RSS
აფხაზური სეპარატიზმი სუკ-ის ლაბირინთებში იშვა. ნაწილი I
28.09.2009 11:37
ექსპერტთა კლუბი

ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ქართული საზოგადოება გამუდმებით სვამს კითხვებს: შეიძლებოდა თუ არა თავიდან ყოფილიყო აცილებული 90-იანი წლების სამოქალაქო ომი, აფხაზეთის და ცხინვალის მოვლენები, რომლებმაც ათასობით სიცოცხლე შეიწირა, მრავალი ადამიანი ერთმანეთს გადაკიდა და გააუბედურა საქართველოში და მთელს კავკასიაში? რა იყო მათი გამომწვევი მიზეზები? ადამიანთა პატარა ჯგუფების ახირება და ამბიციები? თავისი ინტერესებიდან გამომდინარე გარე ძალების მიერ პატარა ხალხებზე თავს მოხვეული დაპირისპირება და აბუჩად აგდება? თუ კარს მომდგარი ისტორიული, სოციალური და გეოპოლიტიკური ძვრების ობიექტური აუცილებლობა? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ალბათ კიდევ დიდხანს მოუწევთ გარჯა ისტორიკოსებს, პოლიტიკოსებს და სხვა მრავალი დარგის სპეციალისტებს.

"ექსპერტთა კლუბის" მოკრძალებული მცდელობაა ქართული საზოგადოება ჩაახედოს საბჭოთა და შემდგომში რუსული სპეცსამსახურების იმ ლაბირინთებში, რომელთა შესაძლებლობების შეუფასებლობამ და ისტორიული გაკვეთილების უგულებელყოფამ განაპირობა ბევრი არასწორი ნაბიჯი, რამაც სავალალო შედეგამდე მიიყვანა ქვეყანა.

გასული საუკუნის ბობოქარი 20-იანი წლების შემდეგ ბოლშევიკურმა რეჟიმმა მოახერხა ქართული საპროტესტო მუხტის შესუსტება და გარკვეულწილად მისი ჩარჩოებში მოქცევა, თუმცა იყო მასიური რეპრესიები, ომი და მძიმე მატერიალური პრობლემები. შემდეგ კვლავ იწყება შინაგანი დუღილი და მისი გარეთ გადმოფრქვევის საბაბიც გაჩნდა−1956 წლის მარტი საქართველოში ბევრისთვის ეროვნულ შეურაცყოფად იქნა აღქმული ათეული წლების მანძილზე მსოფლიოში ქართული გენის გამონათებად აღიარებული სტალინის პიროვნების განქიქება და მანამდე კი ბერიას დღემდე ბურუსით მოცული ფიზიკური ლიკვიდაცია.

ნიკიტა ხრუშოვის მოხსენება სტალინის პიროვნების კულტის შესახებ მიღებულ იქნა მორიგ უსამართლო მცდელობად ქართული ხასიათის სისასტიკისთვის გადაებრალებინათ რუსული იმპერიის საუკუნოვანი ცოდვები. 9 მარტის მოვლენები ქართველი ახალგაზრდობის პირველი ძლიერი გაუცნობიერებელი საპროტესტო ამბოხი იყო. ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც ასევე გაუცნობიერებლად ათობით გულწრფელი ჭაბუკისა და ქალიშვილის სიცოცხლე შეეწირა. მაგრამ 9 მარტს მთვლემარე ქართული საზოგადოების გამოღვიძება დაიწყო.

ამ დღეს ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ გულანთებული ქართველი ახალგაზრდები და ამ ვითარებისთვის თბილისში სპეციალურად შემოყვანილი რუსული განსაკუთრებული დანაყოფები, რომლებმაც მაშინდელი კავშირგაბმულობის შენობიდან ცეცხლი გაუხსნეს მათ მიმართულებით მიმავალ უიარაღო კოლონას და ადგილზე დახვრიტეს და დაჭრეს ასობით უდანაშაულო ადამიანი. საზღვარი არ ჰქონდა თვითმხილველთა გაოცებას _ რუსთაველის პროსპექტზე მოთარეშე ტანკების კაბინებში უსუსურ მდგომარეობაში აღმოჩენილი რუსი ჯარისკაცები ვერაფერს უხერხებდნენ თანამოძმეთა დაღუპვით გამძვინვარებულ და მათ მანქანებზე ამხედრებულ ახალგაზრდებს.

ქართული მილიციისა და უშიშროების თანამშრომლებს იარაღი ჩამოართვეს. სასწრაფოდ დაშალეს ქართული ეროვნული საჯარისო ნაწილები. ყველაფერზე კონტროლი სამხედრო უწყებამ აიღო.
ვრცელდებოდა ხმები, რომ ნიკიტა ხრუშჩოვი მთელ ქართველ ხალხს ციმბირში უპირებდა გადასახლებას. რესპუბლიკის ხელმძღვანელობა საგონებელში იყო ჩავარდნილი.

მიუხედავად ასეთი ვითარებისა, არც მანამდე და არც შემდეგ არ ყოფილა არც ერთი ფაქტი რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ ეთნიკური ნიშნით უარყოფითი დამოკიდებულებისა. თუმცა იყო მრავალჯერადი მცდელობა მოეპოვებინათ მსგავსი მასალები, რაც შემდგომში რუსი მოქალაქეების ინტერესების დაცვის მიზნით რეპრესიების გატარების საბაბი გახდებოდა. საქართველო ვერ ეგუებოდა დიქტატსა და რუსულ ჩექმას, რომელიც არასოდეს გაიგივებულა რუს ხალხთან და რუსულ კულტურასთან.

ათეული წლები გაატარეს თაობებმა საკუთარ თავთან ტკივილიან ჭიდილში, რადგან ჭირდა ძველ ფასეულობათა ახლებურად გააზრება. ინფორმაციული ველი მწირი და ბევრ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი იყო. ქართული ინტელიგენციის და სტუდენტი ახალგაზრდობის გარკვეულ ნაწილში თანდათან გაძლიერდა დასავლურ ღირებულებებისადმი ლტოლვა. დაწყო ანტისაბჭოთა ხასიათის ფურცლების გავრცელება და არალეგალური ჟურნალების გამოცემა. შეიქმნა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ჰელსინკის ჯგუფი. რეალურად დაიწყო ჩამოყალიბება ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ.

კრემლმა ყველაფერი დასავლეთის პროპაგანდას დააბრალა და საპასუხოდ 1967 წელს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შემადგენლობაში ცენტრსა და ადგილებზე შექმნა სპეციალური ე. წ მეხუთე ოპერატიული მიმართულება, რომელსაც ევალებოდა მთავარი მოწინააღმდეგის იდეოლოგიურ დივერსიებთან, ანტისაბჭოთა და ნაციონალისტურ გამოვლენებთან ბრძოლა.

უფრო მოგვიანებით მოსკოვის მიერ ქართული და ბალტიისპირეთის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ძალები შეფასდნენ როგორც დასავლეთის იმპერიალისტური პოლიტიკის ყველაზე საშიში გამტარებლები, მიმართული საბჭოთა კავშირის შესუსტებისა და დაშლისკენ. ასეთი დასკვნის შესაბამისად სპეცსამსახურებს მიეცათ დავალება ეზრუნათ ამ რესპუბლიკებში ხანგრძლივმომქმედი ე.წ. არალეგალური აგენტურული პოზიციების შესაქმნელად, რაც უნდა ვივარაუდოთ, განხორციელდა კიდეც.

იქმნებოდა დაძაბულობის კერები ქვეყნის ავტონომიებში და სასაზღვრო ზოლის თითქმის მთელ პერიმეტრზე ისტორიული, ეთნიკური, გეოგრაფიული, და ფსიქოლოგიური ნიშნების გათვალისწინებით. აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში უფრო გააქტიურდნენ სეპარატისტული ძალები და შესაბამისად მათი მოთხოვნებიც რადიკალურ ფორმებს იღებდნენ. როგორც ცნობილია პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნიდან ეპიზოდური, ხოლო 1957 წლიდან პერიოდული ხასიათი ჰქონდა აფხაზი ნაციონალისტების მიერ დრო და დრო საკავშირო ცკ-ში გაგზავნილ საპროტესტო წერილებს და ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს ანტიქართული მოწოდებებით და საქართველოს შემადგენლობიდან გამოყოფის მოთხოვნით. როგორც წესი ყველაფერი "მშვიდობიანად" თავდებოდა საკავშირო ცკ-ს ჩარევით და საქართველოს ცენტრალური ხელუსუფლების ბევრ შემთხვევაში გაუმართლებელი დათმობების ხარჯზე.

ბოლო ათწლეულს აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე სრული წარმოდგენის შექმნისთვის აუცილებელია აღინიშნოს 1989 წლის 18 მარტს გუდაუთის რაიონის სოფ.ლიხნში აფხაზი სეპარატისტების მიერ ორგანიზებული ცნობილი მრავალრიცხოვანი თავყრილობა, რომელსაც ესწრებოდა აფხაზეთის თითქმის მთელი პარტიული ელიტა. ამ მიტინგზე ღიად გაცხადდა ანტიქართული მიზანი _ საქართველოს შემადგენლობიდან აფხაზეთის გამოყოფა. სკკპ ცენტრალური კომიტეტის მისამართით მომზადებულმა მიმართვამ, რომელიც მიტინგზე იქნა მიღებული, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. ამ მიმართვით სეპარატისტებმა ქართველებს აშკარად აგრძნობინეს, რომ მხოლოდ აფხაზებს აქვთ უფლება გადაწყვიტონ აფხაზეთის ბედი და ქართველებს არაფერს შეეკითხებიან. წლების განმავლობაში ამგვარ დამოკიდებულებას მიჩვეული მორჩილი ქართველებისთვის ლიხნის მიმართვა ბოლო წვეთი აღმოჩნდა გადავსებულ მოთმინების 'ფიალაში და პროტესტმაც არ დააყოვნა. ლიხნის ყრილობის ამბავი მეხივით გავარდა და მოედო მთელ საქართველოს. სოხუმში, ლესელიძეში, გულრიფშში და გალში გამართულ საპროტესტო მრავალათასიან მიტინგებზე გამომსვლელები საუბრობდნენ ორი ერის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე და მოუწოდებდნენ აფხაზ ხალხს არ აყოლოდნენ სეპარატისტებს.

აპრილის დასაწყისიდან ლიხნის მოვლენებთან დაკავშირებით თბილისში დაიწყო საპროტესტო აქცია, რომელმაც პერმანენტულ ხასიათი მიიღო და ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის მოთხოვნა დააყენეს.

1989 წლის 9 აპრილს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა დიამეტრალურად შეცვალეს არა მარტო საქართველოს განვითარების ვექტორი, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს თვით საბჭოთა იმპერიის ყოფნა-არყოფნის საკითხი. ეს უკვე მეტისმეტად ჩათვალა კრემლმა და რეაქციამაც არ დააყოვნა. რუსულმა სპეცსამსახურებმა მთელი ძალით აამოქმედეს ის დაყოვნებული მოქმედების ნაღმები, რომლებიც გათვლილი იყო ექსტრემალური პირობებისთვის ქვეყნის ეროვნული მოწყობის მაშინდელი სისტემის სახით.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ კრემლის მიერ საქართველო, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ანალოგიურად არასაიმედო რეგიონად იყო აღქმული და მოვლენათა მსვლელობის ლოგიკით მოელოდა, რომ ისინი გავიდოდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან. საკავშირო სუკში შემუშავებული გეგმის მიხედვით სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში აქტიურად ამოქმედდნენ ვითომ ადგილობრივი ეროვნული ძალების მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაციები “ადამონ ნიხასი” და “აიდგილარა”. მათ მიზნად დაუსახეს ამ ავტონომიებში ქართული ეროვნულ−განმანთავისუფლებელ ძალებთან დაპირისპირება და ხელის შეშლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

ელემენტარული ლოგიკიდან გამომდინარე, ეს ორგანიზაციები ეროვნულ-განმათავისუფლებელი რომ ყოფილიყვნენენ, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას კი არ უნდა დაპირისპირებოდნენ, არამედ მასთან ერთად უნდა ებრძოლათ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლისათვის.

საერთო ამოცანებიდან გამომდინარე "აიდგილარასთან" მჭიდრო კავშირში იმყოფებოდნენ რუსული და სომხური ორგანიზაციები "სლავიანსკი დომ" და "კრუნკი", რომლებიც "აიდგილარას" მსგავსად შექმნილი იყვნენ და იმართებოდნენ საკავშირო სუკის მიერ. ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელობა ძირითადად დაკომპლექტებული იყო კადრებით, რომლებიც გასულ წლებში მოსახლეობაში სეპარატიზმის გაღვივებისთვის უშიშროების მიერ აყვანილი იყვნენ აღრიცხვაზე. აქედან ზოგი თავის დროზე იმყოფებოდა ოპერატიულ დამუშავებაში, ზოგი კი გადმობირებული.

ხსენებულ ორგანიზაციები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ქმნიდნენ რაიონებში თავიანთ ფილიალებს. მათი წარმომადგენლები აქტიურად ეწეოდნენ არაქართველი მოსახლეობის იდეოლოგიურ დამუშავებას. ისტორიული ფაქტების გაყალბებით ქართველებს წარმოაჩენდნენ, როგორც დამპყრობლებს და არაქართველ, განსაკუთრებით აფხაზ მოსახლეობას გამუდმივებით უნერგავდნენ აზრს აფხაზეთის ქართველებისგან გაწმენდის აუცილებლობაზე.

საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი იდეოლოგიური ფრონტი გაიშალა ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების სახით. რუსეთის სპეცსამსახურების მიერ "აიდგილარას" და "ადამონ ნიხასის" ანალოგიურად იქ შექმნილი ე.წ სახალხო-ნაციონალური მოძრაობები ყოველგვარ დახმარებას ჰპირდებოდნენ აფხაზ სეპარატისტებს. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ყაბარდოელთა ნაციონალური მოძრაობა "ადაღე ხასე". სეპარატისტი ლიდერები აფხაზური ტელევიზიის და პრესის საშუალებით მუდმივად საუბრობდნენ აფხაზი და ჩრდილო კავკასიის ხალხების ურყევ ძმობაზე და ერთიანობაზე. ამავე პერიოდს საეჭვოდ ემთხვევა "მთიელ ხალხთა კონფედერაციის" შექმნა, რომლის დედაქალაქად სოხუმი გამოცხადდა. იმართებოდა შეხვედრები ჩრდილო კავკასიის წარმომადგენლებთან.

გაზეთ "სოვეტსკაია აფხაზიაში" გახშირდა ორგანიზაცია "სლავიანსკი დომის" მიერ შეთითხნილი სტატიები ტრეფიკინგის ფაქტებზე, რომელსაც რუსი ეროვნების პირების მიმართ თითქოსდა ეწეოდნენ ქართველები.

აფხაზ მოსახლეობაში სეპარატისტული იდეების თანდათან მომძლავრებამ და სხვადასხვა ფორმით გახშირებულმა ანტიქართულმაA გამოვლენამ თანდათან შექმნა პირობები ქართული ეროვნული მუხტის გაძლიერებისა, რამაც შემდგომში ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობა აფხაზეთში საერთო-სახალხო მოძრაობად გადაზარდა. ბუნებრივია ასეთ ვითარებაში თითქმის ყველა საღად მოაზროვნე ქართველმა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და წარსულისა ერთი იდეის ქვეშ დაიწყო გაერთიანება.

ამდენად, ეროვნული ძალები თავისდაუნებურად იძულებული გახდნენ არა მარტო ანგარიში გაეწიათ, არამედ მეტწილად დაყრდნობოდნენ კიდეც ადგილობრივ ქართულ პარტიულ ნომენკლატურას.

როგორი წარმოსადგენია, რა ძალებით და საშუალებებით უნდა განეიტრალებულიყო საკავშირო სუკის დაქვემდებარებაში მყოფი, მათივე ყოველმხრივი ხელშეწყობით საქართველოში და კერძოდ აფხაზეთში მოქმედი ანტიქართული ხილული თუ უხილავი ძალები.

ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას დიდი გამოცდა ელოდა, რადგანაც კომუნისტური რეჟიმის გარდა, აფხაზეთში ამ მოძრაობას სერიოზულად უპირისპირდებოდა საკავშირო სუკის მიერ მართული სეპარატიზმი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთში ამ პერიოდისათვის კომუნისტური რეჟიმი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის იმდენად დიდი საფრთხის შემცველი არ ჩანდა, როგორც სეპარატიზმი.

ამ გამოცდას ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, მოგვიანებით კი ახალმა ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ გაუძლო. სუბიექტორის გარდა იყო ობიექტური ფაქტორებიც, რომელთა გათვალისწინება საქართველოს გამოუცდელმა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო, რადგანაც რუსეთმა აამოქმედა მის ხელთ არსებული ზეწოლის ბერკეტების მთელი არსენალი, რათა თავის გავლენის სფეროში შეენარჩუნებინა მისთვის სტრატეგიულად სასიცოცხლო მნიშვნელობის რეგიონი. მართალია ძალების მაქსიმალური დაძაბვით სხვადასხვა სფეროებში შემოტევები დროებით მოგერიებული იქნა, მაგრამ ვერ მოხერხდა სეპარატიზმისა და ეროვნული შუღლის გაღვივებით გამოწვეული აფეთქებების ნეიტრალიზება, რომლისთვისაც ახალბედა ხელისუფლება მოუმზადებელი აღმოჩნდა. უფრო მეტიც დაშვებული იქნა ბევრი გამოუსწორებელი შეცდომა, რის შედეგადაც რუსეთის სპეცსამსახურებმა მოახერხეს სისხლიანი დაპირისპირების ინსპირირება აფხაზებთან და ოსებთან, რომლებთანაც ქართველ ხალხს მრავალსაუკუნოვანი მეგობრული თანაცხოვრების ისტორია, ერთიანი კულტურა და ნათესაური ურთიერთობება დღესაც აკავშირებს. ეს მიზეზები იმდენად ბევრია რომ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. შევეცდებით მოვიყვანოთ და გავაანალიზოთ რამოდენიმე მათგანი.
 

გაგრძელება იქნება...


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე