RSS
რუსული პროექტი: "ჩისტოე პოლე" ცხინვალის რეგიონში
05.12.2009 17:39
გიორგი წიკლაური
"ექსპერტთა კლუბი"

მოულოდნელი მხრიდან მოვიდა დადასტურება „ექსპერტთა კლუბის“ მონაცემებისა ცხინვალის რეგიონში არსებული დემოგრაფიული და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ცნობილი რუსი ოლიგარქისა და დღევანდელი მარიონეტული რეჟიმის მთავარი პოლიტიკური მეტოქის, ალბერტ ჯუსოევის მიერ დასახელებული ციფრები ძალიან ახლოსაა ჩვენს მონაცემებთან. 2 დეკემბერს გაზეთ „ვრემია ნოვოსტეიში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ომის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთი მოსახლეობის 92%–მა დატოვა. ჯუსოევის მონაცემებით, ამჟამად ოკუპირებულ რეგიონში 16–18 000 ადამიანია დარჩენილი, თუ არ ჩავთვლით რუს სამხედროებსა და რუსეთიდან მოვლენილ სხვა პერსონალს. მიზეზი – გამოუვალი მდგომარეობა. ოსეთის მთავარი ოპოზიციონერი ვითარებას ჯავის რაიონის მაგალითზე აღწერს, რომელსაც საომარი მოქმედებები თითქმის არ შეხებია. „ცოტა ხნის წინ ჯავის რაიონში ფქვილი დავარიგეთ – იქ 2800 ადამიანია დარჩენილი, – ამბობს ჯუსოევი, – არადა, 30000–მდე იყო“.

მოდით, კიდევ ერთი ციტატა მოვიყვანოთ ადამიანისა, რომელიც ღიად იბრძვის ხელისუფლებისათვის ე.წ. სამხრეთ ოსეთში და სიმართლე უნდა ილაპარაკოს საყოველთაოდ ცნობილ ამბებზე თუნდაც იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას დაკარგავს. „ხალხი მეორე ზამთარს ხვდება ქუჩაში. სოფლები დანგრეულია. სახლები, სადაც გადარჩენილია, ცარიელია – ხალხი წავიდა. მთიანი სოფლები თითქმის ცარიელია, ისინი კვდებიან... ვისაც შეეძლო, ყველა წავიდა. ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ მიდიან სამუდამოდ – ჩრდილო ოსეთში, ან რუსეთის სხვა რეგიონებში. ერთეულები თუ დაბრუნდებიან... მასიური წასვლა თითქმის ომის დასრულებისთანავე დაიწყო. ადამიანებმა საშინელ პირობებში გამოიზამთრეს, ზაფხულში კი დაინახეს, რომ ისინი არავის სჭირდება, არაფერი იცვლება, ფული ნიავდება. მუშაობის ნაცვლად მუდმივად მტრის ძიება ხდება. არადა, წესით, ჯერ ადამიანები უნდა დაეპურებინათ, უზრუნველეყოთ სითბოთი, დაედგათ თბილი ვაგონები, გაეყვანათ ელექტროენერგია და გაზი. ამ დროის განმავლობაში ადამიანი თავად დაიწყებდა საკუთარი სახლის აშენებას.“

ავღნიშნავთ, რომ ეს ქართული პროპაგანდა არ გახლავთ. ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც გავლენიანი ნაცნობობა გააჩნია მოსკოვში, კრემლის ჩათვლით, სულ ახლახანს კი „გაზპრომის“ 16 მილიარდი „მოტეხა“ რუსეთიდან ცხინვალში კავკასიონის ქედის გავლით გაზსადენის გასაყვანად. ამასთან, იგი ადასტურებს, რომ ბევრ ოსს აშკარად შურს ქართველებისა, რომლებიც რუსული აგრესიის შედეგად დევნილებად იქცნენ : „თითქმის ყველას მისცეს კოტეჯი, ნაკვეთები, სამუშაო, მატერიალური დახმარება. ნებისმიერს, ვინც ამ მიზნით გამოყოფილ ფულს დაიტაცებს, ციხეში სვავენ.“ ამასთან ერთად, ალბერტ ჯუსოევი, იხდის რა „ოსის და პატრიოტის“ მოვალეობას, საქართველოს მტრად რაცხავს, საუბრობს „გენოციდებზე“ და ასკვნის : „საქართველოსთან საერთო სახლზე საუბარი შეუძლებელია, ჩვენ არ შეგვიძლია ერთად ცხოვრება.“ მაგრამ იქვე ეწინააღმდეგება საკუთარ თავს : „სამხრეთ ოსეთის 10000–მდე მაცხოვრებელი, რომელთაგან ყველა ქართველი არ არის – 30% ოსია – საქართველოში გადავიდა. და დღესაც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს.“ დავუმატებთ : ცხოვრობს იმ დევნილ ქართველებთან ერთად, რომლებთან ერთადაც საერთო სახლი თითქოსდა წარმოუდგენელია და რომლებმაც მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მიიღეს სახლი, მიწა, სამუშაო და სხვა დახმარება.

გამოსავალს იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც სამხრეთელი ოსები აღმოჩნდნენ, ჯუსოევი რუსეთთან საზღვრის სრულ გახსნაში, რუსეთიდან კომპეტენტური ადმინისტრატორებისა და კერძო ინვესტიციების მოზიდვაში ხედავს, რომელთათვისაც, უნდა ავღნიშნოთ, მნიშვნელოვანია მინიმალური წესრიგი და ცხინვალის რეგიონში თამაშის გარკვეული წესები (კორუფციის არარსებობას ვინ ჩივის). მარიონეტულ რეჟიმს კი ამის უზრუნველყოფა არ შეუძლია და ალბერტ ჯუსოევი შესაძლო მხსნელად ოსურ ოპოზიციას წარმოადგენს. მაგრამ მაშინვე ჩნდება შეკითხვები. რატომ არ შეუძლია რუსეთს, რომელიც დაპყრობილ ტერიტორიაზე აბსოლუტურად ყველაფერს აკონტროლებს, ედუარდ კოკოითს რეგიონის სასიკეთოდ ელემენტარული ნაბიჯების გადადგმა აიძულოს ? ნუთუ ცხინვალის რეგიონი ასეთი დაუმორჩილებელია ? მთელი მისი „მთავრობა“ ხომ რუსეთიდან გამოგზავნილი „ვარიაგებითაა“ დაკომპლექტებული ? ძაღლი კუდის ჭკუაზე დადის ? უბრალოდ წარმოვიდგინოთ, როგორი სასიამოვნო სურათი იქნებოდა : აყვავებული სამხრეთ ოსეთი (თუნდაც არა აყვავებული, მაგრამ ელემენტარულად დალაგებული ცხოვრებითა და მოსახლეობის გაქცევის გარეშე), რომელსაც მფარველობს რუსეთი – მცირე, თავისუფლებისმოყვარული ხალხების მხსნელი ! პიარ–კომპანიებისთვის ამგვარი ვირტუალური იმიჯის შესაქმნელად მილიონების გადახდის ნაცვლად, რომელსაც მკაცრი რეალობა მაშინვე ამსხვრევს, კრემლისთვის უფრო ადვილი არ იქნებოდა, კოკოითისთვის ადმინისტრაციულ–პოლიტიკური ხასიათის გარკვეული ნაბიჯების გადადგმისკენ რომ ებიძგებინა ? ან უბრალოდ მოეხსნათ იგი და ცხინვალის ტახტზე იგივე ჯუსოევი დაესვათ, რომელმაც რა–რა და მეურნეობა და საქმოსნებთან საერთო ენის გამონახვა კარგად იცის...

მაგრამ მოსკოვი ამას არ აკეთებს, მაშინ, როცა „ხალხი მეორე ზამთარს ხვდება ქუჩაში“ და რეგიონში არასრული ორი ათეული ათასი მაცხოვრებელიღა დარჩა. რატომ ? ერთადერთი ლოგიკური პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ მოსკოვს აწყობს ეს სიტუაცია. იმდენად აწყობს, რომ მოსკოვი მის გამო საერთაშორისო არენაზე დივიდენდების დაკარგვაზეც მიდის, რომელთაც თუნდაც რაიმეთი გამყარებული პიარი მოუტანდა მინიმალურ დონეზე კეთილმოწყობილი „სამხრეთ ოსეთის“ სახით – ერთი ციცქნა მიწისა, რომლისგანაც „პოტიომკინის სოფლის“ შექმნა ადვილზე ადვილია. ამის გაკეთება ომის წინ ხომ შეძლო საქართველომ, რომლის რესურსების შედარება რუსეთის რესურსებთან არც კი შეიძლება. თანაც, დიდი და პატარა ლიახვის ქართულ სოფლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სოციალურ–ეკონომიკური პროექტები პოტიომკინურ კი არა, სავსებით რეალურ ხასიათს ატარებდა.

რაში სჭირდება რუსეთს ცხინვალის დაცარიელებული რეგიონი ? პასუხი თავად რეგიონში უნდა ვეძებოთ, რომელიც საქართველოს გულშია განლაგებული, მას ორ ნაწილად ჰყოფს და თბილისის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს. ფიზიკურ–გეოგრაფიულ რუქაზე შეხედვისას არასპეციალისტისთვისაც კი გასაგებია, რომ ოკუპანტისთვის ეს იდეალური სამხედრო პლაცდარმია, თანაც, მხოლოდ საქართველოს კი არა, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის კონტექსტში. ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის ჯარებს პრაქტიკულად ნებისმიერი მიმართულებით შეუძლიათ დარტყმის განხორციელება, მოხერხებული ადგილმდებარეობისა და არსებული გზების გამოყენებით (იმ დროს, როცა დასავლეთ საქართველოს აფხაზეთში განლაგებული სამხედრო დაჯგუფება მიხედავს). პრაქტიკულად ნებისმიერი სამიზნე სატანკო კოლონის მოძრაობის რამდენიმე საათის სიახლოვეშია. მაგრამ ეს პლაცდარმი რუსეთს როკის გვირაბის ვიწრო ხვრელით უკავშირდება. მართალია, არსებობს მთის გადასასვლელები, მაგრამ ისინი ზაფხულშიც კი ძნელად გასავლელია ჯარის დიდი რაოდენობისთვის, ზამთარში კი მყარადაა ჩაკეტილი თოვლითა და უამინდობით. ზვავები სხვისი ჩარევის გარეშეც ხშირად ბლოკავენ ტრანსკავკასიურ ავტომაგისტრალს, ასე რომ, ზამთარი მნიშვნელოვნად ზღუდავს როკის გვირაბის ფაქტორსაც. ასე რომ, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო დაჯგუფება დიდი უნდა იყოს და რუსეთთან პირდაპირი კავშირის გარეშეც უნდა შეეძლოს დაპყრობილი ტერიტორიის „დაცვაც“ და საქართველოს შიდა რაიონებისთვის საფრთხის შექმნაც. კიდევ ერთი პლუსი – სამხედრო გეგმების რეალიზებისას არ არის საჭირო ძალთა წინასწარი მობილიზება და ამით მოწინააღმდეგის დაზვერვისთვის საფიქრალისა თუ კონტრზომების მისაღებად საჭირო დროის მიცემა.

ეს ყველაფერი კარგად ესმით მოსკოვში და აქტიურად მუშაობენ ცხინვალის რეგიონში სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნაზე. Expertclub.Ge-ზე და სხვა ღია წყაროებში საკმარისი ინფორმაცია დევს სამხედრო ბაზებისა და დასახლებების, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის შესახებ. რეგიონი, ფაქტიურად, რუსეთის ერთ დიდ სამხედრო ბაზადაა გადაქცეული. და რისთვის სჭირდება მას ამ ბაზის ტერიტორიაზე არაკეთილსაიმედო ოსები ? რასაც არ უნდა ლაპარაკობდნენ „ოსი პატრიოტები“, საყოფაცხოვრებო დონეზე ხომ ოსების ნაწილი მაინც სავსებით ლოიალურია ქართველების მიმართ და ქართული სპეცსამსახურებისთვის არასოდეს არ წარმოადგენდა სირთულეს „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე ნებისმიერი მოვლენის საქმის კურსში ყოფნა და მასზე ზემოქმედებაც კი. ამიტომ, „არაკეთილსაიმედოები“ უნდა მოიშორონ, ან მათი რაოდენობა ადვილად კონტროლირებად მინიმუმამდე მაინც დაიყვანონ.

ტყუილად აქვს ალბერტ ჯუსოევს და დანარჩენ ოსებს იმედი, რომ მოსკოვი დაინტერესდება ცხინვალის რეგიონში ცხოვრების ნორმალიზაციის გეგმებით. ოსებს, რომლებმაც კავკასიაში რუსული ფორპოსტის როლის შესრულება ითავეს, დანიშნულებისამებრ იყენებენ - მათ იმპერიის სამხედრო-სტრატეგიული გეგმების საზარბაზნე ხორცად იყენებენ. და მცირდება კიდეც „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობა - სამაგიეროდ, რეგიონში რუსეთის ჯარების რაოდენობა იზრდება და უკვე გაუთანაბრდა (თუ არ გადააჭარბა) „დასაცავთა“ რაოდენობას. მათ კი, ვინც ვერ მიდის რეგიონიდან, უნიკალური შანსი ეძლევათ, გახდნენ საკუთარ სახლში რუსული სამხედრო ობიექტების უუფლებო მომსახურე პერსონალი. რისთვისაც იბრძოდნენ... უბრალო შედარებისთვის : „ქართული გენოციდის“ მსხვერპლი - დაახლოებით 160 კაცი, ყველა-იარაღით ხელში განადგურებული ბოევიკი, და „რუსეთის მეგობრულ ხიშტებს უკან“ ცხოვრების წელიწადნახევრის შემდეგ 92%-ით დაცარიელებული რეგიონი. ამ შედეგებიდან უფრო მეტად რომელი ჰგავს უხეშ პროპაგანდისტულ სიყალბეს - „ტრიალ მინდორს“, რომლის ქართულ ენაზე ადექვატური თარგმნაც კი შეუძლებელია ? თუმცა, რუსულ ენაზე „ტრიალი მინდორი“ სავსებით შეესაბამება ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებს. ტრიალ მინდორში ხომ ადვილია ისეთი საქმეების კეთება, რომელთა დამალვა გვინდა უცხო თვალისგან.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე