RSS
გოჩა გვარამია: რუსეთი კვლავინდებურად გეგმავს საქართველოს სრულ ოკუპაციას
22.09.2009 12:14
გიორგი წიკლაური
"ექსპერტთა კლუბი"

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულებიდან 17 წლის განმავლობაში საქართველოს სანაპირო დაცვამ არაერთი გემი დააკავა, რომელსაც სეპარატისტულ ანკლავში კონტრაბანდა გადაჰქონდა და ამით უხეშად არღვევდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს. მაგრამ ბოლოს, ტანკერ „ბუკეტის“ დაკავება ყველაზე რეზონანსული აღმოჩნდა. ერთობ სკანდალურად გამოიყურება ასევე ასეთი რეისების ამისშემდგომ გავრცელებული სქემა, რომელშიც აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. სიტუაციას კომენტარს "ექსპერტთა კლუბის" წარმომადგენელი, გოჩა გვარამია უკეთებს.

ქართული მხარის ქმედებას მოსკოვსა და სოხუმში არამართლზომიერსა და „მეკობრულსაც“ კი უწოდებენ. როგორ შეაფასებდით ამას ?

პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ სეპარატისტულ ანკლავს დღემდე არავინ აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, გარდა ამ "სახელმწიფოს" შემქმნელისა რუსეთის სახით და "პაპუასებისა", როგორც მათ თავად ბაღაფშმა უწოდა. არც ერთი საერთაშორისო დოკუმენტი ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი საზღვრების ურღვევობის პრინციპს ადასტურებს გაეროს გენერალური ასამბლეის უკანასკნელი რეზოლუციაც, სადაც გარკვევითაა მითითებული, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. შესაბამისად, ამ საზღვრებში შედის საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის მონაკვეთიც, რომელიც დახურულია ნებისმიერი საერთაშორისო გადაზიდვებისთვის თბილისთან შეთანხმების გარეშე. გარდა ამისა, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". ეს კანონი ზღუდავს ეკონომიკურ მოღვაწეობას რუსეთის მიერ მიტაცებულ რეგიონებში და მოითხოვს უცხოელი მოქალაქეებისგან, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩავიდნენ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით. ყოველივე ეს ეხება საქართველოს აკვატორიის აფხაზეთის მონაკვეთსაც. ასე რომ, ნებისმიერი მოქმედება, რომელიც არღვევს ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო ნორმებს, არის უკანონო და უნდა აღიკვეთოს საქართველოს შესაბამისი სამსახურების მიერ. სამართლებრივი თვალსაზრისით, თბილისის პოზიციები ამ საკითხში უნაკლოა. მათი შედავება მხოლოდ უხეში ძალითაა შესაძლებელი. რასაც, რუსეთი, პრინციპში, აკეთებს კიდეც, პარალელურად ინიღბება რა პროპაგანდისტული დემაგოგიით მედიაში და ოფიციალური პირებისა და სახელმწიფო უწყებების დონეზე. ახალი არაფერია – მოსკოვის ამგვარი ტაქტიკის მოწმენი ჩვენ უკვე თითქმის ორი ათეული წელია, ვართ.

პრესამ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა თურქეთსა და აფხაზეთს შორის კონტრაბანდული გადაზიდვების სქემების შესახებ...

ის, რომ ამ უკანონო ქმედებებში აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები არიან გარეული, სიახლეს არ წარმოადგენს. ამ სფეროს ყოველთვის ხელისუფლების სათავეში მყოფი კლანები აკონტროლებდნენ. ის გარემოება, რომ კონტრაბანდის მექანიზმს აფხაზეთის "პარლამენტის" "საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე" , გურამ გუმბა მართავს, შესაძლოა, ნორმალურ ქვეყანაში იყოს სკანდალური. ოკუპირებულ რეგიონში კი, სადაც უკანონობა ჰყვავის, ასეთ საქმეებს სწორედ ასეთი ადამიანები მართავენ. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომ მათი ქმედებების შედეგად რიგითი მეწარმეები ზარალდებიან, რომელთაც "სახელმწიფო მამები" "მომსახურეობას გარანტიის გარეშე" სთავაზობენ, რისთვისაც სოლიდურ "პრემიებსაც" იღებენ. სეპარატისტებისთვის ამგვარი ვითარება იმდენად ბუნებრივია, რომ ნამდვილი სკანდალი მათში ამ ინფორმაციამ კი არა, არამედ, ე.წ. "აფხაზეთის საზღვაო სანაოსნოს" დირექტორის, ზაურ არძინბას განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც, საკუთარი პოზიციების გასამაგრებლად, ფაქტიურად, ბრალი დასდო სეპარატისტების საბაჟო და სასაზღვრო სამსახურებს ღალატსა და ქართულ მხარესთან გარიგებაში. არძინბას სიტყვები, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დატოვეს, და ღალატში ეჭვმიტანილებმა პრეს–კონფერენცია გამართეს, რომელზეც პოპულარულად ახსნეს, რომ სჯობს, არძინბამ მოღალატეები თავის გარემოცვაში ეძებოს.

მაგრამ მაინც, რატომ გამოიწვია ასეთი რეზონანსი მაინც და მაინც "ბუკეტის" შემთხვევამ ? საქართველოს ხომ არაერთხელ დაუკავებია უცხოური გემები აფხაზეთში კონტრაბანდისთვის...

ეს შემთხვევა, პირველ რიგში, "დამოუკიდებელი აფხაზეთის" საზღვრის დაცვის რუსულ–აფხაზურ ხელშეკრულებათა გათვალისწინებით უნდა განვიხილოთ. პრეს–კონფერენციაზე, რომელზეც უკვე მოგახსენეთ, სეპარატისტების სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილემ, გიორგი დუმავამ განაცხადა, რომ პირებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ "აფხაზეთის სასაზღვრო სამსახურის დეპარტამენტს შეუძლია, გააკონტროლოს ვითარება ნაპირიდან 250 საზღვაო მილის დაშორებით, წარმოდგენა არ გააჩნიათ ამ სამსახურის შესაძლებლობებზე... ისინი ერთობ მოკრძალებულია..." ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც პირდაპირი თხოვნა რუსეთის მიმართ, აკვატორიის დაცვაში, რაც გათვალისწინებულია შესაბამის ხელშეკრულებაში. მოსკოვში ასევე საუბრობდნენ ოჩამჩირეში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების ნაწილის განთავსების გეგმებზე. და რუსეთმა გადადგა კიდეც კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით. 20 სექტემბერს აფხაზეთის სანაპიროსთან მორიგეობა დაიწყო საგუშაგო გემმა "ნოვოროსიისკმა". რუსეთის მედიის მონაცემებით, ეს პირველი გემია იმ დივიზიონიდან, რომლის ჩამოყალიბება ოჩამჩირის პორტში იგეგმება, რომლის საკუთარ სამხედრო–საზღვაო ბაზად მოწყობა რუსებმა 2008 წლის აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე დაიწყეს. საინეტერესოა აღინიშნოს, რომ დივიზიაში დაგეგმილია "მანგუსტის" და "სობოლის" ახალი ტიპის კატარღების შეყვანაც. ეს ჩქაროსნული კატარღებია, რომელზეც სარაკეტო შეიარაღების დაყენებაა შესაძლებელი, კერძოდ, "ვიხრის" დანადგარისა, და მშვენივრად გამოდგება ზღვაზე შეიარაღებული ინცინდენტების პროვოცირებისთვის. ანუ, რუსეთის სამხედრო–საზღვაო ძალები "ლეგალურ" საფუძველზე მჭიდროდ უახლოვდებიან ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას და რეალურ საფრთხეს ქმნიან საბრძოლო მოქმედებათა პროვოცირებისთვის, რაც რუსეთის მთავარ მიზანს წარმოადგენს.

რაში სჭირდება ეს მოსკოვს ? მან ხომ უკვე მიიტაცა აფხაზეთი, ომის პოლიტიკური შედეგები კი მოსკოვისთვის საკმაოდ უსიამოვნო აღმოჩნდა...

ეს მოსკოვს საქართველოს სრული ოკუპაციისთვის სჭირდება, რისი გეგმებიც კვლავ მუშავდება მოსკოვში. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მითვისება ოკუპანტების მხოლოდ შუალედური მიზანია. თავისთავად ეს რეგიონები არ წარმოადგენს საკმარის ფასეულობას – ისინი პლაცდარმადაა საჭირო დანარჩენი საქართველოს წინააღმდეგ. გეოგრაფია ჯერ არავის გაუუქმებია. ჩვენი ქვეყანა საკვანძო წერტილშია განლაგებული და მისი კონტროლი რუსეთს ავტომატურად აძლევს კონტროლს მთელს სამხრეთ კავკასიაზე, კასპიის რეგიონზე და ცენტრალურ აზიაზე თავისი ნახშირბადის სიმდიდრეებითა და იმის შესაძლებლობით, რომ ნავთობი და გაზი მიაწოდოს საგარეო ბაზრებს რუსეთის შუამავლობის გარეშე. ამიტომ რუსეთი მიზანმიმართულად ქმნის წინაპირობებს ვითარების პროვოცირებისთვის და სურს, მზად იყოს შემდგომი მოქმედებებისთვის, თუკი გარემოებები საშუალებას მისცემს, ისევ გაიმეოროს აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვში უკვე ზრუნავენ შესაბამისი საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის. ამასწინათ, "რენ–ტვ"–ს არხით გადაცემაში, "ვოენნაია ტაინა", საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების სცენარი აჩვენეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მონაწილეობით. ჩვენ ვიცით, რომ რუსული ტელეეთერი მთლიანად რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება და სანქციის გარეშე იქ არაფერს უჩვენებენ.

ანუ, ერთადერთი მიზეზი კრემლის გეოპოლიტიკური ამბიციებია ?

გლობალური თვალსაზრისით – დიახ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა ფაქტორები, რომლებიც მთავარი პოლიტიკის თანმდევია. ასეთი ფაქტორები ხშირად გავლენას ახდენს მიმდინარე მოვლენებზე ადგილობრივ, ლოკალურ დონეზე. მაგალითისთვის ავიღოთ აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო კომპანია "როსნეფტის" გამოჩენა. სულ ახლახან მან სეპარატისტებთან შეთანხმება გააფორმა აფხაზეთის შელფზე ნავთობის სადაზვერვო და მოსაპოვებელი სამუშაოების ჩატარების შესახებ. გარდა ამისა, "როსნეფტი" ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურების საკუთარ ქსელს განავითარებს. ბიზნესის თვალსაზრისით, აფხაზეთს "როსნეფტისთვის" არავითარი ფასი არ აქვს – იქ თუ მოგება იქნა, ძალიან მიზერული იქნება. ამიტომ, მიზეზი აქ უფრო პოლიტიკურია. მოსკოვი ამგვარად კონტროლს აწესებს მთელს ადგილობრივ საწვავის ბიზნესზე. აფხაზი საქმოსნები კონკურენციას ვერ გაუწევენ "როსნეფტს", რომელიც, თავის მხრივ, დაბლოკავს ამ ბიზნესის თურქულ შემადგენელს, რის შემდეგაც აფხაზები, როგორც სხვა სფეროებში, ისე ამ საკითხშიც მთლიანად იქნებიან რუსებზე დამოკიდებული. ტანკერ "ბუკეტის" დაკავებამ კი, რამაც აფხაზეთში პატარა "საწვავის კრიზისი" გამოიწვია, "როსნეფტს" საშუალება მისცა, კეთილისმსურველის როლში გამოსულიყო, რომელიც მათ რთულ მომენტში ბენზინის მიწოდებაში დაეხმარა. ყოველივე ამის შესახებ დაუფარავად წერს აფხაზური პრესა. ვერ იტყვი, რომ აფხაზებს არ ესმით, რა პროცესები მიდის მათთან. ისინი აცნობიერებენ, რომ უკანასკნელ ილუზიებს კარგავენ თავიანთ "დამოუკიდებლობასთან" დაკავშირებით, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ. სეპარატისტები არასოდეს აღიარებენ, რამდენად არაადექვატურია მათი მისწრაფება დანარჩენი საქართველოსგან აფხაზეთის გამოსაყოფად და რომ უკეთეს შემთხვევაში, მათ რუსი სამხედროების მომსახურე პერსონალის ბედი ელით. უარესში კი – აფხაზი ლიდერები თავის ხალხს, უბრალოდ, განადგურებისკენ უბიძგებენ.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე