RSS
რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთში და გაეროს როლი კონფლიქტის მოგვარების პროცესში
17.08.2009 12:29
გოჩა გვარამია
ექსპერტთა კლუბი

აფხაზეთში კონფლიქტის დაწყებიდან პირველი შეთახმება ცეცხლის შეწყვეტისა და საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ ოფიციალურად 1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში გაფორმდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავიდანვე ყველა ოფიციალურ დოკუმენტს მხარეების სახით მხოლოდ საქართველო და რუსეთი აწერს ხელს. რაც შეეხება აფხაზეთის წარმომადგენლობას, რომელშიც როგორც სეპარატისტული, ასევე ლეგიტიმური სტრუქტურების წარმომადგენლები შედიან, წარმოადგენენ პირებს, რომლებიც ეთანხმებიან მიღწეულ შეთანხმებებს. ანუ კონფლიქტის მხარეებად თავიდანვე საქართველო და რუსეთი იყო დაფიქსირებული.

მოსკოვის 1992 წლის 3 სექტემბრის ხელშეკრულების პრეამბულაშივე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან ერთად, დაუშვებლად თვლიან სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და მათი საზღვრების ხელშეუხებლობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ნებისმიერი სახით შელახვას. როგორც ვხედავთ, რუსეთის ფედერაცია და სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები თავიდანვე ეჭვქვეშაც კი არ აყენებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.

რა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით დღეს – თუ რუსეთი ადრე არადეკლარირებული ფორმით ახდენდა სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერას, მისი დღევანდელი პოზიცია მიუთითებს იმაზე, რომ იგი არა თუ არღვევს ადრე მიღწეულ შეთანხმებებსა და გაეროს რეზოლუციებს, არამედ არაფრად აგდებს საერთაშორისო ნორმებს და ცდილობს, მსოფლიოში საკუთარი, ძალადობრივ მეთოდებზე დამყარებული წესები დაამკვიდროს.

მოსკოვის 1992 წლის 3 სექტემბრის შეთახმების ანლიზისას იკვეთება შემდეგი ძირითადი საკითხები:
1. ეჭვგარეშეა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ითვლება, რომ ″დაუშვებელია სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და მათი საზღვრების ხელშეუხებლობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ნებისმიერი სახით შელახვა...″
2. მიღწეულია შეთანხმება ″ცეცხლის შეწყვეტისა და ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის არ გამოყენების შესახებ″;
3. ცეცხლის შეწყვეტისა და ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების, აფხაზეთში არაკანონიერი შეირაღებული ძალების და ჯგუფების შეღწევის აღკვეთის, ასევე აფხაზეთში უკვე არსებული უკანონო ფორმირებების დაშლისა და მათი აფხაზეთიდან გაყვანის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა კომისია საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების მიერ, მათ შორის აფხაზეთის და რუსეთის, დანიშნული წარმომადგენლებისაგან;
4.საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ″რკინიგზის მაგისტრალებისა და სხვა გარკვეული ობიექტების დაცვაზე″ პასუხისგებლობა ეკისრებათ.

1992 წლის 3 სექტემბრის ხელშეკრულების მიღებიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 3-5 ოქტომბერს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის უკანონო შეიარაღებული ძალების, კაზაკთა შენაერთების, ჩრდილო კავკასიიდან და არაბეთის ქვეყნებიდან დაქირავებულთა რაზმებმა სრული კონტროლი დაამყარეს გაგრის ზონაზე. ამ სამხედრო ოპერაციის შედეგად აფხაზეთში ქართველთა პირველი ეთნოწმენდა განხორციელდა და დევნილები ოფიციალურად სწორედ ამ პერიოდიდან დაფიქსირდნენ.

როგორც ვხედავთ, აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებისა და რუსეთის მხარის მიერ დარღვეულ იქნა მიღწეული შეთანხმების ყველა პუნქტი, რომელთაც კონფლიქტის მოგვარება უნდა უზრუნველეყო. 1992 წელს გაგრის დაცემის შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მიერ ″საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით″ 8 ოქტომბერს გაკეთდა საგანგებო გაცხადება, სადაც მოუწოდებს მხარეებს შეწყვიტონ შეიარაღებული დაპირისპირება და დაიცვან მოსკოვის 1992 წლის 3 სექტემბრის შეთანხმება, რომელიც თავის მხრივ ″...ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუვალობას, ითვალისწინებს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, მხარეების მიერ ცეცხლის შეწყვეტისა და ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ძალის არგამოყენებას და კონფლიქტის სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოგვარების საფუძველს წარმოადგენს...″. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან აღნიშნული გაცხადება გაეროს უშიშროების საბჭოს სახელით გაკეთდა, იგი შეთანხმებული იყო უშიშროების საბჭოს ყველა წევრთან და ხელმოწერილი მათ მიერ. ანუ განცხადების ფორმულირებას სრულად რუსეთიც დაეთანხმა.

მიუხედავად ამისა, შემდგომ პერიოდში მოსკოვის 1992 წლის 3 სექტემბრის შეთანხმება, ასევე მის საფუძველზე შემდგომში მიღწეული შეთანხმებები და გაეროს რეზოლუციები მუდმივად ირღვეოდა სეპარატისტული რეჟიმისა და რუსეთის მხარის მიერ, რომელიც, თავის მხრივ, სეპარატისტული რეჟიმისადმი მხარდაჭერით, კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობის ნაცვლად ყოველნაირად ხელს უწყობდა მის ესკალაციას.

აფხაზეთში კონფლიქტის პერიოდში 1992-93 წლებში წარმოებული საომარი მოქმედებების ქრონოლოგია

ქვემოთ წარმოდგენილი საბრძოლო მოქმედებების ქრონოლოგია ნათლად ასახავს სეპარატისტული რეჟიმისა და რუსეთის მხარის ყველა იმ დარღვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1992 წლის 3 სექტემბრის მოსკოვის შეთანხმების ″ცეცხლის შეწყვეტისა და აფხაზეთში, საქართველო კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების შესახებ″ ოფიციალურად გაფორმების შემდეგ.

1992 წლის 3-5 ოქტომბერი - აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ძალებმა, კაზაკთა შენაერთებმა, ჩრდილო კავკასიიდან და არაბეთის ქვეყნებიდან დაქირავებულთა რაზმებმა სრული კონტროლი დაამყარეს გაგრის ზონაზე. ამ სამხედრო ოპერაციის შედეგად აფხაზეთში ქართველთა ეთნოწმენდა პირველად განხორციელდა.

1992 წლის 3 ნოემბერი - ჩრდილო კავკასიიდან და არაბეთის ქვეყნებიდან დაქირავებულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა სოხუმის ირგვლივ სტრატეგიული სიმაღლეების აღების მცდელობა განახორციელეს შრომა-ახალშენის მიმართულებით (სოხუმის ჩრდილოეთი შემოგარენი). ამ შემოტევის დროს ქართველების მიერ ტყვედ იქნა აყვანილი სირიის მოქალაქე. როგორც შემდგომ გაირკვა, იგი პროფესიონალი სამხედრო მზვერავი იყო.

1993 წლის 5 იანვარი – აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ძალებმა გუმისთის ფრონტის გარღვევის მცდელობა განახორციელეს.

1993 წლის 16 მარტი – განხორციელდა ყველაზე ფართომასშტაბიანი შეტევა გუმისთისა და ოჩამჩირის მიმართულებით. ასევე შრომა-ახალშენის მიმართულებით წარმოებულ იქნა დაზვერვითი იერიშები. ამ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციაში, გარდა სეპარატისტული რეჟიმის შეიარაღებული ძალებისა, მონაწილეობას იღებდნენ დაქირავებული ბოევიკები ჩრდილო კავკასიიდან და არაბეთის ქვეყნებიდან, შეიარაღებული ჯგუფები დნესტრისპირეთიდან, ასევე რუსეთის რეგულარული ჯარების შენაერთები, მათ შორის გუდაუთაში დისლოცირებული რუსეთის სადესანტო-მოიერეშე პოლკის ნაწილები, რომლებიც რუსეთის მაშინდელი თავდაცვის მინისტრის პავლე გრაჩოვის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ. აღნიშნულ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა პირველად მიიღო რუსეთის ავიაციამ, რომლის თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს სოხუმზე. სოხუმის სხვადასხვა უბნებში ათეულობით სახლი განადგურდა, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა.

1993 წლის ივლისი – სეპარატისტთა შეიარაღებული ძალებისა და რუსეთის სადესანტო-მოიერიშე შენაერთების მიერ განხორციელდა შეტევა გუმისთის, შრომა-ახალშენისა და ოჩამჩირის მიმართულებებზე. პირველად იქნა გამოყენებული საზღვაო დესანტი. მიუხედავად დიდი დანაკარგებისა, სეპარატისტებმა მაინც შეძლეს სოხუმის შემოგარენში სტრატეგიული სიმაღლეების დაკავება, რაც ამ სამხედრო ოპერაციაში მათ ძირითად მიზანს წარმოადგენდა.

1993 წლის 16 სექტემბერი – რუსეთის რეგულარული ჯარების შენაერთების უშუალო მონაწილეობით, რომლებიც უკვე არც კი მალავდნენ საკუთარ მონაწილეობას და ჯავშანტექნიკაზე რუსული დროშებით გადაადგილდებოდნენ, სეპარატისტებმა ფართომასშტაბიანი ოპერაცია წამოიწყეს სოხუმის მიმართულებით. ვინაიდან ამ დროისათვის ქართული მხარის შეირაღებული ძალები აფხაზეთში სოჭის 1993 წლის 27 ივლისის შეთახმების თანახმად პრაქტიკულად განიარაღებული იყო, მათ ვერ შეძლეს სოხუმის დაცვა.

უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების პერიოდში რუსეთი ყველა საშუალებას მიმართავდა რათა სამხედრო დახმარება აღმოეჩინა სეპარატისტებისათვის. ამ მიზნებისთვის რუსეთმა ეფექტურად გამოიყენა გაეროსა და წითელი ჯვრის მისიები. კერძოდ, 1993 წლის 19 იანვარს რუსეთის მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რითაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაევალა ქ.სოჭიდან ტყვარჩელში ჰუმანიტარიული ტვირთების შეტანისა და ტყვარჩელის მოსახლეობის ქ.სოჭში ევაკუციისათვის ვერტმფრენების გამოყოფა, რომლებსაც წითელი ჯვარის განმასხვებელი ნიშნები ექნებოდა. ბუნებრივია, რომ ამგვარი ნიშნებით არცერთი სატრანსპორტო საშუალება ტვირთების სახეობის შემოწმებაზე კონტროლს არ ექვემდებარება, რაც სათავისოდ გამოიყენეს რუსმა სამხედროებმა. მათ ტყვარჩელში ჰუმანიტარული ტვირთებთან ერთად შეიარაღება და ცოცხალი ძალა შეყავდათ. მიუხედავად იმისა, რომ რუსი სამხედროების ამგვარ ქმედებებზე ქართული მხარე რეგულარულად ახსენებდა გაეროს წარმოამდგენლობას, მათი მხრიდან არ იქნა მიღებული სათანადო ზომები. ვინაიდან რუსეთის ამგვარი საქმიანობა ჩირქს სცხებდა საერთაშორისო ორგანიზაცების რეპუტაციას, გაეროს სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლები უნდა დაინტერესებულიყვნენ ქართული მხარის ინფორმაციის სისწორეში, მაგრამ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა სრულ იგნორირებას. უფრო მეტიც, მაშინ, როცა ქართული მხარის სამართალდამცავების მიერ ტვირთების შემოწმების მიზნით ბლოკირებული იქნა ტყვარჩელში მიმავალი დიდძალი კოლონა, გაეროს სადამკვირებლო კომიისიის წარმომადგენლების უშუალო ჩარევით ქართველ სამართალდამცავებს კატეგორიულად აეკრძალათ ამ კოლონის შემოწმება.

ამის შემდეგ რუსეთიდან აფხაზეთში, განსაკუთრებით ტყვარჩელში, ე.წ. ჰუმანიტარული ტვირთების სახმელეთო და საჰაერო გზებით შემოტანამ 1993 წლის აგვისტოსათვის ინტენსიური ხასიათი მიიღო. შედეგად, სექტემბრისათვის სეპარატისტთა სამხედრო შენაერთებს ტყვარჩელში დიდძალი ცოცხალი ძალა და შეიარაღება გაუჩნდათ, რაც კარგად გამოიყენეს სოხუმზე ფართომასშტაბიანი შემოტევისას. გადაკეტეს ოჩამჩირისა და სოხუმის დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები, რამაც ფაქტიურად საომარი მოქმედებების ბედი სეპარატისტთა სასარგებლოდ გადაწყვიტა.

უნდა აღინიშნოს, რომ 1992 წლის 3 სექტემბრის მოსკოვის ხელშეკრულება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა ერთადერთი დოკუმენტი, რომელსაც სეპარატისტული მხარე რუსეთის აქტიური მხარდაჭერით არღვევდა.

საომარი მოქმედებების პერიოდში გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული იქნა არაერთი განცხადება და რეზოლუცია, კერძოდ:

  • 1992 წლის 3 სექტემბერის მოსკოვის ხელშეკრულება S/24523

  • 1992 წლის 10 სექტემბერი - გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის საგანგებო გაცხადება S/24542

  • 1992 წლის 7 ოქტომბერი – გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარესადმი გაეროს გენერალური მდივნის წერილი S/24633.

  • 1992 წლის 8 ოქტომბერი – გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის განცხადება S/24637

  • 1992 წლის 10 ნოემბერი - გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარესადმი გაეროს გენერალური მდივნის წერილი S/24794

  • 1993 წლის 28 იანვარი – გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება ″აფხაზეთში, საქართველოს რესპუბლიკა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით″ S/25188

  • 1993 წლის 29 იანვარი - გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის განცხადება S/25198

  • 1993 წლის 14 მარტი – რუსეთის შუამავლობით შედგა შეთანხმება ცეცხლის განუახლებლობის და ერთმანეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალის არგამოყენების შესახებ (16 მარტს რუსეთის ავიაციის გამოყენებით სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო).

  • 1993 წლის 5 მაისი – გაეროს გენერალური მდივნის წერილი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარისადმი საქრთველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით S/25756

  • 1993 წლის 14 მაისი - რუსეთის შუამდგომლობით შედგა შეთანხმება ″საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობისა და ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ძალის არ გამოყენების შესახებ″, რაზეც ინფორმირებული იყო გაეროს უშიშროების საბჭო, რაც თავის მხრივ ასახვას პოვებს მის შემდგომ რეზოლუციებში. რუსეთის აქტიური მხარდაჭერით შეთანხმება კვლავ იქნა დარღვეული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მიერ.

  • 1993 წლის 1 ივლისი – გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება აფხაზეთში, საქართველო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით S/26023

  • 1993 წლის 2 ივლისი - გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის განცხადება S/26032

  • 1993 წლის 7 ივლისი – გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება აფხაზეთში, საქართველო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით S/26023/Add.2

  • 1993 წლის 9 ივლისი – გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 849 (1993)

  • 1993 წლის 27 ივლისი – სოჭში რუსეთის შუამდგომლობით გაფორმდა მორიგი შეთანხმება აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მის შესრულებაზე კონტროლის მექანიზმის შესახებ

  • 1993 წლის 6 აგვისტო - გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება გაეროს უშიშროების საბჭოს 849 (1993) რეზოლუციასთან დაკავშიორებით S/26250

  • 1993 წლის 6 აგვისტო - გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 854 (1993)

  • 1993 წლის 24 აგვისტო - გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 858 (1993)

  • 1993 წლის 17 სექტემბერი - გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის განცხადება სოხუმის აღების მიზნით სამხედრო ოპერაციების განახლებასთან დაკავშირებით S/26463. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე მოუწოდებდა არა მარტო ცეცხლის შეწყვეტას, არამედ მოითხოვდა კონფლიქტური მხარეები დაბრუნებოდნენ იმ პოზიციებს, რომელიც დაფიქსირებული იყო 27 ივლისის ხელშეკრულებით, რაც არ შესრულდა.

სამწუხაროა, რომ საქართველოსადმი მხარდაჭერა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სურვილი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მხოლოდ დეკლარირებულ ხასიათს ატარებდა. შეთანხმებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების უგულვებელყოფისათვის სეპარატისტებისა და განსაკუთრებით რუსეთის მიმართ, რომელსაც პირნათლად უნდა შეესრულებინა შუამავლისა და შემრიგებლის ფუნქციები, საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული არანირი ქმედითი სანქციები არ გატარებულა. უფრო მეტიც, ყურადღებას იპყრობს აფხაზეთში კონფლიქტის აქტიური ფაზის, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული პირველივე რეზოლუცია.

უნდა აღნიშნოს, რომ აღნიშნული რეზოლუცია მიღებული იქნა თითქმის ერთი თვის შემდეგ, რაც რუსეთის უშუალო მონაწილეობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე არძინბას სეპარატისტულმა რეჟიმმა სრული კონტროლი დაამყარა. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრის შემოტევისას აფხაზებთან ერთად რუსეთის სამხედრო დანაყოფებიც მონაწილეობდნენ, რაზეც არსებობს შესაბამისი ფოტო და ვიდეო დოკუმენტები, რომლებიც თავის დროზე ქართულმა მხარემ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის გაეროს გადასცა, მიღებულ რეზოლუციაში აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიაში რუსეთის როლი ერთი სიტყვითაც კი არ არის ასახული.

აქედან გამომდინარე, 1992-93 წლებში აფხაზეთში სეპარატისტული რეჟიმის შეიარაღებული დაჯგუფებების, ჩრდილო კავკასიელთა და არაბეთის ქვეყნების დაქირავებული ტერორისტების, ასევე კაზაკთა და რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარების მიერ განხორციელებულ ქართველთა ეთნოწმენდაზე, 530 ათასი აფხაზეთის მოსახლეობიდან დაახლოებით 350 ათასზე მეტ უსახლკაროდ დარჩენილ აფხაზეთის პატივაყრილ მოსახლეობაზე, გარკვეული წილი პასუხისმგებლობა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ძირითადად გაერომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

1993 წელს აფხაზეთში, საქართველო საომარი მოქმედებების დამთავრებით კონფლიქტის მოგვარების პროცესმა დიპლომატიურ ჭრილში გადაინაცვლა, მაგრამ კონფლიქტი დღემდე მოუგვარებელი რჩება.

1993 წლის 30 ნოემბერს ჟენევაში გაფორმებული მემორანდუმის "ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ურთიერთგაგებაზე" მე-4 პუნქტი პირდაპირ აფიქსირებს, რომ :
"მხარეები საკუთარ თავს ვალდებულად თვლიან სასწრაფოდ გადაწყვიტონ დევნილთა და გადაადგილებულ პირთა პრობლემები. მხარეები ვალდაბულებას იღებენ აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე დევნლთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, სწრაფი დაბრუნებისათვის შექმნან სათანადო პირობები. ყველა დაბრუნებულ დევნილს დაუბრუნდეთ დატოვებული ბინები, სახლები, მიწის ნაკვეთები და ქონება.

მხარეები იმედს გამოთქვამენ აღნიშნული პრობლემის მონაწილეობაში დევნილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარის უშუალო მონაწილეობაზე".

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მემორანდუმი რუსეთისა და გაეროს წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობით იქნა შემუშავებული და მათი თანდასწრებით ხელმოწერილი, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ შემდგომ რეზოლუციებში არსად დაფიქსირებულა გაეროს სურვილი მონაწილეობა მიეღო დევნილთა დაბრუნების პროცესში. რეზოლუციებში ასახვა მხოლოდ დევნილთა დაბრუნებაზე უფლებებმა ჰპოვა. ანუ დევნილთა უსაფრთხო დაბრუნებასთან დაკავშირებით გაეროს არანირი არა თუ ქმედითი ღონისძიებები, არამედ რეკომენდაციებიც კი არ შეუმუშვებია.

აქვე აუცილებელია ავღნიშნოთ საქართველოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე გაეროს მისიის არაადეკვატური მოღვაწეობა. სტანდარტები და ინსტრუქციები, რომლებითაც მისიის წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ, აშკარად არ შეესატყვისებოდნენ რეალობას.

კავკასიური მენტალიტეტის, ადგილობრივ მცხოვრებთა ეთნო-ფსიქოლოგიური თავისებურებების, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გენეზისის არ ცოდნა, რუსეთის მზაკვრული გეგმის და ხსენებულ კონფლიქტში მისი, როგორც დაინტერესებული მხარის როლის გაუთვალისწინებლობა პირდაპირ ასახვას ჰპოვებდა მათ არაეფექტურ საქმიანობაზე. რჩებოდა შთაბეჭდეილება, რომ მათი ძალისხმევა ძირითადად მიმართული იყო კონფლიქტურ რეგიონებში დაპირისპირებულ მხარეებს შორის სტატუს-ქვოს შენარჩუნებაზე და მხოლოდ ჰუმანიტარული, რიგ შემთხვევებში ვირტუალური პროგრამების განხორციელების ხელშეწყობაზე.

გაეროს მისიის არადამაკმაყოფილებელ საქმიანობაზე მეტყველებს წლების განმავლობაში მათ თვალწინ გალის რაიონის ტერიტორიაზე სეპარატისტული რეჟიმის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ ჩატარებული ე.წ. "სადამსჯელო ოპერაციები", რომლებშიც აქტიურ მონაწილეობას გაეროს მანდატით აღჭურვული ე.წ. კოლექტიური სამშვიდობო ძალები ღებულობდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს ძალები მთლიანად კომპლექტდებოდა მხოლოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო კონტიგენტით, რომლის ძირითად ბირთვს შეადგენდა აფხაზეთის ომში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები ჩრდილო კავკასიიდან და სამხრეთ რუსეთიდან (კაზაკები).

ამავე დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე აშკარად იგრძნობოდა ადგილობრივი სეპარატისტული რეჟიმის და სამშვიდობო ძლების ხელმძღვანელობის უარყოფითი ზეგავლენა გაეროს მისიის წარმომადგენლებზე, რაც ძირითადად გამოიხატებოდა აფხაზი "ბოევიკების" და რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი დანაშაულებების, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების მიმართ არასათანადო რეაგირებაში (მკვლელობა, ძარცვა, გატაცება, საცხოვრებელი ადგილიდან გამოდევნა, კონტრაბანდა, ნარკოტიკებით და იარაღით უკანონო ვაჭრობა, ტრეფიკინგი და სხვა). გაეროს მისიის წარმომადგენლები იმდენად უსუსურად გამოიყურებოდნენ რუსი სამხედროების წინაშე, რომ სიტყვიერი დაგმობის გარდა, ვერანაირი რეაგირება ვერ მოახერხეს გაეროს ვერტმფრენის ჩამოგდების და გაეროს დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენელთა გატაცების ფაქტებზე.

ასავე სათანადო რეაგირების გარეშე დარჩა 1998 წლის მაისის გალის მოვლენები, როდესაც გალის რაიონში საკუთარი რისკის ფასად დაბრუნებული ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მეორედ გახდა იძულებული დაეტოვებინა საკუთარი სახლები. მიუხედავად იმისა, რომ გალის რაიონის მოსახლეობამ საშინელი დევნა იწვნია საკუთარ თავზე, როდესაც ასობით ადამიანი იქნა დახვრეტილი, ცოცხლად ჩამწვარი საკუთარ სახლებში, როდესაც რამოდენიმე სოფელი თითქმის მთლიანად იქნა გადამწვარი და ყველაფერი ეს რუსეთის სამშვიდობო ძალების თავლწინ, უმეტეს შემთხვევაში კი მათი უშუალო მონაწილეობით ხორციელდებოდა.

გაეროს მისიის წარმომადგენლები ხსენებულ დარღვევებს მხოლოდ აფიქსირებდნენ, ხოლო ქართული მხარის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, უკეთს შემთხვევაში, მხოლოდ მითითებებით შემოიფარგლებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ შექმნილი იყო ოთხმხრივი საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც ევალებოდა კონფლიქტურ ზონებში მომხდარი კრიმინალურ და სხვა სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით შემთხვევის ადგილებზე ერთობლივი გასვლა, ხსენებული ჯგუფი, გარდა ცალკეული გამონაკლისისა, ერთობლივად საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გალის რაიონის ტერიტორიაზე არ გასულა. გადიოდა მხოლოდ აფხაზური მხარე გაეროს წარმომადგენელთან ერთად რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ. საგამოძიებო ჯგუფში ქართული მხარის მონაწილეობის იგნორირება ხორციელდებოდა მიზანმიმართულად, რათა ქართულ მხარისთვის შეუძლებელი გამხდარიყო მომხდართან დაკავშირებით რეალური ვითარების დაფიქსირება. ამის გამო აღნიშნულ ტერიტორიაზე გაეროს წარმომადგენლებსა და რსძ-ს თვალწინ მომხდარმა დანაშაულობებმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია.

მიუხედავად ქართული მხარის მიერ კონფლიქტის ზონაში რუსეთის ნეგატიური როლის შესახებ არაერთხელ დაფიქსირებისა , გაეროს ერზოლუციებით, სადაც რუსეთის სამშვიდობო ძალების პოზიტიური როლი აღინიშნებოდა, რუს სამხედროებს მანდატი მაინც უგრძელდებოდათ.

სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის არსებული ვითარება, კერძოდ, რუსეთის დაავადება დაუსჯელობის სინდრომით, მნიშვნელოვანწილად სწორედ საერთაშორისო საზოგადოების, ძირითადად გაეროს მხრიდან რუსეთის უკანანო ქმედებებზე თვალის დახუჭვით არის განპირობებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე შესაძლებელია ითქვას, რომ გაეროს დამკვირვებლები აფხაზეთში რუსეთის უშუალო ზედამხედველობისა და კონტროლის ქვეშ იმყოფებობდნენ.

დაუსჯელობით გათამამებული რუსეთი, კონფლიქტის მოგვარების მთელი პროცესის განმავლობაში, მფარველობდა რა მის მიერ შექმნილ "სეპარატისტულ" რეჟიმებს, მიზანმიმართულად არღვევდა გაეროს რეზოლუციებს და სხვადასხვა ფორმატების ფარგლებში საერთაშორისო მოლაპარაკებებზე მიღწეულ შეთანხმებებს. უფრო მეტიც, რუსეთის პროვოცირებით მოლაპარაკებათა არაერთი ფორმატი საერთოდ იქნა ჩაშლილი. მიზანმიმართუთული პოლიტიკის შედეგად უკვე გაეროს მანდატით შეიარაღებული რუსული მხარე, რომელიც კონფლიქტურ ზონაში წამოჭრილ პრობლემებზე საკუთარი პოლიტიკური დაკვეთით აფხაზეთის სეპარატისტიტული რეჟიმის მიერ გახმოვანებულ პოზიციას ეთანხმებოდა, შეგნებულად ატარებდა კონფლიქტის მოგვარების პროცესის გაჭინიანურების პოლიტიკას. გაეროს სადამკვირებლო მისია, დაპირისპირებულ მხარეთა შორის მოლაპარაკებების ჩაშლის შიშით, რაც თავის მხრივ რუსეთის ინტერესებში შედიოდა, საჭირო პრინციპულობას არ იჩენდა. უფრო მეტიც, ასეთი მიდგომის გამო კონფლიქტის მოგვარების ფუძემდებლური საკითხები, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა და დევნილთა მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო დაბრუნება, დღემდე გადაუჭრელი დარჩა.

უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ ეხლა, რუსეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზულიაზე ვეტოს დადების შემდეგ, დარწმუნდა იმაში, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტები რუსეთის მიერ იყო პროვოცირებული და ეს უკანანსკნელი არასოდეს ცდილობდა მათ მშვიდობიან მოგვარებას, თუმცა საამისოდ ყველანაირი მანდატი ჰქონდა მინიჭებული.

17 წლის განმავლობაში დადებული არაერთი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე და ერთმანეთის მიმართ ძალის არ გამოყენების თაობაზე, ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები აფხაზური მხარის მიერ ყოველთვის ირღვეოდა რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ელიტის აქტიური ხელშეწყობით, ხშირ შემთხვევებში კი მათი უხეში ჩარევით.

გარდა ამისა, რიგ რეზოლუციებში არის დაფიქსირებული ისეთი პუნქტები, რომლებშიც გაეროს უშიშროების საბჭო, თავისი გადაწყვეტილებით, მოუწოდებს ყველა ქვეყანას არ აღმოუჩინონ არანაირი დახმარება სეპარატისტულ რეჟიმს, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, გარდა ჰუმანიტარულისა. აღნიშნულ მოთხოვნას უშუალოდ რუსეთიც აწერს ხელს, მაგრამ არასოდეს შეუსრულებია იგი და მუდმივად განაგრძობდა რეგიონის მილიტარიზაციას.

რუსეთის მიერ, ერთის მხრივ დეკლარირებულ ფორმაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, მაგრამ რეალურად მისი ტერიტორიების (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) სრული ოკუპაციისკენ სწარფა და ამ მიმართულებით მიზანმიმართული პოლიტიკის გატარება ყოველთვის დაუსჯელად რჩებოდა. მიუხედავად საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეჩერებისაკენ საქართველოს ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში გაკეთებული არაერთი განცხადებისა, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დაუსჯელობის სინდრომით თავდაჯერებული რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტა განაგრძობდა საქართველოს სრული ოკუპაციის გეგმის შემუშავებას.

სწორედ ამან განაპირობა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, რომელთა რეალობის წინაშე რუსეთმა მთელი მსოფლიო დააყენა - მოახდინა რა სრული ოკუპაცია კონფლიტის ზონებისა ყველა საერთაშორისო ნორმების, მიღწეული შეთანხმებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების უხეში დარღვევით ცალმხრივად აღიარა სეპარატისტული ანკლავები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად, დაამყარა ე.წ. დოპლომატიური ურთიერთობები, გააფორმა სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებები და მოახდინა საქართველოს ამ რეგიონების სრული ოკუპაცია.

ათეულობით მიღებული, მაგრამ შეუსრულებელი რეზოლუცია, საქართველოში მოქმედი გაეროს მისიების იმ ჩინოვნიკების დაუსჯელობა ვისაც ამ გადაწყვეტილებების რეალიზაცია და კონტროლი ევალებოდა, გაჭიანურებული და უშედეგო მოლაპარაკებათა პროცესები მხოლოდ პროცესებისათვის და უსუსურობა რუსული ვეტოს მაგიური ძალის წინაშე, ქართულ საზოგადოებაში და განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ფენებში, ვინაც თავის მხრებზე იწვნია ეს გულგრილობა და დანაშაულებრივი უმოქმედობა, სამართლიან ეჭვს იწვევს. ხომ არ გვაქვს საქმე დაფარულ ანგარებასთან, ხომ არ არის კონფლიქტური ტერიტორიების მოსახლეობა იმ ე.წ. "კონფლიქტური ბიზნესის" მასალად გამოყენებული, რაზეც ოფიციალურად გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ასეულობით მილიარდი დოლარია დახარჯული.

უფრო მეტიც, ხომ არ უნდა შეიმუშავოს გაერომ ახალი მექანიზმები თავისი ფუძემდებლურ აქტების გასამყარებლად და უკვე მიღებული დადგენილებების ცხოვრებაში გასატარებლად.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე