RSS
სოჭის ოლქი და აფხაზეთი (საქართველო) - ნაწ.3
18.02.2014 13:30
სიმონ კილაძე

სოჭის ოლქი საქართველოს შემადგენლობაში: პლუსები და მინუსები

იყო თუ არა საქართველოს მოთხოვნები სამართლიანი ეკატერინოდარში გამართულ მოლაპარაკებაზე? როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, თბილისი სოჭის ოლქში შესვლას განიხილავდა ერთი მხრივ - ისტორიული ტერიტორიის დაბრუნებად, მეორე მხრივ - აფხაზეთის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით გადადგმულ ნაბიჯად. ცხადია, ასეთი პოზიცია პატრიოტული იყო და მას საქართველოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მხარი დაუჭირა. ვის შეეძლო მისი უარყოფითად შეფასება? არავის, ბოლშევიკებისა და დენიკინელების გარდა. მიუხედავად ამისა, ობიექტურობის პრინციპის დაცვით აუცილებელია ვთქვათ: 1918 წლის ბოლოს საქართველოში და საერთოდ, კავკასიის რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარება უაღრესად რთული იყო - პერმანენტული ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები, აჯანყებები, სასაზღვრო კონფლიქტები და სხვა სახის პროვოკაციები საშუალებას არ იძლეოდა სოჭის ოლქის საკითხი მტკიცედ და საბოლოოდ გადაწყვეტილიყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტების - გვარდიისა და რეგულარული არმიის ნაწილებს მუდმივად გადაჯგუფება უხდებოდათ ერთი ცხელი წერტილიდან მეორეში, მოშლილი იყო ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მუშაობა, გაღრმავდა ეკონომიკური კრიზისი... მოკლედ, რესპუბლიკას ძალები არ ჰყოფნიდა დაკავებული ტერიტორიის შესანარჩუნებლად. უფრო მეტიც, არსებობდა დიდი საშიშროება დაკარგულიყო თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების ტერიტორიებიც. ამას ქვემოთაც დავინახავთ.

ასე იყო თუ ისე, რადგან ოლქზე საქართველოს იურისდიქცია უკვე ვრცელდებოდა, საჭირო გახდა რიგი ღონისძიებების გატარება. დაიწყო სახელმწიფო ხელისუფლების სტრუქტურების შექმნა, დაისახა შინაგან საქმეთა, იუსტიციის, მიწათმოქმედების და აფხაზეთის საქმეების სამინისტროების ერთობლივი სამოქმედო გეგმა სოჭის ოლქში ნორმალური ვითარების აღდგენის მიზნით. სოჭის ბანკში ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად თბილისიდან ჩაიტანეს რამდენიმე მილიონი მანეთი (ბონებით) და ასეული ათასი სხვადასხვა ვალუტა. აღსანიშნავია, რომ ქართული ბონების კურსი, სოჭში არსებულ სხვა ფულთან, განსაკუთრებით დენიკინის მიერ მოჭრილთან შედარებით, საკმაოდ მტკიცე იყო და მოსახლეობაში დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. განათლების სამინისტროს დამატებით გამოეყო ასი ათასი მანეთი სოჭის ოლქის სკოლების შესანახავად. აგრარული რეფორმის გატარების მოსამზადებლად ქალაქში ჩავიდა საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრი... გადაწყდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევაც. ქართული ადმინისტრაცია და სამხედრო შტაბი დროებით სოჭის ფეშენებელური სასტუმრო "«კავკასიის რივიერაში»" განთავსდა. იმ ხანებში სოჭში იმყოფებოდა გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი, რომელიც რუსულ ენაზე გამოცემულ თავის წიგნში "«მძიმე ჯვარი», რომელიც დღიურის სახით არის დაწერილი, აღწერს სოჭში არსებულ ვითარებას: «ამ მართლაც ბრწყინვალე კურორტზე ხალხი იმდენი აღარაა, რამდენიც მშვიდობიანობის დროს იყო ხოლმე, მაგრამ მაინც ბევრნი არიან დარჩენილი - ყოფილი მდიდრები, ძლიერნი ამა სოფლისანი, ფულიანები და გავლენიანები. ისინი მოუთმენლად ელოდებიან ალექსეეველებისა და დენიკინელების მოსვლას. ჩვენ მათ არ მოვწონვართ როგორც დემოკრატები და როგორც ქართველები...“.

ამ კონტექსტში აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ანტიქართული საინფორმაციო ომი: მოხალისეთა არმიის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე - ყუბანისა და შავი ზღვისპირეთის ქალაქებში (ეკატერინოდარში, ნოვოროსიისკში, ტუაფსეში) გაზეთები საქართველოს წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობისაკენ მოუწოდებდნენ, ვრცელდებოდა ანტიქართული პროკლამაციები საქართველოს მკაცრად დასჯის მოთხოვნით. «მოხალისეთა არმიის ოფიცრები, როცა სამშობლოში მომავალ ქართველებს ხვდებიან, მათ ასეთი სიტყვებით ისტუმრებენ ხოლმე - მოიცათ, მალე ვიქნებით ტფილისში და მაშინ ნახავთ თქვენს სეირს თქვენი ჟორდანიებით, გეგეჭკორებითა და რამიშვილებითო. განსაკუთრებით სძულთ გეგეჭკორი», - წერდა გაზეთი "ერთობა" 1918 წლის დეკემბერში.

სანამ სოჭის ოლქის ირგვლივ ასეთი ვითარება იყო, ევროპაში უმნიშვნელოვანესი ამბები მოხდა - პირველ მსოფლიო ომში გერმანია და მისი მოკავშირეები ანტანტის ქვეყნებთან (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, აშშ) დამარცხდნენ. ბერლინმა საქართველოდან თავისი ჯარები გაიწვია. სამხრეთ კავკასიაში მათი ადგილი, ანტანტის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ინგლის-საფრანგეთის სამხედრო ნაწილებმა დაიკავეს. რადგანაც ანტანტა დიდ დახმარებას უწევდა დენიკინს საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, იგი იმედოვნებდა, რომ ინგლისი მხარს დაუჭერდა სოჭის ოლქის საკითხის გადაჭრაში, ცხადია, მის სასარგებლოდ. საქართველოსათვის საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება არახელსაყრელი შეიქმნა - თბილისი, რომელიც გერმანიის მხარდაჭერით სარგებლობდა, ახლა იძულებული გახდა ანტანტისათვის მიეპყრო იმედის თვალი. ცხადია, მთავრობა საკმაოდ უხერხულ დიპლომატიურ სიტუაციაში ჩავარდა. დენიკინმა კი, წარმატების მოლოდინში, დაიწყო ჯარების თავმოყრა ლაზარევსკოესა და ლოოს შორის, ქართული სამხედრო ნაწილების პოზიციებთან. ცხადია, თბილისში ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.

საქართველოს დიპლომატიის მესვეურებს საკმაოდ რთული ამოცანა უნდა შეესრულებინათ - მათ დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისია როგორმე უნდა დაერწმუ-ნებინათ თავიანთ სიმართლეში და ამით თავიდან აეცილებინათ ქვეყნის ტერიტორიის ხელყოფა რუსეთის მოხალისეთა არმიის მხრიდან. უნდა ითქვას, რომ მთავრობამ ეს ამოცანა თავდაპირველად თითქოსდა წარმატებით განახორციელა: „ინგლისელები დათანხმდნენ ჩვენს მთავრობას, რომ ოლქი დროებით ისევ საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილიყო და ადმინისტრაციაც ჩვენი ყოფილიყო»... - წერდა გაზეთი «სახალხო საქმე» 1919 წლის იანვრის დასაწყისში, - საბოლოოდ კი, ოლქის მიკუთვნების საკითხი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გადაწყდებოდა“. რაც შეეხება დენიკინის ჯარების თავმოყრას ლაზარევსკაია-ლოოს პლაცდარმთან, ბრიტანული სამხედრო მისიის წევრებმა მათთან მისული საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე საბახტარიშვილი და გენერალი ალექსანდრე გედევანიშვილი დაამშვიდეს, რომ მოხალისეთა არმიისაგან საფრთხე მოსალოდნელი არ იქნებოდა. მათი დაპირების იმედზე მყოფმა საქართველოს მთავრობამ სოჭის რაიონში დისლოცირებული ქართული სამხედრო ნაწილები აწყურ-ახალციხის ფრონტზე გადაისროლა, რადგან ყარსიდან და არტაანიდან შემოსეულმა თურქთა შეიარაღებულმა რაზმებმა ახალციხე დაიკავეს (ყარსისა და არტაანის ოლქების ტერიტორიაზე ადგილობრივმა თურქმა ავანტიურისტებმა გამოაცხადეს ეგრეთ წოდებული ყარსის რესპუბლიკა, რომლის შემადგენლობაში ისინი ადიგენს, ახალციხეს და ახალქალაქსაც მიიჩნევდნენ).

საქართველოს მთავრობამ 1919 წლის იანვარში პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე სახელმწიფო საზღვრების რუკა წარადგინა, რომელზეც, ისტორიული მონაცემების საფუძველზე, სოჭისა და ტუაფსეს ოლქები საქართველოს შემადგენლობაში იყო მოქცეული. ამ რუკის მიხედვით, შავიზღვისპირეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში საქართველოს საზღვარი ტუაფსეს სამხრეთით 14 კილომეტრზე მდებარე მდინარე მაკოფსეზე უნდა გასულიყო. აქვე შევნიშნავთ, რომ მთიელთა რესპუბლიკის დელეგაციამაც წარადგინა რუკა, რომლის მიხედვით შავი ზღვის გუბერნია და აფხაზეთიც მის საზღვრებში იყო მოქცეული.

სამწუხაროდ, პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე საქართველოს საზღვრების განხილვის დაწყება გაჭიანურდა, ამასობაში კი სოჭის ოლქში სიტუაცია მკვეთრად გართულდა...

სოჭის ტრაგედია

ინგლისელებმა საქართველოს უსაფრთხოება კი აღუთქვეს, მაგრამ ანტონ დენიკინმა ბრიტანელთა პოზიცია მხედველობაში არ მიიღო. მოვლენები სწრაფად განვითარდა. 1919 წლის 29 იანვარს, დილით, ლოო-გოლოვინკის საგუშაგოზე ქართველებს მოხალისეებმა ულტიმატუმი წაუყენეს - იარაღი დაეყარათ და სოჭიდან უკან დაეხიათ. სოჭის გარნიზონის უფროსმა გენერალმა ალექსანდრე კონიაშვილმა და მთავრობის რწმუნებულმა მუხრან ხოჭოლავამ ეს ამბავი თბილისს დაუყოვნებლივ აცნობეს. თავის მხრივ, მინისტრმა გეგეჭკორმა სთხოვა ინგლისის მისიას, კიდევ ერთხელ გაეფრთხილებინა მოხალისეები, წინ არ წამოსულიყვნენ, სისხლის ღვრა რომ არ მომხდარიყო. შესაძლებელი იქნებოდა საკითხის საბოლოო გარკვევამდე სოჭის ოლქი ნეიტრალურ ზონად გამოცხადებულიყო. მაგრამ სანამ მოშლილი ტელეგრაფი ბრიტანელების გაფრთხილებას სოჭამდე მიიტანდა, 6-7 თებერვალს ქალაქში საშინელი ტრაგედია დატრიალდა - იქ დისლოცირებულ მცირერიცხოვან ქართულ გარნიზონს დენიკინელებმა ალყა შემოარტყეს, ნაწილი გაანადგურეს, ნაწილი ტყვედ ჩაიგდეს. სამწუხაროდ, სხვებთან ერთად ტყვედ ჩავარდნენ გენერალი კონიაშვილი, პოლკოვნიკი წერეთელი და მთავრობის რწმუნებული სოჭის ოლქში მუხრან ხოჭოლავა (თუმცა, მოგვიანებით, მარტის ბოლოს, ბრიტანული სამხედრო მისიის ჩარევის შედეგად, ისინი გაათავისუფლეს).

როგორც იმდროინდელი ქართული გაზეთები წერდნენ, დენიკინელებს ქალაქის აღებაში დიდი დახმარება გაუწიეს ადგილობრივმა სომხებმა, რომლებიც ორი თვის წინათ ლორეში მომხდარი საქართველო-სომხეთის შეტაკებაში განცდილი დამარცხების გამო ანტიქართულად იყვნენ განწყობილნი.

სოჭის ოლქში დაიწყო რეპრესიები, იქ დარჩენილი ქართველების დაპატიმრება და მათი ძარცვა. მომხდარი ტრაგიკული ამბების გამო საქართველოს მთავრობამ 1919 წლის 9 თებერვალს თბილისში არსებულ უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლებს ნოტა გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო: "მიღებული ოფიციალური ცნობებით, მოხალისეთა ჯარის სარდლობა სოჭის აღების შემდეგ აპირებს დახვრიტოს იქ მყოფი საქართველოს სახელმწიფო თანამდებობის ყველა პირნი... გთხოვთ მიიღოთ შესაფერისი ზომები ამის აღსაკვეთად. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ თუ მოხალისეთა ჯარი ასეთ შემაძრწუნებელ საქმეს ჩაიდენს, ან თუ გააგრძელებს რეპრესიებს ადგილობრივი ქართული მოსახლეობის მიმართ საქართველოსადმი სიმპათიის გამო, საქართველოს მთავრობაც სასტიკ ზომებს მიმართავს იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და რაიმე კავშირი აქვთ მოხალისეთა ჯართან»..." (გაზ. „სახალხო საქმე“, 1919 წლის 11 თებერვალი).

რაც შეეხება თვით სოჭის ოლქის კუთვნილების საკითხს, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ ბრიტანელთა მისიას ასეთი ნოტით მიმართა:"«...თქვენს აღმატებულებას მოეხსენება, რომ ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ სურვილი სოჭის ოლქის დაცლისა იმ პირობით, რომ მომხდარიყო სადავო ზონის განეიტრალება და იქ ინგლისის ჯარის ნაწილები დაბინავებულიყო. საქართველოს მთავრობის აზრით, საკითხის მხოლოდ ასეთი სახით გადაჭრას შეეძლო თავიდან აეცილებინა შეტაკება... საქართველოს მთავრობა კვლავ იძლევა წინადადებას გაიწმინდოს ოლქი მოხალისეებისაგან და მოხდეს მისი ნეიტრალიზება პარიზის საზავო კონფერენციის დადგენილებამდე...».

სანამ თბილისში ნოტების გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობდა, დენიკინელებმა დაიკავეს ადლერი, ვესიოლოე, პილენკოვო, გაგრა და მდინარე ბზიფთან გაჩერდნენ - ე.ი. აღადგინეს 1904 წელს დადგენილი ადმინისტრაციული საზღვარი.

1919 წლის თებერვლის ბოლოს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ (პარლამენტმა) მოისმინა სახელმწიფოს მეთაურის ნოე ჟორდანიას ინფორმაცია სოჭის ამბების შესახებ. საკითხი ისე იდგა, რომ ახლა უკვე საქართველო კარგავდა არა მხოლოდ სოჭს, არამედ გაგრასაც. როგორც ჟორდანიამ განაცხადა, „...გაგრის ოლქი არის საქართველოს ჭიშკარი. ჩვენ გვეუბნებიან, ბზიფის წყალი არის თქვენი საზღვარიო, მაგრამ ეს ასე არაა. საუკუნეთა განმავლობაში გაგრის ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა, ამიტომ ჩვენ მას ვერ დავთმობთ...“. პარლამენტმა ინფორმაცია ცნობად მიიღო და მოიწონა მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები (გაზ. „სახალხო საქმე“, 1919 წლის 20 თებერვალი).

როგორც აღვნიშნეთ, დაპყრობილ ტერიტორიებზე დენიკინელებმა ტერორი გააჩაღეს. ისევე როგორც სოჭში, გაგრაშიც განსაკუთრებით დევნიდნენ ქართველებს. მათი მკვლელობა, გაუპატიურება და ძარცვა-გლეჯა ყოველდღიურ მოვლენად იქცა. სოჭში დარჩენილი ქართველობის ხელმძღვანელმა მიხეილ ხოფერიამ ამ ფაქტების შესახებ ინგლისელთა წარმომადგენელს სპეციალური კომისიის აქტებიც კი გადასცა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. 9 აპრილს შეწუხებული მოსახლეობა აჯანყდა, საპასუხოდ, მოხალისეთა არმიის ნაწილები შეეცადნენ პლასტუნკისა და ქართველებით დასახლებული სხვა სოფლების გადაწვას.

რა თქმა უნდა, ეს ცნობები მდინარე ბზიფის ნაპირზე განლაგებული საქართველოს გვარდიის ნაწილებმა იცოდნენ, ისინი მზად იყვნენ შეტევის დასაწყებად (მით უმეტეს, რომ არტილერიის, იარაღისა და ცოცხალი ძალის შევსება მიიღეს), მაგრამ ბრიტანელები ამის წინააღმდეგნი იყვნენ. მათ საქართველოს მთავრობას რამდენჯერმე აცნობეს, რომ მოხალისეები გაგრას მალე დატოვებდნენ, ანუ შეტევა საჭირო არ იყო, მაგრამ პარადოქსული რამ ხდებოდა - თვით გენერალი ანტონ დენიკინი ბრიტანელების მითითებებს იგნორირებდა და გაგრიდან ევაკუირებას აჭიანურებდა.

ამგვარი მდგომარეობა საქართველოსთვის ძნელად მოსათმენი იყო. საჭირო იყო რადიკალური ზომების მიღება. 12-15 აპრილს გვარდიის პოზიციები პირადად შეამოწმა ვალიკო ჯუღელმა და დარწმუნდა, რომ მებრძოლთა მორალური მდგომარეობა და სამხედრო მომზადება ძალზე მაღალი იყო. მიუხედავად ინგლისელთა მოსალოდნელი უკმაყოფილებისა, 16 აპრილს გვარდიის ქვედანაყოფებმა გადალახეს ადიდებული ბზიფი, რუსეთის მოხალისეთა არმიის ნაწილები გაყარეს სოფლებიდან ოტრადნოედან და კოლხიდიდან, დაიკავეს გაგრა, 18 აპრილს კი მდინარე მეხადირიც უკან მოიტოვეს... ამ მოვლენასთან დაკავშირებით დამფუძნებელ კრებაში მიწვეულმა ევგენი გეგეჭკორმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ «ორი თვე გავიდა ინგლისელთა დაპირებიდან, მაგრამ საკითხი კვლავ ღიად რჩებოდა. ორი თვის ლოდინი კი, ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რა ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს შექმნიდა ჩვენს ჯარებში... ეს ხელს შეუწყობდა ფრონტის დეზორგანიზებას. ყველაფერს თავისი დასასრული უნდა ჰქონდეს. ჩვენ პრეტენზიებზე ხელს არ ვიღებთ, მაგრამ იმავე დროს სოჭის ოლქი მიგვაჩნია პარიზის კონფერენციის საკითხად და ახლა იმ დრომდე, სანამ ეს საკითხი გადაწყდებოდეს, ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია დავიჭიროთ ის საზღვრები, რომლებიც საქართველოს უდავო ტერიტორიაა...».

გვარდიის შეტევის დაწყების შემდეგ ბრიტანელები ოპერატიულად ამოქმედდნენ. საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილ ნოტაში ისინი მიუთითებდნენ, რომ მზად არიან სადემარკაციო ხაზის გასავლებად მდინარე ბზიფთან და ამიტომ ქართველებმა უკან უნდა დაიხიონ.

რა ხდებოდა გაგრის ფრონტზე? «მტერი უკანმოუხედავად იხევს... ჩვენმა ცხენოსანმა დივიზიონმა გადალახა მდინარე ფსოუ და ადლერთან მდინარე მზიმთას ნაპირზე გავიდა... მაგრამ თბილისიდან ბრძანება მოვიდა - უნდა შევასრულოთ ბრიტანელების მოთხოვნა და უკან, ბზიფზე დავბრუნდეთ... საშინელებაა, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენი ბედი ასეთი ყოფილა. ტყვედ ჩავიგდეთ მოხალისეთა არმიის 500-მდე ჯარისკაცი», - წერს ვალიკო ჯუღელი თავის დღიურებში.

ბრიტანელთა მკაცრ მოთხოვნაში და ფარულ მუქარაში დენიკინისადმი მხარდაჭერაც გამოსჭვიოდა და საქართველო, რომ იტყვიან, «კბილების კრაჭუნით» დაეთანხმა ჯარების უკანდახევას იმ მტკიცე გარანტიით, რომ მოხალისეები აღარ გადმოლახავენ მდინარე მეხადირს, ხოლო ბზიფიდან მეხადირამდე შექმნილ ნეიტრალურ ზონას ინგლისელები დაიკავებდნენ, მოაწყობდნენ პიკეტებს და ჩააყენებდნენ სამშვიდობო ძალებს. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა წერილი გაუგზავნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ლოიდ ჯორჯს, რომელშიც აღნიშნავდა, რომ: «საქართველოს მთავრობას სურს მიიღოს რეალური გარანტიები მისი ტერიტორიების ხელშეუხებლობისათვის, რადგან ამის მწარე გამოცდილება გვაქვს, როცა დენიკინი, მიუხედავად ბრიტანიის დარწმუნებისა, მაინც დაგვესხა თავს...». დასასრულს, გეგეჭკორი გამოთქვამდა რწმენას, რომ ბრიტანელი სამხედროები პარიზის კონფერენციის გადაწყვეტილებამდე პიკეტებით დაიცავდნენ საქართველოს უსაფრთხოებას. ამჯერად ბრიტანელებმა დანაპირები მეტ-ნაკლებად შეასრულეს.

ამრიგად, საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეების მეხადირსა და ბზიფს შორის, შეიქმნა კიდევ ერთი ნეიტრალური ზონა (უფრო ადრე იგივე სტატუსი მიიღო ლორის რაიონმაც სომხეთთან ომის შედეგად), რომელიც ადმინისტრაციული თვალსაზრისით, საქართველოს ექვემდებარებოდა, მაგრამ იქ სამხედრო ძალების შეყვანა ეკრძალებოდა. ცხადია, ეს ხელისუფლების იურისდიქციის შეზღუდვას ნიშნავდა.

რაც შეეხება პარიზის სამშვიდობო კონფერენციას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს დელეგაციამ ანტანტის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა ამ უმაღლესი დონის შეხვედრაზე მართლაც წარადგინა მოთხოვნები საზღვრების დადგენის შესახებ, რომლის თანახმად, სოჭის ოლქში საზღვარი უნდა უნდა გავლებულიყო ტუაფსედან 14 კილომეტრის დაშორებით, მდინარე მაკოფსეზე, მაგრამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

1920 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ ჩრდილოეთ კავკასიაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია - გაანადგურა მოხალისეთა არმია და სოჭი-ადლერი დაიკავა, აპრილში წითლების მოწინავე ნაწილები მდინარე ფსოუსთანაც გამოჩნდნენ. დიდი ბრიტანეთი კი, ანტონ დენიკინის დამარცხების შემდეგ, ამ რაიონის ბედით აღარ იყო დაინტერესებული. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა ხელი აეღო ტერიტორიულ პრეტენზიებზე სოჭის ოლქის მიმართ - აშკარა იყო, რომ ევროპა ამ საკითხში მხარს არ გვიჭერდა.

საქართველოს უკვე არ შეეძლო ომი ეწარმოებინა საბჭოთა რუსეთთან სოჭის ოლქისათვის... საბოლოოდ კი, 1920 წლის 7 მაისს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას შორის ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, დე-ფაქტოდ არსებული ვითარება დე-იურედ გაფორმდა - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა რუსეთის ტერიტორიათა გამყოფმა სახელმწიფო საზღვარმა შავიზღვისპირეთის რაიონში მდინარე ფსოუზე გაიარა, ანუ სოჭის ოლქი რუსეთის შემადგენლობაში მოექცა.

შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ამით პრობლემა ამოიწურა, მაგრამ ბოლშევიკებმა, სამომავლოდ, მათთვის სასარგებლო სიტუაციის შექმნის მიზნით, მაისის შუა რიცხვებში მაინც მიაღწიეს იმას, რომ სანამ საზღვარი სპეციალური კომისიის მიერ დაზუსტდებოდა, მდინარე მეხადირსა და ფსოუს შორის არსებული ტერიტორია სადემარკაციო ზონად გამოეცხადებინათ. როგორც სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე აღნიშნავდა ნოე ჟორდანიასადმი მოხსენებაში, „არც ჩვენ და არც რუსეთს აღნიშნულ ზონაში მოქმედი ჯარის შეყვანა არ შეგვიძლია, ადმინისტრაციულად კი ეს ტერიტორია შედის ჩვენი მთავრობის გამგებლობაში, იქ არსებობს ჩვენი ადმინისტრაცია“. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთავრობა არ შეურიგდა ასეთ ვითარებას, საჭიროდ ჩათვალა საზღვრების უსაფრთხოების განმტკიცების ზომები მიეღო და 1920 წლის 16 ნოემბერს დაადგინა: „გაგრა და ბიჭვინთა გამოიყოს გუდაუთის მაზრიდან და დაარსდეს გაგრა-ბიჭვინთა-ფსოუს სამხედრო რაიონი, რომელიც პირდაპირ დაექვემდებარება მთავრობას. ამ რაიონში დაინიშნოს მთავრობის საგანგებო კომისარი. გაუქმებულ იქნას მდინარე მეხადირსა და ფსოუს შორის არსებული ნეიტრალური ზონა".

1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, სოჭის ოლქთან დაკავშირებით თითქოსდა სადავო აღარაფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა უკვე ერთმანეთს რუსი და აფხაზი კომუნისტები დაუპირისპირდნენ... მდინარე მეხადირსა და ფსოუს შორის არსებული პილენკოვოს რაიონის კუთვნილების გამო.

პილენკოვოს კუთვნილების საკითხი

ისტორიული წყაროები მოწმობენ, რომ დღევანდელი გაგრის რაიონის სოფელ განთიადის ადგილზე უძველესი დასახლება ცანდრიფში არსებობდა, შემდეგ კი, შავიზღვისპირეთში რუსეთის განმტკიცების დროს, ტოპონიმი შეიცვალა და აქ შექმნილ დასახლებულ პუნქტს რუსებმა 1867 წელს პილენკოვო უწოდეს - შავი ზღვის ოკრუგის უფროსის, გენერალ პილენკოს პატივსაცემად. მდინარე მეხადირსა და ფსოუს შორის მდებარე ნაყოფიერმა მიწებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ბევრი სასოფლო-სამეურნეო მეწარმე მიიზიდა. თუ ამას დავუმატებთ საკურორტო ზონის ფაქტორსაც, შესაბამისად, იმ დროისათვის პილენკოვოს თემის სოფლები საკმაოდ კეთილმოწყობილი იყო, მით უმეტეს, რომ იქ გადიოდა სოხუმი-სოჭის გზატკეცილი. აღსანიშნავია, რომ სოფელში მეშვიდე-მერვე საუკუნის ქრისტიანული ტაძარიც არსებობდა.

1921 წლის თებერვალში, როცა საბჭოთა რუსეთის მეცხრე წითელმა არმიამ ფსოუ გადმოლახა, საქართველოში შემოიჭრა და სოხუმი დაიკავა, სოჭის საოლქო ხელისუფლებისა და რსფსრ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთის სამხარეო აღმასკომის ხელმძღვანელებმა ისარგებლეს შექმნილი ვითარებით, დაადგინეს პილენკოვოს თემის სოფლების სოჭის ოლქთან მიერთება და იქ რუსული ადმინისტრაცია შექმნეს. 1922 წლის აპრილის ბოლოს აფხაზეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ-ის) პრეზიდიუმმა სთხოვა სრულიად რუსეთის ცაკ-ს, რათა ეს რაიონი აფხაზეთს მიერთებოდა მდინარე ფსოუმდე. საკითხის განხილვა გაჭიანურდა და მხოლოდ 1924 წელს, უკვე საბჭოთა კავშირის ცაკ-მა შექმნა სპეციალური კომისია, რომელშიც დაინტერესებული მხარეების - რსფსრ-სა და აფხაზეთის წარმომადგენლები შევიდნენ (აქვე უნდა განვმარტოთ, რომ იმ წლებში სოხუმის ხელისუფლება თბილისისაგან გარკვეულ დისტანციაზე იმყოფებოდა და რიგ საკითხებს მეზობელ რუსეთთან ავტონომიურად წყვეტდა).

კომისიამ, წევრების აზრთა სხვადასხვაობის გამო, ვერ შეძლო პრობლემის გადაჭრა, ამიტომაც, საბოლოო ვერდიქტის გამოტანისათვის, საკითხი სსრკ ცაკ-ის პრეზიდიუმის სხდომაზე გაიტანა. 1924 წლის 31 ოქტომბერს პრეზიდიუმმა პილენკოვოს რაიონი აფხაზეთის სსრ-ს მიაკუთვნა, მაგრამ...

გავეცნოთ ერთ საინტერესო დოკუმენტს, რომელიც 1925 წლის 10 იანვრითაა დათარიღებული და რომლის სააღრიცხვო ნომერია 80212 და ხელს აწერს ე.წ. აფხაზეთის სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარე ნ. ლაკობა (გთავაზობთ უმნიშვნელო შემოკლებით):

საიდუმლოდ
თბილისში:
საქართველოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარეს ამხ. კახიანს
ამიერკავკასიის ცაკ-ის თავმჯდომარეს ამხ. ცხაკაიას
ამიერკავკასიის სახკომსაბჭოს თავმჯდომარეს ამხ.ორახელაშვილს
მოსკოვში:
სსრკ ცაკ-ის თავმჯდომარეს ამხ. კალინინს
სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარეს ამხ.რიკოვს
სსრკ ცაკ-ის მდივანს ამხ.ენუქიძეს
ასლები: ამიერკავკასიის სფსრ-ის წარმომადგენლებს მოსკოვში ამხ.ტერ-გაბრიელიანს, ამხ.ორჯონიკიძეს, ამხ. მიასნიკოვს.
შავი ზღვის ოლქის პილენკოვოს თემის აფხაზეთისადმი მიერთების საკითხმა დაინტერესებულ საკავშირო ორგანოებში განხილვის ყველა სტადია გაიარა და დადებითად გადაწყდა სსრკ ცაკ-ის ისტორიული საკანონმდებლო აქტით, 1924 წლის 31 ოქტომბერს.
პილენკოვოს რაიონის აფხაზეთისადმი მიერთების საკითხის გადაჭრისას მხედველობაში იქნა მიღებული ეკონომიკური მხარე, ანუ გონივრული მიდგომა ეკონომიკური კეთილდღეობის მაქსიმალურად მისაღწევად, ამ რაიონის განსაკუთრებული კლიმატური და ეროვნულ-ყოფითი მომენტები, აგრეთვე აუცილებელი პოლიტიკური მოსაზრებები (ეროვნული ფაქტორი).
მიუხედავად სსრკ ცაკ-ის დადგენილებისა პილენკოვოს რაიონის აფხაზეთისადმი მიერთების თაობაზე, აგრეთვე იმავე ცაკ-ის 1924 წლის 25 ნოემბრის კატეგორიული მითითებისა ზემოხსენებული დადგენილების ცხოვრებაში გატარების შესახებ, სოჭისა და შავი ზღვის ოლქების ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები არა მხოლოდ არ დაემორჩილნენ ამ დადგენილებას, არამედ ამ საკითხის ირგვლივ დაიწყეს საბჭოთა პრაქტიკაში გაუგონარი უპასუხისმგებლო მოქმედებების პანორამა. როცა პილენკოვოს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაში იყო, ჩვენ დროულად ჩავაყენეთ საქმის კურსში ამხანაგები კალინინი, რიკოვი და ენუქიძე იმის თაობაზე, რომ სოჭელმა პასუხისმგებელმა მუშაკებმა, რომლებიც, უეჭველია, თავიანთი ოლქის ზემდგომი ამხანაგების დირექტივებით მოქმედებდნენ, გადაწყვიტეს პილენკოვოს რაიონის მოსახლეობაში ტენდენციური პლებისციტის მოწყობა, ზემოქმედება მოახდინეს აღნიშნული მოსახლეობის შეუგნებელ ნაწილზე, მიმართეს ბოროტ ინსინუაციებს, ძალისმიერ მოქმედებებს, დაპატიმრებებს, აფხაზეთის რესპუბლიკის დისკრედიტაციას, გამოსცეს ფალსიფიცირებული დადგენილება აფხაზეთისადმი პილენკოვოს მიერთების წინააღმდეგ.
სსრკ ცაკ-ის 1924 წლის 31 ოქტომბრის დადგენილების საპასუხოდ, რსფსრ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთის სამხარეო აღმასკომმა ჩვენ გამოგვიგზავნა თავისი დადგენილება, რომელსაც ზუსტად გადმოგცემთ: "მხედველობაში ვიღებთ რა იმას, რომ შავი ზღვის ოლქის პილენკოვოს რაიონის მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ხსენებული რაიონის აფხაზეთისადმი გადაცემას და შესაბამისად, ეს სურვილი მათ თავიანთ ყრილობაზეც გამოხატეს, დაევალოს ამხანაგ ეისმონტს დააყენოს საკითხი მოსკოვში სსრკ ცაკ-ის 31 ოქტომბრის დადგენილების - ე.ი. პილენკოვოს აფხაზეთის სსრ-ისადმი მიერთების გადახედვისა და მისი გაუქმების თაობაზე, იმავე ცაკ-ის მიერ.
აფხაზეთის სახკომსაბჭო არ მალავს თავის ღრმა აღშფოთებას, ამასთან დაკავშირებით აცხადებს შემდეგს:
პირველი - პილენკოვოს რაიონის მოსახლეობაში საკმაოდ არიან რუსული კოლონიზატორული წარმოშობის მქონე კულაკური, საეჭვო ჯგუფები, რომლებთაც თავიანთ შეგნებასა და მოქმედებაში ჯერ კიდევ ხელმძღვანელობენ რევოლუციამდელი "ველიკოდერჟავული" ცენტრალიზმითა და დენიკინის დევიზით "ერთიანი და განუყოფელი რუსეთის" თაობაზე. ცხადია, ასეთი ტიპის მოსახლეობის მიერ გამოხატულ სურვილზე დაყრდნობა პოლიტიკურად მიუღებელია.
მეორე - სოჭელი ამხანაგები თავიანთი ქცევით ამ ე.წ." მოსახლეობაში" განამტკიცებენ რწმენას, რომ პილენკოვოს კუთვნილების საკითხში რუსეთისა და აფხაზეთის ეროვნული ძალების ინტერესთა შეჯახება მოხდა და ამით აღვივებენ ეროვნულ ინსტინქტებს. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია, რომ ისინი ამ "მოსახლეობის" სიმპათიებს იხვეჭენ, რომელიც აფხაზების საწინააღმდეგოდაა მიმართული.
მესამე - სოჭელი ხელისუფალნი, რომლებიც "საყოველთაო სახალხო პლებისციტითა და ფალსიფიცირებული დადგენილებებით მანიპულირებენ, ირჩევენ ეგრეთ წოდებულ "მოსახლეობის წარმომადგენლებს, ამით საბჭოთა კავშირის შიგნით ინიცირებენ ყველასათვის ცნობილ "ბესარაბული საკითხის" მსგავს მოვლენას და აფხაზეთის მიმართ ბოიარული დიპლომატიის როლს თამაშობენ.
მეოთხე - ყველაფერ იმას, რაც სოჭის რაიონში პილენკოვოს ირგვლივ ხდება, სხვაგვარად ვერ უწოდებ, თუ არა ცალკეული პასუხისმგებელი მუშაკების დაუფარავ უგნურებას. მათ მიზნად დაუსახავთ ყოფილ პრინც ოლდენბურგის პოლიტიკური სიბრიყვის რესტავრაცია, რომელმაც ძალით მოგლიჯა აფხაზეთს პილენკოვო. ეს შეცდომა რევოლუციამ გამოასწორა და აფხაზეთის საზღვარი რსფსრ-სთან მენშევიკების დროსაც კი მდინარე ფსოუზე გადიოდა.
მეხუთე - უმაღლესი საკავშირო ორგანოს - სსრკ ცაკ-ის გადაწყვეტილება უაპელაციოა. არავის არ აქვს უფლება მისი მოქმედება თვითნებურად შეაჩეროს ერთი წუთითაც კი. ამიტომაც რსფსრ სამხრეთ-აღმოსავლეთის სამხარეო აღმასკომის მიერ სსრკ ცაკ-ის დადგენილების იგნორირება ჩვენ მიგვაჩნია ამ საკანონმდებლო აქტის რევიზიად, შესაბამისად, საბჭოთა დისციპლინის დასუსტებად.
აფხაზეთის სსრ სახკომსაბჭო, გაცნობებთ რა ამ სიტუაციას, მიიჩნევს, რომ პრობლემის შემდგომი გაჭიანურება სახელმწიფოებრივ ზიანს აყენებს აფხაზეთს... შესაბამისად, დაბეჯითებით გთხოვთ გასცეთ განკარგულება რსფსრ სამხრეთ-აღმოსავლეთის სამხარეო აღმასკომისა და სოჭის ოლქის ხელმძღვანელებისადმი საკავშირო ცაკ-ის 1924 წლის 31 ოქტომბრის დადგენილების აუცილებელი შესრულების შესახებ - დანართი 13 ფურცლად“. (საქართველოს პოლიტიკური პარტიების არქივი, ფონდი 14, აღწ.2, საქმე 119).

იმავე შინაარსის წერილი გაეგზავნა სსრკ მთავარი პოლიტიკური სამმართველოს (ყოფილი ჩეკას) უფროსს ჰენრიხ იაგოდას, რომელშიც ნათქვამი იყო: «შავიზღვისპირეთის გასაბჭოების დროს აფხაზეთიდან პილენკოვოს რაიონის გამოყოფა მოხდა მექანიკურად, უმაღლესი ორგანოების თანხმობის გარეშე. ეს გაკეთდა სოჭის ოლქის განსაკუთრებული განყოფილების ინიციატივით, რომელმაც სასაზღვრო პოსტი გაგრიდან შვიდ კილომეტრში გადმოიტანა. არადა, პილენკოვოს მშრომელები ამას ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან ისინი მოწეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გაყიდვას მხოლოდ გაგრაში ახდენდნენ. მათთვის გაგრა სამედიცინო, იურიდიული, სამეურნეო და საგანმანათლებლო დახმარების გაწევის ცენტრს წარმოადგენდა...». წერილში გამოთქმული იყო თხოვნა ჰ.იაგოდასადმი, რათა მას გამოესწორებინა სოჭის ჩეკას მიერ დაშვებული შეცდომა, აღედგინა სამართლიანობა და ამით დახმარებოდა აფხაზეთს.

გადიოდა წლები, მაგრამ პილენკოვოს პრობლემა არ გვარდებოდა. ეს გაჭიანურებული საკითხი განიხილეს საქართველოს კომპარტიის ცეკას სამდივნოშიც. სსრ კავშირის ცაკ-მა (ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი)1925 წლის 25 აპრილს მიიღო დადგენილება სსრ კავშირის ცაკ-ის 1924 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარების სესახებ. თუმცა არც ეს გადაწყვეტილება შესრულდა, რადგან რსფსრ ცაკ-მა საკითხის შესწავლა მოითხოვა. საკითხის შესწავლის შემდეგ, 1928 წლის 31 დეკემბერს სსრ კავშირის ცაკ-მა მიიღო დადგენილება რსფსრ ჩრდილო კავკასიის მხარის შავიზღვისპირეთის ოკრუგის სოჭის რაიონის ოთხი სასოფლო საბჭოს - პილენკოვოს, მიქელრიფშის, ხრისტოფოროვოს და სალმეს ტერიტორიების ამიერკავკასიის სფს რესპუბლიკისთვის გადაცემისა და ახალ საზღვრად მდ. ფსოუს ცნობის შესახებ.1929 წლის აპრილში ტერიტორია მდ. ბაღარიფსტასა და მდ. ფსოუს შორის აფხაზეთს გადაეცა, ხოლო ზემოთ ხსენებული სასოფლო საბჭოები გაგრის მაზრაში შევიდა. გაგრის მაზრაში შევიდა აგრეთვე მდ. ფსოუს ზემო წელში სოფ. აიბგას ერთი ნაწილი, რომელიც მდინარის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა. სოფლის მეორე ნაწილი მდინარის მარჯვენა ნაპირზე - სოჭის მაზრას და, შესაბამისად რუსეთის შემადგენლონაში დარჩა. ამ დროიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მდ. ფსოუზე გადის.

1943 წლის 12 ივნისს, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კომპარტიის ცეკამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, პილენკოვოს სახელი გადაერქვა და განთიადი ეწოდა.

დასკვნების მაგიერ: ბოლოთქმა

მრავალი ათეული წლების განმავლობაში ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული მოარული ხმების თანახმად, სოჭის ოლქი რუსეთს თითქოსდა გადასცა ცნობილმა რევოლუციონერმა და ბოლშევიკმა, საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწემ სერგო ორჯონიკიძემ, თუმცა, ყოველივე ზემოთ წაკითხულის შემდეგ მკითხველი, ვფიქრობ, უკვე თვითონვე დარწმუნდა, რომ სერგო ორჯონიკიძეს ამ საკითხთან მიმართებით შეხება არ აქვს (მას ბევრი ცოდვა აქვს ჩადენილი და მოდით, ვაკმაროთ ის ცოდვები, ვიყოთ ობიექტურნი და ახალს ნუ დავაბრალებთ). ასე რომ, ამ სტატიის სათაურში დასმულ კითხვას მოკლე რეზიუმეთი შეიძლება ვუპასუხოთ:

სოჭის ოლქის გაკონტროლება საქართველოს ხელისუფლებამ 1918 წლის ივლისიდან დაიწყო, მაგრამ უმძიმესი სამხედრო-პოლიტიკური ვითარებისა და საერთაშორისო კონიუნქტურის გამო, საქართველოს მთავრობამ, მიუხედავად დიდი მცდელობისა, ოლქის შენარჩუნება ვერ შეძლო და იძულებული გახდა 1919 წლის თებერვლის დასაწყისში ეს ტერიტორია ბრძოლებით დაეტოვებინა. მოგვიანებით, 1920 წლის აპრილში, დენიკინის მოხალისეთა არმიის განადგურების შემდეგ, სოჭის ოლქი რუსეთის წითელმა არმიამ დაიკავა, ხოლო 1920 წლის 7 მაისს ხელმოწერილი საქართველო-რუსეთის ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული ტერიტორია რსფსრ-ის შემადგენლობაში მოექცა.

მართალია, მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედში მომხდარ მოვლენებს დღეისათვის შეიძლება დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს, მაგრამ ისინი მაინც გვახსენებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან დაკავშირებულ პერიპეტიებს, საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების ძალისხმევას, მის შეცდომებსა თუ წარმატებებს...

ისტორია ზოგჯერ მეორდება და მწარე გამოცდებს გვიწყობს ხოლმე, რათა ჩვენივე შეცდომებზე იქნებ რაიმე სამომავლოდ ვისწავლოთ. მაგრამ სამწუხაროდ, რეალურ პოლიტიკაში პირიქით ხდება... თვითონვე განსაჯეთ: 1919 წლის თებერვლის სამწუხარო მოვლენებიდან თითქმის 75 წლის შემდეგ, კვლავ მსგავსი ვითარება შეიქმნა - საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ აფხაზ სეპარატისტებთან ბრძოლებში კატასტროფული სამხედრო მარცხი განიცადა.

აქ შეიძლება იგივე ფორმულირება გავიმეოროთ, რომელიც სოჭის ოლქის დატოვებასთან დაკავშირებით ჩამოვაყალიბეთ: უმძიმესი სამხედრო-პოლიტიკური ვითარებისა და საერთაშორისო კონიუნქტურის გამო, საქართველოს მთავრობამ, მიუხედავად დიდი მცდელობისა, აფხაზეთის შენარჩუნება ვერ შეძლო და იძულებული გახდა 1993 წლის სექტემბერში ეს ტერიტორია ბრძოლებით დაეტოვებინა. გარდა ამისა, დავამატებთ, რომ საქართველოს მარცხში დიდი როლი შეასრულა როგორც ცენტრალური ხელისუფლების სისუსტემ და საკუთარმა შეცდომებმა, ასევე რუსეთის სამხედრო ჩარევამ კონფლიქტში, რის შედეგადაც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციიდან აფხაზეთის უდიდესი ნაწილი გავიდა. სამწუხაროდ, ოფიციალური თბილისის მცდარი პოლიტიკის წყალობით, ყალბ პატრიოტულ მოტივებზე წარმოებული კამპანიის შედეგად, 2008 წლის აგვისტოში კვლავ სამხედრო-პოლიტიკური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდით. შედეგი სახეზეა: აფხაზეთის კოდორის (დალის) ხეობა ჩვენთვის უკვე მიუწვდომელია, რომ არაფერი ვთქვათ სხვა უფრო დიდ დანაკარგზე - ახალგორზე და საერთოდ, ცხინვალის რეგიონზე.

ასეთი ფაქტების ფონზე სოჭის ოლქის საკითხი ქართველებისათვის უკვე საკმაოდ დავიწყებულ, ლეგენდებით შემოსილ ისტორიას წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციიდან აფხაზეთის გასვლის შემდეგ სოჭზე ოცნება მხოლოდ უტოპიაა და მეტი არაფერი, თუმცა იმის ცოდნა, თუ რა და როგორ მოხდა ყველაფერი, ჩვენთვის და მომავალი თაობებისათვის მაინც აუცილებელია.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე