RSS
რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის პრობლემები. ნაწილი I
08.01.2013 16:13
სიმონ კილაძე

სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან რუსეთის ურთიერთობების დონე პირობითად შეიძლება სამ კატეგორიად დავყოთ: საქართველოსთან - მინიმალური (კონფრონტაციული), სომხეთთან - მაქსიმალური (სამოკავშირეო-სტრატეგიული) და აზერბაიჯანთან - ზომიერად კეთილმეზობლური.

მოსკოვ-თბილისის, მოსკოვ-ერევნისა და მოსკოვ-ბაქოს ოფიციალური კავშირების მინიმალური, ზომიერი და მაქსიმალური დონეები მრავალი ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის თანამედროვე და ისტორიული გეოპოლიტიკური მიზეზებით:

საქართველოსთან მიმართებით მხედველობაში გვაქვს ურთიერთობების იმ თავდაპირველი ბაზისის შექმნის სპეციფიკა, რომელიც ორსაუკუნენახევრის წინ უმძიმესი გეოპოლიტიკური სიტუაციის ზეგავლენით ჩაისახა. მისი გენეზისი მეტ-ნაკლებად აღმავალი ხაზით განვითარდა (რაც, იმპერიის ინტერესების გამო, „არასასურველ ინტეგრაციად“ - ანექსიად გადაიქცა), მოგვიანებით ტრანსფორმაცია განიცადა (მხედველობაში გვაქვს ყალბი საბჭოური სუვერენიტეტი) და ბოლოს, კლასიკური სუვერენიტეტის პერიოდში, 1990-იანი წლების ურთიერთობის ზომიერად პროგრესულ-წინააღმდეგობრივი ფორმა რადიკალურად შეიცვალა რეგრესით (გარდაიქმნა ანტაგონისტურად). მართალია, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების კვალობაზე (2012 წლის ოქტომბრიდან) რეგრესული პროცესი თუმცა ერთგვარად დამუხრუჭდა, მაგრამ ნორმალიზაციამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი.

სომხეთთან მიმართებით ურთიერთობათა ევოლუციის საკითხში თითქმის იგივე ხაზი შეიმჩნევა, თუმცა, საქართველოსაგან განსხვავებით, ანექსიამდელ პერიოდში უფრო ძლიერი იყო სომხების ნებაყოფლობითი სწრაფვა რუსეთთან ინტეგრაციისაკენ (თურქული საფრთხის გამო), რამაც, საბოლო ჯამში, 1990-ანი წლების დამოუკიდებლობის დროიდან, ერევან-მოსკოვის ურთთიერთობებმა სტრატეგიულ-სამოკავშირეო ფორმა მიიღო.

რაც შეეხება აზერბაიჯანს: რუსეთის ინტერესების რეალიზება სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში (დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია) ძირითადად სპარსეთთან დამოკიდებულების საფუძველზე მოხდა, ომებისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების გათვალისწინებით. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ორი ასწლეულის მანძილზე (უფრო ზუსტად კი გასული საუკუნის 90-იან წლებამდე), რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში, თუ არ ჩავთვლით 1918-1920 წლების მოკლევადიან პერიოდს, რაიმე მკვეთრად უარყოფითი პროცესები არ შეინიშნებოდა. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა საბჭოთა კავშირის დაშლის ჟამს, როცა აზერბაიჯანი სუვერენულ სახელმწიფოდ გამოცხადდა, პარალელურად კი წარმოიქმნა სასაზღვრო-ტერიტორიული დავები, რაც სწრაფად გადაიზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში. ამ პერიოდიდან რუსეთისათვის აზერბაიჯანის მნიშვნელობა მკვეთრად იზარდება ორი ძირითადი მიზეზის გამო:

პირველი - გეოეკონომიკური. კომპონენტები: კასპიის ნავთობ-გაზის საბადოები, რომელიც დასავლეთ ევროპისათვის ფრიად სასარგებლო ენერგოწყაროდ შეიძლებოდა ქცეულიყო (მოგვიანებით ასეც მოხდა); „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის პროექტის რეალიზება, რუსეთ-ირანის კავშირების ინტენსიფიკაციისათვის;

მეორე - გეოპოლიტიკური. კომპონენტები: სეპარატიზმი (შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთთან მთიანი ყარაბაღის გამო); მილიტარიზმი (ყოფილი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის კუთვნილი იარაღის ყველაზე დიდი საწყობებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო ბაზების (სამხედრო-საჰაეროს ჩათვლით) საკითხის გარკვევა, კასპიის სამხედრო ფლოტილიის დისლოცირების პრობლემა (ბაქოდან მახაჩყალაში) და ბოლოს, აზერბაიჯანში, ქალაქ გაბალასთან მდებარე ზესაიდუმლო რადიოლოკაციურ სადგურთან დაკავშირებული საკითხი. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე აზერბაიჯანის ფაქტორი რუსეთისათვის ირანის საკითხში.

ხსენებული მიზეზები, მათივე კომპონენტებითურთ, სტაბილურად აქტუალურია და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც რეგიონულ, ასევე გლობალურ პოლიტიკაზე და რუსეთის როგორც რეგიონული და გლობალური პოლიტიკის აქტიური მოთამაშისათვის, ბაქოსთან დადებითი ურთიერთობების განვითარება აუცილებელია. თუმცაღა, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის ინტერესები რიგ შემთხვევებში ერთმანეთს არ ემთხვევა, სწორედ ეს განაპირობებს მათი ურთიერთობის პრობლემებს.

პრობლემა პირველი: დესტრუქციული როლი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში

მთიანი ყარაბაღის პრობლემა (ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, სასაზღვრო-ტერიტორიული სადავო საკითხი) სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა. დღესაც ორი მეზობელი სახელმწიფო ერთმანეთის მტრები არიან. რუსეთი არის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, რომლის მთავარი მიზანია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე, პირველი ეტაპი კი სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება უნდა იყოს. ამავდროულად, კავკასიაში რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირეს სომხეთი წარმოადგენს, რაც ფართო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებაში გამოიხატება. იბადება კანონზომიერი და ლოგიკური კითხვა - იქნება კი რუსეთი სამართლიანი და მიუკერძოებელი არბიტრი აზერბაიჯანის პრობლემების, განსაკუთრებით კი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში? ძალიან დიდი ეჭვია, რომ არ იქნება. მიუხედავად მოსკოვის მშვიდობისმოყვარე განცხადებებისა, მიუხედავად რუსეთის შუამავლობით განხორციელებული აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრებისა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თითქოსდა დიდი ძალისხმევით ცდილობს პრობლემის მოგვარებას, კონფლიქტი კვლავ გრძელდება. აშკარაა, რომ რუსეთი სომხეთს (თავის სტრატეგიულ მოკავშირეს) არ უღალატებს. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანს სრული უფლება აქვს არ დაიჯეროს ჩრდილოელი მეზობლის მტკიცებები და რუსეთი სეპარატიზმის წაქეზებაში დაადანაშაულოს, რასაც პრაქტიკულად აკეთებს კიდეც.

პრობლემა მეორე: კასპიის ნავთობ-გაზის ტრანსპორტირება ევროპაში

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული ბაქოს ნავთობის ევროპაში ექსპორტი მხოლოდ რუსეთის ტერიტორიის გავლით ხდებოდა (ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენის მეშვეობით). რასაკვირველია, რუსეთი გარკვეულ ფინანსურ მოგებას ღებულობდა, თუმცა რუსეთისათვის ფულს იმდენად დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენადაც მარშრუტს: ჩრდილოეთ კავკასიაზე გამავალი მილსადენი მოსკოვისათვის აზერბაიჯანზე პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ერთგვარ ბერკეტს წარმოადგენდა. ცხადია, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ ბაქო-ნოვოროსიისკის მიმართულების აქტუალობა შესუსტდა და ბოლოს მნიშვნელობა თითქმის დაკარგა. შესაბამისად, რუსეთს ზეგავლენის ბერკეტები ხელიდან გამოეცალა. კიდევ ერთი მომენტი მილსადენთან დაკავშირებით: აზერბაიჯანი უკმაყოფილოა იმით, რომ მოსკოვი ხელს უშლის ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას, რომლის მეშვეობით თურქმენული გაზი ექსპორტი აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ევროპაში განხორციელდება. მართალია, ბოლო ხანებში მილსადენებთან მიმართებით სიტუაცია თითქოსდა მწვავე აღარ არის, მაგრამ კასპიის ენერგოშემცველების ტრანსპორტირების საკითხი რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის საკმაოდ გამაღიზიანებელ პრობლემად რჩება. მოსკოვი წყენას არ ივიწყებს.

პრობლემა მესამე: გაბალის რადიოლოკატორის სამხედრო-პოლიტიკური განზომილება

გაბალის რადიოლოკაციური სადგურიჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის ჟამს, 1985 წელს აგებულმა „დარიალის“ ტიპის გაბალის რადიოლოკაციურმა სადგურმა 1992 წლიდან რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო დაცვის სისტემაში უმნიშვნელოვანესი როლი შეიძინა. ამ სამხედრო ობიექტის მეშვეობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შესაძლებლობა აქვს ეფექტურად გააკონტროლოს სივრცე 8000 კილომეტრიანი რადიუსით. ეს საკმარისია, რომ დაფიქსირდეს უცხო სახელმწიფოს მიერ რაკეტების გაშვება ინდოეთის ოკეანის აკვატორიაში. შესაბამისად, გაბალის ლოკატორის „მზერა“ მთლიანად მოიცავს თურქეთის, ერაყის, ირანის, ინდოეთისა და ახლო აღმოსავლეთის ყველა სახელმწიფოს ტერიტორიას. კიდევ ერთი უპირატესობა: გაბალის სადგური არა მაარტო აფიქსირებს რაკეტების გაშვებას, არამედ „თვალს ადევნებს“ მათი ფრენის ტრაექტორიას, რაც საფრთხის განეიტრალების საშუალებას იძლევა.

გაბალის რადიოლოკაციური სადგურის დაფარვის ზონააზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მოსკოვმა ბაქოს ლოკატორის იჯარით სარგებლობა შესთავაზა. შემუშავდა შესაბამისი შეთანხმების პროექტი, რომელსაც მხარეებმა ხელი 2002 წლის 9 დეკემბერს მოაწერეს. დოკუმენტის თანახმად, სადგურმა „სამხედრო საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ სტატუსი მიიღო, აზერბაიჯანის კუთვნილებად ჩაითვალა და რუსეთს 10-წლიანი იჯარით გადაეცა (შეთანხმების პროლონგაციის უფლებით). ამჟამად ორმხრივი დოკუმენტის იურიდიული მოქმედების ვადა ამოიწურა. სადგურის მუშაობას უზრუნველყოფს დახლოებით1,5 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე (იქვე შექმნილია სამხედრო ქალაქი, სადაც სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები ცხოვრობენ). იჯარის ღირებულებაა 14 მილიონი დოლარი ყოველწლიურად.

საინტერესოა, რომ გაბალის რადიოლოკატორის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების დენონსაციის საკითხი არაერთხელ განხილულა აზერბაიჯანის პოლიტიკურ წრეებში, პარლამენტში და შიდაპარტიული დისკუსიების დროს. საქმე იმაშია, რომ ხსენებული სამხედრო ობიექტი ეკოლოგიურად მავნეა, რადგან მას მძლავრი რადიოელექტრონული გამოსხივება აქვს. გარდა ამისა, აზერბაიჯანის ხელისუფლებაში შექმნილია აზრი, რომ ლოკატორის გაქირავების ფასი არ შესაბამება რეალურს (ანუ რუსეთმა აზერბაიჯანს 14 მილიონი დოლარი კი არა, გაცილებით მეტი - 150 მილიონი უნდა გადაუხადოს). კიდევ ერთი „არგუმენტი“ გაბალის მოწინააღმდეგეების სასარგებლოდ: დასავლეთი და განსაკუთრებით ნატოს სახელმწიფოები ბაქოსაგან კონფიდენციალურად მოითხოვენ რუსეთის სამხედრო „თვალის“ გაძევებას აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, მით უმეტეს, რომ თურქეთიც - აზერბაიჯანის მონათესავე სახელმწიფო - ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრია.

მოკლედ, დასავლეთის ერთგვარი ზეწოლით და ეკოლოგიური პრობლემების გათვალისწინებით, აზერბაიჯანმა ხელშეკრულების პროლონგაციაზე ყოყმანი დაიწყო.

გაგრძელება იქნება...


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება