - მათ სამშობლო გვერდით აქვთ, ისინი კი აქ ცხოვრობენ". მოკლედ. ჩემთვისაც გაუგებარია, რატომ სთავაზობენ საქართველოში ყველა არაქართველს საკუთარ სამშობლოში წავიდნენ საცხოვრებლად, ხოლო თვითონ უნდათ თავიანთი თანამოქალაქეები უცხოეთში, აფხაზეთში, გააგზავნონ, თითქოს მათ საკუთარი სამშობლო არ უყვართ. მე ამას დევნილებზე ვამბობ, რომელთა შესახებაც საქართველოს პარლამენტის ახალი დეპუტატი საუბრობს.

აფხაზი ჟურნალისტი როინ აგრბა, Facebook:

   - ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ ჩვენი მეზობლები უცხოპლანეტელები არიან და ახლადარჩეულ ხელისუფლებას სურს მართოს ეს ქვეყანა უცხოპლანეტურ სივრცეში... მათ არ ესმით, რომ აფხაზური დამოუკიდებლობა არაა კრემლის პროექტი, რომ ამ პროექტს სუფთა აფხაზური ფესვები აქვს, რომ ეს პროდუქტი აფხაზთა რამოდენიმე თაობის წუხილის პროდუქტია. და რა შუაშია აქ იმპერიული რუსეთი?

ცხინვალელი ჟურნალისტი მარია პლიონი, საიტი Civil Forum:

   - ყველაფერი ახალი საქართველოში - ეს კარგად და სწრაფად დავიწყებული ძველია. ზაქარეიშვილის რეინტეგრაციის მინისტრად დანიშვნა მის ინტერვიუმდე მეტყველებდა რაღაც დადებით მოვლენებზე საქართველოს მთავრობაში, რადგანაც ზაქარეიშვილს დიდი გამოცდილება აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის. და მას, განსხვავებით ყველა სხვა ქართველი ჩინოვნიკისგან, არაერთხელ ჰქონია ურთიერთობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. თითქოს, ზაქარეიშვილს ნამდვილად უნდა დაენებებინა თავი რიტორიკისთვის - "რუსეთი მოვიდა და ჩვენი ურთიერთობები გაფუჭდა, რუსეთი წავა და ყველაფერი გადაწყდება".

ოსი ბლოგერი როინ ბიბილტი, საიტი Civil Forum:

   - პაატა ზაქარეიშვილი ის ადამიანია, ვინც თავის ქვეყანაში ითვლება ერთ-ერთ დამსახურებულ ექსპერტად ქართულ-ოსურ კონფლიქტში. მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ ოსებთან კონტაქტების დამყარებაში აქამდე ქართველებს მხოლოდ რუსები უშლიდნენ. მაპატიეთ პაატა, ვშიშობ, ჩვენ თქვენდამი ჩვეულებრივ ადამიანურ გულგრილობას ვგრძნობთ. იმათ მიმართ, ვისაც მიაჩნია, რომ ოსები თანაცხოვრებასთან დაკავშირებით რაღაც კონტაქტისკენ და დიალოგისკენ მიილტვიან. შესაძლოა, 90-იანი წლების დასაწყისში ასეთ ინიციატივებს რაიმე შანსი ჰქონოდათ, რადგანაც მაშინ ჩვენ ვგრძნობდით ზიზღს - ეს კი, ასე თუ ისე, გრძნობაა. ერთადერთი შესაძლო დიალოგი - ეს სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებათა დაწყებაა. სხვა დანარჩენი ჩვენ არ გვაინტერესებს, არაუმეტეს გუზეევას პროგრამისა "მოდი ვიქორწინოთ".

აფხაზი პოლიტოლოგი ლიანა კვარჩელია, გაზეთი "ეხო აბხაზიი":

   - არა მგონია ახალ ქართულ მმართველ გუნდს არ ესმოდეს, რომ აფხაზებისთვის საკუთარი სახელმწიფოს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, და რომ კონფლიქტმა, და განსაკუთრებით 1992-1993 წლების ომმა, საბოლოოდ მოხსნა დღის წესრიგიდან საქართველოსთან ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრების საკითხი. ასე რომ, თუ ახალი ქართული პოლიტიკა მაინცდამაინც არ არის გათვლილი იმაზე, რომ აფხაზეთის "დაბრუნებაში" დაეხმარება, ის, ყოველ შემთხვევაში, დიდი ხნით მაინც ააცილებს ხელმძღვანელობას გადაწყვიტოს ქართული საზოგადოებისთვის მტკივნეული საკითხი აფხაზეთის "სტატუსის" შესახებ. აღნიშნულ საკითხს "ავადმყოფურ" მდგომარეობაში შეინარჩუნებენ წაგებული "ნაციონალებიც". მთლიანობაში კი საქართველოს ამის გარეშეც ბევრი საქმე აქვს. გამოკითხვები აჩვენებენ, რომ რიგითი მოქალაქეებისათვის პრიორიტეტულ პრობლემებს წარმოადგენს დასაქმება, და არა "გამოყოფილი ტერიტორიები".

აფხაზი ჟურნალისტი ახრა სმირი, Facebook:

   - პაატა არ ჰგავს თვითმკვლელს. პაატა არ დაარქმევს ყველაფერს თავის სახელს - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჯარო პირიდან ის ოფიციალურ პირად გადაიქცა. მოკლედ რომ ვთქვათ: სანამ საქართველოში შეუძლებელია აშკარა საკითხების გახმოვანება, არაფერ კარგს არ უნდა ველოდოთ ამ ქვეყნისგან. საქართველო - კავკასიის ავადმყოფი ადამიანია, მაგრამ მე მჯერა, რომ ავადმყოფობა დამარცხდება. ეს ჯერ იქნება ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, შემდეგ დაიწყება ყველა მოვლენისთვის თავისი სახელის დარქმევის პროცესი, შემდეგ პასუხისმგებლობის გაზიარება, და შემდეგ კი ფინიში. მაგრამ ის არ იქნება ისეთი, როგორსაც ახმოვანებს პაატა. ფინიში უნდა იქნეს ნამდვილი, რომელიც ხელსაყრელია ყველასთვის. ყველას კი ერთი რამ აწყობს - დასვას წერტილი და დაიწყოს ყველამ თავისი ცხოვრებით ცხოვრება. ამ კონტექსტში ჩემი პროგნოზი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო ჩვენ მაინც გვაღიარებს, და მოხდება ეს უახლოესი არა უმეტეს ათი წლის განმავლობაში.

ცხინვალელი პოლიტოლოგი ვიაჩესლავ გაბოზოვი, გაზეთი "რესპუბლიკა":

   - ჩვენი სახელმწიფო, ყველა სტრუქტურა, რომლებიც განსაზღვრავენ საგარეო პოლიტიკას, ყურადღებით უნდა აანალიზებდნენ მიმდინარე ცვლილებებს და შესაბამისი ტაქტიკური სვლები უნდა მოამზადონ. ჩვენს ნაციონალურ ინტერესებში ჩვენზე მეტად ვერავინ ერკვევა (რუსეთის მიმართულებით თითის გაშვერა ამ შემთხვევაში უადგილოა), საქართველოს შემადგენლობაში არანაირი სახით (ფედერაცია, კონფედერაცია და ა.შ.) შესვლაზე საუბარი არ შეიძლება იყოს, ეს უცვლელი სტრატეგიაა, რეალობიდან გამომდინარე ჩვენ შეიძლება შევცვალოთ ტაქტიკა, ინტერესები კი არა.

გაბოზოვის მსგავსი აზრი გაახმოვანა ლიანა კვარჩელიამაც. იგი ელოდება, რომ თბილისის მხრიდან "გადაფორმატირებული" მიდგომა კონფლიქტებთან მიმართებაში სეპარატისტებს "უფრო ღია" საერთაშირისო გარემოს შეუქმნის. ამასთან ხაზს უსვამს, რომ "ბევრნი ამ გახსნილობაში მახეს დაინახავს. მაგრამ მთავარია ხელიდან არ გავუშვათ მახეებს იქეთ არსებული ახალი შესაძლებლობები". კვარჩელიას ამ გამონათქვამს ეხმიანება ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის სტანისლავ ლაკობას განცხადება. რუსეთის მედია საშუალებებისათვის მიცემულ ინტერვიუში და 19 ოქტომბერს აფხაზური ტელევიზიის ეთერში გასულ თოქ-შოუში მან განაცხადა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების მხრიდან იგი მნიშვნელოვან დივიდენდებს ელოდება - ამავდროულად განაცხადა, რომ "ზოგიერთი ცნობილი სახე "ქართული ოცნებიდან" არ გამორიცხავდა ადრე აფხაზეთის დამოუკიდებლობას". ამასთან ისიც აღნიშნა, რომ თბილისიდან რაიმე ხეირის მოლოდინი ზედმეტია "სანამ იქ დღემდე ხელკეტით სააკაშვილი დგას".

რაც შეეხება სეპარატისტთა ინტერესთა სფეროს, მათ აზრებში ეს მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული. სოხუმი და ცხინვალი გააგრძელებენ თავიანთვის საერთაშორისო სტატუსის დაჟინებულ მოთხოვნას დაწყებული მათი კონფლიქტის მხარედ აღიარებით, და ყველა ღონეს იხმარენ დასავლეთთან პირდაპირი კონტაქტების დასამყარებლად - რათა ყოველგვარი "შუამავლების" გარეშე გამოიყენონ მათი ტრიბუნები. შუალედური მიზანი კი თბილისთან ძალის არგამოყენების შესახებ საერთაშორისო გარანტიებით გამყარებული ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებაა, რაც თავის მხრივ სოხუმისა და ცხინვალისათვის მათი დამოუკიდებლობის ირიბად ცნობას წარმოადგენს. ეს კი სეპარატისტებს (უფრო სწორედ მოსკოვს) გზას უხსნის შემდგომი საერთაშორისო ლეგიტიმაცია მოახდინონ თვითაღიარებული რეჟიმებისა.

მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ სეპარატისტები დღემდე პრინციპულად არიან განწყობილნი მხოლოდ მიღებაზე. ისინი კატეგორიულად არ თანხმდებიან რაიმე კომპრომისს და თუნდაც ცოტაოდენ წინსვლას მნიშვნელოვან საკითხებში, თუნდაც სერიოზული პოლიტიკური დათმობების სანაცვლოდ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სოხუმი და ცხინვალი მყარად დგანან პოზიციაზე გააგრძელონ ძველი, ცალ კარში თამაში, როდესაც საქართველოს აიძულებენ გადადგას ცალმხრივი ნაბიჯები, სანაცვლოდ კი არაფერს სთავაზობენ.

საქართველოს ახალი მთავრობა აქცენტს "რბილ ძალაზე" აკეთებს. თუმცა, სეპარატისტებმა კარგად იციან, რომ "რბილმა ძალამ" მომავალში პოლიტიკურ მოწესრიგების პროცესში შესაძლოა გზა გაუხსნას კომპრომისებს და სწორედ ამიტომ პრევენციის დონეზე გამორიცხავენ მისი გამოყენების რაიმე საშუალებას. საილუსტრაციოდ ენგურის გასწვრივ ადმინისტრაციულ საზღვარზე ვითარებაც საკმარისია. აფხაზებს ეკრძალებათ ოკუპაციის ზოლის გადაკვეთა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ სეპარატისტთა სპეცსამსახურების შესაბამისი საშვი გააჩნიათ. აფხაზეთის ხელმძღვანელობა ცდილობს არ დაუშვას ავადმყოფთა გადმოსვლაც კი, რათა მათ მკურნალობა ქართულ კლინიკებში არ გაიარონ - თუმცა განსაკუთრებული სიტუაციების შემთხვევაში გამონაკლისს მაინც უშვებენ. საგულისხმოა, რომ ასეთ პოლიტიკას ოკუპირებული ტერიტორიის ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს. უფრო მეტიც - ანქვაბის მისამართით არაერთი კრიტიკა გაჟღერებულა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი კონკრეტულ შემთხვევაში საშუალებას აძლევს ავადმყოფებს სიცოცხლის გადარჩენის მიზნით ქართულ კლინიკებში მიიღონ სამედიცინო მომსახურეობა.

ყველა ჰუმანიტარული თუ ეკონომიკური ხაზით თანამშრომლობის შეთავაზებას პასუხად პოლიტიკური და სხვა მიუღებელი პირობების წამოყენება მოჰყვება ხოლმე. არ არსებობს მიზეზი ვიფიქროთ, რომ ეს მიდგომა შეიცვლება. ყველაზე კარგად ეს დააფიქსირა ანქვაბმა, როდესაც 23 ოქტომბერს თათბირზე გაკეთებული განცხადებით საერთოდ გამორიცხა პირდაპირი მოლაპარაკებები თბილისთან: "ჩვენ არ გვაინტერესებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის საკითხები, დევნილთა და სხვა თემები, რომლებსაც არ აქვთ კავშირი შექმნილ პოლიტიკურ რეალიებთან. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ საერთაშორისო გარანტიებით გამყარებული საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ იურიდიული ვალდებულების ხელშეკრულება. სხვა საკითხები ჩვენ არ გვაინტერესებს".

ვინაიდან არასწორ ტაქტიკურ სვლებს შეუძლია გავლენა იქონიოს საერთო სტრატეგიაზე და მკვეთრად გააუარესოს მდგომარეობა, საქართველოს ახალ მთავრობას მოუწევს სათანადოდ შეაფასოს სიტუაცია და კარგად აწონ-დაწონოს რა ცალმხრივი ნაბიჯები და სამშვიდობო ინიციატივები შესაძლოა გადაიდგას კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით. პოლიტიკის არსი, რომელსაც სეპარატისტები ახორციელებენ, არის თამაში ნულოვანი საწყისით - როცა გამარჯვებული იღებს ყველაფერს, ხოლო ხელმოცარულს წილად მხოლოდ დანაკარგებიღა რჩება. ამ ეტაპზე, აფხაზები და ოსები ამ პოლიტიკას რუსეთის წყალობით ახორციელებენ, ისინი არ გრძნობენ რაიმე დათმობებზე წასვლის საჭიროებას და ურჩევნიათ მოიცადონ, სანამ სასურველი შედეგი თავისით არ ჩაუვარდებათ ხელში. ამიტომ, ახალი ხელისუფლების პირველი ამოცანაა გააკეთოს სიტუაციის პრაგმატული ანალიზი და საკუთარი მხრიდან გამორიცხოს ისეთი შეცდომების დაშვება, რომელთა წყალობით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება შემდგომში შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე