RSS
რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის პრობლემები. ნაწილი II
11.01.2013 15:59
სიმონ კილაძე

გაგრძელება. იხ. დასაწყისი.

დამატებითი მოტივაცია ისიც იყო, რომ მოსკოვმა ბაქოს ტერიტორიის იჯარისათვის ადრინდელთან შედარებით ნაკლები თანხა შესთავაზა - ზოგიერთი რუსი სამხედრო სპეციალისტის მტკიცებით, გაბალის რადარს ძველებურად სტრატეგიული მნიშვნელობა აღარ აქვს, რაც დრო გადის, ობიექტის მარგი ქმედების კოეფიციენტი კლებულობს, მოწყობილობები ძველდება და მწყობრიდან გამოდის, მათი შეცვლა იმდენად ძვირი ჯდება, რომ უმჯობესია გაბალის ლოკატორის ფუნქციები ჩრდილოეთ კავკასიაში (არმავირში) მდებარე ახალ სადგურს გადაეცეს, რომლის მშენებლობა, ფაქტიურად, უკვე დასრულებულია.

როგორც ჩანს, რუსეთის მთავრობამ გაითვალისწინა როგორც აზერბაიჯანის მოყოყმანე პოზიცია, ასევე რუსი სამხედრო ექსპერტების თვალსაზრისი და რადიოლოკატორით სარგებლობაზე უარი თქვა. რუსეთის ფედერაციამ აზერბაიჯანის მხარეს გადასცა შესაბამისი ნოტა, რომლის თანახმად, 2012 წლის 10 დეკემბრიდან სადგურის ექსპლოატაცია შეწყდა და შესაბამისად, ათი წლის ხელმოწერილი შეთანხმება იურიდიულ ძალადაკარგულად ჩაითვალა.

ვერ ვიტყვით, რომ რუსეთს გაბალა არ აინტერესებდა. სწორედ მოსკოვის ინტერესმა განაპირობა რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერის (თავდაცვის სფეროს კურატორის) დიმიტრი როგოზინის ვიზიტი აზერბაიჯანში 2012 წლის 15-16 აგვისტოს, როცა იგი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. მართალია, მოლაპარაკება კონფიდენციალურ ხასიათისა იყო, მაგრამ გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, მხარეები ფასზე ვერ შეთანხმდნენ.

აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ გაბალის რადარის ბედის გაჭიანურება პუტინ-ალიევის ვაჭრობასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ფული აქ მხოლოდ ფორმალურ როლს ასრულებდა: მთავარი ის იყო, რომ ორივე მხარე ამ სამხედრო ობიექტს საგარეოპოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად იყენებდა. ილჰამ ალიევის ინტერესში იყო აიძულებინა რუსეთი რაიმე პოზიტიური ნაბიჯის გადადგმაზე მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად, ვლადიმერ პუტინი კი ცდილობდა, რომ გაბალა კოზირად გამოეყენებინა იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი რუსეთის მოკავშირეს - სომხეთს ომით რეალურად დაემუქრებოდა.

რა იქნება შემდეგ? გაუარესდება თუ არა გაბალის ფაქტორით აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობები? ექსპერტთა თვალსაზრისი არაერთგვაროვანია. ერთნი თვლიან, რომ მომხდარი ფაქტი ურთიერთობას არ გააუარესებს, მეორენი კი პირიქით აცხადებენ - გაბალის ლოკატორთან დაკავშირებული ამბები ორ ქვეყანას შორის არსებულ იმ პრობლემებზე მიუთითებს, რაც მომავალში, სავარაუდოდ, მომრავლდება. აზერბაიჯანი სულ უფრო იხრება დასავლეთისაკენ, ღრმავდება მისი თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. ბაქო-მოსკოვის ურთიერთობის „გაცივების“ სიმპტომები უკვე არის - 5 დეკემბერს აშხაბადში გამართულ დსთ-ის სამიტს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ნაცვლად, პრემიერი არტურ რასი-ზადე დაესწრო.

გაბალის რადიოლოკატორი ურთულესი სამხედრო ობიექტია, რომლის მართვა დიდ გამოცდილებასა და ცოდნას მოითხოვს. ფაქტია, რომ ბაქოს მისით სარგებლობა არ შეუძლია. აუცილებელი გახდება სადგურის შემდეგი არენდატორის ძიება, ბუნებრივია, ნატოს წევრ ქვეყნებს შორის. ვინ იქნება ის - ამერიკის შეერთებული შტატები თუ თურქეთი?

ჯერ კიდევ 2007 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის ამერიკელ კოლეგას ჯორჯ ბუშს ჩეხეთში ამერიკული რადარების განლაგების სანაცვლოდ, გაბალის ლოკატორით ერთობლივად სარგებლობა შესთავაზა, ვაშინგტონი თითქოსდა თანახმა იყო ლოკატორი რუსეთთან ერთად გამოეყენებინა, მაგრამ შემდეგ უარი თქვა. იგივე ბედი ეწია რუსეთის წინადადებას ნატოს ლისაბონის სამიტზეც 2010 წელს, როცა მოსკოვმა წამოაყენა წინადადება გაბალა ერთობლივი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტი გამხდარიყო.

თურქეთს გაბალით სარგებლობა არ აინტერესებს, რადგან მისი ეკონომიკისათვის მოძველებული და თან ძვირადღირებული ობიექტი ზედმეტი ტვირთი იქნებოდა. ამ ვარაუდს ადასტურებს 2012 წლის 11 სექტემბერს ქალაქ გაბალაში, რუსეთის საიდუმლო სამხედრო ობიექტთან ახლოს გამართული პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და პრემიერ რეჯებ ერდოგანის შეხვედრის შედეგებიც. როგორც ჩანს, მოლაპარაკების დროს თურქეთმა უარის განაცხადა აზერბაიჯანის შეთავაზებაზე ლოკატორის ექსპლოატაციასთან მიმართებით. აშკარაა, უცხოელი არენდატორები რომც მოიძებნონ, ისინი რუსული წარმომავლობის მქონე ლოკატორის სრულყოფილ ექსპლოატაციას, გასაგები მიზეზების გამო, ვერ შეძლებენ და მას ვერც რუსეთის წინააღმდეგ ვერ გამოიყენებენ, რადგან რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მართვის პულტი მოსკოვშია.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როცა რუსეთი ლოკატორიდან სპეცაპარატურას გაიტანს, დღის წესრიგში აუცილებლად დადგება სადგურის არასამხედრო, მშვიდობიანი მიზნით გამოყენების საკითხი. ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის გარემოება, რომ დაგეგმილია გაბალის რეგიონში ტურისტული და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარება - უკვე არსებობს იმ 52 ჰექტარი ფართობის რეკულტივაციის პროექტი, რომელიც რადარს აქვს დაკავებული. რაც შეეხება თვით შენობას, მასში შესაძლოა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება განთავსდეს,, ანდა ტურისტული დათვალიერების ობიექტად გადაიქცეს.

პრობლემა მეოთხე: რუსული იარაღის მიწოდება სომხეთისათვის

აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობების კიდევ ერთი პრობლემაა რუსული იარაღის მიწოდება სომხეთისათვის. აზერბაიჯანელი ექსპერტების ვარაუდით, დიმიტრი როგოზინისა და ილჰამ ალიევის შეხვედრაზე რუსული იარაღის შესყიდვისა და უკრაინული იარაღის სომხეთისათვის მიწოდების პრობლემური საკითხიც განიხილეს. საინტერესოა, რომ რუსეთის ვიცე-პრემიერის ვიზიტს წინ უძღოდა სკანდალი, რომელიც კიევ-ერევნის სამხედრო ურთიერთობებს ეხება: როგორც ირკვევა, უკრაინა, რომელიც აზერბაიჯანთან მეგობრობაზე თავს სდებს (კასპიის ნავთობისა და გაზის სამომავლო იმპორტის გამო), ბაქოსაგან ჩუმად სომხეთს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს „ბუკ“-ს აწოდებდა. თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რომ სომხეთს იარაღს რუსეთიც უგზავნის - როგორც სომხეთის არმიის უზრუნველსაყოფად, ასევე გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზისათვის (ამჟამად ბაზა აღჭურვილია რუსული საზენიტო კომპლექს „ს-300“-ით და „მიგ-29“ ავიაგამანად-გურებლებით. ბაზის პირადი შემადგენლობა - 5 ათას სამხედრო მოსამსახურე).

გიუმრის ბაზა ხომ რუსეთისათვის სამხრეთ კავკასიაში ყოფნის დადასტურებაა, რაც აზერბაიჯანისათვის ერთობ სახიფათო ფაქტორს წარმოადგენს. ნათელია, რატომაა ბაქო მეზობლისათვის იარაღის მიწოდების საკითხებისადმი ძალიან მგრძნობიარე - სომხეთი ხომ მისი მტერია და სამხედრო მოწინააღმდეგე, იმავდროულად კი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე... დავუშვათ და აზერბაიჯანმა სომხეთს ომი გამოუცხადა, ამ შემთხვევაში 102-ე ბაზის პირადი შემადგენლობა და შეაიარაღება, უნდა ვივარაუდოთ, რომ აზერბაიჯანის საწინაღმდეგოდ იქნება მიმართული. მით უმეტეს, რომ სომხეთი და რუსეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის („ოდკბ“) წევრები არიან, რომლის წესდებით, თუ ორგანიზაციის რომელიმე წევრს მესამე სახელმწიფო ომს გამოუცხადებს (პირობითად ვთქვათ, სომხეთს აზერბაიჯანი), ყველა დანარჩენი (და უპირველესად რუსეთი) დაზარალებულს (სომხეთს) უნდა დაეხმაროს (აზერბაიჯანის წინააღმდეგ).

საინტერესოა გიუმრის სამხედრო ბაზის უზრუნველყოფის საკითხი. ამჟამად, აზერბაიჯანული წყაროების თანახმად, აღნიშნული სამხედრო ობიექტის რუსეთიდან ცოცხალი ძალით, იარაღით და სხვა ამუნაციით მომარაგება, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ტრანსკავკასიური სატრანსპორტო კომუნიკაციების (მხედველობაში გვაქვს აფხაზეთის რკინიგზა) ბლოკირების გამო, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისა და ირანის გავლით წარმოებს, რაც რუსეთს ძვირი უჯდება. გარდა ამისა, სამხედრო ტვირთების ტრანზიტი უცხო სახელმწიფოს ტერიტორიიაზე რისკის ფაქტორს ზრდის.. სწორედ ამიტომ რუსეთისათვის მომგებიანი იქნებოდა აფხაზეთის მონაკვეთზე სარკინიგზო მოძრაობის აღდგენა, რომელსაც თბილისი საქართველო-რუსეთისა ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით ერთ-ერთ ბერკეტად განიხილავდა.

პრობლემა მეხუთე: აზერბაიჯანი რუსეთ-ირანის ურთიერთობების ჭრილში

კავკასია-კასპიისპირეთის რუკას თუ დავხედავთ, შევამჩნევთ, რომ აზერბაიჯანი რუსეთ-ირანის შორისაა „გაჩხირული“. ფაქტია, რომ მიუხედავად ბოლო ხანებში მოსკოვ-თეირანის „გაგრილებული“ კავშირებისა, მათ მაინც საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები აქვთ: რუსეთი საერთაშორისო არენაზე პერმანენტულად იცავს ირანის ბირთვულ პროექტებს, იგი ჩართულია „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფანში, რომელშიც ირანი აქტიურად მონაწილეობს, რუსეთისა და ირანის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა კასპიის ზღვის სტატუსის განსაზღვრაშიც. აზერბაიჯანს კი მოსაზღვრე ირანთან პრობლემები აქვს, რაც ირანის აზერბაიჯანულენოვანი პროვინციების საკითხში გამოიხატება, ასევე განსხვავდება ბაქოს პოზიცია მოსკოვისა და თეირანის პოზიციისაგან კასპიის ზღვასთან მიმართებით. აზერბაიჯანს აშკარად არ სიამოვნებს რუსეთისა და ირანის სამხედრო მანევრები კასპიის ზღვაში - ბაქო შიშობს, რომ ირანის წინააღმდეგ დასავლეთის მხრიდან სამხედრო მოქმედების დაწყების შემთხვევაში რუსეთი შეეცდება მისი სახმელეთო და საზღვაო ტერიტორიით ისარგებლოს.

რასაკვირველია, ისე არ უნდა ვიფიქროთ, რომ რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა მხოლოდ პრობლემებითაა სავსე, რომელთა გადაჭრა უახლოეს პერსპექტივაში შეუძლე-ბელია. პირიქით, ბოლო წლებში გარკვეული მცდელობისა და ორმხრივი ძალისხმევის შემდეგ, რიგი სახელმწიფოთაშორისო უთანხმოებანი წარმატებით იქნა მოგვარებული. ასეთია, მაგალითად, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი, აზერბაიჯანში რუსული ანკლავების - ხრახუბასა და ურიანუბას მცხოვრებთა იურიდიული სტატუსის პრობლემა, რომელთა გადაჭრის პროცესი წლობით ჭიანურდებოდა. გარდა ამისა, აუცილებელია ისიც ვთქვათ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების ფონზე, რუსეთისა და აზერბაიჯანის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები საკმაოდ დინამიურად ვითარდება: 2011 წელს სავაჭრო ბრუნვამ თითქმის სამი მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა წინა პერიოდთან შედარებით.

- - - - - - - - - - - - - - - -

ყოველივე ზემოთ თქმულის საფუძველზე შეიძლება მოკლე რეზიუმე და ზოგიერთი დასკვნა გავაკეთოთ:

ჯერ-ჯერობით, რუსეთის საგარეო პოლიტიკა აზერბაიჯანთან მიმართებით პრობლემებს აწყდება, მოსკოვს არა აქვს აზერბაიჯანთან ურთიერთობის კონცეპტუალური ხედვა, რაც ორი მეზობელი სახელმწიფოს ურთიერთობების მნიშვნელოვან ხელშემშლელ ბარიერს წარმოადგენს. აშკარაა, რომ პრობლემებს პერმანენტული ხასიათი აქვს;

ყველაზე რთულ პრობლემას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი წარმოადგენს, რომლის მოგვარებაშიც რუსეთი ორმაგ პოლიტიკას მიმართავს. შესაბამისად, თუ რუსეთი არ შეცვლის, ან არ შეასუსტებს თავის სოლიდარობას სომხეთთან, აზერბაიჯანის მოსკოვისადმი უნდობლობა არ განეიტრალდება;

არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ირანული ბერკეტით ისარგებლოს - თვალი დახუჭოს თეირანის „გადაცდომებზე“ აზერბაიჯანელთა უფლებების დაცვის სფეროში და ირანთან ერთად ტანდემში გამოვიდეს კასპიის ზღვის პრობლემების განხილვის დროს, ბაქოს პოზიციის საწინააღმდეგოდ;

თავის მხრივ აზერბაიჯანმა, პერსპექტივაში შესაძლებელია წარმატებით გამოიყენოს რუსეთისა და დასავლეთის კონფრონტაცია და ამ ფონზე თავისი ინტერესები განახორციელოს. ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ძლიერია სომხური ლობი, იმავდროულად კი დასავლეთს აზერბაიჯანის ენერგოშემცველები სჭირდება და თუ ბაქო მოსკოვს კიდევ უფრო დაუახლოვდება, ამით ალიევი დასავლეთს ალტერნატივას დაანახვებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ გააგრძელებს სომხეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას, აზერბაიჯანს შეუძლია უარი თქვას რუსეთის შუამავლობაზე და მთლიანად დასავლეთისაკენ გადაიხაროს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე