RSS
რატომ უძნელდება საქართველოს უშიშროებას სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების რეალიზება?
23.05.2013 10:23

17 მაისის შემდეგ საზოგადოება არაერთგვაროვან მოსაზრებებს გამოხატავს. ბევრს საუბრობენ, იყო ეს ქვეყნის შიგნით დაგეგმილი პროვოკაცია, თუ გარედან, უცხო ძალების მიერ მართული და დაფინანსებული აქცია. ჩნდება მთავარი კითხვაც, რატომ უძნელდება საქართველოს უშიშროებას სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების რეალიზება? ამ და სხვა საკითხებზე “sazogadoeba.ge”-ს აფხაზეთის უშიშროების ექს-მინისტრი, გენერალი ლევან კიკნაძე ესაუბრება.

-არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და პოლიტიკოსთა ნაწილი პოლიციის მიერ გატარებულ ღონისძიებებს არასაკმარისად მიიჩნევენ. თქვენ როგორ შეაფასებთ 17 მაისს ლგბტ-ს მიერ დაგეგმილი არშემდგარი აქციის დროს მომხდარ არეულობაში პოლიციის მოქმედებას?

-იმ დღეს პოლიციამ იმოქმედა ისე, როგორც უნდა ემოქმედა მოსახლეობის დამცველ და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ პოლიციას. ის ვინც ამ დღეებში აცხადებს, რომ პოლიციას ყველა საშუალება უნდა გამოეყენებინა, რათა აბობოქრებული ათიათასობით ადამიანი შეეჩერებინა, ან კეკლუცობს და თავისი ჭკუით დასავლეთს აჩვენებს, როგორი დამცველია ადამიანის უფლებებისა და კერძოდ, სექსუალური უმცირესობისა, ან კიდევ პროვოკატორთა იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომელთა მიზანს სექსუალური უმცირესობის დაცვა კი არა, არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება და დესტაბილიზაცია წარმოადგენდა. სრული იდიოტი უნდა იყო, იფიქრო, რომ რუსთაველზე შეკრებილ უამრავ ადამიანს, რომელთა შორის მე, პირადად, არ გამოვრიცხავ, რომ სპეციალურად შეგზავნილი პროვოკატორებიც ერია, ტექნიკის და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენების გარეშე შეაჩერებდა პოლიცია.

რჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ პოლიციისა და მოსახლეობის დაპირისპირება უნდოდათ აქციის დამგეგმავებს, მაგრამ არ გამოუვიდათ. აქედან გამომდინარე, მართლაც აუცილებელია ჩატარდეს სრულფასოვანი და ყოვლისმომცველი გამოძიება, რათა საერთაშორისო სტრუქტურებს დავუმტკიცოთ, რომ ქართველი ქრისტიანი მართლმადიდებლები კი არ ვშორდებით დასავლეთს, არამედ დასავლეთის დესტრუქციული ძალებისგან მართული არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ცალკეული პოლიტიკოსები საქართველოში ყველანარი ხერხებით ცდილობენ, რაც შეიძლება დაგვაშორონ მას, მოახდინონ მმართველი ძალის დისკრედიტაცია.

კიდევ ერთი, როდესაც სახეზეა მოსალოდნელი უწესრიგობა და დესტაბილიზაცია შსს-ს მინისტრს სრული უფლება აქვს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, რაც მისი განკარგულებით განხორციელდა კიდეც, როდესაც აღლუმის მონაწილეები ავტობუსებით გაარიდეს მოსალოდნელ საფრთხეს, მაგრამ სხვა შემთხვევაში, რაც გამორიცხული არ არის კიდევ განმეორდეს, საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი სიტუაცისას, სრული ლეგიტიმური უფლება აქვს, შესთავაზოს აქციის ორგანიზატორებს საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, შეცვალოს აქციის ფორმა, ადგილი, ან საერთოდ შეიკავოს თავი აქციის ჩატარებისაგან. სხვათა შორის, საერთაშორისო კონვენციები იძლევიან ამის უფლებას.

-რას იტყვით აქციისა და ე.წ. კონტრაქციის მონაწილეებზე. რას ფიქრობთ გამოვლენილი ძალადობის ფაქტებზე?

-თუ მიაქციეთ ყურადღება, მე ძირითადი აქცენტი გავაკეთე პოლიციის მოქმედებაზე და არ შევეხე აქციის მონაწილე არც ერთ მხარეს. იმიტომ კი არა, რომ არ მაქვს ინფორმაცია მათ შესახებ, სექსუალური უმცირესობა მყავს მხედველობაში. საქართველოში ასეთი ადამიანები არც თუ ისე ბევრია, თითქმის ყველა სფეროში საქმიანობენ და არც არავითარ დისკრიმინაციას არ განიცდიან. ზოგიერთები თავიანთ მიდრეკილებებს, რომ მალავენ, იმით კი არ არის გამოწვეული, რომ ანგარიშსწორების ეშინიათ. მათ არ სურთ თავიანთი არასრულყოფილების გამომჟღავნება. გარდა ამისა, მათ უმრავლესობას ისიც არ სურს, რომ ვინმემ შეიცოდოს, ან თითით საჩვენებელი გახდეს. ყველაფერ ამაში არაჩვეულებრივი და გამაღიზიანებელი არაფერი არ არის, მით უმეტეს, თუკი იგი გარკვეულ ჩარჩოებში ჯდება და გარყვნილებაში არ გადაიზრდება. მათ არავინ არ ერჩით, სანამ თვითონ არ დაიწყებენ ამის აგიტაცია-პროპაგანდას. სამწუხარო კი ის არის, რომ ამ ადამიანებზე „ზრუნვას“ ზედმეტად იჩენენ მათი მხარდამჭერი არასამთავრობო თემატური ორგანიზაციები, რომელთა ქმედებებში დიდი ალბათობით ჩანს, როგორმე დამფინანსებლებს უჩვენონ არამარტო თავიანთი არსებობის, არამედ დაფინანსების კიდევ უფრო გაზრდის აუცილებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რას უნდა მიეწეროს აქციის დიდი ხნით ადრე დაანონსება და ტრიალი თითქმის ყველა ტელევიზიებით, რამაც გამოიწვია ის, რაც მივიღეთ 17 მაისს. მართავდა თუ არა მათ ვინმე, ეს აუცილებლად გამოსაძიებელია, მაგრამ მოვლენების განვითარება და მისგან გამოწვეული აჟიოტაჟი, როგორც შინ, ისე გარეთ, კარგად ჩაფიქრებულ პროვოკაციაზე რომ მიუთითებს, ეს ცხადზე უცხადესია.

ჩემი სუბიექტური აზრით, ყველაფერს ამას სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს და თუ აუცილებელია, დროულად მიმართავდეს პრევენციულ ზომებს, რათა არ მისცეს საბაბი სხვა ჯგუფებს ძალისმიერი ჩარევისა, რაც მოხდა 17 მაისს და რასაც გამართლება არა აქვს. აუცილებელია აქციაში მონაწილე ძალადობის წამქეზებლების და ჩამდენთა დადგენა და კანონიერი სანქციების გატარება.

სხვათა შორის, 17 მაისს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა უილიამ შექსპირი გამახსენა. მავრმა თავისი საქმე გააკეთა და ... წავიდა. მაგრამ წავიდა? იქნებ არსადაც არ წასულა და თავის თანამზრახველებთან ერთად ტკბება თავისი ნამოქმედარის შედეგებით. ტკბება და ფიქრობს, კიდევ რა შეიძლება შემოაგდოს ისეთი, რაც რამოდენიმე თვის წინ ერთ მუშტად შეკრულ საზოგადოებას გაყოფს, ერთმანეთთან დააპირისპირებს.

- საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მუშაობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის დახვეწაზე. ფარულ აუდიო-ვიდეო მოსმენებს ძალოვანი ხელისუფლების ნაწილი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვით ხსნიდა. რამდენად შესაძლებელია, ადამიანის უფლებების შელახვის გარეშე უზრუნველყოს უშიშროებამ ქვეყნის უსაფრთხოება და საერთოდ, რატომ შეიძინა ასეთი აქტუალობა ფარულმა მოსმენებმა?

-შევეცდები, მოკლედ განვმარტო, თუ რატომ შეიძინა ასეთი აქტუალობა უკანონო ფარულმა მოსმენებმა. სპეცსამსახურები თავიანთ საქმიანობას ძირითადად ოპერატიული წყაროებისგან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე წარმართავენ. ტექნიკური საშუალებები კი, რისი ერთ-ერთი შემადგენელი ფარული მოსმენაა, ყოველთვის განიხილებოდა, როგორც დამატებითი საშუალება და გამოიყენებოდა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. მას შემდეგ, რაც მობილური ტელეფონები მასიურად შემოვიდა ხმარებაში, ოპერატიული საქმიანობის მთელი დატვირთვა ფარულ მოსმენებს დააწვა. არც ოპერატიული სამსახურები იწუხებდნენ თავს, რომ ინფორმაციების მოსაპოვებლად გამოეყენებინათ ოპერატიული წყაროები. მათთვის გაცილებით ადვილი იყო ინფორმაციის მიღება უშუალოდ ობიექტისგან. მიეჩვივნენ და გაიადვილეს ცხოვრება.

- რით ზღუდავს სპეცსამსახურებს მოქმედი კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ?

-ხსენებული კანონის თანახმად, „სპესამსახურებს ეკრძალებათ ფარული მონაწილეობა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში. აკრძალულია ფარული მონაწილეობა ოფიციალურად რეგისტრირებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში, თუ ეს საქმიანობა მიზნად არ ისახავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ანდა, თუ ეს ორგანიზაციები არ ეწევიან ომის, ან ძალადობის პროპაგანდას, არ აღვივებენ ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობა“.

მოკლედ, თითზე ჩამოსათვლელი რჩება ორგანიზაციები, რომლებშიც სპეცსამსახურებს უფლება აქვთ, აწარმოონ ფარული საქმიანობა. რამდენად გამართლებულია ასეთი მიდგომა და რა კავშირშია დემოკრატიასთან, ვერ მოგახსენებთ, მაგრამ, ფაქტი ერთია - თვით კანონი არ უნდა იყოს იმდენად შემზღუდველი, რომ სპეცსამსახურის სხვადასხვა დონის ხელმძღვანელი, იგივე საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, იძულებული გახდეს, დაარღვიოს კანონი. არადა ყველა, ვისაც პრაქტიკული შეხება ჰქონია ოპერატიულ საქმიანობასთან, დამეთანხმება, რომ ხსენებული შეზღუდვები ართულებენ ინფორმაციების მოპოვებას ქვეყნისთვის საჭირბოროტო და ოპერატიული თვალსაზრისით აუცილებელ საკითხებზე. არადა, სჯობს, კანონი გავხადოთ გამოსაყენებლად ადვილად ხელმისაწვდომი, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ აუცილებელი ხდება მისი დარღვევა, იგივე სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ვერავინ მოგცემთ იმის გარანტიას და ნურც დაიჯერებთ, რომ იგი არ დაირღვევა სხვა შემთხვევაშიც.

- იქნებ უფრო კონრეტულად განგვიმარტოთ, რა გაქვთ მხედველობაში?

-მოგიყვანთ ერთ მაგალითს, იმ მრავალი შემთხვევიდან, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ჩემი აფხაზეთის უშიშროების მინისტრად მუშაობის პერიოდში. ჩვენი წყაროს საშუალებით გალის რაიონიდან მივიღეთ ოპერატიული ინფორმაცია ერთ ადგილობრივ ქალბატონზე, რომელიც წყაროსთვის უცნობი, რომელიღაცა საერთაშორისო ფონდის წარმომადგენელი იყო და აქტიურად თანამშრომლობდა სეპარატისტების სპეცსამსახურებთან.

წყაროს ინფორმაციით, ხსენებული ქალბატონი ხშირად გადმოდიოდა ენგურის საზღვარზე და უკან დაბრუნებისას ანგარიშს აბარებდა გალის აფხაზური უშიშროების უფროსს ემინ-ზადეს. როგორც მოგეხსენებათ, არძინბას მმართველობის პერიოდში, ძალიან დიდი შეზღუდვებით მოქმედებდნენ. თითზე ჩამოსათვლელი იყო საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები აფხაზეთში. გასაკვირიც არ იყო, რომ ამ ორგანიზაციების წევრების საქმიანობა აფხაზური უშიშროების კონტროლს იყო დაქვემდებარებული.

რა მიზნებს ისახავდა ქალბატონის ხშირი გადმოსვლა აქეთ მხარეს და ისიც ემინ-ზადეს კონტროლის ქვეშ, ბუნებრივია დავინტერესდით და დავიწყეთ მისი შესწავლა. ის საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი საერთაშორისო ფონდის, გალის ფილიალის ხელმძღვანელი აღმოჩნდა, რომელიც გალის რაიონში ჰუმანიტარულ პროექტებდ ახორციელებდა. ხსენებული მასშტაბური პროექტები მოიცავდა როგორც ჯანდაცვის, ასევე საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროებს და ფინანსდებოდა საკმაოდ სოლიდურად. ქალბატონმა, ერთ-ერთი გადმოსვლის დროს, მასთან გასაუბრებისას უარყო რაიმე კავშირი და საერთოდ ნაცნობობაც ემინ-ზადესთან და დაგვემუქრა თბილისელი ხელმძღვანელით, თუ კიდევ გავბედავდით მის „შეწუხებას“. მის მიერ დასახელებული პიროვნებას საკმაო გავლენა ჰქონდა ახალგაზრდა რეფორმატორთა სახელისუფლებო წრეების მაღალ ეშელონში. ამას გარდა, კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ გვიკრძალავდა ხსენებულ ორგანიზაციაში ფარულ მუშაობას. მიუხედავად ამისა და ზემოდან გაფრთხილებისა, ჩვენ გავაგრძელეთ ქალბატონზე ფარული დაკვირვება. მას შემდეგ, რაც მივიღეთ სარწმუნო ინფორმაცია, გალის ერთ-ერთ კაფეში ემინ-ზადესა და ხსენებული ქალბატონის შეხვედრებისა, მოვახერხეთ ერთ-ერთი შეხვედრის ფოტოგადაღება, რაც ადასტურებდა მათ ფარულ კავშირს.

მოგვიანებით ჩვენ ასევე დავადგინეთ, რომ გალის მოსახლეობისთვის განკუთვნილი თანხები, რომლის ოდენობა მიუწვდომელი იყო ჩვენთვის, ასევე ხმარდებოდა გალის რაიონის მილიციის და უშიშროების, სამსახურეობრივი ავტომანქანებით, შეიარაღებით და სხვა აუცილებელი აღჭურვილობით მომარაგებას. ამას გარდა, გალის მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთების უდიდესი ნაწილი ხმარდებოდა გალში განთავსებულ სეპარატისტთა ძალოვან სტრუქტურებს, მათ შორის, ცნობილი აფხაზი ბოევიკის ვალმერ ბუთბას სპეცრაზმს.

ასე რომ, ჩვენ იძულებული გავხდით, დაგვერღვია კანონი იმ ნაწილში, რომელიც იცავდა ხსენებულ ქალბატონს, მაგრამ ვერ გავედით მის ხელმძღვანელზე, რომლისგანაც დავადგენდით, ვის რა წვლილი ჰქონდა ამ უკანონო ოპერაციებში.

-თქვენ, როგორც ექსპერტი, რას იტყვით, რატომ უძნელდება საქართველოს უშიშროებას სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების რეალიზება?

- სახელმწიფო უშიშროება უნდა განიხილებოდეს, როგორც მდგომარეობა, როდესაც დაცულია სახელმწიფოს უზენაესი ეროვნული ინტერესები, რომლებიც მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, სოციალურ, ეკოლოგიურ, დემოგრაფიულ და სხვა ასპექტებს, ერის სულიერ და ინტელექტუალურ ფასეულობებს, მოქალაქეთა უფლებებს და თავისუფლებებს. ჩამოსათვლელადაც კი ძნელია ობიექტური და სუბიექტური მიზეზები იმისა, თუ რატომ უძნელდება საქართველოს როგორც დამოუკიდებელ სახლემწიფოს, სრულყოფილად მოახდინოს სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების რეალიზება.

განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა ადასტურებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფის საერთო სისტემაში მეტ-ნაკლებად ჩართულია ხელისუფლების ყველა ძირითადი ინსტიტუტი, მთავარ მაორგანიზებელ ფუნქციას ასრულებენ უშიშროების ორგანოები. ხსენებული ორგანოების ნაკლებობას არც საქართველო განიცდის, მათი ჩამონათვალი იმდენად სოლიდურია და იმდენი თანხები გამოიყოფა მათი ნორმალური ფუნქციონირებისთვის, საქართველოს მოსახლეობას სრული ლეგიტიმური უფლება აქვს, მოითხოვოს მათგან ქვეყნის გარე და შიდა მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების დროული და ეფექტური გატარება.

-უშიშროების ორგანოები ახსენეთ და თუ შეიძლება, დააკონკრეტეთ... და კიდევ, საინტერესოა, რამდენად კოორდინირებულად მუშაობენ და რამდენად სწორად უზრუნველყოფენ ეს ორგანოები ქვეყნის უსაფრთხოებას?

- ესენი არიან შსს, საგარეო დაზვერვა, თავდაცვის სამინისტრო, რომელთა მაკოორდინირებელი უნდა იყოს უშიშროების საბჭო, ხოლო საკანონმდებლო უზრუნველყოფა და კონტროლი ევალება პარლამენტის უშიშროების და თავდაცვის კომიტეტს. მათი ფუნქციები რეგულირდება შესაბამისი კანონებით. ქაღალდზე ეს კარგად არის, მაგრამ სინამდვილეში მოშლილია მათ შორის კოორდინაცია. ბევრი დღეს ამ ვითარებას ორხელისუფლებიანობას უკავშირებს, მაგრამ არც წინა და არც იმის წინა ხელისუფლებაში არ იყო მათი მოქმედება შეთანხმებული. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ვერ შეძლო ისეთი ეფექტური უშიშროების სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციით განსაზღვრული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური წყობილების დაცვას ნებისმიერი ხელყოფისაგან. თავი რომ დავანებოთ შევარდნაძისდროინდელ მრავალგზის „რეფორმირებულ“ უშიშროებას, რომლის ფუნქციები იმის მიხედვით იცვლებოდა თუ რა „ ახალი იდეები“ მოუვიდოდა თავში ყოველ ახალდანიშნულ მინისტრს. „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედთა რეფორმამ, რომლის ძირითადი არსი შსს-ს და უშიშროების გაერთიანება და „ახალი სისხლის გადასხმა“ იყო, გამოცდილი, პროფესიული კადრების გარეშე დატოვა მთელი სისტემა, განსაკუთრებით მისი ხელმძღვანელი რგოლი. ყველაზე დამანგრეველი კი, რაც გაკეთდა ეს იყო უშიშროების შსს-თან გაერთიანება, რასაც უშიშროების რაიონული ორგანოების, როგორც სტრუქტურული ერთეულების გაუქმება მოჰყვა. მათ ნაცვლად რაიონებში შეიქმნა „კუდ“-ის, „სოდ“-ის და კონტრდაზვერვის დანაყოფები, რომლებიც ცენტრიდან იმართებოდნენ. ჩანაფიქრმა, რომ მათი დაყოფით ოპერატიული მიმართულებების მიხედვით, ცენტრიდან უფრო ეფექტური იქნებოდა მართვა, არ გაამართლა იმ მიზეზის გამო, რომ ვერ მოხერხდა მიღწეული ყოფილიყო მათი კოორდინირებული საქმიანობა. მათ შორის გაჩაღებულმა შეჯიბრმა, ბევრში წახალისების და თავის გამოჩენის, უფროსობის მიმართ მაამებლური სურვილი გააჩინა, რამაც მანკიერი , ყოვლად მიუღებელი ფორმები მიიღო. პიარი გახდა მთავარი იარაღი, რითაც მოსახლეობას აჩვენებდნენ, რომ მართლწესრიგის აღდგენის და კანონიერების დამყარების კუთხით გამოცხადებულ შეურიგებელ ბრძოლაში, დანდობა არავის ექნებოდა. ბუნებრივია ასეთმა ვითარებამ ხალხში უარყოფითი აზრის ჩამოყალიბებას და მის გაძლიერებას შეუწყო ხელი.

რაც მთავარია, დაირღვა უშიშროების საქმიანობის ეფექტიანობის განმსაზღვრელი მთავარი ფუნდამენტალური პრინციპი: ძლიერი და მომზადებული ოპერატიული თანამშრომელი, მის ოპერატიული მომსახურების ობიექტზე მოქმედი, აუცილებელი რაოდენობის და შესაბამისი კვალიფიკაციის წყარო და ობიექტზე ოპერატიული ვითარების მუდმივი კონტროლი. შედეგად სახეზე იყო სპონტანური, ხშირ შემთხვევებში გაუთვლელი და გაუაზრებელი ოპერატიული ღონისძიებები, რომლებიც არა თუ ვერ აღწევდნეენ დასახულ მიზნებს, პირიქით, მოსახლეობაში აძლიერებდნენ უარყოფით განწყობას ხელისუფლების მიმართ.

რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების მაღალ ეშელენობამდე არ მიდიოდა ამა თუ იმ პრობლემაზე ობიექტური ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ბევრჯერ გაუგებარი რჩებოდა ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური გადაწყვეტილებები.

დღეისათვის შექმნილ უაღრესად მძიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებაში, კარგად მესმის, რომ უკიდურესად ძნელია ყველაფერი ეს გადააწყო, ერთ პრინციპს დაუქვემდებარო და წარმოქმნილ ურთულეს გამოწვევებს დაუპირისპირო. ძალიან სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ვერ ხერხდება ძველი, გამოცდილი კადრების შესაძლებლობების გამოყენების მცდელობაც კი. არადა მთელ საქართველოში მიმოფანტული, ასობით უშიშროების კვალიფიცირებული კადრი, მზად არის უანგაროდ ჩადგეს ქვეყანის სამსახურში.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე