RSS
ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საკითხის მოგვარება ბევრ პრობლემას მოხსნიდა
17.01.2014 13:25
თამარ ნინიძე
გაზეთი “ახალი თაობა”

ინტერვიუ აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრ, გენერალ ლევან კიკნაძესთან


- რუსეთს სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით საგანგებო ზომები აქვს მიღებული, მაგრამ როგორც ჩანს ეს საკმარისი არ არის, ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები გააქტიურდნენ და ტერორისტულმა აქტებმა იმატა. როგორ შეაფასებთ არსებულ მდგომარეობას?

- როცა ამ მასშტაბის სპორტული ღონისძიება ტარდება, ნებისმიერი სახელმწიფო საგანგებო უსაფრთხოების ზომებს ატარებს. რუსეთის ხელისუფალთ გაცნობიერებული აქვთ ალბათ, რაოდენ დიდია მათი პასუხისმგებლობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. აქ რამდენიმე ფაქტორია, ჩრდილო კავკასიის ფაქტორი, აფახაზეთის, და თავად რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებში გამეფებული კორუფცია, რის გამოც ვერ ხერხდება თავიანთი შესაძლებლობების სრულფასოვნად ამოქმედება, რათა უზრუნველყონ ჩვეულებრივი მოქალაქეების უსაფრთხოება. რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელსაყრელი ის მაინც არის, რომ ზამთარია და მთებიდან გადასასვლელები ჩაკეტილია, მესაზღვრეებსაც გაუადვილდებათ საზღვრების გაკონტროლება. მაგრამ თუ ტერორისტებს ჩაფიქრებული აქვთ სიტუაციის არევა და დივერსიების მოწყობა, ალბათ ბევრი რამ გათვალისწინებული ექნებათ და საჭირო მასალები შეიძლება წინასწარ ჰქონდეთ შეტანილი. ასე, რომ რუსეთის სამართალდამცავების მიერ მიღებული ზომები ვითარების ადეკვატური უნდა იყოს, რადგან საშიშროება რეალურია. აფხაზეთის მონაკვეთს რაც შეეხება საგულდაგულოდ ჩაკეტავენ რუსები არა მარტო ფსოუს საზღვარს, არამედ აიბგის გადასავლელებსაც.

- ეს ალბათ ხელს შეუშლის აფხაზეთის მოსახლეობას რომ თავისუფლად გააადგილდნენ პირადი საქმისათვის?

- დიახ, ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში მათ რუსეთში გასასვლელი გზა ჩაეკეტებათ. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ავტომანქანებისთვის გამოყოფილია უმნიშვნელო რაოდენობის სააკრედიტაციო მოწმობები, მათ გადაადგილებასაც შეზღუდავენ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ენგურზე ისედაც გამკაცრებულია რეჟიმი, ხოლო საზღვაო მიმოსვლა წელიწადის ამ დროს ისედაც შეზღუდულია, გამოდის რომ მინიმუმ ორი-სამი თვე აფხაზეთის მოსახლეობა მოექცევა ბლოკადაში.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზებს აეკრძალათ მათი დროშით სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა. ამაზე რას იტყვით?

- ოლიმპიური ქარტიის თანახმად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ ცნობს არც აფხაზეთს და არც ოსეთს, ცნობს მხოლოდ საქართვერლოს ოლიმპიურ კომიტეტს, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რომელიც აღიარებულია გაეროს მიერ. რუსეთს ეს კარგად ესმის და ამის წინააღმდეგ ვერ წავა. მაგრამ რუსეთმა შეიძლება კოჭი გაუგოროს აფხაზებს და თავისივე დელეგაციისდშეამდგენლობაში მისცეს უფლება მათი დროშით გამოვიდნენ.

- მოსალოდნელია პროვოკაციული სიურპრიზები?

- ქართველები დაინახავენ რომ რუსეთის შემადგენლობაშიც აფხაზები გამოდიან საკუთარი დროშით და შეიძლება გააპროტესტონ კიდეც.

- სულ ახლახანს ჩოჩიევმა განაცხადა, რომ ოს ხალხს სურს რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს ე.წ. სამხრეთ ოსეთი. როგორია თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით?

- მსგავსი ინიციატივით კოკოითიც გამოდიოდა, მაგრამ საკითხავია რამდენად წავა ამ ნაბიჯზე რუსეთი. ბევრი რუსი პოლიტოლოგი თვლის, რომ 2008 წლის აგვისტოს ცნობილი მოვლენების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, მიუხედავად იმისა, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ეს ნაბიჯი წამგებიანი იყო, საქართველოდან განდგომილი ამ ორი რეგიონის უსაფრთხოების გარანტირებულობა უზრუნველყო. წამგებიანად თვლიან იმდენად, რამდენადაც , მათივე აზრით აფხაზთი და სამხრეთ ოსეთი ფაქტიურად ისედაც რუსეთის პროტექტორატებად მიიჩნეოდა და, რომ არა სააკაშვილის ავანტიურა, რუსეთს ზედმეტი თავის ტკივილი არაფრად არ სჭირდებოდა. თუმცა, იმასაც აღნიშნავენ, რომ თავის დროზე კრემლმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც პრაქტიკულად მოახდინა თავისი პოლიტიკური შესაძლებლობების დემონტაჟი საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ უარი თქვა საქართველოს შიგაპოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე და ნებსით თუ უნებლიედ ადგილი დაუთმო ამერიკას საქართველოში თავისი ინტერესების გატარებისთვის. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, იძულებით და წამგებიან ნაბიჯად თვლიან კიდევ იმიტომ, რომ თუ მანამდე საქართველო ამერიკისთვის სტრატეგიული ინტერესების ზონად მიიჩნეოდა, აღიარების შემდეგ საქართველო უკვე ამერიკის პროტექტორატად გადაიქცა. უფრო მეტიც, მათივე აზრით ქართულ-რუსული ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი, ამერიკისა და რუსეთის გარიგებას უკავშირდება, რომლის ძირითადი არსი რუსეთის მიერ ამერიკის ინტერესების აღიარებაა საქართველოში.

- როგორც ცნობილია აფხაზეთის მოსახლეობა უკმაყოფილოა ანქვაბის პოლიტიკის. ამ ფონზე პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ აფხაზები და ოსები უნდა დავაინტერესოთ ევროპასთან დაახლოების პერსპექტივით, რადგან დღეს მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობენ, დიდია რუსული გავლენა ამ რეგიონებში

ექსპერტები აფხაზეთში უკვე ღიად საუბრობენ, რომ ამ წელს რუსეთი შეპირებულ ფინანსურ დახმარებას, რაც აფხაზეთის ბიუჯეტის ორ მესამედს შეადგენს, მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც მტკივნეულად აისახება ხელფასებზე და პენსიებზე. თანხის დარჩენილი ნაწილი კი, რაც ეკონომიკას უნდა მოხმარდეს, ბევრს ვერაფერს შეცვლის, რადგანაც თუ აქამდე ვერ ხერხდებოდა რევოლუციური ეფექტის მიღება, მით უმეტეს ვერ მიიღწევა ეხლაც, რადგანაც, მათივე აზრით, ის სახელისუფლებო უწყებები, რომლებიც განკარგავენ ფინანსურ შემოდინებებს , დაკომპლექტებული არიან გასული საუკუნის 80-იანი წლების ჩინოვნიკების დონეზე, რომლებსაც წარმოდგენაც კი არა აქვთ რაიმე სახის რეფორმაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამავე აზრს იზიარებს აფხაზური ოპოზიციის მთელი სპექტრი და ანქვაბის პოლიტიკით უკმაყოფილო ნაწილი , ბევრზე მაინც ავადმყოფურად მოქმედებს ჩვენი მხრიდან დანახული და ჩაწოდებული მათი პრობლემები, რომელთა გამოც აფხაზეთი ვერ უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც შექმნილია თითქმის ყველა სფეროში.

დავიწყოთ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საკითხით, რომლის მოგვარება, ჩემი აზრით, ბევრ პრობლემას მოხსნიდა. აფხაზებისთვის, როგორც ზოგიერთი აფხაზი პოლიტოლოგი აცხადებს , მიუღებელია ზაქარეიშვილის განცხადება, რომელშიც მან მოუწოდა აფხაზებს და ოსებს გადაწყვიტონ თავიანთი ბედი დამოუკიდებლად, რუსეთის გარეშე და საქართველოსთან ერთად დაიწყონ სვლა ევროპისაკენ. ზაქარეისვილის ეს განცხადება გამაღიზიანებელი მხოლოდ კრემილსთვისაა და აფხაზ პოლიტოლოგთა გარკვეული ნაწილის აღშფოთებაც გასაგებია, მაგრამ თუ ღრმად ჩავუკვირდებით მათ მოსაზრებებს, ზოგი რამ მართლაც გასათვალისწინებელია ჩვენ შორის ნდობის აღდგენის კუთხით გარკვეული პროგრესის მისაღწევად. უკვე გამოითქმება ჩვენი მხრიდან წინადადებების წარდგენის შემთხვევაში, აფხაზეთში მისი განხილვის სურვილი, რადგანაც დარწმუნებულები არიან, რომ არის სფეროები, რომლებშიც ურთიერთ მომგებიანი თანამშრომლობის დაწყება შესაძლებელია. თუმცა გამოთქვავენ ეჭვს, რომ ამ წინადადებების შემუშავებაზე და რაც მთავარია კონფლიქტური მხარეებისთვის შეთავაზებაზე, ზაქარეიშვილის უწყებას არავინ მიუშვებს.

პაატა ზაქარეიშვილი აუცილებლად მიიჩნევს პირდაპირ დიალოგს აფხაზებთან და ოსებთან მესამე პირის ჩარევის გარეშე, თქვენ როგორ უყურებთ ამ პერსპექტივას?

მთავარია მოსაზრება, მით უმეტეს, როცა მასში აფხაზეთიდან დევნილი და იქდარჩენილი ქართველების ოცწლიანი ნატვრაა ასახული, ლიტონ სიტყვებად არ დარჩეს, რისი გამოცდილებაც საკმაოზე მეტი გვაქვს და და მისი განხორციელების გზებიც მოინახოს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კონფლიქტური რეგიონების პრობლემებზე საქმიანობა არ უნდა შემოიფარგლებდეს მხოლოდ ცალკეული ღონისძიებებით, რაც არ უნდა წარმატებულად ჩაითვალოს მათი მიმდინარეობა. აუცილებელია კონფლიქტიების დარეგულირების საკითხებში მომუშავე ორგანიზაციების და უწყებების საქმიანობა ხორციელდებოდეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სტრატეგიული პროგრამის საფუძველზე შემუშავებული პერსპექტიული და მოკლევადიანი გეგმების შესაბამისად.

სწორედ ასეთი საქმიანობის წარმართვის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს კონფლიქტურ რეგიონებში და მის გარეთ სპეცსამსახურების მიზანმიმართული ოპერატიული საქმიანობა, რომლის შედეგად მიღებული ამომწურავი ოპერატიული ინფორმაციების ანალიზი უნდა იძლეოდენ სრულ სურათს ოპერატიული ვითარების შესახებ. ბუნებრივია ამის შემდეგ უშეცდომოდ შეიძლება ისეთი წინადადებების შემუშავება, რომლებიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის.

ბატონო ლევან, სპეცსამსახურები ახსენეთ და დღეს საზგადოება მაინც ერთგვარი შიშით უყურებს მათ საქმიანობას. სიტყვამ მოიტანა და იქნებ უფრო გაშალოთ თემა უშიშროების ფუნქციონირების შესახებ.

განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა ადასტურებს, რომ სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფის საერთო სისტემაში მეტ-ნაკლებად ჩართულია ხელისუფლების ყველა ძირითადი ინსტიტუტი, უშიშროების ორგანოები კი ამ საკითხში მთავარ მაორგანიზებელ ფუნქციას ასრულებენ. ასე, რომ ცივილიზებულ სამყაროში უშიშროება არ შეიძლება განიხილებოდეს დასასჯელ იარაღად ხელისუფლების ხელში. მისი ფუქციები მკაცრად განსაზღვრულია და მოქმედებს მხოლოდ კონსტიტუციით მისთვის განსაზღვრულ ფარგლებში.

სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ვერ შეძლო ისეთი ეფექტური უშიშროების სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციით განსაზღვრული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური წყობილების დაცვას ნებისმიერი ხელყოფისაგან. თავი რომ დავანებოთ შევარდნაძისდროინდელ მრავალგზის “რეფორმირებულ“ უშიშროებას, რომლის ფუნქციები იმის მიხედვით იცვლებოდა თუ რა „ ახალი იდეები“ მოუვიდოდა თავში ყოველ ახალდანიშნულ მინისტრს, „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედთა რეფორმამ, რომლის ძირითადი არსი შსს-ს და უშიშროების გაერთიანება და „ახალი სისხლის გადასხმა“ იყო, გამოცდილი, პროფესიული კადრების გარეშე დატოვა მთელი სისტემა, განსაკუთრებით მისი ხელმძღვანელი რგოლი. ყველაზე დამანგრეველი კი, რაც გაკეთდა ეს იყო უშიშროების შსს-თან გაერთიანება, რასაც უშიშროების რაიონული ორგანოების, როგორც სტრუქტურული ერთეულების გაუქმება მოჰყვა. მათ ნაცვლად რაიონებში შეიქმნა „კუდ“-ის, „სოდ“-ის და კონტრდაზვერვის დანაყოფები, რომლებიც ცენტრიდან იმართებოდნენ. ჩანაფიქრმა, რომ მათი დაყოფით ოპერატიული მიმართულებების მიხედვით, ცენტრიდან უფრო ეფექტური იქნებოდა მართვა, არ გაამართლა იმ მიზეზის გამო, რომ ვერ მოხერხდა მიღწეული ყოფილიყო მათი კოორდინირებული საქმიანობა. მათ შორის გაჩაღებულმა შეჯიბრმა, ბევრში წახალისების და თავის გამოჩენის, უფროსობის მიმართ მაამებლური სურვილი გააჩინა, რამაც მანკიერი , ყოვლად მიუღებელი ფორმები მიიღო. პიარი გახდა მთავარი იარაღი, რითაც ცდილობდნენ მოსახლეობისთვის ეჩვენებინათ, რომ მართლწესრიგის აღდგენის და კანონიერების დამყარების კუთხით გამოცხადებულ შეურიგებელ ბრძოლაში, დანდობა არავის ექნებოდა. შედეგად სახეზე იყო სპონტანური, ხშირ შემთხვევებში გაუთვლელი და გაუაზრებელი ოპერატიული ღონისძიებები, რომლებიც არა თუ ვერ აღწევდნეენ დასახულ მიზნებს, პირიქით, მოსახლეობაში აძლიერებდნენ უარყოფით განწყობას ხელისუფლების და თვით სპეცსამსახურების მიმართ. ბუნებრივია ასეთმა ვითარებამ ხალხში უარყოფითი აზრის ჩამოყალიბებას და მის გაძლიერებას შეუწყო ხელი.

მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, კერძოდ, მოსახლეობას უფრო მეტი შიში და განწყობა ჩამოუყალიბდა სპეცსამსახურების წარმომადგენლების მიმართ, როგორიც პოსტკომუნისტურ დროსაც არ ჰქონიათ.

დღეისათვის შექმნილ უაღრესად მძიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებაში, კარგად მესმის, რომ უკიდურესად ძნელია ყველაფერი ეს გადააწყო, ერთ პრინციპს დაუქვემდებარო და წარმოქმნილ ურთულეს გამოწვევებს დაუპირისპირო. ძალიან სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ვერ ხერხდება ძველი, გამოცდილი კადრების შესაძლებლობების გამოყენების მცდელობაც კი. არადა მთელ საქართველოში მიმოფანტული, ასობით უშიშროების კვალიფიცირებული კადრი, მზად არის უანგაროდ ჩადგეს ქვეყანის სამსახურში.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
განათლების უფლება გალის რაიონში
04.11.2015 15:06
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
ყველა სიახლე