RSS
გოჩა გუნიავა: "არ გამოირიცხება რუსეთის მიერ აფხაზური ეთნოსის მორიგი მუხაჯირობა"
31.08.2009 14:25

2009 წლის ივლისში ქ.თბილისში, ქართული სპეცსამსახურების  ვეტერან თანამოაზრე საინიციატივო ჯგუფის თაოსნობით დაფუძნდა "ექსპერტთა კლუბი". მასში გაერთიანდნენ თავისი სამსახურეობრივი საქმიანობით და პირადი ყოფით აფხაზეთთან დაკავშირებული ის ადამიანები, რომლებიც თვითმხილველი და მონაწილენი არიან გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე იქ განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისა.

რუსეთის აგრესიის ერთი წლის თავზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვესაუბრებით "ექსპერტთა კლუბის" ერთ-ერთ დამფუძნებელს ბატონ გოჩა გუნიავას.

ზუსტად ერთი წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომის დამთავრებიდან. ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. რა შეიძლება გაკეთდეს ასეთ რთულ ვითარებაში და რა სახის პრობლემები მიაჩნია თქვენს მოძრაობას ყველაზე მნიშვნელოვნად დღეისათვის?


ვითარება ნამდვილად რთულია. საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთი აღიარა კონფლიქტის მხარედ და აგრესორად შერაცხა. მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. მსოფლიო საბოლოოდ დარწმუნდა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადგილი ჰქონდა რუსეთ-საქართველოს ომს და არა ეთნოკონფლიქტებს. საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით აფხაზებთან და ოსებთან უნდა მიაღწიოს პირდაპირი დიალოგის დაწყებას, მოხდეს მოლაპარაკებათა პროცესიდან რუსეთის ნეგატიური ზეგავლენის ნეიტრალიზება, რადგან მას ამისთვის არც იურიდიული და არც მორალური უფლება არ გააჩნია. რაც შეეხება პრობლემებს, ისინი საყოველთაოდ ცნბილია: ქვეყნის ოკუპირებული ნაწილის დეოკუპაცია, აფხაზებთან და ოსებთან შუამავლის გარეშე მოლაპარაკების დაწყება და ყველა არსებული სამშვიდობო მეთოდების გამოყენებით დევნილი მოსახლეობის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნებისათვის ხელის შეწყობა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში ბრუნდებიან XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ გაძევებული მუჰაჯირების შთამომავლები. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს?


მუჰაჯირების რეპატრიაციის საკითხი ჯერ კიდევ აფხაზეთში საომარი მოქმედების დამთავრების შემდეგ დადგა, სეპარატისტული პარლამენტისა და მთავრობის შემადგენლობაში შესაბამისი სტრუქტურებიც კი შეიქმნა. მუჰაჯირების შთამომავლები თავიდან ენთუზიაზმით მოეკიდნენ აფხაზეთში გადმოსახლების საკითხსს. 1994-96 წლებში 100-ზე მეტი ოჯახი ჩავიდა იქ საცხოვრებლად. უმრავლესობა თურქეთიდან გადმოსახლებული ხელმოკლე ოჯახები იყვნენ, რომლებსაც, სახლების უფასოდ გადაცემის გარდა, საკუთარი ბიზნესის წარმოების გარანტიებიც ეძლეოდათ. დღეისათვის აფხაზეთში არსებულმა მძიმე კრიმინოგენულმა ვითარებამ რეპატრიაციის პროცესი შეაჩერა, რადგან დაიწყო მათზე თავდასხმები, მოკლული იქნა რამოდენიმე რეპატრიანტი. ყოველივე ამან მათი ნაწილის უკან გაბრუნებაც კი გამოიწვია.

თუმცა მუჰაჯირების შთამომავლების საქმიანი ნაწილისთვის აფხაზეთი დიდი დაინტერესების საგნად რჩება, სადაც მათ არსებული კანონმდებლობით შეუძლიათ გახდნენ აფაზეთის მოქალაქეები (რაც რუსეთის მოქალაქეობის მიღებასაც უადვილებთ), შეღავათიან პირობებში შეიძინონ უძრავ_მოძრავი ქონება და, რაც მთავარია, ყველაფერი ეს გამოიყენონ ტრამპლინად რუსეთის ეკონომიკურ სივრცეში დიდი ბიზნესის გასაშლელად.

არსებობს მოჰაჯირთა შთამომავლების მესამე კატეგორია, რომელიც მიზნად ისახავს ისლამის გავრცელებას რეგიონში და რომლის ზურგს უკან მოიაზრებიან ისლამური წრეები და სხვა დაინტერესებული ძალები.

ბოლო ათწლეულში აფხაზეთში მოხდა ეთნიკური აფხაზების რაოდენობის მკვეთრი შემცირება. აფხაზური ეთნოსის ხელოვნურად გაზრდის მიზნით 2005 წელს მიღებულ იქნა კანონი აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ, რომლის მეხუთე მუხლის თანახმად აფხაზეთის მოქალაქეებად ითვლებიან: "...აფხაზი ეროვნების პირები (აბაზები), მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა და მოქალაქეობისა...". მუჰაჯირების შთამომავლების ნაწილმა სურვილი გამოთქვა ესარგებლათ ზემოხსენებული კანონით. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ თუ ეს პროცესი გააქტიურდა, დემოგრაფიულ ცვლილებებთან ერთად მოხდება ამ რეგიონის სრული ისლამიზაციაც.

აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნეში აფხაზეთიდან გაძევებულ მუჰაჯირთა შორის ბევრი ეთნიკური ქართველიც იმყოფებოდა, თუმცა ისინი ზემოთაღნიშნული კანონით ვერ ისარგებლებენ, რადგან იგი ვრცელდება მხოლოდ ეთნიკურ აფხაზებზე.

მიუხედავად სეპარატისტების დიდი მცდელობისა, დღეისთვის აფხაზეთში სულ ათასამდე რეპატრიანტია დაბრუნებული. რეპატრიაციის პროცესის შეჩერება გამოიწვია რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციამ. მიუხედავად სეპარატისტული აფხაზეთის საერო და ისლამური სასულიერო ლიდერების მტკიცებისა, რომ დღევანდელი რუსეთის მიზნები აფხაზეთში განსხვავდება XIX საუკუნის რუსეთის მიზნებისგან, დამაჯერებელი ვერ აღმოჩნდა მუჰაჯირთა შთამომავლებისათვის, რომლებიც ასეული წლების მანძილზე შიშითა და სიძულვილით მოიხსენიებდნენ რუსეთის ყველა ეპოქის მესვეურებს.

როგორ მიიღებს რუსეთის ხელისუფლება მუჰაჯირთა დიდი ნაკადის შემოდინებას აფხაზეთში და ღებულობს თუ არა რაიმე ზომებს ამ პროცესის აღსაკვეთად?

ამ პროცესის შეფერხების მიზნით რუსეთი ხელოვნურად ქმნის პირობებს აფხაზეთში რუსი და გარკვეულწილად სომეხი მოსახლეობის რიცხობრივად ზრდისა. 2009 წლის 30 აპრილს დ.მედვედევმა და ს.ბაღაფშმა ხელი მოაწერეს აფხაზეთის საზღვრის ერთობლივად დაცვის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის სახმელეთო და საზღვაო საზღვარი გაკონტროლდება მხოლოდ რუსი მესაზღვრეების მიერ. ამავე ხელშეკრულებით რუს მესაზღვრეებსა და მათი ოჯახის წევრებს უფლება ეძლევათ ისარგებლონ ბინის მიღებისა და მისი შემდგომი პრივატიზციის ყველა იმ შეღავათით, რომლებითაც ადგილობრივი აფხაზი სამხედრო მოსამსახურეები სარგებლობენ, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსი ეროვნების მოსახლეობის მნიშვნელოვან ზრდის საშუალებას იძლევა. არავისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ რუსეთის საბოლოო მიზანი აფხაზეთის ტერიტორიის რუსეთთან მიერთებაა. ამისათვის გამოაძევეს იქიდან ასეულათასობით ერთმორწმუნე და აბორიგენი ქართველი მოსახლეობა. რუსეთს პრობლემად შეიძლება ექცეს მათ მიერვე რელიგიურ ნიადაგზე სამშობლოდან გაძევებული და გაბოროტებული მუჰაჯირების შთამომავლების დიდი ნაკადის აფხაზეთში შემოდინება. მათ საპირწონე ძალად რუსეთი ხელს შეუწყობს აფხაზეთში სომეხი მოსახლეობის რაოდენობის ზრდას, რომლებიც თურქეთიდან ასევე ეთნიკური და რელიგიური ნიშნის საფუძველზე გამოაძევეს და რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთის იმ მიწა-წყალზე, საიდანაც თავის დროზე მუჰაჯირები აჰყარეს.


ამდენი რაოდენობით ერთმანეთისთვის უცხო ადამიანების მოკლე დროში თავშეყრა ხომ არ წარმოშობს დაპირისპირების ახალ კერას?

ასეთი საშიშროება რეალურად არსებობს. დაპირისპირების საფუძვლად შეიძლება იქცეს ქონებრივი, ეთნიკური და კონფესიური ფაქტორი. მით უმეტეს თუ დაინტერესებული ძალებიც წააქეზებენ პროცესის ამ მიმართულებით წარმართვას. ამასთან, თავსებადი ვერ იქნება სეპარატისტული ხელისუფლების სწრაფვა რაც შეიძლება მეტი მუჰაჯირის დასაბრუნებლად და რუსეთის შიში მისი ისტორიული მეტოქის და ნატოს ერთ-ერთი აქტიური წევრის, თურქეთის ტერიტორიიდან აფხაზეთში გაურკვეველი მიზნების მქონე დიდი ჯგუფების შესვლასვლა. ასევე რთული შესაგუებელი იქნება აფხაზეთში დღეს მცხოვრები სომეხი მოსახლეობის და მათი მოსკოვური ლობის მზარდი პრეტენზიები დაბრუნებულ მუჰაჯირთა ინტერესებთან.

მომავალში არ გამოირიცხება – მოსალოდნელია რუსეთის მიერ ახალი დაპირისპირების ინიცირება ამ ისტორიულად და რელიგიურად მტრულ ორ ძალთა შორის, რაც შეიძლება გახდეს აფხაზური ეთნოსის მორიგი მუჰაჯირობის მიზეზი.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე