RSS
აფხაზური სეპარატიზმი სუკ-ის ლაბირინთებში იშვა. ნაწილი II
24.11.2009 11:53
ექსპერტთა კლუბი

(გაგრძელება. იხ. ნაწილი I)

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს უშიშროების კომიტეტში, როგორც ცენტრალურ, ასევე ავტონომიების სტრუქტურულ დანაყოფებში, კადრების გაცვლის მოტივით რუსი ეროვნების ოპერატიული თანამშრომლების გადმოყვანის პრაქტიკა ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში დაიწყო. კომუნისტური რეჟიმის ისეთ უერთგულეს პიროვნებასაც კი, როგორიც გენერალი ალექსი ინაური იყო, სხვადასხვა დროს პირველ მოადგილეებად თევდორე პილიუგინი, ვლადიმერ კაზმინი, ვლადიმერ არქიპოვი და ბოლოს ედუარდ ვოიციცკი დაუნიშნეს. ესეც არ ჩათვალეს საკმარისად და მოადგილედ კადრების დარგში ქ.ნალჩიკიდან ჩამოყვანილი პოლკოვნიკი, ვიტალი ნავოდნიჩი დაუნიშნეს. ყველა მათგანს დანიშვნიდან რამდენიმე თვეში გენერლის წოდება მიანიჭეს.

არსებობდა ტერმინი – მოსკოვის ნომენკლატურა – რაც ნიშნავდა მაღალი რანგის ხელმძღვანელი მუშაკის თანამდებობაზე დანიშვნას მხოლოდ საკავშირო სუკ-ის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ. რესპუბლიკის სუკ-ის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების დანიშვნა პარტიის საკავშირო ცკ-ს საორგანიზაციო განყოფილების თანხმობით ხდებოდა.

გარდა აღნიშნულისა, საკავშირო უშიშროების კომიტეტს ოპერატიული საქმიანობის ყველა მიმართულებით თავისი ე.წ. კურატორები ჰყავდა, რომლებიც საკავშირო ინსპექციის წარმომადგენლებთან ერთად პერიოდულად ჩამოდიოდნენ ადგილებზე და დახმარების აღმოჩენის საბაბით ყველა წვრილმანს ამოწმებდნენ, იძლეოდნენ რეკომენდაციებს, რომლებიც ყოველთვის არ შეესაბამებოდნენ არსებულ რეალობას.

ცენტრალური და რეგიონული ოპერატიული სამსახურებიდან შემოსული ინფორმაცია თავს საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრში იყრიდა, რომელიც ფუნქციონალურად თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ექვემდებარებოდა. ამავე ცენტრში იყო თავმოყრილი ინფორმაციები ოპერატიული აღრიცხვის საქმეებზე და პირველად სიგნალებზე.

თავმჯდომარის პირველი მოადგილე ყველა მნიშვნელოვანი სასიგნალო ინფორმაციის გადამოწმებას საკავშირო სუკის და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სპეცსამსახურების ადგილობრივი წარმომადგენლობების საშუალებით ახორციელებდა.

ზოგადი წარმოდგენის შექმნისთვის მოგვყავს მათი ჩამონათვალი:
1. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქთან (“ЗАКВО”) არსებული საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის “განსაკუთრებული განყოფილება” (“Особый отдел”), რომელიც უშუალოდ მოსკოვს ექვემდებარებოდა და ადმინისტრაციულად არანაირად არ იყო დაკავშირებული საქართველოს უშიშროების სამსახურთან.

“განსაკუთრებულ- განყოფილებას” ჰყავდა თავისი აგენტურა, თავისი გამკაცრებული სააღრიცხვო სექტორით. ხსენებული განყოფილება აგენტურულ-ოპერატიულ საქმიანობას ეწეოდა აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქარველოში დისლოცირებული სამხედრო ბაზების, ასევე სსრკ თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და ჯარების სახეობების უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ მსხვილი სამხედრო ობიექტების მრავალათასიან პირად შემადგენლობაში, რომელთა არც თუ მცირე ნაწილს ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენდა. “განსაკუთრებული განყოფილების” ოპერატიული თანამშრომლების მიერ ხორციელდებოდა, როგორც პირადი შემადგენლობის, ასევე მათი გარემოცვის (ოჯახის წევრები, ნათესაური, კერძო და საქმიანი კონტაქტები) შესწავლა და საჭირო პირების შერჩევა მათთან საიდუმლო ურთიერთობის დამყარების მიზნით.

“განსაკუთრებული განყოფილება” კონსპირაციის მკაცრი რეჟიმით გამოირჩეოდა. მისი ურთიერთობა რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებთან მხოლოდ ე.წ. კოორდინაციის პრინციპით იფარგლებოდა. აღნიშნული განყოფილება დამოუკიდებელ, პარალელურ ანგარიშებს აწვდიდა საკავშირო უშიშროების კომიტეტს რესპუბლიკაში არსებული ოპერატიული ვითარებისა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.

2. სსრკ უშიშროების კომიტეტის ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარები წარმოდგენილი იყო არა მარტო უზარმაზარი ცოცხალი ძალითა და სამხედრო ტექნიკით, არამედ ქვეყნის მთელ სასაზღვრო პერიმეტრზე, მათ შორის საქართველოშიც, გააჩნდა დამოუკიდებელი დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ორგანოები და საკმაოდ მრავალრიცხოვანი აგენტურული აპარატი. დაზვერვის დანაყოფები მუშაობას მოსაზღვრე ქვეყნების ზურგში ეწეოდნენ. კონტრდაზვერვის მთავარ ფუნქციად საზღვრის დაცვის უზრუნველყოფასთან ერთად (უცხო ქვეყნების აგენტურის გამოვლენა) ქვეყნის შიგნით მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე ინფორმაციის მოპოვება იყო. მისი განსაკუთრებული განყოფილებები ცენტრში და სასაზღვრო რეგიონებში აგენტურულ-ოპერატიულ მუშაობას ეწეოდნენ სასაზღვრო ჯარების პირად შემადგენლობაში, მათ გარემოცვაში სამსახურისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და 100 კილომეტრიან სასაზღვრო ზოლში ქვეყნის მთელ პერიმეტრზე.

სასაზღვრო ჯარები სტრუქტურულად და ოპერატიულად საკავშირო სუკ-ის ხელმძღვანელობას ემორჩილებოდნენ და ფორმალურ საკოორდინაციო კავშირში იყვნენ უშიშროების ტერიტორიულ სამსახურებთან, რომლებიც ვალდებული იყვნენ, სისტემატიურად მიეწოდებინათ მათთვის ინფორმაცია რეგიონში არსებული ოპერატიული ვითარების შესახებ.

3. საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო (ГРУ) საქართველოში ცალკე სტრუქტურად იყო წარმოდგენილი “ЗАКВО”-ში და თავისი პოზიციები ჰქონდა, როგორც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქს დაქვემდებარებულ სამხედრო ნაწილებში, ასევე სსრკ თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და ჯარების სახეობების უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ მსხვილ სამხედრო ობიექტებში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მთავარი სადაზვერვო სამმართველო, საჭიროების შემთხვევაში რესპუბლიკის ტერიტორიაზე დამოუკიდებლად გეგმავდა და ახორციელებდა სხვადასხვა სახის აქტიურ ღონისძიებებს (დაპირისპირებების პროვოცირება, არასასურველ თანამდებობის პირთა კომპრომეტაცია და სხვა).

4. არალეგალური რეზიდენტურები _ აგენტურული მუშაობის ყველაზე კონსპირაციული და საშიში კატეგორია. ასეთი რეზიდენტურები საქართველოში გასული საუკუნის 80-იან წლებამდე არ იყო და ამის აუცილებლობა არც არსებობდა. თუმცა, 80-იანი წლების შემდეგ, რეგიონში ვითარების დაძაბვასთან დაკავშირებით საკავშირო სუკმა დაინტერესების უწყებებში ასეთი კატეგორიის აგენტურის ჩანერგვა დაგეგმა (საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პარტიები, სხვადასხვა უწყებები).

საქართველოს უშიშროების კომიტეტის ცენტრალური აპარატის მსგავსად, რუსეთიდან მოვლინებული კადრები ასევე იყვნენ წარმოდგენილი აფხაზეთის უშიშროების კომიტეტშიც. თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე სხვადასხვა დროს იყო გ.ლიჩუტინი, მ.ჩულკოვი და ფ.ვასევი, რომლებსაც, გარდა იმისა, რომ თანამდებობრივად ჰქონდათ უფლება, გაცნობოდნენ ოპერატიულ მასალებს და მოეთხოვათ ინფორმაცია ნებისმიერ ოპერატიულ წყაროზე, უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ და აკონტროლებდნენ აგენტურულ-ოპერატიულ საქმიანობას იდეოლოგიური მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვმა თავისი პოზიციების კიდევ უფრო გამყარების მიზნით მ. ჩულკოვი გადაიყვანა აფხაზეთის შსს მინისტრად, ხოლო მის შემცვლელად აფხაზეთის უშიშროების კომიტეტში რუსეთიდან მოავლინა ფ. ვასევი. აფხაზეთში სიტუაციის გამწვავების შემდეგ მ.ჩულკოვი სასწრაფოდ გადაიყვანეს მოსკოვში და იქედან ხელმძღვანელობდა სეპარატისტების სამხედრო აღჭურვილობით მომარაგების საქმეს.

გარდა აღნიშნულისა, ოპერატიულ დანაყოფებში, რუსეთიდან გადმოყვანილი ორი ან სამი ოპერატიული მუშაკი მინც იყო ჩასმული. საინფორმაციო-ანალიტიკურ დანაყოფს რუსეთიდან გადმოყვანილი, რუსი ეროვნების გამოცდილი ოპერატიული თანამშრომელი, ვლადიმერ ლისოვიკი, ხოლო არქივს, სადაც საარქივო მასალებს გარდა თავმოყრილი იყო აგენტურის კარტოთეკა, ასევე რუსეთიდან გადმოყვანილი ოლეგ სმირნოვი ხელმძღვანელობდა.

ოპერატიულ დანაყოფებში სხვადასხვა რანგის ხელმძღვანელი თანამდებობები ეჭირათ: პოპოვს, კაბანოვს, სკრილნიკოვს, სტეპანოვს, ტკაჩუკს, სმირნოვს, ბონდარევს და სხვა, რომლებიც ომის დაწყებამდე ეტაპობრივად იყვნენ უკან გაყვანილი რუსეთში.

ბიჭვინთის, გაგრის, მიუსერის და ახალი ათონის ზღვის სანაპირო ზოლში განლაგებულ საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს დასასვენებელ აგარაკებს, რომელთა ტერიტორია საერთო ჯამში რამოდენიმე ასეული ჰექტარია, ემსახურებოდა (დღესაც არსად წასულან) საკავშირო სუკის ე.წ. მე-9 სამმრთველოს რამოდენიმე ათას კაციანი პირადი შემადგენლობა, რომლებიც ოჯახებთან ერთად ცხოვრობდნენ მიმდებარე ტერიტორიებზე. აღსანიშნავია, რომ ობიექტების განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო მთელი მომსახურე პერსონალი რუსეთიდან იყო ჩამოყვანილი. დასასვენებელი აგარაკების მიმდებარე ტერიტორიების ადგილობრივ მოსახლეობაში აგენტურულ-ოპერატიულ საქმიანობას ქ. სოჭში განთავსებული მე-9 სამმართველოს ოპერატიული დანაყოფი ეწეოდა.

ყოველივე აქედან გამომდინარე, დღევანდელი გადასახედიდან იმის წარმოდგენაც კი ძნელია, წლების განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობაზე სხვადასხვა ხერხით ზემოქმედების რა მასშტაბებთან გვქონდა საქმე.

როგორც წინა პუბლიკაციაში ავღნიშნეთ, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ საქართველოში შექმნილმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ვითარებამ კრემლს აშკარად აგრძნობინა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა საბჭოთა იმპერიის ყოფნა-არყოფნის საკითხი. ამიტომ მთელი ძალით აამოქმედა როგორც ზემოთ წარმოდგენილი სპეცსამსახურები, ასევე საქართველოს უშიშროებაში თავის დროზე სწორედ “განსაკუთრებული პერიოდისთვის” ჩანერგილი და რუსეთიდან მოვლინებული ოფიცრები. ამ მხრივ ვითარება განსაკუთრებით რთული იყო აფხაზეთის უშიშროების კომიტეტში, რადგანაც ხსენებულ კონტიგენტთან მჭიდრო კავშირში იყვნენ აფხაზი თანამშრომლები.

გაუცხოება და დისტანცირება თვალნათლივ შეიმჩნეოდა ქართველებსა და აფხაზებს შორის. ქართველებთან ახლო ურთიერთობას ერიდებოდნენ სხვა ეროვნების თანამშრომლებიც. აფხაზ ოპერატიულ მუშაკებთან გარკვეული სირთულეები ექმნებოდათ ოპერატიული დანაყოფების ქართველ ხელმძღვანელებს. ძნელად ხერხდებოდა აფხაზ მოსახლეობაში მიმდინარე პროცესების სრულფასოვანი შეფასება, რადგანაც აფხაზი თანამშრომლებისაგან მოწოდებული ინფორმაცია ობიექტურად არ ასახავდა ოპერატიულ რეალობას. უმრავლესობა აფხაზი ეროვნების მუშაკებისა, თავმჯდომარის აფხაზი მოადგილის, გ.ბერულავას ხელმძღვანელობით აქტიურად თანამშრომლობდნენ საყოველთაოდ ცნობილ ანტიქართულ ორგანიზაცია “აიდგილარასთან”.

საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა კომუნისტურ ძირმომპალ რეჟიმს აშკარად აგრძნობინა, რომ მისი დემონტაჟი გარდაუვალი იყო. მმართველი ელიტა, როგორც დედაქალაქში, ასევე რაიონებში ყოველგვარი ძალდატანების გარეშე თანდათან თმობდა პოზიციებს. მათი მთავარი საზრუნავი ამჯერად თანამდებობის შენარჩუნება კი არა, თავის გადარჩენა იყო. ამისათვის ბევრი არ ერიდებოდა ყველა ცოდვა სუკისკენ გადმოემისამართებინა, რაც ამ ორგანოსადმი ეროვნული მოძრაობის უარყოფით დამოკიდებულებას უფრო აგრესიულს ხდიდა. საქართველოს სუკ-ის მიმართ უნდობლობის გაღვივების ერთ-ერთი დადასტურება იყო მისი ხელმძღვანელის, პროფესიონალი ჩეკისტის, გენერალ ალექსი ინაურის გადადგომის შემდეგ მის ადგილზე პარტიული ფუნქციონერების ჯერ გივი გუმბარიძის, ხოლო 9 აპრილის შემდეგ ტარიელ ლორთქიფანიძის დანიშვნა.

უნდა აღინიშნოს, რომ პარტიული ფუნქციონერების უშიშროების ხელმძღვანელებად მოსვლა თვით თანამშრომლებშიც არ იყო დადებითად აღქმული. მითუმეტეს, რომ ტ.ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობის დროს მოხდა ეროვნული ძალების შეჭრა უშიშროების კომიტეტის შენობაში, რამაც მოსკოვს საბაბი მისცა გაეტანა სმოლენსკში აგენტურისა და ოპერატიული აღრიცხვის საქმეები, ასევე მნიშვნელოვანი საარქივო მასალები. ისიც აუცილებელია ითქვას, რომ სწორედ ხსენებული საქმეების გარეშე გარკვეულწილად ვერ ხერხდება დღემდე ლუსტრაციის კანონის მიღება.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე