RSS
რუსულ−ოსური ერთობლივი პროექტები რეგიონის "აღორძინების" საფარქვეშ
14.09.2009 17:34
გოგი მაისურაძე
"ექსპერტთა კლუბი", ექსპერტი

გასული წლის აგვისტოს შემდეგ უკვე არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ რუსეთი მის მიერვე ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე საბოლოო დამკვიდრებას და ამ რეგიონების საკუთარ სივრცეში სრულ ინტეგრაციას გეგმავს .ამაში ნათლად დავრწმუნდებით, თუ დავუკვირდებით კოკოითის, მედვედევის და პუტინის ბოლო დროინდელ განცხადებებს ცხინვალის რეგიონის მომავალ პერსპექტივებზე.

კერძოდ, ცხინვალის რეგიონში თავისი პირველი "სამუშაო ვიზიტისას" მედვედევმა განაცხადა, რომ "... რუსეთი და სამხრეთ ოსეთი მომავალში განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს სხვადასხვა სფეროებში...". ხოლო პუტინმა ა.წ. 26 აგვისტოს მოსკოვში კოკოითთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე „ამაყად“ აღნიშნა – "... რუსეთის მესაზღვრეებმა თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაზე. ეხლა დამუშავებაშია 30-ზე მეტი შეთანხმება და ხელშეკრულება, რომლებიც გააძლიერებენ ჩვენი ურთიერთმოქმედების სამართლებრივ ბაზას – უშიშროების, ეკონომიკის და სოციალურ სფეროებში...".

რაც შეეხება კოკოითს, მას არა ერთხელ განუცხადებია, რომ "... არ შეიძლება არსებობდეს ორი ოსეთი... არ შეიძლება მათი ორად გახლეჩა.... ყვლაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩრდილო და სამხრეთ ოსეთი გაერთიანდნენ რუსეთის შემადგენლობაში...".

ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ კოკოითის ოპოზიციის წარმომადგენელთა მონაცემებით, რომელიც რუსეთის მედიაშიც კი გახმოვანდა, ცხინვალის რეგიონში დღეისათვის მცოვრებთა საერთო რაოდენობა რეალურად 15 ათასს არ აღემატება და მათ შორის ზრდასრულ მამაკაცთა დიდი ნაწილი სხვადასხვა შეიარაღებულ სამხედრო ფორმირებებშია გაწევრიანებული. ხოლო რაც შეეხება მშვიდობიანი მოსახლეობის ძირითად ნაწილს, მათ დატოვეს რეგიონი ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე. საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ, ცხინვალის რეგიონში შექმნილი მძიმე კრიმინოგენური და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო, რეგიონში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების გარკვეული ნაწილიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი. მათი უმეტესობა ჯერ–ჯერობით თავს იკავებს უკან დაბრუნებაზე. თუმცა არის გამონაკლისიც – ჩრდილოეთ ოსეთიდან ცხინვალში და მის ახლო მდებარე დიდი და პატარა ლიახვის ხეობების ქართულ სოფლებში ჩამოსახლება დაიწყეს გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოდან წასულმა ოსებმა. ამას ხელი შეუწყო ოსური სათვისტომოების აქტიურობამ და ცხინვალის მერიის მიერ მიღებულმა დადგენილებამ, რომელიც უფლებას აძლევს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს უსასყიდლოდ გაიფორმონ ქართველების კუთვნილი სახლ-კარი და უძრავ-მოძრავი ქონება. მაგრამ რეგიონში საკუთარ სახლებში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა მაინც მიზერულია.

მიუხედავად ასეთი გარემოებებისა, კოკოითი ოფიციალურად აცხადებს, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს რეგიონის რეაბილიტიცია და ადგილობრივი მოსახლეობის უკან დაბრუნება და ხელოვნურად ზრდის მათ რიცხვს, რათა თავისი გაზრდილი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მეტი ფულადი სახსრები მოიზიდოს.

თუ რა მდგომარეობაა იქ სინამდვილეში შევეცდებით მკითხველს გავაცნოთ იმ რეალურ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რომლებიც ჩვენ შევეცადეთ მოგვეპოვებინა და ჩვენივე შესაძლებლობებით გადაგვემოწმებინა.

პირველ რიგში ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ცხინვალის რეგიონში მოსახლეობის რეალურ რაოდენობაზე, რომელთა რიცხვი დღეისათვის დაახლოებით 19 ათასის ფარგლებში მერყეობს. ამასთან, მუდმივ მაცხოვრებელთა რაოდენობა 15 ათასს არ აღემატება, ხოლო დაახლოებით 4 ათასიან სხვაობას იქ დისლოცირებული რუსი სამხედროების კონტინგენტი იძლევა, რომელთა უმრავლესობა, შესაბამისი საცხოვრებელი პირობების უქონლობის გამო, ჯერჯერობით ოჯახის წევრების გარეშე ცხოვრობენ.

სწორედ ამ პრობლემის დაძლევას ემსახურება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის გეგმები საცხოვრებელი მიკრორაიონების მშენებლობასთან დაკავშირებით. მ.წ. აგვისტოს ბოლოს ბულდოზერებით მიწასთან გადასწორებულ უძველეს ქართულ სოფელ თამარაშენის ტერიტორიაზე საგანგებოდ აშენებული ე.წ. "მოსკოვსკის" მიკრორაიონი, რომლის გახსნას უშუალოდ მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ხელმძღვანელობდა, რუსი ძალოვნებისათვისა და სამხედროების ოჯახებისათვის არის გათვალისწინებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი რეგიონში კიდევ რამდენიმე ასეთივე მიკრორაიონის აშენებას გეგმავს, რაც საბოლოო ჯამში რეგიონს რუსულ დასახლებად და მათ სამხედრო ბაზად გადააქცევს.

გარდა ამისა, ახალგორის რაიონის სოფლებში – იკოთსა და ყანჩავეთში, რუსების მიერ გრძელდება სამხედრო ობიექტების ინტენსიური მშენებლობა. ამასთან ერთად მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ადგილობრივ მცხოვრებთა დაუსაქმებლობის პირობებში, რეგიონში ხიდების, გზების თუ სხვა, ძირითადად სამხედრო დანიშნულების, კომუნიკაციათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესში რუსეთიდან მოწვეული 800–ზე მეტი სამხედრო–საინჟინრო სპეციალისტი და მუშა-მოსამსახურეა ჩართული. მათ მიერვე დაჩქარებული ტემპებით შენდება ახალგორი-ცხინვალის საგზაო მაგისტრალი და ენერგეტიკის ობიექტები. აღსანიშნავია, რომ სეპარატისტები გეგმავენ ახალგორისათვის ელექტრო-ენერგიისა და აირის ცხინვალიდან მიწოდებას.

რუსულ–ოსური ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ, რუსეთმა უფრო მეტად დააჩქარა რეგიონის მილიტარიზაციაც – რაოდენობრივად იზრდება მათი სამხედრო კონტინგენტი, მძიმე ტექნიკა და შეიარაღება. რუსმა სამხედროებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს საჩუქრად გადასცეს თანამედროვე დაშიფრული კავშირის სტაციონალური აპარატურა და სხვა ტექნიკური საშუალებები. ეხმარებიან ადგილობრივ ძალოვანებს რეორგანიზაციის, საბრძოლო მომზადებისა და ახალი საბრძოლო ტექნიკის ათვისების საკითხებში.
ამასთანავე, რაოდენობრივად იზრდება ოსური შეიარაღებული სამხედრო ფორმირებებიც. კოკოითის გადაწყვეტილების შესაბამისად, "სამხრეთ ოსეთის" შ.ს.ს.-ს სისტემაში იქმნება "შინაგანი ჯარის" ქვედანაყოფი, რომელიც უშუალოდ მინისტრის დაქვემდებარებაში მოიაზრება, ხოლო ცხინვალისა და ჯავის რაიონებში მოქმედი ე.წ. "ბოევიკების" შეიარაღებული სამხედრო ფორმირებები გაერთიანდნენ "ომონის" სტრუქტურაში. ყველა ამ გასამხედროებული ფორმირებების საბრძოლო მზადყოფნას პირადად ამოწმებს დე–ფაქტო თავდაცვის მინისტრი.

უნდა აღინიშნოს, რომ სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო ფორმირებების წევრთა რაოდენობრივი ზრდა ხორციელდება რუსეთიდან ჩასული მოქალაქეებით, რომელთაც არ გააჩნდათ სამუშაო. მათი ჩამოსვლა კი მოტივირებულია "მოძმე ოსი ხალხის ინტერესების" დაცვით.

რეგიონში ადრე მოქმედი ადგილობრივი მესაზღვრეები, მიუხედავად მათი ჩანაცვლებისა რუსი "კოლეგებით", თვითნებურად განაგრძობენ ადმინისტრაციული საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე "მორიგეობას". ისინი, როგორც სხვა თვითმარქვია შეიარაღებული ფორმირებები, დღემდე არ არიან განიარაღებული, ბლოკ-საგუშაგოებზე ცხადდებიან არაფხიზელ მდგომარეობაში და ხშირად აწარმოებენ ქართველთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დასახლებულ სოფლებისა და ბლოკ-საგუშაგოების მიმართულებით სროლებს სხვადასხვა სახის შეიარაღებიდან, რითაც კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული პროვოკაციების ალბათობა იზრდება.

რაც შეეხება თვით რუს მესაზღვრეებს, ისინი დღეისათვის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის 90% აკონტროლებენ.

ბოლო პერიოდში, როგორც რუსეთის, ასევე ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების დანაყოფებში მოშლილია სამხედრო დისციპლინა. საგრძნობლად იმატა დეზერტირობისა და სხვა კრიმინალური დანაშაულობების ფაქტებმა, რის გამოც გაზრდილი იქნა სამხედრო მილიციელთა რაოდენობაც.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ცხინვალის რეგიონში ლტოლვილი მოსახლეობის უკან დაბრუნების დაჩქარების მიზნით, ადგილობრივი ადმინისტრაცია, რუსეთის ბანკების მხარდაჭერის იმედით, მცირე ბიზნესის განვითარებისათვის მათ სხვადასხვა სახის შეღავათებს სთავაზობს – უპროცენტო კრედიტები, ხელფასებისა და პენსიების შეუფერხებელი გაცემა და ა.შ. ხოლო რუსეთის განათლების სამინისტრომ, ფედერაციის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად, წელს ათეულებით ოსი ახალგაზრდისათვის უგამოცდოთ მიღებისა და უფასო სწავლებისათვის ლიმიტებიც კი გამოაგზავნა. მარტო ზნაურის რაიონში განაწილდა 6 ასეთი ლიმიტი, რომელთაგან ერთი ქართველ ახალგაზრდასაც შესთავაზეს, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების ანალიზის შედეგად შეიძლება დავასკვნათ:

● რუსეთი, რეგიონის ოკუპირებულ რაიონებში მოსახლეობისათვის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საბაბით და გამოყოფილი თანხების (10მლრდ. რუბლზე მეტი) მანიპულირებით, სამხედრო ობიექტების გამალებულ მშენებლობას აწარმოებს (2008 წლის აგვისტოს ომის დროს გამოვლენილი ხარვეზებისა და ნაკლოვანებების გათვალისწინებით), მომავალში რეგიონის მთლიანი მილიტარიზაციის მიზნით;

● რეგიონში დისლოცირებულ რუს სამხედრო ძალებს, ოპერატიული მანევრირების პარამეტრების გაუმჯობესებისათვის, ესაჭიროებათ რეაბილიტირებული და თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული ახალი კომუნიკაციები: გზები, ხიდები, აეროდრომები და ა.შ., რისთვისაც მათ მიერ უდაოდ იქნება გამოყენებული ეკონომიკისა და სოციალური სფეროებისათვის გათვალისწინებული თანხები;

● რუსეთი, თავისი ნაციონალური და სამხედრო-სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, სამხრეთ კავკასიაში საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის კონტროლის მთლიანად თავის ხელში ჩაგდებას ცდილობს, ხოლო სამხედრო ბაზების მშენებლობით და დღეისათვის ჩრ.კავკასიაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით – შესაძლოა ემზადებოდეს მომავალში ლოკალური სამხედრო ოპერაციებისათვის ინგუშეთ-ჩეჩნეთის, დაღესტანის, ყაბარდოს ან სხვა მიმართულებებით;

● გასათვალისწინებელია აგრეთვე ორმხრივი (რუსულ–ოსური) დაინტერესების ფაქტორებიც: ერთის მხრივ, რუსეთის სამხედრო ძალების გარემოცვაში სეპარატისტები თავს უფრო დაცულად იგრძნობენ. მეორეს მხრივ ყურადსაღებია ისიც, რომ ოსური მხარის მიმართ ტერიტორიული თუ სხვა სახის პრეტენზიები ქართველების გარდა ინგუშებსაც გააჩნიათ, რის გამოც ოსები ყოველნაირად შეეცდებიან „მოძმე“ რუსებს თავიანთი ერთგულება მომავალშიც დაუმტკიცონ ჯერ კიდევ ,,მელანშეუმშრალი,, ორმხრივი ხელშეკრულების ვალდებულებებიდან გამომდინარე და უყოყმანოდ შეასრულონ მათი ნებისმიერი დავალება „საერთო“ ინტერესების დასაცავად;

● რეგიონში რუსი მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელი გახშირებული და შემდგომში დაგეგმილი ვიზიტები არ უკავშირდება მარტო ახლად აშენებული ობიექტების პრეზენტაციას. მათ აინტერესებთ ადგილზე ნახონ რეალური სურათი და შესაბამისი უწყებების მესვეურებისაგან პირადად მოისმინონ ინფორმაციები. ეს ყოველივე კი ესაჭიროებათ გაცილებით სერიოზული და შორს გამიზნული მომავალი გეგმების დასახვისა და რეალიზაციისათვის.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე