RSS
ანქვაბის მასტერ-კლასი
13.04.2013 11:19
ლევან კიკნაძე

ამ დღეებში აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა, ერთი თვის წინ აფხაზური ოპოზიციის მიერ აფხაზური ხელისუფლების მისამართით წაყენებული ულტიმატუმის ყველა პუნქტს, აფხაზური კანონმდებლობის სრული დაცვით, წერილობით გასცა პასუხი. ანქვაბის ასეთი ეპისტოლარული, დღემდე უცხო მეთოდი აფხაზური საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ოპოზიციისთვის ჩატარებულ მასტერ-კლასად მონათლა. საქმე იმაში გახლავთ, რომ მიმდინარე წლის 11 მარტს ოპოზიციური ძალების მიერ სოხუმში ჩატარებულ მიტიგზე მიღებული რეზოლუცია თავისი შინაარსით უკვე ნიშნავდა ანქვაბის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას, რადგანაც მისი პუნქტების შესრულება არა თუ ერთი თვის ვადაში, როგორც ეს რეზოლუციაშია აღნიშნული, არამედ მოქმედი კანონმდებლობითაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ჩვენ მიზანს ნამდვილად არ წარმოადგენს მტყუან-მართალის გარჩევა და მით უმეტეს იმ პოლემიკაში ჩართვა რომელიც უკვე დაწყებულია აფხაზეთში, მაგრამ მაინც მინდა გავამახვილო ყურადღება ოპოზიციის იმ ზოგიერთ მოთხოვნებზე, რომლებიც შეუსრულებლობისთვის თავშივე იყო განწირული. ხაჯიმბამ სხვაზე უკეთესად იცის, რომ პრობლემებს, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა და რომლებმაც აფხაზური ეთნოსი გადაგვარების ზღვრამდე მიიყვანა, როგორც არ უნდა ეცადოს ანქვაბი, ვერაფრით ვერ მოაგვარებს, რადგანაც ყველაფერი ეს სისტემურ ხასიათს ატარებს და მათი გადაჭრისთვის ვადების დადგენა ხაჯიმბას მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ უზნეობაა. გულზე ხელი დაიდოს და ერთი თქვას თვითონ რომელი მათგანი გადაწყვიტა ვლ. არძინბასთან ერთად ხელისუფლებაში ყოფნისას. იმ მოთხოვნების უმრავლესობა, რომელთა შეუსრულებლობა ანქვაბის ხელისუფლებას ბრალდება, სათავეებს ქართულ-აფხაზური ომის დამთევრებიდან იღებს და პირდაპირ კავშირშია ვლ. არძინბას კლანურ მმართველობასთან.

აფხაზეთში საომარო მოქმედებების დამთავრების შემდეგ, არ დარჩენილა დარგი, რომელზეც ომის დანმანგრეველ ძალას თავისი დაღი არ დაესვა. თითქმის მთლიანად გაჩანაგდა ადგილობრივი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო თუ საზღვაო ტრანსპორტი, მოიშალა ენერგეტიკა და კავშირგამბულობა, თითქმის მთლიანად განადგურდა ინფრასტრუქტურა. გამარჯვების ეიფორიაში მყოფი, ნაალაფარი ქონების გადანაწილებით დაკავებული აფხაზები, კარზე მომდგარმა პირველმა ზამთარმა მალევე დააბრუნა მკაცრ რეალობაში და შეახსენა, რომ ნორმალური ცხოვრებისთვის უამრავი სხვა რამ იყო საჭირო, პირველი და ძირითადი კი დანგრეულის აღდგენა, ყოველ შემთხვევაში დაწყება მაინც. მაგრამ ვის უნდა გაეკეთებინა ყველაფერი ეს? აფხაზეთში მატერიალური დოვლათის ძირითადი მწარმოებელი ქართველი მოსახლეობის გაჟლეტის და გამოდევნის შედეგად წარმოქმნილი ვაკუუმი, თანდათან შეავსო აფხაზეთში ჩამოთესლილმა უთვისტომო, უცხო ჯიშის და ჯილაგის ხალხმა, რომლებიც ბუნებრივია ვერ ჩაანაცვლებდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს. მათ ამის არც ცოდნა და რაც მთავარია, არც სურვილი გააჩნდათ, რადგან არ ჰქონდათ და არც არსდროს ექნებათ საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების განცდა. ეს იყო და რჩება დილემად, რომელიც აგერ უკვე 20 წელიწადია ვერაფრით ვერ გადაწყდა აფხაზეთში. ვერ გადაწყდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რაზეც დღესაც თვითონვე მიუთითებენ აფხაზი ჩინოვნიკები, რომ „აფხაზმა ერმა მუშაობა, ეკონომიურად ცხოვრება და კანონის დაცვა ვერ ისწავლა“. სხვათა შორის ეს მოსაზრება, სხვადასხვაგვარი ინტერპრეტირებით და მრავალი შეურაცხმყოფელი „ეპითეტებით“ ფართოდ შუქდება რუსულ მედიასივრცეში, რომელთა შორის გამოირჩევა ერთ-ერთი რუსული ანალიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის ეპიფანცევის შეფასება: "ყველანი უაზროდ ცხოვრობენ რუსი გადასახადების გადამხდელების ხარჯზე და არაფრის შეცვლა არ უნდათ. ქვეყანაში საყოველთაო მანილოვშჩინის (უსაქმურობა, მეოცნებეობა – ავტ.) ეიფორიაა გამეფებული. ყველანი ოცნებობენ, რომ მალე გაიხსნება რუსეთის ოფშორი, ფინანსური ნაკადიც გაიზრდება, შესაძლებელი გახდება გასტარბაიტერების (მათი რიცხვი ახლაც მცირე როდია) დაქირავება და სიცოცხლის ბოლომდე უსაქმურობა".

ჩვენ შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ეს შეფასება ყველა აფხაზს ეხება, მაგრამ როგორც ეტყობა იმდენად ღრმად არის გამჯდარი კრემლის მიერ დანერგილი „სატიტულო ნაციის“ სინდრომი აფხაზ საზოგადოებაში, რომ უკვე თითქმის 20 წელიწადი გადის თავს დამოუკიდებელად მიიჩნევენ, მაგრამ დამოუკიდებელად ცხოვრება ეტყობა ჯერაც ვერ ისწავლეს. არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლებელია კიდეც რაიმე ესწავლათ, რომ არა ისევ ყველა სიტუაციისთვის მზადყოფნაში მყოფი მოსკოვი, რომელიც 2008 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ, დღემდე უწევს დათვურ სამსახურს აფხაზეთს, კვებავს, რა მილიონობით უწყვეტი ფინანსური ნაკადით. ყოფილი საბჭოთა ფუნქციონერების „გამოცდილება“,რომლებმაც ერთ დროს თავის თავზე იგემეს "სატიტულო ნაციისთვის" მინიჭებული ყველა სიკეთე, ბევრმა ახალგაზრდა ჩინოვნიკმაც „წარმატებით“ აითვისა, მაგრამ ის, რაც ღეს აფხაზეთში ხდება, ახლოსაც ვერ მივა "აფხაზეთის საბჭოთა ავტონომიურ რესპუბლიკის" დროინდელ პრივილეგიებთან. თუ შედარებისთვის უახლეს ისტორიას გადავხედავთ და მათ ეხლანდელ მდგომარეობას მაშინდელს შეუდარებთ, უფრო გასაგები გახდება, რატომ მოეძალა ბევრს ნოსტალგია წარსულისადმი.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩანაწერი პასპორტის გრაფაში „ეროვნება- აფხაზი“ იმ დროს ყველგან და ყველაფერში მწვანე შუქს უნთებდა აფხაზი ეროვნების მოქალაქეს, რაც დღეს მხოლოდ ჩინოვნიკებზე და გავლენიან აფხაზებზე ვრცელდება. გავლენის მოპოვება კი არ უჭირდათ ქართულ-აფხაზურ ომში მონაწილე აფხაზ ბოევიკებს, რომელთა თავაშვებულობას და გაძლიერებას მწვანე შუქი აუნთო ვლ. არძინბას გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად ომის ყველა მონაწილეს დაუკანონდა მათზე განპირობებული ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი. ჩამოყალიბდა ერთგვარი კასტა ბოევიკებისა და კრიმინალების ნაზავისა, რომელთათვისაც აღარ არსებობდა არავითარი დაბრკოლება ნებისმიერი მიზნის მისაღწევად. 20 წელი აბსურდის პირობებში მყოფ, თავის უუფლებობას შერიგებულ მოსახლეობას დიდი ხანია აღარ უკვირს, რომ „სამამულო ომში“ გამარჯვებამ ამ კატეგორიის ადამინებს სახელმწიფოს წინაშე ყველა ვალდებულება მოუხსნა და ამიტომაც არის, რომ თავს უფლებას აძლევენ მოიქცნენ ისე, როგორც მოესურვებათ - ძალით მიისაკუთრონ სხვისი უძრავი ქონება, ატეხონ დებოში ნებისმიერ თავშეყრის ადგილზე, იყაჩაღონ, იძალადონ და პასუხი არაფერრზე არ აგონ.
ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს აფხაზეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის უმძიმესი სოციალური მდგომარეობა, რომლის გაუმჯობესებაზე დაპირებები მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ „ხალხის რჩეულთ” და მალევე ივიწყებენ გაინაღდებენ თუ არა თავისას.

ამ ფონზე, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებამ დენის ტარიფის 2-ჯერ გაზრდის შესახებ, რასაც ავტომატურად მოყვებოდა საკვები პროდუქტების გაძვირება, ცეცხლზე ნავთის დასხმის როლი ითამაშა და მოსახლეობის საყოველთაო პროტესტი გამოიწვია. საპროტესტო განწყობა კარგად გამოიყენა ოპოზიციამ და ქუჩაში გამოსული მოსახლეობის მოთხოვნა, დენის მომატებული ტარიფის გაუქმებას შესახებ, პოლიტიკურში, კერძოდ მთავრობის გადადგომის მოთხოვნაში გადაზარდა. ანქვაბი გართულებებს მოერიდა და საპარლამენტო კომისიას ტარიფი 1.5 - დან მხოლოდ 2 თეთრამდე მოამატებინა.
თუ შევადარებთ ერთმანეთს აფხაზეთსა და საქართველოს დანარჩენ ნაწილში ერთი და იგივე ჰესის მიერ გამომუშავებული დენის ტარიფებს, ენგურს აქეთა მოსახლეობა აშკარად წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდება. კერძოდ, თუ აფხაზეთში, გაძვირებამდე დენის ტარიფი 1 კვტ.ზე 1.5 თეთრი იყო. ჩვენთან, გაიაფებამდე დენის ტარიფი 1.კვტ.ზე 15 თეთრი( 10-ჯერ მეტი!!!) იყო. ახალმა ხელისუფელებამ ჩვენთან დენის ტარიფი 3 თეთრით გააიაფა, ხოლო ანქვაბმა აფხაზეთში 0.5 თეთრით გააძვირა. ასე, რომ დღეისათვის დენის ტარიფი ჩვენთან 1 კვტ-ზე 12 თეთრია, ხოლო აფხაზეთში 1კვტ.ზე 2 თეთრი.

თუ რატომ არის ასე დიდი სხვაობა, ეს სერიოზული კვლევის და განსჯის საგანია, მაგრამ თუ მხოლოდ ამ მაჩვენებლით ვიმსჯელებთ და საკითხს ცოტა სხვა კუთხით შევხედავთ, მარტივი მისახვედრია, რომ ჩვენთან მოსახლეობა გაცილებით უფრო გადამხდელუნარიანია ვიდრე აფხაზეთში. ეს კი იმასაც მიანიშნებს, რომ ჩვენთან არსებული მძიმე სოციალური ფონი არაფერია იმასთან შედარებით, როგორიც აფხაზეთშია. წარმოდგენაც კი ძნელია თუ რა მოხდებოდა დენის ტარიფი აფხაზეთის ხელისუფლებას არა მხოლოდ ოდნავ მაინც მიეხლოებინა ჩვენისთვის, არამედ ნაგავიც რომ დენისთვის მიება. ასე, რომ დიდი ვერაფერი შვება მიიღო აფხაზეთის მოსახლეობამ ყბადაღებული კრემლის მილიონებისაგან, რომლებიც უკვე 4 წელია უწყვეტ ნაკადად შემოედინება აფხაზეთში. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იმ მილიონების მნიშვნელოვანი ნაწილი „ოტკატების“ სახით მართლაც უკან უბრუნდება კრემლის მესვეურთ, ხოლო ნარჩენებს შესაძლებელია მცირედ მაინც შეემსუბუქებინათ შეჭირვებული მოსახლეობის მძიმე ხვედრი, რომ არა უკონტროლო რუსულ ფულს სვავებივით დახვეული აფხაზი ჩინოვნიკები, რომლებისთვისაც, რაულ ხაჯიმბას თქმისა არ იყოს “ქვეყანა და ეროვნული ინტერესები საკუთარი მატერიალური შესაძლებლობების ზრდის დამატებითი წყაროა“.

ბუნებრივია ისმის კითხვა, რა ხდება ამ სფეროში? რატომ იხდის დენის საფასურს მოსახლეობის მხოლოდ 38%?, ან რატომ შეადგენს ელექტროენერგიის დანაკარგები 50%--ს? რა გათვლების საფუძველზე უნდოდათ მოხმარებული ელ. ენერგიის გაძვირება მაინცა და მაინც ორჯერ? ამ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის გასაცემად თავი არავის არ შეუწუხებია.
დღეს არავინ არ კამათობს იმაზე, რომ აფხაზეთში წლების განმავლობაში ამ სფეროში(ისევე, როგორც სხვა სფეროებში) ელემენტარულიწესრიგი ვერ დამყარდა.
ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის გადანაწილება ჩვენსა და აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის, აფხაზეთში საომარო მოქმედებების დამთავრების შემდეგ მალევე მოხდა. მოლაპარაკებების შედეგად ქართულ მხარეს უნდა მიეღო გამომუშავებული ენერგიის 60% , ხოლო აფხაზურ მხარეს 40%. ამასთან იმ დროს, როდესაც ქართული მხარე თავის 60%-ს უდანაკარგოდ იღებდა, აფხაზური მხარე კუთვნილი 40%-ის ნაცვლად იღებდა მხოლოდ 18-20%-ს, რაც გამოწვეული იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დაზიანების გამო. კერძოდ, ორი 220 და 110 კილოვოლტიანი დაზიანებული ხაზიდან, რომლებიც თავის დროზე უზრუნველყოფდნენ ენგურჰესიდან აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებას, მოხერხდა მხოლოდ ერთი 110 კილოვოლტიანი ხაზის აღდგენა(ისიც ქართველი ენერგეტიკოსების დახმარებით). ამის გამო სოხუმამდე ძაბვის ვარდნა დასაშვებზე გაცილებით დიდი იყო, რაც ვერ უზრუნველყოფდა ელექტროდანადგარების ნორმალურ მუშაობას. ამ ვითარებაში ელექტროენერგია გაგრამდე საერთოდ ვერ აღწევდა. გაგრის ზონის მომარაგება ელექტროენერგიით რუსეთ-საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდებოდა სოჭიდან, ხოლო მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდიდა საქართველო. აფხაზური მხარე ასევე უფასოდ იღებდა ელექტროენერგიას ენგურჰესიდან, რადგან გენერაციის ხარჯებში არავითარ წილობრივ მონაწილეობას არ იღებდა(არ ღებულობს დღესაც). ბაღაფშის უშუალო ხელმძღვანელობით ჯერ „ჩერნომორენერგო“-ს დირექტორის, ხოლო შემდეგ პრენიერ-მინისტრის რანგში, ქართველი ენერგეტიკოსების დახმარებით, რაც არაერთხელ დაადასტურა თვით ბაღაფშმა, აღდგენილი იქნა ორივე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, რითაც აფხაზურ მხარეს შესაძლებლობა მიეცა თითქმის სრულად და უფასოდ მიეღო ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%.

აქედან გამომდინარე, რადგან ელექტროენერგიის გადაცემა და დისტრიბუცია აფხაზურ მხარეს ბევრი არაფერი უჯდებოდა, ხალხის გულის მოსაგებად დენის ტარიფი იმდენად მიზერული დააწესეს, რომ არც არავინ ფიქრობდა მისი ხარჯვის ჯეროვან გაკონტროლებას. დროთა განმავლობაში, აფხაზეთში ბიზნესის ასე თუ ისე განვითარებამ, რუსეთის სამხედრო ბაზების და სასაზღვრო საგუშაგოების მომრავლებამ ელექტროენერგიის მოთხოვნა გაცილებით გაზარდა, რამაც გადამცემი ხაზების, სატრანსფორმატორო სადგურების და სხვა ელ.ენერგიის გადაცემასთან დაკავშირებული დანადგარების სრული დატვირთვით ამოქმედება განაპირობა. წლების განმავლობაში ექსპლუატაციის ნორმალურ პირობებს მოკლებული, მორალურად დაძველებული ტექნიკური მოწყობილობები ვეღარ უძლებენ დატვირთულ რეჟიმში მუშაობას და ხშირად გამოდიან მწყობრიდან. სათადარიგო ნაწილების არ ქონა და სპეციალისტების კატასტროფული სინაკლებე, ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.

ყველაფრის მიუხედავად, ანქვაბმა იცის რა მოსახლეობის უკიდურესად შეჭირვებული მდგომარეობა, საკითხავია, რატომ მისცა თანხმობა დენის ტარიფის გაზრდაზე. ან რატომ ვერ მოახერხა ურჩი გადამხდელების მოთოკვა? ნუთუ ისინი ისეთი გავლენიანი აფხაზები არიან და ისეთ დიდ ბიზნესს ფლობენ (ელექტროენერგიასაც გაცილებით მეტს მოიხმარენ), რომ ვეღარ მოერია? ამას გარდა ელექტროენერგიის ასეთი დიდი დანაკარგი(50%), მხოლოდ „ჩერნომორენერგო“-ში გამეფებულ კორუფციაზე მიუთითებს. აქედან გამომდინარე, ყველაზე ზერელე გათვლებით, იმ პირობებით, რა პირობებშიც აფხაზური მხარე ენგურჰესიდან იღებს ენერგიას, დისტრიბუციაში წესრიგის დამყარება და ურჩი გადამხდელების მოთოკვა ამ ეტაპზე შეიძლება საკმარისიც გამხდარიყო თანხების მობილიზებისთვის, რაც ხელს შეუწყობდა ენერგო სისტემის გამართულ მუშაობას. მაგრამ, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ყველაფერ ამას მარტო ერთი ანქვაბი ვერ უშველის.

 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე