RSS
ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნის მოთხოვნის ფარული მხარეები
16.11.2009 17:55
გოგი მაისურაძე
"ექსპერტთა კლუბი", ექსპერტი

რუსეთის გავლენიანი პოლიტიკოსებისა და სპეცსამსახურების დაკვეთით რუსული მედია საშუალებების მიერ პანკისის ხეობის ირგვლივ ატეხილმა მორიგმა აჟიოტაჟმა მართალია, მათთვის მთლად სასურველი შედეგები ვერ გამოიღო, მაგრამ ერთი კი ყველასათვის ცხადი გახდა, რომ რუსებმა ამით გარკვეული მესიჯი გამოგვიგზავნეს და თავისი გულისნადები კიდევ ერთხელ მოურიდებლად გაახმოვანეს. ამას მოჰყვა ჩვენი მოქალაქეების (მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების) გატაცებების მთელი სერია ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმისა და იქ დისლოცირებული რუსი სამხედრო კონტინგენტის წარმომადგენელთა მხრიდან. ყოველივე ამის შემდეგ, დღის წესრიგში დადგა საქართველო-რუსეთის საზღვარზე ყაზბეგის რაიონში, ზემო ლარსის სასაზღვრო-საკონტროლო გამშვები პუნქტის გახსნის საკითხი, რომლის დადებითად გადაწყვეტით სისხორცეულად არიან დაინტერესებული: სომხები, ოსები და თვით რუსებიც კი. ჯერ-ჯერობით არცერთი მათგანისათვის არაა ცნობილი საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართული მხარე.

ერთი შეხედვით, საზღვრის გახსნისათვის როგორც რუსული, ასევე ქართული მხარეების მიერ ბევრი რამ იქნა გაკეთებული საკონტროლო-გამშვები პუნქტების აღიჭურვისათვის უახლესი ტექნიკითა და სპეციალური საშუალებებით, სანიმუშოდ მოეწყო ინფრასტრუქტურაც. ისე საგულდაგულოდ გაკეთდა ყველაფერი, რომ როგორც იტყვიან, მესაზღვრეთა უნებართვოდ ჩიტიც ვერ გადაფრინდება ვერცერთ მხარეს, მაგრამ.... მთელ რიგ გარემოებათა გამო, საზღვრის გახსნა შეიძლება გაურკვეველი ვადით გადაიდოს ან შესაბამისი პირობების დადგომამდე ქართულმა მხარემ სულაც თავი შეიკავოს მისი გახსნის გადაწყვეტილების მიღებისაგან. სხვა მეტ-ნაკლებად ცნობილ გარემოებებს შორის, ექსპერტთა კლუბს მიაჩნია, რომ ყაზბეგის რაიონის თრუსოს და გუდისის ხეობების, აგრეთვე კობის ქვაბულის ოს ექსტრემისტთა მიერ ხელოვნურად შეთითხნილი პრობლემაც გახდეს ამ თავშეკავების მიზეზი. რამოდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთ პუბლიკაციაში ერთხელ უკვე შევეხეთ ამ საკითხს, თუმცა მას შემდეგ ვაგრძელებდით რა ჩვენს დაკვირვებებს ამ პრობლემასთან დაკავშირებულ მოვლენებზე, დაგვიგროვდა ახალი, ჩვენის აზრით, ყურადსაღები მასალა.

იმისათვის, რომ უფრო ნათლად წარმოვაჩინოთ რუსულ-ოსური ერთობლივი ინტერესი ხსენებული ტერიტორიებისადმი, საზოგადოებას ვთავაზობთ ჩრდილო ოსეთში გამომავალ ჟურნალ "Вестник Кавказа"_ს ჟურნალისტის - მურად გაბარაევის მიერ გამოქვეყნებული სტატიის: "Кокоиты рассказал Медведеву об оторгнутых землях" რამოდენიმე ამონარიდს ჩრდილოეთ ოსეთში შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა - "დარიალი"-ს ხელმძღვანელთან გ.სალაბიევთან ჩაწერილი ინტერვიუდან, სადაც იგი აღნიშნავს: "საქართველოს ყაზბეგის რაიონის თრუსოს, გუდის ხეობების, კობის ქვაბულის 33 ოსური სოფლის მცხოვრებნი გაერთიანდნენ საზოგადოებრივ მოძრაობა "დარიალ"_ში. მათი მიზანია "დაუბრუნონ სამხრეთ ოსეთს" მიწები, წართმეული მისთვის 1921 წელს ქართველი ბოლშევიკების მიერ და შეაწყვეტინონ ქართველებს ოსური დასახლებების ძარცვა". ჟურნალისტის შეკითხვაზე – როდის შეექმნათ პრობლემები ყაზბეგის რაიონში ოსურ სოფლებს, გ.სალაბიევი პასუხობს - დაახლოებით 20 წლის წინ და ვინაიდან 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებასთან ამ პრობლემებს ვერ გადავწყვეტთ, მზადა ვართ ვიმუშაოთ "სამხრეთ ოსეთის" ხელმძღვანელობასთან. იგი აქვე მიუთითებს, რომ "ოსეთის გარეშე ჩვენ ვერ გადავრჩებით"; 'თვითონ ამ რეგიონის გეოგრაფია მიილტვის რუსეთისაკენ", დღეის მდგომარეობით ჩვენ არა ვართ ლტოლვილები, არც მიგრანტები, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ქონება'"ეხლა საზღვარი კიდეც რომ გახსნან, ჩვენ მაინც სტუმრები ვიქნებით ჩვენს სახლებში" და ა.შ..

რესპოდენტმა ჟურნალისტთან საუბარში ხაზგასმით ისიც აღნიშნა, რომ შეხვდნენ ე.კოკოითს და უთხრეს, რომ "საზოგადოება", რომელიც 1500 წევრს ითვლის, ითხოვს "სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მიღებას, ხოლო კოკოითმა მათ თანხმობა განუცხადა". ამ უკანასკნელმა მათი პრობლემის შესახებ თითქოს რუსეთის ხელისუფალიც კი ჩააყენა საქმის კურსში.... რესპოდენტი დარწმუნებულია, რომ საბოლოო შედეგი დადებითი იქნება. ამჟამად მზადების პროცესშია დოკუმენტი რუსეთსა და "სამხრეთ ოსეთს" შორის ორმაგი მოქალაქეობის თაობაზე...

უფრო ადრე, რამოდენიმე თვის წინ კი გაზეთ "პულს ოსეტიაში" გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით "ყაზბეგის საკითხი". ამონარიდი სტატიიდან: "თრუსოსა და გუდისის ხეობები, ასევე კობის ქვაბული, რომელიც ამჟამად ყაზბეგის რაიონს ეკუთვნის, ანუ საქართველოს შემადგენლობაშია და რომელიც 54 კილომეტრით არის მოშორებული ვლადიკავკაზისგან, ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაა, რომელიც სტალინმა საქართველოს უკანონოდ მიუერთა... რუსეთმა არ უნდა დაკარგოს ეს ტერიტორია, რომელიც არაკანონიერად შევიდა საქართველოს შემადგენლობაში და რომელსაც აქვს დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა", - აღნიშნავს ავტორი. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ხსენებული გაზეთი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის არსენ ფაძაევის საკუთრებაა, მაშინ გასაგები ხდება ვის ინტერესებს ახმოვანებენ ჩვენი ჩრდილო და ე.წ. "სამხრეთ ოსეთელი" ოპონენტები. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ წამოყენებულ პრეტენზიებში გარკვეული წინააღმდეგობა და შეუსაბამოებები არსებობენ, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ზემოთ მოყვანილი მოსაზრებები მათ არ უნდა ეკუთვნოდეთ.

ერთი რამ კი ცხადია, რომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მიერ დიდი ხანია ამოქმედებულია პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოებას ყველა საშუალებებით ჩამოუყალიბოს სტერეოტიპი - "ეს ტერიტორიები ოსურია".

ამის მწარე გამოცდილება ჩვენს საზოგადოებას უკვე აქვს აფხაზეთის რეგიონში, სადაც რუსი მოხელეები ათეული წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ქართული საზოგადოება გაეხლიჩათ და მისთვის მონათესავე ეთნოსი – აფხაზები ჩამოეცილებინათ....

ასეთ ვითარებაში, საქართველოს საზოგადოებრიობის განსაკუთრებულ ყურადღებას მართლაც იმსახურებს საქართველო – რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე ზემო ლარსის საკონტროლო - გამშვები პუნქტის გახსნის საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დადგა და მისი გახსნით დაინტერესებული მხარეები გადაწყვეტილების მოლოდინში არიან, იმის მიხედვით თუ როგორ გადაწყდება ეს საკითხი, ბევრადაა დამოკიდებული ვითარების სტაბილურობის საკითხი ყაზბეგის რაიონში.

ამჟამად ყაზბეგის რაიონის თრუსოს ხეობაში განლაგედულია 18 სოფელი, სადაც სულ 60 მცხოვრებია. სოფელ კობში ცხოვრობს 10, ხოლო სოფელ ალმასხანში 20 კომლი. დანარჩენი 16 სოფლიდან, თითოეულის მცხოვრები 4-5 კაცს არ აღემატება. ამ სოფლებში მრავალი წლების განმავლობაში გვერდიგვერდ მშვიდობიანად ცხოვრობენ ქართველები და ოსები, არის შერეული ქართულ-ოსური ოჯახებიც. ყველა მათგანის გადმოცემით, გასული საუკუნის 90-იან წლებში ისინი არავის არ დაურბევია და არც შეუვიწროებია ეროვნული ნიშნით. რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვამდე მათ სოფლებში ჩამოდიოდნენ ჩრდილოეთ ოსეთის მოქალაქეები, რომლებიც მათ საძოვრებს იყენებდნენ როგორც საზაფხულო იალაღებს თან ჩამოყვანილი ცხოველებისათვის. სამართლიანობისათვის ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრმა მათგანმა ტყეები გაჩეხა და მცირე ზომის საკარმიდამო ნაკვეთები დაამუშავა ბოსტნეულის მოსაყვანად. იქვე დროებით სადგომად გამოსადეგი თავშესაფრები მოიწყო. საბჭოთა პერიოდში საქართველოს ხელისუფლება ყოველივე ამას ჩვეულებრივ, კანონზომიერებად აღიქვამდა და საზაფხულო იალაღებზე ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსულ ოსი ეროვნბის მოქალაქეებს საყოველთაოდ ცნობილი, ქართული სტუმართმოყვარეობიდან გამომდინარე არა თუ ხელს უშლიდა, არამედ არავითარ პრობლემებს არ უქმნიდა და როგორც ცნობილია, რაიმე სახის გადასახადსაც კი არ ახდევინებდა. ზამთრის მოახლოებისთანავე თრუსოსა და სხვა ხეობათა მოიალაღე ოსები, შეგროვილი დოვლათით და საქონლით ყაზბეგის გავლით უკან ბრუნდებოდნენ. მათ მიმართ არასოდეს არავის არავითარი ძალადობა არ გამოუყენებია. აქედან გამომდინარე, ჩრდილოეთ ოსეთში შექმნილი ე.წ. საზოგადოებრივი მოძრაობა – "დარიალი"-ს ხელმძღვანელის გ.სალაბიევის განცხადებები სრული აბსურდია - 1500 ოს მოქალაქეს მოხსენიებულ რეგიონში არასოდეს უცხოვრია.

თუ გავითვალისწინებთ იმ მრავალფეროვან მეთოდებს, რომლებსაც ჩვენი აწ უკვე ნიღაბჩახსნილი ჩრდილოელი მეზობლები აქტიურად იყენებდნენ საქართველოს განუყოფელი ნაწილის–აფხაზეთის დედასამშობლოსაგან ჩამოსაცილებლად: (რუსი და სომეხი ეროვნების მოქალაქეთა ყოვლად გაუმართლებელი, ხელოვნური რიცხობრივი ზრდა და მათი აფხაზეთში ჩქარი ადაპტაციისათვის მაქსიმალური ხრლშეწყობა...) გვაქვს საკმაო საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან ოსთა ლტოლვა საქართველოში, მათ შორის ყაძბეგის რაიონში არ უნდა ყოფილიყო განპირობებული მარტო ეკონომკური პირობების გაუმჯობესების სურვილით...აშკარა ხდება, რომ საქმე გვქონდა თურმე ნელი მოქმედების რუსულ–ოსურ ნაღმებთან რაც ჩვენი გულუბრიყვლობის გამო დროულად ვერ აღმოვაჩინეთ და გავაუვნებელვყავით...

მიუხედავად ქართული მხარის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიტენტის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6 პუნქტიანი ხელშეკრულების პირნათლად შესრულებისა, საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან არა თუ წყდება სეპარატისტთა მხრიდან პროვოკაციული გამოხდომები, არამედ ისინი თანდათანობით უფრო და უფრო აგრეიულ ხასიათს ღებულობენ, რასაც ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ფაქტებიც ადასტურებენ. რამოდენიმე დღის წინ კი ერთ-ერთ სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში თვით რუსმა სამხედრო ექსპერტმა პაველ ფელგენგაუერმა არ გამორიცხა რუსეთის მზადება საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიისათვის.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ა|წ 25 ოქტომბერს ახალგორის რაიონის სოფელ ნაგომევში 16 ქართველის დაკავებას ორგანიზება გაუკეთა “ფსბ”_ს თანამშრომელმა იური ნ-მა, რომელსაც აღნიშნულის გაკეთება სთხოვეს ახალგორის ადმინისტრაციის პასუხისმგებელმა ჩინოვნიკებმა. თავის მხრივ, მათ ასეთი დავალება მიღებული ჰქონდათ ცხინვალის რეჟიმის მთავრობისაგან.... იმავე რაიონში დისლოცირებული რუსი მესაზღვრეები ადგილობრივი მოსახლეობისაგან ცდილობდნენ მიეღოთ მონაცემები ახალგორის მხარიდან თრუსოს ხეობის მიმართულებით შესაძლო საცალფეხო ბილიკების ან სამანქანო გზის არსებობის შესახებ. მიღებული მონაცემები დაჰქონდათ სამხედრო რუქაზე.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ასევე ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე დაფიქსირებული უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატების გახშირებული შემოფრენების გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით, სეპარატისტული რეჟიმის მხრიდან ქვეყნის მიმართ პროვოკაციული ხასიათის ინციდენტები კვლავაც გაგრძელდება.

რაც შეეხება იმავე ძალების მიერ თრუსოს ხეობაში შესაძლო პროვოკაციებს, დღეისათვის ნაკლებად მოსალოდნელია იქ არსებული რთული კლიმატური პირობების გათვალისწინებით, რასაც ვერ ვიტყვით მომავალი წლის გაზაფხულის დადგომიდან.

ყოველივე ეს კი დამოკიდებული იქნება ზემო ლარსის სასაზღვრო_საკონტროლო გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით წარმოებულ შესაძლო მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს მხარის წარმომადგენელთა მიერ შეთავაზებულ პირობებზე. მიგვაჩნია, რომ მხარეთა მოლაპარაკების დროს სხვა საკითხებთან ერთად დღის წესრიგში დადგება ყაზბეგის რ-ნისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების, კერძოდ, ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკის მაცხოვრებელთა მხრიდან საზღვრის გადაკვეთის გამარტივებული რეჟიმის შემოღება, რომლითაც დაინტერესებული არიან ორივე რეგიონის მაცხოვრებლები. მათ ამისათვის თავიანთი მოტივაცია და არგუმენტები გააჩნიათ, როგორიცაა: ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, ახლო ნათესავებთან შეხვედრერბი და ა.შ მაგრამ აქ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყაზბეგელთა მიერ ქ. ვლადიკავკაზში გადასვლას მოყვება იმავე ვლადიკავკაზიდან ორმაგი მოქალაქეობით ( რუსეთის, ე.წ სამხრეთ ოსეთის ) აღჭურვილ ე.წ საზოგადოებრივი მოძრაობა ,, დარიალის ,, აქტივისტთა მთელი ნაკადი თავისი უსაფუძვლო და რადიკალური მოთხოვნებით ...
თუ რას მოიმოქმედებს ამ ვითარებაში რუსეთი ძნელი წარმოსადგენი არ არის. მიგვაჩნია, რომ ქართული მხარე გაითვალისწინებს ზემოაღნიშნულს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან გარემოებებთან ერთად და მიიღებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე რაციონალურ გადაწყვეტილებას.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე