RSS
რუსეთი აფხაზეთის ანექსიის დასკვნით ეტაპზე გადავიდა
24.10.2014 10:33
თამარ ნინიძე, „ახალი თაობა“

ინტერვიუ აფხაზეთის უშიშროების ექს-მინისტრ გენერალ ლევან კიკნაძესთან

ბატონო ლევან, რას იტყოდით რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახალი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით?

ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთი თავის ტრადიციულ იმპერიულ პოლიტიკას არ ღალატობს და სიცრუის კარგად აპრობილებული მანქანით ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნებას თითქოს აფხაზი ეთნოსის კეთილდღეობაზე ფიქრით ათენებს და აღამებს. არადა, რუსეთის სპეცსამსახურების ანალიტიკურ ცენტრში მომზადებული და ხელმოსაწერად გამზადებული ე.წ. ხელშეკრულების პროექტი, რომელსაც ისევე, როგორც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებულ ნებისმიერ დოკუმენტს არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნია და სხვა არაფერია, თუ არა ნათელი დადასტურება იმისა, რომ კრემლი უკვე სეპარატისტების ინტერესების საწინააღმდეგოდ ცდილობს ბოლომდე მიიყვანოს აფხაზეთის ტერიტორიის სრული ანექსიის პროცესი, რომელიც კარგა ხნით ადრე აქვს დაწყებული.

- კი მაგრამ, საინტერესოა რა უშლიდა მოსკოვს ხელს 2009 წელს აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. ურთიერთთანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებაში იგივე შინაარსი ჩაედო, რაც ეხლა?
სწორედ აქ არის, როგორც იტყვიან ძაღლის თავი დამარხული. მე არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლებელია 2009 წლის ხელშეკრულების პირვანდელი ვარიანტი დიდად არ განსხვავდებოდა დღევანდელისგან, მაგრამ ადვილი საფიქრებელია, რომ ბაღაფშ-ანქვაბის ტანდემის წინააღმდეგობა ვერ გადალახეს და იძულებული გახდნენ მიეღოთ ისეთი, როგორიც ასე თუ ისე მისაღები იქნებოდა იმდრინდელი დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის, თუმცა ისიც უნდა ავღნიშნო, რომ აფხაზეთის ე.წ. სუვერენიტეტი იმ ხელშეკრულებითაც მას საკმაოდ ელახებოდა.

გაგახსენებთ მოგვიანებით გაგრის ზონის 160 კვ.კმ-ის რუსეთთან მიერთების მცდელობას, ის ე.წ. შეთანხმებაც ისე შეადგინეს მოსკოვში, რომ საჭიროდაც არ ჩათვალეს აფხაზური მხარის არა თუ მონაწილეობა, არამედ აზრის გაზიარებაც კი, რამაც შეურაცხყოფილი ბაღაფშის და მოსახლეობის ადეკვატური რეაქცია გამოიწვია. ასეთი ძნელად დასამორჩილებილი ლიდერისგან მოსკოვს შემდეგაც ჰქონდა გარკვეული პრობლემები და როგორც მოიშორეს, კარგად გამოჩნდა. არც ანქვაბი იყო კრემლისთვის მისაღები, მაგრამ იძულებული გახდნენ დროებით დაეთმოთ და ანგარიში გაეწიათ მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანისთვის. თუმცა ანქვაბის მოშორებას მისი დაშინებით (არ გამოირიცხებოდა ლიკვიდაციაც) მალევე შეეცადნენ, რაზეც მეტყველებს მოკლე პერიოდში ერთმანეთზე მიყოლებით მასზე განხორციელებული 5 ტერაქტი.

სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზ ჩინოვნიკთა გარკვეულმა კატეგორიამ და მათ შორის ანქვაბმაც იცოდა მოსკოვის მიერ ხელშეკრულების მზადების შესახებ. უცნობია გააცვნეს თუ არა ანქვაბს ხელშეკრულების პროექტი, მაგრამ კიდევაც რომ გაეცნოთ წარმოდგენილი ვარიანტი, დარწმუნებული ვარ მისგან უარს მიიღებდნენ. ამას თუ დავუმატებთ ანქვაბის მოსალოდნელ კონსტრუქციულ თანამშრომლობას საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან, ყველა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ იგი, როგორც კრემლის გეგმების ხელისშემშლელი, ჩამოაშორეს თანამდებობას, თანაც ეს გააკეთეს ხაჯიმბას ხელით, სპეცსამსახურებისთვის ჩვეული შეფუთვით.

- თქვენი მსჯელობიდან გამოდის, რომ კრემლის რჩეულმა და მისგან დავალებულმა ხაჯიმბამ უყოყმანოდ უნდა შეასრულოს მოსკოვის დირექტივები. თუ ეს ასეა რატომ შეეწინააღმდეგა ახალ ხელშეკრულებას?

შეეწინაღმდეგა გარკვეულ პუნქტებს და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ საკმაო გავლენის და ავტორიტეტის მქონე აფხაზი საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ასევე ქართულ-აფხაზური ომის ვეტერანებმა კატეგორიული უარი განაცხადეს შეთავაზებულ ვარიანტზე. დარწმუნებული ვარ, რომ თვით ხაჯიმბასთვის ცნობილი იქნებოდა ხსენებული ხელშეკრულების პროექტი, ვერც წინააღმდეგობას გაუწევდა მის ავტორებს, მაგრამ დაელოდა ხალხის რეაქციას და ცდილობს სახის შენარჩუნებას. ის ფანდიც, რომ ხელშეკრულების პროექტი ე.წ. პარლამენტს გადაეცა განსახილველად, ადამიანების თვალში ნაცრის შესაყრელად არის გამოყენებული, თითქოსდა დიდი ყურადღება ეთმობა მოსახლეობის და მათ მიერ არჩეული პარლამენტის გადაწყვეტილებას, სადაც მართლაც გამართულია მწვავე დებატები, რადგანაც იქაც საკმაოდ არიან პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანები. მაგრამ ფაქტი ერთია: აფზურმა საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ კრემლს, მათთვის სამოწყალოდ ბოძებული ე.წ. დამოუკიდებლობა მხოლოდ დეკლარირებისთვის სჭირდება და სხვა არავითარი დატვირთვის მატარებელი არ არის. სინამდვილეში ყველაფერი იქეთკენ მიყავს, რომ საბოლოოდ მოახდინოს აფხაზეთის ანექსია.

- მაინც რომელი პუნქტები იწვევენ აფხაზების უკმაყოფილებას?

ბევრი აღნიშნავს და ომის ვეტერანებიც კატეგორიულები არიან, იმის გამო, რომ ხელშეკრულების „ბევრ ადგილებში საუბარი მიდის სუვერენიტეტის დაკარგვზე“.
ძირითადად საფრთხის შემცველად მიიჩნევენ და არ მოსწონთ აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების შერწყმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან. არ მოსწონთ რუსეთის შინაგანი ჯარების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სტატუსი. შიშობენ და ალბათ ასეც იქნება, რომ შემოთავაზებული შინაგანი ჯარების საკორდინაციო ცენტრი ჩაანაცვლებს აფხაზეთის შსს-ს. უფლებების შელახვად მიიჩნევენ საბაჟოს წარმოდგენილი ვარიანტით გარდაქნას. აქვთ კითხვები განათლების სტანდარტებთან დაკავშირებით, რუსეთის მოქალაქეობის არ მქონე პირთა საპენსიო უზრუველყოფის საკითხებზე და ა.შ. რაც მთავარია, ღიად ვერ ლაპარაკობენ, მაგრამ მიუღებლად მიიჩნევენ ხელშეკრულების ამოქმედებიდან გარკვეული დროის შემდეგ დემოგრაფიული სურათის აფხაზების საწინააღმდეგოდ შეცვლის შესაძლებლობას. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ თუ პროცენტულად რამოდენიმეჯერ მეტი ქართველების წინააღმდეგ რუსის ჩექმა მოევლინათ დამხმარედ, მასიურად ჩამოსახლებულ უამრავ რუსს, დაწყებული სამხედროებიდან და მათი ოჯახებიდან, დამთავრებული სხვადასხვა დარგის სპეციალისტებამდე, ვერაფერს მოუხერხებენ. ამ შემთხვევაში კი იძულებული იქნებიან „უძღები შვილის“ კაპრიზებს შეელიონ, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში ყირიმელი თათრების ბედს გააზიარებიებენ.

ამ კუთხით მიუღებლად თვლიან და დიდ აღშფოთებას იწვევს აფხაზებში და მათ შორის განსაკუთრებით სეპარატისტულად განწყობილებში ხელშეკრულების მე-14 პუნქტი, რომელიც წარმოდგენილ ვარიანტში ითვალისწინებს ორივე მხარის მიერ ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას. აქაც რაღა თქმა უნდა წინა პლანზე იწევს იგივე დემოგრაფიული შიში. ამ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ აშფოთებთ რუსეთის ქართველი ეროვნების მოქალაქეების შემოსვლა და დაფუძნება აფხაზეთში, არანაკლები შიში აქვთ, როგორც უკვე ავღნიშნე, თვით რუსი ეროვნების მოქალაქეების მასობრივი შემოსვლისა. ბუნებრივია რუსების მისამართით გასაგები მიზეზის გამო ხმას ვერ იღებენ, ამიტომ მთელი აქცენტი გადატანილი აქვთ რუსეთის მოქალაქე ქართველებზე. ხსენებული პუნქტის გადაკეთებაზე დიდი აჟიოტაჟი და შეხლა-შემოხლა იყო პარლამენტში. უკიდურესად აღშფოთებული რადიკალური ფრთა არა მარტო უარს ამბობდა მათვის მიუღებელი პუნქტების კორექტირებაზე, არამედ ითხოვდა ხელშეკრულების საერთოდ უკან გაწვევას. ემოციებს ვერც პარლამენტის თავმჯდომარე ბგანბა იოკებდა და კატეგორიულად მოითხოვდა განსაკუთრებით ამ პუნქტის საერთოდ ამოღებას, ან კიდევ მის გადაკეთებას ისეთი რედაქციით, რომელშიც რუსეთის მხარე ცალმხრივად მისცემდა აფხაზეთის მოქალაქეებს უფლებას გამარტივებული წესით მიეღოთ რუსეთის მოქალაქეობა, ხოლო აფხაზური მხარე - არა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სახელშეკრულებო პრაქტიკაში უცნობია ცალმხრივი ფორმიულირება, რადგანაც უხეშად ირღვევა ერთ-ერთი მხარის უფლებები, მაინც აქვთ იმედი, რომ თავისას მიაღწევენ.

- როგორ ფიქრობთ რუსეთის მხარე დათანხმდება ხელშეკრულების პროექტში აფხაზების მიერ შეტანილ ცვლილებებს და მათ შორის მე-14 პუნქტის შესწორებულ ვარიანტს?

ზემოთაც ავღნიშნე და ეხლაც გეტყვით, რომ ხსენებული პროექტი აშკარა დადასტურებაა იმისა, რომ კრემლი იწყებს აფხაზეთის ანექსიის დასკვნით ეტაპს. მოსკოვმა, აფხაზი მხარის მონაწილეობის და აზრის გაზიარების გარეშე წარმოდგენილი ე.წ. ხელშეკრულებით, ნათლად მიანიშნა, რომ აღარავითარი მნიშვნელობა არა აქვს და არც იმაზე იტყვიან უარს პროექტმა გარკვეული სახეცვლილება განიცადოს. ის, რაც ვინმეს გაგებით პროექტია და ვითომ ექვემდებარება ე.წ. საყოველთაო განხილვა-შესწორებებს, რეალობაში კრემლის განზრახვებს ასახავს და მისი საბოლოო სამოქმედო გეგმაა და მორჩა. აქედან გამომდინარე აფხაზური მხარის ფაფხური და ატეხილი ვაი-ვიში კრემლის მზაკვრულ გეგმებს ვერ შეცვლის. ეს მშვენივრად ესმით მათ, ვისაც ჯერ კიდევ შერჩათ ვითარების ობიექტურად შეფასების უნარი და გამოსავალს ვერ ხედავენ შექმნილ ტრგიკომიკური სიტუაციიდან. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ პროექტზე აფხაზური სპეციფიკის უცოდინარი ხალხი მუშაობდა, მაგრამ უფრო პრაგმატულად მოაზროვნეებისაგან იმასაც გაიგონებთ, რომ პროექტზე მომუშავე ადამიანებმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვეს და საწუწუნო აფხაზებს არაფერი არ აქვთ. ცნობილი პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ინალ ხაშიგი თავისებურად, შეულამაზებლად აღწერს შექმნილ ვითარებას და ამთავრებს ფრთოვანი ფრაზით: „этот день мы приближали, как могли“. მისივე აზრით „შემოთავაზებული პროექტი ავადმყოფური წარმოდგენების, ან აფხაზური სპეციფიკის უცოდინარობის ნაყოფი კი არ არის, არამედ მმართველი ელიტის უპასუხისმგებლობის პროდუქტია, ან ჩვენ თვითონ გამოვსწორდებით ან გამოგვასწორებენ“ -ასკვნის იგი და, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, კიდევ რჩება იმედი, რომ ისევ რუსები გამოასწორებენ.

- გასაგებია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ასეთ რთულ სიტუაციაში რა გააკეთოს, რა ზომებს მიმართოს?

საქართველოსთვის აფხაზური სეპარატიზმის და მისი მხარდამჭერი ძალების პრობლემა ყოველთვის იდგა. თუ საბჭოთა კავშირის დროს სეპარატისტული მოთხოვნები პერიოდულად გვახსენებდნენ თავს, გამოვლინებებიც იმისდა მიხედვით იცვლებოდა, საქართველოს ხელისუფლებაზე თუ როგორი ზეგავლენის მოხდენა იგეგმებოდა კრემლის მხრიდან. დათმობებიც შესაბამისი იყო, რომლებიც ასევე საკავშირო ცეკაში წყდებოდა. მართალია დღეს საქართველოს რუსეთი ვერაფერს უკარნახებს, მაგრამ აფხაზეთზე ზემოქმედების ყველა ბერკეტებს ფლობს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს დასახული მიზნისკენ. მართალია არც ჩვენ ვართ მარტო და საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მხრიდანაც მხარდაჭერაც გვაქვს, მაგრამ პრობლემა იმდენად რთული და მრავაწახნაგოვანია, რომ მის მოსაგვარებლად მხოლოდ დასავლეთისკენ ყურება მიზნამდე ვერ მიგვიყვანს. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ-აფხაზური პრობლემის მოგვარების გასაღები ქათველებმა, აფხაზებთან ერთად უნდა ვეძებოთ და აუცილებლად მოვძებნოთ.

ძალიან ბევრის აზრი მოვისმინე და წავიკითხე ამ ბოლო დროს აფხაზთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩემთვის გასაგებია დღევანდელი ხელისუფლების პოზიციაც. მინდა მჯეროდეს, რომ მან, ჩვენზე კარგად იცის რა და როგორ თქვას. ეს მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ხელისუფალია, არამედ იმიტომ, რომ ხსენებულ პრობლემებზე მომუშავე ოფიციალური სტრუქტურებიდან მიღებულ ინფორმაციებს ყველაზე ამომწურავად იგი ფლობს და შესაბამის გადაწყვეტილებებსაც ის იღებს. ამ ფონზე საკმაოდ არასერიოზულად ჩანს იმ პოლიტიკოსების, ექსპერტების, და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებები, რომელთა შორის ბევრი „ყველაფრის მცოდნე“ ზოგადი ფრაზებით(დაბალანსება, დალაგება, გააქტიურება) ცდილობს გვაჩვენოს თავისი კომპეტენტურობა და რეალურს არაფერს გვთავაზობს. არა და, ვერც შემოგვთავაზებს, რადგანაც ვისაც ცოტაოდენი გამოცდილება აქვს ამ კუთხით და მით უმეტეს ამ პროცესში არის ჩართული, კარგად მოეხსენება, რომ ასეთ საკითხებზე მსჯელობა საჯაროდ და შოუებში არ უნდა წყდებოდეს.

მას შემდეგ, რაც ხსენებული პროექტი გამოქვეყნდა და ყველა ნორმალურად მოაზროვნე აფხაზმა ნათლად იგრძნო თუ რა საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ, ჩვენი მთავარი საზრუნავი მიმართული უნდა იქნეს იქითკენ, რომ რაც არ უნდა დაგვიჯდეს პირველ რიგში ვიფიქროთ აფხაზებთან ნდობის აღდგენაზე. ეს პროცესი არავითარ შემთხვევაში სპონტანურად არ უნდა წარიმართოს. იგი უნდა დაეყრდნოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სტრატეგიულ გეგმას,რომელშიც დეტალურად უნდა იყოს გაწერილი ყველა სტრუქტურის ფუნქციები. მარტო პაატა ზაქარეიშვილის უწყება და საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საქმეს თავს ვერ გაართმევენ. მასში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ვისაც კი ამ მიმართულებით რამის გაკეთება შეგვიძლია.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე