RSS
რუსეთის სპეცსამსახურები მორიგ სამხედრო პროვოკაციას გეგმავენ
15.10.2009 11:47
გოგი მაისურაძე
"ექსპერტთა კლუბი", ექსპერტი

რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებს მთელი ცივილიზებული სამყარო დღემდე საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, რუსეთს ღიად მოუწოდებს საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისაკენ და კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებებისა და ხელმოწერილი ხელშეკრულებების შესრულებისაკენ. საპასუხოდ კრემლი ასევე ღიად ახდენს მთელი მსოფლიოს იგნორირებას, ასევე ღიად განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას და ამ ტერიტორიების სრული ანექსიის პოლიტიკას.

რუსეთი, ადგილობრივ მოსახლეობაში ნდობის მოპოვებისა და საკუთარი პოლიტიკის შემდგომში ეფექტურად გატარების მიზნით, აქტიურად ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესწავლას. ამ მიზნით აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ხშირად ჩადიან რუსეთის სპეცსამსახურების საფარქვეშ მოქმედი სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსიტუტებისა თუ ცენტრების წარმოადგენლები, რომელთა მიზანს რეგიონში მიმდინარე პროცესების, კერძოდ კი რუსეთის მხრიდან რეგიონების მილიტარიზაციის და რუსი სამხედროების მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულების კომპლექსური შესწავლა წარმოადგენს.

ცხინვალის რეგიონში მილიტარიზაციის პროცესმა რომ არნახული მაშტაბები მიიღო, ამაზე ნათლად მეტყველებს ე.წ. სამხედრო ქალაქებისა და სამხედრო ინფრაქსტურის, მათ შორის ე.წ. ვერტოდრომების ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები, რასაც რუსეთი უკვე მედიის საშუალებებშიც კი ღიად აცხადებს.

განსაკუთრებული ყურადება ეთმობა სასაზღვრო ჯარების კონტიგენტის გაძლიერებას, რომლის მთავარი სამმართველო უშუალოდ ცხინვალში იქნება განლაგებული. ცხინვალის რეგიონის ყოველ რაიონში თითო განყოფილება, ხოლო დასახლებულ პუნქტებში 15 ქვეგანყოფილება განთავსდება. გარდა ამისა რუსი მესაზღვრეებისთვის დაგეგმილია 20-დე სამხედრო ქალაქის მშენებლობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. თითქმის ყოველ დიდ დასახლებულ პუნქტში, განსაკუთრებით კი საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მოსაზღვრე პერიმეტრზე, მესაზღვრეთა შორის საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ძალების გადასროლის ოპერატიულობის გაზრდის მიზნით დაგეგმილია ე.წ. ვერტოდრომების მშენებლობა, რომლებსაც ექნებათ საშუალება ერთდროულად მიღონ 2-3 ვერტმფრენი. საერთო ჯამში იგეგმება 9-დან 12-დე ასეთი ვერტოდრომის მშენებლობა. აქედან 4-ის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, ხოლო ახლო მომავალში დაიწყება 5–ის მშენებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალგორის რაიონს. სწორედ ამ მიმართულებაზეა ძირითადად კონცეტრირებული რუსი ოკუპანტების სამომავლო სამხედრო გეგმები.

გარდა ამისა კონფლიქტის ზონაში აქტიურად მიმდინარეობს საველე-სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამ მიზნით რეგიონში ჰუმანიტარული აქციების საფარქვეშ რუსეთიდან ხშირად ჩადიან სამხედრო ექიმების ჯგუფები, რომელთაც აქვთ საველე პირობებში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიაში მუშობის გამოცდილება.

ცხინვალის რეჟიმის მთავრობის ხელმძღვანელად რუსეთიდან დანიშნულმა ბროვცევმა დაიწყო ადგილობრივი კადრების კრემლიდან რეკომენდირებული პირებით ჩანაცვლება, რომლებიც ძირითადად რუსეთის სპეცსამსახურების კადრებს წარმოადგენენ.

საკადრო ცვლილებები შეეხო ასევე ცხინვალის რეჟიმის უშიშროების სამსახურსაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამსახური ყოველთვის მოსკოვიდან იმართებოდა. ცვლილებები ძირითადად ადგილობრივ ოსი ეროვნების თანამშრომლებს შეეხოთ, რამაც მათში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

რუსეთის მხრიდან ადგილობრივი კადრების და მოსახლეობის მიმართ უნდობლობა აქტუალურია ასევე სამხედრო ობიექტების მშენებლობის საკითხშიც. ცხინვალის რეგიონში მიმდინარე სამხედრო დანიშნულების ობიექტების სამშენებლო პროცესში ძირითადად არხანგელსკიდან, ტიუმენიდან, როსტოვიდან, ტომსკიდან და სანკტ-პეტერბურგიდან ჩამოყვანილი 9 ათასზე მეტი მუშა-მოსამსახურეა ჩართული. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონტიგენტის ძირითად ნაწილს რუსეთის სამხედრო სამშენებლო და საინჟინრო ნაწილები წარმოადგენენ , რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რუსეთს არ აინტერესებს ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობა.

ადგილობრივი მოსახლეობისადმი ამგვარი უნდობლობის პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ძაბავს რეგიონში არსებულ ისედაც მძიმე სოციალურ-პოლიტიკურ და კრიმინოგენულ ვითარებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2008 წლის აგვისტოსათვის ცხინვალის რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად კოკოითის მიერ შექმნილ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებში იყო დასაქმებული, ხოლო მოსახლეობიდან იარაღის მასიური ამოღება არ განხორციელებულა, ადვილი მისახვედრია, თუ რა საშუალებებით ახერხებს ოჯახის შენახვას უმუშევრად დარჩენილი არაკონტროლირებადი შეიარაღებული ადამიანი. დაუსაქმებლობის და სიღარიბის პირობებში ბევრი მათგანისათვის ფიზიკური გადარჩენის ერთადერთ საშუალებას იარაღი წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ასეთი კატეგორია ადამიანებისა ძირათადად რეგიონში ჯერ კიდევ დარჩენილი ქართული მოსახლეობის შევიწროვებით არიან დაკავებული, ხშირიად საქართველოს მიერ კონტროლირებად, მომიჯნავე ტერიტორიებზე გადადიან და ადგილობრივ მოსახლეობას აყაჩაღებენ, რაც თავის მხრივ კონფლიქტის ზონის ამ მონაკვეთებს ფეთქებადსაშიშად ქმნის.

არ გამოვრიცხავთ, რომ რუსი სამხედროების გეგმებში მოვლენების ამ სცენარით განვითარებაც არის გათვალისწინებული, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - კონფლიქტის ზონაში დიდი რაოდენობით დაუსაქმებელი და შემოსავლის გარეშე დარჩენილი შეიარაღებული ადამიანი უკონტროლოდ არის.

ამ ფონზე კი პუტინის მიერ მოსკოვში არც თუ ისე დიდი ხნის წინათ გაკეთებული განცხადება, რომ "... ჩვენ (რუსეთი) დაინტერესებული ვართ რეგიონში სტაბილურობით..." რუსეთის პოლიტიკის ცინიზმის გამოვლინების კიდევ ერთ ფაქტად უნდა მივიჩნიოთ.

ყოველივე ზემოთაღნიშნულს თუ დავუმატებთ ჩრდილო კავკასიაში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, მთელი რეგიონის რუსეთის ფსბ-ს კონტროლის ქვეშ გადაყვანას, ასევე ფსბ-ს დირექტორის გაცხადებას, რომ თითქოს საქართველოდან ჩრდილოეთ კავკასიაში ხორციელდება ბოევიკების გადაყვანა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სასაზღვრო ნაწილები სრტუქტურულად ფსბ-ს შემადგენლობაში შედიან, ამავე დროს რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგის ჩატარების მიზნით საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვებას, ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესები შესაძლებელია განვიხილოთ მხოლოდ ერთი კუთხით - რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოს მიმართ მორიგ სამხედრო პროვოკაციას გეგმავენ.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება