RSS
რას ურჩევს უშიშროების გენერალი სამართალდამცავებს?
19.06.2013 12:38
sazogadoeba.ge

აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრი გენერალი ლევან კიკნაძე დადებითად აფასებს ამ ბოლო დროს საქართველოს შსს-ს მიერ უსაფრთხოების კუთხით გატარებულ ღონისძიებებს, მაგრამ ამასთან მიუთითებს იმ ხარვეზებზე, რაც მისი აზრით შსს-ს ხელმძღვანელობამ მომავლისთვის აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

ლევან კიკნაძე: "მე კარგად მესმის ამ ურთულეს, ფაქტობრივად, ორხელისუფლებიანობის პირობებში, რამდენად უძნელდებათ საქმიანობა სამთავრობო სტრუქტურებს, განსაკუთრებით კი ძალოვან უწყებებს. აქედან გამომდინარე, ზოგჯერ აჩქარებული და ჯეროვნად გაუთვლელი ნაბიჯები, თუნდაც იმისთვის გადადგმული, რომ რაც შეიძლება მალე დაუმტკიცოს ოპოზიციურად განწყობილ და მით უმეტეს, ჩასაფრებულ ადამიანებს, რომ მიუხედავად მრავალი სირთულეებისა, შსს მთლიანად ფლობს და აკონტროლებს ოპერატიულ ვითარებას, შეიძლება კონტრპროდუქტიული და ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. თავს ნებას მივცემ და სწორედ ამ კუთხით შევაფასებ შსს-ს ბოლო ორ გახმაურებულ ოპერაციას.

საყურადღებოა, რომ პოლიციის მიერ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ კადიევსა და ომაროვს სასამართლომ 50-დღიანი პატიმრობა არა ტერაქტის მცდელობისთვის, არამედ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდების საფუძველზე შეუფარდა. არადა, თუ გადავხედავთ მათი საცხოვრებლიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საბრძოლო არსენალს - დიდი ოდენობით ძლიერმოქმედ ასაფეთქებელი ნივთიერებებს, ელექტროდეტონატორებს, ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალას და პირადობის დამადასტურებელ ყალბ დოკუმენტაციას, ადვილად დავრწმუნდებით, რომ საქმე გვაქვს ტერორისტებთან და არა უბრალო კრიმინალებთან. მაშ, რა მოხდა? რას უნდა მივაწეროთ პროკურატურის მიერ ბრალის შეცვლა? არ მგონია, შსს თავის განცხადებაში მხოლოდ ოპერატიულ ინფორმაციას დაყრდნობოდა, როგორც ამას პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ამტკიცებს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ აღმკვეთი ღონისძიების განსაზღვრა სასამართლოს მიერ ხდება იმ მასალების საფუძველზე, რაც ფაქტობრივად წარდგენილია, ეს კი ამ ადამიანების საცხოვრებლიდან ამოღებული იარაღია.

ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია სპეცსამსახურების ოპერატიულ საქმიანობაში, დამეთანხმება, რომ ბრალდებულების აყვანის ოპერაციის სანქცირება მოხდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპლექსურად გატარდებოდა სათანადო ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები, შესწავლილი იქნებოდნენ ხსენებული პირები, დადგინდებოდა მათი კავშირები და ა.შ. მხოლოდ ამის შემდეგ, მოპოვებული ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე, მომზადდებოდა დასკვნა აყვანის ნებართვის მოთხოვნით. თუ საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება ვერ მოესწრო ან ვერ მოხერხდა ბრალდებულთა აყვანამდე, რაც სავარაუდოდ, უფრო გაძნელდება მათი დაკავების შემდეგ, ბუნებრივია შსს გააგრძელებს საგამოძიებო ქმედებებს და დიდი ალბათობით, შეძლებს ბრალის დამძიმებას. ეს არა მარტო მათივე პრესტიჟის საქმეა, რათა წინასწარ დაანონსებული ტერორიზმის ბრალდება დაადასტუროს და არ მისცეს საბაბი ყველას და ყველაფრის დამცველებს, გააჩაღონ მორიგი კამპანია საქართველოში ვითომდა ადამიანის უფლებების და უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის გამო, არამედ იმის მიმანიშნებელიც უნდა იყოს, რომ ყველა ვიგინდარას და ავანტურისტს ფართოდ არ უნდა ვუღებდეთ კარს და მით უმეტეს, მოქალაქეობას არ უნდა ვაძლევდეთ.

ახლა რაც შეეხება სამეგრელოში დიდძალი იარაღის სამალავის აღმოჩენას. მე მოვუსმინე დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის განცხადებას, რომ თურმე იარაღისა და ტყვია-წამლის საწყობები თავდაცვის სანინისტროს მიერ საგანგებოდ ყოფილა შექმნილი, რის შესახებაც ინფორმაცია თავის დროზე დღევანდელი ხელისუფლებისთვის მიუწოდებიათ. თითქმის იგივეს იმეორებს დეპუტატი დავით საყვარელიძე. ეს რომ ასე იყოს, ხსენებული სამალავი აღრიცხული უნდა იყოს, ამას გარდა გრიფი „საიდუმლო“ უნდა ედოს და ამის შესახებ განცხადება საჯაროდ არ უნდა კეთდებოდეს. ეს ელემენტარული მოთხოვნაა საიდუმლოების შესახებ კანონისა, რომლის აუცილებელი დაცვის ვალდებულება კანონშემოქმედებს პირველ რიგში უნდა ჰქონდეთ. ეს რომ ასეც იყოს, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში არც შსს გახსნიდა საიდუმლო ობიექტს თავდაცვის სანინისტროს გარეშე და მით უმეტეს, სააშკარაოზე არ გამოიტანდა. ასე რომ, ჰა ბურთი და მოედანი. თუ ინფორმაცია სამალავების შესახებ ოფიციალურად გადაცემული არის, პატივცემულ დეპუტატებს არავინ უშლის უჩივლონ შსს-ს საიდუმლოების შესახებ კანონის დაღვევაში.

ეს ზოგადად, კერძოდ კი არავისთვის საკამათო არ უნდა იყოს, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყნის ინტერესებს მსგავსი სამალავების არსებობამ საქართველოს ტერიტორიაზე, რაზეც ასე აქტიურად საუბრობენ სამეგრელოში. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ შსს მხოლოდ სამალავის აღმოჩენით არ არის შემოფარგლული და ოპერატიულ ინფორმაციასაც ფლობს მათ შესახებ, ვინც მონაწილეობდა მის მოწყობაში. თუ ეს ასე არ არის შსს-ს გაუჭირდება ორგანიზატორებზე და შემსრულებლებზე გასვლა, რადგან მისი მომწყობები ყველა ღონეს იხმარენ კვალის დაფარვისთვის. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში უკეთესი იყო, შსს-ს არ ეჩქარა და ცოტა ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლით დაეგეგმა კომპლექსური ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები, რაც დარწმუნებული ვარ, მოსალოდნელი შედეგით დამთავრდებოდა და მავანს არ გაუჩენდა საბაბს, ხსენებული შედეგიანი ოპერაცია პიარ-კამპანიად მოენათლა."


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
განათლების უფლება გალის რაიონში
04.11.2015 15:06
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
ყველა სიახლე