RSS
"აფხაზ სეპარატისტებს დემოგრაფიული შიში არ უნელდებათ"
16.06.2014 10:48
ქეთი ჟურული

მოახლოვდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დრო და როგორც მოსალოდნელი იყო, კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება კონფლიქტურ რეგიონებში. რა თქმა უნდა, არავის ჰქონდა ილუზია, რომ ეს პროცესი თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩაივლიდა, მაგრამ...

ჯერ იყო და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე. წ. საზღვრების დადგენა, მავრთულხლართების გავლება და „საზღვარის“ უკანონოდ გადაკვეთის გამო მოსახლეობის გატაცება დაიწყო, შემდეგ ვითარება საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზეც გართულდა და ბოლო ერთი კვირის აქტუალურ თემად აფხაზეთში შექმნილი დაძაბული ვითარება გახდა. საკადრო გადაადგილებების და საპრტოტესტო აქციების შემდეგ, რომელიც ანქვაბის გადადგომის მოთხოვნით იმართებოდა, აფხაზეთის ოპოზიციამ აფხაზეთის ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაერთიანებაც მოითხოვა და რუსეთს ურთიერთობების გაღრმავებისკენ მოუწოდა.

აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „sazogadoeba.ge” აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრ გენერალ ლევან კიკნაძეს ესაუბრა:

ლევან კიკნაძე: აფხაზეთში ახალი არაფერი ხდება. მომხდარის არსს რომ უკეთესად ჩავწვდეთ, დავიწყებ ცოტა შორიდან. საქმე იმაში გახლავთ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ავტონომიები, შექმნილნი იყვნენ და მოქმედებდნენ, როგორც ნაღმები, რომლებსაც იმპერიული ძალები იმ შემთხვევაში აამოქმედებდნენ, როდესაც ამის აუცილებლობას დაინახავდნენ. როგორც კი რომელიმე მოკავშირე რესპუბლიკის მოსახლეობაში, განსაკუთრებით მისი ელიტის კრეატიულ ნაწილში, საბჭოთა იდეოლოგიისგან განსხვავებული მოსაზრება გაჩნდებოდა, რაც დასავლეთის იდეოლოგიური დივერსიით ინათლებოდა, მაშინვე ამოქმედდებოდა ზემოთ ხსენებული ნელი მოქმედების ნაღმები. ამ ნაღმებიდან ყველაზე ეფექტური ხსენებულ ავტონომიებში ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივება იყო. იმის და მიხედვით, თუ რა პრობლემები ჰქონდა მოცემული დროისთვის ადგილობრივ მოსახლეობას, დირექტივებიც შესაბამისი მოდიოდა კრემლიდან, რათა ავტონომიებისა და შესაბამისი რესპუბლიკის ცენტრალური ხელისუფლების დაპირისპირებას უფრო მწვავე და მასშტაბური ხასიათი მიეღო, რათა აუცილებელი გამხდარიყო მოსკოვის ჩარევა. ყოველი ასეთი ჩარევა კი ცენტრალური ხელისუფლების, ჩვენს შემთხვევაში, თბილისის მხრიდან, ახალ დათმობებს ნიშნავდა, რაც ზოგადად, აფხაზეთში სეპარატიზმის მომძლავრებას უწყობდა ხელს.

აქედან გამომდინარე, მოვლენები აფხაზეთში იმ სცენარის გაგრძელებაა, რომელიც თავის დროზე საბჭოთა სუკის ანალიტიკურ ცენტრებში დაიწერა და რომლის ანალოგსაც ბევრს შეხვდებით არა მარტო ამ კუთხით, არამედ სხვა ბევრი შემთხვევისთვისაც კრემლის დაკვეთით დაგეგმილ და განხორციელებულ სპეც. ღონისძიებების არსენალში.

-რამ გამოიწვია აფხაზეთში ხელისუფლების ცვლილება? როგორ ფიქრობთ, რუსეთმა რაიმე საფრთხე იგრძნო ანქვაბის ხელისუფლებისგან?

- აფხაზეთში ხელისუფლების ვადამდელი და ისიც ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა მარტივი ასახსნელი არ არის. იგი მრავალ სერიოზულ ფაქტორთან არის დაკავშირებული. აქედან მთავარი ის არის, რომ კრემლმა დაგვანახა ჩვენც და მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ აფხაზეთის დათმობას არ აპირებს, არც იმას დაუშვებს, რომ ვინმემ, მითუმეტეს აფხაზეთის პრეზიდენტმა, ფიქრიც კი გაბედოს ამ საკითხზე. ანქვაბი კი, როგორც ცნობილია, პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანია, რომელსაც შესაძლოა გაებედა და დამოუკიდებლად ეწარმოებინა კონსტრუქციული დიალოგი ქართულ მხარესთან.

- ანქვაბი სწორად მოიქცა, რომ გადადგა?

- ანქვაბი არ არის სეპარატისტი, ის არის აფხაზი კაცი, რომელიც იცავს აფხაზების ინტერესებს და ფიქრობს მათ მომავალზე. მას ძალიან კარგად ესმოდა, რომ თუ ხაჯიმბასა და მისგან მართული ოპოზიციის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებდა, სისხლისღვრას ვერ აცდებოდა, რასაც აფხაზი ხალხი ანქვაბს არ აპატიებდა. მას არც ხელისუფლების ძალით შენარჩუნება უნდოდა. მითუმეტეს, როდესაც მოსკოველმა მაღალჩინოსანმა მომრიგებლებმა თავიანთი განაცხადით, რომ არ აპირებდნენ აფხაზეთის საშინაო საქმეებში ჩარევას, აგრძნობინეს, რომ მისი საქმე დამთავრებული იყო და წინაღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. მან ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღო და გადადგა.

-საპროტესტო აქციების ჩატარების ერთ-ერთი მიზეზი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის აფხაზური პასპორტების უკანონო გაცემა იყო. როგორ ფიქრობთ, რატომ ეწინააღმდეგებიან ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემას?

- საყოველთაოდ ცნობილია, რომ აფხაზეთში ჩატარებულ ყველა დონის არჩევნებში გალის მოსახლეობის ხმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. გალელები კი უპირატესობას იმ აფხაზ ლიდერს ანიჭებდნენ, რომელიც ლოიალურად იყო განწყობილი ქართველების მიმართ, უფრო სწორად, გალელ ქართველებში მხოლოდ მუშა ხელს და აფხაზების მომსახურეებს არ ხედავდნენ. ხაჯიმბას და მის მომხრეებს არძინბას დროინდელი ვითარების შემობრუნება სურთ და ქართველების სახით ხელოვნურად შეკოწიწებული „მტრის ხატი“, რომელიც ხელში ადნებათ, უნდათ ისევ აქტუალური გახადონ. პასპორტების ჩამორთმევით, გარდა იმისა, რომ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ერთმევათ, სეპარატისტები ამგვარი ფანდით იმ მარადიული შიშის დაძლევასაც ფიქრობენ, რაც მუდამ აღელვებთ, ეს კი , როგორც ცნობილია, დემოგრაფიული შიშია. აფხაზეთის ქართველი მოსახლეობა, ამჟამად, ძველი და ახალი გალის რაიონების ხარჯზე, აფხაზების რაოდენობას თითქმის გაუტოლდა. გალის რაიონის სოფლის მოსახლეობა კი მატერიალურად ყველაზე შეძლებულია აფხაზეთში. ამიტომ არ არის გამორიცხული და ასეც იქნება, რომ სეპარატისტები შიშობენ მათთვის აფხაზური პასპორტების დატოვებით, იმავდროულად აფხაზეთის ნებისმიერ კუთხეში უძრავი ქონების შეძენის უფლებასაც უტოვებენ, რაც დემოგრაფიულ ვითარებას ისევ აფხაზებისთვის საზიანოდ შემოაბრუნებს. წარმოსადგენადაც კი ძნელია, თუ როგორი ასატანი გახდება ასეთი კატეგორიებით მოაზროვნე გონებადახშული სეპარატისტებისთვის იმის გაფიქრებაც კი, რომ ქართველები, მათივე ხელშეწყობით გაგრაში, გუდაუთაში, სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირეში მასიურად დაიწყებენ უძრავი ქონების შეძენას.

-ბევრი პოლიტოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას და მიიჩნივენ, რომ მთავრობა სათანადოდ არ რეაგირებს აფხაზეთის მოვლენებზე. თქვენ როგორ შეაფასებთ მთავრობის დამოკიდებულებას?

- რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ, პროტესტი გამოთქვას იმის გამო, რატომ ართმევთ გალის მოსახლეობას პასპორტსო? რადგან ამ პასპორტს უკანონოდ მივიჩნევთ, შესაბამისად, მისი გაცემაც და წართმევაც უკანონოა. ჩვენ ვერ გამოვთქვამთ პროტესტს იმის გათვალისწინებით, რომ პასპორტი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ატრიბუტია და გამოვა, რომ რაღაც ასპექტში მაინც ვაღიარებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. აქედან გამომდინარე, ქართული მხარე ამ საქმეში ვერ ჩაერევა. აფხაზეთში რადიკალი სეპარატისტები კი გაიძახიან ქართველები უნდა გავდევნოთო. ხაჯიბამაც თქვა, ასე ამბობენო, მაგრამ არსად არ არის აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ოფიციალური განცხადება, რომ ისინი აპირებენ ქართველების გამოდევნას, ამიტომ ჩვენ წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვით.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, აფხაზები ასეთ ნაბიჯს გადადგამენ?

- მე სხვანაირად ვფიქრობ. არ მგონია, რომ აფხაზები ამაზე წავიდნენ. თუ ისინი ამაზე წავიდნენ, მაშინ ეს იქნება ყველაზე დამღუპველი ნაბიჯი მათთვის. ამ თემას მოდით ნუღარ გავაგრძელებთ, ვნახოთ, დავაკვირდეთ.

-რამდენიმე პოლიტოლოგის ვარაუდით, აფხაზეთის „ევრაზიულ კავშირში“ გაწევრიანება გაზრდის იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. თუ მოვლენები მართლაც ასე განვითარდა, რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოზე?

 აფხაზებს უნდათ „ევრაზიის კავშირში“ შესვლა, რადგან ეს აძლევთ მათ საშუალებას, აფხაზეთი განიხილებოდეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილში მაინც. იგივე არეალში, რუსეთის არეალში, მაგრამ მაინც დამოუკიდებელი ქვეყანა. რადგან მისი დამოუკიდებლობა არ სცნო დასავლეთმა, უნდათ, რომ „ ევრაზიის კავშირის“ სტრუქტურაში მაინც სცნონ, რაც ჩემი აზრით არ იქნება ჩვენთვის მომგებიანი.

- თქვენ როგორ გესახებათ აფხაზეთის დაბრუნება? როგორ შეიძლება დაიწყოს ეს პროცესი და რამდენად მომგებიანი იქნება ამ პროცესში კულტურული ღონისძიებები?

-კულტურული და ჰუმანიტარული ღონისძიებები არ არის ძირითადი განმსაზღვრელი, მაგრამ ერთ-ერთი მნივნელოვანი ფაქტორი ნამდვილად არის. ნათესაური კავშირების აღდგენა, სახალხო დიპლომატია, კულტურული და სპორტული ღონისძიებები ყველაფერი ეს ადამიანების დაახლოებას, მათ შორის ნდობის გაჩენას უწყობს ხელს, რაც კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად უნდა იყოს მიჩნეული და ხელისუფლების უპირველესი საზრუნავიც ეს უნდა იყოს. მე მაგალითად ვთვლი, რომ ბაღაფშ- ანქვაბის მმართველობის პერიოდში ამ კუთხით ბევრი რამის გაკეთების შესაძლებლობა დაიკარგა. ეხლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა პოზიციას დაიჭერს ახალი დეფაქტო პრეზიდენტი და რა კურსს აირჩევს მოსკოვი 27 ივნისის შემდეგ, ახალი რეალობების გათვალისწინებით.

- ე.წ. „ საპრეზიდენტო არჩევნები“ 24 აგვისტოს დაინიშნა, თუმცა კანდიდატები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. როგორ ფიქრობთ, ვინ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას?

-იმისათვის, რომ ე. წ არჩევნებს დემოკრატიულობის იერი მისცენ, აუცილებლად რამდენიმე კანდიდატს დააყენებენ. მაგრამ, ჩემი აზრით, ყოველშემთხვევაში დღეს, ამ აზრზე ვარ, ხაჯიმბას ალტერნატივა არ ჰყავს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე