RSS
სოჭის ოლქი და აფხაზეთი (საქართველო) - ნაწ.1
10.02.2014 13:09
ლევან კიკნაძე, სიმონ კილაძე

რუბრიკა: „საქართველოს დაკარგული ტერიტორიები“

ამ რუბრიკით „ექსპერტთა კლუბი“ იწყებს სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომების პუბლიკაციას. პირველ ნაწილში გადმოცემულია 1918-1919 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში არსებულ სოჭის ოლქთან დაკავშირებული პოლიტიკური, სამხედრო და დიპლომატიური მოვლენები: ახსნილია ქართული არმიის მიერ სოჭის ოლქის დაკავების მიზეზები, მოცემულია საბრძოლო მოქმედებების ქრონიკა, განხილულია საქართველოს ხელისუფლების დიპლომატიური ნაბიჯები, ნაჩვენებია სოჭის ოლქის იურიდიული სტატუსი, გაანალიზებულია ამ ტერიტორიის საქართველოსადმი შემოერთების დადებითი და უარყოფითი მომენტები.

პუბლიკაციაში დოკუმენტურადაა გამოკვლეული, თუ როგორ შევიდა სოჭის ოლქი რუსეთის შემადგენლობაში, ანუ პასუხი აქვს გაცემული კითხვას -„ვინ გადასცა სოჭის ოლქი რუსეთს“, რომელიც ათეული წლების მანძილზე, პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, ისტორიის ბურუსით იყო მოცული. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად სანამ გადავიწევდეთ თითქმის ერთი საუკუნით უკან, გავიხსენოთ ორი წლის წინანდელი აჟიოტაჟი რუსეთ-საქართველოს ფსოუს საღვართან დაკავშირებით და ამის შემდეგ შევეცადოთ პარალელების გავლება გასული საუკუნის დროინდელ და ეხლანდელ მოვლენებს შორის.

2012 წლის ზაფხულში რუსულ პრესაში გამოქვეყნდა რუსეთის სამხედრო პოლიტოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის, ჟურნალ «პოლიტიჩესკოე ობოზრენიეს» კორესპონდენტის და რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტის პროფესორის ალექსანდრე პერენჯიევის ვლადიმერ პუტინის სახელზე გაგზავნილი მიმართვა. წერილის ავტორი თავაზობდა რუსეთის პრეზიდენტს გამოსულიყო ინიციატივით შავიზღვისპირეთის გუბერნიის აღდგენის შესახებ, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი, როგორც ადრე, იქნებოდა ქალაქი ნოვოროსიისკი. ა.პერენჯიევის განცხადებით, ასეთი ადმინისტრაციული ცვლილება ხელს შეუწყობდა სახელმწიფო მმართველობის გაუმჯობესებას ამ რეგიონში, ეკონომიკური პრობლემების დროულად მოგვარებას და აფხაზეთთან ურთიერთობის დარეგულირებას.

ამ წერილმა ძალაუნებურად მოგვაგონა 2011 წლის აგვისტოში "ნეზავისიმაია გაზეტა“-ში გამოქვეყნებული აფხაზეთის საზღვრისპირა სოფელ აიბგას მაცხოვრებლების რუსეთის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევისადმი გაგზავნილი წერილი, რომელშიც ისინი ითხოვდნენ მათი სოფლის აფხაზეთიდან გამოყოფას და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანას. თავის თხოვნას აიბგელები, რომელთა დიდი ნაწილი ეროვნებით რუსია, ხსნიდნენ იმით, რომ ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან, რომ ადრე ეს ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა და აღარ უნდათ აიტანონ აფხაზი მესაზღვრეების მიერ მიყენებული შეურაცყოფა და შეზღუდვები. სოფელი აიბგა რუსეთ-საქართველოს საზღვარზეა განლაგებული და მდინარე ფსოუ მას შუაზე ყოფს. სოფლის ერთი ნაწილი განთავსებულია რუსულ მხარეს, მეორე ნაწილი – ქართულ მხარეზე (აფხაზეთში).ამ სოფლის ყველა მაცხოვრებელი რუსეთის მოქალაქეა, ისევე, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ყველა აიბგელთა დიდი უმრავლესობა ეროვნებით რუსია. აიბგელები ცდილობენ წაგლიჯონ მიწის ეს მონაკვეთი აფხაზეთს და რუსეთს მიუერთონ, სწორედ ისე, როგორც აფხაზი და ოსი სეპარატისტები მოექცნენ საქართველოს.

საქმე იმაშია, რომ 2011 წლის დასაწყისისთვის აფხაზეთის ხელისუფლების უმაღლესი ეშოლონებიდან გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, კრემლს გაუჩნდა პრეტენზიები, გაგრის ზონის 160 კვ.კმ ნაკრძალის ტერიტორიაზე სოფ. აიბგასთან ერთად რიწის ტბის ჩათვლით. აიბგელების ხსენებულმა წერილმა ცეცხლზე ნავთის დასხმის როლი ითამაშა ისედაც აჟიტირებულ აფხაზებში და ხსენებული წერილი რუსეთის სპეცსამსახურების „შემოქმედებას“ მიაწერეს. ბლოგებსა თუ ინტერნეტ–ფორუმებზე, რუსულ და აფხაზურ მედიაში რეგულარულად ვრცელდებოდა აიბგასთან დაკავშირებული, ხშირ შემთხვევებში პროვოკაციული ხასიათის ინფორმაციები. ამავე პერიოდს საეჭვოდ დაემთხვა რუსეთსა და აფხაზებს შორის მოსკოვში და სოხუმში რამოდენიმე რაუნდად მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაკებები, რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზური მონაკვეთის დემარკაციასთან დაკავშირებით. ყველა ხვდებოდა, რომ ხსენებულ მოლაპარაკებებში კრემლის მთავარი მიზანი - ბაღაფშის დაყოლიება იყო, აიბგასთან ერთად დაეთმო სუბტროპიკული ტყეებით დაფარული გაგრის რაიონის მთები, თავისი სილამაზით ცნობილი რიწის ტბაზე გასასვლელით. როგორც ოფიციალური წყაროები იტყობინებოდნენ, დაწყებულ მოლაპარაკებებში, მიუხედავად, იმისა, რუსული მხარე აფხაზ წარმომადგენლებს ღიად მიანიშნებდა ტერიტორიული დათმობის აუცილებლობაზე, აფხაზებმა მაინც მოახერხეს და ტაიმ-აუტი აიღეს. ამ ვითარებაში, როდესაც აშკარად ჩანდა, რომ აფხაზური მხარე დათმობაზე წამსვლელი არ იყო, კრემლიც მოერიდა ურთიერთობის ზედმეტად გამწვავებას და გადაწყვიტა ტერიტორიული პრეტენზიების საკითხის ღიად დატოვება, მისთვის სასურველი მომენტის დადგომამდე.. ამასთან, პრაგმატულად მოაზროვნე აფხაზური ელიტის ნაწილი აღნიშნავდა, რომ როგორც არ უნდა წარიმართულიყო მოლაპარაკებები ტერიტორიულ პრეტენზიებთან დაკავშირებით, ყველა შემთხვევაში "გაიჭყლიტებოდა" სერგეი ბაღაფში – თუ არ დაუთმობდა რუსეთს ტერიტორიას, მოსკოვი ფინანსურ დახმარებს შეწყვიტავდა, რაც აფხაზური ელიტის ჯიბეებს დააცარიელებდა, თუ დაუთმობდა – აფხაზური საზოგადოება თავისი ლიდერისგან ადექვატურ პასუხს მოითხოვდა. არადა, რუსეთიდან ფინანსების შემოდინების მნიშვნელობაზე ნათლად მეტყველებს აფხაზური ბიუჯეტი, რომლის 2/3-ზე მეტი რუსული ფულით ივსება.

ასეთ გაურკვეველ ვითარებას დაემატა ს. ბაღაფშის უეცარი და ფრიად საეჭვო გარდაცვალება, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმის საფუძველი გააჩინა. როგორც ცნობილია ყველა გადაუჭრელ საჭირბოროტო პროცესში, რაც კი რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს უკავშირდებოდა, ბაღაფში ცდილობდა ლავირება მოეხდინა აფხაზური საზოგადოების ინტერესებსა და მოსკოვის მოთხოვნებს შორის. ხშირად ახერხებდა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, რუსული ინტერესები დროში იწელებოდა და განუხორციელებელი რჩებოდა. კრემლი ძალიან გააღიზიანა და უხეში საუბრებიც კი ჰქონდათ ბაღაფშთან, აფხაზეთის ხელისუფლებიდან, აიბგისა და გაგრის ზონის 160 კვ.კმ. ტერიტორტიულ პრეტენზიაზე, ინფორმაციის მიზანმიმართულად "გაჟონვის“ გამო, რამაც საზღვრის გადმოწევის რუსული გეგმა ფაქტიურად შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები დასკვნით მესამე, შეხვედრაზე, რომელიც 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში სოხუმში გაიმართა სტატუს-ქვო შენარჩუნებული იქნა, ბაღაფშის საეჭვო გარდაცვალებამ აფხაზეთის საზოგადოებაში კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი, რომ მოსკოვი რაიმე ხრიკს მოიგონებდა და აუცილებლად დაუბრუნდებოდა ტერიტორიულ დავას აფხაზებთან.
სწორედ ტერიტორიული დავის საკითხის გააქტურებისკენ მიანიშნებდა აიბგელების წერილის გამოქვეყნებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე ალექსანდრე პერენჯიევის მიერ წამოყენებული ზემოთხსენებული ინიციატივა და პასუხიც ალბათ ეს არის, თუ რატომ შეიძლება რუსი სამხედრო პოლიტოლოგები დაინტერესებულიყვნენ ამ საკითხით.

შემთხვევით არ გაგვიმახვილებია ყურადღება აფხაზეთის ტერიტორიოულ პრეტენზიებზე. სამწუხაროდ, მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში ისტორიული მოვლენების გამეორების კიდევ ერთი ფაქტის მოწმენი გავხდით: აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულების საფუძველზე, მიიღო დადგენილება სასაზღვრო ზონის 11 კილომეტრით გაფართოების შესახებ, რომელიც მდინარე ფსოუდან ქალაქ გაგრამდე არსებულ ტერიტორიას მოიცავს. აშკარაა, რომ აფხაზი სეპარატისტები უსიტყვოდ დამორჩილდნენ რუსეთის მითითებას და საკუთარი ისედაც ეფემერული სუვერენიტეტის კიდევ უფრო სამარცხვინო შელახვაზე თვითონვე დათანხმდნენ - სასაზღვრო ზონას ხომ რუსი მესაზღვრეები და სამხედრო მოსამსახურეები გააკონტროლებენ. ფაქტიურად, აღნიშნული ტერიტორია რუსეთის იურისდიქციაშია გადასული. აფხაზები თავს იმშვიდებენ - ახალი სასაზღვრო რეჟიმი მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში, ოლიმპიადის დასრულებამდე გაგრძელდებაო, მაგრამ ეს ფაქტი რუსული მცოცავი ანშლიუსის ერთგვარი გამოვლინებად შეიძლება მივიჩნიოთ. შეიწევს თუ არა საზღვარი ადრე დადგენილ ნორმებამდე ოლიმპიადის დამთავრების შემდეგ, ან რა ბედი ეწევა აიბგას, ახლო მომავალი გვიჩვენებს.

გაუარა თუ არა აფხაზურ საზოგადოებას 2 წლის წინანდელმა შეშფოთებამ, რომელიც რუსეთის მხრიდან ტერიტორიულ პრეტენზიებს უკავშირდებოდა, ამასაც ახლო მომავალში ვნახავთ, თუკი რუსეთმა ე.წ. საკონტროლო ზოლი იქვე დატოვა და უკან წაღება „დაავიწყდა“. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ შემთხვევაში უფრო მეტი საღი აზრი გამოითქმება. ჩვენი მხრიდან კი, მიუხედავად იმისა, მოეწონება ეს ვინმეს თუ არა, კვლავაც არ მოვაკლებთ მცდელობას შესაძლებლობების ფარგლებში მორალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ აფხაზ თანამემამულეებს.

მართალია, საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალური პროტესტი განაცხადა, მაგრამ ისიც დასაშვებია, რომ მოსკოვი თბილისის განცხადებას მნიშვნელობას არ მიანიჭებს. ამ შემთხვევაში ხომ არ ნიშნავს ეს, რომ რუსეთი ნელ-ნელა, მაგრამ პერმანენტულად ცდილობს სოჭის საკურორტო რაიონისთვის 1904 წლის ადმინისტრაციული საზღვრის აღდგენას?... ამ კითხვაზე პასუხს იძლევა შავიზღვისპირეთის გუბერნიის დაარსების ისტორია და ამ თემასთან დაკავშირებული საარქივო მასალები, რომელსაც შემოგთავაზებთ მოგვიანებით.

(გაგრძელება იქნება)
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე