RSS
განათლების უფლება გალის რაიონში
04.11.2015 15:06

2015 წლის 4 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალურ ანგარიში წარადგინა „განათლების უფლება გალის რაიონში: 2015-2016 სასწავლო წლის სიახლეები და თანმდევი პრობლემები“.

სპეციალურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 2015-2016 სასწავლო წელს გალის რაიონის ყველა დაწყებითი კლასის მოსწავლემ (1-4 კლასი) სწავლა რუსულად, რუსეთის ფედერაციაში გამოცემული სახელმძღვანელოებით დაიწყო და ასე გაგრძელდება ყოველ მომდევნო წელს. შესაბამისად, 6 წელიწადში სასწავლო პროცესიდან სრულიად განიდევნება ქართული ენა და სასკოლო განათლება რუსულ ენაზე გადავა.

აღსანიშნავია, რომ გალის რაიონის მოსახლეობის, მათ შორის სკოლის მოსწავლეების დიდი უმრავლესობა თვითიდენტიფიცირებას ახდენს როგორც ეროვნებით ქართველი, ეს ეროვნება აქვთ ასევე მითითებული ე.წ. აფხაზურ პასპორტებშიც. ის ფაქტი, რომ ბავშვებს ეზღუდებათ მშობლიურ ენაზე სასკოლო განათლების მიღების უფლება ქმნის ხარისხიანი განათლების მიღებისა და განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემას.

სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი 1995 წლიდან დღემდე გალის მკვიდრთა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების და განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის, დისკრიმინაციისა და ბავშვებზე ძალადობის ფაქტები და წარმოდგენილია შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებების დაცვა დაპირისპირებულ მხარეთა შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტიაა. საზოგადოებას, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები და ღირსება, მეტი შანსი აქვს მიაღწიოს სოციალურ კეთილდღეობაზე, თანასწორობასა და ეკონომიკურ აღმავლობაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ განვითარებას.

გალის რაიონს და იქ მაცხოვრებელ მოსახლეობას შეუძლია განსაკუთრებული როლი ითამაშოს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნორმალიზებაში, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. ადგილობრივ მკვიდრთა უფლებების დასაცავად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შემდეგი ღონისძიებების გატარება:

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილე სახელმწიფო სტრუქტურებმა და საქართველოს პარლამენტმა არ უნდა დაიშურონ პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევა გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დასაცავად, რომელიც უნდა მოიცავდეს როგორც მოლაპარაკებების დროს ამ საკითხის დაყენებას და საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო ინფორმირებას, ისე საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა განაგრძოს გალის რაიონის სკოლების და იქ მომუშავე პერსონალის მხარდაჭერა; გააუმჯობესოს საგანმანათლებლო პროგრამები გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის, მათი საჭიროებების მიხედვით; და შეიმუშაოს გაცვლითი და არაფორმალური განათლების პროგრამები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსწავლეებს საშუალო განათლების მიღების პროცესში არსებული დანაკლისის შევსების შესაძლებლობას მისცემს.

ასევე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა ამ პროცესში რათა მუდმივი ყურადღება იყოს მიმართული აფხაზეთში განათლების უფლების დაცვაზე, ეს ალბათ შეუძლებელი იქნება აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დაცვითი მისიების მუშაობის აღდგენისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის გარეშე. საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს, რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლებებთან დიალოგის მნიშვნელოვანი კომპონენტად უნდა იქცეს.

თავისთავად ცხადია, გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დაცვასა და რეალიზებაზე ყველა პასუხისმგებელი პირსა თუ მხარეს, მათ შორის რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას, ეკისრებათ პასუხისმგებლობა გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დაცვაზე. ამისათვის უნდა აღმოფხვრას ის ბარიერები, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს გამყოფ ხაზზე გადაადგილების დროს ექმნებათ და გარანტირებული უნდა იყოს გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, უნდა შეწყდეს დისკრიმინაციული და ასიმილაციის პოლიტიკა და გალის რაიონის მკვიდრთა ინტეგრაციის მიზნით უნდა აღდგეს სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება და ამასთან ერთად, გაძლიერდეს აფხაზური ენისა და კულტურის სწავლება.

ანგარიშის პრეზენტაციას ჟურნალისტები, საერთაშორისო მისიების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
განათლების უფლება გალის რაიონში
04.11.2015 15:06
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
ყველა სიახლე