RSS
გოგი მაისურაძე: ბროვცევი შესაძლოა კრემლსა და კოკოითს შორის თანხების გადანაწილების კონტროლისათვის იყოს დანიშნული
11.08.2009 17:14

ცხინვალის რეგიონში კოკოითის მთავრობის წინააღმდეგ ახალი სკანდალი გორდება. თითქმის ერთი კვირაა ცხინვალში რუსეთის სამთავრობო კომისია მუშაობს, რომლის შემადგენლობაში ფსბ−ს საგამოძიებო სამმართველოს წარმომადგენლებიც არიან. კომისიის მიზანს წლების განმავლობაში რუსეთის ბიუჯეტიდან ცხინვალის რეგიონის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ხარჯვის შესწავლა წარმოადგენს.

შექმნილ ვითარებაზე კომენტარი "ექსპერტთა კლუბი"−ს ექსპერტმა გოგი მაისურაძემ გააკეთა.

ბატონო გოგი, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს გავრცელებული ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ხელმძღვანელს ედუარდ კოკოითს და მის ახლო გარემოცვას რუსეთის ბიუჯეტიდან ცხინვალის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხები აქვს მითვისებული?

ეს სიახლეს, ან რაიმე სენსაციურ ინფორმაციას ნამდვილად არ წარმოადგენს. ის, რომ კოკოითს და მის გარემოცვას წლების განმავლობაში ასობით მილიონი რუსული რუბლი აქვს დატაცებული, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან სხვადასხვა პერიოდში რეგიონის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის იყო გამოყოფილი, საკმარისია ბოლო წლების რუსული პრესის გავრცელებულ ინფორმაციებს გადავხედოთ. გარდა ამისა, იგივე გამოცემები არაერთხელ ავრცელებდნენ ინფორმაციებს იმის თაობაზეც, რომ კრემლში კოკოითის მიამრთ უნდობლობა სულ უფრო და უფრო მატულობდა.

ბატონო გოგი, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების თანახმად რუსეთის მიერ კოკოითის მთავრობისათვის ცხინვალის რეგიონის სარეაბილიტაციოდ ადრე გამოყოფილი თანხების მიზნობრივად გამოყენების შესწავლის მიზნით ცხინვალის რეგიონში დღეისათვის იმყოფება რუსეთის სამთავრობო კომისია, რომლის შემადგენლობაში ფსბ−ს საგამოძიებო სამმართველოს წარმომადგენლებიც არიან. ხომ არ არის ეს დაკავშირებული კოკოითის რეჟიმის ჩანაცვლების მცდელობასთან?

როგროც ავღნიშნე, კოკოითის მიმართ კრემლის უნდობლობაზე ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაწერილა თვით რუსულ პრესაში. დღეისათვის როგორც ცნობილია, რუსეთის მედია საშუალებები მკაცრად კონტროლდება კრემლის მიერ, ამიტომ სრულებით არ არის გამორიცხული, რომ ასეთი შემადგენლობით კომისიის მოსკოვიდან ცხინვალში მივლინება კოკოითის რეჟიმის მოსალოდნელ ჩანცვლებას უკავშირდებოდეს. მითუმეტეს, რომ, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფინანსური დოკუმენტების შემოწმებისას კომისიის წევრებმა აღმოაჩინეს ისეთი ფაქტები, რომელთა თანახმად კოკოითის განკარგულებით სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების რაიონულ ადმინისტარაციებზე, ამ რაიონების ინფრასტრუქტურების რეაბილიტაციისათვის, გზების სამშენებლო−სარემონტო სამუშაოებზე და მოსახლეობისათვის სასოფლო−სამეურნეო სამუშაოების ჩატრების ხელშეწყობისათვის სხვადასხვა პერიოდში ასობით მილიონ რუსულ რუბლზე მეტი იყო გადარიცხული. თანხები თურმე მხოლოდ ქაღალდზე იყო გაწერილი და ადრესატამდე არა თუ არ მისულა, მათ ამ გადარიცხევების შესახებ არაფერი არ სმენოდათ. შესაბამისად, არანირი სამუშაოები, რომელთა შესრულებისთვისაც ეს თანხები იყო გამოყოფილი, არ ჩატარებულა.

გარდა ამისა კომისიიის წევრების მიერ გამოვლენილია სოციალურ სფეროში გამოყოფილი თანხების მითვისების ფაქტებიც. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კომისიის წევრები გაოცებას ვერ მალავდნენ იმის გამო, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის მთავრობის მიერ დაზარალებული მოსახლებისათვის გამოყოფილი თანხები ფაქტიურად რეგიონის მოსახლეობის უმეტესი ნაწილისათვის არ დარიგებულა, ხოლო ფინანსური დოკუმენტების მიხედვით კი სრულად ათვისებულად იყო ნაჩვენები.

ანალოგიური ვითარებაა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის კომპენსაციების გაცემის საკითხში.

ბატონო გოგი, თუ ყველაფერი ისეა როგორც თქვენ ამბობთ, მაშინ როგორ ახსნით იმ სატელევიზიო კადრებს, რომელსაც რუსეთის სხვადასხვა არხები ავრცელებდნენ ცხინვალის რეგიონში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით...


ეს ყველაფერი ელამენტალურად შეიძლება აიხსნას. კოკოითს სჭირდებოდა თანხების ხარჯვის დამადასტურებელი ფაქტები, ამიტომ სოლიდური თანხის გადახდით ამა თუ იმ ტელევიზიისათვის პერიოდულად დგამდა შოუ−"სპექტაკლებს", რითაც ხალხზე და რეგიონზე მზრუნველი ადამიანის იმიჯს იქმნიდა. სინამდვილეში კი ცხინვალის რეგიონი როგორც იყო გაპარტახებული, დღემდე ასეთად რჩება.

ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ კომისიის წინასწარი მონაცებით, თვალის ახვევის მიზნით, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის გარკვეული თანხები მართლაც დარიგებულა, მაგრამ იგი საერთო რაოდენობასთან შეფარდებით ძალიან მიზერულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელი ხდება, რომ კოკოითმა და მისმა გარემოცვამ გამოყოფილი სახსრების დიდი ნაწილი მიითვისა. რა თქმა უნდა ასეთ რისკზე მარტო არ წავიდოდა, მას უდავოდ ეყოლება მფარველები რუსეთის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, რომლებთანაც ერთად დღემდე იყოფდა რუსეთის მოქალაქეების გადასახადებით ფორმირებულ რუსეთის ბიუჯეტის ფულს.

ბატონო გოგი, როგორც თქვენ აღნიშნეთ კოკოითის მიმართ უნდობლობა კრემლში ადრეც იყო. როგორ ფიქრობთ, რატომ ითმენდა აქამდე კრემლი არასანდო კოკოითს და რატომ მაინცდამაინც ეხლა გამოგზავნა ცხინვალში ასეთი რანგის კომპლექსური კომისია ფსბ−ს წარმომადგენელთა მონაწილეობით, როდესაც კრემლს ამის საშუალება ადრეც ჰქონდა?

რატომ ადრე არა და რატომ ეხლა? ამაზე პასუხი 2008 წლის აგვისტოში თვით რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ გასცა, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საგულდაგულოდ მზადდებოდა კრემლის დაკვეთით ე.წ. "გრუ"−ში. ამ მზადების პერიოდში კოკოითის რეჟიმის შეცვლა გამოიწვევდა რეგიონში დასაყრდენი რესურსების ამ მიმართულებით გადართვის აუცილებლობას, რაც დროში გაჭიმვადი პროცესია. არსებული რეჟიმის შეცვლა ასევე კოკოითის მომხრეთა უკმაყოფილებას გამოიწვევდა, რაც თავის მხრივ რეგიონში სიტუაციას გაართულებდა და საჭირო გახდებოდა დამატებითი რესურსების ამ მიმართულებით გადმოსროლა, რაც საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენციის მომზადების პროცესს მნიშვნელოვნად შეაფერხებდა.

ამასთან ერთად უნდა ავღნიშნოთ, რომ კრემლში კოკოითის მიმართ უკმაყოფილება არ ატარებდა პოლიტიკურ ხასიათს. მისდამი უნდობლობა ცალმხრივად ფინანსებთან, უფრო სწორად რომ ვთქვათ, რუსეთიდან გამოყოფილი თანხების კრემლის მესვეურთა და კოკოითს შორის წილობრივ გადანაწილებასთან იყო დაკავშირებული. საქმე იმაში გახლავთ, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს, რომლებიც თითქოს ცხინვალის რეგიონის რეაბილიტაციისათვის იყო განკუთვნილი, კოკოითი უმეტესწილად თვითონ იჯიბავდა, ხოლო მოსკოვში თავის მფარველებს მოსალოდნელზე ნაკლებ თანხებს უგზავნიდა. კრემლში კოკოითისადმი უნდობლობა სწორედ ამან გამოიწვია და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამთავრობო კომისია ამიტომ გაგზავნეს.

ბატონო გოგი, როგორ ფიქრობთ, რისი მიმანიშნებელი უნდა იყოს ცხინვალის სეპარატისტული მთავრობის ხელმძღვანელად რუსეთიდან მოვლინებული ვადიმ ბროვცევის დანიშვნდა და ხომ არ გეგმავს რუსეთი შემდგომში კოკოითის შეცვლას?

საბოლოო ჯამში კოკოითს მაინც შეცვლიან, მაგრამ ამ ეტაპისათვის ეს ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან იგი მაინც პრეზიდენტის რანგში იმყოფება და მისი გადარჩევისათვის შესაბამისი იურიდიული პროცედურებია ჩასატარებელი, რაც გარკვეულ დროს და სახსრებსმოითხოვს. ამასთან ერთად, კრემლს კოკოითთან ფულის ე.წ "ატკატის" სქემა კარგად ჰქონდა აწყობილი. მაგრამ ამ პროცესში, როგორც ეუკვე ავღნიშნე, კოკოითი თანხების უდიდიეს ნაწილს თვითონ ითვისებდა. ამიტომ მისი შეცვლა იმ შემთვევაში იქნება მოსალოდნელი, თუ მან კვლავ გააგრძელა თანხების მისებურად გადანაწილება.

რაც შეეხება ბროვცევის დანიშვნას. რუსეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბროვცევი კოკოითის სეპარატისტული რეჟიმის მთავრობის ხელმძღვანელად დანიშვნამდე რუსეთის ერთ−ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანიის "ვერმიკულიტ"−ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა დონეზეა კორუფცია აყვანილი რუსეთში და ცხინვალის რეგიონისათვის თანხების გამოყოფა სწორედ სამშენებლო−სარეაბილიტაციო მიზნებისთვის არის გათვალისწინებული, ადვილად სავარაუდოა, რომ სამშენებლო ბიზნესიდან კრემლის მიერ მოვლინებული ბროვცევი ამ თანხების გახარჯვის კონტროლისა და კრემლსა და კოკოითს შორის გადანაწილების დარეგულირებისათვის იყოს დანიშნული.

 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე