RSS
აფხაზეთის რკინიგზა - გზა არსაით?
22.11.2012 14:42
სიმონ კილაძე

საკითხის ფასი: «პრო» და «კონტრა»

რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული წინადადებიდან ყველაზე ფართო რეზონანსი გამოიწვია ორი მეზობელი სახელმწიფოს დამაკავშირებელი სატრანსპორტო კომუნიკაციის - საქართველოს რკინიგზის ზუგდიდი-ოჩამჩირის მონაკვეთის სავარაუდო აღდგენამ (ოჩამჩირე-გაგრის მონაკვეთი აღდგენილია და ფუნქციონირებს), რომელსაც არა მხოლოდ ლოკალურ-რეგიონული სატრანზიტო მნიშვნელობა აქვს, არამედ უფრო მეტი - გეოპოლიტიკურ-გეოეკონომიკურიც: ჯერ ერთი, რომ რუსეთი აღნიშნული რკინიგზით (ანუ ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალით), ისევე როგორც საბჭოთა პერიოდში, კვლავ დაუკავშირდება სომხეთსა და ირანს, სომხეთი კი, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთიდან თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერაა ბლოკირებული, აღადგენს სარკინიგზო კავშირს რუსეთთან, უკრაინასთან და ზოგადად, ევროპულ სახელმწიფოებთან. ისევე როგორც ყოველ მეტ-ნაკლებად ნოვატორულ პროექტს, რკინიგზის აღდგენასაც საკმაოდ ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

აზერბაიჯანი: მუქარანარევი განცხადებები

აზერბაიჯანი, რუსეთთან (და საერთოდ, გარესამყაროსთან) დამაკავშირებელი სატრანსპორტო კომუნიკაციების მხრივ სომხეთთან შედარებით საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იმყოფება - ბაქო მოსკოვს პირდაპირ უკავშირდება რკინიგზით, დაღესტნის ტერიტორიის გავლით და აქედან გამომდინარე, ჩვენს კასპიისპირა მეზობელს კომუნიკაციის პრობლემა არ აღელვებს - როგორც იტყვიან, «თავი ქუდში აქვს».

ამასთან, თავიდანვე აშკარად ჩანდა, რომ სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის ინიციატივას უარყოფით რეაქცია მოყვებოდა აზერბაიჯანის მხრიდან, რადგან ბაქო ერევანთან საომარ მდგომარეობაშია: ვაითუ რკინიგზით სომხეთმა რუსუსლი იარაღი მიიღოსო. ამასთან, მართალია აზერბაიჯანის ოფიციოზი ჯერ-ჯერობით დუმს, გამაფრთხილებელი მესიჯი მაინც წამოვიდა სწორედ ხელისუფლებასთან დახლოებული პოლიტელიტისგან, საკანონმდებლო ორგანოს - მილი-მეჯლისის ზოგიერთი დეპუტატისაგან, რომლებმაც მყისიერად დააფიქსირეს თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება ხსენებულ ინიციატივასთან დაკავშირებით. ეს კი იმის მიმანიშნებელია, რომ დუმილი ყოველთვის არ არის თანხმობის ნიშანი. თუმცა ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ შესაძლებელია აზერბაიჯანის ხელისუფლება ოფიციალური განცხადებებისგან თავს იკავებდეს იმის გამო, რომ ჯერ ერთი, დარწმუნებულია ამ ეტაპზე რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის სატრანზიტო მოძრაობის აღდგენის უპერსპექტივობაში და რაც მთავარია, არ ჩქარობს და სავარაუდოდ, არც სურს დაძაბოს ურთიერთობა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან, უცდის მის შემდგომ ნაბიჯებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

სომხეთი: ალტერნატივა პერსპექტივით

საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის ამოქმედება წლების განმავლობაში საქართველოს სამხრეთი მეზობლის ოცნება იყო: ერევანი ოფიციალურ თუ არაოფიციალურ დონეზე ყოველთვის ცდილობდა ეს საკითხი სხვადასხვა დონის მოლაპარაკებების მოლაპარაკების დღის წესრიგში შეეტანა, მაგრამ ამაოდ. კომუნიკაციური ალტერნატივის ძიებაში სომხეთმა თვალი ირანს მიაპყრო, მაგრამ აშკარა ჩანდა, რომ ერევნისათვის შედარებით უფრო მომგებიანს მაინც საქართველოზე ტრანზიტი წარმოადგენდა. დღეისათვის სომხეთმა მეტ-ნაკლებად უკვე მოახერხა თავისი იმპორტ-ექსპორტის ორგანიზაცია: რუსეთთან ვაჭრობა და მიმოსვლა ხორცილედება როგორც საქართველოს სამხედრო გზის მეშვეობით (ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით), ასევე საქართველოს საზღვაო ნავსადგურების სარგებლობით. შეიძლება ითქვას, რომ რკინიგზას სომხეთისათვის ძველებურად სტრატეგიული მნიშვნელობა აღარ აქვს, თუმცა, რასაკვირველია, ერევანი მის ამოქმედებას მაინც მიესალმება და მიაჩნია, რომ რუსეთისაკენ მიმართული უმოკლესი გზის ექსპლოატაციაში შესვლით მისი ტვირთების ტრანზიტი გაიაფდება. სხვათა შორის, სომხეთის ხელისუფლებამ, აზერბაიჯანისაგან განსხვავებით, ოფიციალურად დააფიქსირა თავისი დადებითი პოზიცია პრემიერ-მინისტრ ტიგრან სარქისიანის განცხადებით.

რუსეთი «დამკვირვებლის» როლში

საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის ამოქმედება რუსეთისათვის თეორიულად შესაძლოა მომგებიანი იყოს: მოსკოვი ხომ უფრო ადვილად შეძლებს გიუმრიში დისლოცირებული თავისი სამხედრო ბაზის უზრუნველყოფას როგორც სუფთა სამხედრო, ასევე ორმაგი მნიშვნელობის ტვირთებით. გარდა ამისა, ირანსაც მიაწვდიდა მსგავს პროდუქციას. მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულად. პრაქტიკულად კი სულ სხვა სურათი იქნება: საქართველოს არ დაუშვებს თავის ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთების ტრანზიტს, რადგან პირველ რიგში ეს თვით თბილისისთვის იქნება საზიანო, რომ არაფერი ვთქვათ დასავლელი პარტნიორ-მოკავშირეების უარყოფით რეაქციაზე.

ამჟამად რუსეთი, შეზღუდული კომუნიკაციების მიუხედავად, მეტ-ნაკლებად მაინც ახერხებს გიუმრის სამხედრო ბაზის უზრუნველყოფას შეიარაღებით, ირანისა და ცენტრალური აზიის ტერიტორიის გავლით. ამასთან, მოსკოვში მშვენივრად იციან, რომ ირანთან მიმართებით სიტუაციის გამწვავების შემთხვევაშიც კი, ცოცხალი ძალის გადასაყვანად და სამხედრო ტექნიკის გადასატანად, საქართველოს ტერიტორიას მაინც ვერ გამოიყენებს. ამ მხრივ ნაკლებად დამაჯერებელია უცხოელ ექსპერტთა მოსაზრებები, რომელთა თანახმად, ირანის გამო რუსეთი შეეცდება «საქართველოს წინააღმდეგ მეორე ომი დაიწყოს».

ალბათ, სწორედ ამიტომ დღეს რუსეთი მნიშვნელოვან აქტიურობას არ იჩენს რკინიგზის ასამოქმედებლად, მისთვის უფრო მისაღებია «ჩრდილოეთ-სამხრეთის» სატრანსპორტო დერეფნის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდა. გარდა ამისა, აშკარაა, რომ მოსკოვისათვის მომგებიანია რკინიგზის გამო აზერბაიჯანისა და საქართველოს დაპირისპირება, რათა გართულდეს ამჟამად მოქმედი ნავთობ-გაზსადენების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზერუმი) ექსპლოატაცია და სხვა დასავლური ენერგოპროექტების რეალიზება, ვთქვათ, ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობა...

აფხაზი სეპარატისტები: ჯერ აღიარება, შემდეგ რკინიგზა

სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოსთან ურთიერთობას მანამ არ დაიწყებს, სანამ თბილისი აფხაზეთის დამოუკიდებლობას ოფიციალურად არ აღიარებს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, აფხაზეთისათვის აღმოსავლეთის მიმართულებით (ოჩამჩირედან ენგურამდე და ზუგდიდამდე) რკინიგზაზე მიმოსვლის აღდგენას მინიმალური მნიშვნელობა აქვს, რადგან ყოველივე აუცილებელს სოხუმი რუსეთიდან ღებულობს (სოხუმი-ლესელიძის მონაკვეთის ექსპლოატაციით). გარდა ამისა, აფხაზი სეპარატისტები არ არიან დაინტერესებული იძულებით გადადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნებით, რაც შესაძლოა რკინიგზაზე მოძრაობის დაწყებას მოჰყვეს. კიდევ ერთი მომენტი, რაც პრობლემატურს ხდის რკინიგზის ამოქმედებას: ამჟამად ოჩამჩირისა და განსაკუთრებით გალის რაიონში ფაქტიურად მთელი ინფრასტრუქტურა განადგურებულია - ლიანდაგები აყრილია, საკონტაქტო ქსელი მოხსნილია, მოშლილია რკინიგზის ვაკისი, დანგრეულია ხიდები, სადგურის შენობები.... როგორც ამ ორიოდე დღის წინათ რუსულ-აფხაზურ საქმიანი ფორუმზე აღინიშნა, ოჩამჩირედან ენგურამდე რკინიგზის აღდგენას (უფრო ზუსტად, ხელახლა მშენებლობას) სულ მცირე ორი წელი მოუნდება. რასაკვირველია, საჭირო იქნება დიდძალი ინვესტიციების მოძიება.

საინტერესოა, რომ ზოგიერთი რუსი პოლიტოლოგი აფხაზებისათვის რკინიგზის აღდგენას მავნედ მიიჩნევს. მათი მტკიცებით, ეკონომიკური თვალსაზრისით, აფხაზეთს საქართველოს მიმართულებით რკინიგზა არ სჭირდება. არგუმენტები? ინებეთ: აფხაზური ეკონომიკა თითქმის არ არსებობს და რაც არის, ისიც მთლიანად რუსეთზეა ორიენტირებული; აფხაზეთს არ აქვს ისეთი პროდუქცია, რომლის ექსპორტი საქართველოში იქნება შესაძლებელი; აფხაზეთს არ ჰყავს კვალიფიციური სარკინიგზო კადრები, არ აქვს რკინიგზის აღდგენისა და მისი ექსპლოატაციის შესაძლებლობები.

საქართველო: ნეგატივი და პოზიტივი

პირდაპირ დავსვათ კითხვა: რამდენად საჭირო და აუცილებელია საქართველოსთვის რკინიგზის ექსპლოატაცია?

ოპტიმისტურად თუ მივუდგებით, გასაგებია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის ინფრასტრუქტურის აღდგენა და მასზე მოძრაობის დაწყება არა მხოლოდ ქართულ-რუსული ურთიერთობების, არამედ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორადაც განიხილება. რუსეთი საქართველოსგან პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, საქართველოც კონკრეტულ პროექტს სთავაზობს. რაც ადრე ჩვენთვის მიუღებელი იყო, დღეს მისაღებია. ქართული მხარის ეს ნაბიჯი კომპრომისულ წინადადებათა პაკეტის ერთ-ერთი ნაწილია და მას დადებითი შედეგი შეუძლია გამოიწვიოს, - ამბობენ პროექტის მომხრენი.

თეორიულად საქართველოს სრული უფლება აქვს რკინიგზის საკითხი თვითონ, მეზობლების დაუკითხავად გადაწყვიტოს, მაგრამ რადგანაც კავკასიაში პრაქტიკულად ყველა პრობლემა მეტ-ნაკლებად მაინც ეხება მოსაზღვრე სახელმწიფოებს, თბილისი თავის გადაწყვეტილებებში, გვინდა თუ არ გვინდა, მაინც ერთგვარად შეზღუდულია.

საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენა თავისი არსით დადებით განზრახვას წარმოადგენს, რადგან მისი განხორციელება რეგიონის განვითარებისათვის სასიკეთო მოვლენა იქნება. ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალი ადრინდელ ფუნქციებს დაიბრუნებს, საქართველო თავისი რკინიგზით კვლავ დაუკავშირდება რუსეთს, უკრაინას და საერთოდ, ევროპას. თეორიულად ასევე არაა გამორიცხული, რომ ასეთი ნაბიჯი ხელს შეუწყობს საქართველოსთან სეპარატისტული აფხაზეთის ინტეგრაციას. შესაძლოა საქართველოშიც განხორციელდეს მოლდოვას პრეცედენტი - რამდენიმე თვის წინათ, ექვსი წლის იძულებითი პაუზის შემდეგ, მოლდოვას ცენტრალური ხელისუფლებისა და დნესტრისპირელი სეპარატისტების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სატრანსპორტო მოძრაობას აღდგენის თაობაზე, რომლის თანახმად, სამგზავრო და სატვირთო მატარებლები უკრაინასა და რუსეთის მიმართულებით, კიშინიოვიდან დნესტრისპირეთის «რესპუბლიკის» გავლით იმოძრავებდნენ. თუმცა, აქვე ვიტყვით, რომ შესასწავლია, რა სარგებლობა მოუტანა რკინიგზის აღდგენამ მოლდოვის შიდა ინტეგრაციულ პროცესს, ანუ ხელი შეუწყო თუ არა სატრანსპორტო კავშირმა ცენტრალური ხელისუფლებისა და სეპარატისტების ურთიერთდაახლოებას...

ამასთან, დადებით თეორიულ შედეგებთან ერთად რკინიგზის აღდგენას შესაძლებელია მოჰყვეს პრაქტიკული უარყოფითი შედეგებიც: აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობის გაუარესება თბილისზე უფრო საზიანოდ იმოქმედებს, ვიდრე ბაქოსათვის და თუ ამას თურქეთის უარყოფითი რეაქცია დაემატება, მეტად არასასიამოვნო პერსპექტივა გველოდება...

ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, რომ რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენა აღმოსავლეთის მიმართულებით აფხაზი სეპარატისტებისათვის მიუღებელია. თითქმის იდენტურ პოზიციას ამჟღავნებს რუსეთიც.

ამრიგად, თუ საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას მაინც დააპირებს, წინასწარ ყოველმხრივ უნდა იქნეს შესწავლილი და გათვალისწინებული მოსალოდნელი სასიამოვნო თუ არასასიამოვნო შედეგები, უნდა მოხდეს პროცესების მოდელირება, უნდა შემუშავდეს უარყოფით მოვლენებზე რეაგირების ფორმები და მეთოდები. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხერხდება ნეგატივის მეტ-ნაკლებად თავიდან აცილება და პოზიტივის განმტკიცება.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე