RSS
საქართველო ჩრდილოეთ კავკასიაში: ქლუხორისა და ახალხევის რაიონები
28.02.2014 15:33
სიმონ კილაძე

„ჩრდილოეთი საქართველო! ქლუხორი! დაე, ამ სიტყვებმა საშვილიშვილოდ იცხოვროს დღეიდან ქართველი ხალხის შეგნებაში. მაშ, ქლუხორისაკენ – ჩრდილოეთ საქართველოსკენ, პატრიოტებო!“ – ეს სიტყვები საქართველოში პირველად 1944 წელს გაჟღერდა და დაიწერა, მაგრამ დღეს არც მათი წარმოშობის საფუძველი და არც დანიშნულება თითქმის აღარავის ახსოვს.

თუ ჩვენს მკითხველს უნახავს საქართველოს რუკები, რომლებიც 1945-1956 წლებშია გამოცემული, უთუოდ შეამჩნევდა, რომ ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან არა მხოლოდ დღევანდელის, არამედ საბჭოთა პერიოდში მოგვიანებით შექმნილი რუკებისაგანაც კი. ეს განსხვავება უმთავრესად საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე შეინიშნება: პირველი – დასავლეთ კავკასიონის გადაღმა, სვანეთის ჩრდილოეთით, მდინარე თებერდასა და ყუბანის ზემოწელში (დღევანდელი ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ნაწილი) და მეორე – ასევე კავკასიის ქედის იქით, მდინარეების არღუნისა და ასას ზემოწელში (დღევანდელი ინგუშეთის რესპუბლიკის ნაწილი) და ითუმ-ყალეს რაიონი (დღევანდელი ჩეჩნეთის ნაწილი), რომლებიც საქართველოს ტერიტორიად არის წარმოდგენილი.

ბევრს ისიც მოუსმენია და წაუკითხავს, რომ ისტორიულად, შუა საუკუნეებში, საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაშიც ვრცელდებოდა, მაგრამ დღეს დიდი ვახტანგის, დავითისა და თამარის ეპოქის გახსენება მხოლოდ ტკბილ, საამაყო მოგონებად თუ ოცნებად რჩება... არადა, სულ რაღაც 50-ოდე წლის წინ არსებობდა იმის საფუძველი, რომ ოცნება რეალობად მიჩნეულიყო - ჩვენი ქვეყნის ტერიტორია მაშინ ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე დღეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებშია. მართალია, გამოთქმაში “ბევრად მეტი” საბჭოთა პერიოდი, ანუ დღეს უკვე უარყოფილი ეპოქა იგულისხმება, მაგრამ მაინც ხომ გვაქვს სათქმელად...

მოკლედ, მოდით ისტორიაში გადავიხედოთ და მცირედ გავიხსენოთ, რა დამოკიდებულება გვქონდა ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ძველად, გავარკვიოთ, თუ რატომ მოგვცეს ტერიტორია და რატომ წაიღეს, ანუ რისთვის შეიქმნა და შემდეგ გაუქმდა ქლუხორისა და ახალხევის რაიონები. ვისმა ხელმა მოხაზა საქართველოს სსრ-ს ახალი საზღვრები, რა სარგებლობა მივიღეთ ამისგან და საერთოდ, გვჭირდებოდა კი მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანის მიერ ნაჩუქარი მიწა-წყალი?

 


საქართველო და ჩრდილოეთ კავკასია: ისტორიის ფურცლები

ქართველებსა და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას საუკუნეების ისტორია აქვს. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა ხალხების, ეს ურთიერთობებიც, შეიძლება ითქვას, ზოგჯერ წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ მათში საკმაოდ ბევრი იყო სამოკავშირეო, მეგობრული მომენტები. ჩვენი დამოკიდებულების წინააღმდეგობრივი ხასიათი გამოიხატებოდა, მაგალითად, ვახტანგ გორგასლის სამწლიან ჩრდილოკავკასიურ ლაშქრობაში (458-461 წლებში), როცა მან ჯერ ოვსეთი დაიკავა, შემდეგ “იალბუზზე ფეხი შედგა, დიდმა მთებმა იწყეს დრეკა”, ბოლოს კი დაიმორჩილა ჯიქეთიც. თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ ამ ლაშქრობის უმთავრესი შედეგი ის იყო, რომ იმ დროიდან ოვსები და სხვა ხალხები დიდი ხნით საქართველოს მოკავშირეებად გადაიქცნენ, ისინი ხშირად ეხმარებოდნენ ქართველებს სამხრეთიდან თუ აღმოსავლეთიდან შემოსეული მტრების მოგერიებაში. მოგვიანებით, გახშირდა ნათესაური ხასიათის კავშირებიც, დინასტიური ქორწინებებიც - ქართველი მეფეები ცოლად ირთავდნენ ჩრდილოკავკასიელ ხალხთა მეფეებისა თუ ბელადების ასულებს... განსაკუთრებით მტკიცე კავშირები იყო ალანებთან (ოვსებთან), ხოლო მეცნიერთა აზრით, ალანები ჩრდილოკავკასიელი ხალხების – ბალყარელების, ყარაჩაელებისა და სხვების წინამორბედნად ითვლებიან. მათთან ახლო კავშირები ჰქონდათ სვანებს, რაჭველებს და მოხევეებს. ოვსეთში, დურძუკეთში და დიდოეთში რომ პოლიტიკურად განმტკიცებულიყვნენ, ქართველ მმართველებს საწყის ეტაპზე აუცილებელად სჭირდებოდათ კულტურულ-რელიგიური ექსპანსია. უკვე მეცხრე საუკუნეში მთიან ინგუშეთში ქართული ტიპის ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა იწყება. ქრისტიანიზაცია განსაკუთრებით გააქტიურდა თამარ მეფის მმართველობის ეპოქაში (1184-1207 წლები). მართალია, მონღოლ-თათრების შემოსევის შემდეგ ქართული ეკლესიის მისიონერული მოქმედება კავკასიის მთიელებში შეწყდა, მაგრამ იქ ჯერ კიდევ შემორჩენილია ქართული კვალი ეკლესია-მონასტრების სახით.

ჩვენს დამოკიდებულებაში, როგორც უკვე ავღნიშნეთ, იყო საკმაოდ წინააღმდეგობრივი, სისხლიანი მომენტებიც – ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამის გავრცელების შემდეგ: გავიხსენოთ ლეკთა თავდასხმები კახეთზე და ქართლზე დაღესტნიდან (“ლეკიანობა”), ხევსურთა დაპირისპირება ქისტებთან.... სწორედ “ლეკიანობის” შედეგი იყო ის, რომ რუსეთის იმპერიის დროს, კავკასიური ომების ეპოქაში, ბევრი ქართველი ჩრდილოკავკასიელი ხალხების თავისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა... თუმცა მსგავსი მოვლენები უფრო გარეშე ფაქტორებით იყვნენ განპირობებულნი, ვიდრე მეზობლობის პრობლემებით – ქართველებმა, დაღესტნელებმა, ჩეჩნებმა, ყარაჩაელებმა ყოველთვის იცოდნენ კავკასიური მოყვრობის, ურთიერთდახმარებისა და სტუმარ-მასპინძლობის წესები, ადათები და ტრადიციები. ამის ამსახველი ფაქტები მრავლადაა როგორც ქართულ ლიტერატურაში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა პროზასა თუ პოეზიაში. აღსანიშნავია, რომ ქართველები ტოლერანტობას ამჟღავნებდნენ თვით კავკასიელ ხალხებს შორის მიმდინარე კონფლიქტის დროსაც. საკმაოდ ახლო კავშირები არსებობდა 1918-20 წლებშიც, როცა სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო ჩრდილოეთში - ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა (დედაქალაქი თემირ-ხან-შურა, ამჟამინდელი ბუინაკსკი). საქართველო მთიელთა რესპუბლიკას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას უწევდა როგორც რუსეთის თეთრი (მოხალისეთა) არმიის, ასევე რუსეთის წითელი (ბოლშევიკთა) არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში.


ჩრდილოეთკავკასიელი ხალხები 1940 წლისათვის


საბჭოთა პერიოდში, სოციალისტური ინტერნაციონალიზმის თეორიული პოსტულატების ცხოვრებაში გატარებით, ცენტრალური ხელისუფლება პერმანენტულად ცდილობდა კავკასიაში ხალხთა მეგობრობა განემტკიცებინა, მაგრამ ეს იოლად გადასაჭრელი ამოცანა არ გახლდათ. მთიელები არც რუს და არც ადგილობრივ ბოლშევიკებს არ ენდობოდნენ, თუმცა იმავდროულად მოსკოვმა შეძლო ესარგებლა ჩრდილოოსების რუსული ორიენტაციით (რომელიც ჯერ კიდევ მე-17 – მე-18 საუკუნეებში ჩაისახა) და ამას ოსტატურად იყენებდა სხვა კავკასიელი ხალხების მიმართ.

ჩრდილოეთ კავკასიაში კომუნისტების მმართველობის 20-წლიანი (1920-1940) პერიოდი, შეიძლება ითქვას, გარკვეული "წარმატებით" აღინიშნა – ჯერ კიდევ 1920 წელს შეიქმნა მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, მომდევნო წლებში კი მის ნაცვლად რიგი ავტონომიური რესპუბლიკები ჩამოყალიბდა. აქ მცხოვრებ ხალხებს შორის მნიშვნელოვნად მინელდა ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს არსებული ეთნოკონფლიქტები, შოვინიზმის გამოვლინება, რელიგიური შეუწყნარებლობა (მაგ.ქრისტიან ოსებსა და მაჰმადიან ვაინახებს შორის). ეს გასაგებიცაა - კრემლი ცენტრალიზებული მართვის სისტემის ერთგული იყო და მკაცრად უსწორდებოდა მათ, ვინც სოციალისტური ინტერნაციონალიზმის პრინციპებს გადაუხვევდა.

ასე იყო თუ ისე, საბჭოთა პროპაგანდის თანახმად, 1940 წლისათვის საქართველოს ჩრდილოეთით მცხოვრები კავკასიელი ხალხები ძირითადად უკვე საკმაოდ მყარად იყვნენ მოქცეულნი “ერთიან საბჭოთა ძმურ ოჯახში”, მაგრამ არსებობდა მედლის მეორე მხარეც - კრემლს განსაკუთრებით უჭირდა ჩეჩნეთში (ჩაჩნეთში), ინგუშეთსა და დაღესტანში, სადაც მაღალმთიან აულებსა თუ სოფლებში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი კომუნისტებისადმი სიძულვილი, რუსებისადმი არამეგობრული და ხშირად, მტრული დამოკიდებულება. მთებში მოქმედებდნენ წინააღმდეგობის რაზმები, რომლებთაც ჩეკისტები ბანდიტებად მოიხსენიებდნენ და დაუნდობლად ებრძოდნენ. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (შინსახკომის ანუ “ენ-კა-ვე-დე”-ს) ქვედანაყოფები განსაკუთრებით აქტიურობდნენ ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ჩეჩნეთ-ინგუშეთში, დაღესტანში.

ყარაჩაელები, ბალყარელები და ვაინახები 1941-44 წლებში

საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დაწყების შემდეგ მთიელთა წინააღმდეგობამ უფრო ფართო ხასიათი მიიღო - მოსახლეობის გარკვეული ნაწილისაგან შექმნილ ანტისაბჭოთა და ანტირუსულ შეიარაღებული რაზმებს მნიშვნელოვან მორალურ-პოლიტიკურ და ხშირად მატერიალურ დახმარებას უცხოეთში (გერმანიასა და თურქეთში) გახიზნული მათი ლიდერები და იქ შექმნილი ორგანიზაციები უწევდნენ. როგორც ცნობილია, ევროპაში გერმანიის გაძლიერების კვალობაზე, თითქმის ყველა პოლიტიკურმა ემიგრანტმა კავკასიის ყოფილი დამოუკიდებელი სახელმწიფოებიდან იმედის თვალი ბერლინს მიაპყრეს - საბჭოთა რეჟიმის დამარცხების შემთხვევაში ისინი სამშობლოში დაბრუნებასა და გერმანიის დროშის ქვეშ სახელმწიფოებრიობის აღდგენას ვარაუდობდნენ. ბერლინში იქმნებოდა “ეროვნული კომიტეტები”, მათ შორის ჩრდილოკავკასიურიც, დაიწყო ეროვნული “აღმოსავლური ლეგიონების” ჩამოყალიბება...

1942 წლის ზაფხულში გერმანიის ჯარები კავკასიონს მოადგნენ. მათ თანდათან დაიკავეს რეგიონში არსებული რუსეთის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საბჭოთა წარმონაქმნების (ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკებისა და ავტონომიური ოლქების), მათ შორის ყარაჩაის, ჩერქეზეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიები, დაიწყეს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიის დაბომბვა და დივერსიული რაზმების შეგზავნა. როგორც საბჭოთა ისტორიოგრაფიული წყაროები ამტკიცებენ, დაკავებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გერმანელთა მმართველობა მეტ-ნაკლებად დადებითად მიუღია, რაც საბჭოთა კანონმდებლობით უმძიმეს დანაშაულს წარმოადგენდა. მოსახლეობის ამგვარი მოქმედება არც იყო გასაკვირი, რადგან მათთვის რუსეთი დამპყრობელი იყო, მათ ცნობიერებაში კვლავ ცოცხლობდა იმამ შამილის ხსოვნა და მისი ბრძოლა მთიელთა თავისუფლებისათვის. სხვა საქმეა, თუ როგორ შეაფასა ჩრდილოკავკასიელი მოსახლეობის მოქმედება საბჭოთა ხელისუფლებამ – კომუნისტური იდეოლოგიის თანახმად, ისინი სამშობლოს მოღალატეები, გამყიდველები და საბჭოთა ხალხის მტრები აღმოჩნდნენ. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც ხშირად ხდება ტოტალიტარული სახელმწიფოს პირობებში - 1943 წლის იანვრიდან წითელი არმიის მიერ ყარაჩაის, ჩერქეზეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიების გერმანელებისაგან გათავი-სუფლების შემდეგ შინსახკომის ორგანოებმა ზემოთ ნახსენები ბრალდებები მთელ ხალხებზე გაავრცელეს – შესაბამისად, განხორციელდა უმკაცრესი ღონისძიებები: გაუქმდა მთიელ ხალხთა რიგი ავტონომიური წარმონაქმნები, დაიწყო უმაგალითო რეპრესიები, დაპატიმრება-დახვრეტები, გადასახლებები...

…ახლა დადგა ჩვენთვის საინტერესო მომენტი – გავარკვიოთ, როგორ და რატომ შეიქმნა ქლუხორისა და ახალხევის რაიონები საქართველოში.

“ჩვენთვის ქლუხორი დღეიდან ჩრდილოეთ საქართველოა”

საბჭოთა არქივებში მრავალი ისტორიული დოკუმენტი ინახება, რომელთა არსებობა მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლომდე, რომ აღარაფერი ვთქვათ 40-50-იან წლებზე, ძალიან ცოტამ თუ იცოდა, რადგან იმდროინდელ პრესაში მათი გამოქვეყნება აკრძალული იყო. ისინი ფართო მკითხველისათვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისში გახდა, როცა ყოფილი საბჭოთა არქივების დახურული სპეცფონდები გაიხსნა. გავეცნოთ რამდენიმე მათგანს, რომელთაც შეუძლია ნათელი მოჰფინონ ქლუხორისა და ახალხევის რაიონების შექმნის საკითხს:


“პრესაში არ გამოქვეყნდეს
სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ-ში მცხოვრები ბალყარელების გადასახლებისა და ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ-ის ყაბარდოს ასსრ-დ გარდაქმნის შესახებ
იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანელი ფაშისტი დამპყრობლების მიერ ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ-ის ტერიტორიის ოკუპაციის დროს ბევრმა ბალყარელმა უღალატა სამშობლოს, ერთიანდებოდნენ გერმანელების მიერ ორგანიზებულ შეიარაღებულ რაზმებში და ეწეოდნენ წითელი არმიის ნაწილების მიმართ ძირგამომთხრელ მოქმედებას, უწევდნენ ფაშისტ ოკუპანტებს მეგზურობას კავკასიის ქედის უღელტეხილებზე, ხოლო წითელი არმიის მიერ კავკასიიდან მტრის ჯარების განდევნის შემდეგ ისინი ეწერებოდნენ გერმანელების მიერ ჩამოყალიბებულ ბანდებში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად, - სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. ყველა ბალყარელი, რომლებიც ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ-ის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, გადასახლდეს სსრკ-ის სხვა რაიონებში...
2. (...)
3. ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ გარდაიქმნეს ყაბარდოს ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად;
4. ყოფილი ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ-ის ელბრუსსკისა და ნაგორნის რაიონების სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი შეუერთდეს საქართველოს სსრ-ის ზემო სვანეთის რაიონს, ამასთან დაკავშირებით, შეიცვალოს ამ უბანზე საზღვარი საქართველოს სსრ-სა და რსფსრ-ს შორის შემდეგი სახით: ელბრუსის (იალბუზის – ს.კ.) მთის ჩრდილოეთ კალთებზე მდებარე ბურუნ-ტაშის უღელტეხილიდან საზღვრის ხაზი გატარდეს აღმოსავლეთით მდინარე მალკაზე სიმაღლე 2377-მდე, შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე ისლამ-ჩაიზე, სიმაღლე 3242-ის ჩათვლით, ყირკიტ-აუშის უღელტეხილთან, შემდეგ ისევ სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე ყირტიკზე, დასახლება ვერხნი ბაქსანის დასავლეთით და სამხრეთით მდინარე ალირ-სუს გასწვრივ მესტიის უღელტეხილამდე.
სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე მ.კალინინი
სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ა.გორკინი
მოსკოვი, კრემლი. 1944 წლის 8 აპრილი”
(სუიცსა, ფ.600, აღწ.2, საქმე 589, ასლი).
-------------

 

“პრესაში არ გამოქვეყნდეს
სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
ყარაჩაის ავტონომიური ოლქის ლიკვიდაციისა და მისი ტერიტორიის
ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ
იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანელი ფაშისტების მიერ ყარაჩაის ავტონომიური ოლქის ოკუპაციის დროს ბევრი ყარაჩაელი გამცემლურად მოქმედებდა, ერთიანდებოდნენ გერმანელების მიერ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ორგანიზებულ რაზმებში, აბეზღებდნენ გერმანელების წინაშე პატიოსან საბჭოთა ადამიანებს, თან მიჰყვებოდნენ და გზას უჩვენებდნენ უღელტეხილებზე ამიერკავკასიისაკენ მიმავალ გერმანიის ჯარებს, ხოლო ფაშისტების განდევნის შემდეგ ხელს უშლიან და ეწინააღმდეგებიან საბჭოთა ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს, მალავენ ხელისუფლების ორგანოებისაგან ბანდიტებსა და გერმანელების მიერ დატოვებულ აგენტებს, უწევენ მათ აქტიურ დახმარებას, - სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. ყველა ყარაჩაელი, რომლებიც ოლქის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, გადასახლდეს სსრკ-ს სხვა რაიონებში, ხოლო ყარაჩაის ავტონომიური ოლქი გაუქმდეს.
2. ყარაჩაის ავტონომიური ოლქის ლიკვიდაციის გამო:
ა)...
ბ)...
გ)ყოფილი ყარაჩაის ავტონომიური ოლქის უჩკულანის რაიონი, აგრეთვე მიქოიანის რაიონის ნაწილი გადაეცეს საქართველოს სსრ-ს, აღნიშნულ ტერიტორიებზე კი შეიქმნას ახალი ადმინისტრაციული ერთეული – ქლუხორის რაიონი, ცენტრი - ქალაქი მიქოიან-შახარი; აღნიშნულ ქალაქს შეეცვალოს სახელი და ეწოდოს ქლუხორი.
ქლუხორის რაიონში დაწესდეს შემდეგი საზღვარი საქართველოს სსრ-სა და რსფსრ-ს შორის: დასავლეთიდან – ყოფილი მაიაკოვსკის რაიონის ამჟამად არსებული საზღვარი, შემდეგ აღმოსავლეთის მიმართულებით – ქალაქ ქლუხორის ჩრდილოეთით, მდინარე მარას გასწვრივ, სოფელ ნიჟნი მარას გვერდაქცევით და გავიდეს ყოფილი უჩკულანის რაიონის საზღვარზე, სოფელ ვერხნი მარას სამხრეთით, შემდეგ ხაზმა გაიაროს სამხრეთით ყოფილი უჩკულანის რაიონის ამჟამად არსებულ აღმოსავლეთ საზღვარზე...
სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე მ.კალინინი
სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ა.გორკინი
მოსკოვი, კრემლი, 1944 წლის 12 ოქტომბერი”.
(სუიცსა, ფ.600, აღწ.2, საქმე 585, ასლი).

როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ბრძანებულებებს წინ უძღოდა ყარაჩაელების, ჩერქეზების, ბალყარების და სხვა ჩრდილოკავკასიელი ხალხების წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები გერმანელებთან თანამშრომლობის შესახებ.

აი, როგორ იხსენებს იმდროინდელ ამბებს კომპარტიის ყაბარდო-ბალყარეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ზუბერ კუმეხოვი:

„1944 წლის 25 თებერვალს გამომიძახეს ვლადიკავკაზში მყოფ ლავრენტი ბერიასთან თათბირზე დასასწრებად, რომელიც სპეცმატარებლის სალონ-ვაგონში მიმდინარეობდა. თათბირს ესწრებოდნენ აგრეთვე სსრკ სახელმწიფო უშიშროების სახკომი ივან სეროვი და ყაბარდო-ბალყარეთის შინაგან საქმეთა სახკომი კონსტანტინე ბზიავა. როგორც კი შევედი, ბერიამ ლანძღვა დამიწყო, მიყვიროდა, რომ ბალყარელები გერმანელებს წინააღმდეგობას არ უწევდნენ, ჩააბარეს იალბუზი (არის ცნობები, რომ 1942 წლის აგვისტოში გერმანელმა ალპინისტებმა იალბუზი დაიპყრეს და ფაშისტური დროშა აღმართეს), მალავდნენ ბანდიტებს და საერთოდ, საბჭოთა წყობილების მტრებს. სწორედ ამიტომ ბალყარელები გადასახლებას იმსახურებენ... მე ვთქვი, რომ მთლიანად მოსახლეობა არა, მაგრამ დამნაშავეები კი ნამდვილად უნდა გასამართლდნენ-მეთქი... ვინ დამიჯერა... ლავრენტი ბერიამ იმ დღესვე გაგზავნა იოსებ სტალინთან ტელეგრამა, რომ ბალყარელები გასახლებას იმსახურებენ... 2 მარტს ბერია უკვე ნალჩიკში ჩამოვიდა, ისევ დამიძახა და იალბუზისკენ გავემგზავრეთ. მთასთან ახლოს დასახლებაში რომ მივედით, ბერიამ ისევ საყვედურები დამიწყო, რომ თქვენ ვერ გაუფრთხილდით იალბუზს და ამიტომ მთას საქართველოს გადავცემთო. ნალჩიკში დაბრუნებისას ბერიამ რუკა გაშალა და მითხრა, რომ ყაბარდო-ბალყარეთმა საქართველოს იალბუზის არე-მარე უნდა გადასცეს, ამის სანაცვლოდ კი თქვენ მიიღებთ პიატიგორსკს და მინვოდს. საქართველოს უნდა ჰქონდეს თავდაცვითი ზონა კავკასიის ქედის იქით, - გამომიცხადა ლავრენტი პავლოვიჩმა...“.

ასე და ამრიგად, საქართველოს მოულოდნელად შემოუერთდა მნიშვნელოვანი ტერიტორია და შეიქმნა სრულიად ახალი ქლუხორის რაიონი. მოულოდნელად-მეთქი, იმიტომ ვამბობთ, რომ ეს ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის იყო ასე, თორემ ეს იდეა, როგორც ვნახეთ, კრემლის ცნობილ ბინადარს დაებადა და პრაქტიკულად განახორციელა კიდეც. მისი სურვილით საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა კავკასიის ქედის და ევროპის უმაღლესი მწვერვალიც – იალბუზის მთა... სხვათა შორის, აქვე შევნიშნავთ, რომ იალბუზის საქართველოსათვის გადმოცემის ფაქტი ყარაჩაელებმა თავის დროზე ძალზე მტკივნეულად აღიქვეს: როგორც ერთ-ერთი მეცნიერი, პროფესორი ს.ხაპაევი წერს 1994 წელს ჩერკესკში გამოცემულ თავის წიგნში “რეპრესირებული ხალხები: ისტორია და თანამედროვეობა”, “ბალყარელი და ყარაჩაელი ხალხების დეპორტაციის წლებში საქართველოს საზღვარმა იალბუზის მთიანი მასივიდან 15 კილომეტრზე გადაიწია და ამრიგად, ეს მთა მის ტერიტორიაში მოექცა – ეს მაშინ, როცა იალბუზი ათასწლეულების მანძილზე ბალყარელ ხალხს ეკუთვნოდა”. იქვე ავტორი ეხება ქლუხორსაც და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საიდუმლო რუკებზე ამ ქალაქს ქართული სახელი ჯერ კიდევ 1942 წელს დაარქვაო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხაპაევის მტკიცებით, თბილისს ჩრდილოკავკასიური ტერიტორიების მიერთება ზემოაღნიშნულ დადგენილებებამდე ბევრად უფრო ადრე ჰქონია დაგეგმილი. გარდა ამისა, ზოგიერთი რუსი მკვლევარის მტკიცებით, “იმ ხანებში ქართველმა მეცნიერებმა შეიმუშავეს თეორია კავკასიური კულტურის ერთიანობის თაობაზე, რომლებიც ჯერ კოლხურ (მეგრულ-ზანური და სვანური), ხოლო შემდეგ ყუბანო-კოლხურ ერთიან კულტურად იქნა მიჩნეული. ეს ნიშნავდა, რომ უძველეს ხანაში არსებულ აღნიშნული კულტურის ოლქში შედიოდა დასავლეთი საქართველო, ქართველური ტომებით დასახლებული ჩრდილოეთ კავკასიის ნაწილი (მდინარე თერგიდან დასავლეთით), აგრეთვე მდინარე ჭოროხის აუზი და შავი ზღვის სამხრეთი სანაპირო“. სხვათა შორის, რუსი მეცნიერები დღემდე აკრიტიკებენ ამ თეორიას და აღნიშნავენ, რომ ეს ქართველ მეცნიერებს იმისთვის დაჭირდათ, რომ რაიმე საფუძველი მოეძებნათ ტერიტორიების მიერთების ფაქტის გამართლების მიზნითო. როგორც რუსი ისტორიკოსი ა.სკაკოვი წერდა გასულ წელს ერთ-ერთი საერთაშორისო კონფერენციისათვის მომზადებული მოხსენების თეზისებში, “ჯერ კიდევ 1940-იან წლებში საქართველოს ისტორიის ოფიციალურ სასწავლო კურსში ავტორები ამტკიცებენ, რომ ქართველური ტომების განსახლების დასავლეთის კულტურულ ოლქში თურმე ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობაც შედიოდა... როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კავკასიის ქართული ეთნოსისადმი კუთვნილების დამტკიცების მცდელობები განპირობებულია იმით, რომ იმ წლებში საქართველოს ტერიტორიის გაფართოება რეპრესირებულ ხალხთა მიწების ხარჯზე ხდებოდა. ამიტომაც საჭირო გახდა მტკიცება იმისა, რომ ქართველების ამ ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი ისტორიული ჭეშმარიტებაა”.

ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებში მოღვაწე მეცნიერები, გეოგრაფიული სახელწოდებების შეცვლის ფაქტების გახსენებისას, საქართველოსადმი დღესაც საკმაოდ უარყოფით განწყობას ამჟღავნებენ. ის, რომ ახალმა ქართულმა ადმინისტრაციამ რაიონის ტოპონიმიკის შეცვლა მართლაც დაიწყო, დასამალი არაა. სახელები გადაერქვა სოფლებს, დაბებს და სხვა გეოგრაფიულ ადგილებს – რუკაზე გაჩნდა სოფლები: მზისა (ყოფილი სინტი), ზედვაკე (ყოფ. ხურზუკი), მადნისხევი (ყოფ. უჩკულანი), მთისძირი (ყოფ. კარტ-ჯურთი), ზემო ხიდისკარი, ახალშენი (ყოფ. ტაშკეპიური), იალბუზი (ყოფილი ელბრუსი), ბუხაიძე (ეს სახელი დაბა ვერხნი ბაქსანს ბალყარეთის მთებში, გერმანელებთან ბრძოლაში დაიღუპული ქართველი კაპიტნის მიხეილ ბუხაიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად ეწოდა). აი, სწორედ ამგვარი ფაქტების გამო ზემოთ ხსენებული პროფესორი ხაპაევი აღნიშნავს: “ქართველებმა დაიწყეს თეორიული საფუძვლის შექმნა, თითქოსდა ყარაჩაულ-ბალყარული ეთნოტოპონიმური სახელწოდებებს ქართული წარმოშობა აქვს. ამ საკითხში განსაკუთრებით ბეჯითობდა ვინმე გ.ზარდალიშვილი, რომელმაც 1952 წელს ერთ-ერთ საკავშირო ჟურნალში სამეცნიერო სტატია გამოაქვეყნა. იგი ამტკიცებდა, რომ ყარაჩაულ-ბალყარულ ტოპონიმები სვანურისაგან წარმოიქმნენ – ეს იმიტომ, რომ თურმე სვანებს ყარაჩაიში დიდი გავლენა ჰქონდათ”. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე მსგავსი თვალსაზრისი აქვს გამოხატული ნალჩიკის ხელოვნების ინსტიტუტის პრორექტორს ფ.ეფენდიევსაც თავის წიგნში “ეთნოკულტურა და ეროვნული თვითშეგნება” (ნალჩიკი, 1998).

დავუბრუნდეთ ისევ ქლუხორის რაიონს. ჯერ გერმანელთა ოკუპაციისა, შემდეგ კი საბჭოთა ხელისუფლების მიერ ყარაჩაელებისა და ბალყარელების გადასახლების შედეგად მოსახლეობისაგან დაცლილ ტერიტორიას მშრომელები ესაჭიროებოდა, ამიტომ, ცენტრის მითითებით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, უმთავრესად კი სვანეთიდან და რაჭიდან ქლუხორის რაიონში ხუთი ათასზე მეტი ადამიანი ჩაასახლეს, ცხადია, გარკვეული შეღავათებით.

1944 წლის ოქტომბერში ქლუხორის რაიონში ჩავიდნენ ქართველი მწერლები, პოეტები, მსახიობები, კულტურის სფეროს სხვა მოღვაწენი. მათ მოინახულეს იქ მცხოვრები ქართველები, ესაუბრნენ თანამემამულეებს და აღტაცებულნი დარჩნენ. ქართველი ინტელიგენციის შთაბეჭდილებები კარგადაა აღწერილი 1945 წლის დასაწყისში მცირე ტირაჟით გამოცემულ წიგნში სახელწოდებით “ქლუხორი”. ფაქტიურად, ეს ერთადერთი რარიტეტული დოკუმენტურ-ლიტერატურული წყაროა, რომელიც საქართველოს ამ ჩრდილოკავკასიურ რაიონზე მოგვითხრობს: “სვანებმა და რაჭველებმა არ დაუცადეს არც გზის გაყვანას, არც ტრანსპორტის მოწოდებას, ისინი აქ მთის ბილიკებით გადმოვიდნენ. მამაკაცებს არც აკვნიანი ქალები ჩამორჩნენ, ოღონდაც კი ფართო მიწაზე დასახლებულიყვნენ... სოფლები მათ ცარიელი დახვდათ, ამიტომ ზრუნვა საქართველოს მთავრობამ გასწია და თითო ოჯახზე თითო ხარ-ურემი და ძროხა დაარიგა, აუშენა ორსართულიანი ბინები, გარდა ამისა, მოსავლის აღებამდე თითო ფუთი ფქვილი, ზეთი და ლობიო დაურიგა უფასოდ, ყოველთვიურად. უფრო მეტიც – ჩასახლებულებს მიწები მოხნული დაახვედრა. რაჭველებმა ისეთი დიდი მოსავალი მოიწიეს, რაც ადრე არასოდეს უნახავთ”, - ნათქვამია წიგნში. ავტორები ვრცლად აღწერენ თითოეული ქართული სოფლის მოსახლეობის ყოფას, ზუსტად მიუთითებენ ჩასახლებულთა რაოდენობასაც: მადნისხევში – 200 კომლი სვანი, მთისძირში – 35 კომლი სვანი, ქვემო თებერდაში – 180 კომლი რაჭველი სოფელ გლოლადან და ჭიორადან, მზისაში – 72 კომლი სოფელ ღებიდან, ახალშენში – 18 კომლი უწერადან... ძლიერია ახლადდასახლებული ქართველობაში ერთმანეთის გატანისა და სოლიდარობის გრძნობა...”.

რაც შეეხება რაიონულ ცენტრს ქლუხორს და კურორტ თებერდას:

“ქლუხორი პატარა, კოხტა თეთრი ქალაქია. თავისი თეთრი შენობებით იგი სოხუმს გვაგონებს. გერმანელების მიერ აფეთქებული ჰესი უკვე აღდგენილია, აგებულია რამდენიმე ახალი სამ-ოთხსართულიანი შენობა როგორც ადმინისტრაციისათვის, ასევე მოქალაქეებისათვის. გაძარცული საავადმყოფო შეკეთდა და ხელახლა დაკომპლექტდა ახალი სამედიცინო აპარატურით... აშენდა სკოლები, სახელოსნო სასწავლებლები, ბიბლიოთეკები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ახალი ავტოვაგზალი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის რიგი საწარმოები... სულ რაღაც ერთი წლის წინ აქ, ამ ქალაქში გერმანელთა სამთო-ალპური დივიზიის შტაბი იყო მოთავსებული გენერალ-ლეიტენანტ ლანცის სარდლობით, დღეს კი ქალაქს ქართული ხელმძღვანელობა ჰყავს...

კურორტ თებერდაში ფილტვებისა და ძვლის ჭლექით ავადმყოფებს მკურნალობენ. აქ გერმანელები თავიანთი ჯარისკაცებსა და ოფიცრებს ასვენებდნენ, ამიტომაც დანგრევას მეტ-ნაკლებად გადაურჩა, თუმცა აქაც შეიმჩნევა ძარცვის კვალი. ამჟამად შეკეთებულია 23 სანატორიუმი, თითქმის ამდენივე პანსიონატი. როგორც კურორტის დირექტორი სიმონ ჩიქვინიძე ამბობს, თებერდა შვეიცარულ დავოსს არაფრით ჩამოუვარდება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აქ საკავშირო ჯანმრთელობის კერა აღდგეს და ძველებურად იმუშაოს. დომბაი ხომ კავკასიის სამთო-სათხილამურო სპორტული ცენტრია, მას კიდევ უფრო გავამშვენიერებთ. ქლუხორის რაიონი ძალზე მდიდარია უსიერი ტყეებით, ძვირფასი ჯიშების მცენარეებითა და ნადირ-ფრინველით გამოირჩევა თებერდის ნაკრძალიც. რაიონის ტერიტორიაზე, რომელიც აჭარაზე ბევრად მეტია, აღმოჩენილია ქვანახშირის, ოქრო-ვერცხლის, თუთიის, კალას, გრანიტის საბადოები... გერმანელ სარდალს ბერლინში თურმე წერილი გაუგზავნია და ამ საბადოების ექსპლოატაციაში გაშვება უთხოვია”, - აღნიშნავენ წიგნის ავტორები.

1944 წლიდან ქლუხორში რეგულარულად იბეჭდება ორენოვანი რაიონული გაზეთი “განთიადი”. 1945 წლის მაისში კი ექსპლოატაციაში შევიდა ქლუხორის აეროპორტი, საიდანაც ხორციელდებოდა სამგზავრო თუ სატვირთო ავიარეისები სოხუმისა და თბილისის მიმართულებით.

“ქლუხორი - ეს ახალი სიტყვაა საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ის ჩქარა ჩვეულებრივი და ყოველდღიური გახდება ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში, ისეთივე ჩვეულებრივი, როგორიც ონი, მესტია, ბორჯომი... ამის თავდებია დიდი და ხელუხლებელი ბუნებრივი სიმდიდრე ქლუხორისა, მისი მდებარეობა, სილამაზე და სიტურფე. ამის თავდებია ისიც, რომ ქლუხორში დასახლებული ქართველობა თავს უკვე მასპინძლებად გრძნობს და არა სტუმრად ამ მხარისა... ქლუხორი და მისი მშენებლობა მტკიცედაა დაკავშირებული ამხანაგ ლავრენტი ბერიას სახელთან, რომელსაც აქ ხშირად გაიგონებთ. ეს გასაგებიცაა – ყველაფერი, რაც აქ ცოცხლობს და სუნთქავს, ბერიამ გადაარჩინა მტრისაგან წალეკვას. ჩვენთვის ქლუხორი დღეიდან ჩრდილოეთ საქართველოა”, - ასე მთავრდება ზემოხსენებული წიგნი. მართალია, მასში საკმაოდ ბევრია სტალინისა და ბერიასადმი მიძღვნილი პათეტიკა, თუმცა მკითხველი მიხვდება, რომ ეს იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი მოვლენა იყო.

რაიონის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს სსრ პირველი მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეშვიდე სესიამ, რომელზეც 1945 წლის 14 მარტს დამტკიცდა ქლუხორის სახელმწიფო ბიუჯეტი 3 მილიარდ 945 ათასი მანეთის ოდენობით. ეს იყო პირველი ბიუჯეტი, რომელიც ახლადშემოერთებულ ტერიტორიისთვის შემუშავდა. ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1946 წელს ქლუხორის რაიმრეწვკომბინატის შექმნა, რომელშიც ცხრა სახის წარმოება გაერთიანდა – ტრიკოტაჟის, საკერავი, ტყავის გადამამუშავებელი, ხე-ტყის, ლიმონათის და სხვა. 1946 წლის 23 სექტემბერს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით, ქლუხორის რაიონში დაიწყო ქვანახშირის ამოღება, ხოლო 1954 წელს – პოლილითონების საბადოს ექსპლოატაცია.

საინტერესოა, რომ ყარაჩაი-ჩერქეზეთში 60-70-იან წლებში გამოცემულ სამეცნიერო-კვლევით ლიტერატურაში თითქმის არ არის განხილული ის 15-წლიანი პერიოდი, როცა რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილს საქართველო ფლობდა. იმ შემთხვევაში კი, როცა ავტორები იძულებულნი არიან საქართველო მოიხსენიონ, ამას საკმაოდ უარყოფითი შეფასებები მოსდევს. ასე მაგალითად, ერთ-ერთ ნაშრომში, რომელიც ქალაქ ყარაჩაევსკის (ქლუხორის) ისტორიას ეხება, ნათქვამია: “საქართველოს საპროექტო ორგანიზაცია “საქპროექტმა” 1945 წელს შეიმუშავა ქალაქის განაშენიანების პროექტი, რომელიც მრავალსართულიანი საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობების აგებას ითვალისწინებდა, თუმცა გენერალური გეგმის განხორციელება უხეში დარღვევებით მიმდინარეობდა. უფრო მეტიც - მთელ ომისშემდგომ პერიოდში მშენებლობა ძირითადად ინდივიდუალურ სექტორში ხდებოდა, მას შემთხვევითობა ახასიათებდა და ქალაქის სტრუქტურას ამახინჯებდა. 1943-56 წლებში ქალაქში არ აგებულა არცერთი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა. ნამდვილი მშენებლობა მხოლოდ მაშინ გაჩაღდა, როცა ყარაჩაევსკი რსფსრ-ს დაუბრუნდა და ახლად აღდგენილ ყარაჩაი-ჩერქეზეთის ასსრ-ის შემადგენლობაში მოექცა” (იხ. “ყარაჩაევსკი”, ჩერკესკი, 1968, გვ.26). შეიძლება ითქვას, ასეთი შეფასებაც იმდროინდელი ეპოქის, მაგრამ უკვე შეცვლილი პოლიტიკური კონიუნქტურის ნაყოფი იყო – რეპრესირებული ხალხის ზოგიერთი წარმომადგენელი საქართველოს მხოლოდ ისე აღიქვამდა, როგორც სტალინისა და ბერიას სამშობლოს.

რუსეთის სახელმწიფო არქივში დაცული დოკუმენტის თანახმად, 1956 წლის აპრილის მდგომარეობით, ქლუხორის რაიონის სტრუქტურა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიხედვით, ასეთი სახის იყო: ქ.ქლუხორის საქალაქო საბჭო, მაღაროს, ორჯონიკიძის და კურორტ თებერდის სადაბო საბჭოები; ზემო თებერდის, მზისის, ბარის, ახალშენის და მადნისხევის სასოფლო საბჭოები. რაც შეეხება მოსახლეობას, 1956 წლის ივლისისათვის ქლუხორის რაიონის სოფლების მოსახლეობა შეადგენდა 4,1 ათას მცხოვრებს, მათგან უმეტესობა – 771 ოჯახი ქართული იყო.

ახლა გადავხედოთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარს (ჩეჩნეთ-ინგუშეთის სექტორს) და გავარკვიოთ ახალხევის რაიონის შექმნის გარემოებები.

ახალხევი "მზის ქვეყანაში", დარიალი "მზიურ ხეობაში"

საერთოდ, საქართველო-რუსეთის საზღვრის ამ ნაწილში საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველი წლებიდანვე გარკვეული დაძაბულობა შეიმჩნეოდა. ჯერ კიდევ 1925 წელს ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელობამ თხოვნით მიმართა საქართველოს, რათა მათთვის გადაეცა მდინარე არღუნის ხეობაში მდებარე ქისტებით დასახლებული სოფლები – ჯარეგო, თერეთეგო, მელხესტი, ცეკარო, სახანო და სხვები. ეს აულები შედიოდნენ თიანეთის მაზრაში. როგორც ჩანს, იმ დროს ოფიციალური თბილისი იოლად დათანხმდა ჩაჩნების თხოვნას და ამრიგად, საზღვარი რსფსრ-სა და საქართველოს შორის სოფელ შატილიდან რამდენიმე კილომეტრზე გატარდა. 1927 წელს ქართველ შატილელებსა და ჩაჩან ჯარეგოელებს შორის საძოვრების გამო დავა წარმოიშვა – ჯარეგოელების აზრით, შატილელებს უფრო მეტი საძოვრები ჰქონდათ, ვიდრე მათ, ამიტომაც სათიბებს დამატებით მოითხოვდნენ. ამჯერადაც დათმობაზე ისევ საქართველო წავიდა... სსრკ ცაკ-ის სპეციალურმა კომისიამ ა.ისლამოვის ხელმძღვანელობით საკითხი სრულიად რუსეთის ცაკ-ის პრეზიდიუმის სხომაზე გაიტანა და სასწრაფო წესით, 1928 წლის 20 აგვისტოს დაამტკიცა. როგორც შემდეგ შემდეგ გამოირკვა, თურმე კომისიას საქართველოს ცაკ-ის პრეზიდიუმის გადაწყვეტილების იგნორირება მოუხდენია, რომლის თანახმად, “...მთა ალაქოს სადაო უბანი უანგაროდ გადაეცეთ სარგებლობისათვის ჩაჩნეთის ავტონომიური ოლქის სოფელ ჯარეგოს მცხოვრებთ, მაგრამ ის რჩება საქართველოს შემადგენლობაში” (საქართველოს პოლიტიკური პარტიების არქივი, ფ.14, აღწ.14, საქმე 338).

გაურკვეველია, თუ რატომ შეურიგდა თბილისი დადგენილების ასეთ დარღვევას, მაგრამ ფაქტია, რომ ალაქოს მთა ჩაჩნეთის ფარგლებში დარჩა. ისიც ცხადი იყო, რომ შატილელები ძალზე ნაწყენი დარჩნენ საბჭოთა ხელისუფლებისადმი. 1939 წელს დავამ ახალი ძალით იფეთქა და როგორც საარქივო წყაროებით ირკვევა, საქმე შეტაკებამდეც კი მისულა. დუშეთის რაიკომმა, კონფლიქტის მიზეზების გამოკვლევის შემდეგ, კატეგორიული თხოვნით მიმართა საქართველოს კომპარტიის ცეკას, რათა 1928 წლის დადგენილება გადასინჯულიყო. მიმოწერა თბილისს, მოსკოვს და გროზნოს შორის საკმაოდ გაჭიანურდა, შემდეგ კი საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომი დაიწყო...

პრობლემა მოულოდნელად გადაიჭრა 1944 წლის 7 მარტს, როცა ხელი მოეწერა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებას ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ლიკვიდაციისა და მისი ტერიტორიის ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ. მისი პრეამბულა ტრადიციული იყო – სოციალისტური სამშობლოს ღალატი, გერმანელ-ფაშისტებისადმი დახმარება, დივერსიების მოწყობა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ბრძანებულების პირველი პუნქტი ეხებოდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის გაუქმებასა და მოსახლეობის გადასახლებას, მეორე პუნქტი – გროზნის ოლქის შექმნას, მესამე და მეოთხე – ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიის დანაწილებას ჩრდილოეთ ოსეთს და დაღესტანს შორის. მეხუთეში კი ნათქვამი იყო: “...შევიდეს საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში შემდეგი რაიონები: ყოფილი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-დან – ითუმ-ყალეს რაიონი არსებული საზღვრებით, შაროის რაიონის დასავლეთი ნაწილი; გალანჩეჟის, გალაშკისა და პრიგოროდნის რაიონების სამხრეთი ნაწილი, აგრეთვე ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის გიზელდონის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი”. როგორც სხვა მსგავსი ბრძანებულებები, ეს ნორმატიული აქტიც გაზეთებში არ გამოქვეყნებულა.

აი, ასე წამოვიდა ახალი მიწების “წვიმა” ქართველების თავზე. რადგან კრემლში ასე გადაწყდა, შესაბამისად, საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა საბჭომაც 1944 წლის 21 მარტს მიიღო დადგენილება ზემოაღნიშნული რაიონების საქართველოსადმი შემოერთების შესახებ, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ითუმ-ყალეს რაიონი, შაროის რაიონის დასავლეთი ნაწილი, გალანჩეჟის, გალაშკისა და პრიგოროდნის რაიონების სამხრეთი ნაწილი, აგრეთვე ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის გიზელდონის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი საქართველოს შემადგენლობაში ერთიანდებოდა (ამით, ბუნებრივია, საქართველოს დაუბრუნდა რსფსრ-სადმი 1927-28 წლებში გადაცემული სოფლების ტერიტორიები - ტყეები, საძოვრები და ა.შ. – ს.კ.).

ბრძანებულების მესამე პუნქტით განისაზღვრა საქართველოსა და რსფსრ-ს შორის შეცვლილი საზღვრის ახალი ხაზი, რომელიც დეტალურად იყო აღწერილი. მეოთხე პუნქტში ნათქვამი იყო: “ყოფილი ითუმ-ყალეს რაიონის ცენტრს – სოფელ ითუმ-ყალეს სახელი შეეცვალოს და ეწოდოს ახალხევი”. იმავე ნორმატიული აქტით ჩრდილოეთ ოსეთის გიზელდონის რაიონისა და ჩაჩნეთ-ინგუშეთის პრიგოროდნის რაიონის სამხრეთი ნაწილები შეუერთდა საქართველოს სსრ ყაზბეგის რაიონს.

ბუნებრივია, ამ საკითხის შესახებ რუსეთის სახელმწიფო არქივებში უამრავი საინტერესო დოკუმენტია შემონახული, რომელთა უმრავლესობა ამ რამდენიმე წლის წინათ მოსკოვის გაზეთებში გამოქვეყნდა და საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა. მაგალითად, სსრკ სახკომსაბჭოს 1944 წლის 9 მარტის დადგენილება, რომლის თანახმად, სტავროპოლის სამხარეო აღმასკომს, დაღესტნის ასსრ-ის, ჩრდ.ოსეთის ასსრ-ის და საქართველოს სსრ-ის სახკომსაბჭოებს დაევალათ 1944 წლის პირველ ივნისამდე აითვისონ ყოფილი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ტერიტორია და შეიმუშაონ მათი დასახლების გეგმები. კიდევ ერთი გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოდან და სხვა რესპუბლიკებიდან სპეცჩასახლებულებს გადასახადების სფეროში მნიშვნელოვანი შეღავათები დაუწესდათ (იხ. “ნეზავისიმაია გაზეტა”, 29.02.2000წ.).

გადმოცემულ ტერიტორიებზე ზოგადი წარმოდგენა რომ შეგვექმნეს, გავეცნოთ 1944 წელს შემოერთებულ ორ უმთავრეს გეოგრაფიულ-ადმინისტრაციულ ერთეულს – არმხი-ჯეირახ-ასას ხეობებს და ახალხევს (ითუმ-ყალეს).

ჯეირახის ხეობის სახელი უკავშირდება არაბ სარდალს ჯეირახს, რომელმაც 725 წელს დარიალის ვიწროები გაიარა და ალანიაში შეიჭრა. ამ ადგილს ხშირად არმხის ხეობასაც უწოდებენ, რადგან აქ მდინარე არმხი მოედინება. სწორედ აქ, ჯეირახის ხეობაშია ცნობილი ქართული ქრისტიანული ტაძარი – თხაბა-ერდი, რომელიც მე-12 საუკუნეშია აშენებული საქართველოდან ჩატანილი ქვის ფილებით. ხეობა მდიდარია ინგუშური ისტორიული ძეგლებითაც – აქაა აული ერზი, რომელიც თავისი კოშკებითაა ცნობილი. გეოგრაფიულად ჯეირახი 1944 წლისათვის სწორედ ჩაჩნეთ-ინგუშეთის ასსრ პრიგოროდნის რაიონის სამხრეთ ნაწილს წარმოადგენდა. ამ ხეობას, მასში არსებული მიკროკლიმატის გამო, სხვაგვარად “მზის ხეობასაც” უწოდებენ. ინგუში სპეციალისტების ხატოვანი გამოთქმით, ჯეირახის ხეობა ღმერთის მიერ დედამიწაზე შექმნილი ერთ-ერთი უმშვენიერეის ადგილია.

ჩრდილოეთ კავკასიაში ჯეირახი ახლაც და 40-იან წლებშიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ და სამკურნალო-დასასვენებელ ზონად ითვლებოდა, შესაბამისად, ბევრი იყო სანატორიუმები და დასასვენებელი სახლები ფილტვების სნეულებიანი ავადმყოფებისათვის. ხეობაში ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტი იყო სოფელი ჯეირახი (არმხი), რომელსაც საქართველოსთან შეერთების შემდეგ სახელი გადაერქვა და ეწოდა დარიალი. საერთოდ, ჯეირახის მიმდებარე ადგილებში დღესაც საკმაოდ არის ქართული ტოპონიმებიც – როგორც რუსულ ენაზე გამოცემული ინგუშური ტურისტული გზამკვლევები იუწყებიან, მდინარე არმხს ხშირად ქართულად ქისტეთისწყალსაც უწოდებენ. ჯეირახის ხეობის ზემოწელიდან იწყება მეორე მდინარის – ასას ხეობა, რომელიც ასეთივე ლამაზი და მდიდარია ისტორიული ძეგლებით – აქ არიან ალბი-ერდისა და თარგიმის ტაძრები, რომელთა კედლებზე შემონახულია ქართული ასომთავრული წარწერები და ფრესკები.

ინგუში მკვლევარების მტკიცებით, “1944-46 წლებში დაცარიელებული ინგუშეთის გეგმაზომიერი ათვისება მეზობელი რესპუბლიკებიდან ჩასახლებულთა ხარჯზე მიმდინარეობდა. ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელიც ჩრდილო ოსეთს გადაეცა, გადაიყვანეს ოსური ოჯახები როგორც თვითონ ჩრდ.ოსეთის სხვადასხვა რაიონებიდან, ასევე საქართველოს სსრ-დანაც (უმეტესად სამხრეთ ოსეთიდან). სხვადასხვა მონაცემებით, საქართველოდან ყოფილ ინგუშეთში დაახლოებით 25-დან 35 ათასამდე ოსი ჩაასახლეს’ (იხ. ლ.არაფხანოვა «სპეცგადსახალებულები: ინგუშების მასობრივი რეპრესიებისა და დეპორტაციის ისტორია მე-20 საუკუნეში”, ნაზრანი. 1996).

ახალხევის (ითუმ-ყალეს) რაიონი მდინარე არღუნის ხეობაში, მის შუაწელში მდებარეობდა. თვითონ რაიონული ცენტრი სოფელი ახალხევი ზღვის დონიდან 800 მეტრზე, საკმაოდ ფართო ქვაბულში იყო გაშენებული. მართალია, სოფლის ტერიტორია მაინც და მაინც დიდი არ იყო, მაგრამ ისტორიულად ის მდინარე არღუნის ვიწრო ხეობის შესასვლელ-გასასვლელს აკონტროლებდა. ახალხევი მდიდარი იყო არქიტექტურული ძეგლებით – კოშკებით, ციხე-სიმაგრეებით და სამარხებით. აქაა ციხე-სიმაგრე ევდოკიმოვსკაია – რუსეთის იმპერიის ფორპოსტი მთიანი ჩაჩნეთის Mსიღრმეში. ახალხევიდან შატილისაკენ მომავალ გზაზე, აულ ბეჩიკთან, მდებარეობს მელხესტი, ანუ “მზის ქვეყანა”. აქვეა სამარხთა კომპლექსი, რომელსაც გარდაცვლილთა ქალაქს – ცოი-პედეს უწოდებენ. კომპლექსი მე-16 – მე-18 საუკუნეებს განეკუთვნება. რა თქმა უნდა, ამ ახალ რაიონშიც ქართული ადმინისტრაცია ჩამოყალიბდა, დაიწყო სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ღონისძიებების გატარება. მხედველობაში იქნა მიღებული, რომ ახალხევი (ითუმ-ყალე), ჯერ კიდევ ჩაჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის გაუქმებამდე, რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად სასოფლო-სამეურნეო რაიონს წარმოადგენდა, შედსაბამისად, გაფართოვდა სხვადასხვა მარცვლოვანი კულტურის, აგრეთვე კარტოფილის ნათესები, აშენდა მეცხოველეობის ფერმები, მოიმატა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობამ... აქვე შევნიშნავთ, რომ მოგვიანებით, 50-იანი წლების დასაწყისში, ახალხევის რაიონი გაუქმდა და მისი ტერიტორია დუშეთის რაიონს შეუერთდა.

ახლა შევეხოთ ერთ საკმაოდ დელიკატურ და იმავდროულად, დრამატულ საკითხს _ საქართველოს ხელისუფლების მიერ ყაზბეგისა და ახალხევის რაიონებში განხორციელებული მოქმედებების შესახებ. მხედველობაში მაქვს ის სამხედრო ოპერაციები, რომლებიც, როგორც ჩეჩნური და ინგუშური წყაროები იუწყებიან, საკავშირო ორგანოების დირექტივებით საქართველოს სსრ-ის უშიშროების სამინისტროს (შემდგომში - სუკ-ის) ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. საქმე ეხება საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის შემდეგ ჩეჩნეთ-ინგუშეთის მთებში მოქმედ წინააღმდეგობის რაზმებს, კერძოდ – ინგუშ აჰმედ ხუჩბაროვის რაზმის მოქმედებას და მის წინააღმდეგ მიმართულ უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების ოპერაციებს. როგორც ინგუშური გაზეთი “ინგუშეტია” იუწყებოდა 1994 წელს, აჰმედ ხუჩბაროვი ვაინახი ხალხის ეროვნული გმირი, სახალხო შურისმაძიებელი, სტალინური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. იგი საკმაოდ შეძლებული ოჯახში დაბადებულა, მაგრამ მამამისის განკულაკების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების მტერი გამხდარა, მოგვიანებით კი მთებში აბრაგად წავიდა და რაზმი ჩამოაყალიბა. ინგუში პარტიზანები 1943-55 წლებში ყაზბეგის რაიონის ჯეირახის ხეობაში და ახალხევის რაიონში მოქმედებდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსრ-ის სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ იმ რაიონებში განხორციელებული ოპერაციები კარგად არის აღწერილი 1984 წელს თბილისში გამოცემულ წიგნში “ფარი - საიმედო, მახვილი – ბასრი”. მასში შეტანილია ვრცელი ნარკვევი სათაურით “შურისგება”. სწორედ ამ ნაწარმოების შინაარსია მკაცრად გაკრიტიკებული ზემოხსენებულ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის თანახმად, სუკ-მა ხუჩბაროვს ბევრი გამოგონილი ბრალდება მიაწერა. თუმცა, რადგან ხუჩბაროვი საბჭოთა ხელისუფლების მტერი იყო, ცხადია, დაპირისპირების შედეგად მსხვერპლი იქნებოდა და შესაბამისად, ბრძოლა უსისხლოდ არ მიმდინარეობდა. ცხადია, ეს იყო პასუხი სადამსჯელო რაზმების მოქმედებაზე: “ხუჩბაროვმა გაანადგურა სადამსჯელო ჯგუფის წევრები, რომლებიც პარტიული და საბჭოთა ორგანოების დავალებით, მოსკოვის მითითებით, აფეთქებდნენ ჩვენს შუასაუკუნეების კოშკებსა და წმინდა სალოცავებს... ჩეკისტ შადურს თავის წიგნში ხუჩბაროვი მკვლელად, მძარცველად და ბოროტ ადამიანად გამოჰყავს, თითქოს იგი საქართველოს მთებში მშვიდობიან მოსახლეობას აწიოკებდა. დიახ, ბრძოლა მსხვერპლის გარეშე არ მთავრდებოდა, დიახ, მისი მეთოდები ტერორისტულ ხასიათს ატარებდა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩეკისტების წინააღმდეგ იყო მიმართული და არა მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ” (იხ. გაზეთი “ინგუშეტია”, 1994წ. #10, ს.ხამჩიევის სტატია “აჰმედ ხუჩბაროვი – სახალხო შურისმაძიებელი”).

პარტიზანული მოძრაობის აღსაკვეთად ჩეჩნეთ-ინგუშეთში დამატებით უშიშროების რამდენიმე დივიზია გაიგზავნა. მოსკოვი ცდილობდა, რომ აჯანყებული ვაინახების წინააღმდეგ მეზობელი კავკასიელი ხალხების – ქართველების, ოსებისა და დაღესტნელების წარმომადგენლებიც ჩაბმულიყვნენ, მაგრამ ამ საქმეში ფართოდ მხოლოდ საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები მონაწილეობდნენ. რაც შეეხება რიგით მოქალაქეებს, ისინი ვაინახებს თანაუგრძნობდნენ. მაგალითად, ცნობილია შემთხვევები, როცა ქართველი მეცხვარეები თავისთან ჩეჩნებს ხშირად მალავდნენ ხოლმე”, - ნათქვამია კიდევ ერთ ინგუშურ წყაროში.

ზოგიერთი საარქივო მონაცემის თანახმად, 1944 წლის ზემოხსენებული ბრძანებულებების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიის ფართობმა მოიმატა თითქმის 76,4 ათასი კვადრატული კილომეტრით, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 26 ათასი ადამიანით. აქვე შევნიშნავთ, რომ ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი ტერიტორიული შენაძენი საქართველოსთვის 1919-1921 წლების შემდეგ, როცა ჩვენს ქვეყანას უკვე დაკარგული ჰქონდა სოჭის ოკრუგი, საინგილო (ზაქათალის ოლქი), ლორის რაიონი, ართვინისა და არტაანის ოლქები.

დაინტერესებული მკითხველისათვის წინასწარ ვიტყვით, რომ იმავე 1944 წელს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის დღის წესრიგში დადგა თურქეთისადმი 1921 წელს გადაცემული მიწების საქართველოსათვის დაბრუნების საკითხი: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებს მიეცა ბრძანება მომზადებულიყო თურქეთში შეჭრისა და მისი ოკუპირებისათვის (ამ საკითხისადმი დაკავშირებულ მოვლენებს ვრცლად მომდევნო სტატიებში გავეცნობით).

როგორც მოგვცეს, ისე წაიღეს

ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოსათვის ტერიტორიების გადმოცემა, როგორც უკვე ვთქვით, ქართველი ხალხისათვის საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. რამდენად სწორი და სამართლიანი იყო ეს? რამდენად მისაღები და სასარგებლო იყო ჩვენთვის ასეთი საჩუქარი? ცხადია, იმ პერიოდში ასეთი შეკითხვების დასმას ვერავინ გაბედავდა - იმ დროს ხომ ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი და მსჯელობა წარმოუდგენელი იყო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტერიტორიების გადმოცემაზე (ფაქტიურად, ჩუქებაზე) უარს ვინ იტყოდა? არადა, ასეთ საჩუქარში იყო რაღაც უხერხული თუ მიუღებელი – სხვათა უბედურების საფუძველზე საკუთარი მდგომარეობით სიხარულის გამოხატვა, რბილად რომ ვთქვათ, მოსაწონი არ უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, ახალი რაიონების მართვა 40-50-იან წლებში საკმაოდ გაძნელებული იყო – წამოიჭრა ტრანსპორტის, კომუნიკაციების პრობლემა, ახლადშემოერთებული მიწები ბუნებრივი, ძნელად გადასალახავი ბარიერით დაშორებულნი იყვნენ ცენტრს (თბილისს)... საკმარისია აღინიშნოს, რომ ზემოთ ხსენებული ქლუხორ-სოხუმისა და ქლუხორ-თბილისის ავიატრასა, კავკასიონის ქედზე ამინდის ხშირი ცვალებადობის გამო, დიდი შეფერხებით მუშაობდა. მართალია, აშენდა საავტომობილო გზა ქლუხორის უღელტეხილზე, მაგრამ მასზე ტრანსპორტის მოძრაობას მხოლოდ სეზონური ხასიათი ჰქონდა, ხშირი იყო სატელეფონო და სატრანსპორტო კავშირის დარღვევები ახალხევთანაც და ასე შემდეგ.

იოსებ სტალინის სიკვდილის, განსაკუთრებით კი ლავრენტი ბერიას ლიკვიდაციის შემდეგ, კრემლის კულუარებში დაიწყო საუბარი საქართველოსათვის რუსეთის მიწების გადაცემის უსამართლობის შესახებ, რასაც ორიოდე წელიწადში შესაბამისი იურიდიული აქტიც მოჰყვა. ცხადია, საქართველოს ხელმძღვანელობა წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა ცენტრის გადაწყვეტილებას, თანაც მხედველობაში მიიღო ის, რომ მართლაც არსებობდა ზემოხსენებული ობიექტური სიძნელეები ცენტრისგან მოშორებული რაიონების მართვასთან დაკავშირებით და 1955 წლის 10 მარტს საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო შემდეგი დადგენილება: “საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა, მხედველობაში მიიღო რა ქლუხორის რაიონის ტერიტორიული დაშორება საქართველოსთან და მისი მჭიდრო სამეურნეო-ეკონომიური, კულტურული კავშირები რსფსრ სტავროპოლის მხარესთან, აგრეთვე რსფსრ-ის თანხმობა ქლუხორის რაიონის სტავროპოლის მხარესთან მიერთების თაობაზე, დაადგინა: გადაეცეს საქართველოს სსრ ქლუხორის რაიონის ტერიტორია რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას” (სუიცსა, ფ.1165, აღწ.8, საქმე 1034).

ამ გადაწყვეტილებით თავდაპირველად საკმაოდ გაურკვეველი, ორაზროვანი ვითარება შეიქმნა: აბა, წარმოვიდგინოთ - ქლუხორში ბევრი ქართველი ცხოვრობდა, თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტს ქართული სახელწოდება ჰქონდა, პარტიულ და საბჭოთა ადმინისტრაციულ ორგანოებს ქართველები ხელმძღვანელობდნენ, ტერიტორია კი რუსეთისაა! სიტუაციის ბუნდოვანი ხასიათი კარგად ჩანს რაიონული გაზეთის შეცვლილ სტატუსშიც, რომელიც ასე ჟღერდა: “განთიადი” – სკკპ ქლუხორის რაიკომისა და სტავროპოლის მხარის ქლუხორის მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს ორგანო”. როგორც ვხედავთ, კომპარტიის ქლუხორის რაიკომი დროებით პირდაპირ საკავშირო ცეკას დაექვემდებარა. იმავე გაზეთში მომხდარი სხვა ცვლილებებიც საკმაოდ შესამჩნევია – მასალები ქართულ ენაზე მცირდება, რუსულ ენაზე კი მატულობს, საბოლოოდ კი ქართული დასახელება “განთიადი” რუსულ “ზარიად” გადაიქცა...

საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ზემოთ ხსენებული დადგენილების მიღების შემდეგ დიდ დროს არ გაუვლია, რომ კრემლში წამოიჭრა საკითხი რეპრესირებული ხალხების მშობლიურ ადგილებში დაბრუნების თაობაზე. 1956 წლის 4 ივლისს ნიკიტა ხრუშჩევს მოსკოვში შუა აზიიდან ჩასული ყარაჩაელთა რვაკაციანი დელეგაცია შეხვდა. აი, როგორაა აღწერილი ეს ფაქტი არქივში შემონახულ ერთ-ერთ ჩანაწერში:

„...12 საათსა 25 წუთზე ჩვენ ამხანაგ ხრუშჩოვის ფართო კაბინეტში შევედით. იგი წამოდგა და ყველას აღმოსავლურად მოგვესალმა - ორივე ხელი ჩამოგვართვა. დავსხედით.... “მე მივიღე თქვენი წერილი”, - გვითხრა ნიკიტა სერგის ძემ. მართლაც, ყველამ დავინახეთ, რომ წერილი მაგიდაზე იდო. “მე მესმის თქვენი სურვილი სამშობლოში დაბრუნებისა, მაგრამ საკითხი საკმაოდ რთულია... სტალინმა და ბერიამ ისეთი საქმეები ჩაიდინეს, რომ მათი გამოსწორება ძნელია. ბერია კავკასიის ფრონტზე რომ იყო, სტალინს ცნობებს აწვდიდა, თითქოს ზოგიერთმა კავკასიური ეროვნების ხალხმა სამშობლოს უღალატა, სტალინმა კი ისინი დაუფიქრებლად გაასახლა. სტალინი ავადმყოფურად ეჭვიანი კაცი იყო, რითაც ბერიამ კარგად ისარგებლა... არასწორი იდეაა, თითქოსდა მთელი ხალხი რაღაცაში დამნაშავე იყოს. იგი მთელ უკრაინასაც კი გაასახლებდა, მაგრამ 40 მილიონ ადამიანს სხვაგან ვერსად ვერ დაასახლებ”.

შემდეგ ნიკიტა სერგის ძე უშუალოდ ჩვენს თხოვნას შეეხო. მან კვლავ გაიმეორა, რომ საკითხი საკმაოდ რთულია, რადგან იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ყარაჩაელები გაასახლეს, უკვე სხვა ხალხი ცხოვრობს. “ეს ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი – ადგილობრივ ხელისუფლებას, სადაც ახლა თქვენ ცხოვრობთ, თქვენი მშობლიურ ადგილებში გაშვება არ სურთ. რაც შეეხება ყარაჩაელთა პოლიტიკურ რეაბილიტაციას, ალბათ, ამ საკითხს თქვენს სამშობლოში დაბრუნებასთან ერთად გადავწყვეტთ”, - თქვა ნიკიტა სერგის ძემ. ამ დროს კაბინეტში შემოვიდა უკრაინის ცეკას პირველი მდივანი ამხანაგი კირიჩენკო, რომელსაც ხრუშჩოვმა ჩვენი თავი წარუდგინა, როგორც ყარაჩაელი ხალხის წარმომადგენლები. კირიჩენკო შეგვეკითხა, თუ რამდენი ვართ ამჟამად ყარაჩაელი. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ დაახლოებით 68 ათასი. “ეს ხომ ქალაქის ნახევარიც არ არის, ალბათ, დაბრუნების დროს ყველა დაეტევით”, - შენიშნა კირიჩენკომ.

ამხანაგმა მაჯირ გაჯაევმა, ჩვენი დელეგაციის მეთაურმა, ნიკიტა სერგის ძეს მიმართა: “დიახ, ჩვენ გვესმის საკითხის სიმძიმე, ამიტომაც, ჩვენი პრობლემის გადაჭრა რომ გაადვილდეს, არ ვითხოვთ დაუყონებლივ ავტონომიის აღდგენას, არ ვითხოვთ სახელმწიფო ხარჯებს მოსახლეობის სამშობლოში დასაბრუნებლად... ჩვენ ასევე არ ვითხოვთ იქ მცხოვრები სვანების დაუყონებლივ გასახლებას. ქლუხორის რაიონში მოსახლეობა ამჟამად ძველი რაოდენობის მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენს, მიწები ცარიელი და დაუსახლებელია. ჩვენ არავის არაფერში არ შევედავებით, შეგვიძლია მათთან ერთად ცხოვრება. ნუთუ პატიოსანი ადამიანები – ქართველები ან რუსები - ჩვენი დაბრუნების წინააღმდეგნი იქნებიან? ნუთუ ისინი გულთან ახლოს არ მიიტანენ ჩვენი ხალხის ტრაგედიას?”.

ნიკიტა სერგის ძე ამბობს, რომ იოსებ სტალინს და ლავრენტი ბერიას ჩრდილოეთ კავკასიის ხარჯზე საქართველოს გაფართოების გეგმა ჰქონდა. ამხანაგი მაჯირ გაჯიევი მას ეთანხმება: “დიახ, საყურადღებოა ის გარემოება, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან სწორედ ის ხალხები გაასახლეს, რომლებიც უშუალოდ საქართველოს ესაზღვრებოდნენ – ყარაჩაელები, ბალყარელები, ჩაჩნები და ინგუშები... ჩვენს ხალხში ამბობენ, რომ რომანოვების დინასტიის არცერთი მეფე ისე ცუდად არ მოგვქცევია, როგორც ეს სტალინმა გააკეთაო”.

საუბარში ჩაერია მურატ ჯამაევი, მალოყარაჩაევსკის რაიკომის ყოფილი პირველი მდივანი:

- ჩვენ ვიყავით ყარაჩაიში და ვნახეთ, რომ ქლუხორის გარდა, ფაქტიურად, ყველა რაიონი ცარიელია. შევხვდით იქ მცხოვრებ სვანებს და რუსებს, ისინი ჩვენს დაბრუნებას მიესალმებიან. ჩვენ მათთან ერთად ადრეც მშვიდობიანად ვცხოვრობდით და ახლაც ისე ვიცხოვრებთ. მთიან აულებში ამჟამად არავინაა, სახლები ნაწილობრივ დანგრეულია, ნაწილობრივ კი ბარდ-ეკალი აქვთ მორეული. თუ ისევ შუა აზიაში დავრჩებით, მაშინ ჩვენს ხალხს მოღალატის იარლიყი არ მოეხსნება. პარტიის მეოცე ყრილობის გადაწყვეტილების მიუხედავად, ადგილობრივი ორგანოები ჩვენ კვლავ ეჭვის თვალით გვიცქერიან, ამიტომაც ყარაჩაელები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში.

შეხვედრის დასასრულს ნიკიტა სერგის ძემ დაგვაიმედა და დაგვემშვიდობა...”.

ხრუშჩოვთან საუბრის შემდეგ ყარაჩაელი ხალხის რეაბილიტაცია და მშობლიურ მიწებზე დაბრუნება მალე განხორციელდა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ქლუხორის რაიონში მცხოვრები ქართველები მათ გულთბილად დახვდნენ და ხელი შეუწყეს ყარაჩაელებს ჩვეული ცხოვრების მოწყობაში, ხოლო როცა სვანები და რაჭველები უკან – სვანეთში და რაჭაში დაბრუნდნენ, მათ თავიანთი ეზო-კარი, ბაღები და ბოსტნები უკლებლივ ყარაჩაელებს დაუტოვეს. გარდა ამისა, ისიც აღსანიშნავია, რომ სვანები და რაჭველები 15 წლის განმავლობაში პატივს სცემდნენ ყარაჩაელთა კულტურის ძეგლებს, მათი წინაპრების საფლავებს... სხვათაშორის, როგორც სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, ბალყარეთში, ტირნიაუზის სამხრეთით, მდინარე ბაქსანის ხეობაში, ბალყარელთა თხოვნით, ოცამდე ქართული ოჯახი დარჩა და იქ მათი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ, ადგილობრივი მოსახლეობა პატივისცემით მოიხსენიებს მათ კეთილ საქმეებს.

1957 წლიდან, რასაკვირველია, კვლავ შეიცვალა რაიონის ტოპონიმიკა – ქლუხორს ეწოდა ყარაჩაევსკი, ახალშენს - კამენომოსტი, მაღარო გადაიქცა ელბრუსად, მთისძირი - კარტ-ჯურთად, ზედვაკე - ხურზუკად, მადნისხევი - უჩკულანად, მზისა - ნიჟნი თებერდად, შუამთა - დაუთად, შერთულა - მარა-აიგად...

მკითხველს შეიძლება კითხვა დაებადოს: რა მოხდებოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ქლუხორის რაიონი რომ რუსეთს არ დაბრუნებოდა? ამჟამად საქართველოს ყოფილ ტერტორიებზე მდებარე თებერდა-დომბაისა და პრიელბრუსის ზონები მსოფლიოს ცნობილ სამთო-სათხილამურო სპორტულ-ტურისტულ დასასვენებელ ცენტრებს შორის მოიხსენიება. თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი სამთო-სათხილამურო ცენტრი გვაქვს მეტ-ნაკლებად განვითარებული ინფრასტრუქტურით (ბაკურიანი და გუდაური), დომბაი და იალბუზი დღეს რომ ისევ ჩვენი ყოფილიყო, ცხადია, ეკონომიკურად სასარგებლო იქნებოდა. თუმცა არის "მედლის მეორე მხარეც" - თუ გავითვალისწინებთ 1990-იანი წლებიდან განვითარებულ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ მოვლენებს, საქართველოს შემადგენლობაში ამ ტერიტორიების არსებობა მწვავე პოლიტიკური არასტაბილურობის დიდ რისკს წარმოქმნიდა...

ახლა გადავიხედოთ, რა ხდება ყოფილ ახალხევის რაიონში.

1957 წლის 9 იანვარს, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ჩეჩენი და ინგუში ხალხების რეაბილიტაცია და მათი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის აღდგენა განახორციელა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა შემდეგი დადგენილება მიიღო: “ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის აღდგენასთან დაკავშირებით, დაუბრუნდეს რსფსრ-ს ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების ნაწილი, რომელიც შედგება ყოფილი ითუმ-ყალეს რაიონისაგან, აგრეთვე გალანჩეჟის, გალაშკის, შაროის, პრიგოროდისა და გიზელდონის რაიონების ნაწილებისაგან. ამის შესაბამისად, ჩაითვალოს აღდგენილად საქართველოსა და რუსეთის სფსრ-ის საზღვარი, რომელიც 1944 წლის 7 მარტამდე არსებობდა...” (სუიცსა, ფ.1165, აღწ.8, საქმე 1343).

ისევე როგორც ქლუხორის რაიონში, აქ მცხოვრები ქართველებიც ყველანაირად ეხმარებოდნენ სამშობლოში დაბრუნებულ ინგუშებსა და ჩეჩნებს – დაუტოვეს მეცხო-ველეობის ფერმები, ბინები, ბაღები... მაგალითად, მხოლოდ ყაზბეგის რაიონში, სადაც 1944-56 წლებში ორი სასოფლო საბჭო შეიქმნა – ლარსისა და დარიალისა, 2400 ქართველი ცხოვრობდა, ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ხუთი კოლმეურნეობა თავისი ინფრასტრუქ-ტურით - გახსნილი იყო სამი საშუალო და ცხრა დაწყებითი სკოლა, აშენდა ოთხი კლუბი, ექვსი ბიბლიოთეკა, სამი საავადმყოფო, ორი საექიმო პუნქტი, ოთხი საბავშვო ბაღი, ხუთი მაღაზია და სამი ადგილობრივი მრეწველობის ობიექტი. ეს ყველაფერი, როგორც უკვე ვთქვით, ქართველებმა სამშობლოში დაბრუნებულ ინგუშებს გადასცეს. ასევე დაუბრუნდა ჩრდილოეთ ოსეთს გიზელდონის რაიონის სამხრეთი ნაწილი.

ჩრდილოკავკასიურ ინტერნეტ-წყაროებში ბოლო წლების განმავლობაში მრავალი საინტერესო მასალა გამოქვეყნდა იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდა უმაღლეს დონეზე ქართველების მიერ ინგუშებისა და ჩეჩნებისათვის ტერიტორიისა და ქონების გადაცემა-დაბრუნება. მოვიხმოთ ინგუში სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის ძიაუდინ მალსაგოვის მემუარები, რომელიც რეპრესიების დაწყებისა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის გაუქმების დროს რესპუბლიკის იუსტიციის სახალხო კომისარი იყო, ხოლო რეპრესირებულების სამშობლოში დაბრუნების ჟამს - ავტონომიის აღდგენის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და რეპატრიანტების საკითხებში კომპარტიის ცეკას რწმუნებული გახლდათ:

“1956 წლის 24 ნოემბერს პარტიის ცეკას პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება ჩეჩენი და ინგუში ხალხების ეროვნული ავტონომიის აღდგენის შესახებ. ამ მიზნით ჩამოყალიბდა საორგანიზაციო კომიტეტი გაირბეკოვის თავმჯდომარეობით... იმავე წლის დეკემბერში ჩვენ, საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, მოსკოვში, ცეკას პრეზიდიუმში მიგვიწვიეს. როგორც იქ გვითხრეს, ჩვენი რესპუბლიკის აღდგენის მიზნით უკვე შექმნილა სახელმწიფო კომისია ანასტას მიქოიანის ხელმძღვანელობით, რომელშიც მალენკოვი, ვოროშილოვი, საბუროვი და კიდევ რამდენიმე წევრი შედიოდა. სწორედ ამ კომისიის სხდომაზე მივიღეთ მონაწილეობა... დაიწყო განხილვა, თუ რომელ ტერიტორიაზე უნდა აღდგენილიყო ჩეჩნეთ-ინგუშეთი. წარმოდგენილი ბარბაროსული გეგმის თანახმად, თითქმის ყველა ტერიტორია ისევ რჩებოდათ ჩრდილო ოსეთს, დაღესტანს და საქართველოს... ისე გამოდიოდა, რომ ჩვენ კვლავ მიწების გარეშე ვიქნებოდით და ამ ნარჩენებზე რესპუბლიკის შექმნა უაზრობად ჩანდა. განსაკუთრებით უარზე იყო ჩრდილო ოსეთის წარმომადგენელი აგკაცევი... კამათი საკმაოდ მწვავე იყო. მე სულ ვფიქრობდი – აი, ახლა ადგება აგკაცევი და იტყვის: “კარგი, მოვეშვათ ამ საკითხს, ჩვენ სხვისი მიწა არ გვინდა”. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. როცა მთიანი რაიონების კუთვნილების საკითხზე გადავედით, ვიდროვე და ანასტას მიქოიანს ვუთხარი: თქვენ კარგად იცნობთ ჩეჩნეთ-ინგუშეთს, რაღა დაგვრჩება, თუ ყველაფერს ისევ მეზობლებს დავუტოვებთ, განა ისინი დათანხმდებიან ამაზე? განა მათ არ შერცხვებათ ჩვენს სოფლებში იცხოვრონ და ჩვენი მიწის დოვლათით ისარგებლონ? მათ ხომ იციან, როგორი გზით მიიღეს ეს მიწები!

სიტუაცია განმუხტა დაღესტნის ასსრ-ის წარმომადგენელმა დანიალოვმა: “მართლაც, ჩეჩნებსა და ინგუშებს არაფერი რჩებათ, ეს უსამართლობაა... ჩვენ უარს ვამბობთ მათ მიწებზე, გავიყვანთ ჩვენს ხალხს და დაე, იქ ჩვენმა ძმებმა იცხოვრონ...”. დანიალოვის შემდეგ გამოვიდა საქართველოს ცეკას მდივანი, რომლის გვარი, სამწუხაროდ აღარ მახსოვს. ისიც ისე მოიქცა, როგორც ნამდვილ მამაკაცსა და კავკასიელს შეჰფერის – უარი თქვა ინგუშებისა და ჩეჩნების მიწებზე. ორივემ მოუწოდა ჩრდილო ოსეთის წარმომადგენელს, რათა მასაც უარი ეთქვა პრიგოროდნის რაიონზე, მაგრამ აგკაცევი კვლავ მუხანათურად მოიქცა. მან შეარცხვინა კავკასიელთა ღირსება, მზაკვარი გამოდგა...”.

საქართველოს მიერ რსფსრ-სათვის (ე.ი. ჩრდილო ოსეთისათვის და ჩეჩნეთ-ინგუშეთისათვის) უკან დაბრუნებული ტერიტორიების გადანაწილებასთან დაკავშირებით დავა ოსებსა და ინგუშებს შორის კიდევ გრძელდებოდა, განსაკუთრებით ეს ეხებოდა პრიგოროდნის რაიონის სამხრეთ ნაწილს. როგორც ინგუში მკვლევარი ტამერლან მუთალიევი აღნიშნავს, ოსები უკვე თავისად მიიჩნევდნენ ამ ტერიტორიას, მათ ძალიან სურდათ სოფელ ლარსისა და მის ახლოს მდებარე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის ხელში ჩაგდება – "იმ ჰესისა, რომელიც ქართველებმა რამდენიმე წლის წინ საკუთარი ფულით ააშენეს". “სამწუხაროდ, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის აღდგენის მიზნით შექმნილმა საორგანიზაციო კომიტეტმა ოსების მოთხოვნა დააკმაყოფილა. ასე მიითვისეს ოსებმა ინგუშეთის ისტორიული ტერიტორიის – ჯეირახის ხეობის დასავლეთი ნაწილიც”, - აღნიშნავს ტ.მუთალიევი. პრიგოროდნის რაიონის საკითხის გადაწყვეტილებამ ოსებისა და ინგუშების ურთიერთობებში მოგვიანებით ბომბის როლი შეასრულა. მართალია, 60-70-იან წლებში საქართველოს მიერ დაბრუნებული ტერიტორიების გაყოფის გამო ოს-ინგუშთა დაპირისპირება მძაფრად არ იგრძნობოდა, მაგრამ ეს იყო ქარიშხლისწინა მდგომარეობა – კონფლიქტმა მთელი ძალით 80-იანი წლების ბოლოს იფეთქა...

ასეთია საქართველოსათვის ჩრდილოკავკასიური ტერიტორიების გადმოცემისა და რუსეთისათვის მათი უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული მოვლენები. ვფიქრობ, მკითხველს უკვე ჩამოუყალიბდა საკუთარი თვალსაზრისი ჩვენი სამშობლოს ისტორიის ამ შედარებით ნაკლებად ცნობილი ფაქტების მიმართ. ახლა, როცა ცნობილია ციფრები, ფაქტები და არგუმენტები, ალბათ, შეიძლება უკვე, პირობითად მაინც, განვსაჯოთ: ყველაფერი სამართლიანად მოხდა თუ უსამართლოდ; რა შევიძინეთ და რა დავკარგეთ...


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე