RSS
ისტორიის სწავლება აფხაზეთში
17.08.2009 12:34

ისტორიის სწავლება აფხაზეთში

თანამედროვე აფხაზეთის სკოლებში ისტორიის სწავლება მხოლოდ აფხაზეთისა და რუსეთის ისტორით შემოიფარგლება. აფხაზეთის ისტორიას 2006-2007 სასწავლო წლიდან სწავლობენ სტანისლავ ლაკობასა და ოლეგ ბღაჟბას სახელმძღვანელოს "აფხაზეთის ისტორია" (უძველესი დროიდან დღემდე, მე-10-11 კლასებისათვის) მიხედვით, რომელიც პირველად 2006 წელს, ხოლო მეორედ 2007 წელს სოხუმში გამოვიდა.

აღნიშნული სახელმძღვანელოს გამოსვლამდე, 2001-2006 წლებში, აფხაზეთის ისტორიას ასწავლიდნენ მ. გუნბასა და გ. შამბას წიგნით "აფხაზეთის ისტორია უძველესი დროდან XX საუკუნემდე" (სოხუმი 2001). ზემოთდასახელებული სახელძღვანელოები მხოლოდ რუსულ ენაზეა, რაც მიუთითებს, რომ მშობლიურ ისტორიას აფხაზეთში, ადგილობრივი მოსახლეობისათვის უცხო ენაზე ასწავლიან.

აღნიშნულ სასკოლო სახელმძღვანელოებში მითითებული არ არის საისტორიო წყაროები, რომლის ანალიზი მოსწავლეს საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად გაიაზროს ესა თუ ის ისტორიული მოვლენა, შესაბამისად, ავტორების მიერ სახელმძღვანელოში მოცემულია მზა დებულებები, რომელთა დიდი ნაწილი საეჭვოა და კრიტიკას ვერ უძლებს.
აფხაზეთის ისტორიის, ისევე როგორც საქართველოს სხვა ისტორიული მხარეების წარსულის რეკონსტრუქციის შესაძლებლობა ძირითადად, მხოლოდ ქართულ წყაროთმცოდნეობით ბაზაზე დაყრდნობით ხდება. მატიანე ქართლისაი, სუმბატ დავითის ძე, აფხაზ მეფეთა დივანი, ვახუშტი ბაგრატიონი , აფხაზთა მეფეთა წარწერები და თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მოპოვებული მრავალრიცხოვანი ქართული ეპიგრაფიკული (ლაპიდარული, ფრესკული, ჭედური) მასალა..., აი, იმ ისტორიულ წყაროთა ჩამონათვალი, რომლებიც აფხაზეთის ისტორიული წარსულის რეკონსტრუქციის ძირითად მასალას წარმოადგენენ. როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზეზით აფხაზი ავტორები თავს იკავებენ საისტორიო წყაროების ციტირებისა და დასახელებისაგანაც კი.

აფხაზეთის ისტორიის სახელმძღვანელო თემატურ-ქრონოლოგიური პრინციპით არის შედგენილი. შესავალ ნაწილში, სადაც აფხაზეთის ფიზიკურ-გეოგრაფიული მიმოხილვაა მოცემული, ჩამოთვლილია აფხაზეთის მდინარეები: მჭიშ, ხიფსთა, გუმისთა, კელასურ, აალძგა. ყველა ჰიდრონიმის სახელი შეცვლილია, რადგან ისტორიულ წყაროებში მჭიშთას-მუწუსწყალი, ხიფსთას-აღაცოსწყალი, გუმისთას-ცხომისწყალი ეწოდება. აალძგას შუა საუკუნეებში ეგრისწყალი, მოგვიანებით კი ღალიძგა ერქვა, მაგრამ გამჭვირვალე ქართული ეტიმოლოგიის სახელწოდება ავტორებს არ მოეწონათ და ის აფხაზური ჟღერადობის აალძგით შეცვალეს. რაც შეეხება მდინარეთა ამჟამინდელ სახელწოდებებს ისინი გვიანდელია, იმდროინდელი, როდესაც აქ დღევანდელ აფხაზთა წინაპრები დამკვიდრდნენ. რა თქმა უნდა მკითხველი სიამოვნებით გაეცნობოდა, როგორ იხსნება აფხაზეთის გეოგრაფიული პუნქტების სახელწოდებები-გაგრა, ბიჭვინთა, გუდაუთა, სოხუმი (შუა საუკუნეების ქალაქი ცხომი) და მდინარეთა სახელწოდებები ქართულ ენაზე, მაგრამ აღნიშნულ საკითხს აფხაზი ავტორები შეგნებულად გვერდს უვლიან.

შესავალში აფხაზი ხალხის წარმოშობაზეა საუბარი. ავტორები გვარწმუნებენ, რომ აფხაზური ენა ერთ-ერთი უძველესი ენაა მსოფლიოში და უახლოეს მონათესავე ენებთან-აბაზური, უბიხური, ადიღეური, ჩერქეზული, ყაბარდოული, ერთად დასავლურკავკასიურ (აფხაზურ-ადიღურ) ენათა ჯგუფს ქმნის, რომელიც დღეისათვის რამდენიმე მილიონ ადამიანს აერთიანებს. სამწუხაროდ, უბიხური ენა მკვდარ ენად ითვლება და მასზე მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი თუ მეტყველებს თურქეთში. მილიონებს არც სხვა ეთნოსები ითვლიან. ოფიციალური მონაცემებით აფხაზები-100 ათასს, აბაზები-33 ათასს, ადიღელები-115 ათასს, ყაბარდოელები-360 ათასს, ჩერქეზები-46 ათასს შეადგენენ . როგორც ვხედავთ, აფხაზურ-ადიღური მოდგმის ხალხები არათუ მილიონებს, გაჭირვებით 700 ათასს თუ შეადგენენ.

ავტორთა დებულებით, აფხაზურ-ადიღური ენების ჯგუფი აღმოსავლურ კავკასიურ (ვაინახურ და დაღესტნის) ენებს ენათესავება და ორივე ეს ჯგუფი კავკასიურ ენათა ოჯახს ქმნის. ამ ჯგუფს მეცნიერებაში, ჩვეულებრივ, იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს უწოდებენ, მაგრამ ავტორებს ჯიუტად არ სურთ ქართულთან რაიმე სიახლოვის აღიარება ან, უბრალოდ, ტერმინ "იბერიულის" გამოყენება.

სტ. ლაკობასა და ო. ბღაჟბას ინფორმაციით, დასავლეთ კავკასიის ძველ მოსახლეობას კავშირი ჰქონდა მცირე და წინა აზიის ხალხებთან, ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციებთან, მათ ტრადიციულ კავშირებზე კი "მაიკოპისა" და "ეშერის" ეპიგრაფიკული ძეგლები მეტყველებენ. ე. წ. "მაიკოპის ფილა" ლენინგრადელმა მეცნიერმა გ. ტურჩანინოვმა 1960 წ. ქ. მაიკოპის (ადიღეს რესპუბლიკა) მახლობლად აღმოაჩინა და მასზე ამოკაწრული გაურკვეველი ნიშნები კავკასიის უძველეს დამწერლობად მიიჩნია და შეეცადა იგი აფხაზური ენის საფუძველზე გაეშიფრა. მკვლევარმა მაიკოპის ფილა ძვ. წ. XIII საუკუნით დაათარიღა. მისი დასკვნით, ბიბლოსური დამწერლობა აფხაზური წარმოშობისაა და ფინიკიური დამწერლობის წარმოშობაშიც თურმე ძველ აფხაზურ ტომებს მიუძღვით წვლილი. აღსანიშნავია, რომ ძველი აღმოსავლეთისა და კავკასიის ისტორიის თვალსაჩინო სპეციალისტებმა, არქეოლოგებმა და ლინგვისტებმა-ე. კრუპნოვმა, ი. დიაკონოვმა, პ. აუტლევმა, ლ. ლავროვმა, ნ. ლომოურმა, გ. ლორთქიფანიძემ, თ. გამყრელიძემ, გრ. გიორგაძემ და სხვ. მკაცრად გააკრიტიკეს და არ გაიზიარეს გ. ტურჩანინოვის "თეორია" და დასაბუთებულად უარყვეს მისი მოსაზრებები. მათი აზრით, "მაიკოპის ფილაზე" გამოსახული ნიშნები გაჭირვებით თუ მიიჩნევა ძველ კავკასიაში დაუდასტურებელი რაღაც დამწერლობის კვალად და მისი ტურჩანინოვისეული წაკითხვა, თანაც თანამედროვე აფხაზურ ენაზე, ავტორის ფანტაზიის ნაყოფს წრმოადგენს. მათ არ გაიზიარეს "მაიკოპის ფილის" ტურჩანინოვისეული დათარიღებაც. გ. ტურჩანინოვის მოსაზრებას მაშინ აფხაზ მკვლევართა დიდი ნაწილიც არასერიოზულად თვლიდა. "ეშერის ეპიგრაფიკული ძეგლი" კი, როგორც სახელმძღვანელოშია აღნიშნული, ძველბერძნული დამწერლობის ნიმუშს წარმოადგენს და ძველ ბერძნებს ნამდვილად ჰქონდათ ურთიერთობა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ძველ მოსახლეობასთან, მაგრამ არა აფხაზებთან, არამედ ქართველებთან.

უბრალო მკითხველსაც კი, რომელიც სულაც არ არის ჩახედული ისტორიის ფოლიანტებში და გათვითცნობიერებული ისტორიაში, ბუნებრივად გაუჩნდება კითხვა, თუკი შორეულ წარსულში აფხაზურ-ადიღურ ტომებს დამწერლობა ჰქონდათ და "მაიკოპის" "შედევრს" ქმნიდნენ, მერე რა დაემართათ, ერთი ანბანური დამწერლობა რატომ ვერ შექმნეს?

ძველი წ. აღ-ის პირველ საუკუნეში მემნონის მიერ დასახელებული "სანიგები", პლინიუს უფროსის "სანეგები", სტრაბონის "სუანები" და ახ. წ. აღ-ის მეორე საუკუნეში ფლავიუს არიანეს "სანიგები" აფხაზეთის ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორების მიერ აფხაზურ ტომებად არიან გამოცხადებულნი, რადგან ფლავიუს არიანეს სიტყვებით, "სანიგების მიწაზე არის სებასტოპოლისი (ე. ი. თანამედროვე სოხუმი)". ვფიქრობ, აქ კომენტარიც ზედმეტია, რადგან დასახელებული ავტორებიდან სტრაბონი ყველაზე კარგად აღნიშნავს ამ ტომის თვითსახელწოდებას "სუანები", ანუ საუბარია თანამედროვე სვანების წინაპრებზე, რომლებიც ანტიკური ავტორების სებასტოპოლისს თავაინთ ენაზე "ცხუმს" უწოდებდნენ, რაც შესაბამისად, ქართულ წყაროებში აისახა. ავტორებისათვის მიუღებელია წყაროში ნათქვამი სიმართლე, რომ "სუანების" მიწაზე მდებარეობს სებასტოპოლისი (ქართული წყაროების ცხუმი, ახლანდელი სოხუმი), ამიტომ ცდილობენ "სუანები"-ც აფხაზურ ტომებად გამოაცხადონ!!!!

ზოგადად, სახელმძღვანელოს ავტორებს არასოდეს ავიწყდებათ ისტორიულ წარსულში ჩვენს ირგვლივ მცხოვრებ ხალხებთან სულ მცირეოდენი კონტაქტებიც კი, მაგალითად სახელმძღვანელოში ცალკე თავებადაა გამოყოფილი გოთები და აფხაზები, სომხები და აფხაზები, სკვითები და აფხაზები, ალანები და აფხაზები, ბერძნები და აფხაზები, ურთიერთობები სლავურ სამყაროსთან. მაშინ, როდესაც არსად, სახელმძღვანელოს თითქმის არცერთ გვერდზე (იშვიათი გამონაკლისის გარდა) არ ჩანს საქართველო და ქართველები. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია იგრძნობა მაშინ, როდესაც ქართული ენა, დამწერლობა და კულტურა არის ძველი აფხაზების ისტორიის არენაზე არსებობის დამადასტურებელი ერთადერთი არგუმენტირებული საშუალება.

ავტორთა მიერ სახელმძღვანელოში ასევე იგნორირებულია კოლხეთის სამეფოს რეალური არსებობა. იმავდროულად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში არსებული ჰენიოხთა ოთხი გაერთიანება დაკავშირებულია ავტორთა მიერ შეთხზულ "დიოსკურიის სამეფოსთან". აქვე, ამ რეგიონის ტომების ჩამონათვალში, მხოლოდ აფხაზთა წინაპრები (ჰენიოხები (?), კორაქსები და სხვ. არიან დასახებულნი, ისინი კოლხების გარეშე არიან შემოქმედნი საყოველთაოდ ცნობილი კოლხური კულტურისა, ან კოლხური კულტურის აფხაზური (?) ვარიანტისა.

სახელმძღვანელოში დარღვეულია ისტორიზმის პრინციპები. მაგალითად, ავტორების აზრით, ძველი წელთააღრიცხვის მესამე ათასწლეულიდან ახალი წელთააღრიცხვის მეექვსე საუკუნემდე, დაახლოებით 26 საუკუნე აფხაზები სულ გვაროვნული წყობის სტადიაზე არიან!!! ისმის კითხვა: ნუთუ ამ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ეს საზოგადოება არ განვითარდა და თუ არ განვითარდა რამ გამოიწვია ასეთი კონსერვაცია? და თუ აფხაზებს კავშირი ჰქონდათ მაშინდელი მსოფლიოს ისეთ განვითარებულ საზოგადოებასთან, როგორიცაა ბერძნული საზოგადოება, ნუთუ მან არანაირი გავლენა არ მოახდინა აფხაზური საზოგადოების განვითარებაზე?

მეექვსე საუკუნის ისტორიული მოვლენების აღწერისას, ავტორები აფსილებზე წერენ, რომ ისინი ისევ ტრადიციულ წარმართულ რელიგიას მისდევდნენ, მაგრამ იმავე წიგნის 115-ე გვერდზე აცხადებენ, რომ მეექვსე - მეშვიდე საუკუნეები არის ქრისტიანული რელიგიის სრული ზეიმი აფსილიაში. აქედან გამომდინარე, მოსწავლისათვის გაუგებარი რჩება მეექვსე-მეშვიდე საუკუნეებში აფსილები წარმართები იყვნენ თუ ქრისტიანები?

სასკოლო სახელმძღვანელოში სუსტად არის წარმოდგენილი აფხაზთა სამეფოს ისტორია: არ ჩანს აფხაზთა მეფეების სახელმწიფოებრივი და საეკლესიო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მოვლენები, ურთიერთობა და ნათესაური კავშირები დანარჩენ ქართულ-სამეფო სამთავროებთან, აფხაზთა სამეფო წარმოჩენილია ნახევრად წარმართულ-იუდაისტური რელიგიის მქონე ქვეყნად, მაშინ როცა აფხაზთა მეფეების სარწმუნოებრივ საქმიანობაზე კარგად მიუთითებს მათ მიერ აგებული მარტვილის, ხოფის (ხუაფის), უბისას, ქიაჩის, მოქვის, ერედვის, სამწევრისის, წირქოლის კუმურდოს და სხვა ტაძრების მშენებლობა, რომელთა ისტორიას მოგვითხრობს აღნიშნულ ტაძრებზე ამოკვეთილი ქართული ასომთავრული წარწერები. არ ჩანს აფხაზთა მეფეების ბრძოლა დასავლურქართული ეკლესიის მცხეთის საკათალიკოსო საყდართან გაერთიანებისათვის, რაც საბოლოოდ მათი ზეობის დროს დასრულდა. ავტორები საგანგებოდ უვლიან გვერდს აფხაზთა სამეფოს ეპოქაში და მომდევნო პერიოდში აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართულ სადამწერლობო კულტურას: ქართულ ეპიგრაფიკულ ძეგლებს, ძველ ხელნაწერებს, პილიგრიმულ წარწერებსა და საფლავის ქვის ეპიტაფიებს, რომლების მხოლოდ ქართულ ენაზე გვხვდება. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ყველა წარწერა, რომლებშიც აფხაზთა მეფეები არიან დასახელებული, ან მათი დაკვეთით არის შექმნილი ქართულ ენაზე, ქართული დამწერლობით არის შესრულებული .

სახელმძღვანელოს ავტორები აცხადებენ, რომ ქართული წარწერები აფხაზეთის ტერიტორიაზე XI საუკუნიდან გვხვდება, მაშინ, როცა ჩვენ გვაქვს IX საუკუნის ქართული ასომთავრული წარწერები გუდაუთის რაიონში მსიგხვას მთის ეკლესიიდან, სულ 48 მსგავსი შინაარსის მქონე წარწერა კრამიტის კალიპტერზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ეპიგრაფიკული მასალა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ქართული დამწერლობის ყველაზე ძველ ნიმუშებს წარმოადგენენ. საერთოდ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მოპოვებულია ასზე მეტი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლი. მათ შორის არის ლაპიდარული, ჭედური და ფრესკული წარწერები, მათი ქრონოლოგია IX_XIX საუკუნეებს მოიცავს. შინაარსობრივად ისინი საამშენებლო, იურიდიული და მემორიალური ხასიათის წარწერებს მიეკუთვნებიან. მემორიალური ხასიათის წარწერებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საფლავის ქვის ეპიტაფიები .
სტ. ლაკობასა და ო. ბღაჟბას სასკოლო სახელმძღვანელოში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ გაერთიანებული საქართველოს შემადგენლობაში აფხაზები სეპარატისტულად იყვნენ განწყობილი, მაშინ როდესაც აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება არცერთ საისტორიო წყაროში, პირიქით გაერთიანებული საქართველოს მეფეს- ბაგრატ IV_ს აფხაზთა ერისთავი - ოთაღო დაეხმარა თავისი ნახევარძმის დემეტრეს დამარცხებაში, რომელიც ძმას ტახტს ეცილებოდა. საისტორიო წყაროების თანახმად, გაერთიანებული საქართველოს არსებობის პერიოდში დავით აღმაშენებლის, გიორგი მესამის, თამარ მეფის, ლაშა-გიორგის, გიორგი ბრწყინვალის ეპოქაში აფხაზები დანარჩენ ქართველებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ ერწუხის, დიდგორის, ბასიანის, შამქორის, გარნისის, განჯის და სხვა ბრძოლებში.

სასკოლო სახელმძღვანელოში საქართველოს სამეფოს დაშლა XIII საუკუნით არის დათარიღებული, მაშინ, როდესაც ქართული და უცხოური წყაროების თანახმად გაერთიანებული საქართველოს სამეფო XV საუკუნის დასასრულს დაიშალა. სახელმძღვანელოს ერთ-ერთ თავში "გენუელები, ანუ იტალიელები აფხაზეთში" ავტორები მოგვითხრობენ, რომ აფხაზეთში გენუელთა რამდენიმე ფაქტორია არსებობდა, მაშინ როცა გენუის აქტებში, გარდა სებასტოპოლისისა (სოხუმი), შავიზღვისპირეთში სხვა ფაქტორია არ იხსენიება. ამ აქტების მიხედვით, გენუელები ადგილობრივ მფლობელთან, "ბედიანთან" შეთანხმებით ნიშნავდნენ კონსულს, რომელიც აქ გენუელთა სავაჭრო ინტერესებს იცავდა. ქალაქის სრული ბატონ-პატრონი ოდიშის ერისთავი იყო. სამწუხაროდ, გენუელთა აქტებში აფხაზები მხოლოდ მძარცველებად არიან დასახელებული, როცა ისინი დროდადრო ქალაქ სებასტოპოლისს (სოხუმს) ესხმოდნენ თავს და იქედან მოსახლეობა მძევლად მიჰყავდათ .. აღნიშნულ ფაქტს სახელმძღვანელოს ავტორებიც ვერ უვლიან გვერდს და მას გაკვრით ახსენებენ.

XIV საუკუნის მიწურულს სებასტოპოლისში (სოხუმში), ქართული ფული ე. წ. "ცხუმური თეთრი" იყო მიმოქცევაში, რომელსაც ოდიშის ერისთავი ვამეყ I საქართველოს მეფის ნებართვით ჭრიდა. ამ დროს სრულიად გაუგებარია ავტორთა საუბარი იტალიელთა მიერ აგებულ თაღოვან ხიდებზე, ეკლესიებზე, ანაკოფიის ერთ-ერთ კოშკზე, ტამიშის ციხეზე და ა. შ. თითქოს აფხაზეთში არაფერი არ ყოფილა ქართველთა მიერ აგებული არც ბესლეთის ხიდი ქართული წარწერით, არც ხოფის, ანუხვის, ლიხნის, ბედიის, წებელდის, მსიგხუას ეკლესიები, რომლებიც ქართული წარწერებითაა შემკული. დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ასზე მეტი ქართული წარწერა არის შემორჩენილი და არცერთ მათგანში არ იხსენიება ეროვნებით აფხაზი ქტიტორი, საეკლესიო პირი, ან თუნდაც უბრალო მლოცველი.

სტ. ლაკობა და ო. ბღაჟბა აღიარებენ, რომ XVII ს. 70-იან წლებში აფხაზთა თავდასხმები სამეგრელოზე გახშირდა და აფხაზებმა 1681 წელს ოდიშის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი – ტერიტორია მდ. კელასურსა და ეგრისწყალს შორის მიიტაცეს. ვახუშტი ბატონიშვილი ამ ამბების შესახებ წერდა: "გარნა იყო ჭირი დიდი ოდიშს, ვითარცა აღვსწერეთ, და უმეტეს აფხაზთაგან, რამეთუ მოვიდოდიან ნავებითა და ხმელითა და სტყუევნიდიან, დაიპყრეს ვიდრე ეგრისის მდინარემდე, და დაეშენებოდენ თვით აფხაზნი და არღარა იყო დრანდას და მოქუს ეპისკოპოსნი" . ამრიგად, აფხაზები მიწებს იკავებდნენ და როგორც მემატიანე იტყოდა ზედ "დაეშენებოდენ", ე. ი. სახლდებოდნენ. საგულისხმოა, რომ აფხაზები ეკლესია-მონასტრებსაც არ ინდობდნენ და აოხრებდნენ. იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოსის ცნობით, აფხაზებს მოქვის, ხოფის, ქიაჩის, ზუგდიდის ეკლესია-მონასტრები აუკლიათ; ასევე აუკლიათ ცაიშისა და წალენჯიხის საკათედრო ტაძრებიც.

ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აფხაზთა შემოსევებისა და ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის გაუცხოვების გამო დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ცენტრი ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს.!!!

"აფხაზეთის ისტორიის" სახელმძღვანელოში მეათე პარაგრაფი ხელოვნებასა და არქიტექტურას ეხება. ავტორები გვაუწყებენ, რომ აფხაზეთის (?!) ხელოვნება სათავეს შორეულ წარსულში-ქვის ხანაში იღებს და მაგალითად აგწის (ანუხვის) მღვიმის გრაფიკას ასახელებენ. მაგრამ ავტორები რატომღაც გვერდს უვლიან იმ ფაქტს, რომ მღვიმეში ქართული ასომთავრული წარწერებია შემონახული . საერთოდ, ავტორები ხშირად აღნიშნავენ, რომ აფხაზეთში აღმოჩენილი ნივთების გაფორმებაში შეიმჩნევა კავშირი მცირე აზიაში, ბიზანტიაში, ყირიმში, მახლობელ აღმოსავლეთში და კიდევ სადღაც აღმოჩენილ ნივთებთან, მაგრამ აქვე, საქართველოს მომიჯნავე მხარეებთან თუ აქვთ რაიმე კავშირი ვერ ამჩნევენ . შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშთაგან დასახელებული აქვთ ბედიის ბარძიმი, ბრინჯაოს წმ. გაბრიელის ხატი ლიხნიდან, ვერცხლის ღვთისმშობლის ხატი ხოფიდან (აფხ. ხვაფი) და სხვ. შესანიშნავი მინიატურებით შემკული 1300 წ. გადაწერილი მოქვის ოთხთავი. ავტორებს ერთიც არ დასცდენიათ, რომ ბედიის ბარძიმი "აფხაზთა მეფის" ბაგრატ III ბაგრატიონისა და დედამისის გურანდუხტ დედოფლის შეკვეთითაა დამზადებული და შესაბამისი წარწერაც ახლავს ქართულ ენაზე. რაც შეეხება მოქვის ოთხთავს, ეს არის ქართული ოთხთავი, დანიელ მოქველი მთავარეპისკოპოსის დაკვეთით 1300 წელს გადაწერილი. რა თქმა უნდა, ავტორები არსად არ ახსენებენ, ბედიის გულანს, ბიჭვინთის ოთხთავს და სხვა ქართულ სიძველეებს, რადგან ისინი ქართული კულტურის ძეგლებია.

ისტორიის სახელმძღვანელოში აფხაზების რელიგიასა და ფოლკლორს ცალკე თავი აქვს დათმობილი. ავტორები აღნიშნავენ, რომ აფხაზთა სალოცავებია ინალ-კუბა, დიდრიფში, ელირ-ნიხა (ილორი), ლაშქენდარი და სხვა, მაგრამ გვერდს უვლიან იმ საკითხს, თუ როდიდან არის ინალ-კუბა მათი სალოცავი, ან საერთოდ რა არის ინალ-კუბა? ავტორთა სიტყვებით, აფხაზეთში "XV-XVI საუკუნეებში მოხდა ქრისტიანობის პოზიციების შესუსტება და ტრადიციული ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენების აღორძინება აფხაზებში".

მართლაც, აფხაზებში XV საუკუნიდან წარმართობის აღორძინება დასტურდება, მაგრამ ავტორები გაურბიან იმის ახსნას, თუ რატომ ხდება ასე. XVს. 70-იან წლებში შედგენილ ძეგლში "მცნება სასჯულო" ნათქვამია: "აფხაზეთი ქრისტეანობისაგან მიდრეკილ იყუნეს, ქრისტეს მცნებათაგან განშორებულ იყუნეს". იმავე ხანებში შედგენილ ერთ-ერთ სიგელში ნათქვამია: "მას ჟამსა უღმრთოდ და უსჯულოებად მიიქცეს აფხაზნიო" და "აფხაზთა გარყუნეს სჯული და კათალიკოზობა". ყოველივე ამის მიზეზი არის მთის ჩამოწოლა-კავკასიის მთიელთა საქართველოს ბარში ჩამოსახლება. მთის ჩამოწოლის პროცესი მიმდინარეობდა არამარტო ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში-აბაზა-ადიღების ჩამოსახლების სახით, არამედ შიდა-ქართლშიც-ალან-ოსების, ხოლო აღმოსავლეთ კახეთში-ლეკების ჩამოსახლებით. ამ პროცესის მიზეზებიც კარგად არის გარკვეული ისტორიოგრაფიაში-საქართველოს მონარქიის ჯერ დასუსტება, ხოლო შემდეგ დაშლა XIV-XV საუკუნეებში. ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილმა ვითარებამ, როცა მონღოლებისა და თემურლენგის თარეშის შედეგად იმიერკავკასიის მკვიდრი მოსახლეობა-ადიღები, ალან-ოსები, ძურძუკ-ღილღვები, იძულებულნი გახდნენ იმიერკავკასიის ველები მოძალადეთათვის დაეთმოთ, თვითონ კი მტრებისთვის მიუვალ მწირ მთას შეხიზნოდნენ, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრისპირა რეგიონებში მთის ჩამოწოლის პროცესს. როგორც აკად. ნ. ბერძენიშვილი წერდა, "მთის სიმწირე-სივიწროვით ამოხუთული იმიერკავკასიის მკვიდრი მოსახლეობა პირაქეთი კავკასიონისა და მთის ძირობა საქართველოს დაპყრობას ცდილობდა" . მთას თან მოჰქონდა მისთვის დამახასიათებელი პრიმიტიული სამეურნეო და სოციალური ყოფა, წეს-ჩვეულებები, წარმართობა. საქართველო თავიდან ითვისებდა მას, მოსული ელემენტი დამხვდურის კულტურას ეზიარებოდა, მისი სამეურნეო და საზოგადოებრივი ტრადიციების მატარებელი ხდებოდა და ერწყმოდა დამხვდურთ, მაგრამ თავის მხრივაც ახდენდა გავლენას მასზე. მთის ჩამოწოლასთან არის დაკავშირებული რადიკალური ეთნიკური ცვლილებები აფხაზეთში. ამ მხარის მკვიდრმა მოსახლეობამ თანდათან ვეღარ შეძლო მთის ჩამოწოლის სათანადო სოციალურ-რელიგიური ათვისება და ჩამოსახლებულმა მასამ წალეკა ადგილობრივი მოსახლეობა. აფხაზი უკვე არ არის კულტურულ-ისტორიულად ქართველი, აფხაზთა ტომი ახალი ეთნიკური სახით ჩამოყალიბდა. ჩამოსახლებულ მთიელთა ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმის შედეგად თანამედროვე აფხაზური (აფსუა) ეთნოსი ჩამოყალიბდა .

სამწუხაროა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორებს მხოლოდ ხალხური ზეპირსიტყვიერების ძეგლებით უწევთ თავის მოწონება. მათ არ უჩნდებათ კითხვა, ასეთი "დიდი ისტორიული წარსულის" ხალხს, რომლის წინაპრებმა ქრისტიანობა თურმე VI საუკუნეში მიიღეს, რატომ ვერ შექმნეს ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, განვითარებულ შუა საუკუნეებში-საერო ლიტერატურა, კანონიკური ძეგლები, სამედიცინო წიგნები და ა.შ. მაგრამ როგორც იტალიელი მისიონერი ჯოვანი ჯულიანო და ლუკა, რომელიც XVII საუკუნის 30-იან წლებში იმყოფებოდა აფხაზეთსა და სამეგრელოში, წერდა, აფხაზებს "არა აქვთ არავითარი დაწერილი კანონები და დამწერლობის გამოყენებაც არ იციან".

აფხაზურ ფოლკლორში მნიშვნელოვანი ადგილი "ნართების" ეპოსს უჭირავს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ "ნართების" ეპოსი გააჩნიათ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს-ოსებს, ადიღებს, ყაბარდოელებს. ფოლკლორისტებს შორის დიდი ხანი მიმდინარეობდა დავა იმის თაობაზე, კავკასიის რომელ ხალხს ეკუთვნის "ნართების" ეპოსი. მიჩნეულია, რომ ეპოსის ბირთვს საფუძვლად ალანური ციკლი უდევს, რომელიც ზოგიერთი ელემენტით სკვითური ეპოქიდან მომდინარეობს.

აფხაზეთის ისტორიის სახელმძღვანელოში მოსწავლეებს ასწავლიან, რომ აფხაზური სახელმწიფო სულ ცოტა 1200 წელს მაინც ითვლის, მაგრამ სახელმწიფოსა და სამეფოს აღმნიშვნელ სიტყვას აფხაზური ენის ლექსიკა არ იცნობს და მის აღსანიშნავად "ახონთქარას" იყენებენ?!!!! და ისევ ისმის პასუხგაუცემელი კითხვა 1200 წლოვანი ეროვნული სახელმწიფოებრიობის მქონე ხალხმა, რომელსაც თურმე არავითარი კავშირი არ ჰქონდა ქართულ სამყაროსთან, რატომ ვერ შექმნა საკუთარი ანბანი, დამწერლობა, ლიტერატურა, ხელოვნება და ა. შ. აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული და მოპოვებული მატერიალური კულტურა ხომ მთლიანად ქართული კულტურის განუყოფელი და ორგანული ნაწილია?
XIX საუკუნის ისტორიის გადმოცემისას სტ. ლაკობა და ო. ბღაჟბა წერენ, რომ "1810-1864 წლებში აფხაზეთის მთავარი საშინაო მმართველობაში დამოუკიდებელი იყო და მხოლოდდამხოლოდ იმპერატორს ემორჩილებოდა და არა კავკასიის მეფისნაცვალს"-ო. მაშინ, როდესაც ყველა რუსული წყარო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 1810 წლიდან დასავლეთ საქართველოს სამთავროთა მთავრები საქართველოს რუსულ ადმინისტრაციას იმერეთის მმართველის მეშვეობით დაექვემდებარნენ, რომელსაც ოფიციალურად "იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის მმართველი" ეწოდებოდა.

1839 წელს ცარიზმი პირველად შეეცადა აფხაზეთი ადმინისტრაციულად საქართველოსაგან ჩამოეცილებინა, როდესაც შეიქმნა შავი ზღვის სანაპირო ხაზი და მასში აფხაზეთის სამთავრო შეიყვანა.

1846 წლის დეკემბერში ამიერკავკასიაში ახალი ადმინისტრაციული რეფორმა გატარდა. დასავლეთ საქართველოს სამთავროები-აფხაზეთი, სამეგრელო და სვანეთი ქუთაისის გუბერნიაში შევიდა. 1856 წელს შეიქმნა ქუთაისის საგენერალგუბერნატორო, რომლის შემადგენლობაშიც აფხაზეთი სამთავროს გაუქმებამდე, ანუ 1864 წლამდე შედიოდა.

1864 წლის მაისში რუსეთის ხელისუფლებამ დასავლეთ კავკასიის დაპყრობით მრავალწლიანი კავკასიის ომი (1817-1864) გამარჯვებით დაასრულა. ამის შემდეგ ცარიზმს აფხაზეთის სამთავროს შენარჩუნება არ სჭირდებოდა. 1864 წლის ივლისში რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და უშუალო რუსული მმართველობა შემოიღო ე.წ. სამხედრო-სახალხო მმართველობის სახით, რომელსაც სათავეში აფხაზეთის ჯარების სარდალი ედგა. აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი მიხეილ შარვაშიძე (1823-1864) რუსეთში-ჯერ სტავროპოლში, ხოლო შემდეგ ვორონეჟში გადაასახლეს, სადაც 1866 წლის 16 აპრილს გარდაიცვალა. იმავე წლის ზაფხულში მისი ნეშტი ჩამოასვენეს და მოქვის ტაძარში დაკრძალეს. აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის საფლავს ქართული წარწერა ამშვენებს: "აქა განისვენებს მთავარი აბხაზეთისა მიხაილ გიორგის ძე შარვაშიძე, მიცვალებული 1866 წელსა". ასევე ქართული წარწერები ამკობს მიხეილ შარვაშიძის მეუღლისა და შვილების საფლავებს იმავე ტაძარში. ამ ფაქტებზე აფხაზეთის ისტორიის ავტორები რატომღაც სდუმან.

1866 წლის აგვისტოში რუსეთის ხელისუფლებამ საკუთრივ აფხაზეთის (სოხუმის ოკრუგი), წებელდისა და სამურზაყანოს (ოქუმის ოკრუგი) შეერთებით სოხუმის სამხედრო განყოფილება შექმნა და სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსად აფხაზეთის ჯარების სარდალი, გენერალ-მაიორი პ. შატილოვი დაინიშნა. მას სამხედრო გუბერნატორის უფლება მიენიჭა, მაგრამ იგი ნომინალურად ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს ექვემდებარებოდა.

სოხუმის სამხედრო განყოფილების საზღვარი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდ. ენგურის ქვემო დინებაზე გადიოდა, ჩრდილო-დასავლეთით მდ. ბეღერეფსთა (ხოლოდნაია რეჩკა) გამოყოფდა შავი ზღვის ოკრუგისაგან, რომელიც ცარიზმმა ახლად დაპყრობილ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე 1867წ. შექმნა. ასე რომ, თანამედროვე აფხაზეთი ტერიტორიულად, ფაქტობრივად, ამ დროს მოიხაზა.

1866 წლის აფხაზთა ანტირუსული აჯანყების ჩახშობის შემდეგ მეფის ხელისუფლებამ ბზიფის, გუმას და წებელდის "არასაიმედო" აფხაზური მოსახლეობის თავიდან მოშორება გადაწყვიტა. 1867 წლის აპრილ-ივნისში აფხაზეთიდან ოსმალეთში გააძევეს, სულ 3358 ოჯახი, 19342 სული. აფხაზთა ამ ტრაგედიის შესახებ ავტორები არაფერს წერენ, მაგრამ შეუძლიათ გაეცნონ ცნობილი აფხაზი მეცნიერის გ. ძიძარიას ვრცელ მონოგრაფიას , რადგან ეს წიგნი დღევანდელ აფხაზეთში ჯერაც არ არის აკრძალული.

აფხაზეთის სამთავროს გაუქმებისა და აფხაზთა მუჰაჯირობის შემდეგ ცარიზმმა ვრცელი ტერიტორია მიიღო საკოლონიზაციოდ. რუსეთის ხელისუფლების წინაშე იდგა ამოცანა კვლავ დაესახლებინა ბუნებით უხვად დაჯილდოებული, მაგრამ გაუკაცრიელებული მხარე, მაგრამ ამ პერიოდში ხელისუფლების საფიქრალს წარმოადგენდა არამარტო აფხაზეთის, არამედ შავი ზღვის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს კოლონიზაცია. ხელისუფლებას სურდა ამ მხარეში პოლიტიკური თვალსაზრისით სრულიად სანდო მოსახლეობა ჩაესახლებინა. ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი და აფხაზეთი განსაზღვრული იყო რუს მოახალშენეთა დასასახლებლად. მათთვის განსაზღვრული იყო მთელი რიგი შეღავათები. ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ყოფილი მთავრისა და სამთავრო სახლის წევრთა ვრცელი სამფლობელოების კონფისკაცია მოახდინა. მუჰაჯირობის შედეგად დაცარიელებული მიწები სახაზინო მიწების ფონდში შევიდა, რომელსაც კავკასიის მთიელთა სამმართველო განაგებდა. ხელისუფლება ცდილობდა, პირველ რიგში, სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მდ.კოდორის შუა და ზემო წელი დაესახლებინა. 1867 წ. წებელდაში 6 პუნქტი გამოიყო დასახლებისათვის და მათი ტოპონიმიკა რუსულით ჩაანაცვლეს: მიხაილოვსკოე, ოლგინსკოე, ალექსანდროვსკოე, ანასტასიევსკოე და ნიკოლაევსკოე, გეორგიევსკოე. ამდენად, რუსეთის ხელისუფლებამ ადგილობრივი გეოგრაფიული სახელწოდებების შეცვლის კამპანია დაიწყო. 1869 წ. ანატოლიიდან გადმოსახლებული ბერძნები ჩაასახლეს ალექსანდროვსკოეში, გეორგიევსკოეში, ოლგინსკოეში. იმავე წელს, ტირასპოლის გუბერნიიდან გადმოსახლებული ბულგარელების 62 ოჯახი ჩაასახლეს ანასტასიევსკოესა და ნიკოლაევსკოეში. იმავდროულად, ხელისუფლებამ ვრცელი მიწა-წყალი უბოძა რუს ჩინოვნიკებს-სამხედრო და სამოქალაქო პირებს. 1872 წლიდან აფხაზეთში მიმდინარეობდა ე.წ. "საკურორტო კოლონიზაცია"-მიწის ნაკვეთები სოხუმსა და მის შემოგარენში შეღავათიანი პირობებით ეძლეოდათ რუს ჩინოვნიკებსა და ოფიცრებს, თუმცა 70-იან წლებში მას დიდი წარმატებები არ მოჰყოლია. ამავე ხანებში, ფსხუს დასახლების მიზნით აქ სამხედრო ნაწილები განათავსეს, მაგრამ ისინი მხოლოდ 1874 წლამდე დარჩნენ. ამის შემდეგ ბზიფის ზემო წელი სრულიად დაცარიელდა. აფხაზებს, პოლიტიკური არასაიმედოობის გამო, ისევე როგორც წებელდაში, ფსხუში დასახლება ეკრძალებოდათ. 70-იანი წლებიდან აფხაზეთში სამონასტრო კოლონიზაციაც წარიმართა. 1872წ. დაფუძნდა ბიჭვინთის რუსული მონასტერი, რომელსაც სარგებლობაში 1049 დესეტინა მიწის ნაკვეთი, ფიჭვნარი და ინკითის ტბა გადაეცა. 1875 წ. ფსირცხაში ათონის მთის წმ. პანტელეიმონის რუსული მონასტრის ფილიალი დაფუძნდა. მონასტერს თავიდან 327 დესეტინა მიწა და 200 დესეტინა ტყის მასივი გამოეყო, მოგვიანებით კიდევ 1000, ხოლო შემდგომში-4 ათასამდე დესეტინა მიწა. ო. ბღაჟბა და სტ. ლაკობა რატომღაც ამ ფაქტების აღნიშვნას გაურბიან. სხვათა შორის, თავის დროზე აკად. ნ. ბერძენიშვილიც აღნიშნავდა აფხაზების შესახებ, "საკუთარ ისტორიას გაურბიანო."

თუ 1867 წლის მუჰაჯირობის შედეგად მდ. კოდორის შუა და ზემო წელი-წებელდა-დალი მოსახლეობისაგან მთლიანად დაიცალა, 1877 წლის მუჰაჯირობის შედეგად აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო მდინარეებს ბზიფსა და კოდორს შორის თითქმის დაცარიელდა. ამას ისიც დაემატა, რომ 1877 წლის აჯანყების გამო, იმპერატორ ალექსანდრე II-ის (1855-1881) 1880 წლის 31 მაისის ბრძანებულებით, გუდაუთის, გუმისთისა და კოდორის უბნების აფხაზურ მოსახლეობას ჩამოერთვა მიწაზე საკუთრების უფლება და მათი მიწები სახაზინო უწყებას გადაეცა; აფხაზებს აეკრძალათ სოხუმიდან 20 ვერსზე და სანაპირო ზოლში მდ. კოდორსა და მდ. ფსირცხას შორის ცხოვრება და "დამნაშავე მოსახლეობის" სტატუსი მიენიჭათ. ეს საკითხები აფხაზურ სასკოლო სახელმძღვანელოში სუსტად არის გაშუქებული. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქართული საზოგადოება დიდად განიცდიდა აფხაზი და კავკასიელი მუჰაჯირების ტრაგიკულ ბედს. ეს კარგად ჩანს XIX საუკუნის ქართული პრესის ფურცლებზე ი. გოგებაშვილის, ს. მესხის, ი. ჭავჭავაძის და სხვათა პუბლიკაციებში. მუჰაჯირი აფხაზების ერთი ნაწილი ქართველებმა აჭარაში შეიფარეს, სადაც მათი შთამომავლობა დღესაც ცხოვრობს. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ 1867 წელს ბზიფის (გუდაუთის რაიონი) მოსახლეობის თურქეთში მასობრივი გადასახლების თავიდან აცილების საქმეში უდიდესი როლი შეასრულა ბზიფის ოლქის მმართველმა მაიორმა დავით ჭავჭავაძემ. იგი შეეცადა გამოსარჩლებოდა აფხაზებს და შუამდგომლობა აღძრა, რათა მათთვის შეემსუბუქებინათ მძიმე ხვედრი, რის გამოც თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. გუდაუთის აფხაზობა გამოესარჩლა დ. ჭავჭავაძეს, მაგრამ ამაოდ.

1877 წლის მუჰაჯირობის შემდეგ, ხელისუფლების წინაშე კვლავ მწვავედ დადგა აფხაზეთის დასახლების საკითხი. ცარიზმი შეეცადა დარჩენილი ქართული მოსახლეობის რაოდენობა დაებალანსებინა რუსებით და ისინი აფხაზეთში ჩაესახლებინა, მაგრამ რუსები ხალისით სულაც არ მოდიოდნენ ამ მხარეში: აშინებდათ გადასახლების სირთულე, ბუნებრივ-კლიმატური პირობები და სხვ. ასეთ ვითარებაში, დასავლეთ საქართველოდან მიწის სიმწირითა და სივიწროვით სულშეხუთული მოსახლეობა გადმოდიოდა და მკვიდრდებოდა აფხაზეთში, აშრობდა ჭაობებს, კაფავდა ბუჩქნარებს და მეურნეობას მისდევდა. ქართველი საზოგადოებრიობა თვლიდა, რომ დაცარიელებული აფხაზეთისთვის საუკეთესო კონტინგენტს შეადგენდნენ დასავლეთ საქართველოს სხვა ისტორიული მხარეების: სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის მკვიდრნი. ამასთან, ეს იქნებოდა ისტორიული სამართლიანობის აღდგენაც-ქართველების დაბრუნება თავიანთ ისტორიულ მიწა-წყალზე, საიდანაც XVII-XVIII საუკუნეებში გამოაძევეს. სწორედ ამ დროს ხდება ქართველების მასობრივი დაბრუნება და მათი დამკვიდრება გაუკაცურებულ სოფლებში: მერხეული, ბესლეთი, აკაფა, კელასური, ფშაფი და სხვ. ქართველების დაბრუნება აფხაზეთში ხელისუფლების შეშფოთებას იწვევდა, რადგან ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას კიდევ უფრო აძლიერებდა დასავლეთ საქართველოდან მოსული მოსახლეობის ერთი ნაწილი. ამიტომ, რაკი რუსები ნაკლებად მოდიოდნენ, ცარიზმმა არჩევანი უცხოელებზე (სლავები, სომხები, ბერძნები და სხვ.) შეაჩერა. XIX საუკუნის 70-იანი წლების მიწურულსა და 80-იან წლებში შეიქმნა ესტონელების სოფლები ლინდაუ, სალმე, სულევო, გერმანელების-ნაიდორფი; ბერძნების-ანდრეევკა, კონსტანტინოვკა, ხრისტოფოროვო, სომხური-კავაქლუქი, გოშენდაკ-დერეკეი, კირქლუქი, ოტლუქი და სხვა; აფხაზეთში მრავლად გაჩნდა ახალი გეოგრაფიული სახელები: ალექსეევკა, ბარანოვო, ვერხნაია და ნიჟნაია ბებუთოვკა, ზახაროვკა, ივანოვო-ალექსეევკა, პეტროვკა, პეტროპავლოვსკოე, პილენკოვო, პოლტავო-ალექსანდროვსკოე, ჩერნიგოვკა, ხოლოდნაია რეჩკა და სხვ. შეიცვალა ძველი ადგილობრივი სახელწოდებები: სოფ. კოდორს ვლადიმიროვკა ეწოდა, ნაას-ნიკოლაევო-ანასტასიევკა, აკაფას-კონსტანტინოვკა, გუმას-მიხაილოვკა, ფარნაუთს-ივანოვო-ალექსეევკა, დოპუაქითს-ესტონკა, ალანს-პეტროვსკოე, კელასურს-ეკატერინოვკა, ააცს-ბაკლანოვკა და ა.შ. თუმცა ამის შესახებ სასკოლო სახელმძღვანელოში არაფერია ნათქვამი.

Aასევე არაფერია ნთქვამი აფხაზი ხალხის საუკეთესო წარმომადგენლების ეროვნულ ცნობიერებასა და თვითშეგნებაზე, რომელიც კარგად ჩანს გრ. შარვაშიძის, ბ. ემუხვარის, კ. ინალ-იფას, მ. მარშანიას, თ. მარღანიას მიერ გენერალ-ადიუტანტ სვიატოპოლკ – მირსკისადმი მიწერილ წერილში: "ოდითგან აფხაზეთი შეადგენდა ყოფილი საქართველოს სამეფოს ნაწილს, .. როდესაც საქართველოს მეფე ვახტანგ VI გასული საუკუნის დასაწყისში აპირებდა კანონების გამოცემას, იძახებდა დეპუტატებს ყოფილი საქართველოს სამეფოს ყველა პროვინციიდან. მათ შორის იყვნენ აფხაზი დეპუტატებიც, ხალხისა, რომელმაც უკანასკნელ დრომდე შემოინახა უძველესი ქართული წეს-ჩვეულებები. აფხაზეთის საქართველოსადმი კუთვნილების არანაკლებ მნიშვნელოვან მოწმეებად შეიძლება გამოგვადგეს ქრისტიანული ტაძრების გარდა სხვადასხვა სამოქალაქო და სამხედრო ნაგებობათა ნანგრევები . . . . გთხოვთ ყურადღება მიქაციოთ იმასაც, რომ როგორც ძველად, ისევე ახლაც ტანისამოსი, საკვები, სამიწათმოქმედო იარაღები, სასოფლო მეურნეობის გაძღოლის ხერხები იგივეა, რაც სამეგრელოში. ადგილთა უმეტესობა ატარებს ქართულ სახელწოდებებს. . . ვიმედოვნებთ, რომ აფხაზეთსა და სამურზაყანოში საგლეხო რეფორმის გატარებისას ჩვენ არ ვიქნებით ამორიცხულნი ქართველი ხალხების ოჯახიდან, რომელსაც ოდითგან ვეკუთნოდით". (საქ. სახ. არქივი. F. 545, 1. 2784, ფურც. 134)

რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთის საქართველოსაგან ჩამოსაცილებლად ყველა ზომას მიმართავდა. იმპერატორ ნიკოლოზ II-ის 1901 წლის 9 ივლისის ბრძანებულებით, პრინც ა. პ. ოლდენბურგს გაგრის კლიმატური სადგურის (კურორტის) აშენება დაევალა. იმავე წლის ოქტომბერში შესაბამისი სამუშაოები დაიწყო, რომელიც მალევე დასრულდა. 1903 წლის 9 იანვარს გაგრის კლიმატური სადგური გაიხსნა. იმავე წელს ქუთაისის გუბერნიას ჩამოაშორეს სოხუმის ოკრუგი, რომელიც კავკასიის სამთავარმართებლოში ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად შევიდა; ამასთანავე, შავი ზღვის ოკრუგი შავი ზღვის გუბერნიად გადაკეთდა. 1904 წლის 25 დეკემბერს გაგრის კლიმატური სადგური მიმდებარე ტერიტორიით შავი ზღვის გუბერნიის სოჭის ოკრუგს გადაეცა. ამის შედეგად, სოხუმის ოკრუგის საზღვარმა მდ. ბზიფზე გადმოინაცვლა.

რუსეთის კოლონიური და რუსიფიკატორული პოლიტიკა აფხაზების ქართული სამყაროსაგან და აფხაზეთის საქართველოსაგან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად. ამისთვის ცარიზმმა ისეთი კულტურული მოვლენაც გამოიყენა, როგორიც დამწერლობის შექმნა იყო. 1862 წელს რუსმა ენათმეცნიერმა, გენერალ-მაიორმა პ. უსლარმა რუსული გრაფიკის საფუძველზე პირველი აფხაზური ანბანი შეადგინა, თუმცა თვითონაც აღიარებდა, რომ აფხაზურ ენას ქართული ანბანი ზედმიწევნით შეესაბამებოდა. მასვე ეკუთვნის აფხაზური ენის პირველი გრამატიკა. 1865 წელს გენერალმა ი. ბართოლომეიმ თბილისში პირველი აფხაზური საანბანო წიგნი გამოსცა. 1892 წელს კ. მაჭავარიანმა და დ. გულიამ რუსული გრაფიკის საფუძველზე ახალი აფხაზური ანბანი შეადგინეს. ეს უკანასკნელი ემსახურებოდა არა კულტურულ, არამედ პოლიტიკურ მიზნებს, რის შესახებაც მეფისნაცვლის საბჭოს წევრი ე. ვეიდენბაუმი დაუფარავად წერდა: "აფხაზური ენა, რომელსაც არ გააჩნია დამწერლობა და ლიტერატურა, რა თქმა უნდა განწირულია გასაქრობად, ასე თუ ისე ახლო მომავალში. საკითხი ისაა, რომელი ენა შეცვლის მას. ალბათ, მოსახლეობაში კულტურული იდეებისა და ცნებების გამტარებლის როლი უნდა შეასრულოს არა ქართულმა, არამედ რუსულმა ენამ. ამიტომ მიმაჩნია, რომ აფხაზური დამწერლობის დამკვიდრება თვითმიზანი კი არ უნდა იყოს, არამედ ეკლესიისა და სკოლის მეშვეობით ქართული ენის ხმარების დასუსტებისა და სახელმწიფო (რუსული) ენით მისი თანდათან შეცვლის საშუალება". 1912 წელს დ. გულიამ თბილისში თავისი ლექსების პირველი წიგნი გამოსცა აფხაზურ ენაზე, რითაც საფუძველი ჩაეყარა აფხაზურ ლიტერატურას.

ამ პერიოდიდან მოყოლებული ცარიზმი აფხაზთა შორის ხელოვნურად ნერგავდა ანტიქართულ განწყობილებას. დაუნდობელი ბრძოლა გამოეცხადა ქართველ-აფხაზთა კულტურულ-ისტორიულ ერთობასა და ამ ერთობის საფუძველს ქართულ ენას. ამ მიზანს ემსახურებოდა აფხაზეთის ეკლესიებში ღვთისმსახურების ქართულ ენაზე აკრძალვა და საეკლესიო-სლავურზე გადაყვანა. ასე ცდილობდა ცარიზმი ქართველებისაგან აფხაზთა ჩამოცილებისა და "რუსული აფხაზეთის" შექმნის იდეის განხორციელებას.
1901 წელს სოხუმის ეპისკოპოსმა რუსეთის უწმიდესი სინოდის წინაშე მისდამი რწმუნებული ეპარქიის საქართველოს საეგზარქოსოსაგან გამოყოფისა და სტავროპოლის ეპარქიასთან შეერთების საკითხი დასვა. საბედნიეროდ, ეს წამოწყება ვერ განხორციელდა.

1916 წლის აპრილში თბილისში აფხაზური საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. აფხაზთა დეპუტაცია კავკასიის მეფისნაცვალს და საქართველოს ეგზარქოსს შეხვდა, რომელთაც შემდეგი მოთხოვნები წაუყენა: სოხუმის ოლქი არ ჩამოეშორებინათ ქუთაისის გუბერნიისათვის და ყუბანის ოლქის შავი ზღვის გუბერნიისათვის არ შეეერთებინათ; სოხუმის ეპარქია საქართველოს საეგზარქოსოსაგან არ გამოეყოთ; აფხაზეთის ეკლესიებში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე ჩატარებულიყო, ხოლო სკოლებში ქართული ენის სწავლება ყოფილიყო შემოღებული.

აფხაზური საზოგადოების მოთხოვნას გარკვეული დადებითი შედეგები მოჰყვა. სოხუმის ოლქი ისევ ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში დარჩა, სოხუმის ეპარქიაც საქართველოს საეგზარქოსოს არ ჩამოაშორეს. თუმცა ამის შესახებ აფხაზურ სასკოლო სახელმძღვანელოებში ავტორები არაფერს წერენ.

სოხუმში გამოცემულ აფხაზეთის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უახლეს ისტორიას - 1917/18 - 2006 წლებს, რადგან ეს არის "აფხაზეთის კრიზისის" საბოლოო წარმოქმნის, ამ კრიზისის ომში გადაზრდისათვის რეალური წანამძღვრების შემზადების, აფხაზური ეთნოკრატიის ფორმირების, რუსული იმპერიალიზმისა და აფხაზური ეთნოკრატიული სეპარატიზმის ალიანსის მიერ ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ციკლური, პერმანენტული და ტოტალური შეტევის პერიოდი.

საგულისხმოა, რომ მას შემდეგ რაც XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის იდეა აღორძინდა, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აფხაზების მიზანმიმართული იდეოლოგიური "დამუშავება" დაიწყო: პირველ რიგში, აფხაზებს "დამნაშავე ერის" სტატუსი მოუხსნა, გარდა ამისა, დაიწყო ყოველგვარ მეცნიერულ ღირებულებებს მოკლებული ისტორიული "ნაშრომების" გამოცემა, რომელთა შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ი. ვორონოვის წიგნი "Абхазия - не Грузия", მას მოჰყვა აშხვაცავას, კუდრიავცევის და სხვათა "ისტორიული წიაღსვლები". ეს იყო მიზანმიმართული იდეოლოგიური ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის წინააღმდეგ.

ასე მოხდა XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულსაც, როცა საქართველო კვლავ დაადგა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლის გზას. ამჯერად, მოდერნიზებულმა საბჭოთა იმპერიამ სცადა "აფხაზური კოზირის" გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ და ამ "კოზირით" დღესაც აქტიურად მანიპულირებს.

აფხაზეთის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს ბოლოში ავტორები ნიუანსურად ახასიათებენ "დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფოს ჩამოყალიბების "ეტაპებს"- სოხუმის დაჯგუფების მიერ მიღებულ სრულიად უკანონო აქტებს: "სუვერენული" აფხაზეთის კონსტიტუციას (1994 წ. 26 ნოემბერი), 1992 წლის 3 ოქტომბრის უკანონო რეფერენდუმს, ე. წ. "აფხაზეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტს" (1999 წ. 12 ოქტომბერი) და ა. შ. საუბრობენ აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენაზე, მაგრამ არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი აფხაზეთის მკვიდრ 250 ათას ქართველზე, რომელიც გამოძევებული იქნა აფხაზეთიდან და ეთნიკური წმენდის შედეგად დღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ან საზღვარგარეთ ცხოვრობს (მათი რაოდენობა დღეს 500 ათას აჭარბებს).

სამწუხაროდ, დაზარალებული მარტო ქართველი ხალხი არ იქნება, რადგან აფხაზური ეთნოსტრუქტურისა და ეთნოკულტურული კომპლექსის შენარჩუნება-განვითარების უალტერნატივო გარანტიას წარმოადგენს ქართულ ცივილიზაციურ სივრცეში ყოფნა და ქართველი და აფხაზი ხალხების სახელმწიფოებრივ-კულტურული თანაარსებობა-თანაგანვითარება. განვითარების სხვა ხაზი კი არის აფხაზური ეთნოსტრუქტურის დაშლის, ეთნოკულტურული თვითმყოფადობის მოშლის წინაპირობაა. ამას გვასწავლის და უახლოეს მომავალში, სამწუხაროდ "დაგვიდასტურებს" საქართველოსაგან იძულებით მოწყვეტილი აფხაზეთის ისტორია.

ლია ახალაძე, ბეჟან ხორავა, დაზმირ ჯოჯუა


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე