RSS
ბესლან კობახია დასავლეთს აფხაზეთისთვის 120 მილიარდ აშშ დოლარს სთხოვს
24.07.2013 11:52
ლევან კიკნაძე

დიდი ხანია, რაც აფხაზური საზოგადოების ელიტარული ნაწილის გამორჩეული „ინტელექტუალი“ ბესლან კობახია, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების ეგიდით, დაუღალავად იღწვის აფხაზური სახელმწიფოს ჩამოყალიბება-განვითარებისათვის. რუსულ და აფხაზურ მასმედიაში ხშირად ქვეყნდება მისი შეხედულებები „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე. თავის პუბლიკაციებში, რომლებიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების მისეულ ხედვებს ეხება, ის არ ერიდება აფხაზური რეჟიმისთვის რჩევა-რეკომენდაციების მიცემას. ის კი არა, ერთი პერიოდი ქართულ მხარესაც გადმოწვდა, ჭკუის დარიგება დაგვიწყო და კონფლიქტის მოგვარების ექვსპუნქტიანი გეგმაც შემოგვთავაზა. ამ პატივცემულ, მრავალი წოდებებისა და თანამდებობების „ექსპერტს“, უნდა სცოდნოდა, რომ ქართული მხარისთვის მიუღებელი იქნებოდა მის მიერ შემოთავაზებული გეგმა, რომელშიც დაფარულად, მაგრამ მაინც მარტივად იკითხებოდა საბოლოო მიზანი: ვაღიაროთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, აღვადგინოთ კეთილმეზობლობა, ისე რომ ქართველები ვერასოდეს დაუბრუნდნენ თავიან მუდმივ საცხოვრებლებს, ხოლო ენგურის პირობითი საზღვარი ადამიანებს შორის გამყოფ ზოლად დარჩეს. კობახიამ არ დაიზარა და თავისი გეგმისთვის მეტი დამაჯერებლობა რომ მიეცა, მოკლედ შეგვახსენა ვორონოვების, ტურჩანინოვების და მათი მიმდევარი აფხაზი ვაიისტორიკოსების წყალობით, წლობით დამკვიდრებულ აზრი, რომ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთგავლენა მხოლოდ იმით იყო განპირობებული, რომ ერთმანეთის ყველაზე ახლო მეზობლები ვიყავით, რომ ნათესაობაც შერეული ოჯახების გამო გვქონდა და რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში მხოლოდ „რაღაც პერიოდები“ ყოფილა და უმეტესად დამოუკიდებელი იყო.

კობახიას, ამ „ნოვაციაზე“ თავის დროზე ჩვენგან საკადრისი პასუხი გაეცა, მაგრამ რაც ქართველებს ვეღარ გაგვიბედა, მ.წ. 28 ივნისს ბრიუსელში მისთვის ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელსაც რამდენიმე ევროპარლამენტარი ესწრებოდა, ის „რაღაც პერიოდებიც“ ამოაგდო და ურცხვად განაცხადა, რომ თურმე სხვადახვა დროს აფხაზეთი თითქმის ყველა დიდი იმპერიების ნაწილი ყოფილა (რომის, ბიზანტიის, ოსმალეთის, რუსეთის), არ გამორჩა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნა, მაგრამ თურმე არაფერი საერთო არ ჰქონია საქართველოსთან (საერთოდ არ გვახსენებს), გარდა იმისა, რომ 20 წლის წინ აღუდგენიათ „ისტორიული სამართლიანობა“ და გაუმარჯვიათ ჩვენზე. აფხაზეთი თუ ყოველთვის სხვადასხვა იმპერიების ნაწილი იყო, ხოლო საქართველო მათ სიაში არ არის, კობახიას თუ ჩვენი იმპერიად მოხსენიება დაენანა, ის მაინც ეთქვა, როდის, ან რა პირობებში დავიპყარით, ჩვენგან „განთავისუფლების„ აუცილებლობა რომ გაემართლებინა. მაგრამ კობახიასთვის, ამ შემთხვევაში მთავარი ევროპარლამენტარების ყურადღების მიპყრობა იყო, რომელთა უდიდეს უმრავლესობას ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე ძალიან ზერელე წარმოდგენა აქვთ ისევე, როგორც ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე. მათ არ იციან და შეიძლება ვერც გაიგონ, მაგრამ თვით კობახიამ ხომ შესანიშნავად იცის, იმ „აფხაზეთის სამამულო ომში“ რატომ ხოცავდნენ ერთმანეთს აბაშიძეები, აგუმავები, გაბუნიები, ახვლედიანები, კობახიები, ხუბუები, ბენიები, ბერულავები, ბაღათურიები, ბასარიები, პაპასკირები, პატარაიები, ჯინჯოლიები, ზარანდიები, კაკალიები, კარტოზიები, კვიცინიები, ქარდავები, ქარჩავები, კუპრავები, ლადარიები, მარღანიები, ნაჭყებიები, ფაჩულიები, ცეცხლაძეები, ჩაკვეტაძეები, ჭანტურიები, ჭითანავები, ჯინჯოლიები, შენგელიები, წულუკიები, შაკაიები, ჩერქეზიები, ხარჩილავები და სხვა ბევრი ქართული გვარის მატარებლები. ისიც ვიკითხოთ, ხოცავდნენ თუ არა ერთმანეთს არძინბები, შამბები, კაპბები, ხინთბები, წვიჟბები, კუტარბები და ა.შ. რა თქმა უნდა, არა! თვით კობახიამ თუ იცის, რომ ქართული გვარი აქვს? შორეულ წარსულში თუ ძალით გადაუკეთეს გვარი, როგორც ამას ზოგიერთები ამტკიცებენ, რატომ არ ახსოვს თავისი წინაპრის გვარი? თუ ახსოვს, რატომ არ გადადის წინაპართა გვარზე? დღეს აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს, რომლებმაც მოჰაჯირობის ყველა უბედურება იწვნიეს და საბოლოოდ აჭარაში დასახლდნენ, მართალია ისტორიული ბედუკუღმართობით გვარები გადაკეთებული აქვთ, მაგრამ მაინც ყველას ახსოვს თავისი წინაპრის გვარი. თუ ქართული გვარების მატარებელ აფხაზებს სხვა გვარები არასოდეს არ ჰქონიათ და მათი წინაპრებიც იმავე გვარების მატარებელი იყვნენ, ყოველგვარი ისტორიული კვლევების გარეშე, ასეთ აფხაზ წინაპართა შთამომავლობა, რომლებიც 70% -ზე მეტი გვხვდება აფხაზებში, ქართველები არიან. თუ კობახიას ან სხვა, მისივე მენტალიტეტის მქონე აფხაზს, ქართული წარმომავლობა ესირცხვილებათ და არ სურთ, მათი ნებაა, მაგრამ გადაგვარებას ნუ ამართლებენ რაღაც გამოგონილი აბსურდებით და ნუ ცდილობენ აფხაზებზე მეტად აფხაზებად წარმოჩენას.

ბრიუსელში, კობახიას მოსასმენად შეკრებილ პუბლიკას, დასაწყისში, ალბათ, მისი წარმომავლობა კი არა, რეგალიები გააცნეს, რათა რაიმე დამაჯერებლობა ჰქონოდა მის უსუსურ გამოსვლას, რომელიც სოხუმში, რაიმე მოვლენის აღსანიშნავად გამართული მიტინგის მონაწილეებისთვის უფრო იყო გათვლილი, ვიდრე მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ პროცესებში ჩახედული ადამიანებითვის. ავიღოთ თუნდაც ისეთი მტკივნეული თემა, როგორიც ქართულ-აფხაზურ შეიარაღებულ დაპირისპირებაში ახალგაზრდა ვაჟკაცების დაკარგვით გამოწვეული მოუშუშებელი იარაა და რომელსაც ერთნაირად განიცდიან ღირსებაშენარჩუნებული ქართველებიც და აფხაზებიც. ამერიკის და ევროპის პროცენტებს რომ ადარებს გენოფონდის დანაკარგებს იმ სამარცხვინო ომში, ჯიუტად „სამამულო ომად“ რომ მიიჩნევს, სჯობდა აღერიცხა ერთმანეთის წინააღმდეგ მეომარ მებრძოლებს შორის რამდენი პროცენტი იყო ქართველი, რამდენი პროცენტი აფხაზი და რამდენი პროცენტი შერეულ ქართულ-აფხაზური ოჯახიდან, ან ერთ ან მეორე მხარეს მებრძოლი. ყველაფერი ეს შეეკრიბა, გაეანალიზებინა და მიხვდებოდა, რომ 2013 წელი მართლაც განსაკუთრებული წელია, მაგრამ არა ღირსშესანიშნავი იუბილე, როგორც იმავე შეკრებაზე განაცხადა , არამედ ყველაზე სამარცხვინო ძმათამკვლელი ომის დამთავრების 20 წლისთავი.

რომ აცხადებს, უმძიმესი დარტყმა მიიღო აფხაზეთის ეკონომიკამო, სწორია, მაგრამ ელემენტარულ დონეზე ხომ მაინც უნდა იცოდეს, რომ ეკონომიკას მხოლოდ საწარმოები და დაწესებულებები არ ქმნიან, რომლებიც სხვათა შორის რუსეთის ავიაციის და საარტილერიო დანადგარების ბომბებით განადგურდა, მთელი წელიწადი რომ უშენდნენ სოხუმს, არამედ აფხაზეთში ძირითადად ქართველები ქმნიდნენ, რომლებსაც უმოწყალოდ გაჟლეტვა არ აკმარეს და დედიან ბუდიანად გამორეკეს აფხაზეთიდან. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მთელი აფხაზეთი 20 წლის წინ გადაქცეული იყო სასაფლაოდ, ამაშიც ვეთანხმებით, მაგრამ მეტი ვაჟკაცობა რომ ჰქონოდა, ისიც უნდა აღენიშნა, რომ იმ უდანაშაულო მსხვერპლთა უდიდეს უმრავლესობას, რომლებსაც ბულდოზერებით ამოთხრილ ორმოებში ყრიდნენ და ისე ასაფლავებდნენ, ქართველები წარმოადგენდნენ.

ბატონი კობახია უფრო შორს მიდის და ევროპას შერჩევით პოლიტიკაში ადანაშაულებს, რაც თურმე აფხაზეთის დამოუკიდებლობის არაღიარებითაა გამოწვეული. მოუწოდებს ევროპარლამენტის დეპუტატებს პატივი სცენ დღევანდელი მსოფლიოს ჰუმანიტარულ იდეალებს და აფხაზეთის მოსახლეობას არ უთხრან უარი ევროვიზებზე და მისცენ აფხაზეთს მსოფლიო თანამეგობრობაში ინტეგრირების შესაძლებლობა. მოკლედ, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთის რეჟიმი მთელი ცივილიზებული სამყაროს გასაგონად უარს ეუბნება აფხაზეთის ძირძველ ქართველ მოსახლეობას სრულიად კანონიერ მოთხოვნაზე, დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს, კობახია ევროპარლამენტს ჰუმანიტარულ იდეალების პატივისცემაზე მიუთითებს.

არ ვაპირებ ბატონი კობახიას „ისტორიული მნიშვნელობის“ მოხსენების დეტალურ გაანალიზებას, მაგრამ არ შემიძლია გვერდი ავუარო მის მიერ ქართულ-აფხაზური ომის შედეგად აფხაზეთისადმი მიყენებული ზარალის ჯერ კიდევ არძინბასეულ შეფასებას, რაც არც მეტი, არც ნაკლები 120 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. მსოფლიო თანამეგობრობამ კიდეც რომ გადაწყვიტოს ხსენებული ომისგან მიყენებული 120 მილიარდი ზარალის ანაზღაურება, ჰგონია კობახიას, რომ ამ ფულს აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმს მისცემენ განსაკარგავად, რომ იგივე ბედი ეწიოს, რაც რუსეთიდან შემოდენილ მილიონებს? მარტო რუსეთი გვეხმარებაო, თავს რომ ისაწყლებს, დაითვალა ვინმემ აშშ დოლარებში შეფასებული იმ ჰუმანიტარული პროგრამების ოდენობა, რაც აფხაზეთში განხორციელდა ომის შემდეგ? ან რა პროცენტი ერგო იქიდან რეალურად შეჭირვებულ მოსახლეობას და რამდენი დაილექა ჩინოვნიკების ჯიბეებში? კობახიამ თუ არ იცის, თავისსავე მასმედიას, თუნდაც ოპოზიციას მიმართოს და დარწმუნდება, რომ გარდა ზემოხსენებული ჰუმანიტარული პროგრამებისა, რომლებშიც სხვათა შორის ქართული მხარის წვლილიც არის, რუსეთიდან შემოსული ფინანსური ნაკადის უდიდესი ნაწილი, რაც „ოტკატების“ შემდეგ რჩება, ძირითადად აფხაზი ჩინოვნიკების კეთილდღეობას ხმარდება. იმაზე მაინც გაგვცეს პასუხი კობახიამ, დამოუკიდებლობის აღიარების მე-5 წელს, რატომ შეუმცირა აფხაზეთს ფინანსური ნაკადი და შეპირებული 10 მილიარდი რუბლის ნაცვლად 2.6 მილიარდს აძლევს? პარალელურად კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ბიზნესმენებს, თავი შეიკავონ აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელებისაგან უსაშველოდ დიდი კორუფციის გამო.

კობახიას, ფინანსურ ზარალზე მსჯელობისას მართლაც რომ სამართლიანობა ალაპარაკებდეს, უნდა ესმოდეს, რომ ომის დროს ყველაზე მეტად იძულებით გადადგილებული ადამიანები დაზარალდნენ, რომელთა შორის ძირითადად ქართველები იყვნენენ. ამიტომ ნუ ტირის და წუწუნებს, მისი ცრემლების ევროპას კი არა, აღარც რუსეთს სჯერა.

ბესლან კობახიამ, ისევე, როგორც ბევრმა აფხაზმა, სხვაზე უკეთესად იცის, რომ შემხვედრ ნაბიჯებად, რომლის გადადგმის აუცილებლობაზეც ის თავის ადრეულ პუბლიკაციებში საუბრობდა და რომლის კვალსაც მის ახლანდელ გამოსვლაში ვერ მივაკვლიეთ, ვერაფრით ვერ ჩაითვლება საერთაშორისო ორგანიზაციების კეთილგანწყობის მოპოვების მცდელობა, ურთიერთდადანაშაულების და ტრაგიკული წარსულის მუდმივი ტირაჟირების ხარჯზე. მტყუან–მართალის გარჩევამ სასურველ შედეგამდე რომ ვერ მიგვიყვანა, ყველა კარგად ვხედავთ. ადრე ვწერდი და ვიმეორებ, რომ მთავარია ორივე მხარე მივიდეთ ერთ სწორ გადაწყვეტილებამდე - მუდმივი მტრობა ქართველებსა და აფხაზებს შორის ვერ გაგრძელდება. იგი უნდა დამთავრდეს და თანაც ისე, როგორც ღირსეულ ხალხს ეკადრება და თუ ეს მოცემულობა საფუძვლად დაიდება, ჩვენი ხალხების ურყევ ნებას – აღსდგეს მშვიდობიანი თანაცხოვრება, ვერაფერი შეაჩერებს. აფხაზური მხარე კარგად უნდა ხედავდეს და სათანადოდ აფასებდეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მცდელობას, გადადგას სწორედ ის შემხვედრი ნაბიჯები, რომლებიც პირველ რიგში ნდობის აღდგენისკენ იქნება მიმართული. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ხალხებს შორის ხელოვნურად შემოგდებულმა გაუცხოებამ თავისი ნაყოფი გამოიღო და თუ შუა ხანს მიღწეულ აფხაზებს შორის საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი ინტერესი ჯერ კიდევ არ ჩამკვდარა, ამას ვერ ვიტყვით ახალგაზრდებზე, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველ ხალხს მართლა ოკუპანტად მიიჩნევს და დამოკიდებულებაც ჩვენს მიმართ ადეკვატურია- არ იციან და ნაკლებად აინტერესებთ, თუ რა ხდება დანარჩენ საქართველოში. არადა, როგორ ეცოდინებათ, როდესაც აფხაზურ ელექტრონულ თუ ბეჭდვით მედიაში ტაბუ აქვს დადებული საქართველოს ხსენებას. თუ გაბედავს და ვინმე ახსენებს, ისიც მხოლოდ უარყოფით კონტექსტში, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურება - საქართველოს სახით მტრის ხატად წარმოჩენას აფხაზეთში არაფერი მოაკლდეს.

მიუხედავად ამისა, გარკვეულ აფხაზურ წრეებში არ ნელდება ინტერესი საქართველოსადმი და თითქმის ყველა მოვლენა, რომელიც განსაკუთრებით ქართულ-აფხაზური ურთიერთობის პერსპექტივებს ეხება, რიგ შემთხვევებში ცხარე გარჩევის საგანი ხდება. კობახიას კარგად უნდა ახსოვდეს აფხაზური საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება, გამოწვეული სააკაშვილის ხელისუფლების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართ გატარებული დისკრიმინაციული პოლიტიკით. რიგი სამინისტროების და კომიტეტების გაუქმება და აჭარისთვის თითქმის ყველა მიმართულებით დამოუკიდებლობის ხარისხის მნიშვნელოვნად შეკვეცა, აფხაზეთში აღქმული იყო უკიდურესად უარყოფითად. მართალია საჯაროდ ამის შესახებ არავინ საუბრობდა, მაგრამ აფხაზურ პარლამენტში და მთავრობაშიც მიმდინარეობდა მსჯელობა იმის შესახებ, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, აჭარის, ფაქტიურად საქართველოს გუბერნიებთან გათანაბრებით, ცეცხლზე ნავთის დასხმის როლი შეასრულა რთულად მიმდინარე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში და ისედაც ძლივს შეკოწიწებულ მყიფე ნდობას ყველა საფუძველი გამოაცალა. „რისთვის გვეპატიჟებიან საქართველოს შემადგენლობაში, შეგვითრიონ, თავისი გაინაღდონ და შემდეგ აჭარასავით მოგვექცენ? - აცხადებდნენ ისინი, ვინც აფხაზეთის კვლავ საქართველოს შემადგენლობაში რაიმე ფორმით დაბრუნებას არც განიხილავდნენ, მაგრამ ქართულ მხარესთან დიალოგის და ნდობის აღდგენის მომხრეები იყვნენ. ეს ადამიანები ასევე კრიტიკული თვალით უყურებენ ქართველთა კანონშემოქმედებს, რომლებიც, მათივე აზრით, კანონებს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით კი არა, დასავლეთის მოწონება-არ მოწონების მიხედვით იღებენ.

აქედან გამომდინარე, თუ გვინდა, რომ განდგომილი რეგიონებისთვის მართლაც მიმზიდველი ვიყოთ, ეკონომიკური გაძლიერების და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ რა პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ მოდელს ვირჩევთ და რა დამოკიდებულება აქვთ ამ მოდელთან მიმართებაში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საზოგადოებას. კი ბატონო, დავისახოთ ამოცანად დასავლური მოდელის გადმოღება, მაგრამ არა ისე, რომ უარვყოთ და არ გავითვალისწინოთ ეროვნული ინტერესები, რომელიც უპირველესად ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება-განვითარებას გულისხმობს. ეფექტური შეიძლება იყოს მხოლოდ ის მოდელი, რომელიც ახლოს არის ჩვენს კულტურასთან, ჩვენს ტრადიციებთან, პასუხობს ჩვენი ხალხის წარმოდგენებს სამართლიანობაზე და სხვა ღირებულებებზე. გაუცნობიერებლად გადადგმა ისეთი ნაბიჯებისა, რომლებიც შეიძლება ვიღაცეებს მოეწონოთ დასავლეთში, მაგრამ მიუღებელი აღმოჩნდეს, როგორც ქართველებისთვის, ისევე აფხაზების და ოსებისთვის, ვერაფრით ვერ შეუწყობს ხელს ჩვენს შორის ნდობის აღდგენას. მაგალითისთვის მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვის დაკანონებისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგებიც საკმარისია. ეს და ზოგიერთი ისეთი საკითხები, რომლებიც მენტალურად უცხო და მიუღებელია არა მარტო ჩვენი ხალხებისთვის, არამედ ზოგადად კავკასიელებისთვისაც, საკამათო კი არა, საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
განათლების უფლება გალის რაიონში
04.11.2015 15:06
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
ყველა სიახლე