RSS
სეპარატისტები არჩევნების მოლოდინში
21.08.2009 12:29

რას წარმოადგენს აფხაზური ოპოზიცია და ვინ დგას მის უკან?

ნონა სუვარიანი, «ახალი ალიანსი»

რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, პირველი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღიც დაინიშნა - 12 დეკემბერი. წინასაარჩევნოდ გააქტიურდნენ სეპარატისტთა ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. ბაღაფშმა გალელების სიმპათიის დამსახურება და არჩევნებიში მათი ხმების მოპოვება კიდევ ერთხელ გადაწყვიტა და ამ მიზნით მისი დავალებით, საინციატივო ჯგუფმა სეპარატისტულ პარლამენტში 2005 წელს მიღებულ კანონში "აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ" ცვლილებების შეტანის საკითხი დააყენა, რომლის მიღების შემთხვევაში გალის მოსახლეობა ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე მიიღებდა თვითგამოცხადებული აფხაზეთის მოქალაქეობას. თუმცა, სერგეი ბაღაფშმა პარლამენტის მიერ 31 ივლისს მიღებულ კანონზე ხელის მოწერა ვერ მოახერხა. მიზეზი აფხაზური ოპოზიცია გახდა, რომელმაც 5 აგვისტოს, ჯერ პარლამენტის წინ მოაწყო მიტინგი, ხოლო შემდეგ, თავად შენობაში შეიჭრა. როგორც გაირკვა, აფხაზური ოპოზიციისთვის აფხაზებისა და გალში მაცხოვრებელი ქართველების უფლებების გათანაბრება აბსოლუტურად მიუღებელია. რატომ არ აწყობს ოპოზიციას გალელებისთვის მოქალაქეობის მინიჭება? რას წარმოადგენს აფხაზური ოპოზიცია და ვინ დგას მის უკან? ამ და სხვა საკითხებზე "ახალი ალიანსი" ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების ყოფილ მინისტრს, გენერალ ლევან კიკნაძეს ესაუბრა. 

- სწორედ ოპოზიციის წნეხის ქვეშ, ბაღაფში იძულებული გახდა, "აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე ხელი არ მოეწერა. რატომ გაითვალისწინა ბაღაფშმა ოპოზიციის აზრი? რას წარმოადგენს აფხაზური ოპოზიცია? როგორია აფხაზეთის შიდაპოლიტიკური სპექტრი და ძალთა ბალანსი? 

- თუ ე.წ. აფხაზ პარლამენტართა სიას გადავხედავთ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ხსენებული ცვლილებების მიღებას, დავრწმუნდებით, რომ მათ ამოძრავებთ ერთადერთი სურვილი - პრეზიდენტად კვლავ ბაღაფში იხილონ. ასე რომ, შეტანილ ცვლილებებზე ხელის არმოწერა მართლაც დიდი წნეხის გამო მოხდა და არა მარტო ოპოზიციის, არამედ უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის მხრიდანაც. როგორც ცნობილია, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებულობის აღიარება ერთნაირად მისაღები იყო, როგორც მმართველი ძალის, ისე ოპოზიციისთვის, ხოლო რუსეთთან გაფორმებული მთელი რიგი ხელშეკრულებების გარშემო ოპოზიციის მიერ ატეხილი ხმაური უფრო მეტად დაკავშირებულია საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიასთან, ვიდრე მათი უმრავლესობის გულწრფელ წუხილთან აფხაზეთის ხვალინდელ დღეზე, რომლისგანაც ნათელ მომავალს აღარავინ ელის. დარწმუნებული ვარ და არაერთხელ განმიცხადებია, რომ ხაჯიმბა უფრო "უკეთესად" გაატარებს კრემლის პოლიტიკას, ვიდრე ამას ბაღაფში აკეთებდა. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ წინა საპრეზიდენტო არჩევნებში, პუტინის ფავორიტი სწორედ ფსბ-ს გენერალი ხაჯიმბა იყო და გახსოვთ, რომ იგი დამარცხდა, რაც პრაქტიკულად პუტინის მარცხს ნიშნავდა. პუტინი კი, როგორც ცნობილია, დამარცხებას ადვილად არ ივიწყებს. თუ ამას დავუმატებთ, რომ დღეისთვის ბაღაფშის რეიტინგი გაცილებით დაბალია, ვიდრე პრეზიდენტად არჩევის დროს იყო, იგი ვერაფრით ვერ შეეწინააღმდეგებოდა ასეთ ძლიერ ზეწოლას. რაც შეეხება ძირითად ოპოზიციურ პარტიებს, ესენი არიან: სახალხო ერთობის ფორუმი - ФНЕ, და ეკონომიკური განვითარების პარტია - ЭРА, რომელსაც ცნობილი ბიზნესმენი ბესლან ბუთბა ხელმძღვანელობს. სახელისუფლებო პარტიას კი, "ერთიანი აფხაზეთი" ("ედინაია აბხაზია") წარმოადგენს. 

- რატომ არ აწყობს ოპოზიციას გალის მოსახლეობის არჩევნებში მონაწილეობა? ან რატომ აწყობდა ბაღაფშს? თუ ფლობთ ინფორმაციას, თავად გალის რაიონში რა განწყობაა? ვის ემხრობიან იქაური ქართველები? 

- გალის მოსახლეობამ წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე ბაღაფშს დაუჭირა მხარი და ამით პრაქტიკულად გადამწყვეტი როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში. ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია. ისიც ცნობილია, რომ გალის მოსახლეობას გასაგები მიზეზების გამო, სეპარატისტული რეჟიმი წლების განმავლობაში ე.წ. აფხაზური პასპორტების აღების საკითხში ხელოვნურ ბარიერებს უქმნის. თუმცა, ამ პასპორტების ასაღებად არც გალელები იწუხებდნენ მაინც და მაინც თავს. მათ არ უნდათ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა, ეს კი, აფხაზური პასპორტის მისაღებად აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. ოპოზიციაში გადასული ხაჯიმბა გამოვიდა წინადადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ მიეცათ აფხაზური პასპორტის არმქონეებისთვის, რაც ხმის უფლებას ართმევდა გალის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს - ამით, ხაჯიმბას სასარგებლოდ ბაღაფში დაზარალდებოდა. ბაღაფშის ამ შესწორებების ინიციატივით გამოსვლა სწორედ გალის ელექტორატზე თამაშობდა. მას სურდა, რომ გალის მოსახლეობა ჩათვლილიყო თვითგამოცხადებული აფხაზეთის მოქალაქეებად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიეღოთ პასპორტები. სეპარატისტების პარლამენტის სხდომაზე სწორედ ამ საკითხის ირგვლივ გაიმართა მწვავე დებატები. რადიკალური ფრთა მოითხოვდა არ დაეშვათ გამონაკლისი გალელი ქართველებისთვის და რომ ორმაგი მოქალაქეობის უფლება მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობაზე უნდა გავრცელებულიყო, როგორც ეს ძველი რედაქციით იყო განსაზღვრული. გალის ქართველებს ისინი ეროვნული უმცირესობებს - ბერძნებს, სომხებს, ებრაელებს და სხვ. - უთანაბრებდნენ, რომლებიც ვერ გახდებოდნენ აფხაზეთის მოქალაქეები თუ ისინი იმავდროულად შესაბამისი ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ. 

- საქართველოსთვის ამ შემთხვევაში, რომელი ვარიანტია უფრო მისაღები - გალელების ჩართვა შიდა აფხაზურ პოლიტიკაში, თუ განზე დარჩენა?

- ყველა შემთხვევაში, სეპარატისტულ რეჟიმს სურს გალის მოსახლეობისა და მისი ბუნებრივი რესურსების მხოლოდ თავის სასარგებლოდ გამოყენება. ამაში თვით გალელებიც დიდი ხანია, დარწმუნდნენ. ის ფაქტი, რომ აფხაზეთის ძირძველ, აბორიგენ მოსახლეობას აფხაზეთში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებთან აიგივებენ, ბევრ რამეზე მეტყველებს. 1999 წელს, როცა სეპარატისტულ რეჟიმს ჩატარებული რეფერენდუმისთვის გალის მოსახლეობის ხმები სჭირდებოდათ, მაშინ, ეჭვქვეშ არავის დაუყენებია გალელების მოქალაქეობა და გაყალბებული მონაცემებით, 14 ათასზე მეტ ადამიანს მიაცემინეს ხმა თავის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, რეჟიმს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს შენს აბორიგენობას, თუ გინდ უკანონო, მაგრამ მაინც მოქალაქეობას, ღირსეული პასუხი უნდა გაეცეს და უარი უნდა ეთქვას ყოველგვარ "არჩევნებზე" - მით უმეტეს, უკანონოზე.

- ახლახანს, აფხაზეთში რუსეთის პრემიერი იმყოფებოდა. როგორ შეაფასებთ ამ ვიზიტს? საჯაროდ მან მხარდაჭერა ორივე მხარეს გამოუცხადა. თუმცა, პრესაში საუბრობენ იმაზე, რომ ფავორიტად მაინც ბაღაფში რჩება. თქვენი პროგნოზით, როგორ მოიქცევა კრემლი მომავალი არჩევნების დროს?

- პუტინის ვიზიტი აფხაზეთში იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც კრემლმა გადაწყვიტა ბაიდენის ჩამოსვლის საპირწონედ ეწარმოებინა. მომავალში, კრემლი შეეცდება საერთაშორისო საზოგადოებას თავი დემოკრატიული ფასეულობების დამცველად მოაჩვენოს და ოფიციალურად პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს არ დაუჭიროს მხარი. ისე კი, ვფიქრობ, კრემლი ხაჯიმბას დაუჭერს მხარს. 

- სხვათაშორის, უკანასკნელ პერიოდში, ოპოზიცია ხშირად გამოდის რუსეთის კრიტიკით. რეალურად არსებობს დაპირისპირების წინაპირობა, თუ ესეც კრემლის მიერ მართული სპექტაკლია?

- დაპირისპირება იქნება და თანაც ძალიან მწვავე, მაგრამ მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გახდება პირველი პირი და არა იმისთვის, რომ ვინმემ რაიმეში ხელი შეუშალოს რუსეთის ზრახვებს აფხაზეთთან მიმართებაში. 

- პუტინის ვიზიტის დროს, აფხაზეთში რამდენიმე აფეთქება მოხდა. აფეთქებების ავტორების ვინაობა უცნობია, თუმცა აფხაზებმა ქართველების დადანაშაულება არ დააყოვნეს. რამდენად აწყობს თავად პუტინს, რომ აფხაზეთში დაძაბულობის ილუზია შენარჩუნდეს? რეალურად, როგორ ვითარდება ამ თვალსაზრისით რეგიონში მოვლენები? ისევ არსებობს თუ არა კლანური დაპირისპირებები?

- მას შემდეგ, რაც რუსეთმა პრაქტიკულად კოლონიური მმართველობა ჩამოაყალიბა, პუტინს აღარ აწყობს სერიოზული დესტაბილიზაცია აფხაზეთში, თუ არ ჩავთვლით "გათიშე და იბატონე"-ს პოლიტიკას. მით უმეტეს, სულ უფრო ცოტა დრო რჩება სოჭში ოლიმპიური თამაშების ჩატარებამდე. 

- მაშინ ვის აწყობდა ამ აფეთქებების მოწყობა? 

- ჩვენ გვქონდა და გვაქვს ინფორმაციები, რომ აფხაზეთში არის ხალხი, რომლებისთვისაც მიუღებელია რუსეთის კოლონიალური პოლიტიკა აფხაზეთში. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ის აფეთქებები სწორედ პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. აფეთქების მომწყობებს ალბათ უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ აფხაზეთში ყველაფერი ისე არ არის, როგორც პუტინს სურს ან უპატაკებენ. რომ არის ხალხი, რომელიც ეწინააღმდეგება კრემლის პოლიტიკას. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ესენი შეიძლება იყვნენ ნაციონალისტები, რომლებსაც ნამდვილი და არა ვირტუალური დამოუკიდებლობა სურთ, მათ არც რუსეთის და არც საქართველოს დაქვემდებარება არ უნდათ. ამიტომ, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ რუსეთზე უკეთესები ვართ. უნდა დაუმტკიცოთ, რომ გაქრობის პირას მყოფი აფხზური ეთნოსის გადარჩენის ერთად ერთი გზა მხოლოდ ქართულ სივრცეში მისი დაბრუნებაა. ეს კი მიიღწევა, პირველ რიგში, ჩვენს შორის ნდობის აღდგენით. გარდა ამისა ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს სტაბილური, ეკონომიკა ძლიერი, სხვებზე არ ვიყოთ დამოკიდებულები. 

- ჟენევის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი ჩატარდა. როგორ აფასებთ ამ შეხვედრებს, რამდენად პროდუქტიულია ისინი? 

- ჟენევის მოლაპარაკებების შედეგები ჯერ არ ჩანს, მაგრამ მიზანმიმართული მოლაპარაკებების წარმოებას თავისი დადებითი მომენტები ყოველთვის აქვს. პირველ რიგში, ეს კონტაქტებია, რომელიც შემდეგ გადაიზრდება ადამიანურ ურთიერთობებში, სადაც ისეთი საკითხების დაყენება შეიძლება, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები. ამიტომ, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია. როგორც აფხაზეთის მკვიდრმა, ვიცი, შედეგის მისაღწევად მათთან პირდაპირი დიალოგი ყველაზე კარგი საშუალებაა. ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს ამ პროცესებში აქტიური მონაწილეობის მიღებას. 

- როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი წვლილი ამ საქმეში?

- როგორც "ექსპერტთა კლუბი"-ს პრეზენტაციაზე განვაცხადე ჩვენს უმთავრეს დანიშნულებად ვთვლით ფართო საზოგადობას, მათ შორის აფხაზეთში და სამაჩაბლოში მცხოვრებ აფხაზებს, ოსებს და სხვა ეროვნებების წარმომადგენლებს მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, რუსეთის და სხვა დაინტერესებული ქვეყნების იმპერიულ ზრახვებზე და გეგმებზე. ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციის კარები ღიაა ყველასათვის ვისაც კი სურვილი გაუჩნდება მხარში ამოგვიდგეს ამ კეთილშობილურ საქმეში.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე